მთავარი,სიახლეები

კახა ბექაურმა კომუნიკაციების კომისია დატოვა

26.01.2026
კახა ბექაურმა კომუნიკაციების კომისია დატოვა

კახა ბექაურმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. მას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

ბექაური კომუნიკაციების ხელმძღვანელის პოსტს 9 წლის განმავლობაში, 2 ვადით იკავებდა. ის კომუნიკაციების კომისიის წევრად 2014 წელს აირჩიეს, 2017 წლიდან კი თავმჯდომარე გახდა.

კახა ბექაური კომუნიკაციის კომისიის თავმჯდომარეობის პარალელურად ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა. ის ფლობს 33%-იან წილს სუპერმარკეტების ქსელ „ორ ნაბიჯში“.

ბოლო დეკლარაცია კახა ბექაურს 2025 წლის 30 მაისს აქვს ჩაბარებული. ბექაური ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი საჯარო მოხელე იყო საქართველოში. ის ხელფასის სახით თვეში 16 ათას ლარს იღებდა.

დეკლარაციის მიხედვით, კახა ბექაური და მისი მეუღლე, ეკა ბერიძე, ფლობენ 21 ბინას, 14 მიწის ნაკვეთს, 7 ავტომობილს, 4 ძვირადღირებულ მაჯის საათს და 5 ცეცხლსასროლ იარაღს.

კახა ბექაური კომისიის თავმჯდომარის გარდა, წევრიც იყო.

ბექაური კომუნიკაციების კომისიის წევრის პოზიციაზე გოგა გულორდავამ ჩაანაცვლა.

გოგა გულორდავა კომუნიკაციების კომისიის წევრად სადავო პარლამენტმა დაამტკიცა და კანონით, ის მომდევნო 6 წლის განმავლობაში  იმუშავებს ამ პოზიციაზე.

Comcom-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, კომუნიკაციების კომისიის წევრობამდე, გოგა გულორდავა 2 წლის განმავლობაში ტელეკომპანია „იმედში“ ფინანსური მონიტორისა და აუდიტის პოზიციას იკავებდა. 2020 წლიდან 2025 წლამდე იყო  საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში გენერალური დირექტორის მრჩეველი, შემდგომ კი, ამავე უწყებაში, შიდა აუდიტის დირექტორი.

2016-2020 წლებში გოგა გულორდავა იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო 2013-2016 წლებში – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: