მთავარი,სიახლეები

„ოცნების“ კოორდინატორი უსახლკაროების აქციაზე: „ძალიან უსამართლო ქვეყანაა“

26.01.2026
„ოცნების“ კოორდინატორი უსახლკაროების აქციაზე: „ძალიან უსამართლო ქვეყანაა“

მოქალაქეებს, რომლებიც ამბობენ, რომ უსახლკაროები არიან, „ოცნების“ მთავრობიდან არავინ შეხვედრია. საპროტესტო აქციაზე გოგოლის ქუჩა #11 ბ-ში მოქალაქეები 25 იანვარს, საღამოს 8 საათზე შეიკრიბნენ და ღამის ორამდე დარჩნენ.

ამ მისამართზე მილიონერ ოზთურქის მიერ აშენებული კორპუსებია, რომლებიც ახლა უკვე სახელმწიფოს საკუთრებაა. ბიზნესმენს სახელმწიფომ ეს ქონება მასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების ფარგლებში ჩამოართვა.

მოქალაქეები წლების განმავლობაში უფუნქციოდ დატოვებული და დაკეტილი კორპუსების უსახლკარო ოჯახებისთვის გადაცემას ითხოვენ. ამ მოქალაქეებს შორის ძირითადად სოციალურად დაუცველი ადამიანები არიან: შშმ პირები, შემწეობაზე დამოკიდებული ადამიანები, ძალადობის მსხვერპლი ქალები, მარტოხელა დედები… ისინი აცხადებენ, რომ მათ დიდ ნაწილს ქირის გადახდა, ან ბინის შეძენა დამოუკიდებლად არ შეუძლია. წლებია ბათუმში ეს ადამიანები მთავრობის ყურადღებას ითხოვენ და საპროტესტო აქციებს მართავენ.

„41 წელია ქუჩაში ვარ შშმ შვილთან ერთად, ჩემი შვილი დაბადებიდან შშმ პირია, მარტოხელა დედა ვარ… ვითხოვ, შემხვდეს ბათუმის მერი, მაგრამ არ მხვდება. N რაოდენობის განაცხადი მაქვს დატოვებული ყველგან, რეაგირება – ნული. ეს მთავრობა მარტო საკუთარი თავისთვის ზრუნავს… თუ რამეს იტყვი, მოგიგზავნიან „შავი გაგების“ ხალხს და გაშინებენ, ჩემთანაც იყო ასეთი შემთხვევა, ახლა საუბარი არ მინდა…,“ – ამბობს მზიური ბალაძე, აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

„შემწეობით ვიხდი ბინის ქირას, სადაც ნესტია და მორიელები დადიან, ჩემი შვილი მარტოხელა დედაა, შვილიშვილი დიაბეტია, 25 წელია ნაქირავებში ვარ,“ – გვითხრა დალი თებიძემ. ისიც წლებია მონაწილეობს უსახლკაროების საპროტესტო აქციებში.

დალი თებიძე გვიყვება, რომ წლების წინ ძმასთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ სოფელში მდებარე სახლი მეწყერსაშიშ ზონაში აღმოჩნდა. ოჯახს ბინა ქედის სოციალურ სახლში მისცეს. დალი თებიძე ამბობს, რომ ბინა საკმარისი არაა ამდენი ადამიანისთვის:

„იმ ბინაშია ჩემი ეპილეფსიანი ძმა და მისი ოჯახი… მე ჩემს შვილთან და შვილიშვილებთან ერთად ბათუმში, ნაქირავებში ვარ. ჩემმა შვილმა განცხადება დაწერა ბათუმის მერიაში, მაგრამ უთხრეს, მრავალშვილიანი უნდა იყოო. ორი შვილი ჰყავს, რჩენა არ უნდათ?

ამ თვის შემწეობა და პენსიაც ქირაში გადავიხადე, კომუნალურების ჩათვლით 700 ლარი გამოვიდა, სასადილოთი ვსარგებლობ, მაგრამ დიაბეტიან შვილიშვილს რომ „ნაბეღლავი“ ვუყიდო, მაგის ფულიც არ მრჩება“, – აღნიშნა დალი თებიძემ „ბათუმელებთან“.

ამ აქციაზე არიან ეკომიგრანტებიც. მაგალითად, თინა ანთაძე ხულოს სოფელ გელაძეებიდანაა. ამბობს, რომ მის სახლთანაც ჩამოწვა მეწყერი და იქ ცხოვრება საშიშია. ოჯახს ხულოს მერია ქირის ფულს უხდის, მაგრამ ეს საკმარისი არაა ბათუმში ბინის საქირავებლად. ეკომიგრანტ ოჯახებს სახელმწიფო ასევე 50 ათას ლარს სთავაზობს. „რა უნდა ვიყიდოთ ამ ფასად? გვიყიდონ თვითონ და ჩვენ ვიცხოვრებთ“ – ამბობდნენ წუხელ აქციაზე გამოსული ეკომიგრანტები.

„ოჯახში 4 შშმ პირი მყავს, მომხედავი არავინაა. სოციალურს ვიღებთ, პენსიაა და ამით გაგვაქვს თავი, თუ გატანა ჰქვია,“ – ამბობს  თინა ანთაძე.

ვესაუბრეთ აქციაზე გამოსულ მოქალაქესაც, რომელიც „ოცნების“ კოორდინატორია:

„ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ? ძალიან უსამართლო ქვეყანაა, უსამართლობაა, ამაზე ვაწერ ხელს… როგორ შეიძლება მოქალაქეს არ შეხვდეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე? რატომ არის მაშინ თავმჯდომარე?… მე ისევ „ოცნების“ მხარდამჭერი ვარ, სად წავიდე აბა?“ – გვითხრა იზოლდა ჯაბნიძემ.

იზოლდა ჯაბნიძის 10-სულიან ოჯახს სახლი აქვს თამარის დასახლებაში – მის მეზობლად შენდება ხელოვნური კუნძული. რამდენიმე წლის წინ იზოლდას ეზოში და ნავთობპროდუქტების ნარჩენებმა დაიწყო გამოჟონვა – ამ ტერიტორიაზე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ძველი მილებია დარჩენილი. იზოლდა ჯაბნიძის სახლ-კარი სპეციალისტებმა შეამოწმეს და დაიწერა დასკვნა, რომ მის სახლში ცხოვრება საფრთხის შემცველია.

„აჭარის ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ 60 კვადრ. მეტრი ბინა შემოგვთავაზა სანაცვლოდ, აქ გადადითო, ამ დროს მე მაქვს 220 კვადრატული მიწა და 120 კვადრატი სახლია. რა თქმა უნდა, არ დავთანხმდი.

ეს მოხდა 2024 წლის არჩევნების წინ. მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. პირიქით, ორი თვის წინ შეღებილი კედლები სულ გაშავდა, სახლი ავარიულ მდგომარეობაშია.

არავინ არ მხვდება მთავრობაში. მაგათ უწიგნური ვგონივარ. მაგათზე მეტი განათლება მაქვს, ეს იცოდნენ… „ოცნების“ კოორდინატორი ვარ დღეს ისევ, გასაგები არ არის ეს, მაგრამ რა ვქნა?“ – კითხულობს იზოლდა ჯაბნიძე.

გოგოლის ქუჩა 11 ბ-ში შეკრებილი უსახლკაროები 26 იანვარს, ღამის 2 საათზე დაიშალნენ. მათთან ხელისუფლებიდან არავინ გამოჩენილა. ადგილზე მობილიზებული იყო მხოლოდ პოლიცია.

უცნობია, ამ ეტაპზე როდის და რა ფორმით განაგრძობენ საპროტესტო აქციას უსახლკაროები. აქციის რამდენიმე მონაწილემ დღეს „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ისინი დღეს არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან აპირებენ შეხვედრას.

„ბათუმელები“ 24 იანვარს ესაუბრა ამ კორპუსში თვითნებურად შესულ მარინა მსხალაძეს. მისი თქმით, კიდევ რამდენიმე ოჯახი შევიდა ოზთურქისთვის ჩამორთმეულ კორპუსში დაახლოებით 10 დღის წინ. ამ ბინებში არც წყალია და არც შუქი. ამის მიუხედავად, მარინა მსხალაძე ამბობდა, რომ ის ბინის დატოვებას არ აპირებს.

დღეს, 26 იანვარს, მარინა მსხალაძის ტელეფონის ნომერი გამორთულია. უცნობია, რჩება თუ არა ვინმე ამ დროისთვის კორპუსებში.

რა ბედი ეწევა ოზთურქისთვის ჩამორთმეულ კორპუსებს? – 24 იანვარს „ბათუმელებს“ ამ თემაზე „ბათუმელებს“ უპასუხეს, რომ „საკითხი განხილვის და გადაწყვეტის პროცესშია“. დღეს ბათუმის მერიის პრესცენტრში ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ და მას მიღებისთანავე გაგაცნობთ.

სოციალურად დაუცველი უსახლკაროები წლებია ბათუმში მთავრობის ყურადღებას ითხოვენ და საპროტესტო აქციებს მართავენ, მაგრამ ამ კატეგორიის ადამიანებისთვის არანაირი პროგრამა არ შეუქმნიათ. მათი საცხოვრებელი პირობები და რეალური ქონებაც კი რომელიმე სახელმწიფო უწყებიდან არავის შეუსწავლია.

„ოცნების“ მთავრობა წლების განმავლობაში აიგნორებდა უსახლკარო ადამიანებს, მაგალითად, „ოცნების ქალაქში“, კრიტიკულ ეტაპზე კი, 2022 წელს „ოცნებამ“ სოციალურად დაუცველი ადამიანები საარჩევნო სქემაში ჩართო: „ოცნების ქალაქის“ მაცხოვრებლები თვითმმართველობის წინა არჩევნებზე მასობრივად დაარეგისტრირეს ბათუმში და დაჰპირდნენ ბინების გადაცემას, თუ „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდნენ მხარს.

2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების ბედი პრაქტიკულად „ოცნების ქალაქმა“ გადაწყვიტა – მას შემდეგ, რაც ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა და ეს ფაქტი დღემდე გამოუძიებელია, შუალედური არჩევნები ჩატარდა. საბოლოოდ, „ოცნების ქალაქის“ გამოყენებით ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა. 

მაშინ არჩევნებში, „ოცნების ქალაქის“ ამ სქემის გამოყენების შედეგად, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სწორედ რამაზ ჯინჭარაძე გახდა, რომელიც მანამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო და დევნილებთან და ეკომიგრანტებთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდა. დღეს რამაზ ჯინჭარაძე „ოცნების“ არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს დეპუტატია.

ამ თემაზე:

გალიფ ოზთურქს ბათუმში 9 კორპუსი ჩამოართვეს, რა ელის გოგოლის ქუჩაზე აშენებული ბინებს

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: