Batumelebi | ეკლესიის გაქურდვისთვის დაკავებული კაცი: მარტში პოლიციამ ისე მცემა, ვერ დავდიოდი ეკლესიის გაქურდვისთვის დაკავებული კაცი: მარტში პოლიციამ ისე მცემა, ვერ დავდიოდი – Batumelebi
RU | GE  

ეკლესიის გაქურდვისთვის დაკავებული კაცი: მარტში პოლიციამ ისე მცემა, ვერ დავდიოდი

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 27 წლის თემურ ღ.-ს, მას ბათუმის ღვთისმშობლის ტაძრის გაქურდვა ედება ბრალად. დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა მოსამართლეს უთხრა, რომ მას პოლიციელებმა სცემეს და დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირდა.

ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი 2 ივნისს გაქურდეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული ტაძარში მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 30-მდე ლარს და საეკლესიო ნივთებს, რაც ჯამში 1317 ლარის ღირებულების იყო. ბრალდებული სამართალდამცველებმა 13 ივნისს დააკავეს.

ბრალდებული წარსულში ქურდობისთვისაა ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. პროკურატურა მას მარტსა და აპრილში ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მაცივარში 140 ლარის ღირებულების ნაყინის მასალის მოპარვასაც ედავება, ასევე მოქალაქისთვის ქუჩაში საფულის და მობილურის მოპარვას. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ბათუმში, საბაგიროსთან ახლოს,  სუვენირების მაღაზიაც გაქურდა.

აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესზე ბრალთან დაკავშირებით თემურ ღ.-მ არაფერი თქვა. მას სახელმწიფო იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტი დავით კეკელიძე იცავს, თუმცა დღეს ის პროცესზე არ იყო. პროცესს სხვა ადვოკატი – დავით გოგუაძე ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. დავით გოგუაძემ ასევე მოითხოვა ბრალდებულისთვის პატიმრობა არ შეეფარდებინათ, რადგან „არავითარი მტკიცებულება არ არსებობს“.

ბრალდებულმა დუმილი მაშინ დაარღვია, როცა მას მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ჰკითხა, ხომ არ იძალადეს მასზე დაკავების დროს ან მას შემდეგ.

„მე პოლიციელებმა მცემეს, ისე მცემეს, ფეხზე ვეღარ ვდგებოდი,“ – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა თემურ ღ.-მ გისოსებით გამოყოფილი ადგილიდან ისე, რომ ფეხზე არ წამომდგარა. მან დააკონკრეტა, რომ ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების პოლიციელებმა სცემეს, როცა ის მარტში დააკავეს.

ადვოკატის თქმით, მარტში ბრალდებული ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

„ყურებიც საშინელ მდგომარეობაში მქონდა, ვერაფერს ვაკეთებდი, ბებია მეხმარებოდა სახლში, რომ გამევლო, ექსპერტიზაც გავიარე…“ – თქვა ბრალდებულმა.

„ეს არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე… როგორც ჩანს, მსვლელობა დაწყებულია,“ – უთხრა მოსამართლემ ბრალდებულს და პროკურორ ლევან მურვანიძეს გახედა. მოსამართლემ აქვე განმარტა, რომ სასამართლო საგამოძიებო ორგანო არ არის, ხოლო ამ ფაქტის შესახებ ის ინფორმაციას პროკურატურას მიაწვდის.

„ვაპირებთ სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნასაც,“ – აღნიშნა პროკურორმა ლევან მურვანიძემ და თავის გამოსვლაში იმასაც გაუსვა ხაზი, რომ საქმის პროკურორი იყო მაშინაც, როცა თემურ ღ. ქურდობისთვის გაასამართლეს.

ბრალდებულმა დღევანდელ პროცესზე თქვა ისიც, რომ მას მხოლოდ საშუალო განათლება აქვს და უმუშევარია. სასამართლო პროცესს მისი რომელიმე ოჯახის წევრი ან ახლობელი არ დასწრებია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი