„არ მაინტერესებს“ – ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილე კანონზე

დღეს, 20 ნოემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ელგუჯა ბაგრატიონი და ასმათ დიასამიძე აჭარის მთავრობის სხდომაზე დასწრებას ცდილობდნენ. მათ ამის უფლება მთავრობის სახლის წინ მობილიზებულმა პოლიციელებმა არ მისცეს.

აჭარის მთავრობის სხდომაზე შესვლის მცდელობის დროს დაპირისპირება მოხდა ელგუჯა ბაგრატიონსა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილეს, იაგო  დავითაძეს შორის. დაპირისპირება იაგო დავითაძის განცხადებას მოჰყვა, როდესაც მან თქვა, რომ არ აინტერესებს რა წერია კანონში, რომელიც ბაგრატიონს სხდომაზე დასწრების უფლებას აძლევდა.

დაპირისპირებამდე ელგუჯა ბაგრატიონსა და იაგო დავითაძეს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა.

ელგუჯა ბაგრატიონი: შენ კანონს იცავ?

იაგო  დავითაძე: კი

ელგუჯა ბაგრატიონი: ჰოდა, მე კანონი მაძლევს ამის (მთავრობის სხდომაზე შესვლის) უფლებას.

იაგო დავითაძე: არ გიშვებ.

ელგუჯა ბაგრატიონი: რა უფლებით არ  მიშვებ? კანონში იცი რა წერია? მოდი, გაგიხსნი ახლა და წაგაკითხებ.

იაგო დავითაძე: არ მაინტერესებს რა წერია.

ამ  დიალოგის შემდეგ აჭარის მთავრობის სახლის წინ სიტუაცია დაიძაბა. აქციის მონაწილეები პოლიციელებს შესახილებით მიმართავდნენ – „რას ჰქვია კანონი არ გაინტერესებთ, კრიმინალები ხართ?“

საბოლოოდ აჭარის  მთავრობის სხდომა ისე დამთავრდა, რომ ვერც ელგუჯა ბაგრატიონი და ვერც ასმათ დიასამიძე [უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ენმ-დან] მთავრობის სხდომაზე ვერ შევიდნენ.

შსს: სირცხვილის დერეფნები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით აცხადებს, რომ  ე.წ. სირცხვილის დერეფნების ორგანიზება, რომლის შესახებაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დროს საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები საარჩევნო უბნებთან ე.წ. სირცხვილის დერეფნების მოწყობას გეგმავენ.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნების ორგანიზება, თავისი შინაარსით, აშკარად სცდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, არღვევს მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, რადგან მიზნად ისახავს საარჩევნო ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლას და პირდაპირ ახდენს ზემოქმედებას ამომრჩეველზე, რათა აიძულოს იგი მისი ნების საწინააღმდეგოდ უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შესაბამისი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს, რომ მათი მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის შემთხვევაში, პოლიცია მყისიერად იმოქმედებს სისხლის სამართლის დანაშაულის დროულად აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში“ – განაცხადა დღეს, 20 ნოემბერს, მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ.

ასევე, შს სამინისტროს განცხადებით, პოლიცია არ დაუშვებს საარჩევნო პროცესის ძალადობრივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.

შსს-ს ცნობით, 21 ნოემბერს პოლიციის მობილური ჯგუფები, მთელი საქართველოს მასშტაბით, სრულად იქნებიან მობილიზებული და დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

სკოლა ევრო – 2000: პანდემიის მიუხედავად, გერმანელ პედაგოგებს წარმატებით ვმასპინძლობთ

სკოლა ევრო 2000-ის გერმანიის ქალაქ მიუნსტერის უნივერსიტეტთან 2018 წლის სექტემბერში დადებული მემორანდუმის საფუძველზე ყოველწლიურად ვმასპინძლობთ გერმანელ მაგისტრებს ჩვენს სკოლაში პრაქტიკის გავლის მიზნით. ისინი ეცნობიან ქართული სკოლის სისტემას, ესწრებიან გერმანული ენის გაკვეთილებს, ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში და თავიანთ ცოდნას და გამოცდილებას უზიარებენ მოსწავლეებს.

 

წელსაც იმავე მიზნით ექვსი კვირით სკოლას ორი პრაქტიკანტი, კატარინა ვან ვორსტი და ესტერ გოსი, ეწვია, რომლებიც ინტენსიურად ერთვებოდნენ ონლაინგაკვეთილებში. სკოლა ევრო 2000-ში ჩატარებული ონლაინგაკვეთილების შესახებ პრაქტიკანტები სისტემატიურად აწვდიდნენ ინფორმაციას თავიანთ ხელმძღვანელს, მიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორს, ქალბატონ კორდულა შულცეს, რომელმაც გამოთქვა სურვილი, თავის პრაქტიკანტებთან ერთად ჩაეტარებინა გაკვეთილი რომელიმე კლასში.

 

10 ნოემბერს მე-11 A1 ჯგუფში ჩატარდა გერმანული ენის გაკვეთილი თემაზე „სისხლის გაცემა- დონაცია“. ამ რთულ სამედიცინო სპეციფიკურ თემას ჩვენი მოსწავლეები ენობრივად და ინფორმაციულად თავისუფლად გაუმკლავდნენ. მათ წარმოაჩინეს არა მხოლოდ მათი კომპეტენტენცია და ცოდნა გერმანულ ენაში, არამედ პედაგოგების შრომა, საკუთარი სკოლა და ქვეყანა მიუნსტერის უნივერსიტეტის წინაშე.

 

ქალბატონმა შულცემ ვერ დამალა აღფრთოვანება გაკვეთილით, მოსწავლეების აქტიურობით, მათი ენობრივი კომპეტენციით, გერმანიის ჯანდაცვის, სამედიცინო სფეროს და მისი სპეციფიკური თემების საკმაოდ ღრმა ცოდნით. ის მოიხიბლა მოსწავლეთა მისდამი უშუალო დამოკიდებულებით.

ქალბატონმა შულცემ მე-11 A1 ჯგუფში ჩატარებული გაკვეთილის შესახებ დადებითი კომენტარები არ დაიშურა და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ კვლავ მიეცემა სკოლა ევრო 2000-ში ონლაინგაკვეთილის ჩატარების შესაძლებლობა.

კორონავირუსის 3768 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა – 41

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3768 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4055, გარდაიცვალა – 41.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, თბილისში გარდაიცვალა 19,  აჭარაში – 5, იმერეთში – 12, ქვემო ქართლში – 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 3 ადამიანი.  2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ დაფიქსირებულია გარდაცვალების 894 შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 768 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 443 შემთხვევა, აჭარაში – 676, იმერეთში – 541, ქვემო ქართლში – 183, შიდა ქართლში – 165, გურიაში – 52, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 363, კახეთში – 130, მცხეთა-მთიანეთში – 96, სამცხე-ჯავახეთში – 95, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 24.

აჭარაში კოვიდის 676 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი

20 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 676 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავისურისგან გამოჯანმრთელდა 4 055 პაციენტი.

ამ ეტაპზე აჭარაში 942 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე ჰოსპიტალურ სექტორში, აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 118 ადამიანი.

აჭარაში 1646 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში, საკარანტინო სივრცეშია 1 122 პირი. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კოვიდით ინფიცირების 3 768 ახალი შემთხვევა.

მთავრობის ცნობით, აჭარაში თვითიზოლაციაში იმყოფება 16 379 ადამიანი.

ქობულეთში ექიმი კოვიდით იმ კლინიკაში გარდაიცვალა, სადაც მუშაობდა

ქობულეთში ექიმი covid 19-ით გარდაიცვალა. ქალი 72 წლის იყო და იმ კლინიკაში გარდაიცვალა, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა.

“მას 5 თუ 6 დღის წინ დაუდგინდა კორონავირუსი. თავისი სურვილით მკურნალობას გადიოდა სახლში…. სამწუხაროდ, როცა მოგვმართა, მდგომარეობა უკვე გართულებული იყო. მას სხვადასხვა გართულება ჰქონდა, მათ შორის, ფილტვის მწვავე უკმარისობა, ანთება…”- გვითხრა “ქობულეთის სამედიცინო ცენტრის” დირექტორმა, ავთანდილ მიქელაიშვილმა.

გუშინ, 18 ნოემბერს, კორონავირუსით დაავადებული ექიმი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც გარდაიცვალა.

 

ჩემპიონთა ლიგა: ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ მეორე თამაში მოიგო

ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინულ „ოლიმპია კლუჟს“ მოუგო ანგარიშით 1:0.

გოლი 68-ე წუთზე ხატია ჭყონიამ გაიტანა.

თამაში რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში გაიმართა.

შესარჩევი რაუნდის პირველ ეტაპზე ლანჩხუთელები სტუმრად ყაზახურ „ოქჟეტპესს“ დაუპირისპირდნენ და ანგარიშით – 2:1 დაამარცხეს.

შემდეგი წილისყრა 24 ნოემბერს გაიმართება, სადაც „ლანჩხუთის“ მეტოქე გაირკვევა. მე-16-ედ ფინალში ორმატჩიანი დაპირისპირებები გაიმართება. წელს ტურნირი ჯგუფური ეტაპის გარეშე ტარდება.

კოვიდის გამო ევროპის ბევრ ქვეყანაში საახალწლო ღონისძიებები უქმდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ევროპის ბევრ ქვეყანაში საახალწლო ღონისძიებები და საშობაო ბაზრობები გააუქმეს.

  • საფრანგეთი

საფრანგეთში თავდაპირველად ქალაქ ლილში, ლიონში, ბორდოსა და კლემონ-ფერანეში გააუქმეს 2020 წლის საშობაო ბაზრობები. გაუქმდა ასევე პარიზში ტიულერის ბაღის დიდი საშობაო ბაზრობა.

ჯერ კიდევ 22 ოქტომბერს გამოცხადდა, რომ გაუქმდებოდა სტრასბურგისა და ქალაქ კოლმარის საშობაო ბაზრობებიც.

ქვეყანაში ელოდებიან, რომ საშობაო ბაზრობები გაუქმდება კიდევ ბევრ ქალაქში, იქ კი, სადაც საახალწლო ღონისძიებები არ გაუქმდება, დაწესდება მკაცრი შეზღუდვები, საჭირო იქნება დისტანციის დაცვა, ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად. საშობაო ბაზრობების ჯიხურების მეპატრონეები ვარაუდობენ, რომ 2020-2021 წლის საახალწლო სეზონზე დიდი ზარალი ექნებათ.

  • შოტლანდია

ქალაქის საბჭოს ბრძანებით გაუქმდა ასევე  ედინბურგის საშობაო ფესტივალი ჯანდაცვის საკითხებში ქვეყნის ექსპერტების რეკომენდაციებით.

გაუქმდა ასევე ყველა ღონისძიება და ატრაქციონი, რის საშუალებითაც ხალხის შეკრება იყო შესაძლებელი.

ქალაქის საბჭოს გადაწყვეტილებით საშობაო დღესასწაული ედინბურგში ძირითადად ონლაინ გადაინაცვლებს.

Covid 19-ით ინფიცირების შემთხვევები შოტლანდიაში ყოველდღიურად მზარდია და სექტემბრიდან მოყოლებული 22:00 საათის შემდეგ ბარები და რესტორნები დაკეტილია.

ედინბურგის ქალაქის საბჭო მოსახლეობისთვის შობა-ახალი წლის აღსანიშნად ციფრულ პროგრამას ამზადებს.

  • დიდი ბრიტანეთი

საშობაო ბაზრობები და ახალი წლის ტრადიციული, სახალხო სეირნობა გაუქმდა ასევე დიდი ბრიტანეთის ქალაქებში. თუმცა საახალწლო განათებები ქუჩაში დარჩება და განათდება ბაღები და შენობები.

დიდი ბრიტანეთის ქალაქ მანჩესტერშიც გაუქმდა საახალწლო დღესასწაულები ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციით.

შარშან დიდ ბრიტანეთში ჩაატარეს კვლევა საახალწლო ტურიზმის შესახებ, რითაც გამოვლინდა, რომ 14 მილიონზე მეტი ბრიტანელი გეგმავდა წვეოდა საშობაო ბაზრობას. ამ პერიოდში ქვეყნის შემოსავალი თითქმის 3 მილიარდი ფუნტი სტერლინგით იმატებდა, წელს კი შიდა ტურიზმის შემოსავლების 49%-იან კლებას ვარაუდობენ.

ლონდონის ჰაიდ პარკში წელს აღარ მოეწყობა ზამთრის ჯადოსნური ქვეყანა, რაც ყოველ ახალ წელს ერთგვარი ტრადიციული ადგილია ლონდონში. იგეგმება დედაქალაქში დაგეგმილი სხვა საახალწლო ღონისძიებების გაუქმებაც, რადგან ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი აქ ,,კატასტროფულადაა“ შეფასებული ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემის მიერ.

  • გერმანია

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო გაუქმდა ნიურნბერგის სახელგანთქმული საშობაო ბაზრობაც გერმანიაში.

პანდემიის გავრცელების ყოველდღიური მაღალი მაჩვენებლებია ასევე ბერლინში, დიუსელდორფსა და კიოლნში, სადაც ბაზრობების ნაწილი უქმდება და რიგ შემთხვევებში იზღუდება საახალწლო ღონისძიებების მასშტაბები.

გერმანიაში ყოველწლიურად დაახლოებით 2500 პოპულარული საშობაო ბაზრობა იმართებოდა. ქვეყანაში თითქმის 160 მილიონი ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტი სტუმრობდა საშობაო ბაზრობებსა და ღონისძიებებს. დღესასწაულის ამ პერიოდს ქვეყნისთვის 3-დან 5 მილიარდ ევრომდე მოგება მოჰქონდა.

ყოველდღიურად იზრდება იმ ქალაქებისა და ქვეყნების რიცხვი, სადაც საშობაო ბაზრობები და საახალწლო ღონისძიებები პანდემიის გამო უქმდება.

___

ნახეთ რას აპირებს ბათუმის მერია

ბათუმის საკრებულოს წევრის ოჯახის კომპანია მერიის ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს – კვლევა

მოკლული სერჟანტ შავაძის ქვრივი: სათავეში ისევ მკვლელების მფარველები არიან  

დღეს, 19 ნოემბერს, გამოქვეყნდა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წელს ბათუმში მოკლული სერჟანტის, როინ შავაძის საქმეზე. ევროსასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა.

ევროპული სასამართლო ამ საქმეს 8 წლის განმავლობაში განიხილავდა, საქართველოში კი „სერჟანტ შავაძის საქმის“ გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

უკვე 12 წელია ქართული პროკურატურა მოკლული სერჟანტის საქმეს სწავლობს.

როინ შავაძის ქვრივმა, ციცინო შავაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ცოტა ხნის წინ გაიგო ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.

„15 წუთია გავიგე გადაწყვეტილების შესახებ. მითხრეს, რომ პასუხს სთხოვენ ჩვენს ქვეყანას.

ძალიან ნაწყენი ვარ. რატომ უნდა სჭირდებოდეს ჩემს ქვეყანას მისი ქვეყნის მოქალაქეზე სხვამ მიუთითოს, რომ ეს ასეა. არ იცოდნენ, რომ ჩემი მეუღლე დამნაშავე არ იყო?! იცოდნენ, მაგრამ სათავეში ისევ მკვლელები და მათი მფარველები არიან.

ოჯახს არანაირი მორალური ზიანი არ მიუღიაო – ჩემმა ქვეყანამ ეს მისწერა სტრასბურგის სასამართლოს.

12 წელია ეს საქმე საქართველოში არავის გახსენებია, ერთი სიტყვაც არ დაუძრავთ. მათ მოკლულს გამოიძიებენ?!“ – ამბობს ციცინო შავაძე.

მან გვითხრა ისიც, რომ 2012 წელს, როცა ხელისუფლება შეიცვალა და მთავრობაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, მოლოდინი ჰქონდა, რომ საქმეს გამოიძიებდნენ, თუმცა ამაოდ.

მეტიც, აჭარის მთავარი პროკურორი ვასილ როინიშვილი, რომლის დროსაც ციცინო შავაძეს დაზარალებულის სტატუსიც კი არ მიანიჭეს, 2020 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს 10 წლის ვადით.

„წარმოიდგინეთ, ეს კაცი ამბობდა, ხმა, კრინტი არ დამეძრა. ისინი არიან საკონსტიტუციო სასამართლოში და ფიქრობთ, რომ გამოიძიებდნენ საქმეს?

ვფიქრობდი, ყველაფერს გააკეთებდა ეს მთავრობა, მაგრამ როგორც ხედავთ, ამ მთავრობას სჭირდება ეს მკვლელები, აბა, როგორ გავიგო?!“ – ამბობს ციცინო შავაძე.

როინ შავაძე

23-ე ბატალიონის სერჟანტი, როინ შავაძე 2008 წელს, ცხინვალის ბრძოლებიდან დაბრუნების მეორე დღეს, 16 აგვისტოს, ბათუმში ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა დააკავეს.

თვითმხილველების თქმით, სპეცოპერაციის დროს ნიღბიანები იძახდნენ, რომ სამშობლოს მოღალატეს აკავებდნენ.

იმავე საღამოს როინ შავაძე ოჯახის წევრებმა მორგში მკვდარი იპოვეს.

ოფიციალური ინფორმაციით, სერჟანტი ნარკოტიკული საშუალების შენახვა-რეალიზაციისთვის დააკავეს, ხოლო მისი ლიკვიდაცია გაქცევის მცდელობის გამო მოხდა. ციცინო შავაძის თქმით, ის სასტიკად იყო ნაწამები: „მისი სხეული ტყვიებით იყო დაცხრილული. თითქმის ყველა თითი, მკლავები და ფეხები დამტვრეული, ხორცები დაგლეჯილი ჰქონდა“.

___________

ფოტოზე: 2008 წელი, ციცინო შავაძე. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ჯანმო: “ლოქდაუნის” არიდება შესაძლებელია, თუ 95% ატარებს პირბადეს

ახალი “ლოქდაუნების” არიდება ევროპაში შესაძლებელია, მათ შორის თითქმის საყოველთაოდ პირბადის ტარებით, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ.

ლოქდაუნების არიდება შესაძლებელია, მე ვრჩები ჩემს პოზიციაზე, რომ ლოქდაუნები არის ყველაზე ბოლო გამოსავალი” – განაცხადა მან ჯანმოს პრესკონფერენციაზე. – “პირბადეების გამოყენება არ არის პანაცეა და საჭიროა ეს მოხდეს სხვა ზომებთან ერთად კომბინაციაში; თუმცა თუ პირბადეების გამოყენება მიაღწევს 95%-ს, ლოქდაუნები აღარ იქნება საჭირო. მაგრამ პირბადეების გამოყენების 60%-იანი ან უფრო დაბალი მაჩვენებლით ძალიან რთული იქნება ლოქდაუნების არიდება”.

კლუგეს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში COVID19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი 18%-ით გაიზარდა. გასულ კვირას ევროპამ კოვიდით გარდაცვალების 29 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დააფიქსირა, “ეს არის ყოველ 17 წუთში, COVID 19-sგან გარდაცვლილი ერთი ადამიანი ევროპის რეგიონში”.

ჯანმოს ბოლო მონაცემებით ევროპის რეგიონში კოვიდით გარდაცვალების დაახლოებით 355 000 და კორონავირუსით ინფიცირების 15,7 მილიონი დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან ინფიცირების 4 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა მხოლოდ ნოემბრის თვეში.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების საერთო რაოდენობის 28% და გარდაცვალების 26% ევროპაზე მოდის. ბოლო 14 დღის განმავლობაში ევროპის რეგიონში ქვეყნების 80%-ზე მეტში, ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა – 100-ზე მეტი შემთხვევა 100 000 მოსახლეზე. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია ევროპის რეგიონის ქვეყნების თითქმის მესამედში, სადაც ახალი შემთხვევების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 700 შემთხვევას უტოლდება.

ბათუმში “ლელოს” წევრებს სცემეს

პარტია ლელოს წევრებს, ალექსანდრე მილორავასა და მიშა ქავთარაძეს სცემეს და სიტყვიერად შეურაცხყეს. ინციდენტი დღეს, 19 ნოემბერს მოხდა.

გავრცელდა ინციდენტის ამსახველი კადრები, რომელშიც რამდენიმე პირის ჩხუბი ჩანს. მიშა ქავთარაძის თქმით, მას და ალექსანდრე მილორავას კომპანია “ელიტჰაუსის” წარმომადგენელმა, ბექა თვალაძემ და მისმა მეგობრებმა სცემეს.

„ახვლედიანის ქუჩაზე ერთ-ერთი მოქალაქის დასახმარებლად მივედით. მოქალაქე მელანო დავითაძეს წლებია სამშენებლო კომპანიამ უკანონოდ ჩაუკეტა ეზოში შესასვლელი. სახლი უკანონოდ ააშენეს, სასამართლოც მოგებული აქვთ, მაგრამ კანონი არ სრულდება. გასასვლელი ისე აქვთ ჩაკეტილი, იქ სახანძროს მანქანაც ვერ შევა.

დღეს ამ კონსტრუქციის მოსაშლელად მუშები ჰყავდა მოყვანილი. ჩვენც იქ ვიყავით, რა დროსაც მოვიდა კომპანია „ელიტჰაუსის“ წარმომადგენელი ბექა თვალაძე და დაგვიწყო ჩხუბი. გადავიდა ეგრევე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. ხელოსანი იყო კიბეზე ასული, ამ ადამიანთან მივარდა და მის ჩამოგდებას ცდილობდა – ორჯერ ფეხი მიარტყა. ამის განეიტრალება ვცადეთ მე და ალექსანდრემ. რის შემდეგაც მილორავას შეაგინა და ხელი დაარტყა.

ამის შემდეგ ვიღაც მეგობრებს დაუძახა, ისინიც მოვიდნენ და ხელმეორედ ატყდა ჩხუბი,“ – ამბობს მიშა ქავთარაძე.

ალექსანდრე მილორავა და მიშა ქავთარაძე პოლიციაში გამოკითხეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ჯგუფური თავდასხმის მუხლით დაიწყო.

რაც შეეხება ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე მესერს, რომლის გამოც ინციდენტი მოხდა, ის არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრებმა მოხსნეს და კომპანია „ელიტჰაუსის“ მიერ აშენებული კორპუსის ფასადზე მიაყუდეს.

“ალტერნატივას” წევრების მიერ მოჭრილი მესერი

___

ამავე თემაზე:

ვინ მფარველობდა ბათუმის ცენტრში უკანონო მშენებლობას, რომელიც სასამართლომაც ვერ გააჩერა

ბათუმში ისევ იწვიმებს, მთაში მოთოვს – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 ნოემბრის 21 საათიდან 20 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა.

სინოპტიკოსების ცნობით, მაღალმთიან აჭარაში თოვაა მოსალოდნელი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 21-22 ნოემბერს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში კი – თოვა.

ზღვაზე 4-5-ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი.

________________

ფოტო: „ბათუმელები“

საარჩევნო კომისიის წევრი: ხელფასები არ ჩაგვირიცხეს

ბათუმის 53-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვიქტორია ლოგაჩევა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ კომისიის წევრებს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხელფასი ამ დრომდე არ ჩარიცხვიათ.

„არჩევნების მეორე ტურია უკვე დანიშნული და პირველი ტურის ხელფასი არ მოუციათ. მთელი ერთი თვე ვმორიგეობდით უბნებზე, არჩევნების დღესაც მთელი ღამე ვიმუშავეთ და მეორე დღემდე ვითვლიდით ხმებს და ანაზღაურება არ მიგვიღია. თავიდან 350 ლარზე იყო საუბარი, ახალა იმასაც ამბობენ 300 ლარი იქნებაო“, – ამბობს ვიქტორია ლოგაჩევა, რომელიც აღნიშნულ უბანში „ევროპული საქართველოდან“ არის კომისიის წევრი.

იმას, რომ პირველი ტურის ხელფასები ამ დრომდე არ აუღიათ, ამავე კომისიის წევრი ლიანა არველაძეც ადასტურებს.

„ბათუმელებმა“ ინფორმაცია ცესკოშიც გადაამოწმა, სადაც გვითხრეს, რომ კომისიის წევრებს ხელფასები ნოემბრის ბოლომდე ჩაერიცხებათ.

აჭარაში 7 200 ბავშვს შესაძლოა ინტერნეტის ინდივიდუალური პაკეტი შეუძინონ

აჭარაში 7 200-ზე მეტ მოსწავლეს, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ და კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ ახერხებენ ონლაინგაკვეთილებზე დასწრებას, შესაძლოა ინდივიდუალური ინტერნეტპაკეტი შეუძინონ.

ამის შესახებ ბავშვთა საერთაშორისო ფონდის (UNICEF) განათლების სპეციალისტმა ნათია ჯოხაძემ აღნიშნა ონლაინდისკუსიის დროს, რომელსაც განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამ მიმართულებით თანხის გამოყოფას იუნისეფი აპირებს, თუმცა რამდენლარიანი პაკეტის შეძენა მოხერხდება თითოეული ბავშვისთვის, დეტალები ჯერ არ არის ცნობილი.

როგორც აჭარის განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, ამ დროისთვის ინტერნეტპროვაიდერებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ტარიფსა და სხვა პირობებთან დაკავშირებით. ჯერჯერობით საუბარია ერთთვიან პაკეტზე, თუმცა შესაძლოა პაკეტის მოცულობა გაიზარდოს.

ოფიციალური ინფორმაციით, აჭარაში 60 ათასი მოსწავლე სწავლობს, აქედან მოსწავლეების 12 პროცენტს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს, შესაბამისად, ისინი სრულფასოვნად ვერ მონაწილეობენ სასწავლო პროცესში.

კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღის გამო აჭარაში არსებული ყველა სკოლა დისტანციურ რეჟიმზეა სექტემბრიდან გადასული, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში კი წერტილოვანი შეზღუდვები მოქმედებს ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე.

ევროსასამართლომ მოკლული სერჟანტ შავაძის საქმეზე სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა

2008 წელს მოკლული ჯარისკაცის, როინ შავაძის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, დღეს, 19 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე – „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“.

საქმე ეხება მომჩივან ციცინო შავაძის მეუღლის, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე როინ შავაძის გარდაცვალების ფაქტს.

მომჩივნის დავა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის საფუძველზე შეეხებოდა როინ შავაძის წამებით მოკვლას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ 2008 წელს და აღნიშნული ფაქტის არაეფექტურ გამოძიებას.

23-ე ბატალიონის სერჟანტი, როინ შავაძე 2008 წელს, ცხინვალის ბრძოლებიდან დაბრუნების მეორე დღეს, 16 აგვისტოს, ბათუმში ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა დააკავეს.

თვითმხილველების თქმით, სპეცოპერაციის დროს ნიღბიანები იძახდნენ, რომ სამშობლოს მოღალატეს აკავებდნენ.

იმავე საღამოს როინ შავაძე ოჯახის წევრებმა მორგში მკვდარი იპოვეს.

ოფიციალური ინფორმაციით, სერჟანტი ნარკოტიკული საშუალების შენახვა-რეალიზაციისთვის დააკავეს, ხოლო მისი ლიკვიდაცია გაქცევის მცდელობის გამო მოხდა. ციცინო შავაძის თქმით, ის სასტიკად იყო ნაწამები: „მისი სხეული ტყვიებით იყო დაცხრილული. თითქმის ყველა თითი, მკლავები და ფეხები დამტვრეული, ხორცები დაგლეჯილი ჰქონდა“.

„ევროპული სასამართლოს თანახმად, მომჩივნის მეუღლე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ხელში გარდაიცვალა 2008 წლის 16 აგვისტოს და მომხდარი ფაქტის შემდეგ გამოძიება იმავე ორგანომ დაიწყო და არა პროკურატურამ, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებდა.

მიუხედავად იმისა, რომ საქმე მოგვიანებით პროკურატურას გადაეცა, გამოძიება ეყრდნობოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს.

ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების მიერ განხორციელებული პირველადი და ყველაზე გადამწყვეტი საგამოძიებო მოქმედებები აშკარად არღვევდა კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნებს. როგორც საქმეებში – „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“ და „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ – სტრასბურგის სასამართლოს მიერ იქნა დადგენილი, ამგვარი პროცედურული ხარვეზი არსებითად უშლის ხელს შემდგომი გამოძიების ეფექტურობას.

ზემოაღნიშნულის გამო სტრასბურგის სასამართლომ ჩათვალა, რომ გამოძიება არ იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა მის გაჭიანურებაზე. შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა.

რაც შეეხება მე-2 მუხლის არსებით ნაწილს, სტრასბურგის სასამართლოს თანახმად, მიუხედავად ოფიციალური პოზიციისა, რომ სამართალდამცველთა მიერ როინ შავაძის მიმართ ძალა გამოყენებულ იქნა მისი უკანონო გაქცევის თავიდან ასაცილებლად, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ ყოფილა წარდგენილი. სასამართლომ, ასევე, აღნიშნა, რომ, მიუხედავად მომჩივნის არაერთი მოთხოვნისა 2008-2011 წლებში, მას არ მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი და, შესაბამისად, არ ჰქონდა წვდომა გამოძიების მასალებზე, მათ შორის, გარდაცვლილი მეუღლის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნაზე.

ევროპულმა სასამართლომ, აგრეთვე, მხედველობაში მიიღო თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები და ვიდეომასალა, რომელზეც მკაფიოდ იყო აღბეჭდილი მომჩივნის დაზიანებები, რაც არ შეესაბამებოდა ოფიციალურ პოზიციას, რომ როინ შავაძისთვის სიცოცხლის მოსპობა მოხდა მისი გაქცევის თავიდან ასაცილებლად გამოყენებული ძალის შედეგად.

შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მე-2 მუხლის არსებითი მხარის დარღვევას.

ევროპულმა სასამართლომ მთავრობას მომჩივნის სასარგებლოდ 40 000 ევროს გადახდა დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით“ – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სერჟანტი როინ შავაძე ცხინვალის კონფლიქტში 23-ე ბატალიონის შემადგენლობაში იბრძოდა. მანამდე იგი ასლან აბაშიძის სპეცდანიშნულების რაზმის რიგითი წევრი იყო.

„ჩემს შვილებს სკოლაში არ ვუშვებ“ – სოფლები, სადაც კოვიდის გამო ონლაინსწავლებას ითხოვენ

„სოფელში ბევრს ჰქონდა ვირუსი, მანავის ღვინის ქარხნიდან გავრცელდა, რომელიც მეზობელ სოფელშია და იქ მუშაობდნენ ინფიცირებული ადამიანები. მათ კი გაიარეს კარანტინი, მაგრამ სოფელში კიდევ ბევრს აქვს სიმპტომები, რომლებიც ვერ იტესტებიან. ამიტომ, პირადად მე, ჩემს შვილებს არ ვუშვებ სკოლაში“, – ამბობს „ბათუმელებთან“ მშობელი, რომელიც სოფელ თოხლიაურში ცხოვრობს.

მშობლის თქმით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ამ სოფელში კორონავირუსის შემთხვევების გახშირების გამო სკოლა გარკვეული პერიოდი დისტანციურ სწავლებაზე იყო გადასული, თუმცა 17 ნოემბერს სწავლა ისევ განახლდა.

მშობლის თქმით, ვირუსის გავრცელების რისკები ისევ არსებობს, მით უფრო, რომ აქ ტესტირება აღარ უტარდებათ.

„ბათუმელები“ საგარეჯოს რესურსცენტრის ხელმძღვანელს ესაუბრა და ჰკითხა, შეეძლო თუ არა სკოლას, მშობლების მოთხოვნის შემთხვევაში, სწავლება დისტანციურ რეჟიმზე გადაეყვანა. ცენტრის ხელმძღვანელი მანანა ცუცქირიძე ამბობს, რომ თოხლიაური „ისედაც დისტანციურზეა“. თუმცა, როგორც მშობელი, ასევე სკოლის დირექტორი ირაკლი ჩარკვიანი გვეუბნება, სკოლაში სწავლა სამშაბათს განახლდა. „ბავშვების 30 პროცენტი არ ესწრება გაკვეთილებს, თუმცა იმედი გვაქვს, რომ მოვლენ,“-ამბობს დირექტორი.

მისი თქმით, სკოლას ონლაინსწავლებაზე გადასვლა მხოლოდ რესურსცენტრისა და სამინისტროს თანხმობით შეუძლია, ამისთვის კი მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სკოლას.

რაც შეეხება ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის სკოლას, მანანა ცუცქირიძე ამბობს, რომ ვირუსი სკოლის თანამშრომლებში დადასტურებული არ არის. შესაბამისად, სწავლას ვერ შეწყვეტენ. „სკოლის გარეთ გადადების რისკი არის ყველგან, ამიტომ ამ მიზეზით სკოლის დაკეტვის ბერკეტი ჩვენ არ გვაქვს“, – ამბობს ის. ცუცქირიძის თქმით, თუ მშობლებს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა სურთ, ამას რესურსცენტრთან შეთანხმების გარეშე ვერ გააკეთებენ, რესურსცენტრმა კი მოთხოვნა სამინისტროს უნდა შეუთანხმოს.

„ბათუმელები“ მცხეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ბექა იორდანიშვილსაც ესაუბრა – როგორც აღმოჩნდა ამ მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოშიც ითხოვენ მშობლები ონლაინსწავლებას. იორდანიშვილი ამბობს, რომ მშობლების სურვილის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. „მშობლებს არ მოუმართავთ და ასე რომც ყოფილიყო, ამ გადაწყვეტილებას რესურსცენტრი არ იღებს, ეს უნდა გადაწყვიტოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა. მან უნდა შეისწავლოს თითოეული კონტაქტი და დადგინდეს რისკების ხარისხი“, – ამბობს ის.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი მეგი კავთუაშვილი ამბობს, რომ მათ არაერთი მშობელი უკავშირდება, რომლებსაც სასწავლო პროცესის დისტანციურ ფორმატში გადატანა სურთ, თუმცა ამაზე სკოლები და რესურსცენტრები არ თანხმდებიან.

„ერთ-ერთი მშობელი მწერდა, რომ უნდოდათ განცხადებით მიემართათ რესურსცენტრებისთვის, მაგრამ „ზოგმა დამრიგებელმა თავი გაიგიჟა, რას ჰქვია განცხადებებს წერთო. დირექტორმა ჩემს თვალწინ დარეკა რესურსცენტრში და სიცილით უთხრა, ეშინიათ მშობლებს კორონასი, ვიღაც აგულიანებთ ალბათ და რამდენიმე განცხადებით არის მოსულიო“, – გვეუბნება მეგი კავთუაშვილი. მისი თქმით, სოფლებში, საიდანაც მშობლები მათ ორგანიზაციას უკავშირდებიან, მოქალაქეებს კორონავირუსის სიმპტომები ისევ აქვთ.

„გვწერენ, რომ მაღაზიის გამყიდველს აქვს სოფელში სიცხე რამდენიმე დღეა, ბაღის მასწავლებლებს დაუდასტურდათ ვირუსი, მაგრამ ოჯახის ექიმი, რომელიც ამ ხალხს ემსახურება, მხოლოდ სატელეფონო კონსულტაციით შემოიფარგლება და არ თვლის საჭიროდ, რომ ამ ადამიანებმა ტესტირება ჩაიტარონ, მაშინ როცა ადამიანები გვეუბნებიან, რომ მათი ბიცოლა, ბებია გემოს ვერ გრძნობს პირში, ასეთი პირები მუშაობენ, მოძრაობენ ქუჩაში, კოვიდი აქვს მღვდელს, რომელიც წირვას ატარებს სოფელში და ამ ფონს სახელმწიფო არ იმჩნევს.

მშობლები იხვეწებიან, რომ ჩაუტარონ მათ შვილებს ონლაინგაკვეთილები და უარს ეუბნება სკოლა. მშობლებს არ აქვთ უსაფრთხოების განცდა და არც უშვებენ სკოლაში შვილებს, რადგან უყურებენ რა ხდება ქვეყანაში, რომ კლინიკებშიც კი ვეღარ გადაჰყავთ ინფიცირებული ადამიანები“, – ამბობს მეგი.

მისი აზრით, განათლების სამინისტრომ თავის დადგენილებებს უნდა გადახედოს, რადგან გაზაფხულის შემდეგ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში ბევრად უფრო მძიმეა. „თუ ჩვენ სასწორზე გვიდევს – სიცოცხლე თუ განათლება, მაშინ ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს. ჩვენ უკვე გვაქვს პედაგოგების ინფიცირების და გარდაცვალების მაგალითები, ადამიანი იხვეწებოდა, რომ ერთ-ერთი მშობელი მაინც გადაერჩინათ და ვერ გადაურჩინეს. ეს ჩვენი შეცდომებია და ხომ შეიძლება ამ შეცდომებზე ვისწავლოთ“, – ამბობს კავთუაშვილი.

18 ნოემბერს „განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის“ ორგანიზებით ონლაინდისკუსია გაიმართა განათლების საკითხებსა და იმ პრობლემებზე, რომლებიც პანდემიის პერიოდში წარმოიშვა. დისკუსიაზე ითქვა, რომ მსგავს სიტუაციაში სკოლას უნდა შეეძლოს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება.

ბავშვთა ფონდის (UNICEF) განათლების სპეციალისტის, ნათია ჯოხაძის აზრით, რომელიც ესწრებოდა ონლაინდისკუსიას, სახელმწიფო ამბობს, რომ განათლების სისტემა არის ინდივიდუალიზებული და ყველა ბავშვს ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ. „მაშინ ასეთ შემთხვევებშიც ინდივიდუალურად უნდა შეეძლოთ სკოლებს გადაწყვეტილების მიღება. ამის გარეშე განათლების პოლიტიკა აღარ კეთდება“, – ამბობს ის.

შეუძლიათ თუ არა სკოლებს ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მშობლების მოთხოვნის გათვალისწინება? – ვკითხეთ განათლების სამინისტროს, თუმცა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუკეთებია განმარტება, როგორ უნდა მოიქცნენ სკოლები. სხვადასხვა დროს გაკეთებულ კომენტარებში კი სამინისტროს წარმომადგენლები აქამდე იმაზე საუბრობდნენ, რომ სკოლებს შეუძლიათ იმუშაონ როგორც დისტანციური, ასევე შერეული მოდელით. თუმცა ამაზე გადაწყვეტილება ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებმა უნდა მიიღონ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე.

______________________________

მთავარი ფოტო: სოფელ ხაშმის საჯარო სკოლა/ფეისბუკის გვერდიდან

ოპოზიციის განცხადება და რეკომენდაციები აჭარაში შექმნილ ეპიდსიტუაციაზე

აჭარაში ერთიანი ოპოზიცია, რომელიც სხვადასხვა პარტიას აერთიანებს, აცხადებს, რომ რეგიონში შექმნილი ეპიდსიტუაციის პირობებში ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლის პირასაა. ოპოზიცია რეკომენდაციებს სთავაზობს მთავრობას.

განცხადების ტექტს მცირე შემოკლებით გთავაზობთ:

„სამედიცინო სისტემა გადატვირთულია და ფაქტობრივად ჩამოშლის ზღვარზეა. სისტემა ვერ ახდენს დროულ რეაგირებას წარმოქმნილ პრობლემებზე. ძალიან მნიშვნელოვანია პრობლემები დავინახოთ დროულად და მათზე რეაგირება მოხდეს პროაქტიულად და არა პოსტფაქტუმ, როგორც დღეს ხდება.

ყურადღებას გავამახვილებთ იმ ძირითად სისტემურ პრობლემებზე, რომელმაც მიგვიყვანა დღევანდელ სავალალო შედეგებამდე.

წარმატებით განვლილი პანდემიის პირველი ტალღის შემდეგ დაიკარგა ესოდენ მნიშვნელოვანი დრო და ფაქტობრივად არაფერი გაკეთებულა მეორე ტალღისთვის მზადყოფნის კუთხით.

ა) არ მოხდა პირველადი ჯანდაცვის ექიმების მომზადება კოვიდინფექციის მართვაში ჩასართავად.
ბ) ვერ მოხერხდა სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტის აღმოფხვრა.
გ) ვერ მოხერხდა კადრების მობილიზება.
დ) ვერ მოხერხდა საწოლფონდის დროული მობილიზება.

შედეგად მივიღეთ სიტუაცია, როდესაც ჩვენს ხელთ არსებული მწირი რესურსების არასწორად მართვა და განაწილება ხდება.

ამასთან დაკავშირებით, კოლეგებთან კონსულტაციების შედეგად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია შემდეგი ზომების მიღება:

1). უნდა მოწესრიგდეს დიაგნოსტირების და პაციენტის შემდგომი მართვის ოპტიმალური სქემა.

ახლა პაციენტი სიმპტომების გამოვლენიდან კოვიდკლინიკაში ან თვითიზოლაციაში მოხვედრამდე გადის საკმაოდ რთულ და ხანგრძლივ გზას.

მაგალითად, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტი უკავშირდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ან ოჯახის ექიმს, შემდეგ მიდის ცხელების ცენტრში. პროტოკოლით მისი გადაყვანა უნდა მოხდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით; პაციენტი PCR ტესტის აღებიდან 24 საათი უნდა განთავსდეს ცხელების ცენტრში, დადებითი პასუხის შემთხვევაში ის გადადის კოვიდსასტუმროში, დაავადების სიმძიმის დასადგენად ისევ სასწრაფო დახმარების მანქანით გადადის კოვიდკლინიკაში, სადაც უტარდება კტ კვლევა და ლაბორატორიული ანალიზები, ბრუნდება კოვიდსასტუმროში, სადაც ხდება პაციენტის მდგომარეობის შეფასება და აუცილებლობის შემთხვევაში პაციენტი ისევ გადაჰყავთ კოვიდკლინიკაში. აღწერილი სქემა არახარჯთეფექტურია და ზედმეტად ტვირთავს ისედაც გადატვირთულ სასწრაფო დახმარების სისტემას.

2) პრობლემურია სამედიცინო პერსონალის აღჭურვა/გადამზადების და ანაზღაურების საკითხი. ჩვენი არაერთი მიმართვის შემდეგ სახელმწიფომ შემოიღო სახელმწიფო დანამატი, მაგრამ ეს თანხები პირდაპირ არ მიდის სამედიცინო პერსონალთან და დღეს არსებული ინფორმაციით რამდენიმე კლინიკაში არ აპირებენ მის გაცემას. ადმინისტრაციის არგუმენტია, ისედაც მაღალ ანაზღაურებას გაძლევთო, რაც საკმაოდ ცინიკურად ჟღერს.

3). დედაქალაქიდან მოვლენილი ე.წ. ჯანდაცვის „ნამესტნიკები“, იმის მაგივრად, რომ დაკავებული იყვნენ მენეჯმენტსა და ლოჯისტიკაში შექმნილი საკითხების მოგვარებით, დაკავებული არიან ექიმების დაშინებით, ისტორიების დაკორექტირებისა და ლიცენზიის ჩამორთმევის მუქარით. მათი ძირითადი მოთხოვნაა 3 დღეში მოხდეს პაციენტის გაწერა, მაშინ, როდესაც ძირითადი გართულებები მოდის დაავადების მეორე ეტაპზე.

ჯანდაცვის სისტემის მენეჯმენტის სრული კრახის პირობებში მათი მუქარები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ყოველდღიური სასიცოცხლო რისკის ქვეშ არიან, დანაშაული და ამორალური საქციელია. ცალკე საკითხია „ნამესტნიკების“ ანაზღაურება, რომელიც რამდენჯერმე მეტია უშუალოდ პაციენტთან მომუშავე მედპერსონალის ანაზღაურებაზე. 

4) ვერ მოხერხდა საინფორმაციო სისტემის გამართვა. დაავადებული პაციენტი სრულ გაუგებრობაშია პირველი სიმპტომის გამოვლენიდან დაავადების დასრულებამდე. ინფორმაციის მოპოვება ფაქტობრივად შეუძლებელია ყველა ეტაპზე.

5) ისეთი დიდი კატაკლიზმების დროს, როგორიც პანდემიაა, უმნიშვნელოვანესი საკითხია ფინანსების სწორად და მიზნობრივად მართვა. სრულიად გაუმჭვირვალედ ხდება ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან მიღებული ფინანსური დახმარების თუ ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულის ხარჯვა. იმის მაგივრად გაეძლიერებინათ ჯანდაცვის სექტორი [გადამზადება, აღჭურვა, ღირსეული და რისკის შესაბამისი ანაზღაურება, ინფექციური კონტროლის ღონისძიებების გაძლიერება, სამედიცინო აპარატურით უზრუნველყოფა, საწოლფონდის მომზადება მეორე ტალღისთვის] მილიონობით ლარი დახარჯეს ე.წ. ციხე კარანტინში, რამაც საბოლოო ჯამში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ნულოვანი ეფექტი იქონია.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაუდებლად აუცილებელია:

მოწესრიგდეს და გამარტივდეს კორონავირუსით დაავადების დიაგნოსტირების და სორტირების ეტაპი, სიმპტომების გამოვლენიდან შესაბამის მკურნალობის ადგილამდე [კოვიდკლინიკა, კოვიდსასტუმრო, ბინაზე მკურნალობა] პაციენტის განთავსებამდე;

გაიზარდოს ცხელების ცენტრების რაოდენობა თუნდაც კოვიდკლინიკების ხარჯზე, რომლებსაც არ სჭირდებათ დამატებითი აღჭურვა;

ბათუმში უკვე მოქმედი 2 ცხელების ცენტრი აღიჭურვოს კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატებით“.

____________

ფოტოზე: ოპოზიციის აქცია ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“

 

დედას კოვიდი აქვს, საწოლიდან ვეღარ დგება 39 სიცხით, სასწრაფო არ მოდის

16 ნოემბერს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატრინე ტიკარაძემ ეპიდსიტუაციაზე საუბრუსას თქვა, რომ „[პაციენტების] მიღებისა და ჰოსპიტალიზაციის პროცენტი რჩება საკმაოდ მაღალი, რაც გამოწვეულია იმით, რომ ხდება საკმაოდ გვიანი დაკავშირება ოჯახის ექიმთან და, შესაბამისად, სიმტპომის დადგენაც“. თუმცა სოციალურ ქსელებში ხშირად წერენ ისტორიებს, როცა მწვავე სიმპტომებისას, უკვე დადასტურებული ინფიცირებულების მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაშიც კი, ვერ მოდის სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პრობლემაა ოჯახის ექიმთან კომუნიკაციაც თანმიმდევრული მკურნალობისთვის დანიშნულების მისაღებად.

ოზურგეთის სოფელ ბოხვაურში მცხოვრები 55 წლის ნაირა ნებიერიძე კოვიდინფიცირებულია. როგორც მისი შვილი, ნათია სიხარულიძე გვეუბნება, ინფიცირებულს მე-12 დღეა მაღალი სიცხე აქვს, ყოველდღე – 38, 39 გრადუსი.

„თავიდან ტესტსაც არ გვაკეთებინებდა ოჯახის ექიმი, დედაჩემს კოვიდინფიცირებულ ოჯახის წევრთან ჰქონდა კონტაქტი და ექიმი გვეუბნებოდა არ არის საჭირო ტესტი, აუცილებლად დაინფიცირებული იქნება, წამლების ჩვეულ რეჟიმს მისდიეთო.

მეორე ოჯახის ექიმმა სულ სხვაგვარად გვითხრა: ვერ მოგხედავთ, თუ ტესტი არ გექნებათ გაკეთებულიო.

მაღალი სიცხით წავიყვანეთ დედა და დავაყენეთ საავადმყოფოს უზარმაზარ რიგში, ცალკე თავგადასავალი იყო ჩხუბი და დავიდარაბა იქ. დღეს დაუდასტურდა ოფიციალურად კოვიდი. დღითიდღე უფრო მძიმდება მდგომარეობა, საერთო სისუსტე აქვს, რამდენიმე დღის წინ გონება დაკარგა და ჩვენით მოვასულიერეთ. საწოლიდან ვეღარ დგება. რამდენიმე დღეა ვრეკავთ სასწრაფოში და არავინ მოდის.

ზეპირად იციან 112-ში ჩვენი მისამართი. თქვენი საქმე გადაცემულია, მაგრამ არ ვიცით როდის მოვლენო.

არ ვითხოვ, რომ საავადმყოფოში დაიტოვონ. გვინდა ანალიზები მაინც გაუკეთონ და გადაუღონ რენტგენი, რამდენად აქვს ფილტვი დაზიანებული. ჩვენით არ მიგვყავს კლინიკაში, არ გვსურს ვინმეს საფრთხე შევუქმნათ, მაგრამ გამოდის, რომ ვერც ფილტვებს გადავუღებთ და ვერც ანალიზს გავუკეთებთ, თუ თავად არ მივიყვანთ საავადმყოფოში.

ერთი კონკრეტული ოჯახის ექიმი არ გვყავს, ერთი ნომერი მოგვცეს და ყოველ ჯერზე სხვადასხვა ადამიანი გვპასუხობს. ყველა მათგანი სხვადასხვა რამეს გვეუბნება.

ახლა გვითხრეს, ჩვენ არ გვეხება ეს პაციენტი და სოფლის ექიმს დაუკავშირდითო და ა.შ.

ყველა ექიმი პარაცეტამოლს გვინიშნავს სიცხის დასაწევად, რომელიც არ გვშველის.  ერთ-ერთმა ექიმმა ანტიბიოტიკი დაგვინიშნა, რასაც ასევე 7 დღეა სვამს დედა უშედეგოდ. აღარც ვიცი უკვე ეს ანტიბიოტიკი უნდა გააგრძელოს თუ არა.

ვისაც ვესაუბრეთ ყველა ოჯახის ექიმი გვიდასტურებს, რომ დედას მდგომარეობა მძიმეა და გადასაყვანია საავადმყოფოში, მაგრამ როგორ უნდა მოხერხდეს ეს, არ იციან.

ვშიშობ, რომ საერთო სისუსტე და ის, რომ გული აქვს ცუდად, ფილტვებითაა განპირობებული. უბუჟდება და ეკრუნჩხება ხელები. არ ვიცი, ამ დროს რა უნდა ვქნა, სჭირდება თუ არა სისხლის გამათხელებლები, ხომ უნდა მითხრას ვინმემ. ისევ პარაცეტამოლსა და აუგმენტინზეა დედა, რომელიც არ შველის. ოჯახის ექიმები ანალიზის გარეშე არ გვიცვლიან დანიშნულებას,“ – გვითხრა პაციენტის შვილმა, რომელიც სასწრაფოს დროულად მისვლას ითხოვს.

რა მოხდა ბათუმის ნავთობტერმინალში და რა დარღვევები აღმოაჩინეს 2019 წელს

2020 წლის 16 ნოემბრის დილას ბათუმის თავზე შავი კვამლი გაჩნდა. პორტთან ახლოს, ბათუმის ნავთობტერმინალში ნავთობის ცისტერნა აფეთქდა.

ნავთობტერმინალის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, „დიზელის უბნის სარკინიგზო ესტაკადაზე, ვაგონში პროდუქტის ჩასხმის დროს, დაირღვა ჰერმეტულობა ჩამსხმელი მილის, რომლითაც ვაგონი იტვირთებოდა [მილი ამოვარდა ვაგონის საყელოდან], დაიღვარა პროდუქცია, რასაც მოყვა აალება“.

ამ ხანძართან დაკავშირებით კომპანიის მიერ გავრცელებული სხვა განცხადება ინტერნეტში არ იძებნება.

რა მოხდა რეალურად, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ ისევ არ არის ცნობილი. ბათუმის ნავთობტერმინალის სამშენებლო უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ლევან ბერიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მიმდინარეობს მოკვლევა და მოკვლევის პირველადი შედეგები 25 ნოემბრამდე გახდება ცნობილი.

„ტერმინალის ტერიტორიაზე განხორციელდა დათვალიერება და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია სამმართველოში ადმინისტრაციული წარმოება. მიმდინარეობს დოკუმენტალური დამუშავება. იმის მიხედვით, რა გამოიკვეთება, გატარდება შესაბამისი ადმინისტრაციული ღონისძიება,“ – ამბობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების უფროსი ნატო დავითაძე „ბათუმელებთან“.

ბათუმის ნავთობტერმინალი

რა ხდება ბათუმის ნავთობტერმინალში?

ბათუმის ნავთობტერმინალი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2019 წლის ივნისში არაგეგმიურად შეამოწმა.

ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, ნავთობტერმინალი არ ასრულებდა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მოთხოვნებს – სახიფათო ნარჩენები ტერმინალის ტერიტორიაზე ჰქონდა განთავსებული, ტერიტორია ნავთობპროდუქტებით იყო  დაბინძურებული, ასევე არ ჰქონდა შესრულებული ვალდებულება, რომლის მიხედვითაც ძველი რეზერვუარები ახლით  უნდა ჩაენაცვლებინათ.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2019 წლის 12 ივნისს შეადგინა. ოქმი სასამართლომ 2019 წლის 9 ივლისს განიხილა. სასამართლომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ აღმოჩენილი დარღვევები სრულად გაიზიარა და ნავთობტერმინალი 5 ათასი ლარით დააჯარიმა, ამასთან, მისცა ვადა მის გამოსასწორებლად.

იმის  მიუხედავად, რომ შემოწმებიდან 16 თვე გავიდა, ბათუმის ნავთობტერმინალს არც ერთი დარღვევა არ გამოუსწორებია. ბოლო არაგეგმიური შემოწმება ინსპექტირების მიზნით ნავთობტერმინალში 2020 წლის 19 ოქტომბერს ჩატარდა.

[checklist]

  • ამ შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ნავთობტერმინალს არ აქვს მოწყობილი წარმოქმნილი ნარჩენების უსაფრთხო განთავსების ადგილები. რაც ნიშნავს იმას, რომ არ უზრუნველყოფს ტერმინალის რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის დროს წარმოქმნილი ნარჩენების უსაფრთხო განთავსებას და კონტროლს.
  • ამასთან, შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ მეორე ესტაკადის საოპერატორო მომსახურების შენობის უკან დაყრილი იყო ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული რკინის ნარჩენები, გამოცვლილი მილსადენის ნაწილები, პლასტმასის ბოთლები.
  • მეხუთე ესტაკადისა და ნავთის უბნის შუაში დაყრილია სამშენებლო ნარჩენები, მათ შორის მინაბამბა.
  • ძირითად ტერიტორიაზე განთავსებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში მოთავსებული იყო საღებავებითა და ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული ხელთათმანები, რომლებიც სახიფათო ნარჩენების კატეგორიაში გადის.
  • ნედლი ნავთობის შენახვისა და გადატვირთვის სადგურზე, კაპრეშუმის უბანზე, დამხმარე ნაგებობის გვერდით დაყრილი იყო გამოცვლილი სახურავის ნარჩენები.

[/checklist]

ცალკე ხაზგასმულია, რომ ნავთობტერმინალი არ ახორციელებს იმ ღონისძიებებს, რომელთა შესრულება გზშ-ს თანახმად ევალება. კერძოდ, ბათუმის ნავთობტერმინალი ვერ უზრუნველყოფს საწარმო-სანიაღვრე სისტემისა და ნავთობდამჭერების დადგენილი ოპტიმალური საექსპლოატაციო რეჟიმის დაცვას. ტერმინალის ტერიტორიაზე დათვალიერების პროცესში აღმოაჩინეს საწარმოო-სანიაღვრე სისტემის შეტბორვა. დიზელის პარკში კი საკანალიზაციო სისტემა იყო შეტბორილი, რამაც გამოიწვია მაზუთის სარეზერვუარო პარკის ტერიტორიებზე ნავთობით დაბინძურებული წყლების დაგროვება და შესაბამისად ნიადაგისა და გრუნტის წყლების ნავთობის ნახშირწყალბადებით დაბინძურება.

მიუხედავად იმისა, რომ საკმარისზე მეტი  დრო ჰქონდა, ნავთობტერმინალს გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ წარუდგენია შესათანხმებლად საწარმოო უბნებსა და სარეზერვუარო პარკებში ისტორიულად დაბინძურებული ტერიტორიების რეაბილიტაციის ღინისძიებების გეგმა.

სარეზერვო პარკში 19 ოქტომბრის მდგომარეობით არ იყო მოხსნილი ნავთობით ძლიერ დაბინძურებული ნიადაგის ფენა, შესაბამისად არ იყო ახალი გრუნტი შეტანილი.

ინსპექტირებით დადგინდა, რომ ძირითადი ტერიტორიის დიზელის პარკში მე-7 და მე-9 რეზერვუარების მიმდებარედ დაბინძურებულია ტერიტორია ნავთობპროდუქტებით. ასევე 2-22-21 რეზერვუარების მიმდებარე ესტაკადის მხრიდან დაბინძურებულია ნავთობპროდუქტებით ტერიტორია.

19 ოქტომბერს ჩატარებულ  ინსპექტირებაზე სამართალდარღვევის ოქმი 5 ნოემბერს შედგა. სასამართლო სხდომა ჯერ არ გამართულა. თუმცა ნავთობტერმინალის წარმომადგენელმა უარი  თქვა ოქმზე ხელის მოწერაზე. ასე მოიქცა პირველ შემთხვევაშიც, როცა 2019 წელს არსებული დარღვევების გამო დაჯარიმდა.

 რას ამბობს ბათუმის ნავთობტერმინალი

„ბათუმის ნავთობტერმინალი“ კერძო მფლობელობაშია. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ საქმიანობა, რომელსაც ეწევა, დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, მასაც აქვს თავისი ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე.

მცდელობის მიუხედავად, ვერ შევძელით ნავთობტერმინალისგან ინფორმაციის მიღება, რატომ არ ასრულებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით ნაკისრ ვალდებულებებს. ასევე, დაჯარიმების მიუხედავად, რატომ არ გამოასწორა ის ხარვეზები, რაზეც მას სახელმწიფო უწყებამ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მიუთითა.

ბათუმში ენმ-ს ოფისის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ბათუმში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შენობის ფასადის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი ამხილა, რომელიც ჩადენილ ქმედებას აღიარებს.

ბათუმში, 15 ნოემბერს, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ენმ-ს ოფისის შუშა ჩაამსხვრიეს:

[red_box]ბათუმში ენმ-ის ოფისის შუშა ჩაამსხვრიეს – დაწყებულია გამოძიება[/red_box]

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე, პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის შენობის გარე ფასადის დაზიანების ფაქტზე 1972 წელს დაბადებული ბ.წ. ამხილა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბ.წ.-მ მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, ბათუმში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის შენობას ქვა ესროლა და გარე ფასადის მინა დააზიანა. ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ დაზიანებული მინის ღირებულება შეადგენს 145 ლარს.“ – აცხადებს შსს.

სამინისტროს ინფორმაციით, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ლევან ვარშალომიძე: სირცხვილის კორიდორებს მოვუწყობთ მათ, ვინც გააყალბა არჩევნები

„არ მიიღოთ მონაწილეობა ამ მეორე ფარსში, რაც გააკეთა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა დღეს, 19 ნოემბერს, ლევან ვარშალომიძემ აჭარის მთავრობის სახლის წინ, სადაც ოპოზიციის საპროტესტო აქციები გრძელდება. ლევან ვარშალომიძემ და მეორე ტურში გადასულმა სხვა კანდიდატებმა „გაერთიანებული ოპოზიციიდან“ ცესკოს, ასევე უსკოს მიმართეს, რომ ისინი არჩევნების მეორე ტურში არ მონაწილეობენ.

ამის მიუხედავად, 21 ნოემბერს დაგეგმილ მეორე ტურისთვის განკუთვნილ ბიულეტენში ლევან ვარშალომიძის გვარი მაინც იქნება ჩაწერილი.

ლევან ვარშალომიძის თქმით, ოპოზიცია ყველა უბანზე გააპროტესტებს არჩევნების შედეგების გაყალბებას.

„ჩვენ ამას გავაპროტესტებთ ყველა უბანზე. პროტესტის ფორმაზე ყველა პარტიასთან ერთად შევჯერდებით და ხვალ გეტყვით,“ – დასძინა ლევან ვარშალომიძემ.

ლევან ვარშალომიძის განმარტებით, სირცხვილის კორიდორები გაკეთდება, „მაგრამ ამას გავუკეთებთ იმ ადამიანებს, ვინც გააყალბა ეს არჩევნები“, – თქვა მან.

„გაერთიანებული ოპოზიციის“ კიდევ ერთი ლიდერის, გიორგი კირთაძის თქმით, ისინი სირცხვილის კორიდორებს არ უწყობენ ამომრჩეველს, რომელიც, მაგალითად, ბათუმში ჩათვლის, რომ „ხსნა რესან კონცელიძის არჩევაშია“.

ჯელალ ქიქავა დააჯარიმეს, აქციის მეორე მონაწილე გაამართლეს – სასამართლოს გადაწყვეტილება

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაკავებული ჯელალ ქიქავა 1000 ლარით დააჯარიმა, ხოლო აქცის მეორე მონაწილე – რამაზ შაინიძე გაამართლა.

ორივე მათგანი საპროტესტო აქციაზე  ადმინისტრაციული წესით 17 ნოემბერს დააკავეს. დაპირისპირება აჭარის მთავრობის შენობასთან სტიკერების გაკვრის გამო დაიწყო.

ჯელალ ქიქავას საქმეზე მოსამართლე სალიხ შაინიძემ გუშინ, 18 ნოემბერს იმსჯელა, ხოლო რამაზ შაინიძის მიმართ მოსამართლე როინ კახიძემ შეაჩერა ადმინისტრაციული საქმისწარმოება.

ბიზნესისთვის დღგ-ს ავტომატურად დაბრუნება იწყება – გახარია

დღეს, 19 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სახელმწიფო იწყებს ბიზნესისთვის დღგ-ს ავტომატური დაბრუნების პროექტის განხორციელებას, რაც პანდემიის პირობებში ბიზნესს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმარება.

„ეს ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 150 ათას კომპანიას ექნება შესაძლებლობა ავტომატურად დაიბრუნოს დღგ. ყოველწლიურად, დაახლოებით მილიარდი ლარი მომენტალურად დაუბრუნდება ბიზნესს.

ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას დღევანდელ ეკონომიკურ კრიზისში“, – ამბობს გიორგი გახარია.

სანაპიროდან 700 მეტრში, ზღვაში კაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, ზღვაში კაცის ცხედარი იპოვეს. ამ დრომდე მიმდინარეობს ცხედრის იდენტიფიკაცია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცხედარი 700 მეტრის რადიუსში ამ დილით იპოვეს. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კოვიდის 664 ახალი შემთხვევა აჭარაში, გარდაიცვალა 8 პაციენტი

19 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 664 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი.

ბოლო 24 საათში აჭარაში გამოჯანმრთელდა 583 პაციენტი.

ამ ეტაპზე აჭარაში 928 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე ჰოსპიტალურ სექტორში, აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 115 ადამიანი.

აჭარაში 1 679 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში, საკარანტინო სივრცეშია 1 133 პირი. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კოვიდით ინფიცირების 3 697 ახალი შემთხვევა.

მთავრობის ცნობით, აჭარაში თვითიზოლაციაში იმყოფება  18 066 ადამიანი.

კორონავირუსის 3697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 38 პირი – 19 ნოემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის, აჭარაში – 664. ამავე პერიოდში გარდაიცავალა – 38, გამოჯანმრთელდა – 2409 პირი.

უწყებათშორისი საბჭოს ინფორმაციით, პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  93 092-ს.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 38 ადამიანი, მათ შორის, თბილისში –  16,  აჭარაში – 8, იმერეთში – 8, შიდა ქართლში – 1, ქვემო ქართლში – 3, ხოლო კახეთში – 2 ადამიანი.  2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ  853 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.

 

„37%-მდე მკურნალობს ჰოსპიტალურ სექტორში, რასაც ვერ გაუძლებს ალბათ ვერც ერთი ქვეყანა“

ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორის, დავით გადელიას თქმით, საქართველოში კორონავირუსზე ჰოსპიტალურ სექტორში ინფიცირებულების 37% -მდე მკურნალობს, რასაც, მისივე თქმით, ვერ გაუძლებს „ალბათ ვერც ერთი ქვეყანა“.

ამის შესახებ დავით გადელიამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკურ ჯგუფს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა გუშინ, 18 ნოემბერს.

„ქვეყანაში არის ძალიან მაღალი თანაფარდობა ჰოსპიტალურ სექტორში მყოფ პაციენტებსა და ბინაზე, ან კოვიდსასტუმროებში მყოფ ადამიანებს შორის.

მიღებულია, რომ 15-20 % იყოს, ჩვენთან 37 %-მდე მკურნალობს ჰოსპიტალურ სექტორში, რასაც ვერ გაუძლებს ალბათ ვერც ერთი ქვეყანა. ძალიან გვინდა ეს რაოდენობა ისე გადანაწილდეს, რომ რაც შეიძლება მეტმა შედარებით მსუბუქმა პაციენტმა იმკურნალოს სახლის, ან კიდევ უკეთესი – კოვიდსასტუმროს პირობებში, რისი საშუალებაც ჩვენ გვაქვს.

ეს მართლა საქართველოში არის ასე, რომ ადამიანებს აქვთ საშუალება იმკურნალონ კოვიდ-სასტუმროებში, სადაც არის ელემენტარული თერაპიული მეთვალყურეობის საშუალება,“ – განაცხადა დავით გადელიამ.

ევრო 2000-ის გერმანული ენის კათედრის ონლაინგამოცდის წარმატებული მაგალითი

პანდემიით განპირობებულმა ონლაინსწავლებამ ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა.

გაჩნდა მოთხოვნა, შეგვექმნა ახალი რესურსები, შეგვემუშავებინა ახალი მეთოდები გაკვეთილის პროდუქტიულად და შედეგზე ორიენტირებულად წარმართვისთვის, რათა მიგვეღწია იმავე შედეგისთვის, რასაც ვაღწევთ საკლასო ოთახის პირობებში, კერძოდ, ენის ოთხივე კომპეტენციის (კითხვა, მოსმენა, წერა და საუბარი) საკომუნიკაციო დონეზე განვითარება და მოსწავლეთა მიზანმიმართული ინტენსიური მომზადება გერმანული ენის დიპლომის (DSD I (B1) და DSD II (B2-C1) საერთაშორისო გამოცდისთვის, რომელსაც  უძღვის პრეგამოცდა ორივე ტიპის დიპლომისთვის მოსწავლეთა სათანადო მზაობის დადგენისა და მათი გამოცდაზე დარეგისტრირების მიზნით.

აღნიშნული პრეგამოცდა საკლასო ოთახში მუშაობის პერიოდში ტარდებოდა წერილობით, გერმანული მხარის მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვით. არსებულ სინამდვილეში საჭირო გახდა პრეგამოცდის მოდიფიცირება. გერმანული ენის კათედრის გამოცდილმა წევრმა, ირმა დავითაძემ კოლეგებს შემოგვთავაზა პრეგამოცდის ახალი მოდელი, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, პრეგამოცდა ობიექტურად და გამოცდის ფორმატის გათვალისწინებით, ზეპირი სახით ჩაგვეტარებინა.

საგამოცდო კომისია შედგა ორი მასწავლებლისგან და გამჭვირვალობის მიზნით გამოცდას გამოსაცდელი მოსწავლის გარდა სამი სხვა მოსწავლეც ესწრებოდა. მიზანი მიღწეულ იქნა, გამოცდა ჩატარდა ხარვეზების გარეშე.

აღნიშნული გამოცდილება და პრეგამოცდის მასალები მივაწოდეთ ZfA-ს (უცხოეთში მოქმედი გერმანიის ცენტრალური სასკოლო სამსახური) კოორდინატორს საქართველოში ქალბატონ ანგელა შმიდტს, რომლის ორგანიზებითაც ტარდება გერმანული ენის დიპლომის სკოლებში ზემოთ აღნიშნული გამოცდები. ანგელა შმიდტმა ჩვენ მიერ გაგზავნილი მასალები შეაფასა მეთოდურად და ტექნიკურად გამართულად (თითოეული მოსწავლის გამოცდა ჩაწერილია ვიდეოს სახით პერსონალურ მონაცემთა სრული დაცვით და მშობლების ოფიციალური თანხმობით). ქალბატონმა ანგელამ ითხოვა ნებართვა, აღნიშნული მასალების ქართველი და უცხოელი კოლეგებისთვის გაზიარების და შემდგომში მისი, როგორც პირველი ექსპერიმენტული ონლაინმოდელის პრაქტიკაში შესაძლო დანერგვის მიზნით.

გერმანიის ქ. ბონის ZfA-ს ცენტრალურ ოფისში სკოლა ევრო 2000-ის გერმანული ენის კათედრიდან გაგზავნილი მასალები შეფასდა, როგორც „best practice“ ონლაინპრეგამოცდის ნიმუში, რომელიც მალე მთელ მსოფლიოს მოივლის. ეს არის უდავოდ ძალიან დიდი წარმატება და მომავალი მუშაობისთვის მეტ ძალასა და მოტივაციას გვმატებს.

მოხატული სადარბაზოები ბათუმში

ბათუმში სულ რამდენიმე მოხატული და მოჩუქურთმებული სადარბაზოა. ალბათ იმიტომ, რომ ასეთი სადარბაზოების დიდი ნაწილი ოდესღაც გადაღებეს და მათი პირვანდელი იერსახეც დაიკარგა. საუკუნის დასაწყისის ძველ ბათუმში სახლის არქიტექტურა და სადარბაზოს უხვი დეკორი, მოხატულობა, მეპატრონის განსაკუთრებულ სტატუსს უსვამდა ხაზს, რისთვისაც ისინი ფულს და ძალისხმევას არ იშურებდნენ მაშინდელი საუკეთესო არქიტექტორებისა თუ მხატვრებისთვის.

  • ირ. აბაშიძის ქ. №3

ეს ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოა ირ. აბაშიძის ქუჩაზე, სადარბაზოს კედლებზე კლასიცისტურ სტილში შესრულებული ფერწერაა შემორჩენილი. ჯერ ისევ ჩანს ნახატი პორტით და ნავებით, ვხედავთ ტაძრის გამოსახულებასაც, თუმცა საღებავი ჩამოკაწრული და დაზიანებულია. შედარებით კარგადაა შენახული ჭერის მხატვრობა და ჩუქურთმები. მნახველის ყურადღებას იქცევს ფერების სიუხვე, ზღვისპირა ქალაქისთვის დამახასიათებელი თემები და ჭერის ფაქიზად გამოყვანილი ორნამენტები.

  • ვაჟა-ფშაველას №28

 

ეს სახლი პოდპოლკოვნიკ პომორსკის ეკუთვნოდა, რომლის პროექტითაც აშენდა 1904 წელს ბათუმის მეორე (ყოფილი პირველი) საჯარო სკოლა – მაშინდელი ქალთა გიმნაზია.

პომორსკის სახლი XIX-XX საუკუნის მიჯნაზეა ნაგები, რენესანსულ და ბაროკოს სტილშია გადაწყვეტილი სახლის მთავარი ფასადი, რომელიც ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე გამოდის. სადარბაზოს მოხატულობა, ფასადის დეკორის სიუხვე და ქუჩის საერთო, არქიტექტურულ ქსოვილთან სრული ჰარმონია სახლს ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ძეგლად აქცევს.

  •  სახლი ვახტანგ გორგასლისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების გადაკვეთაზე

ამ სახლის სადარბაზოს ჭერი და კედლები მქრქალი ცისფერი, მომწვანო და მოვარდისფრო საღებავებითაა მოხატული. მრგვალფორმიანი ანგელოზები წელიწადის სხვადასხვა დროს გამოხატავს.

სახლი 1904 წელსაა აშენებული, კედელზე მხატვრის ხელწერაცაა, მაგრამ გარჩევა შეუძლებელია.

სახლი 1904 წელს აუშენებიათ და თავდაპირველად იგი სომეხ ვაჭარს ეკუთვნოდა. 1921 წლის გასაბჭოების შემდეგ კი ვაჭარი გაუკულაკებიათ და სახლი თბილისელი ექიმის, ზურაბ წერეთლისთვის გადაუციათ.

მაშინდელი პრესა იუწყება, რომ წერეთელი: „ძირითადად შინ იღებდა ავადმყოფებს, თუ ხელმოკლე ბათუმელი იყო, მაშინ წამლებს უფასოდ აძლევდა“.

1950 წელს ზურაბ წერეთელი გარდაცვლილა და სახლში გერმანიიდან ახალჩამოსული, მოგვიანებით კი აჭარის ჯანდაცვის მინისტრი რევაზ ინაიშვილი დასახლებულა ოჯახით.

  • ფარნავაზ მეფის ქ. №51

ბაროკოს სტილის, 140 წლის სახლის ფასადიც იპყრობს ყურადღებას და სადარბაზოს ინტერიერიც, რომლის ჭერზეც ცისფერი ცა, თეთრი ღრუბლები და ვარდის რტოებია გამოსახული. სახლში უნიკალური ბუხარი, 140 წლის წინანდელი კაფელი, სახელურები, მოხატული ჭერი, ძველი კიბე და მოაჯირებია შემორჩენილი.

აქ გადაიღეს სცენები ცნობილი ქართული ფილმისთვის „მონანიება“.

„მთავარი საფიქრალი ახლა სახის შენარჩუნებაა“ – რა იცვლება პომპეოს ვიზიტის შემდეგ

მიუხედავად იმისა, რომ მაიკ პომპეომ ბოიკოტის შეწყვეტისკენ მოუწოდა ოპოზიციას, ქუჩის საპროტესტო აქციები გრძელდება. რამდენიმე დღეში არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რაშიც ოპოზიცია მონაწილეობას არ აპირებს.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიუღებლად მიიჩნევს ბოიკოტს, მაგრამ იმავდროულად, თავისივე განცხადებით ადასტურებს იმ პრობლემების რეალურობას, რაზეც ოპოზიცია საუბრობს საქართველოში.

რას შეცვლის პომპეოს გზავნილები და არჩევნების მეორე ტური? როგორ დაზარალდება ერთპარტიული პარლამენტით „ქართული ოცნება“ და ასევე ოპოზიცია, თუკი ისევ პარლამენტს მიღმა დარჩება, ხოლო არჩევნების ხელახლა ჩატარების მოთხოვნა არ შესრულდება? – „ბათუმელები“ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა.

  • ბატონო გია, იყო თუ არა მოულოდნელი თქვენთვის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი გზავნილი ოპოზიციისგან  ბოიკოტის შეწყვეტაზე? 

არ იყო მოულოდნელი, რადგან მე ამას არჩევნების შემდეგ ვამბობ. ჩემი რეკომენდაცია იყო პარლამენტის კედლებს შიგნით გაგრძელებულიყო ეს პროტესტი. სხვაგვარად პოლიტიკური კრიზისის დაძლევა შეუძლებელია. სხვათა შორის, ამ გადაწყვეტილებით ნათლად იკითხება ის, რომ არჩევნებზე იყო მოსყიდვა, დაშინება და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს სჭირდება გამოძიება. ამიტომ ჯობია, რომ დე ფაქტო მდგომარეობა იქნას გათვალისწინებული, გავითვალისწინოთ ყველა შესაძლო რისკები და პრობლემები ვარკვიოთ პარლამენტის კედლებში. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ამ განცხადებით ადასტურებს იმას, რომ ოპოზიციის პროტესტს აქვს საფუძველი. საუბარია არა შინაარსზე, არამედ რადიკალურ ფორმაზე, რომ ქუჩის პროტესტია მიუღებელი, როცა მანდატი მიიღე და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობ.

  • მერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა ოპოზიციას სამართლებრივ მექანიზმებს მიმართეთო, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ოპოზიციის, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების სარჩელების უმრავლესობის დაკმაყოფილებაზე საოლქო კომისიებმა, შემდეგ კი, სასამართლოებმა უარი თქვეს. 

ეს მექანიზმი ახლა არის პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელსაც აქვს ფართო უფლებები. სხვათა შორის, კომისიის ფორმირება შეუძლია ოპოზიციას ხელისუფლების გარეშე. საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მათ შეუძლიათ დაკითხვაზე დაიბარონ  ყველა ფიგურანტი თამარ ჟვანიათი დაწყებული, საარჩევნო ადმინისტრაციის რიგითი მოხელით დასრულებული. ამ კომისიის მუშაობის შედეგად ჩვენ გვექნება დოკუმენტურად დადასტურებული დასკვნა. ამომრჩეველიც გააკეთებს დასკვნას: იყო თუ არა იმ მასშტაბის გაყალბება, რამაც კრიტიკულად შეცვალა არჩევნების შედეგი. თუ ამ დასკვნას არ გაიზიარებს ხელისუფლება და რიგგარეშე არჩევნებს არ დანიშნავს, შემდეგაც შეიძლება ქუჩაში გასვლა, უკვე შეიარაღებული არა ემოციებით, არამედ დოკუმენტური საბრალდებო დასკვნით.

  • რამდენად ელით, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს? 

მთავარი საფიქრალი ახლა სახის შენარჩუნებაა, სწორი ნაბიჯების გადადგმა სახის შენარჩუნებით. ქუჩის პროტესტს ექნებოდა შედეგი მაშინ, თუკი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იქნებოდა მხარდაჭერა, მაგრამ არ არის ხომ ეს? პირიქით, ყველა ეუბნება, შედით პარლამენტშიო. მე ვფიქრობ, რომ მაინც აქეთკენ უნდა წავიდნენ. შესაძლოა, დღესვე არა, რადგან როგორ უნდა აუხსნან ეს ამომრჩეველს, როცა გუშინ ასეთი გეგმა გქონდა და დღეს პარლამენტში შედიხარ. შესაბამისად, უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები, რომ ხელისუფლება კომპრომისზე წამოიყვანონ. ეს კომპრომისი შესაძლოა იყოს ხელისუფლებისგან იმის პირობა, რომ თუ დასკვნით დადასტურდება გაყალბების მასშტაბურობა, ხელისუფლება იქნება თანახმა, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები.

  • რამდენად ელოდებით ცვლილებებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის კუთხით ბაიდენის პრეზიდენტობის პირობებში? 

გრძელვადიანი ინტერესებთან დაკავშირებით არავითარ ცვლილებას არ ველოდები, თუმცა დემოკრატებისთვის მმართველობის ის მოდელი, რაც ჩვენთან ჩამოყალიბდა, ცოტა გაუგებარი მოდელია. ჩვენ გვაქვს რეალობა, როცა არაინსტიტუციური პირი ფლობს ძალაუფლების ფაქტობრივად 100 პროცენტს, პირი, რომელიც არცერთ სახელისუფლებო შტოში არ არის. ეს მოდელი ბუნებრივია მიუღებელი და უცხოა საერთოდ დემოკრატიისთვის. დემოკრატები განსაკუთრებით მტკივნეულად უყურებენ ასეთ კონტროლს – ოლიგარქიული, მდიდარი ადამიანისგან ძალაუფლების კონტროლი მათთვის განსაკუთრებით გამაღიზიანებელია. იგივე მომენტი ტრამპის ადმინისტრაციისთვის ვერ იქნებოდა გამაღიზიანებელი, რადგან ტრამპიც, როგორც ამბობენ, არცთუ ღარიბი იყო, ისიც ბიზნესიდან იყო მოსული. დემოკრატები უფრო პროფესიულ პოლიტიკას მიყვებიან და მაინცადამაინც ბიზნესმენები არ მოსწონთ პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული პრობლემა გახდება „ქართული ოცნებისა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის.

თუკი იქნება ერთპარტიული პარლამენტი, ეს იქნება ძალიან დიდი უხერხულობა. სულ ასეთი რამდენიმე ქვეყანა და მათ დემოკრატიაზე არანაირი პრეტენზია არ აქვთ.

  • შაბათს არჩევნების მეორე ტურია, თუმცა რეალურად არჩევანის საშუალება ამომრჩეველს არ ექნება. რას ნიშნავს ქვეყნისთვის ასეთი არჩევნები? 

ვითარება ძალიან რთულია თავისი ძალიან ბუნდოვანი განვითარებით. ხელისუფლების ლეგიტიმაცია აშკარა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მათივე დათვლითაც კი, ხელისუფლებას მიღებული აქვს 48 პროცენტი და 52 პროცენტი გადანაწილდა სხვა პარტიებზე. ეს აჩვენებს იმას, რომ აქტიური ამომრჩევლის 50 პროცენტზე მეტს არ მოსწონს ეს ხელისუფლება. ჩვენ ვიღებთ ვითარებას, როცა ასეთი სუსტი ლეგიტიმაციის პირობებში ქვეყანა უნდა მართოს სტერილურმა უმცირესობამ. თანაც, ეს ხდება ძალიან სერიოზული სახელმწიფოებრივი გამოწვევების ფონზე, როგორიც არის კოვიდინფექცია, სოციალურ-ეკონომიკური თუ რეგიონული პრობლემები – მოგეხსენებათ, რომ ყარაბაღის ომმა სტატუსკვო შეცვალა, დიდი გადანაწილების პროცესი დაიწყო. ამ ფონზე სტერილური, სუსტი ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტი არის პრობლემა.

  • რაში შეიძლება გამოიხატოს „სუსტი ლეგიტიმაცია“? როგორც ცნობილია, სამართლებრივი პრობლემა არ შეექმნება მმართველ გუნდს. 

სუსტი ლეგიტიმაციის პირობებში ვიქნებით მუდმივი რყევების და პოლიტიკური კრიზისის პირობებში. კრიზისის პიკი როდის მოჰყვება ამას, არავინ იცის. სამართლებრივი პრობლემაც არსებობს. სუსტი ლეგიტიმაცია უბრალოდ სიტყვები კი არ არის. ეს მოცემულობა პრაქტიკულად, გარანტირებულად ნიშნავს იმას, რომ 4 წელი ხელისუფლება ქვეყანას ვერ მართავს. პრაქტიკულად გარდაუვალია რიგგარეშე არჩევნები.

გარდა ამისა, ამ სერიოზული პრობლემების ფონზე შეიძლება სახელმწიფოს ჰქონდეს იმ ტიპის გადაწყვეტილებები მისაღები, რაც არის საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებული: ეს შეიძლება ეხებოდეს პრეზიდენტის დეკრეტებს, ან თუნდაც ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. არის გადაწყვეტილებები, რომლებსაც მაღალი ქვორუმი სჭირდება. გამოდის, რომ თქვენ ფეხბურთის სათამაშოდ გამოგყავთ ცალი ფეხით კოჭლი ფეხბურთელები. შესაძლოა, მოედანზე თამაშის იმიტაცია მოხდეს, მაგრამ ეს ვერ იქნება სრულფასოვანი თამაში და სულ წაგებული იქნები. აქედან გამომდინარე, რაღაც მომენტში სამართლებრივ ჩიხშიც შედის ხელისუფლება. ისეთი ვითარებაა ქვეყანაში, რომ ეს სამართლებრივი მოცემულობა აუცილებლად დადგება. მე, მაგალითად, მომხრე ვარ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები შევიდნენ პარლამენტში.

  • რატომ ემხრობით ოპოზიციის პარლამენტში შესვლას? 

ვფიქრობ, კრიზისი მაინც გარდაუვალია. დანარჩენი ყველაფერი არის ტაქტიკის საკითხი – როგორ მივდივართ ამ კრიზისამდე. ერთია, რომ აქეთკენ მივდივართ ქუჩის ტექნოლოგიით, რაც შედარებით სწრაფ შედეგზეა თითქოს ორიენტირებული, მაგრამ ძალიან მაღალი რისკის ზონაა. არის მეორე სცენარი: როცა კრიზისი გადაგვაქვს პარლამენტის კედლებში და ოპოზიცია აღიარებს არა არჩევნების შედეგებს, არამედ დე ფაქტო სიტუაციას.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარებით არაა გამორიცხული, ჩვენ იგივე შედეგი მივიღოთ. შესაბამისად, იგივე ადმინისტრაციის ფორმირების კუთხით კანონმდებლობაა შესაცვლელი, რაც ასევე პარლამენტმა უნდა გააკეთოს. დასკვნის შემდეგ ასევე უფრო მარტივია ამ ტიპის პროტესტის გამოხატვა. უცხოელებისთვისაც უფრო გასაგები იქნება ოპოზიციის პროტესტი, როცა ხელში ექნებათ ეს დასკვნა.

  • ანუ მიგაჩნიათ, რომ ამ ეტაპზე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის არ არის დამაჯერებელი ის, რასაც ოპოზიცია ამბობს? 

მათ იციან, რომ იყო დარღვევები, მაგრამ არ არიან დარწმუნებული, რომ დარღვევების მასშტაბი იყო ისეთი, რამაც არსებითად შეცვალა არჩევნების შედეგი. ისინი ფიქრობენ, რომ 48 პროცენტი არ ჰქონდა, მაგრამ 43 პროცენტი ხომ ჰქონდა?  ჩვენ უნდა დავანახოთ მათ დარღვევების მთელი სურათი. უნდა დავუმტკიცოთ, რომ არსებითად იცვლებოდა არჩევნების შედეგები. თუ ამას ვერ ვამტკიცებთ, მაშინ ისინი ასე ცალსახად ვერ ილაპარაკებენ ხელისუფლების დელეგიტიმაციაზე.

ახლა განსაკუთრებით სამივე მიმართულებით არის უმძიმესი ვითარება – რეგიონული კრიზისი, კოვიდის მართვა და ძალიან დიდი ეკონომიკური გაჭირვება. ამ ყველაფერს ახლა შესაძლოა ჰქონდეს კუმულატიური ეფექტი, რომ არჩევნები კი არა, ყველაფერი უკან მოგვრჩეს. აქედან გამომდინარე, მე ამ სცენარს ვემხრობოდი, თუმცა ქუჩის პროტესტის წინააღმდეგი არ ვარ, თუკი ეს ყველაფერი იქნება მეთოდური და გასაგები. ეს პროტესტიც შედეგზეა ორიენტირებული, მაგრამ მეტი ჭკუა და კომპეტენცია სჭირდება ყველაფერს.

  • თუკი არ შევა ოპოზიცია პარლამენტში, როგორ დააზარალებს ეს ოპოზიციას? ირაკლი კობახიძე საუბრობს იმაზეც, რომ დაფინანსება აღარ უნდა მიეცეს პარტიას, რომელიც პარლამენტში არ შედის. 

ოპოზიციას მარტო დაფინანსების პრობლემა არა აქვს, აქ ბევრი სხვა პრობლემაა. პრობლემაა ისიც, რომ ხელისუფლება მუშაობს იმაზე, რომ ვიღაც დააშანტაჟოს, იყიდოს, ოპოზიციის ერთიანობაში ბზარი შეიტანოს. თუ ერთიანობა ვერ შეინარჩუნა ოპოზიციამ, მაშინ ხუხულასავით დაიშლება ყველაფერი. დღეს ოპოზიციას ერთადერთი აქტივი აქვს – ეს არის მათი ერთიანობა. ხელისუფლებისთვის პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ოპოზიცია ერთიანია, მაგრამ საკითხავია – შეინარჩუნებენ? ჩვენ ამის პოზიტიური გამოცდილება მაინცადამაინც არ გვაქვს. მე არ მინდა ზედმეტად კრიტიკული ვიყო, ან ზედმეტად ოპტიმისტი.

რა ბედი ეწია რობოტ პეპერს, რომელიც ჯანდაცვის მინისტრს უნდა დახმარებოდა

საფრანგეთიდან ჩამოტანილი რობოტი პეპერი, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ივნისის თვეში საჯაროდ წარუდგინა საზოგადოებას, გაუჩინარდა.

საზოგადოებას რობოტი პეპერი იმით დაამახსოვრდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშის წარდგენისას, 18 ივნისს, რობოტმა უკანსვლა დაიწყო მოულოდნელად და სცენიდან გადავარდა. თუმცა დაიჭირეს და დამტვრევას გადაარჩინეს.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, რობოტი პეპერი მას Covid 19-თან ბრძოლაში უნდა დახმარებოდა. ინტენსიური მოვლის განყოფილებებში კი ექიმის ასისტენტად უნდა გამოეყენებინათ მას შემდეგ, რაც რობოტის შესაძლებლობებს შეისწავლიდნენ.

მინისტრმა მაშინ საზოგადოებას უთხრა, რომ რობოტი ქართულს ისწავლიდა, რომ ეს იყო უახლესი სიტყვა ქართულ ტელემედიცინაში და რომ პეპერის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ის მოგვიანებით გაავრცელებდა.

ამ განცხადების შემდეგ 5 თვე გავიდა და არამცთუ დეტალური ინფორმაცია, არანაირი ინფორმაცია პეპერის ახლანდელი მდგომარეობისა და მისი საქმიანობის შესახებ არ გვაქვს.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურს „ბათუმელებმა“ ჰკითხა:

[checklist]

  • როგორ იყენებს სამინისტრო კოვიდთან ბრძოლაში რობოტ პეპერს;
  • შეისწავლეს თუ არა საქართველოში ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებმა მისი შესაძლებლობები;
  • რამდენი გადაიხადა სამინისტრომ რობოტის შესაძენად.
  • [/checklist]

პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ რობოტ პეპერზე საუბარი არ სურთ. გვითხრეს მხოლოდ ის, რომ რობოტში სახელმწიფოს ფული არ გადაუხდია.

ვებგვერდებზე, სადაც რობოტი პეპერის შეძენას სთავაზობენ მყიდველებს, მისი საბოლოო ფასი 14 600 დოლარია.

სად არის და რა ბედი ეწია საქართველოში საფრანგეთიდან ჩამოტანილ რობოტ პეპერს, უცნობია.

იმუნური უჯრედები ინფიცირებიდან 8 თვის შემდეგაც აირიდებს კოვიდს – ახალი კვლევა

გამოჯანმრთელებული ადამიანების სისხლის ნიმუშები მოწმობენ მძლავრ, ხანგრძლივ იმუნურ პასუხზე კოვიდ19-ის მიმართ, აცხადებენ მკვლევარები. რამდენ ხანს ძლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტი? წლები, ან ათეულობით წლები, იუწყება ახალი კვლევა, რომლის შესახებაც ნიუ იორკ თაიმსი წერს.

ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ გამოჯანმრთელებული ადამიანების უმრავლესობას, ინფიცირებიდან 8 თვის შემდეგაც რჩებათ საკმარისი რაოდენობის იმუნური უჯრედები საიმისოდ, რომ მოიშოროს ვირუსი და თავიდან აირიდოს დაავადება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ იმუნიტეტის ასეთი ნელი ტემპით კლება მიანიშნებს, რომ იმუნური უჯრედები შესაძლოა ორგანიზმში საკმაოდ დიდი ხანს იქნეს შენარჩუნებული.

ინტერნეტში გამოქვეყნებულ კვლევაზე რეცენზიები არ დაწერილა და არც სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებულა, მაგრამ ნიუ იორკ თაიმსის შეფასებით, ეს არის კორონავირუსის მიმართ იმუნური მეხსიერების ყველაზე ფართომასშტაბიანი და ხანგრძლივი კვლევა.

“[იმუნიტეტის] ამ მოცულობის მეხსიერება, დიდი ალბათობით დაიცავს ადამიანების სრულ უმრავლესობას ჰოსპიტალიზებისა და დაავადების დამძიმებისგან, მრავალი წლის მანძილზე,” – თქვა კვლევის თანაავტორი – ლა ჰოლის იმუნოლოგიის ინსტიტუტის ვირუსულოგმა შეინ ქროტიმ, ნიუ იორკ თაიმსთან საუბრისას.

გასულ კვირას გამოქვეყნებული კიდევ ერთი კვლევის თანახმად, ადამიანებს, რომლებმაც გამოჯანმრთელდნენ კოვიდისგან, აქვთ ძლიერი და დამცავი მკვლელი იმუნური უჯრედები მაშინაც კი, როცა მათ ორგანიზმში ანტისხეულები არ ვლინდება.

ეს კვლევები “მთლიანობაში ერთი და იგივე სურათს ქმნის, რომლის მიხედვითაც, პირველი კრიტიკული კვირების გადალახვის შემდეგ, იმუნური პასუხის დანარჩენი ნაწილი საკმაოდ ჩვეულებრივად გამოიყურება”, – თქვა ნიუ იორკ თაიმსთან, არიზონას უნივერსიტეტის იმუნოლოგმა დიპტა ბჰატაჩარიამ.

კორონავირუსით რეინფიცირება ფიქსირდება იშვაით და გამონაკლის შემთხვევებში.

ბათუმის ბიუჯეტი 2021 წელს 8 მილიონით მცირდება – რა პროექტებს დააფინანსებს მერია

ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით, რომელიც ქალაქის მერიამ საკრებულოს გადაუგზავნა, 150 მილიონ 100 ათასი ლარით განისაზღვრა. ეს მაჩვენებელი 22 მილიონი ლარით ნაკლებია, ვიდრე 2020 წლის ბიუჯეტი იყო თავდაპირველად დამტკიცებული, ხოლო 8 მილიონით ნაკლებია მიმდინარე წლის კორექტირებულ ბიუჯეტთან შედარებით.

ქალაქის 2020 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი 172 მილიონი ლარი იყო, თუმცა პანდემიის გამო ის 158,8 მილიონ ლარამდე შემცირდა. წელს, ქალაქის ბიუჯეტის 10 თვის გეგმა, შემოსულობების ნაწილში, მხოლოდ 61,2 პროცენტით შესრულდა.

„2021 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გლობალური პანდემიით (COVID-19) გამოწვეულმა ეკონომიკური განვითარების ტენდენციებმა, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა როგორც საგადასახადო, ასევე სხვა შემოსულობების ნაწილი. პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვეველი მდგომარეობა მნიშვნელოვნად ართულებს შემდგომი წლის ბიუჯეტის შემოსავლების ზუსტ პროგნოზირებას, რომელიც თავის მხრივ დამოკიდებული იქნება ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებზე და პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე ეკონომიკურ აქტივობაზე“, – აღნიშნულია მერიის განმარტებით ბარათში.

მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლები და ხარჯვითი ნაწილი მთლიანობაში მცირდება, ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება ხელფასებისთვის, ვიდრე 2019 წელს და ნახევარი მილიონი ლარით მეტი, ვიდრე 2020 წელს.

დასაქმებულთა რაოდენობა და შრომის ანაზღაურება წლების მიხედვით:

  • 2019 წელი – 2 509 პირი – 21,9 მილიონი ლარი
  • 2020 წელი – 2 585 პირი – 24,6 მილიონი ლარი
  • 2021 წელი – 2 622 პირი – 25,1 მილიონი ლარი

2021 წელს ქალაქის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში დასაქმებულები ფულად ჯილდოს, დანამატსა და სხვა ანაზღაურებასაც მიიღებენ, ოღონდ ამ ორგანიზაციებისთვის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

ბათუმის მერია მის მიერ დაფუძნებული შპს-ების მოგებისგან მომავალ წელს დივიდენდებს აღარ ელოდება. 2019 წელს დივიდენდების სახით ბიუჯეტში 838 ათასი ლარი შევიდა, 2020 წელს კი, გეგმით ჯამში 3,5 მილიონი ლარი უნდა შევიდეს.

