მთავარი,სიახლეები

პოსტი დატოვა ერდოღანის სიძემ, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტის მემკვიდრედ მოიაზრებდნენ

12.11.2020 • 2085
პოსტი დატოვა ერდოღანის სიძემ, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტის მემკვიდრედ მოიაზრებდნენ

თურქეთის ფინანსთა მინისტრმა, ბერატ ალბაირაკმა, რომელიც თურქეთის პრეზიდენტის, რეჯებ ტაიპ ერდოღანის სიძეა, მინისტრის პოსტი დატოვა.

მინისტრმა ამის შესახებ ინსტაგრამზე დაწერა კვირას, 8 ნოემბერს და ამავე პოსტში აღნიშნა, რომ ტოვებს თანამდებობას ჯანმრთელობის გამო და მეტი დროის გატარება სურს ოჯახთან, მშობლებთან და ცოლ-შვილთან. ყოფილმა მინისტრმა ამ პოსტის გამოქვეყნებიდან მალევე თავისი ანგარიშები წაშალა როგორც ინსტაგრამზე, ასევ ტვიტერზე.

თურქული მედია თითქმის 24 საათის განმავლობაში არ წერდა მინისტრის გადადგომის შესახებ, სანამ თავად ერდოღანმა ინფორმაცია ოფიციალურად არ დაადასტურა.

ანალიტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ ერდოღანი თავის მემკვიდრედ მოიაზრებდა ალბაირაკს, რომელიც ერდოღანის უფროს შვილზეა დაქორწინებული და მათ ოთხი შვილი ჰყავთ.

ბერატ ალბაირაკი ერდოღანის შვილთან, ესრა ერდოღანთან ერთად. ისინი 2004 წელს დაქორწინდნენ.

პოლიტიკაში მოსვლამდე ალბაირაკი მსხვილი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი იყო. იგი თურქეთის პარლამენტში 2015 წელს შევიდა, როგორც AKP-ეს, ერდოღანის პარტიის დეპუტატი და მალევე დანიშნეს ჯერ ენერგეტიკის, შემდეგ კი ფინანსთა მინისტრის პოსტზე.

ალბაირაკის გადადგომას წინ უძღოდა თურქული ლირის კურსის რეკორდული დაცემა ამერიკულ დოლართან მიმართებით. ცოტა ხნის წინ ერდოღანმა ქვეყნის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი გაათავისუფლა თანამდებობიდან.

უცხოური მედიის ცნობით, თურქეთის მთავრობასთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ ალბაირაკმა პოსტი დატოვა არა ჯანმრთელობის პრობლემების, არამედ ცენტრალური ბანკის ახალ მმართველთან დაპირისპირების გამო, რომელმაც ფინანსთა მინისტრის მუშაობა გააკრიტიკა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: