მთავარი,სიახლეები

საჭიროა საერთაშორისო სტანდარტის დამკვიდრება მმართველობაში – ინტერვიუ იაპონიის ელჩთან

12.11.2020 • 1462
საჭიროა საერთაშორისო სტანდარტის დამკვიდრება მმართველობაში – ინტერვიუ იაპონიის ელჩთან

იაპონიის ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა თავის სამწლიან მისიას ასრულებს. როგორ აფასებს ელჩი საქართველოში მუშაობის პერიოდს, რამდენად რეალურია საქართველოში იაპონური ინვესტიციების მოზიდვა და რა სჭირდება ქვეყანას იმისათვის, რომ უფრო მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისთვის, რას ფიქრობს ანაკლიის პროექტზე და რა მომავალი აქვს ქართულ ღვინოს იაპონურ ბაზარზე – ეს არასრული ჩამონათვალია იმ საკითხების, რაზეც ელჩმა ისაუბრა.

“ბათუმელებმა” ტადაჰარუ უეჰარასთან ინტერვიუ 5 ნოემბერს ჩაწერა.

  • ბატონო ელჩო, თქვენი დიპლომატიური მისია იწურება საქართველოში. როგორ შეაფასებდით თქვენი მუშაობის პერიოდში იაპონიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობას? რომელ პროექტებს მიიჩნევთ მნიშვნელოვნად და რატომ?

პირველ რიგში, რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ ქართველი ხალხის ძალიან მადლიერი ვარ. ბოლო სამი წლის განმავლობაში ძალიან სასიამოვნო ურთიერთობა მქონდა როგორც მთავრობასთან, ისე ოპოზიციის ლიდერებთან. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის იყო ღია დიალოგი ქართველ ხალხთან. ეს არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი გამოცდილება, რამაც ძალიან გაამდიდრა ჩემი ცხოვრება საქართველოში, რადგანაც ყველაფერი ადამიანებით იწყება. რა თქმა უნდა, იაპონიას მხოლოდ მცირედის გაკეთება შეუძლია – მცირე გრანტების გაცემა, მაგრამ ადამიანები ქმნიან სინამდვილეში ამ ქვეყანას. ასე, რომ ბოლო სამი წელი ვტკბებოდი ქართველი ხალხის მეგობრობით. ხშირად ვყოფილვარ მიპატიჟებული ძალიან სასიამოვნო სუფრაზე – კახეთსა თუ საქართველოს სხვა რეგიონში. მსგავსი შეკრებები ყოველთვის სიამოვნებას მგვრიდა. ქართული სუფრა მრავალი საათი გრძელდება – ასე, რომ არ მგონია ჯანმრთელობისთვის კარგი ყოფილიყო, მაგრამ ღვინო, კერძები და რაც მთავარია, საუბარი – ზედმეტად მიმზიდველი იყო ყოველთვის. საბოლოოდ, ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება საქართველოში უკავშირდება ქართველ ადამიანებს.

თუ მკითხავთ ბიზნესისა და პოლიტიკის ასპექტების შესახებ, ვიმედოვნებ, რომ ბოლო სამი წელი ნაყოფიერი გამოდგა საქართველო-იაპონიის ურთიერთობაშიც.

ორი წლის წინ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი კონო ეწვია საქართველოს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც იაპონიის საგარეო მინისტრი ესტუმრა საქართველოს. ასე, რომ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. მისი ვიზიტის შემდეგ მინისტრი კონო მუდმივად განაგრძობს ადვოკატირებას, რომ იაპონიამ კვლავაც მხარი დაუჭიროს საქართველოს. მათ შორის, პრიორიტეტული საკითხებია: მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარება, ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება, ადამიანების ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარება. იაპონიის პოლიტიკის პრინციპების შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობდი ძალისხმევა არ დამეშურებინა საქართველოს მაქსიმალური მხარდაჭერისთვის. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ვცდილობდი ბევრი ადგილი მომენახულებინა და მესაუბრა ადამიანებთან, რათა გამეგო, თუ რა აწუხებთ და რა ულხინთ, რა არის საქართველოს რიგითი მოქალაქის საფიქრალი. საერთო ჯამში, ჩემი ყოფნა საქართველოში ძალიან სასიამოვნო იყო – ურთიერთობა საქართველოს მოსახლეობასთან კი – განსაკუთრებული, დაწყებული მთავრობის წევრებიდან, პოლიტიკოსებიდან… და რაც მთავარია – მოსახლეობასთან.

  • რა მნიშვნელოვანი შეთანხმებები შედგა თქვენი ელჩობის დროს და რა აქცევს ამ შეთანხმებებს მნიშვნელოვნად?

ამჟამად საქართველოსა და იაპონიას შორის მიმდინარეობს ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკება: საინვესტიციო და საგადასახადო შეთანხმება. ორივე შეთანხმება თითქმის დასრულებულია და არ მგონია, რაიმე პრობლემა შეიქმნას, რადგან ორივე ქვეყანა იზიარებს მისწრაფებებს დიპლომატიასა და ორმხრივ ურთიერთობებში. მოსალოდნელია, რომ მომავალი წლის დასაწყისში უკვე შეგვეძლება ხელი მოვაწეროთ ორივე შეთანხმებას. ორივე ძალიან მნიშვნელოვანია. ხაზი მინდა გავუსვა საინვესტიციო შეთანხმებას – ბევრი იაპონური ბიზნესია დაინტერესებული საქართველოთი და ბევრი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. თუმცა გასულ აპრილს ერთ-ერთი უმსხვილესი იაპონური კომპანია ენერგიის დარგში TEPCO უკვე შემოვიდა საქართველოში. სამ წელიწადზე მეტი კვლევის შემდეგ, TEPCO-მ გადაწყვიტა განეხორციელებინა ინვესტიცია და შეისყიდა დარიალის ენერგოსადგურის 1/3 წილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც წესი, იაპონური კომპანიები ძალიან ნელა მოქმედებენ – მათ ძალიან ფრთხილი მიდგომა აქვთ ბიზნესთან. თუმცა TEPCO-ს შემთხვევა ცალსახად პოზიტიური და წამახალისებელი მტკიცებულებაა იმისა, რომ იაპონური კომპანიები დაინტერესებულნი არიან საქართველოთი.

  • იაპონურ კომპანიებს ინტერესი აქვთ ჰიდროელექტროსადგურების პროექტებში. საქართველოში გარემოსდამცველები უმრავლეს შემთხვევაში ეწინააღმდეგებიან დიდ ჰიდროპროექტებს, რადგან არ არის დაცული გარემოსდაცვითი მოთხოვნები (მაგალითად, გზშ სრულყოფილად) და უმეტეს შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოდის ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებთან. როგორია იაპონური კომპანიების მიდგომა ჰიდროპროექტებში, ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, რამდენად არიან ორიენტირებული გარემოსდაცვით საკითხებზე?

ენერგია ძალიან მნიშვნელოვანია – ჰიდროს გარდა, ჩვენ გვაქვს მზის ენერგიაც. საერთოდ, ეკოლოგიურად მეგობრული ენერგია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მე მესმის ადგილობრივი მოსახლეობის წუხილი გარემოსდაცვითი საკითხების გარშემო.

იაპონიაში ჩვენ გვაქვს ძალიან მკაცრი გარემოსდაცვითი რეგულაციები: როდესაც კომპანია ავითარებს ჰიდრო თუ სხვა ენერგოპროექტს, მათ ჯერ უნდა შეასრულონ მთავრობის მიერ დაწესებული ძალიან ხისტი გარემოსდაცვითი რეგულაციები. ვფიქრობ, ეს მიდგომა საქართველოსაც მიესადაგება – მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა აუცილებელია. თუ ინფრასტრუქტურის ხარისხი დაბალია, ის დიდხანს ვერ გაძლებს.

იაპონური ბიზნესმოდელი ყოველთვის ორიენტირებულია მდგრადობასა და სიცოცხლისუნარიანობაზე. ასე, რომ მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, თუ დავინახავთ, რომ რაიმე ჰიდროსადგური აჩენს რისკს გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, ჩვენ არ განვახორციელებთ ინვესტიციას მსგავს სარისკო პროექტში.

იმედი მაქვს, ქართული მხარე და ქართველი ხალხი გაიაზრებს, რომ ხარისხი აუცილებელია ადგილობრივი მოსახლეობის უკეთესი ცხოვრებისთვის, ისევე როგორც ენერგიის უკეთ გამოყენებისთვის. გარემოს დაცვა და ენერგიის გამოყენება არ არის ურთიერთგამომრიცხავი საკითხები, უბრალოდ, აუცილებელია ისინი თანხვედრაში დაგეგმო.

როგორც გითხარით, TEPCO-ს დასჭირდა სამ წელზე მეტი, რომ შეესწავლა ვითარება. TEPCO-მ არა მხოლოდ გარემოსდაცვითი კვლევა განახორციელა, არამედ ძალიან დეტალური ანალიზი პოლიტიკური და ბიზნესრისკების შესახებაც.

ყველა გავლენიანი მენეჯერი თუ მმართველი უნდა აგებდეს პასუხს დირექტორთა საბჭოს წინაშე, რომელიც მენეჯერებს სხვადასხვა კითხვას უსვამს – მენეჯერმა უნდა შეძლოს პასუხის გაცემა. ბიზნესი ყოველთვის მოიცავს მონეტის ორივე მხარეს გადაწყვეტილების მიღებისას: ერთი მხრივ, ვითვალისწინებთ შემოსავლიანობას, ხოლო მეორე მხრივ – რისკებს.

აუცილებელია ანგარიშვალდებულება ყველა იმ მხარის მიმართ, ვისზეც ჩვენი მოქმედება გავლენას ახდენს: ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენს თანამშრომლებთან, რადგანაც ეს ის ადამიანები არიან, ვინც ბევრი შრომით ქმნიან კომპანიას, ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ჩვენს მომხმარებელთან, რადგანაც მათ გარეშე ჩვენი ბიზნესი არ იქნება მდგრადი. და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი – ჩვენ პასუხისმგებელი ვართ საზოგადოებასთან. კომპანია, რომელიც ვერ მოიპოვებს საზოგადოების ნდობას, ვერ შეძლებს ააწყოს მდგრადი ბიზნესი.

მე მინდა ხელი შევუწყო იაპონურ ბიზნესს, რამდენადაც შემიძლია. ეს საინტერესო გამოწვევაა, რადგან საქართველო მზარდი ბაზარია. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ საქართველო მცირე ბაზარია, მაგრამ ეს არ არის მართალი. მომხმარებელთა ბაზარი ზოგადად შესაძლოა მცირე იყოს, მაგრამ თბილისში, მაგალითად, 1 მილიონზე მეტი მომხმარებელია კონცენტრირებული. გარკვეული ტიპის პროდუქციისთვის ეს კარგი ზომის ბაზარია.

გარდა ამისა, იაპონური კომპანიების უდიდესი ნაწილი დაინტერესებულია უფრო მსხვილი პროექტებით – მაგალითად, კერძო-საჯარო პარტნიორობით (PPP) და სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობით. ასე, რომ ინფრასტრუქტურის დარგში საქართველო სულაც არ არის მცირე ბაზარი.

TEPCO-ს მიერ ჰიდროინვესტირება არ არის ერთადერთი პროექტი – ჩვენ ასევე დაინტერესებული ვართ ნარჩენების მართვით, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებით, თბილისის ქალაქდაგეგმარებით, მეტროს სადგურების მშენებლობითა და სხვა ეკო-მეგობრული პროექტებით.

ბევრი პროექტის შემოთავაზება შეგვიძლია, მაგრამ იაპონური ფასები ოდნავ მაღალია, შედარებით. თუმცა ბიზნესის ხარისხის მხრივ და პროდუქტის ხარისხის მხრივ იაპონური ბიზნესი ძალიან, ძალიან კონკურენტულია.

მათ შორის გასათვალისწინებელია შენახვის, მოვლა-პატრონობის ხარჯები: რა არის უკეთესი საქართველოსთვის? ეს უნდა იყოს მიღებული მხედველობაში სახელმწიფო შესყიდვების დროს. ასე, რომ იაპონური ბიზნესი ბევრად უფრო კონკურენტულია ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში.

ტადაჰარუ უეჰარა, იაპონიის ელჩი საქართველოში

  • რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისათვის, რომ უფრო მიმზიდველი და უსაფრთხო გახდეს იაპონელი ინვესტორებისთვის?

იაპონური ბიზნესი ძალიან, ძალიან კონსერვატიულია: ისინი სწრაფად არ თანხმდებიან შეთავაზებას. საჭიროა დეტალური რისკების ანალიზი, მოგება-ზარალის დეტალური დაანგარიშება.

იმისათვის, რომ ვიფიქროთ ბიზნესის განვითარებაზე ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში, საჭიროა მთავრობის ძალისხმევა. ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული მხარის ძალისხმევა და ნდობა – ამის გარეშე წარმოუდგენელია ბიზნესის კეთება – ჩვენ ორიენტირებული ვართ გრძელვადიან პერსპექტივაზე.

იაპონური ბიზნესი არ ცდილობს ფული აკეთოს დღეს ან ხვალ – ჩვენ ვცდილობთ ხანგრძლივვადიანი სარგებელი შევქმნათ როგორც იაპონური ბიზნესისთვის, ისე ქართული მხარისთვის. ეს არის ერთმანეთის მეგობრული ერთგულება და იმედი მაქვს, ქართულ მხარეს გავუზიარებთ იაპონური კომპანიების ბიზნესის კეთების ტრადიციას.

ამას დრო სჭირდება. შეუძლებელია ამის გაკეთება მოკლე პერიოდში. ასე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ორ პარტნიორსა და ორ მთავრობას შორის ნდობის ჩამოყალიბება. იმედი მაქვს, რომ სამთავრობო დონეზე ეს ნდობა დღითიდღე მზარდია.

გასულ წელს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ბახტაძის ძალისხმევით გაიმართა დიდი იაპონური ბიზნესფორუმი იაპონიაში – ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეც გადავწყვიტე საპასუხოდ ბიზნესფორუმის გამართვა თბილისში, რომელიც ჩატარდა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა იაპონური კომპანიების მხრიდან.

ბიზნესფორუმმა, რომელიც  გავმართეთ, ზოგადი შემართება და საერთო ცოდნა მისცა კომპანიებს. თუმცა ახლა საჭიროა ორმხრივი ნდობის ჩამოყალიბება ინდივიდუალურ ბიზნესკომპანიებს შორის. ორმხრივი ნდობის გარეშე არ უნდა ველოდოთ ბიზნესის განვითარებას.

  • ჩინეთი იაპონიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. პანდემიის დროს  ითქვა, რომ იაპონია აპირებს კომპანიებს ჩინეთის დატოვებისთვის და თავიანთი წარმოების სხვაგან გადატანისთვის ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინოს. ჩვენთან პოლიტიკოსებმა ეს ახალ შესაძლებლობად მიიჩნიეს საქართველოსთვის. რამდენად რეალურია, რომ იაპონურმა კომპანიებმა, რომლებიც ტოვებენ ჩინეთის ბაზარს, საქართველოში გადმოიტანონ ბიზნესი?

იაპონურმა კომპანიებმა ბევრი ინვესტიცია განახორციელეს ჩინეთში – რისკების მართვის თეორიიდან გამომდინარე, არ შეიძლება ყველა რესურსის „ერთ კალათაში“ მოთავსება.

ასე, რომ ამ თვალსაზრისით უფრო ხელსაყრელია დივერსიფიცირება. თუმცა ჩინეთი ძალიან მნიშვნელოვანია – არასდროს გვითქვამს, რომ ვტოვებთ ჩინეთს, ის კვლავაც მნიშვნელოვანი პარტნიორია და გვინდა ორმხრივი სარგებელი ორ ქვეყანას შორის.

ჩვენი ინიციატივა გულისხმობს არა ჩინეთიდან გამოსვლას, არამედ იაპონური ინვესტიციების დივერსიფიცირებას და გადანაწილებას ჩინეთში, ევროკავშირში, აზიურ ქვეყნებში – იმედი მაქვს, საქართველო იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც მიემართება ინვესტიციები.

  • თანამედროვე გეოპოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით მსოფლიო რუკაზე  სად ხედავთ საქართველოს როლს? რა რეკომენდაციები გექნებათ?

საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი როლი საერთაშორისო თანამეგობრობაში და შეუძლია ძალიან მიმზიდველი გახდეს. საქართველო ავითარებს ეკონომიკურ კორიდორებს: ჩრდილოეთ-სამხრეთისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის დასაკავშირებლად. თუ საქართველოს სურს დამაკავშირებელი როლი შეასრულოს, აუცილებელია კარგი თანამშრომლობა სამეზობლოში, რადგან კავშირები დამოკიდებულია არა მხოლოდ საქართველოზე – ისინი გადის აზიასა და ევროპულ ქვეყნებში.

როგორ შეიძლება საქართველო გახდეს უფრო დაკავშირებული და მიმზიდველი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის? – ამისთვის საჭიროა გამჭირვალე მმართველობა, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის სფეროში. აუცილებელია კავშირების განვითარება. რა თქმა უნდა, ეს ინფრასტრუქტურა საქართველოსია, მაგრამ საჭიროა ფიქრი – როგორ გავხადოთ ის მიმზიდველი საერთაშორისო საზოგადოებისთვის? საჭიროა გახსნილი გონებით ჭვრეტა და საერთაშორისო სტანდარტის დამკვიდრება მმართველობაში. საჭიროა ღიაობა – მეზობლებისთვის, იაპონიისთვის, ევროკავშირის ქვეყნებისთვის. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება დამაკავშირებელი ფუნქციის ამუშავება – წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერავინ ისარგებლებს ამ უძვირფასესი ინფრასტრუქტურით.

  • მინდა გკითხოთ ანაკლიის პორტზე, რომელიც მომავლის პროექტად მიიჩნეოდა და რომელიც ახლა შეჩერებულია. რას ფიქრობთ ამ პროექტზე? რამდენად რეალური ჩანს მისი განხორციელება?

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობა არ მოდის იაპონიის მხრიდან – ეს მოდის თავად საქართველოდან. ყველა ქართველი, ვისაც კი შევხვედრივარ, მიმეორებდა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მისი მხარდაჭერა.

არ ვიცი, ამჟამად რა ხდება ანაკლიაში – ეს თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაზე. თუ ქართველი ხალხი და პოლიტიკოსები აღიარებენ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობას, ჩვენ მოხარული ვიქნებით, მხარი დავუჭიროთ მას.

  • პოლიტიკურ ნებაზე საუბრობთ?

ეკონომიკური ნებაა საჭირო, რადგან იაპონიამ უნდა იცოდეს – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ეკონომიკურად და პოლიტიკურად. მაგრამ ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხისა და მთავრობის მისაღებია და არა  ჩვენი, იაპონია არ და ვერ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას.

  • იაპონია განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს განვითარებად ქვეყნებში ადამიანის უსაფრთხოების გაძლიერებაზე. ჩანს, რომ ფოკუსირებული ხართ ინდივიდებზე. საქართველოშიც თქვენ მიერ დაფინანსებული პროექტები ამაზე მიუთითებს. პანდემიის პირობებში ეს მიდგომები რა სახეს მიიღებს? 

ადამიანის უსაფრთხოება ძირეული პრინციპია: გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების შესასრულებლად სულ 10 წელი დაგვრჩა. აქ მთავარი პრინციპია, რომ არავინ ჩამორჩეს საერთო განვითარებას. ჩვენი პასუხისმგებლობაა, ხელი შევუწყოთ საქართველოში მოწყვლად ჯგუფებს. მაგალითად, ჩვენ ვაფინანსებთ სამედიცინო აღჭურვას და მშენებლობას, საგანმანათლებლო პროექტებს, ასევე, დღეს გვქონდა გახსნის ცერემონია: სასოფლო-სამეურნეო ხელშეწყობის პროექტები წარმატებით დავასრულეთ. ასეთი ტიპის მცირე საგრანტო დახმარება აუცილებელია ქართველი ხალხის წახალისებისთვის. ასეთ პროექტებს ვახორციელებთ ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის სახელით.

რა თქმა უნდა, ჩვენი შესაძლებლობები მცირეა. მცირე გრანტის გაცემა არ ნიშნავს არაფერს, თუ არ იქნება ადგილობრივი საკუთრების განცდა, საზიარო პასუხისმგებლობა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად. ძალიან ვაფასებთ ადგილობრივი მოსახლეობის, არასამთავრობოების ძალისხმევას ამ პროცესში. ადგილობრივი ინიციატივის გარეშე მცირე გრანტი ვერაფერს შეცვლის. ეს წელი განსაკუთრებით რთული გამოდგა – ყველას შეეხო კოვიდ19, ამიტომ იაპონიის მთავრობამ გამოყო საქართველოსთვის 3 მილიონამდე აშშ დოლარი სამედიცინო სექტორის მხარდასაჭერად, მაღალტექნოლოგიური აღჭურვის შესაძენად. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა იაპონიის მხრიდან.

ჩვენ უნდა ველოდოთ მეტ მხარდაჭერას – ის კვლავაც გაგრძელდება, მაგრამ აუცილებელია, საქართველომ განავითაროს ჯანდაცვის სექტორი და დამოუკიდებლად შეძლოს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა. ამავდროულად, საჭიროა მცირე ბიზნესის გადარჩენაც. მოხარული ვართ, ხელი შეგიწყოთ, მაგრამ საჭიროა ამ მცირე მხარდაჭერის იმგვარად გამოყენება, რომ ქვეყნის განვითარება კიდევ უფრო დაჩქარდეს.

  • ჩვენს სახელმწიფოებს შორის შეთანხმება შედგა ორმაგი დაბეგვრის თავიდან ასაცილებლად. შეგიძლიათ მოკლედ გვითხრათ ამ საგადასახადო კონვენციაზე, რამდენად გაზრდის ეს შეთანხმება ინვესტიციებს იაპონიასა და საქართველოს შორის?

ახალი შეთანხმებით მომავალში შესაძლებელი იქნება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება – ეს ძალიან კარგი ინიციატივაა კერძო ბიზნესისა და ინვესტიციების ხელშესაწყობად. ამ შეთანხმებით საქართველოსა და იაპონიის კომპანიებს არ დასჭირდებათ გადასახადის ორჯერ გადახდა – საკუთარ და მიმღებ ქვეყანაში. ეს მნიშვნელოვანი წახალისებაა ბიზნესისთვის.

  • სამომავლოდ ეკონომიკის რომელ სფეროებში იგეგმება იაპონიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა?

დაახლოებით რომ შევადაროთ – ახლა საქართველოდან იაპონიაში ექსპორტი დაახლოებით 10 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება, ხოლო იაპონიიდან საქართველოში – დაახლოებით 200 მილიონს. ეს ძალიან დიდი დისბალანსია, მიუხედავად იმისა, რომ არ არის ზუსტი სურათი.

ზოგი იაპონური პროდუქცია შემოდის დუბაიდან, ზოგი კი თურქეთიდან თუ სხვა ადგილებიდან. მე ვსაუბრობ მხოლოდ ქართულ-იაპონურ პირდაპირ ვაჭრობაზე. უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ შევუწყოთ ხელი ქართულ ექსპორტს იაპონიაში – შეიძლება ეს იყოს ღვინო, თაფლი თუ სხვა პროდუქცია. ჯერჯერობით ექსპორტი მწირია. გასულ წელს საქართველოს მთავრობამ გამართა ღვინის დიდი გამოფენა ტოკიოში – იმედი მქონდა, რომ ეს წაახალისებდა იაპონიაში ქართული ღვინის იმპორტს, მაგრამ ჯერჯერობით ამ სფეროში მაინც სტაგნაციაა. საჭიროა სწორი სტრატეგია იაპონიაში ექსპორტის ზრდისთვის.

იაპონია არის ძალიან კონკურენტუნარიანი ბაზარი ნებისმიერი პროდუქციისთვის, არა მხოლოდ ღვინისთვის. ამიტომ ქართული პროდუქცია უნდა იყოს ძალიან კონკურენტუნარიანი, ძალიან ბევრი უნდა იშრომოთ, რომ წარმოაჩინოთ კონკურენტუნარიანი პროდუქტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ექსპორტი ვერ გაიზრდება. დიდი ბაზარი ყოველთვის მოითხოვს მაღალი ხარისხის პროდუქციას. ექსპორტიორმა უნდა მოიგოს კონკურენცია.

მორგების კუთხით ძირითადი საკითხია რეგულაციებთან თავსებადობა. იაპონური რეგულაციები სულაც არ არის სპეციფიკური. თუ საქართველო შეძლებს დაამკვიდროს ევროკავშირის სტანდარტი, მისთვის უფრო იოლი იქნება ექსპორტის გატანა იაპონიაშიც – იაპონიას ევროკავშირის მსგავსი სტანდარტი აქვს.

ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს და ვაკმაყოფილებდეთ ამ საერთაშორისო სტანდარტს. ეს არის საწყისი კრიტერიუმი. შემდგომ უნდა მოიგოთ მომხმარებლის გული. ბაზარზე მხოლოდ შეღწევა საკმარისი არ არის, უნდა მოიპოვოთ მოხმარებლის ნდობა.

მაგალითად, როგორ მოვიგოთ იაპონელი ღვინის მოყვარულის გული ქართული ღვინით?  როგორ უნდა ავუხსნათ, სტრატეგიულად, ქართული ღვინის სილამაზე? იაპონიის ბაზარი უზარმაზარია.

იცით, რომ იაპონია ყოველწლიურად ახდენს 200 მილიონი ლიტრი ღვინის იმპორტს? საქართველო ვერ აწარმოებს ასეთი რაოდენობის ღვინოს. ასე, რომ უნდა გადაწყვიტოთ – 1% ბაზრის წილი გსურთ? ეს 2 მილიონი ლიტრია – მაინც ძალიან დიდი რაოდენობა. ან იქნებ 0.1% გსურთ? ასეთ შემთხვევაში, არ უნდა მიხვიდეთ იაპონურ სუპერმარკეტებში დიდ ქალაქებში – ისინი ყიდიან დიდი მოცულობის იაფ პროდუქციას.

რატომაც არ წახვალთ, ვთქვათ, მცირე ქალაქებში? ეს ქალაქები დაახლოებით თბილისის ზომის არიან. საჭიროა სწორი სტრატეგია ბაზარზე შეღწევისთვის – ეს ძალიან რთული ბაზარია დიდი პოტენციალით, მაგრამ საჭიროა სტრატეგიული მარკეტინგული ტაქტიკა.

  • გეგმავთ თუ არა მისიის დასრულების შემდგომ საქართველოსთან ურთიერთობის შენარჩუნებას და რა ფორმატში?

იმედი მაქვს, საქართველოსთან კავშირს შევინარჩუნებ. ბოლო სამი წელი ძალიან ლამაზი აღმოჩნდა როგორც ჩემი პირადი ცხოვრების, ისე დიპლომატიური ცხოვრების მხრივ. მე დიდი სიამოვნება მივიღე ქართველ ხალხთან ურთიერთობით და ძალიან მადლიერი ვარ მათი სტუმარმასპინძლობითა და მეგობრობით. მინდა, ეს კავშირები შევინარჩუნო – ადამიანი ვარ და მინდა, მქონდეს კავშირი შესანიშნავ ქართველ ხალხთან. მართალია, ჯერ არ გადამიწყვეტია, თუ როგორ დავაკავშირებ ამ ორ ქვეყანას ბიზნესის მხრივ, მაგრამ პირად ცხოვრებაში ნამდვილად მინდა კავშირის შენარჩუნება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: