მთავარი,სიახლეები

სასწრაფოს ექიმი: ბათუმში არ არის საკმარისი ეკიპაჟი, ძალიან ბევრი დავინფიცირდით

11.11.2020 • 2270
სასწრაფოს ექიმი: ბათუმში არ არის საკმარისი ეკიპაჟი, ძალიან ბევრი დავინფიცირდით

მაია ბოლქვაძე ათი წელია სასწრაფოს ექიმია, ამიტომაც მისი ცხოვრების რეჟიმი ისედაც განსხვავდებოდა ჩვეულებრივი დღის რეჟიმისგან, როცა სამუშაო დილით იწყება და საღამოს მთავრდება. მთელი ღამის მორიგეობის შემდეგ, სასწრაფოს ექიმები მეორე დღეს საღამომდე დასვენებას ცდილობენ. პანდემიის დაწყებიდან, განსაკუთრებით მეორე ტალღის გამწვავების შემდეგ, მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. მაიამ ჩვენთან სატელეფონო საუბრის დრო მხოლოდ მას შემდეგ გამონახა, როცა თავადაც დაინფიცირდა და კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს.

მაიას თქმით, პანდემიის პირობებში გაუქმდა მოკლევადიანი პაუზები გამოძახებებს შორის, დამატებითი დრო სჭირდება სპეციალური ეკიპირების გამოცვლას, დეზინფექციას, შემდეგ პაციენტთან წასვლამდე, სასწრაფოს ექიმების საფიქრალი გახდა ისიც, რომ დროულად იპოვონ ადგილი რთული პაციენტის კლინიკაში მოსათავსებლად.

„სამუშაო რეჟიმი ძალიან გართულდა, გამოძახებიდან გამოძახებამდე შეუჩერებლად გვიწევს მუშაობა. არანაირი შესვენება არ გვაქვს, მოიმატა პაციენტების რაოდენობამ, კლინიკებში გადაყვანა, ადგილზე რეკომენდაციების გაცემა, ძალიან რთული სიტუაციაა. ფაქტობრივად, მარტის შემდეგ იზოლირებული ვარ ოჯახისგან, ახლობლებისგან, მეგობრებისგან“, – გვიყვება მაია.

მაიას თქმით, მისი ოჯახის წევრებმა აბსოლუტურად გაიაზრეს ვითარების სირთულე და ყველანაირად ცდილობენ დაეხმარონ, თვითონვე შეუქმნან პირობა, რომ იზოლაციის პირობებში სახლში მოახერხოს დასვენება. „ორი ბიჭი მყავს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მათგან მხოლოდ ის მესმის, რომ უნდათ დავისვენო. კარგად იციან ჩემი განრიგი და როგორც კი დასვენების საათები უნდა დაიწყოს, მიგზავნიან შეტყობინებებს – დეე დაისვენე“.

მაიას სამუშაო დღე დილის 09:30 იწყება. ამბობს, რომ მასთან, როგორც ექიმთან, პაციენტის შესახებ გაფილტრული ინფორმაცია მიდის:

„ჩვენ ვიცით ვისთან მივდივართ, კოვიდდადასტურებულია თუ არა პაციენტი, აქვს თუ არა ცხელება და ასე შემდეგ. თუმცა არის შემთხვევები, როცა პაციენტები გააზრებულად იტყუებიან, რომ არ აქვთ სიცხე. როცა ამას ვაფიქსირებთ, ვიწყებთ მოკვლევას, დაინფიცირებულის კონტაქტია თუ არა, ოჯახის წევრებს აქვთ სიცხე თუ არა… შემდეგ, ანამნეზით ვადგენთ, რომ კოვიდთან გვაქვს საქმე, როცა ფიქსირდება ცხელება, უმეტესწილად არის კოვიდი.“

მაია გვიყვება, რომ ცხელების ან სხვა სიმპტომის დაფიქსირების შემთხვევაში, პაციენტს აძლევენ რეკომენდაციას დარჩეს იზოლაციაში, მის შესახებ ინფორმაციას გადასცემენ როგორც 112-ს, ასევე ოჯახის ექიმს: „გვხვდება ისეთი პაციენტებიც, როცა ოჯახის ექიმი უკვე ჩართულია მის მართვაში, ის ფლობს ინფორმაციას პაციენტის მდგომარეობაზე და აკონტროლებს მას.“

მაიას თქმით, სასწრაფოს ექიმებს არ შექმნიათ პრობლემა სპეციალურ აღჭურვილობაზე.

„დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ სასწრაფო დახმარებას არასდროს ჰქონია შეფერხება ამ კუთხით. ვისაც ცხელება აქვს, ყველასთან ახალი აღჭურვილობით მივდივართ. ვიცვლით, თუნდაც სხვა გამოძახებაზე ვიყოთ გასული. თუ წინასწარ გვაქვს ინფორმაცია, რომ პაციენტი კოვიდდადასტურებულია, გავდივართ ეკიპირებით. დეზინფექცია ტარდება ყველა გამოძახების შემდეგ, არ აქვს მნიშვნელობა, პაციენტი კოვიდდადასტურებულია თუ არა“.

მაიას დაკვირვებით მოსახლეობა უმეტესწილად ემორჩილება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც ჯერ კიდევ საერთოდ არ სჯერათ, რომ ეს ვირუსი არსებობს: „ამბობენ, რომ ხელოვნურად შექმნილია.“

მაიას აფიქრებს ის გარემოება, რომ კოვიდის შემთხვევები ბათუმის მსგავსად სხვა ქალაქებშიც გაიზარდა, რადგან განსაკუთრებით დატვირთულ დღეებში მათ სხვა ქალაქების ბრიგადები ეხმარებოდნენ:

„ჩამოჰყავთ ბრიგადები სხვადასხვა ქალაქიდან, ბათუმში არ არის საკმარისი ეკიპაჟი და მით უმეტეს, ძალიან ბევრი დავინფიცირდით. არ არის საკმარისი მედპერსონალი. ახლა ვითარება იმიტომ უფრო გართულდა, რომ ეპიდემიაა ყველა ქალაქში და უკვე არ ვიცი, როგორ მოხერხდება დამატება, რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნებით, თუ გაგვაძლიერებენ ადამიანური რესურსით – რაც უფრო მეტი ვიქნებით, მით უფრო იოლად მოვერევით [კორონავირუსს]“.

ცოტა ხნის წინ მაიამ გაიგო, რომ თავადაც ინფიცირებულია. ამბობს, რომ ამის ალბათობა დიდი იყო, თუმცა მაინც ემოციურად შეხვდა ამ შეტყობინებას: „იმ დროისთვის კარგად ვიყავი, შემდეგ  გამირთულდა, ახლა უკეთ ვარ და კოვიდსასტუმროში ვიმყოფები. ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, მიუხედავად იმისა, რომ ექიმი ვარ, სულ მეკითხებიან, რა სიმპტომები მაქვს, როგორ ვარ.“

მაიას ვკითხეთ ექიმებისა და პაციენტების კონფლიქტების ამსახველ იმ კადრებზეც, რაც ფეისბუქში ხშირად ვრცელდება და ამ ვიდეოებში პაციენტები უმეტესწილად რეაგირების დაგვიანებაზე ჩივიან. მაიას თქმით, ასეთი კონფლიქტები უმეტესწილად უკავშირდება გადატვირთულ კლინიკებს:

„რა თქმა უნდა, თუ კლინიკა გადატვირთულია და ვერ იღებს მძიმე პაციენტს, ამ დროს მეტ-ნაკლებად აგრესია მოდის ჩვენზე. თუმცა, ბოლო პერიოდში ეს ტენდენცია შეიცვალა, ადამიანებმა გაითავისეს რასთან გვაქვს საქმე, პანდემიის დროს თვითონ პაციენტებიც ცდილობენ ჩვენს დახმარებას“.

მაიას თქმით, მათი ხელფასები პანდემიის პირობებში არ გაზრდილა: „მარტიდან გადავედით საგანგებო სამსახურის შემადგენლობაში, სწორედ ამის შემდეგ გვეძლევა 50-პროცენტიანი კვარტალური დანამატი.  როგორც ვიცი, ასეთი წესი ვრცელდება საგანგებო სამსახურში მუშაობის პირობებში და ეს დანამატი ვირუსთან დაკავშირებულ მუშაობას არ უკავშირდება, თუმცა დანამდვილებით არ შემიძლია ამის თქმა“.

კითხვაზე, როგორ შეიძლება მათ დაეხმაროს სახელმწიფო ან საზოგადოება, მაია პასუხობს: „დაგვეხმარეთ დისტანციურად ყოფნით და თავის დაცვით, აუცილებლად ატარეთ პირბადე და შეზღუდეთ სტუმრების მიღება, ნუ დარჩებით დიდხანს ერთ სივრცეში. ქუჩაში, მაღაზიაში, მოძრაობაში შეიძლება გადავრჩეთ, მაგრამ დიდხანს ერთ სივრცეში ვერ გადავრჩებით. ასეთ შემთხვევაში კლინიკები არ იქნება გადატვირთული, ეს არის, რითიც დაგვეხმარებით. სხვა შემთხვევაში გამოსავალს ვერ ვხედავ“, –  ამბობს სასწრაფოს ექიმი მაია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: