„აშკარაა, რომ წაბლანას მოსახლეობისთვის ცარიელი ჭერის და კედლების გადაცემა ვერ იქნება მიჩნეული სათანადო საცხოვრისზე მათი უფლების დაკმაყოფილებად და სახელმწიფოს ეკომიგრანტების მიმართ ვალდებულებები შესრულებულად შეუძლებელია მივიჩნიოთ,“ – აღნიშნულია „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის“ ცენტრის მიერ დღეს, 13 ნოემბერს, გავრცელებულ ინფორმაციაში სოფელ წაბლანის მცხოვრებლების შესახებ.
წაბლანა ხულოს ერთ-ერთი სოფელია, სადაც ეკომიგრანტები ცხოვრობენ და 31 ოქტომბრის არჩევნებზე პროტესტის ნიშნად ამ სოფელში საარჩევნო უბანზე არავინ მივიდა.
წაბლანელებს საცხოვრებელი კორპუსი ბათუმში აუშენეს, თუმცა ეკომიგრანტებს, დევნილებისგან განსხვავებით, ბინა არ გაურემონტეს. წაბლანელები ამბობენ, რომ მათ რემონტის ფული არ აქვთ და ისევ სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში უწევთ ცხოვრება.
EMC აჭარის მთავრობას მოუწოდებს, შეისწავლოს სოფელ წაბლანას სტიქიით დაზარალებულთა საჭიროებები. ამ ორგანიზაციას ასევე მიაჩნია, რომ უნდა გაირკვეს წაბლანელებისთვის აქამდე გამოყოფილი თანხის ხარჯვის მიზნობრიობა.
„დროულად იქნას შესწავლილი სოფელ წაბლანას სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებები დამოთხოვნები და მათთვის გადაცემული ბინები დროულად იქნას მოყვანილი შესაბამისობაში სათანადო და ღირსეული საცხოვრისის სტანდარტებთა.
შესწავლილი, დოკუმენტირებული და გამოქვეყნებულიიქნას წაბლანას მოსახლეობის საცხოვრისით უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი თანხის ხარჯვის მიზნობრიობა/მართლზომიერებადა დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი,“ – აღნიშნულია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ ყურადღებას ამახვილებს სოფელ წაბლანას კიდევ ერთ პრობლემაზე – საშიშ საცხოვრებელ გარემოში დარჩენილ ოჯახებს სასმელი წყალიც არ აქვთ.
„..ამჟამად სოფელ წაბლანის მოსახლეობა აჭარელი ეკომიგრანტების დიდი ნაწილის მსგავსად, „გაორებულ“ მდგომარეობაში ცხოვრობს. იმის გამო, რომ ბათუმში მიღებული ბინების საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობამდე მისაყვანად მოსახლეობას არ გააჩნია საკმარისი თანხები, ისინი აგრძელებენ ცხოვრებას სოფლად მათ ძველ საცხოვრებელ სახლებში, რომლებიც რეალურად სიცოცხლისთვის სახიფათო ზონაში მდებარეობს. „აჭარისწყლის ჰესის“ სამშენებლო სამუშაოების შედეგად სოფლის წყაროების ნაწილი დაშრა, რამაც სოფლისთვის ისედაც ნაკლებად სარგებლიანი სოფლის მეურნეობა კიდევ უფრო გაართულა. ამდენად, ადგილობრივ თემს სიცოცხლისთვის საშიშ ზონაში, მძიმე სოციალურ პირობებში და სიღარიბეში უწევს ცხოვრება,“ – წერია EMC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
_____________
ფოტოზე: 31 ოქტომბერი, საპარლამენტო არჩევნები წაბლანაში. წაბლანელები საარჩევნო უბანთან მივიდნენ, თუმცა არც ერთმა მათგანმა არ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა პროტესტის ნიშნად.
13 ნოემბრის მონაცემებით, აჭარაში 32 წლის ქალი გარდაიცვალა კორონავირუსით.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქალმა კლინიკას 4 ნოემბერს მიმართა, გარდაიცვალა 12 ნოემბერს.
„კოვიდ 19, პნევმონია, მარჯვენამხრივი სპონტანური პნევნოთორაქსი, თავის ტვინის დაზიანება დაუზუსტებელი. სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, კომა, ღვიძლის უკმარისობა, ანემია. არტერიული ჰიპერტენზია პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას იყო მძიმე, აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ფილტვის მწვავე პნევმონია“ – აღნიშნულია დიაგნოზში.
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 37 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით, მათ შორის 10 – აჭარაში.
ქვეყანაში სულ დადასტურდა კორონავირუსის 3 473 ახალი შემთხვევა.
პარლამენტის წინააღდეგ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში კომპანია „ბექანისმა“ მოიგო. ეს კომპანია აპროტესტებდა იმას, რომ ქვიშის უკანონოდ მოპოვებისთვის დაჯარიმებასთან ერთად ტრაქტორიც ჩამოართვეს. საკონსტიტუციო სასამართლოში კომპანიამ ის სამართლებრივი ნორმა გააპროტესტა, რომელიც საქმის განმხილველ მოსამართლეს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას არ აძლევდა – წიაღისეულის უკანონოდ მომპოვებელს, დღემდე მოქმედი კანონდებლობით, სამართალდარღვევის იარაღი უპირობოდ უნდა ჩამორთმეოდა.
კომპანია „ბექანისის“ ინტერესებს სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავდა.
საქმის მასალების მიხედვით, კომპანია „ბექანისმა“ ლიცენზიის გარეშე 1 კუბური მეტრი ქვიშა მოიპოვა და მას ჯარიმის გარდა დამატებითი სახდელის სახით ტრაქტორიც ჩამოართვეს, რომლის ღირებულებაც 54 650 ლარი იყო. „ბექანისმა“ გარემოს ჯამში 201 ლარის ღირებულების ზიანი მიაყენა, საიდანაც 200 ლარი წარმოადგენდა სალიცენზიო მოსაკრებლის ღირებულებას, ხოლო გარემოსთვის მიყენებული ზიანი – ერთ ლარს.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა ითვალისწინებდა სამართალდარღვევის იარაღის უპირობო კონფისკაციას და საქმის განმხილველ მოსამართლეს არ აძლევდა შესაძლებლობას, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, კერძო და საჯარო ინტერესების ადეკვატური დაბალანსების გზით, განესაზღვრა სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციის აუცილებლობა, რაც გაუმართლებლად ზღუდავდა საკუთრების უფლებას.
მოპასუხე მხარემ კი განმარტა, რომ სადავო რეგულირება ემსახურებოდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალურად სარგებლობის ლეგიტიმურ მიზანს. ამასთან, მოპასუხის მითითებით, მსგავსი შეზღუდვის დაწესება სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღის მოპოვების პრაქტიკაში არსებული გახშირებული შემთხვევებითა და მხოლოდ ფინანსური სანქციების არაეფექტურობით იყო განპირობებული.
შეზღუდვის აუცილებლობის ეტაპზე მსჯელობისას, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ზოგადად, პირის საკუთრებაში არსებული ქონების იძულებით უსასყიდლოდ ჩამორთმევა წარმოადგენს საკუთრების უფლების შეზღუდვის ყველაზე მძიმე ფორმას. ამდენად, სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევისას, განსაკუთრებულად იზრდება საზოგადოებრივი საჭიროების უპირატესობის დასაბუთებისა და შეპირისპირებულ ინტერესთა შორის სამართლიანი და თანაზომიერი ბალანსის დადგენის აუცილებლობა.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სიმძიმე, გარემოსთვის მიყენებული ზიანის მასშტაბი და სხვა ინდივიდუალური მახასიათებლები, რომელთა ერთობლიობა შესაძლოა განაპირობებდეს სადავო რეგულირებით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას ან სასამართლოს მიერ მის გამოყენებაზე უარის თქმას.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებდა აუცილებლობისა და თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპების მოთხოვნებს და გასაჩივრებული ნორმა არაკონსტიტუციურად ცნო კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლებასთან მიმართებით.
13 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 473 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობაა 73 154.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 342 პაციენტი.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 37 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13, აჭარაში – 10, იმერეთში – 8, ქვემო ქართლში – 3, შიდა ქართლში -2, ხოლო კახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 636 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული.
დღეს გამოვლენილი 3 473 შემთხვევიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე ნაწილდება:
თბილისი – 1 493 შემთხვევა
აჭარა – 448
იმერეთი – 513
ქვემო ქართლი – 190
შიდა ქართლი – 175
გურია – 55
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 287
კახეთი – 98
მცხეთა-მთიანეთი – 119
სამცხე-ჯავახეთი – 72
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23
დღეის მონაცემებით, 4 957 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 420, აჭარაში – 789, იმერეთში – 963. ქვეყანაში 633 მძიმე პაციენტია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 357 პირი.
3 413 პაციენტი კოვიდსასტუმროშია, მათ შორის, 1 583 – აჭარაში, 1 272 – თბილისში, ხოლო 294 – იმერეთში. 8 611 ადამიანი მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინო სივრცეშია 2 447 პირი, მათ შორის, თბილისში – 358, აჭარაში-1 266, ხოლო იმერეთში – 39.
თვითიზოლაციაში იმყოფება 41 958 ადამიანი, მათ შორის თბილისში 6 709 პირი, აჭარაში – 17 568, იმერეთში – 4 629.
13 ნოემბრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კოვიდის 448 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი. გარდაცვლილებს შორისაა 32 წლის ქალი, და, ასევე, 100 წლის კაცი.
Meliora – საქართველოში ყველაზე გამორჩეული ჯილდო, ბიზნეს კომპანიებს მათ მიერ განხორციელებული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ინიციატივებისათვის აჯილდოვებს. კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას და პოპულარიზაციას. ასევე, კომპანიების წახალისებას დანერგონ საკუთარ საქმიანობაში CSR-პრინციპები და მიდგომები და გახდნენ სამაგალითო სხვებისთვის.
Meliora – „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით ტარდება.
Meliora 2020 ეძღვნება იმ პროექტებსა თუ ინიციატივებს, რომლებიც კომპანიებმა თავიანთი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში განახორციელეს COVID 19-თან საბრძოლველად.
კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერი მასშტაბის კომპანიას შეუძლია შემდეგ კატეგორიებში:
[checklist]
თანამშრომელთა მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში
მომხმარებელთა და მომწოდებელთა მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში
საზოგადოების მხარდაჭერა COVID-19 -ის პანდემიის პერიოდში
მცირე ბიზნესის და დაზარალებული სექტორების მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში
[/checklist]
წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს ნომინანტებს, გამოავლენს გამარჯვებულს და გადასცემს სტატუსის ჯილდოს საუკეთესო CSR-ინიციატივების სათანადოდ დაგეგმვის, თანმიმდევრულობის, ეფექტურობისა და შედეგების მდგრადობის კრიტერიუმების მიხედვით.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 7 დეკემბერი.
გამარჯვებულები 2021 წლის გაზაფხულზე გამოვლინდებიან.
კონკურსი უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს ბიზნესკომპანიებს, რომ გააცნონ საზოგადოებას თავიანთი CSR პროექტები და მოიპოვონ აღიარება. Meliora – 2018 წელს, კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნეს ასოციაციების, საერთაშორისო და ადგილობრივი საექსპერტო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერით დაფუძვნდა და დღემდე კონკურსში მონაწილეობა სხვადასხვა მსხვილმა და მცირე/საშუალო მასშტაბის კომპანიამ 140-მდე განხორციელებული CSR პროექტი წარადგინა.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვერდზე www.meliora.ge
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ შესახებ ინფორმაცია: Meliora მიმდინარეობს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. მას ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 ნოემბრის 21 საათიდან 14 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 15 – 20 გრადუსი
ღამით: 10 – 15 გრადუსი
მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:
დღისით: 10 – 15 გრადუსი
ღამით: 1 – 6 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 15-16 ნოემბერს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
საქართველო სამეცნიერო ფესტივალს – „ევროპელ მკვლევართა ღამეს“ უერთდება, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის სხვადსხვა კონკურსი და აქტივობა გაიმართება.
სტუდენტებისთვის გამოცხადდება მოთხრობების კონკურსი სახელწოდებით – „O Captain! My Captain our Scientific trip here starts“. სკოლის მოსწავლეებისა და ასევე სტუდენტებისთვის კი, პიესების კონკურსი – მარია სკლადოვსკა-კიურის ცხოვრების შესახებ.
გამოცხადდება კონკურსი სამეცნიერო თემატიკაზე მუსიკალური კომპოზიციისა და ნახატის შესაქმნელად და კიდევ ერთი კონკურსი, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის ღია ლაბორატორიებისა და მუზეუმების ორგანიზებას გულისხმობს.
ფესტივალი, Twinning-ის მხარდაჭერით, ითვალისწინებს ტრენინგსაც – „ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, „ევროპელ მკვლევართა ღამე“ ევროპული მეცნიერებისა და ინოვაციების ფართო მასშტაბის ფესტივალია, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და “Horizon 2020” პროგრამის ასოცირებულ ქვეყნებში იმართება.
27-28 ნოემბერს ფართომასშტაბიანი, მრავალდარგობრივი, შემეცნებითი, სახალისო, კულტურული, სპორტული აქტივობები დისტანციურად ჩატარდება ქალაქებში: თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხესა და ზუგდიდში.
ეს პროექტ „მეცნიერება კაპიტანიას“ ძირითადი ღონისძიებებია, რომლებიც ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება. ამ პროექტის საგრანტო ბიუჯეტი საქართველოში, მთლიანობაში, 197 500 ევროა.
„დაახლოებით 347 ტონა ციტრუსი უკვე ექსპორტირებულია, ციტრუსის რეალიზების პრობლემა წელს ფერმერს არ ექნება, განსაკუთრებით თუ არ დამძიმდა ეპიდსიტუაცია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ გიორგი სურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი. ციტრუსის სეზონი უკვე დაიწყო. აჭარის რეგიონში წელს 40 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელიან.
ბოლო მონაცემებით, ყველაზე მეტი ციტრუსი სომხეთშია გატანილი – 262 ტონა, მეორე ადგილზეა რუსეთი – 68 ტონა.
„ექსპორტიორები თუკი მივლენ იმ დონეზე, რომ მიმოსვლის და კომუნიკაციის პრობლემა შეიქმნა, ეს არის პრობლემა, სხვა მხრივ ჩვენ ლოჯისტიკაში აქტიურად ვართ ჩართულები, მაგალითად, ვინც ლოგიკურად დაასაბუთა საჭიროება, კომენდანტის საათის დროს საშვებიც დავუშვით მათთვის, ვისაც ღამით გადაადგილება სჭირდება… ამ ეტაპზე ეს პრობლემა არ დგას, ექსპორტიორები ციტრუსის გადატანისთვის ემზადებიან. წელს შედარებით მცირე და ხარისხიანი მოსავალია,“ – გვითხრა გიორგი სურმანიძემ.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი წელს, წლებთან შედარებით, მანდარინის ფასის ზრდას ელის, რადგან მოთხოვნა მაღალია. გიორგი სურმანიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მიუხედავად ციტრუსი საქართველოდან ყველაზე დიდი ოდენობით სომხეთში გაიტანეს.
ციტრუსი გაიტანეს ევროკავშირის ქვეყნებშიც, მაგალითად, ჩეხეთში, თუმცა სულ 20 ტონა. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი მიიჩნევს, რომ ქართველ მეციტრუსეებს მაინცდამაინც ევროკავშირის ბაზარზე გასვლის მოლოდინი და სურვილი არ უნდა ჰქონდეთ.
„ეს საკითხი გავიარე იმ ასოციაციასთან, რომელსაც გაჰქონდა ციტრუსი ევროპის ბაზარზე. მითხრეს, რომ ფასებს შორის განსაკუთრებით დიდი სხვაობა არ არის, ხოლო ევროკავშირში გატანა უფრო მეტ რესურსს და მენეჯმენტს მოითხოვს, ვიდრე უკრაინაში, რუსეთში ან ბელორუსიაში. ევროკავშირის ბაზარზე ჩვენ გვყავს კონკურენტი ყველა მიმართულებით: თურქეთი, მაროკო, იტალია, ესპანეთი. ისინი უკვე დამკვიდრებული არიან ევროკავშირის ბაზრებზე და წლებია ეს ბაზარი ათვისებული აქვთ, კონკურენციას ვერ გავუწევთ,“ – აღნიშნა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, გიორგი სურმანიძე.
გიორგი სურმანიძე მიიჩნევს, რომ მეციტრუსეებმა თავად უნდა განსაზღვრონ, რა ტიპის მანდარინის ბაღის მოვლა-პატრონობა სურთ. მინისტრი განმარტავს, რომ ე.წ. საადრეო ჯიშის მანდარინი საექსპორტოდ მიმზიდველი არ არის, რადგან ის მალე ფუჭდება.
„მე ვფიქრობ, თუ ბაღი პატარაა, მაშინ ჯობია საადრეო ჯიშის მანდარინი ჰქონდეს ფერმერს, რადგან ადრე შემოსული მანდარინის ფასი წელს დაფიქსირდა დაახლოებით ლარ-ნახევრიდან 2 ლარამდე. დიდ პლანტაციებში კი, ტრადიციული ჯიშების მოვლა ჯობია,“ – დასძინა გიორგი სურმანიძემ „ბათუმელებთან“.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო წელს დაახლობით 7 ათას ტონამდე არასტანდარტული მანდარინის მოსავალს ელის. მთავრობა ისევ აპირებს ამ ნაწილში მეციტრუსის სუბსიდირებას – 10 თეთრი ისევ ბიუჯეტიდან დაიფარება, 10 თეთრს კი საწარმო გადაიხდის. სამინისტროს ინფორმაციით, 25 ნოემბრიდან დაახლოებით 30 ციტრუსის დამხარისხებელი საწარმო იმუშავებს აჭარის რეგიონში.
„ნუ შეგაშინებთ, თუკი ხელვაჩაურის დაბლობში შეიძლება შენიშნოთ ხურმის ხეები, რომელიც დაუკრეფავია… ორი და სამი ხე, როდესაც აქვს ფერმერს, თვითონაც უნდა იაქტიუროს ამის გაყიდვაზე, დიდი მანქანებით, ტრაილერით ვერ ირბენს მეწარმე ორი და სამი ხის [ნაყოფის] მოსაგროვებლად,“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე ხურმის სეზონთან დაკავშირებით. ფერმერების თქმით, ხურმის ფასი წელს კიდევ უფრო შემცირდა და გაყიდვაც გაჭირდა.
გიორგი სურმანიძე განმარტავს, რომ მხოლოდ ხელვაჩაურისა და ქობულეთის დაბლობებში მოსული ხურმის გაყიდვა გახდაპრობლემა, რადგან ხურმა მარტივად ფუჭდება და ექსპორტიორებს მისი წაღება აღარ სურთ. მინისტრის თქმით, ნესტიანობა განაპირობებს იმას, რომ დაბლობში დაკრეფილი ხურმა მალფუჭებადია.
აქამდე ხომ იყიდებოდა დაბლობში დაკრეფილი ხურმა? – ვკითხეთ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს.
„ექსპორტიორებს ზუსტად წინა წლების გამოცდილება აკეთებინებს ამას, თუმცა არა მგონია, ხურმა ჩაითვალოს მთლად უხეიროდ. მე, პირადად, გავაკეთე ხურმის ჩირი და დამიჯერეთ, ძალიან კარგი გამოდის… ამ გაჭირვების დროს თუ ფერმერი ხეზე არ დატოვებს ხურმას, კარგი იქნება, არაყს გამოხდის ან დაჩირავს,“ – ამბობს მინისტრი გიორგი სურმანიძე.
ფერმერებს, რომლებსაც ხურმა ექსპორტზე გააქვთ, მინისტრი გიორგი სურმანიძე 26 ოქტომბერს შეხვდა. სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე აღნიშნულია, რომ მინისტრი ექსპორტიორებს პროცედურების გამარტივებას დაჰპირდა.
„რეალურად ეს შეეხებოდა მხოლოდ ფიტოსანიტარიული სამსახურის კვირადღეს მუშაობას, ეს პრობლემა მაშინვე მოგვარდა,“ – უთხრა გიორგი სურმანიძემ „ბათუმელებს“.
ხურმის ფასი წელს საშუალოდ 50 თეთრი იყო. მოსავლის ძირითადი ნაწილი უკრაინაში გაიტანეს. გატანილია დაახლოებით 2500 ტონა ხურმა.
გიორგი სურმანიძე მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა აქაც ხარისხია და ფერმერების დამოკიდებულება ხურმის მიმართ.
„მაგალითად, კახეთში მოყვანილი ხურმა 80 თეთრიდან 1 ლარამდეც ღირს, რადგან მისი საბაზრო სახე უფრო ხარისხიანია… ჩვენთან თვლიან, რომ ხურმას არ სჭირდება მოვლა-პატრონობა, გასხვლა, წამლობა, სასუქის შეტანა. ჩვენთანაც აქვს დაკრეფილი ზოგიერთს ხარისხიანი ნაყოფი, ახლა მაცივარში აქვს შენახული და შემდეგ გაიტანენ ბაზარზე,“ – ამბობს გიორგი სურმანიძე „ბათუმელებთან“.
სურმანიძეების 6-სულიანი ოჯახი ხელვაჩაურში, სოფელ ხერთვისში ცხოვრობს. ოჯახის ორი წევრი დღეს, 12 ნოემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდა. ქალი აცხადებს, რომ მისი სახლი სიცოცხლისთვის საშიშია.
ნანული სურმანიძემ ის დოკუმენტი დახია, სადაც ეწერა, რომ მას მრავალშვილიანი დედის სტატუსი აქვს და შენობის კარებთან დაყარა.
„რად მინდა ცარიელი სტატუსი, თუკი მთავრობა არაფერში დამეხმარება. ერთი ოთახიც კი აღარ მაქვს, რომ ღამე გავათიოთ ექვსმა ადამიანმა. სახლი დანგრეულია, ისეთი მდგომარეობა გვაქვს, ჯოჭოში რომ იყო“, – ამბობს ნანული სურმანიძე. ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში გასულ თვეში მეწყერი ჩამოწვა და ლევან თედორაძის ოთხსულიანი ოჯახიდან სამი ცოცხლად დაიმარხა.
ნანულის თქმით, ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია და სახლის გამაგრების შესაძლებლობა არ აქვს.
„არაერთხელ დავწერეთ განცხადება, გეოლოგებიც გვყავდა მიყვანილი მდგომარეობის შესასწავლად, თუმცა მთავრობა არანაირ ყურადღებას არ გვაქცევს. ხელვაჩაურის მერიამ 36 ცალი „ჟეშტი“ მოგვცა და ეგ იყო. სახლი საცხოვრებლად არ ვარგა და ღამე როგორ გავათიოთ, ზამთარი როგორ გადავიტანოთ.
ოჯახში ორი არასრულწლოვანი შვილი მყავს და გარდა იმისა, რომ ისინი სასწავლო პროცესში ვერ მონაწილეობენ, ღამის გასათევიც კი აღარ აქვთ“, – ამბობს ნანული სურმანიძე.
სურმანიძეებს აჭარის მთავრობის შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს.
„ბათუმელები“ სოფელ ხერთვისში მერის წარმომადგენელს დაუკავშირდა, რომელიც ადასტურებს, რომ გეოლოგიური დასკვნის მიხედვით სურმანიძეების სახლს ნამდვილად სჭირდება გამაგრება.
„სახლი ნანახი მაქვს მეც, გეოლოგებმა რამდენჯერმე შეამოწმეს და დასკვნაში წერია, რომ ინჟინერ-კონსტრუქტორის რეკომენდაციით უნდა მოხდეს სახლის კედლების გაძლიერება“, – ამბობს თემურ დიასამიძე. კითხვაზე, არის თუ არა სახლი სიცოცხლისთვის საშიში, დიასამიძე ამბობს, რომ დასკვნის მიხედვით, სახლი მეწყერსაშიშ ზონაში არ არის, თუმცა გამაგრებითი სამუშაოები ჩასატარებელია.
„სახლი თავიდანვე ცუდ ადგილზეა აშენებული და საძირკველი გამოერეცხაო“, – დასძინა თემურ დიასამიძემ.
___
ამავე თემაზე:
2 ოქტომბერს ჯოჭოში მომხდარი ტრაგედიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
ბათუმის მერია 245 განაცხადს სწავლობს, რომლებითაც მოქალაქეები „იაფ სახლში“ ბინებს ითხოვენ. ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამის ფარგლებში ბათუმში 2 კორპუსი აშენდა, ჯამში 40 ბინა. განაცხადების მიღება 30 სექტემბერს დასრულდა.
„იაფ სახლში“ ბინებს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც წინასწარ დამტკიცებულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. პროგრამა ბინების 15 წლის ვადაში გამოსყიდვის უფლებას ითვალისწინებს. გამოსყიდვის ფასი კი გადაცემული ფართობის თვითღირებულება იქნება.
თავდაპირველად განაცხადების მიღება 2020 წლის 29 მაისს უნდა დასრულებულიყო.
ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ეტაპზე კომისია განიხილავს განაცხადებისა და დოკუმენტების შესაბამისობას პროგრამის კრიტერიუმებთან და ეს პროცესი უახლოეს პერიოდში დასრულდება.
ბათუმში პროგრამის ფარგლებში კიდევ 2 კორპუსი შენდება, რომლებიც ჯერ, როგორც მერიაში გვითხრეს, დასრულებული არ არის. ამ კორპუსებშიც ჯამში 40 ბინა იქნება.
—
ბათუმის მერიას, მათივე მონაცემებით, 115 ბინა აქვს, სადაც არავინ ცხოვრობს. აქედან 40 ბინა „იაფ სახლშია“ ჯავახიშვილის ქუჩაზე. დანარჩენი 75 ბინა კი, მერიას ლერმონტოვის, ფიროსმანის, შერიფ ხიმშიაშვილის, გორგასლისა და ჯავახიშვილის კვეთაში, ჟიული შარტავას გამზირზე და აღმაშენებლის ქუჩებზე აქვს.
პროექტის ფარგლებში – „ღამე მუზეუმში“, 14-16 ნოემბერს აჭარის მუზეუმებში ონლაინექსკურსიას შეძლებთ. 14 ნოემბერს ონლაინექსკურსია 19:00 საათიდან დაიწყება. ონლაინში შეგიძლიათ დაათვალიეროთ ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ოქროს განძი. ასევე შეგიძლიათ იხილოთ ვიდეორგოლი „თანასწორობა“, მიიღოთ მონაწილეობა ვიქტორინაში, რომელიც მუზეუმის დაარსების ისტორიას შეეხება.
ონლაინექსკურსია დაგეგმილია ბათუმის ნობელების, ხელოვნების მუზეუმებიდანაც. ონლაინექსკურსიების ლაივის ნახვა შესაძლებელი იქნება აჭარის მუზეუმის ფეისბუქის გვერდიდან.
აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის ფარგლებში მუზეუმები დამთვალიერებელს შემეცნებით და სახალისო აქტივობებს დისტანციურად, ციფრულ ფორმატში შესთავაზებენ. კერძოდ, გაიმართება ონლაინგამოფენები, ვირტუალური და ლაივტურები, საგანმანათლებლო პროგრამების, კურატორების ბლოგების პრეზენტაციები, ექსპონატების შესახებ საინტერესო ისტორიების ვიდეოჩვენებები“.
პროექტი „ღამე მუზეუმში“ ევროსაბჭოს პატრონაჟით 2005 წლიდან ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში, საქართველო კი 2011 წლიდან შეუერთდა.
„ღამე მუზეუმში“ მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მაისში უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) რეკომენდაციით, 14-16 ნოემბერს გაიმართება.
მუზეუმებში დაგეგმილი აქტივობების კალენდარი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
ეს ოთხშაბათის მენიუა სოციალურად დაუცველებისთვის, რომლებიც ბათუმის უფასო, მუნიციპალური სასადილოებით სარგებლობენ. ასეთ სასადილოებს პანდემიამდე ბათუმში ყოველდღიურად 5822 ბენეფიციარი აკითხავდა ქილებით, პარკებით, კონტეინერებით, ყველაფრით, რითაც ცხელი თუ ცივი კერძის მიტანა შეიძლება სახლამდე.
ჯავახიშვილის ქუჩის №6 სასადილოში გვითხრეს, რომ აქ ყოველდღიურად 995 ადამიანს აპურებდნენ.
პანდემიის გამო უზარმაზარი დარბაზი ახლა ცარიელია, მაგიდები და სკამები – აკეცილი. ბენეფიციარებისთვის ერთი თვის სამყოფი პროდუქტი სახლში მიაქვთ. სასადილოში მხოლოდ 8 ადამიანი დადის, რადგან ზოგიერთს არ აქვს პირობები შინ საჭმლის მოსამზადებლად. აქვე მზადდება კერძები ყოველდღიურად ურეხის თავშესაფრის 34 ბენეფიციარისთვისაც.
5 კგ. კარტოფილი, 1 ლ.ზეთი, 5 კგ. ფქვილი, 2 კგ. მაკარონი, 1 კგ. ტომატი, 1 კგ. შაქარი, წიწიბურა, კილოგრამ-ნახევარი ლობიო, ვერმიშელი, ბრინჯი და ერთი ქათამი – ეს პროდუქტების ჩამონათვალია, რაც პანდემიის პირობებში, თვეში ერთხელ მიაქვთ თითოეული ბენეფიციარისთვის. თუ სოციალურად დაუცველ ოჯახში რამდენიმე წევრია, ყოველი მათგანი პროდუქტის დამატებით ულუფას იღებს.
80 წლის ნელი ნაჭყებია ბათუმში მუნიციპალური სასადილოებით მოსარგებლე 5822 ადამიანს შორის ერთ-ერთია. პანდემიამდე მისთვის სასადილოდან ახალდამზადებული კერძები შინ მიჰქონდათ, ადგილზე ვერ მიდიოდა, გადაადგილება უჭირს, როგორც მას, ასევე მის შვილს. კერძები მეზობლებს მიჰქონდათ მისთვის. ახლა თვეში ერთხელ იღებს პროდუქტს, რომლითაც კერძის მომზადებას დიდი გაჭირვებით ახერხებს. მეხუთე სართულზე ცხოვრობს, სახსრების დაავადების, კოქსართროზის გამო გადაადგილება უჭირს და დაბლა თვეში მხოლოდ ერთხელ ჩადის. პურის საყიდლად ფანჯრიდან ბავშვებს ათვალიერებს ყოველდღე, მაღაზიაში წასვლა რომ სთხოვოს.
„მაწონი, რძის პროდუქტები მიყვარს, მაგრამ ძვირია…”
„გამზადებული კერძები შეღავათი იყო ჩვენთვის. დღეს პური არ მაქვს, წვიმს და ბავშვები გარეთ არ არიან, რომ გავგზავნო. სასადილოდან მოტანილი ფქვილი მოვზილე და ორი პატარა პური გამოვაცხვე შვილისთვის. მე ჩემი გუშინწინდელი პერაშკები მქონდა, ვცდილობ, ცოტა ვჭამო, არ მინდა წონაში მოვიმატო. მაწონი, რძის პროდუქტები მიყვარს, მაგრამ ესენი ხომ ძვირია…
კვირაში ერთხელ მაინც ვიძახებდი სასწრაფოს, ჩემს არეულ წნევებს შველოდნენ, ახლა, ამ პანდემიაში მრცხვენია. სხვას უჭირს ჩემზე მეტად და წნევისთვის სასწრაფო როგორ გამოვიძახო. ამოდიან მეზობლის ბავშვები და მიკეთებენ ნემსებს.
7 ოპერაცია მაქვს გადატანილი: 2 თიაქარზე, კოქსართროზზე, მერე თვალი ამომიღეს, ინსულტიც გადავიტანე, კოლეგებმა მომიარეს ძალიან, ჩემმა გოგოებმა“, – ამბობს ნელი ნაჭყებია.
ფანჯრებმორყეული ბინა „141-მილიონიანი ხედით“
ეს მისი ხედია სახლიდან, საიდანაც ბათუმის ახალი სტადიონი ჩანს – მის მშენებლობაში 141 მილიონი გადავიხადეთ. 80 წლის ხანდაზმული რამდენიმე წელია უკვე ვერცერთ ზამთარს ვერ თბება – მისი პენსია, მიუხედავად სახელმწიფო შეღავათისა, გადასახადებს ვერ წვდება. აბაზანისთვის წყალს გაზის ერთ წერტილზე ათბობს, ქვაბით. გაზის გამათბობლის ყიდვას ვერ ახერხებს, არც წყლის გამაცხელებელი აქვს.
ოჯახის ერთადერთი, ძველებური პატარა სპირალიანი დენის ქურა ნელის შვილის ოთახში დგას. 54 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის აუცილებელია სითბო, ნერვული სპაზმი რომ არ დაემართოს.
„ისევ დარჩენია. რა მეშველება. ამას რა გადაიხდის“ – ამბობს პენსიონერი და შვილის ოთახში ჯოხით, ნელ-ნელა შედის. სასწრაფოდ რთავს ქურას, დენი რომ დაზოგოს.
„სახელმწიფოს შეღავათი გამოუცხადებია შუქსა და გაზზე, მაგრამ წყლის გამათბობელს ცალკე ფული უნდა, გაზის გამათბობელს – ცალკე. ერთი პენსიით რა ვიყიდო. 200 ლარი ხომ მაინც ღირს გამათბობელი. ჩემი ღუმელი ეს პლედია, მოვიხურავ და ვზივარ ამ დივანზე ხან ერთ მხარეს ჩამეძინება, ხან მეორეს“, – ამბობს პენსიონერი.
„ძალა აღმართს ხნავს”
მის სახლში წვიმს. ბოლო, მე-5 სართულის სახურავი დაზიანებულია და გვეუბნება, რომ ,,ყოველი წვიმა მის თავზე გადადის“. მეექვსე სართულის დადგმა გადაწყვიტეს მეზობლებმა და ინვესტორმა „ხრუშოვკის“ ტიპის ბინაზე. შედეგად სახურავის ის ნაწილი დაზიანდა, ვინც დამატებითი სართულის დადგმა არ მოინდომა.
„ბინის ამხანაგობის თავმჯდომარესაც ვესაუბრებოდი, ინვესტორსაც, მაგრამ შენც არ მომიკვდე. ვერაფერი ვქენით. ძალა აღმართს ხნავს. რად მინდა ახლა მე სართულის დამატება, პენსია ძლივს მყოფნის.
როცა წვიმს, გგონია, რომ ტყვიას გესვრიან, ვერ ვიძინებ, ყურსაცავები მიკეთია, მოქმედებს ეს ძალიან ფსიქიკაზე. მოვიდნენ მერიიდან ერთხელ, ორჯერ, შეაკეთეს, მაგრამ მალევე გაფუჭდა. წყლის „ჟოლობებია“ დაზიანებული, ისევ იგივე სიტუაციაა.
არადა, იცით ეს ბინა რა სიმწრით მოვიპოვე? მარტო მე ვიცი. მე და ჩემი მეუღლე 13 წელი ვიყავით მდგმურები, მერე მისი ქარხნიდან ერთოთახიანი ბინა მოგვცეს 4 ადამიანს: მე, ჩემს მეუღლეს და ორ ბიჭს. ვცხოვრობდით ასე ერთ ოთახში, წლობით, კვირაში სამი დღე მერიაში ვიჯექი, როსტომ დოლიძე იყო მაშინ იქ – უბედურის ერთი. ბინით არ გვაკმაყოფილებდნენ. ჩემს შვილს ტუბერკულოზური ბრონქოადენიტი ჰქონდა და ცალკე ოთახი ეკუთვნოდა, მეორე შვილი სად დამეწვინა? მოსკოვამდე ვიარე და როგორც იქნა მოგვცეს ეს სამოთახიანი“, – გვიყვება ნელი ნაჭყებია.
„ვინ მოგაქცევს ყურადღებას, ერთადერთ გზაა – უნდა გაუძლო. დრო დგას ასეთი“
ბინაში კედლები ნარეცხი წვიმისგან სველი და დანესტილია. ხის ძველ, მორყეულ ფანჯრებს პენსიონერი თოკით აბამს, რომ არ გაიღოს და ჩამოცვივდეს.
აწვიმს წიგნებს და სათამაშოებსაც, რომლებსაც ხან აქეთ აწყობს, ხან იქით – იმის მიხედვით, თუ საით ასხამს წვიმა უფრო ნაკლებად. სახურავიდან ჩამონადენ წყალს ტაშტებსა და ვედროებში აგროვებს. კედლებზე წვიმისგან დასველებული მატრასებია მიდგმული გასაშრობად. სამზარეულოს დივნით სარგებლობა შეუძლებელია – ყოველი წვიმისას წყლით იჟღინთება.
„იცით, რატომ დამემართა ამდენი რამე? ბალონი ხომ გახსოვთ, დიდი, წითელი. რომ მოვკიდებდი ხელს, მაღლა ამომქონდა, ამან დამღუპა. ტანმოვარჯიშე და მძლეოსანი ვიყავი ახალგაზრდობაში. ნაკრებშიც ვიყავი, მედლები და ჯილდოები მქონდა, ეს მათამამებდა.
ახლა უფრო მიხარია ყველაფერი, ვიდრე ახალგაზრდობაში. ახალგაზრდა ხომ ისეც ბედნიერი ხარ, ასე უნდა იყოს, სხვანაირად როგორ? ახლა, როცა მარტო დავრჩი შვილთან ერთად, ყველაფერი მიხარია. შვილიშვილი რომ მოდის, ცას ვეწევი სიხარულით, ვინმე რომ მოდის და გამომელაპარაკება, მიხარია, ისე მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ხანდახან ტელევიზორში დიქტორს ველაპარაკები. მე და ეს ტელევიზორი მეგობრები ვართ.
ყველა იძახის რა დაემართა ნელის, ამ ანგელოზივით ქალს, რას უძლებსო. რა უნდა ვქნა, ვინ მოგაქცევს ყურადღებას, ერთადერთი გზაა – უნდა გაუძლო. დრო დგას ასეთი“, – ამბობს პენსიონერი.
„ტელევიზორი რაცხაფრა აცხადებს, მასე ვიქცევით, დაშორებით ვართ, მისლა-მოსლა შევამცირეთ“, – ოცნების ქალაქი. სახლი #139.
73 წლის ეთერ მამულაძეს უცნაურად შევხვდით. ქოხმახებით დასახლებულ ,,ოცნების ქალაქში“ მასთან სტუმრად ჩამოსული ნათესავი ქალი დაგვხვდა, რომელიც სასწრაფოდ საოპერაციო იყო და 3 დღე რეკავდა ცხელ ხაზზე, მაგრამ ამაოდ – პანდემიის პირობებში, როცა ბათუმში ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად 500-ზე მეტია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს არ სცალიათ.
სასწრაფო სამედიცინო დახმარება პანდემიაში ეთერ მამულაძისთვისაც ფუფუნებად იქცა. ამბობს, რომ თვეში ერთხელ მაინც სჭირდება ვიზიტი ექიმთან, მაგრამ ახლა, როცა კოვიდპანდემიაა ყველგან, მისვლის ეშინია და ბოლო 6 თვეა ექიმთან არ ყოფილა – შედეგად ტკივილის მოთმენა უწევს, რასაც უკვე დიდი ხანია ვეღარაფერს შველის – უბრალოდ ეგუება იმას, რომ რასაც მიირთმევს, არაფერი ერგება, გულის უკმარისობას ებრძვის და უცდის როდის დამთავრდება პანდემია, თავისუფლად რომ მივიდეს ექიმთან ჟანგბადის თერაპიის ჩასატარებლად.
ეთერ მამულაძეც უფასო მუნიციპალური სასადილოს ბენეფიციარია.
„როცა სასადილო გახსნილი იყო, ეზოს ბადიშებს ვაზიდიებდი. 2 წლის წინ, როცა კარგად ვიყავ, მეც ავდიოდი და ჩამომქონდა, იქ ლობიოო, იქ ცხელი „სუპიო“. ახლა ბადიშები მიზიდავენ პროდუქტს, დამატება ხომ გინდა რაღაც, მარტო ეს პროდუქტი ხომ არ გეყოფა?
ჩემი პენსიიდან 50 ლარი მრჩება, ესაა ჩემი ფული – თვიდან თვემდე სამყოფი.
2 წლის პენსია გამოვიტანე, მიწურ ქოხში ვიყავ, ეს სახლი ავაშენე, 2-წლიანი იყო და 4 წელზე გადამიტანეს, ამ 4 წლის დამთავრება აღარ იქნა.
ტელევიზორი რაცხაფრა აცხადებს, მასე ვიქცევით, ახლო არ ვჯდებით, დაშორებით ვართ, მისლა-მოსლა შევამცირეთ.
სანამ ბათუმში გადმოვიდოდი, სოფელ კალოთაში ვცხოვრობდი, დავაავადდი. 6 თვე იქ გზა-კვალი არ არის, სასწრაფო ვერ ამოდის, ჩამოხერგილი გზებია სოფელში. სოფლიდან გადმეიბარგენ მეზობლები, არავინაა, რომ ვინმემ ციგაზე დაგაჯდომლოს, ჩამოგიყვანოს გზამდე. მაგის გულიზა ავდექ და ჩამოვედ აქ, რომ ექიმი ახლოს არი, სასწრაფო გამოვიძახე, მივედი ექიმთან, ვიმკურნალე, მოვედი. წავალ, ვიმკურნალებ ჟანგბადით, გადასხმებით და მოვდივარ სახლში. ახლა ვერა, მარა როცა იქნება, ხო მივალ კიდე?“ – გვიყვება ეთერ მამულაძე.
ბათუმი თბილისის შემდეგ Პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც მომხმარებლებს სასურველი პროდუქტის მიღება მარტივად, შეკვეთიდან რამდენიმე საათში შეუძლიათ. Პირველ ეტაპზე ბათუმში კომპანიის ლოჯისტიკური ცენტრი განთავსდა.
ადგილზე მიწოდების სერვისს სხვა საშუალებებთან ერთად, ბათუმში ეკომეგობრული ტრიპლი ახორციელებს, რომელიც განსხვავებული დიზაინით გამოირჩევა და სრულად ელექტრონულია.
„მეამა“ მომხმარებელს სთავაზობს ინოვაციურ და განსხვავებულ გამოცდილებას და ქმნის ყავის ახალ ერას საქართველოში. ამჟამად კომპანიის ტენოლოგების მიერ ქართველების გემოვნების გათვალისწინებით შექნილია 15 განსხვავებული ნაზავი(მათ შორის ორი უკოფეინო), რაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს მარტივად აღმოაჩინოს საკუთარი გემო. Ჰერმეტულად დაცულ კაფსულაში ყავა მაქსიმალურად ინარჩუნებს გემოსა და არომატს, შესაბამისად კაფსულაში მოთავსებული მაღალი ხარისხის ყავით მომხმარებელეი იღებს მუდმივად ახალ, ცინცხალ, არომატულ და უნიკალური გემოს სასმელს. „მეამა“აწარმოებს ამერიკული და ევროპული ფორმატის ყავის კაფსულებს.
ახალი მომხმარებლებისთვის და მეამას სრულყოფილი გამოცდილებისთვის, შევქმენით სტარტერ ნაკრები, რომლის ფასიც 300 ლარია და აერთიანებს ყველაფერს, რაც ნამდვილი და არომატული ყავის მოსამზადებლად გჭირდება – 90 კაფსულა, ყავის აპარატი, მეტალის ჭიქა და ჰოლდერი. სტარტერ ნაკრები ორივე ფორმატშია ხელმისაწვდომი.
ამერიკულ ფორმატში 9 და ევროპულ ფორმატში 6 უნიკალური გემოა. ორივე ფორმატში გათვალისწინებულია უკოფეინო ყავაც. კაფსულები სიძლიერის, კოფეინის შემცველობით და ინტენსივობის მიხედვით დაყოფილია ნომრების მიხედვით.
მეამა მომხმარებელს სთავაზობს, როგორც განსაკუთრებულ პროდუქციას, ასევე მაღალი ხარისხის მომსახურებას და სერვისს.
ამ ეტაპზე ბათუმისა და მისი შემოგარენის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვთ, მეამას პროდუქცია, კომპანიის ელექტრონული კომერციის პლათფორმაზე და ცხელი ხაზის(*0808) საშუალებით შეიძინოს.
იაპონიის ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა თავის სამწლიან მისიას ასრულებს. როგორ აფასებს ელჩი საქართველოში მუშაობის პერიოდს, რამდენად რეალურია საქართველოში იაპონური ინვესტიციების მოზიდვა და რა სჭირდება ქვეყანას იმისათვის, რომ უფრო მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისთვის, რას ფიქრობს ანაკლიის პროექტზე და რა მომავალი აქვს ქართულ ღვინოს იაპონურ ბაზარზე – ეს არასრული ჩამონათვალია იმ საკითხების, რაზეც ელჩმა ისაუბრა.
“ბათუმელებმა” ტადაჰარუ უეჰარასთან ინტერვიუ 5 ნოემბერს ჩაწერა.
ბატონო ელჩო, თქვენი დიპლომატიური მისია იწურება საქართველოში. როგორ შეაფასებდით თქვენი მუშაობის პერიოდში იაპონიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობას? რომელ პროექტებს მიიჩნევთ მნიშვნელოვნად და რატომ?
პირველ რიგში, რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ ქართველი ხალხის ძალიან მადლიერი ვარ. ბოლო სამი წლის განმავლობაში ძალიან სასიამოვნო ურთიერთობა მქონდა როგორც მთავრობასთან, ისე ოპოზიციის ლიდერებთან. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის იყო ღია დიალოგი ქართველ ხალხთან. ეს არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი გამოცდილება, რამაც ძალიან გაამდიდრა ჩემი ცხოვრება საქართველოში, რადგანაც ყველაფერი ადამიანებით იწყება. რა თქმა უნდა, იაპონიას მხოლოდ მცირედის გაკეთება შეუძლია – მცირე გრანტების გაცემა, მაგრამ ადამიანები ქმნიან სინამდვილეში ამ ქვეყანას. ასე, რომ ბოლო სამი წელი ვტკბებოდი ქართველი ხალხის მეგობრობით. ხშირად ვყოფილვარ მიპატიჟებული ძალიან სასიამოვნო სუფრაზე – კახეთსა თუ საქართველოს სხვა რეგიონში. მსგავსი შეკრებები ყოველთვის სიამოვნებას მგვრიდა. ქართული სუფრა მრავალი საათი გრძელდება – ასე, რომ არ მგონია ჯანმრთელობისთვის კარგი ყოფილიყო, მაგრამ ღვინო, კერძები და რაც მთავარია, საუბარი – ზედმეტად მიმზიდველი იყო ყოველთვის. საბოლოოდ, ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება საქართველოში უკავშირდება ქართველ ადამიანებს.
თუ მკითხავთ ბიზნესისა და პოლიტიკის ასპექტების შესახებ, ვიმედოვნებ, რომ ბოლო სამი წელი ნაყოფიერი გამოდგა საქართველო-იაპონიის ურთიერთობაშიც.
ორი წლის წინ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი კონო ეწვია საქართველოს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც იაპონიის საგარეო მინისტრი ესტუმრა საქართველოს. ასე, რომ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. მისი ვიზიტის შემდეგ მინისტრი კონო მუდმივად განაგრძობს ადვოკატირებას, რომ იაპონიამ კვლავაც მხარი დაუჭიროს საქართველოს. მათ შორის, პრიორიტეტული საკითხებია: მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარება, ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება, ადამიანების ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარება. იაპონიის პოლიტიკის პრინციპების შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობდი ძალისხმევა არ დამეშურებინა საქართველოს მაქსიმალური მხარდაჭერისთვის. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ვცდილობდი ბევრი ადგილი მომენახულებინა და მესაუბრა ადამიანებთან, რათა გამეგო, თუ რა აწუხებთ და რა ულხინთ, რა არის საქართველოს რიგითი მოქალაქის საფიქრალი. საერთო ჯამში, ჩემი ყოფნა საქართველოში ძალიან სასიამოვნო იყო – ურთიერთობა საქართველოს მოსახლეობასთან კი – განსაკუთრებული, დაწყებული მთავრობის წევრებიდან, პოლიტიკოსებიდან… და რაც მთავარია – მოსახლეობასთან.
რა მნიშვნელოვანი შეთანხმებები შედგა თქვენი ელჩობის დროს და რა აქცევს ამ შეთანხმებებს მნიშვნელოვნად?
ამჟამად საქართველოსა და იაპონიას შორის მიმდინარეობს ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკება: საინვესტიციო და საგადასახადო შეთანხმება. ორივე შეთანხმება თითქმის დასრულებულია და არ მგონია, რაიმე პრობლემა შეიქმნას, რადგან ორივე ქვეყანა იზიარებს მისწრაფებებს დიპლომატიასა და ორმხრივ ურთიერთობებში. მოსალოდნელია, რომ მომავალი წლის დასაწყისში უკვე შეგვეძლება ხელი მოვაწეროთ ორივე შეთანხმებას. ორივე ძალიან მნიშვნელოვანია. ხაზი მინდა გავუსვა საინვესტიციო შეთანხმებას – ბევრი იაპონური ბიზნესია დაინტერესებული საქართველოთი და ბევრი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. თუმცა გასულ აპრილს ერთ-ერთი უმსხვილესი იაპონური კომპანია ენერგიის დარგში TEPCO უკვე შემოვიდა საქართველოში. სამ წელიწადზე მეტი კვლევის შემდეგ, TEPCO-მ გადაწყვიტა განეხორციელებინა ინვესტიცია და შეისყიდა დარიალის ენერგოსადგურის 1/3 წილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც წესი, იაპონური კომპანიები ძალიან ნელა მოქმედებენ – მათ ძალიან ფრთხილი მიდგომა აქვთ ბიზნესთან. თუმცა TEPCO-ს შემთხვევა ცალსახად პოზიტიური და წამახალისებელი მტკიცებულებაა იმისა, რომ იაპონური კომპანიები დაინტერესებულნი არიან საქართველოთი.
იაპონურ კომპანიებს ინტერესი აქვთ ჰიდროელექტროსადგურების პროექტებში. საქართველოში გარემოსდამცველები უმრავლეს შემთხვევაში ეწინააღმდეგებიან დიდ ჰიდროპროექტებს, რადგან არ არის დაცული გარემოსდაცვითი მოთხოვნები (მაგალითად, გზშ სრულყოფილად) და უმეტეს შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოდის ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებთან. როგორია იაპონური კომპანიების მიდგომა ჰიდროპროექტებში, ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, რამდენად არიან ორიენტირებული გარემოსდაცვით საკითხებზე?
ენერგია ძალიან მნიშვნელოვანია – ჰიდროს გარდა, ჩვენ გვაქვს მზის ენერგიაც. საერთოდ, ეკოლოგიურად მეგობრული ენერგია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მე მესმის ადგილობრივი მოსახლეობის წუხილი გარემოსდაცვითი საკითხების გარშემო.
იაპონიაში ჩვენ გვაქვს ძალიან მკაცრი გარემოსდაცვითი რეგულაციები: როდესაც კომპანია ავითარებს ჰიდრო თუ სხვა ენერგოპროექტს, მათ ჯერ უნდა შეასრულონ მთავრობის მიერ დაწესებული ძალიან ხისტი გარემოსდაცვითი რეგულაციები. ვფიქრობ, ეს მიდგომა საქართველოსაც მიესადაგება – მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა აუცილებელია. თუ ინფრასტრუქტურის ხარისხი დაბალია, ის დიდხანს ვერ გაძლებს.
იაპონური ბიზნესმოდელი ყოველთვის ორიენტირებულია მდგრადობასა და სიცოცხლისუნარიანობაზე. ასე, რომ მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, თუ დავინახავთ, რომ რაიმე ჰიდროსადგური აჩენს რისკს გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, ჩვენ არ განვახორციელებთ ინვესტიციას მსგავს სარისკო პროექტში.
იმედი მაქვს, ქართული მხარე და ქართველი ხალხი გაიაზრებს, რომ ხარისხი აუცილებელია ადგილობრივი მოსახლეობის უკეთესი ცხოვრებისთვის, ისევე როგორც ენერგიის უკეთ გამოყენებისთვის. გარემოს დაცვა და ენერგიის გამოყენება არ არის ურთიერთგამომრიცხავი საკითხები, უბრალოდ, აუცილებელია ისინი თანხვედრაში დაგეგმო.
როგორც გითხარით, TEPCO-ს დასჭირდა სამ წელზე მეტი, რომ შეესწავლა ვითარება. TEPCO-მ არა მხოლოდ გარემოსდაცვითი კვლევა განახორციელა, არამედ ძალიან დეტალური ანალიზი პოლიტიკური და ბიზნესრისკების შესახებაც.
ყველა გავლენიანი მენეჯერი თუ მმართველი უნდა აგებდეს პასუხს დირექტორთა საბჭოს წინაშე, რომელიც მენეჯერებს სხვადასხვა კითხვას უსვამს – მენეჯერმა უნდა შეძლოს პასუხის გაცემა. ბიზნესი ყოველთვის მოიცავს მონეტის ორივე მხარეს გადაწყვეტილების მიღებისას: ერთი მხრივ, ვითვალისწინებთ შემოსავლიანობას, ხოლო მეორე მხრივ – რისკებს.
აუცილებელია ანგარიშვალდებულება ყველა იმ მხარის მიმართ, ვისზეც ჩვენი მოქმედება გავლენას ახდენს: ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენს თანამშრომლებთან, რადგანაც ეს ის ადამიანები არიან, ვინც ბევრი შრომით ქმნიან კომპანიას, ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ჩვენს მომხმარებელთან, რადგანაც მათ გარეშე ჩვენი ბიზნესი არ იქნება მდგრადი. და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი – ჩვენ პასუხისმგებელი ვართ საზოგადოებასთან. კომპანია, რომელიც ვერ მოიპოვებს საზოგადოების ნდობას, ვერ შეძლებს ააწყოს მდგრადი ბიზნესი.
მე მინდა ხელი შევუწყო იაპონურ ბიზნესს, რამდენადაც შემიძლია. ეს საინტერესო გამოწვევაა, რადგან საქართველო მზარდი ბაზარია. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ საქართველო მცირე ბაზარია, მაგრამ ეს არ არის მართალი. მომხმარებელთა ბაზარი ზოგადად შესაძლოა მცირე იყოს, მაგრამ თბილისში, მაგალითად, 1 მილიონზე მეტი მომხმარებელია კონცენტრირებული. გარკვეული ტიპის პროდუქციისთვის ეს კარგი ზომის ბაზარია.
გარდა ამისა, იაპონური კომპანიების უდიდესი ნაწილი დაინტერესებულია უფრო მსხვილი პროექტებით – მაგალითად, კერძო-საჯარო პარტნიორობით (PPP) და სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობით. ასე, რომ ინფრასტრუქტურის დარგში საქართველო სულაც არ არის მცირე ბაზარი.
TEPCO-ს მიერ ჰიდროინვესტირება არ არის ერთადერთი პროექტი – ჩვენ ასევე დაინტერესებული ვართ ნარჩენების მართვით, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებით, თბილისის ქალაქდაგეგმარებით, მეტროს სადგურების მშენებლობითა და სხვა ეკო-მეგობრული პროექტებით.
ბევრი პროექტის შემოთავაზება შეგვიძლია, მაგრამ იაპონური ფასები ოდნავ მაღალია, შედარებით. თუმცა ბიზნესის ხარისხის მხრივ და პროდუქტის ხარისხის მხრივ იაპონური ბიზნესი ძალიან, ძალიან კონკურენტულია.
მათ შორის გასათვალისწინებელია შენახვის, მოვლა-პატრონობის ხარჯები: რა არის უკეთესი საქართველოსთვის? ეს უნდა იყოს მიღებული მხედველობაში სახელმწიფო შესყიდვების დროს. ასე, რომ იაპონური ბიზნესი ბევრად უფრო კონკურენტულია ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში.
ტადაჰარუ უეჰარა, იაპონიის ელჩი საქართველოში
რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისათვის, რომ უფრო მიმზიდველი და უსაფრთხო გახდეს იაპონელი ინვესტორებისთვის?
იაპონური ბიზნესი ძალიან, ძალიან კონსერვატიულია: ისინი სწრაფად არ თანხმდებიან შეთავაზებას. საჭიროა დეტალური რისკების ანალიზი, მოგება-ზარალის დეტალური დაანგარიშება.
იმისათვის, რომ ვიფიქროთ ბიზნესის განვითარებაზე ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში, საჭიროა მთავრობის ძალისხმევა. ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული მხარის ძალისხმევა და ნდობა – ამის გარეშე წარმოუდგენელია ბიზნესის კეთება – ჩვენ ორიენტირებული ვართ გრძელვადიან პერსპექტივაზე.
იაპონური ბიზნესი არ ცდილობს ფული აკეთოს დღეს ან ხვალ – ჩვენ ვცდილობთ ხანგრძლივვადიანი სარგებელი შევქმნათ როგორც იაპონური ბიზნესისთვის, ისე ქართული მხარისთვის.ეს არის ერთმანეთის მეგობრული ერთგულება და იმედი მაქვს, ქართულ მხარეს გავუზიარებთ იაპონური კომპანიების ბიზნესის კეთების ტრადიციას.
ამას დრო სჭირდება. შეუძლებელია ამის გაკეთება მოკლე პერიოდში. ასე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ორ პარტნიორსა და ორ მთავრობას შორის ნდობის ჩამოყალიბება. იმედი მაქვს, რომ სამთავრობო დონეზე ეს ნდობა დღითიდღე მზარდია.
გასულ წელს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ბახტაძის ძალისხმევით გაიმართა დიდი იაპონური ბიზნესფორუმი იაპონიაში – ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეც გადავწყვიტე საპასუხოდ ბიზნესფორუმის გამართვა თბილისში, რომელიც ჩატარდა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა იაპონური კომპანიების მხრიდან.
ბიზნესფორუმმა, რომელიც გავმართეთ, ზოგადი შემართება და საერთო ცოდნა მისცა კომპანიებს. თუმცა ახლა საჭიროა ორმხრივი ნდობის ჩამოყალიბება ინდივიდუალურ ბიზნესკომპანიებს შორის. ორმხრივი ნდობის გარეშე არ უნდა ველოდოთ ბიზნესის განვითარებას.
ჩინეთი იაპონიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. პანდემიის დროს ითქვა, რომ იაპონია აპირებს კომპანიებს ჩინეთის დატოვებისთვის და თავიანთი წარმოების სხვაგან გადატანისთვის ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინოს. ჩვენთან პოლიტიკოსებმა ეს ახალ შესაძლებლობად მიიჩნიეს საქართველოსთვის. რამდენად რეალურია, რომ იაპონურმა კომპანიებმა, რომლებიც ტოვებენ ჩინეთის ბაზარს, საქართველოში გადმოიტანონ ბიზნესი?
იაპონურმა კომპანიებმა ბევრი ინვესტიცია განახორციელეს ჩინეთში – რისკების მართვის თეორიიდან გამომდინარე, არ შეიძლება ყველა რესურსის „ერთ კალათაში“ მოთავსება.
ასე, რომ ამ თვალსაზრისით უფრო ხელსაყრელია დივერსიფიცირება. თუმცა ჩინეთი ძალიან მნიშვნელოვანია – არასდროს გვითქვამს, რომ ვტოვებთ ჩინეთს, ის კვლავაც მნიშვნელოვანი პარტნიორია და გვინდა ორმხრივი სარგებელი ორ ქვეყანას შორის.
ჩვენი ინიციატივა გულისხმობს არა ჩინეთიდან გამოსვლას, არამედ იაპონური ინვესტიციების დივერსიფიცირებას და გადანაწილებას ჩინეთში, ევროკავშირში, აზიურ ქვეყნებში – იმედი მაქვს, საქართველო იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც მიემართება ინვესტიციები.
თანამედროვე გეოპოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით მსოფლიო რუკაზე სად ხედავთ საქართველოს როლს? რა რეკომენდაციები გექნებათ?
საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი როლი საერთაშორისო თანამეგობრობაში და შეუძლია ძალიან მიმზიდველი გახდეს. საქართველო ავითარებს ეკონომიკურ კორიდორებს: ჩრდილოეთ-სამხრეთისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის დასაკავშირებლად. თუ საქართველოს სურს დამაკავშირებელი როლი შეასრულოს, აუცილებელია კარგი თანამშრომლობა სამეზობლოში, რადგან კავშირები დამოკიდებულია არა მხოლოდ საქართველოზე – ისინი გადის აზიასა და ევროპულ ქვეყნებში.
როგორ შეიძლება საქართველო გახდეს უფრო დაკავშირებული და მიმზიდველი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის? – ამისთვის საჭიროა გამჭირვალე მმართველობა, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის სფეროში. აუცილებელია კავშირების განვითარება. რა თქმა უნდა, ეს ინფრასტრუქტურა საქართველოსია, მაგრამ საჭიროა ფიქრი – როგორ გავხადოთ ის მიმზიდველი საერთაშორისო საზოგადოებისთვის? საჭიროა გახსნილი გონებით ჭვრეტა და საერთაშორისო სტანდარტის დამკვიდრება მმართველობაში. საჭიროა ღიაობა – მეზობლებისთვის, იაპონიისთვის, ევროკავშირის ქვეყნებისთვის. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება დამაკავშირებელი ფუნქციის ამუშავება – წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერავინ ისარგებლებს ამ უძვირფასესი ინფრასტრუქტურით.
მინდა გკითხოთ ანაკლიის პორტზე, რომელიც მომავლის პროექტად მიიჩნეოდა და რომელიც ახლა შეჩერებულია. რას ფიქრობთ ამ პროექტზე? რამდენად რეალური ჩანს მისი განხორციელება?
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობა არ მოდის იაპონიის მხრიდან – ეს მოდის თავად საქართველოდან. ყველა ქართველი, ვისაც კი შევხვედრივარ, მიმეორებდა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მისი მხარდაჭერა.
არ ვიცი, ამჟამად რა ხდება ანაკლიაში – ეს თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაზე. თუ ქართველი ხალხი და პოლიტიკოსები აღიარებენ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობას, ჩვენ მოხარული ვიქნებით, მხარი დავუჭიროთ მას.
პოლიტიკურ ნებაზე საუბრობთ?
ეკონომიკური ნებაა საჭირო, რადგან იაპონიამ უნდა იცოდეს – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ეკონომიკურად და პოლიტიკურად. მაგრამ ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხისა და მთავრობის მისაღებია და არა ჩვენი, იაპონია არ და ვერ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას.
იაპონია განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს განვითარებად ქვეყნებში ადამიანის უსაფრთხოების გაძლიერებაზე. ჩანს, რომ ფოკუსირებული ხართ ინდივიდებზე. საქართველოშიც თქვენ მიერ დაფინანსებული პროექტები ამაზე მიუთითებს. პანდემიის პირობებში ეს მიდგომები რა სახეს მიიღებს?
ადამიანის უსაფრთხოება ძირეული პრინციპია: გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების შესასრულებლად სულ 10 წელი დაგვრჩა. აქ მთავარი პრინციპია, რომ არავინ ჩამორჩეს საერთო განვითარებას. ჩვენი პასუხისმგებლობაა, ხელი შევუწყოთ საქართველოში მოწყვლად ჯგუფებს. მაგალითად, ჩვენ ვაფინანსებთ სამედიცინო აღჭურვას და მშენებლობას, საგანმანათლებლო პროექტებს, ასევე, დღეს გვქონდა გახსნის ცერემონია: სასოფლო-სამეურნეო ხელშეწყობის პროექტები წარმატებით დავასრულეთ. ასეთი ტიპის მცირე საგრანტო დახმარება აუცილებელია ქართველი ხალხის წახალისებისთვის. ასეთ პროექტებს ვახორციელებთ ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის სახელით.
რა თქმა უნდა, ჩვენი შესაძლებლობები მცირეა. მცირე გრანტის გაცემა არ ნიშნავს არაფერს, თუ არ იქნება ადგილობრივი საკუთრების განცდა, საზიარო პასუხისმგებლობა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად. ძალიან ვაფასებთ ადგილობრივი მოსახლეობის, არასამთავრობოების ძალისხმევას ამ პროცესში. ადგილობრივი ინიციატივის გარეშე მცირე გრანტი ვერაფერს შეცვლის. ეს წელი განსაკუთრებით რთული გამოდგა – ყველას შეეხო კოვიდ19, ამიტომ იაპონიის მთავრობამ გამოყო საქართველოსთვის 3 მილიონამდე აშშ დოლარი სამედიცინო სექტორის მხარდასაჭერად, მაღალტექნოლოგიური აღჭურვის შესაძენად. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა იაპონიის მხრიდან.
ჩვენ უნდა ველოდოთ მეტ მხარდაჭერას – ის კვლავაც გაგრძელდება, მაგრამ აუცილებელია, საქართველომ განავითაროს ჯანდაცვის სექტორი და დამოუკიდებლად შეძლოს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა. ამავდროულად, საჭიროა მცირე ბიზნესის გადარჩენაც. მოხარული ვართ, ხელი შეგიწყოთ, მაგრამ საჭიროა ამ მცირე მხარდაჭერის იმგვარად გამოყენება, რომ ქვეყნის განვითარება კიდევ უფრო დაჩქარდეს.
ჩვენს სახელმწიფოებს შორის შეთანხმება შედგა ორმაგი დაბეგვრის თავიდან ასაცილებლად. შეგიძლიათ მოკლედ გვითხრათ ამ საგადასახადო კონვენციაზე, რამდენად გაზრდის ეს შეთანხმება ინვესტიციებს იაპონიასა და საქართველოს შორის?
ახალი შეთანხმებით მომავალში შესაძლებელი იქნება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება – ეს ძალიან კარგი ინიციატივაა კერძო ბიზნესისა და ინვესტიციების ხელშესაწყობად. ამ შეთანხმებით საქართველოსა და იაპონიის კომპანიებს არ დასჭირდებათ გადასახადის ორჯერ გადახდა – საკუთარ და მიმღებ ქვეყანაში. ეს მნიშვნელოვანი წახალისებაა ბიზნესისთვის.
სამომავლოდ ეკონომიკის რომელ სფეროებში იგეგმება იაპონიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა?
დაახლოებით რომ შევადაროთ – ახლა საქართველოდან იაპონიაში ექსპორტი დაახლოებით 10 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება, ხოლო იაპონიიდან საქართველოში – დაახლოებით 200 მილიონს. ეს ძალიან დიდი დისბალანსია, მიუხედავად იმისა, რომ არ არის ზუსტი სურათი.
ზოგი იაპონური პროდუქცია შემოდის დუბაიდან, ზოგი კი თურქეთიდან თუ სხვა ადგილებიდან. მე ვსაუბრობ მხოლოდ ქართულ-იაპონურ პირდაპირ ვაჭრობაზე. უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ შევუწყოთ ხელი ქართულ ექსპორტს იაპონიაში – შეიძლება ეს იყოს ღვინო, თაფლი თუ სხვა პროდუქცია. ჯერჯერობით ექსპორტი მწირია. გასულ წელს საქართველოს მთავრობამ გამართა ღვინის დიდი გამოფენა ტოკიოში – იმედი მქონდა, რომ ეს წაახალისებდა იაპონიაში ქართული ღვინის იმპორტს, მაგრამ ჯერჯერობით ამ სფეროში მაინც სტაგნაციაა. საჭიროა სწორი სტრატეგია იაპონიაში ექსპორტის ზრდისთვის.
იაპონია არის ძალიან კონკურენტუნარიანი ბაზარი ნებისმიერი პროდუქციისთვის, არა მხოლოდ ღვინისთვის. ამიტომ ქართული პროდუქცია უნდა იყოს ძალიან კონკურენტუნარიანი, ძალიან ბევრი უნდა იშრომოთ, რომ წარმოაჩინოთ კონკურენტუნარიანი პროდუქტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ექსპორტი ვერ გაიზრდება. დიდი ბაზარი ყოველთვის მოითხოვს მაღალი ხარისხის პროდუქციას. ექსპორტიორმა უნდა მოიგოს კონკურენცია.
მორგების კუთხით ძირითადი საკითხია რეგულაციებთან თავსებადობა. იაპონური რეგულაციები სულაც არ არის სპეციფიკური. თუ საქართველო შეძლებს დაამკვიდროს ევროკავშირის სტანდარტი, მისთვის უფრო იოლი იქნება ექსპორტის გატანა იაპონიაშიც – იაპონიას ევროკავშირის მსგავსი სტანდარტი აქვს.
ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს და ვაკმაყოფილებდეთ ამ საერთაშორისო სტანდარტს. ეს არის საწყისი კრიტერიუმი. შემდგომ უნდა მოიგოთ მომხმარებლის გული. ბაზარზე მხოლოდ შეღწევა საკმარისი არ არის, უნდა მოიპოვოთ მოხმარებლის ნდობა.
მაგალითად, როგორ მოვიგოთ იაპონელი ღვინის მოყვარულის გული ქართული ღვინით? როგორ უნდა ავუხსნათ, სტრატეგიულად, ქართული ღვინის სილამაზე? იაპონიის ბაზარი უზარმაზარია.
იცით, რომ იაპონია ყოველწლიურად ახდენს 200 მილიონი ლიტრი ღვინის იმპორტს? საქართველო ვერ აწარმოებს ასეთი რაოდენობის ღვინოს. ასე, რომ უნდა გადაწყვიტოთ – 1% ბაზრის წილი გსურთ? ეს 2 მილიონი ლიტრია – მაინც ძალიან დიდი რაოდენობა. ან იქნებ 0.1% გსურთ? ასეთ შემთხვევაში, არ უნდა მიხვიდეთ იაპონურ სუპერმარკეტებში დიდ ქალაქებში – ისინი ყიდიან დიდი მოცულობის იაფ პროდუქციას.
რატომაც არ წახვალთ, ვთქვათ, მცირე ქალაქებში? ეს ქალაქები დაახლოებით თბილისის ზომის არიან. საჭიროა სწორი სტრატეგია ბაზარზე შეღწევისთვის – ეს ძალიან რთული ბაზარია დიდი პოტენციალით, მაგრამ საჭიროა სტრატეგიული მარკეტინგული ტაქტიკა.
გეგმავთ თუ არა მისიის დასრულების შემდგომ საქართველოსთან ურთიერთობის შენარჩუნებას და რა ფორმატში?
იმედი მაქვს, საქართველოსთან კავშირს შევინარჩუნებ. ბოლო სამი წელი ძალიან ლამაზი აღმოჩნდა როგორც ჩემი პირადი ცხოვრების, ისე დიპლომატიური ცხოვრების მხრივ. მე დიდი სიამოვნება მივიღე ქართველ ხალხთან ურთიერთობით და ძალიან მადლიერი ვარ მათი სტუმარმასპინძლობითა და მეგობრობით. მინდა, ეს კავშირები შევინარჩუნო – ადამიანი ვარ და მინდა, მქონდეს კავშირი შესანიშნავ ქართველ ხალხთან. მართალია, ჯერ არ გადამიწყვეტია, თუ როგორ დავაკავშირებ ამ ორ ქვეყანას ბიზნესის მხრივ, მაგრამ პირად ცხოვრებაში ნამდვილად მინდა კავშირის შენარჩუნება.
თურქეთის ფინანსთა მინისტრმა, ბერატ ალბაირაკმა, რომელიც თურქეთის პრეზიდენტის, რეჯებ ტაიპ ერდოღანის სიძეა, მინისტრის პოსტი დატოვა.
მინისტრმა ამის შესახებ ინსტაგრამზე დაწერა კვირას, 8 ნოემბერს და ამავე პოსტში აღნიშნა, რომ ტოვებს თანამდებობას ჯანმრთელობის გამო და მეტი დროის გატარება სურს ოჯახთან, მშობლებთან და ცოლ-შვილთან. ყოფილმა მინისტრმა ამ პოსტის გამოქვეყნებიდან მალევე თავისი ანგარიშები წაშალა როგორც ინსტაგრამზე, ასევ ტვიტერზე.
თურქული მედია თითქმის 24 საათის განმავლობაში არ წერდა მინისტრის გადადგომის შესახებ, სანამ თავად ერდოღანმა ინფორმაცია ოფიციალურად არ დაადასტურა.
ანალიტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ ერდოღანი თავის მემკვიდრედ მოიაზრებდა ალბაირაკს, რომელიც ერდოღანის უფროს შვილზეა დაქორწინებული და მათ ოთხი შვილი ჰყავთ.
ბერატ ალბაირაკი ერდოღანის შვილთან, ესრა ერდოღანთან ერთად. ისინი 2004 წელს დაქორწინდნენ.
პოლიტიკაში მოსვლამდე ალბაირაკი მსხვილი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი იყო. იგი თურქეთის პარლამენტში 2015 წელს შევიდა, როგორც AKP-ეს, ერდოღანის პარტიის დეპუტატი და მალევე დანიშნეს ჯერ ენერგეტიკის, შემდეგ კი ფინანსთა მინისტრის პოსტზე.
ალბაირაკის გადადგომას წინ უძღოდა თურქული ლირის კურსის რეკორდული დაცემა ამერიკულ დოლართან მიმართებით. ცოტა ხნის წინ ერდოღანმა ქვეყნის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი გაათავისუფლა თანამდებობიდან.
უცხოური მედიის ცნობით, თურქეთის მთავრობასთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ ალბაირაკმა პოსტი დატოვა არა ჯანმრთელობის პრობლემების, არამედ ცენტრალური ბანკის ახალ მმართველთან დაპირისპირების გამო, რომელმაც ფინანსთა მინისტრის მუშაობა გააკრიტიკა.
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 127 947 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები შენობის ადაპტირებას ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა.
„შენობა ორსართულიანია, სართულები ერთმანეთს უკავშირდება შიდა კიბის საშუალებით. მთავარ შესასვლელში არსებული კარის დემონტაჟი უნდა მოხდეს კიბის საფეხურთან ერთად დონის შესაცვლელად. არსებული კარის მონტაჟი უნდა მოხდეს იმ ნიშნულის გათვალისწინებით, რაც მოაკლდება კიბის საფეხურის ხარჯზე. შესასვლელშივე უნდა მოეწყოს პლატფორმა ლიფტი ეტლის გადასაადგილებლად, ხოლო კიბის საფეხურებზე უნდა მოეწყოს ანტისლიპები პროექტის შესაბამისად. პირველ სართულზე უნდა მოეწყოს ტაქტილური ბილიკის მარშრუტი, ორივე დერეფანში უნდა მოეწყოს პანდუსები, ხოლო პანდუსების გასწვრივ – კედელზე, კედლის მოაჯირები. დარბაზში უნდა მოიხსნას ოთხი სავარძელი ხოლო მის ადგილზე მოეწყობა ორი ადგილი ეტლით მოსარგებლეთათვის. არსებული საპირფარეშოს მისაწვდომობა უზრუნველყოფილ იქნას პროექტის შესაბამისად,“ – აღნიშნულია პროექტში, რომელიც სატენდერო დოკუმენტებს ახლავს.
ფოტო პროექტიდან
ტენდერის პირობის მიხედვით სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს.
მემედ აბაშიძის გამზირზე მდებარე შენობა, რომელშიც თეატრია განთავსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის 502 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსით გარდაიცვალა 11 ადამიანი.
აჭარაში მდებარე საავადმყოფოებში 801 ადამიანი მკურნალობს. აქედან 103 მძიმე პაციენტად მიიჩნევა.
12 ნოემბერს საქართველოში სულ გამოვლენილია კორონავირუსის 3 120 შემთხვევა. აქედან თბილისში გამოვლენილია 1 033 შემთხვევა, აჭარაში – 502, იმერეთში – 517, ქვემო ქართლში – 192, შიდა ქართლში – 126, გურიაში – 95, სამეგრელოში – ზემო სვანეთში – 332, კახეთში – 100, მცხეთა-მთიანეთში – 107, სამცხე-ჯავახეთში – 95, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 21.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 120 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 33 ადამიანი.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 2 358-ია.
12 ნოემბერს გამოვლენილი 3 120 შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 033 შემთხვევა, აჭარაში – 502, იმერეთში – 517, ქვემო ქართლში – 192, შიდა ქართლში – 126, გურიაში – 95, სამეგრელოში – ზემო სვანეთში – 332, კახეთში – 100, მცხეთა-მთიანეთში – 107, სამცხე-ჯავახეთში – 95, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 21.
ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევა არის 16 887. აქედან 4 918 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 383, აჭარაში – 801, იმერეთში – 973. მძიმე პაციენტი გვყავს 652, მათ შორის, თბილისში – 317, აჭარაში – 103, იმერეთში – 159. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 329 პირი, მათ შორის, თბილისში – 162, აჭარაში – 90, იმერეთში – 33. 3 311 ადამიანი მოთავსებულია კოვიდსასტუმროში, მათ შორის, 1 560 – აჭარაში, 1 207 – თბილისში, 284-იმერეთში. 8 658 პირი მკურნალობს ბინაზე.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის მასშტაბური სქემა გამოავლინეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისსა და ბათუმში ჩატარებული ინტენსიური კომპლექსური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1993 წელს დაბადებული ა.ა. თბილისში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული წარმოადგენდა ნარკორეალიზატორთა ჯგუფს და ჩართული იყო ინტერნეტნარკორეალიზაციისა და ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ დამზადების სქემაში. ა.ა. დროებით საცხოვრებელ სახლში, სხვადასხვა ქიმიური საშუალებისა და პრეკურსორებისგან ლაბორატორიული ინვენტარის გამოყენებით ამზადებდა ნარკოტიკულ საშუალება „მეფედრონს“ და შემდეგ მას ინტერნეტით ყიდდა.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. ასევე, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ე.წ. ნარკოლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ დამზადების პროცესის ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
“სამართალდამცველებმა, ა.ა.-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილას მდებარე სამალავებიდან, სულ ამოიღეს 2 კილოგრამი და 300 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი“. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, აგრეთვე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ დამზადებისთვის საჭირო ქიმიური ნივთიერებები, პრეკურსორები და შესაბამისი ლაბორატორიული ინვენტარი. ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ღირებულება შავ ბაზარზე 1 200 000 ლარია”, – წერს შსს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით და 266-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
კორონავირუსით ინფიცირებული 73 წლის პაციენტი, რომელიც გუშინ, 11 ნოემბერს, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა.
კლინიკის ინფორმაციით, პაციენტს დაცემის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი ამავე კლინიკის თანამშრომლის ოჯახის წევრი იყო და პერიოდულად თავად მეთვალყურეობდა. უბედური შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რადგან დიდ ქალაქებში სკოლები ისევ დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, სკოლის მანდატურები მთავრობის ცხელ ხაზზე იმუშავებენ. მანდატურები ცხელი ხაზის – 144- ის მეშვეობით, მოქალაქეებს ახალი ტიპის კორონავირუსის გამო დაწესებულ სხვადასხვა სახის შეზღუდვასა და ეპიდემიის მართვის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდიან.
სკოლის მანდატურები პირველად საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს აპრილში, როდესაც კოვიდის პირველი ტალღა იყო ქვეყანაში და სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა. მაშინ მანდატურებს საკარანტინო ზონების გარე პერიმეტრზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევალებოდათ.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული კოვიდპაციენტი კლინიკის მესამე სართულიდან გადახტა/გადავარდა. „ჩანთა ჰქონდა მოკიდებული. ისე გადახტა“, – უთხრეს „ბათუმელებს“.
73 წლის კაცი ცოცხალია.
დაზუსტებული ინფორმაციით, პაციენტის შვილი რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელია. შესაბამისად, ის თავად ზრუნავდა მამაზე.
კაცის მესამე სართულიდან გადახტომა/გადავარდნის ფაქტს ადასტურებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროშიც. უწყების ინფორმაციით, „შემთხვვეის მიზეზი უცნობია, ამ დროს პალატაში სხვა პირი არ იმყოფებოდა“.
„ამჟამად პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, დადგინდა გულ-მკერდის მიდამოში ორი ნეკნის მოტეხილობა და მუცლის ღრუში მცირედი სისხლჩაქცევები. პაციენტს უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება“, – თქვეს სამინისტროში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელვაჩაურში დღეს მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც ძალადობის გულისხმობს. შსს-ში ვერ გვითხრეს, არის თუ არა ვინმე დაკავებული ამ საქმეზე.
მოძრაობა „ალტერნატივას“ ლიდერის, ხათუნა ბერიძის ინფორმაციით, საარჩევნოდ შექმნილი მოძრაობა „არ დათმოს“ აქტივისტს – ზურაბ ბოლქვაძეს 7 პირი პოლიციელების წინ თავს დაესხა მაშინ, როცა ეს მოძრაობა საპროტესტო აქციას მართავდა ხელვაჩაურის საოლქო კომისიის შენობის წინ.
აქტივისტები აცხადებდნენ, რომ ისინი არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 2020 წლის 2 ნოემბრის ბრძანებაში აღნიშნულია: „მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს – „სულგუნის ტრადიცია საქართველოში“.
სააგენტოს გენერალური დირექტორის ამავე ბრძანებით, რომელიც ძალაში 11 ნოემბერს შევიდა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა ასევე – „ტრადიციულ აჭარულ ნაქარგობას“:
ოპოზიციის ლიდერები რეგიონში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ოფისში დღეს, 11 ნოემბერს შედგა.
„ვისაუბრეთ ძირითადად კომენდანტის საათთან დაკავშირებით, რომ ეს ზღუდავს ადამიანს და მისი გამოხატვის თავისუფლებას… მესამე სექტორი დაგვპირდა სამართლებრივ დახმარებას, თუკი ვინმეს აქციაზე ყოფნის დროს კომენდანტის საათის დარღვევის მოტივით დააჯარიმებენ. კომენდანტის საათი გასაჩივრებულია უკვე საკონსტიტუციო სასამართლოშიც. მნიშვნელოვანია ამ საკითხის გააქტიურება, რადგან საკონსტიტუციო სასამართლო ჯერჯერობით ამ სარჩელს არ განიხილავს, 2 წლის შემდეგ თუ მიიღებს გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო კომენდანტის საათის შესახებ, ეს ვეღარ იქნება სამართლიანი. ეს არ პასუხობს საზოგადოების მოთხოვნებს,“ – ამბობს „გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთი ლიდერი, მირდატ ქამადაძე.
ოპოზიციის ლიდერები მესამე სექტორის წარმომადგენლებთან ასევე გაცვალეს ინფორმაცია საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით. ოპოზიციამ NGO სექტორს სთხოვა საპროტესტო აქციების პროცესის მონიტორინგიც.
წვიმის მიუხედავად საპროტესტო აქცია ბათუმში გრძელდება. მირდატ ქამადაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ წვიმის გამო ვერ ხერხდება საჯარო მიმართვები.
„ხვალიდან, როგორც ვიცი, ამინდებია, ამიტომ საღამოს 6 საათიდან პოლიტიკური გამოსვლებიც გვექნება. საპროტესტო აქცია ისევ 24-საათიანი რეჟიმით გრძელდება,“ – დასძინა მირდატ ქამადაძემ.
ოპოზიციის წარმომადგენლებს ასევე აინტერესებდათ ხედვა საპროტესტო აქციების შესახებ, თუმცა არასამთავრობო სექტორს ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ დაუფიქსირებია.
„ჩვენი ორგანიზაციის პოზიციაა, როგორც მმართველმა ძალამ, ისე ოპოზიციურ პარტიებმა დაიწყონ მოლაპარაკებები, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების მედიაციით, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით… ბათუმში დაანონსებულია შაბათს ფართომასშტაბიანი აქცია. შესაბამისად, აუცილებელია მოქალაქეებს მიეცეთ მშვიდობიანი პროტესტის შესაძლებლობა. პოლიტიკური კრიზისები ძალის გამოყენებით არ უნდა წყდებოდეს, ამიტომაც ამ აქციის მშვიდობიანი ჩატარების ნაწილში პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ხელისუფლებას,“ – ამბობს თეონა დიასამიძე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი.
ხელვაჩაურის საოლქო კომისიის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება მოხდა. მოძრაობის „ალტერნატივას“ ხელმძღვანელი, ხათუნა ბერიძე ამბობს, რომ მოძრაობა „არ დათმოს“ აქტივისტს, ზურაბ ბოლქვაძეს თავს დაესხნენ, როცა ის იქვე ახლოს გაჩერებულ ავტომანქანასთან მიდიოდა საწვიმრის გადმოსაღებად.
„ჩვენ ხელვაჩაურის საოლქო კომისიასთანაც მოვაწყვეთ სირცხვილის კორიდორი, რომ ოლქის წევრებს იქ გამოევლოთ. ზურაბი გადავიდა საწვიმრის გადმოსატანად და ამ დროს დაახლოებით 7 ადამიანი მას თავს დაესხა, ხელებს ურტყამდნენ და იგინებოდნენ… ეს ხდებოდა პოლიციელების თვალწინ, იქვე იყო პოლიციის მანქანებიც. როცა პოლიციელები მოგვიახლოვნენ, გაქცევა დააპირეს, ერთი პირი დააკავეს, ხოლო ზურაბი თან წაიყვანეს, მას ალბათ ექსპერტიზა ჩაუტარდება,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ხათუნა ბერიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დროისთვის ვერ მოგვაწოდეს ინფორმაცია მომხდარი დაპირისპირების შესახებ.
დღეს, 11 ნოემბერს მოძრაობამ „არ დათმო“ საპროტესტო აქცია სხვადასხვა საოლქო კომისიასთან გამართა, ვიდრე კომისიები საბოლოო გადაწყვეტილებებს ხელს მოაწერდნენ. საყვირების ფონზე გაიმართა საოლქო კომისიის სხდომა ბათუმშიც.
მაია ბოლქვაძე ათი წელია სასწრაფოს ექიმია, ამიტომაც მისი ცხოვრების რეჟიმი ისედაც განსხვავდებოდა ჩვეულებრივი დღის რეჟიმისგან, როცა სამუშაო დილით იწყება და საღამოს მთავრდება. მთელი ღამის მორიგეობის შემდეგ, სასწრაფოს ექიმები მეორე დღეს საღამომდე დასვენებას ცდილობენ. პანდემიის დაწყებიდან, განსაკუთრებით მეორე ტალღის გამწვავების შემდეგ, მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. მაიამ ჩვენთან სატელეფონო საუბრის დრო მხოლოდ მას შემდეგ გამონახა, როცა თავადაც დაინფიცირდა და კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს.
მაიას თქმით, პანდემიის პირობებში გაუქმდა მოკლევადიანი პაუზები გამოძახებებს შორის, დამატებითი დრო სჭირდება სპეციალური ეკიპირების გამოცვლას, დეზინფექციას, შემდეგ პაციენტთან წასვლამდე, სასწრაფოს ექიმების საფიქრალი გახდა ისიც, რომ დროულად იპოვონ ადგილი რთული პაციენტის კლინიკაში მოსათავსებლად.
„სამუშაო რეჟიმი ძალიან გართულდა, გამოძახებიდან გამოძახებამდე შეუჩერებლად გვიწევს მუშაობა. არანაირი შესვენება არ გვაქვს, მოიმატა პაციენტების რაოდენობამ, კლინიკებში გადაყვანა, ადგილზე რეკომენდაციების გაცემა, ძალიან რთული სიტუაციაა. ფაქტობრივად, მარტის შემდეგ იზოლირებული ვარ ოჯახისგან, ახლობლებისგან, მეგობრებისგან“, – გვიყვება მაია.
მაიას თქმით, მისი ოჯახის წევრებმა აბსოლუტურად გაიაზრეს ვითარების სირთულე და ყველანაირად ცდილობენ დაეხმარონ, თვითონვე შეუქმნან პირობა, რომ იზოლაციის პირობებში სახლში მოახერხოს დასვენება. „ორი ბიჭი მყავს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მათგან მხოლოდ ის მესმის, რომ უნდათ დავისვენო. კარგად იციან ჩემი განრიგი და როგორც კი დასვენების საათები უნდა დაიწყოს, მიგზავნიან შეტყობინებებს – დეე დაისვენე“.
მაიას სამუშაო დღე დილის 09:30 იწყება. ამბობს, რომ მასთან, როგორც ექიმთან, პაციენტის შესახებ გაფილტრული ინფორმაცია მიდის:
„ჩვენ ვიცით ვისთან მივდივართ, კოვიდდადასტურებულია თუ არა პაციენტი, აქვს თუ არა ცხელება და ასე შემდეგ. თუმცა არის შემთხვევები, როცა პაციენტები გააზრებულად იტყუებიან, რომ არ აქვთ სიცხე. როცა ამას ვაფიქსირებთ, ვიწყებთ მოკვლევას, დაინფიცირებულის კონტაქტია თუ არა, ოჯახის წევრებს აქვთ სიცხე თუ არა… შემდეგ, ანამნეზით ვადგენთ, რომ კოვიდთან გვაქვს საქმე, როცა ფიქსირდება ცხელება, უმეტესწილად არის კოვიდი.“
მაია გვიყვება, რომ ცხელების ან სხვა სიმპტომის დაფიქსირების შემთხვევაში, პაციენტს აძლევენ რეკომენდაციას დარჩეს იზოლაციაში, მის შესახებ ინფორმაციას გადასცემენ როგორც 112-ს, ასევე ოჯახის ექიმს: „გვხვდება ისეთი პაციენტებიც, როცა ოჯახის ექიმი უკვე ჩართულია მის მართვაში, ის ფლობს ინფორმაციას პაციენტის მდგომარეობაზე და აკონტროლებს მას.“
მაიას თქმით, სასწრაფოს ექიმებს არ შექმნიათ პრობლემა სპეციალურ აღჭურვილობაზე.
„დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ სასწრაფო დახმარებას არასდროს ჰქონია შეფერხება ამ კუთხით. ვისაც ცხელება აქვს, ყველასთან ახალი აღჭურვილობით მივდივართ. ვიცვლით, თუნდაც სხვა გამოძახებაზე ვიყოთ გასული. თუ წინასწარ გვაქვს ინფორმაცია, რომ პაციენტი კოვიდდადასტურებულია, გავდივართ ეკიპირებით. დეზინფექცია ტარდება ყველა გამოძახების შემდეგ, არ აქვს მნიშვნელობა, პაციენტი კოვიდდადასტურებულია თუ არა“.
მაიას დაკვირვებით მოსახლეობა უმეტესწილად ემორჩილება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც ჯერ კიდევ საერთოდ არ სჯერათ, რომ ეს ვირუსი არსებობს: „ამბობენ, რომ ხელოვნურად შექმნილია.“
მაიას აფიქრებს ის გარემოება, რომ კოვიდის შემთხვევები ბათუმის მსგავსად სხვა ქალაქებშიც გაიზარდა, რადგან განსაკუთრებით დატვირთულ დღეებში მათ სხვა ქალაქების ბრიგადები ეხმარებოდნენ:
„ჩამოჰყავთ ბრიგადები სხვადასხვა ქალაქიდან, ბათუმში არ არის საკმარისი ეკიპაჟი და მით უმეტეს, ძალიან ბევრი დავინფიცირდით. არ არის საკმარისი მედპერსონალი. ახლა ვითარება იმიტომ უფრო გართულდა, რომ ეპიდემიაა ყველა ქალაქში და უკვე არ ვიცი, როგორ მოხერხდება დამატება, რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნებით, თუ გაგვაძლიერებენ ადამიანური რესურსით – რაც უფრო მეტი ვიქნებით, მით უფრო იოლად მოვერევით [კორონავირუსს]“.
ცოტა ხნის წინ მაიამ გაიგო, რომ თავადაც ინფიცირებულია. ამბობს, რომ ამის ალბათობა დიდი იყო, თუმცა მაინც ემოციურად შეხვდა ამ შეტყობინებას: „იმ დროისთვის კარგად ვიყავი, შემდეგ გამირთულდა, ახლა უკეთ ვარ და კოვიდსასტუმროში ვიმყოფები. ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, მიუხედავად იმისა, რომ ექიმი ვარ, სულ მეკითხებიან, რა სიმპტომები მაქვს, როგორ ვარ.“
მაიას ვკითხეთ ექიმებისა და პაციენტების კონფლიქტების ამსახველ იმ კადრებზეც, რაც ფეისბუქში ხშირად ვრცელდება და ამ ვიდეოებში პაციენტები უმეტესწილად რეაგირების დაგვიანებაზე ჩივიან. მაიას თქმით, ასეთი კონფლიქტები უმეტესწილად უკავშირდება გადატვირთულ კლინიკებს:
„რა თქმა უნდა, თუ კლინიკა გადატვირთულია და ვერ იღებს მძიმე პაციენტს, ამ დროს მეტ-ნაკლებად აგრესია მოდის ჩვენზე. თუმცა, ბოლო პერიოდში ეს ტენდენცია შეიცვალა, ადამიანებმა გაითავისეს რასთან გვაქვს საქმე, პანდემიის დროს თვითონ პაციენტებიც ცდილობენ ჩვენს დახმარებას“.
მაიას თქმით, მათი ხელფასები პანდემიის პირობებში არ გაზრდილა: „მარტიდან გადავედით საგანგებო სამსახურის შემადგენლობაში, სწორედ ამის შემდეგ გვეძლევა 50-პროცენტიანი კვარტალური დანამატი. როგორც ვიცი, ასეთი წესი ვრცელდება საგანგებო სამსახურში მუშაობის პირობებში და ეს დანამატი ვირუსთან დაკავშირებულ მუშაობას არ უკავშირდება, თუმცა დანამდვილებით არ შემიძლია ამის თქმა“.
კითხვაზე, როგორ შეიძლება მათ დაეხმაროს სახელმწიფო ან საზოგადოება, მაია პასუხობს: „დაგვეხმარეთ დისტანციურად ყოფნით და თავის დაცვით, აუცილებლად ატარეთ პირბადე და შეზღუდეთ სტუმრების მიღება, ნუ დარჩებით დიდხანს ერთ სივრცეში. ქუჩაში, მაღაზიაში, მოძრაობაში შეიძლება გადავრჩეთ, მაგრამ დიდხანს ერთ სივრცეში ვერ გადავრჩებით. ასეთ შემთხვევაში კლინიკები არ იქნება გადატვირთული, ეს არის, რითიც დაგვეხმარებით. სხვა შემთხვევაში გამოსავალს ვერ ვხედავ“, – ამბობს სასწრაფოს ექიმი მაია.
„ამას რა ისწავლის?“, „საერთოდ არ მესმის“, „რა ენაზე წერია?“, „რაში მჭირდება ეს ყველაფერი“ – ეს მცირე ჩამონათვალია მოსწავლეების იმ ფრაზებიდან, რომელთაც ისინი ჰაგიოგრაფიასთან ან სხვა ძველ ტექსტებთან პირველი შეხების დროს წარმოთქვამენ. როგორ ახერხებენ პედაგოგები ონლაინსწავლების ფორმატში შეძლონ და დააინტერესონ მოსწავლეები მათთვის მიუჩვეველი ენობრივი ნორმებით, დააწყებინონ ფიქრი და მსჯელობა,მაგალითად, „შუშანიკზე“, „აბოზე“, ვარსქენზე“ თუ სხვა გმირებზე და მათი ეპოქის პრობლემების პარალელები თანამედროვეობაში ეძიონ. ამ თემაზე „ბათუმელები“ სკოლა „განათლებას“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს მაია შაინიძეს ესაუბრა. მაიას საჯარო სკოლაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს, თუმცა ბოლო წლებში ის კერძო სკოლაში ასწავლის.
ქალბატონო მაია, რამდენად რთულია მოსწავლეებისთვის და თუნდაც მასწავლებლისთვის ძველ ქართულ ტექსტებთან ონლაინში მუშაობა?
ჰაგიოგრაფია თავისი ენობრივი თვალსაზრისით საკმაოდ რთულია და ჩემი აზრით, რთულია ბავშვის ამ ასაკისთვისაც. ჰაგიოგრაფიის და სხვა ძველი ქართული ტექსტების შესწავლა მეათე კლასში უწევთ ბავშვებს, ვფიქრობ, სასურველი იქნებოდა, მე-11 კლასის ბოლოს დაეწყოთ ეს პერიოდი, რადგან ამ ეტაპზე ბავშვები პროფესიების არჩევას, გააზრებას იწყებენ და ასეთი რთული ტექსტების შეჩეჩებამ შესაძლოა მათ ლიტერატურის, კითხვის მიმართ ინტერესი გაუნელოს.
მეორე, რასაც ჰაგიოგრაფიასთან დაკავშირებით ვფიქრობ ის არის, რომ ეს ტექსტები სასწავლო მასალაში შეტანილი იყოს არა ცალკე თავფურცლად, არამედ დაყოფილი იყოს თემებად. მით უმეტეს, რომ თანამედროვე სტანდარტი ამას ითხოვს. მაგალითად, „აბოს წამება“ ბევრად ღრმა ნაწარმოებია, ვიდრე უბრალოდ, ჰაგიოგრაფია. ეს არის „აბოს“ სწრაფვა საკუთარი თავის ძიების, ინდივიდუალიზმისკენ, უკეთ წარმოჩენა პიროვნების და საზოგადოების და ასე შემდეგ.
ამ კომპონენტების შემოტანა ხომ ისედაც შესაძლებელია სწავლების პროცესში?
დიახ, რა თქმა უნდა. უბრალოდ, კერძო სკოლის უპირატესობა ამ შემთხვევაში ის არის, რომ მასწავლებელს მეტი ლავირების შესაძლებლობა აქვს, ბავშვების რაოდენობაც ნაკლებია კლასში საჯაროსთან შედარებით და უფრო მეტი დრო რჩება მოსწავლეებთან სამუშაოდ.
როცა მოსწავლე ტექსტთან პირველივე შეხებაზე იწყებს, რომ „ამას რა ისწავლის“, „რა უნდა გავიგო ამაში“, ბუნებრივია, მასწავლებელს ძალიან დიდი ოსტატობა, მრავალფეროვანი მეთოდები და ხერხები სჭირდება, რომ ბავშვში ეს ნიჰილიზმი არ გააძლიეროს. მით უმეტეს, როცა დისტანციურად გვაქვს დღეს ურთიერთობა და პირისპირ მუშაობას ვეღარ ვახერხებთ.
თუ შეძელით მათი დაინტერესება და როგორ?
რა თქმა უნდა, თავდაპირველად მაინც ტრადიციულად გიწევს მათთან საუბარი, რომ ეს ნაწარმოებები ჩვენი კულტურული ღირებულებაა, რომ უძველესია, ჩვენი ისტორიაა და უნდა ვიცოდეთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ისინი მაინც ეჭვით გიყურებენ.
დღეს რთულია თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებით დაინტერესებული თაობა მხოლოდ ტექსტებით დააინტერესო, ამიტომ გადავწყვიტე მათთვის მისაღები ფორმატი შემომეტანა სწავლებაში. შევქმენით ფეისბუქის გვერდი მხოლოდ კლასისთვის და „შუშანიკის“ ამბავი შემოვიტანეთ ე. წ. სტატუსებად. ბავშვებს მივეცი ნაწარმოების ავტორის როლი ანუ ბავშვები მორიგეობით შეითავსებდნენ ცურტაველის როლს და შუშანიკის ამბავს დაწერდნენ ყოველდღიური ამბის ფორმატში. როგორც თვითმხილველები იმ პროცესების. ამბის ქვეშ კომენტარები უნდა დაეწერათ სხვა მოსწავლეებს და შეეფასებინათ გმირის ირგვლივ განვითარებული მოვლენები. დაახლოებით ისე, როგორც რეალურად ხდება ხოლმე ფეისბუქში სტატუსების ქვეშ სხვადასხვა აქტუალური თემის განხილვისას.
ეს მეთოდი ძალიან მოეწონათ ბავშვებს და შეხალისდნენ – მათ მორიგეობით უწევდათ ავტორობა ისე, რომ არ უნდა დარღვეულიყო ამბის თხრობა და ქრონოლოგია. ბუნებრივია, მათ მოუწიათ ტექსტთან მუშაობა სიზუსტისთვის. ამან საშუალება მოგვცა, რომ ტექსტი ბოლომდე წაგვეკითხა და დეტალებიც არ გამოეტოვებინათ ბავშვებს.
გაჩნდა სხვადასხვა დაჯგუფება ამბის ქვემოთ. ნაწილი „შუშანიკს“ უთანაგრძნობდა, ნაწილი აკრიტიკებდა იმის გამო, თუ რატომ არ დაელოდა ქმრის დაბრუნებას და მანამდე მიატოვა სასახლე. გამოიკვეთა ფემინისტების ჯგუფი, რომელიც შუშანიკის, როგორც ქალის უფლებებზე საუბრობდა და იცავდა, ბავშვებმა დაიწყეს ფიქრი სხვადასხვა გარემოებაზე და უფრო მეტად წამოვიდა მსჯელობა და აზროვნება.
ფეისბუქფორმატი შესაძლებლობას გაძლევს, ემოციების ვიზუალიზაციისთვის გამოიყენო ე.წ. სმაილიკები, რაც ასევე ახალისებს ბავშვებს.
საკმაოდ ხშირად, როდესაც სკოლაში ლიტერატურის სწავლებაზე მიდის საუბარი, არის მოსაზრება, რომ სკოლა სათანადოდ ვერ ახერხებს შეაყვაროს ბავშვს ლიტერატურა, ნათლად დაანახოს მისი მნიშვნელობა პიროვნების განვითარებაში, ცნობიერების ამაღლებაში და რაც მთავარია, ბავშვის განათლებისთვის რამდენად საჭიროა ის. თქვენ რას ფიქრობ ამაზე?
დიახ, გეთანხმებით, თუ მასწავლებელი სწორად არ დაგეგმავს სტრატეგიას, შესაძლოა არ გამოგივიდეს ეს ყველაფერი. ძალიან დიდი ტექნიკა და გამოცდილება სჭირდება იმას, რომ ბავშვს ლიტერატურა შეაყვარო, დააწყებინო აზროვნება. სხვა პერსპექტივიდან უნდა დაანახო ის, რაც მასთან ახლოსაა, რაც მასაც ეხება – ამ პერსპექტივიდან უნდა აჩვენო ლიტერატურის მნიშვნელობა.
მხოლოდ სტანდარტული მიდგომებით და ნააზრევებით ვერ შეაყვარებ ბავშვს ლიტერატურას. ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ თუნდაც ფეისბუქის ფორმატში, ერთი პატარა ნაბიჯია აქეთკენ გადადგმული. თუ ბავშვი არ ხდება ამბების თანამონაწილე, მისი დაინტერესება რთულია.
რა აჩვენა ბავშვების კომენტარებმა, ვის მხარეს აღმოჩნდა უმეტესობა? ვინ რა პოზიციას იცავდა „შუშანიკის“ ან „აბოს“ ამბების განხილვისას?
„აბოს“ ან „შუშანიკის“ ტრაგედია ნაწარმოების მიხედვით, ბუნებრივია არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ტრაგედია, რადგან მათი გადაწყვეტილება, მათი ხვედრი საზოგადოების დიდი ნაწილის ბედს განსაზღვრავდა. თუმცა ცალკე აღებული შუშანიკი, როგორც ქალი პატრიარქალურ საზოგადოებაში, დღესაც აქტუალურია, რადგან ქალის უფლებრივი მდგომარეობა დღესაც არ არის ბოლომდე დაცული და ქალებს დღემდე უწევთ ბრძოლა ამისთვის. ის, რაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხდება, იქნება ეს ოჯახში ძალადობა თუ სხვა, ამ მხრივაც გვაფიქრებს და გვააზრებინებს ამ ტექსტის მნიშვნელობას და სწორედ ამ პარალელებზე საუბრობდნენ ბავშვებიც.
დღესაც საკამათოა ხომ ქალის, როგორც დედის პოზიციები და „შუშანიკთან“ დაკავშირებითაც იყო კრიტიკა – „რა დედაა ის, რომელმაც მიატოვა შვილები, დაყარა საკურთხევლის კართან“ და უთხრა ღმერთს, შენი მოცემულია და შენვე დაიცავი. რა თქმა უნდა, ასეთი დეტალები იწვევს ბავშვებში ინტერესს და აცოცხლებს პრობლემას.
კომენტარებმა აჩვენა საზოგადოების სახეც, თუ როგორ უყვართ ადამიანებს სხვისი ადვილად განსჯა და ამას ვხედავთ რეალურად დღეს ფეისბუქში.
ეს მეთოდი დაეხმარა ბავშვებს ძველ ქართულ ენასთან გაჩენილი გაუცხოების დაძლევაში?
ნაწილობრივ, ვერ ვიტყვი, რომ მთლიანად. თუმცა ეს ფორმატი დაეხმარა მათ ყურადღების მობილიზებაში და ერთმანეთის მოსმენის კულტურაც გამოუმუშავდათ.
ჩვენ ხშირად ვახსენებთ განათლების მნიშვნელობას.განათლება როგორ ესმით ბავშვებს?
მეც ვკითხე ერთხელ და ერთმა მოსწავლემ მითხრა, რომ განათლება არის, როცა ყოველთვის კარგად ამზადებ გაკვეთილებსო. რა თქმა უნდა, ეს არის ბეჯითობა, მაგრამ განათლება – არა. მე ვეუბნები, რომ განათლებაა ის, როცა შეგიძლია ფაქტების და მოვლენების შენეული, მაგრამ არგუმენტირებული შეფასება. სხვების მაგალითიდან მიღებული გამოცდილება, როცა შენ ფიქრობ, რომ იყო შეცდომა და უნდა გამოასწორო ან პირიქით.
კრიტიკული აზროვნების განვითარებაში ბავშვს ეხმარება არგუმენტირებული მსჯელობა და მოვლენების ცოდნა. პარალელების გავლება ფილმებთან, წიგნებთან, ისტორიასთან, რომელიმე ისტორიულ პირთან და ასე შემდეგ.
„დიდოსტატის მარჯვენას“ როცა გავდიოდით მე-12 კლასში, იქ ბავშვების ყურადღება მიიქცია შორენას და არსაკიძის საუბარმა, როცა შორენა გაქცევას და აჯანყებას სთავაზობდა გიორგი მეფის წინააღმდეგ.
არსაკიძე იქ ეუბნება შორენას, რომ „ჩემდა თავად მე ვემორჩილები იმ წყობილებას, რომელიც წილად ერგო ჩემს ხალხს და არც ერთი ერი უკეთესის ღირსი არაა, რაც მას თავად დაუმყარებია“. მთელი გაკვეთილი გავჩერდით ამ საკითხზე, რადგან იმაზე დაიწყეს კამათი, რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში. რომ ისეთი ხელისუფლება გვყავს, ვისაც ჩვენ ვირჩევთ. ამიტომ, თუ ჩვენ არ გვექნება უკეთესი განათლება, ჩვენი დაკვეთაც ხელისუფლების მიმართ იქნება ისეთი, როგორი საზოგადოებაც ვართ. ხელისუფლება არის საზოგადოების არჩევანის პროდუქტი. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება მეტი განვითარება, მეტი განათლება, მივიღოთ ის, რაც ჩვენს მოთხოვნებს მიესადაგება.
დღეს, 11 ნოემბერს, ბათუმში საოლქო საარჩევნო კომისია შემაჯამებელ ოქმზე მუშაობს. კომისიის მუშაობა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს, შენობის წინ ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციას მართავენ.
საპროტესტო აქციები საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო.
ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ხმები მოიპარა და არჩევნები გააყალბა. ისინი არ გეგმავენ საქართველოს პარლამენტში შესვლას.
აქციები მიმდინარეობს ბათუმსა და თბილისში. ოპოზიცია ითხოვს ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებას და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს.
8 ნოემბერს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა აქციის დასაშლელად, რის შედეგადაც ადამიანები დაშავდნენ.
საპროტესტო აქცია ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან. აქციის მონაწილეები შენობაზე ოქმებს აკრავენ იმის ნიშნად, რომ არჩევნები გაყალბებულია. ფოტო: „ბათუმელები“/ ჯაბა ანანიძე
„ზოოსითი“ ზოომაღაზიათა ყველაზე დიდი ქსელია საქრთველოში, რომლის კვალიფიციური ექიმები და კონსულტანტები დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან თქვენი ძაღლების, კატების, თუთიყუშების, თევზების თუ ზაზუნების კვების რაციონის, ჯანმრთელობის, ჰიგიენისა თუ მათთვის კომფორტული სივრცის მოწყობის შესახებ. ერთგული ფინანსური პარტნიორის – თიბისის მხარდაჭერით, ქსელი მაღაზიებთან ერთად, ვეტკლინიკასაც აერთიანებს.
„2003 წელს გავხსენით პირველი მაღზია, რომელიც მხოლოდ აკვარიუმისტიკით შემოიფარგლებოდა. 2005 წლიდან დავამატეთ სხვა შინაური ცხოველების საკვები და აქსესუარები. 2018 წლამდე ჩვენს ქსელს „ბუნება“ ერქვა. რებრენდინგის შემდეგ კი „ზოოსითი“ გავხდით. დღეს „ზოოსითი“ სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელსაც აქვს, ვეტერინალური კლინიკა, კინოლოგთა კლუბი და 34 ზოომაღაზია, აქედან 3 – ბათუმში, 1 – რუსთავში, დანარჩენი – თბილისში. Royal Canin ჩვენი წამყვანი ბრენდია, რომელის ექსკლუზიური შემომტანები ვართ საქართველოში 2005 წლიდან.
გარდა Royal Canin-ისა ,,ზოოსითი“ გთავაზობთ საუკეთესო ხარისხის საკვებს, აქსესუარებს, სამკურნალო პრეპარატებს, მოვლისა და ჰიგიენის საშუალებებს, ისეთი მსოფლიო ბრენდების, როგორებიცაა : Taste of The Wild, Gheda, Trixie, Bayer…
ჩვენ ვყიდით მხოლოდ ჩვენ მიერ ექსკლუზიურად შემოტანილ პროდუქციას, რაც საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ თითოეული ბრენდის ფალსიფიცირების საშიშროება. პროდუქცია გათვლილია ყველანაირ სეგმენტზე: გვაქვს როგორც ეკონომ კლასის ნაწარმი, ასევე სუპერ პრემიუმ ხაზიც. ჩვენი მთავარი ნიშა კი ხარისხია. კომპანიის ხარისხში იგულისხმება არა მხოლოდ მზა პროდუქტი, არამედ თავად მაღზიის მოწყობა და პროფესიონალი გუნდიც.“ – „ზოოსითის“ კომერციული დირექტორი, ანა მედულაშვილი.
მთავარი კრიტერიუმი, რითაც „ზოოსითი“ თანამშრომლებს არჩევს, რა თქმა უნდა, ცხოველების სიყვარულია. გუნდში მოხვედრისთანავე, კონსულტანტები კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს და პრაქტიკას გადიან, რასაც ექსპერტები და „ზოოსითის“ უკვე გამოცდილი თანამშრომლები ხელმძღვანელობენ.
თიბისის ხელშეწყობით, „ზოოსითის“ აქამდე არსებული 5 მცირე კლინიკა, 2020 წლიდან ერთ დიდ სივრცეში გაერთიანდა და უახლესი ტექნოლოგიით აღიჭურვა. ულტრაბგერითი კვლევა, ციფრული რენტგენოგრაფია, სისხლის ლაბორატორიული კვლევა, დიაგნოსტიკა, თერაპია, ქირურგია, სტომატოლოგია, ვაქცინაცია, დიეტოლოგია, ჩიპირება, ზოოფსიქოლოგიის კონსულტაცია, გრუმინგი, კინოლოგიური კლუბი ის მიმართულებები და მომსახურებაა, რომელსაც „ზოოსითის“ ვეტერინარული კლინიკა და მისი პროფესიონალი გუნდი შინაურ ცხოველებს სთავაზობს.
თიბისის ხელშეწყობით, ბოლო ერთი წლის მანძილზე „ზოოსითიმ“ 7 მაღაზიის გახსნა უკვე მოასწრო. ახალ წლამდე არსებულ ფილიალებს კიდევ 2 მაღაზიაც დაემატება.
როგორც კომერციული დირექტორი ამბობს, „ზოოსითი“ უკვე ზრუნავს იმისთვის, რომ მომავალში მომხმარებელს კიდევ უფრო განვითარებული და დახვეწილი ვეტკლინიკა შესთავაზოს, დიდი სამკურნალო სივრცითა და ევროსტანდარტებთან მიახლოებული სერვისით, რათა კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდეს შინაური ცხოველის აყვანისა და მოვლის სურვილი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 ნოემბრის 21 საათიდან 12 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – ზოგან დროგამოშვებით წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 15 – 20 გრადუსი
ღამით: 10 – 15 გრადუსი
მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:
დღისით: 10 – 15 გრადუსი
ღამით: 2 – 7 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 13-14 ნოემბერს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 476 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 11 ნოემბერს რეგიონში ვირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.
11 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 911 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქტიური ინფიცირების შემთხვევა 16 158-ია. გაზრდილია სიკვდილიანობა. გასულ 24 საათში ქვეყანაში 45 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.
2 911 შემთხვევა ქვეყნის მასშტაბით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 1 056 შემთხვევა, აჭარაში – 476, იმერეთში – 469, ქვემო ქართლში – 201, შიდა ქართლში – 134, გურიაში – 76, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 294, კახეთში – 69, მცხეთა-მთიანეთში – 19, სამცხე-ჯავახეთში – 92, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 25.
აჭარაში მდებარე საავადმყოფოებში 787 პაციენტი მკურნალობს. მძიმე პაციენტად 111 ადამიანი მიიჩნევა, რომელთაგან 105 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის მონაცემებით 24 საათში 2 421 პირი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 49 811-მდე გაიზარდა.
11 ნოემბრის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში საქართველოში 45 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით. მათ შორის, თბილისში – 18, აჭარაში – 14, იმერეთში – 7, ქვემო ქართლში – 3, კახეთში – 2, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1 ადამიანი.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 566 შემთხვევაა დაფიქსირებული.
საქართველოს მთავრობის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლინდა ინფიცირების 2 911 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 421 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 49 811-მდე.
ამ ეტაპზე საქართველოში 16 158 პაციენტა აქვს დადასტურებული კოვიდის დიაგნოზი. ამ სტატისტიკაში არ შედიან ის პირები, რომელთაც ტესტით არ აქვთ დადასტურებული ვირუსი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 39 721 ადამიანი, მათ შორის თბილისში არის 568 პირი, აჭარაში – 16 826, იმერეთში – 4 385.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხაშურში პოლიციამ 54 წლის კაცი დააკავა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, წინასწარი შეცნობით, მეზობლად მცხოვრები არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.
დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.