7-თვიანი პატიმრობის შემდეგ გივი თარგამაძემ დღეს, 26 იანვარს, საპატიმრო დატოვა. ის პატიმრობაში იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო.
გივი თარგამაძეს ციხესთან ახლობლები და ოჯახის წევრები დახვდნენ.
„გული მეთანაღრება იმაზე, რომ მე გამოვედი და ამდენი ხალხი რჩება საპატიმროებში. ნამდვილად ბედნიერი ვიქნებოდი, მე რომ ბოლო გამოვდიოდე და ყველა გამოსული რომ იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვწყვეტთ ამას. ჯანმრთელობას ვუსურვებ ამ ხალხს, მხნეობა და გამძლეობა აქვთ და დაამტკიცეს ეს.
მადლიერება მინდა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, ვინც ეს თვეები მგულშემატკივრობდა, განსაკუთრებით ჩემ ოჯახს ედგა გვერდში. ჩემი ცოლიც და შვილებიც მებრძოლი გოგოები არიან ნამდვილად, მაგრამ უთქვენოდ ბევრად გაუჭირდებოდათ და ამის გამო მადლიერი ვარ. მიყვარხართ ყველა.
მე ვხედავ ჩემს თავს ამ ბრძოლაში, ნებისმიერ ადგილზე სადაც საჭირო იქნება. წლების განმავლობაში მქონდა შანსი, რომ მოვხვედრილიყავი რუსულ ან ბელორუსულ ციხეში, მზად ვიყავი ამ ყველაფრისთვის, ამიტომ ყველაფერ გავაკეთე, რომ უკეთეს ფორმაში ვყოფილიყავი – ფიზიკურადაც და მორალურადაც.
ცოტა ორიგინალურ გარემოში მომიწია ჯდომა – ჩემ ქვემოთ იჯდა ადამიანი, რომელიც სასჯელს იხდის ჩემი მკვლელობის მცდელობისთვის, ანუ ამაფეთქა. სადღაც გვერდზე იჯდა ადამიანი, რომელიც ამ აფეთქების საქმის ბლოკირებას აკეთებდა სუს-იდან თავის დროზე, მერე ესენიც შემოგვიერთდნენ [რომეო მიქაუტაძე, ჯუანშერ ბურჭულაძე, გრიგოლ ლილუაშვილი].
მე პარტიულ ლიდერშიფს არ წარმოვადგენ, მაგრამ კონსულტაციები იქნება, ჩემს იდეებს მივაწვდი. მართლა ობობას ველაპარაკებოდი მთელი 7 თვე და ამიტომ ვერავის ჭკუის სწავლებას ვერ დავუწყებ. ჯერ ადამიანებთან დავილაპარაკებ, გავერკვევი ზუსტად რა და როგორ ხდება.
ეს [პატიმრობა] არის ამ თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასი და რთულია, არ არის მარტივი, ზოგ შემთხვევაში ტრაგიკულიცაა, მაგრამ არა – გამოუსწორებელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ფასის გადახდაზე ხალხი უარს არ ამბობს და ამის გამო არ ჩერდება – თუ ახლა გაჩერდები, ეს ფასი აიწევს ავტომატურად იმ ნიშნულზე, რასაც ახლა ირანში და კიდევ უფრო უკრაინაში ვხედავთ.
ეს ფასი გადასახდელია სამწუხაროდ. თან ახლა არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ მარცხისთვის ვიყოთ მზად. დღეს ბევრად მოწყვლადია ეს რეჟიმი“, – განაცხადა გივი თარგამაძემ ჟურნალისტებთან.
________________________________
ფოტოზე: კადრი TV„ფორმულას“ ვიდეომასალიდან.