2021 წელს სამჯერ და მეტად მცირდება შემოსავლები სათამაშო ბიზნესიდან. 2019 წელს ამ სფეროდან ბიუჯეტში 31,9 მილიონი ლარი შევიდა. 2020 წელს ბიუჯეტში 32,1 მილიონი უნდა შესულიყო, თუმცა ეს გეგმა მერიამ 9,1 მილიონ ლარამდე შეამცირა. 10 თვის მონაცემებით კი, მხოლოდ 1,7 მილიონი ლარია შესული ბიუჯეტში.

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით, 2021 წელს დაგეგმილია 10,5 მილიონი ლარის შემოსავალი.

რაც შეეხება ქალაქის გაფორმების ღონისძიებებს, 2020 წელს 549 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. მიუხედავად პანდემიის გამო ბიუჯეტის სეკვესტრისა, ქალაქის მერიას ეს თანხა არ შეუმცირებია. დღეს არსებული შეზღუდვების პირობებში კი, საახალწლოდ ქალაქის გასაფორმებლად მერიას ტენდერიც გამოცხადებული აქვს.

2021 წელს ქალაქის გასაფორმებლად 531 900 ლარია გაწერილი.

ქალაქის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2021 წელს ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და კანალიზაციის რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის თანხა არ არის გათვალისწინებული. ამ კუთხით ბათუმისთვის 60 მილიონი ევრო სესხი იყო გამოყოფილი, თუმცა საქართველოს მთავრობამ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან [KfW] დადებული სესხის შეთანხმება გააუქმა.

კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოების [მე-3 და მე-4 ფაზები] თანადაფინანსებისთვის კი, 2021 წელს ქალაქის ბიუჯეტში 6,2 მილიონი ლარია გაწერილი.

3,3 მილიონი ლარია გათვალისწინებული ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) მიღებული სესხის მომსახურებისათვის.

მთლიანობაში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 2021 წლისთვის ბათუმის ბიუჯეტის პროექტში 53,7 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

რა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება იგეგმება 2021 წელს ქალაქის ბიუჯეტიდან, შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

ამასთან, ზოგიერთი პროექტის განხორციელება 2020 წელს დაგვიანებით დაიწყო და მომავალ წელს გაგრძელდება, ზოგი კი 2022 წელს დასრულდება.

მაგალითად, 2022 წლისთვის უნდა დასრულდეს:

ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი 1,25 მილიონი ლარით განისაზღვრა. ამ თანხის გამოყენება შეიძლება იმ გაუთვალისწინებელი და საგანგებო ხარჯების დასაფინანსებლად, რომლებიც გაწერილი არ იქნება ბიუჯეტში. სარეზერვო ფონდს ბათუმის მერი განკარგავს.

ამ თემაზე:

რამდენს დახარჯავენ აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციები 2021 წელს – პროექტი

ფოტოკონკურსი „ბათუმი საოჯახო ალბომიდან“

ამბობენ, დრო ყველაფერს ცვლისო, თუმცა უფრო მართებული ხომ არ იქნება ვთქვათ, რომ ცვლილებები ხდის დროს შესამჩნევს, ხელშესახებს? ალბათ, კი.

ჩვენი ქალაქი, ბათუმი, ყოველდღიურად იცვლება. ნაცნობ ხედებს ახალი კონტურები ანაცვლებს. ამგვარი ცვლილებების ხანაში რთულია გარემოს ისტორიულად აღქმა. თუ გარემოს ისტორიულად ვერ აღიქვამ, ვერც საკუთარ თავს ხედავ მის ნაწილად და გიჭირს პასუხისმგებლობების, უფლებებისა და მოვალეობების გააზრებაც.

„ბათუმელები“ გთავაზობთ, მონაწილეობა მიიღოთ ფოტოპროექტში „ბათუმი საოჯახო ალბომიდან“.

საოჯახო ფოტოალბომები პირად ისტორიებთან ერთად ქალაქების ისტორიასაც ინახავს. თუ თქვენს საოჯახო ალბომში დაცულია ფოტო, რომელიც გადაღებულია ბათუმში, ასახავს ბათუმისთვის დამახასიათებელ ავთენტურ გარემოს/სიტუაციას, აუცილებლად გამოგვიგზავნეთ.

არ აქვს მნიშვნელობა, ხართ თუ არა ბათუმელი, ბათუმის, როგორც ზღვისპირა ქალაქის სტუმრები მუდამ იყვნენ ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან და ქალაქიდან. ჩვენ ძალიან გაგვიხარდება ფოტოების მიღება ბათუმს მიღმა მცხოვრები მკითხველებისგან. 

კონკურსის შედეგად შერჩეული ფოტოები ბათუმში, მონიტორებზე სხვადასხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას გამოიფინება.

ის ფოტოები კი, რომლებსაც თან საინტერესო აღწერა მოჰყვება, დაიბეჭდება სპეციალური შეფუთვით და გამოიფინება ოჯახებში დაცული ფოტოების ღია გამოფენაზე.

გამოსაგზავნი ფოტოების რაოდენობა შეუზღუდავია. ფოტოებზე შეიძლება გამოსახული იყო ბათუმი დაარსების დღიდან უახლოეს წარსულამდე, ისეთი, როგორიც დღეს უკვე აღარაა.

კონკურსში მონაწილეობის წესები:

[checklist]

  • დაასკანერეთ ან გადაუღეთ ფოტო თქვენს საოჯახო ალბომში დაცულ ფოტოს
  • გამოგვიგზავნეთ ფოტო მეილზე: batumisalbomi@gmail.com ან Facebook-ზე
  • სათაურში მიუთითეთ: ფოტოკონკურსი „ბათუმი საოჯახო ალბომიდან“
  • საკონკურსო ფოტოს თან დაურთეთ მოკლე აღწერა: სად, რომელ წელსაა გადაღებული ფოტო, ვინ არიან გამოსახული და ფოტოსთან დაკავშირებული ისტორია – ასეთის არსებობის შემთხვევაში
  • თქვენ მიერ გამოგზავნილ საკონკურსო განაცხადს თან უნდა ახლდეს გამომგზავნის სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
  • ფოტოების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 10 იანვარი

[/checklist]

 

BIAFF: როგორ ვნახოთ ფილმები ონლაინ ბათუმის კინოფესტივალზე | ინსტრუქცია

კორონავირუსის პანდემიამ ბევრი სიახლე მოიტანა. აქამდე, ყოველ წელს, ბათუმელები სექტემბრის საღამოებს კინოდარბაზსა თუ ღია ცისქვეშ ატარებდნენ კინოფესტივალ „ბიაფზე“ ახალი ფილმების სანახავად, წელს კი ეს რეალობა შეიცვალა.

ამჯერად კინოფესტივალზე დასასწრებად შინიდან გასვლა არ გჭირდებათ. თუ სხვა დროს „ბიაფზე“ სასურველი ფილმების ჩვენების დღესა და დროს ინიშნავდით, ახლა შეგიძლიათ რამდენიმე ფილმი ერთ დღეშიც ნახოთ ერთდროულად, ან შერეულად ნახოთ დოკუმენტური და მხატვრული ფილმები – რამდენიც გნებავთ და როცა გნებავთ – ოღონდ, 15-დან 25 ნოემბრის ჩათვლით. ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი ონლაინ სწორედ 15-დან 25 ნოემბრამდე მიმდინარეობს.

კინოფესტივალის ვეგვერდზე შეგიძლიათ ნახოთ კინოფესტივალის პროგრამა [ფილმების სია], კინოფესტივალის ჟიურის შემადგენლობა და კატალოგი, სადაც ქართულ და ინგლისურ ენაზე ნახავთ ფილმების მოკლე აღწერებს, ინფორმაციას რეჟისორების, ჟიურის წევრების შესახებ და ა.შ.

სად და როგორ ვნახოთ ფილმები

  • festivalscope.com – აქ განთავსებულია კინოფესტივალის მხატვრული და დოკუმენტური ფილმების კონკურსის, „დიდოსტატთა კოლექციის“ და „ქართული პანორამის“ ორი ფილმი.

ფილმებზე წვდომისთვის საჭიროა რეგისტრაცია. მარტივი რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეძლებთ საიტზე შესვლას და ფესტივალზე წარმოდგენილი ფილმების ნახვას.

კინოფესტივალზე რეგისტრაციისთვის ვებგვერდზე www.festivalscope.com, ეკრანის მარჯვნივ, Create Account-ის ფანჯარაში [მითითებულია ყვითელი ისრით] შეავსეთ სახელის, გვარის, ელფოსტის და პაროლის ველები და მონიშნეთ პირობებზე დათანხმების ველიც. Submit ღილაკზე დაჭერით მაყურებელს რამდენიმე ათეულ ფილმზე ეძლევა წვდომა.
BIAFF კინოფესტივალის ფილმები განთავსებულია ამ ბმულზე.

FESTIVALSCOPE-ზე ფილმების ნახვა ლიმიტირებულია. თითო ფილმს ნახავს მაქსიმუმ 500 მაყურებელი.

ფილმის ნახვა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოში.

FESTIVALSCOPE-ზე თითოეული ფილმის ნახვა (ე.წ. „არენდა“, „გამოწერა“) შეგიძლიათ 5 დღით. ამ 5 დღის ფარგლებში თქვენ გაქვთ 30 საათიანი შუალედი ფილმის სანახავად. მაგალითად, თუ ფილმის ნახვისთვის დააჭერთ ღილაკს – PLAY, ამ მომენტიდან 30 საათის განმავლობაში შეძლებთ აღნიშნული ფილმის ნახვას. გაითვალისწინეთ ეს, სანამ ფილმების „გამოწერას“, ნახვას დაიწყებდეთ.

  • vimeo.com – ამ პლატფორმაზე განთავსდება ფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის ფილმები და „ქართული პანორამის“ ერთი ფილმი.

vimeo-ზე მოკლემეტრაჟიანი ფილმების სანახავად უნდა შეხვიდეთ ამ ინტერნეტბმულის საშუალებით და უნდა შეიყვანოთ პაროლი: biaff2020. პაროლის შეყვანის შემდეგ გადადიხართ BIAFF კინოფესტივალის ფილმების პროგრამაზე და შეგიძლიათ ნახოთ იქ განთავსებული ფილმები.

„ქართული პანორამის“ სექციაში წარმოდგენილი ფილმის – „კახეთის მატარებლის“ სანახავად გადადით ამ ბმულზე და შეიყვანეთ პარილი: liraproductionstudios777.

VIMEO-ზე განთავსებული ფილმების ნახვა ნებისმიერ ქვეყანაში არის შესაძლებელი.

ფილმების ნახვა შესაძლებელია უფასოდ ორივე პლატფორმაზე. ფილმები წარმოდგენილია ქართული სუბტიტრებით.

  • კინოფესტივალის სპეციალური სექციის, COVIDEO-ს მოკლემეტრაჟიანი ფილმები პანდემიის პირობებშია გადაღებული. მათი ნახვა შეგიძლიათ BIAFF-ის ფეისბუქგვერდზე 

___________________

წელს საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის მხატვრული ფილმების საკონკურსო განყოფილებაში 8 ფილმია წარმოდგენილი. მათ შორის:

„სოლე”

რეჟისორი კარლო სირონი. იტალია/პოლონეთი, 2020

ერმანო იტალიელი უსაქმურია, ლენა – შვიდი თვის ორსული პოლონელი გოგონა. ერთმანეთს არ იცნობენ. ლენა იტალიაში შვილის გასაყიდად ჩავიდა. ერმანომ თავი ბავშვის მამად უნდა გაასაღოს, რათა ახალშობილი ბიძას, ფაბიოს, ნათესავებს შორის შვილად აყვანისთვის მიანდოს. სოლე, ლენას ქალიშვილი, ნაადრევად იბადება, დედამ ძუძუთი უნდა კვებოს, სანამ ფულს აიღებს და წავა. ლენა ბავშვთან კავშირის უარყოფას ცდილობს, მაგრამ ერმანო მათზე ნამდვილი მამასავით ზრუნვას იწყებს.

„მარე”

რეჟისორი ანდრეა სტარკა. შვეიცარია/ხორვატია, 2020

ფილმი ქალზე, რომელსაც არასოდეს უფრენია, თუმცა აეროპორტთან ახლოს, ქმართან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. ოჯახის წევრები უყვარს, მათზე ზრუნავს, მაგრამ ზოგჯერ საკუთარ სახლში თავს უცხოდ გრძნობს. მარე ცაში თვითმფრინავებს უყურებს და ცვლილებას, უცხო გამოცდილებას ნატრობს. ერთხელ ახალგაზრდა კაცი მეზობლად სახლდება და მარეც საკუთარ ცხოვრებას გამოცდას უწყობს.

„კონფერენცია”

რეჟისორი ივან ტვერდოვსკი. ესტონეთი/იტალია/რუსეთი/გაერთიანებული სამეფო, 2020

მონაზონი ნატალია შორეული, რუსული მონასტრიდან დუბროვკის თეატრში მომხდარი ტერაქტიდან 17 წლის შემდეგ მოსკოვში ჩადის. მას 2002 წლის ოქტომბრის თავდასხმის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამოს ორგანიზება ევალება. მალე ვიგებთ, რომ ნატალია და მისი ოჯახის წევრები ტერორისტული თავდასხმის თვითმხილველები იყვნენ.

ხსოვნის საღამოს რამდენიმე მონაწილის ნაამბობის მიხედვით, მოვლენებს ქრონოლოგიურად მივყვებით და ნატალიას პირადი ისტორიის შავ-ბნელ დეტალებს ვეცნობით.

დიდოსტატთა კოლექცია 4 ფილმითაა წარმოდგენილი, მათი შინაარსი მოკლედ ასეთია:

„ცხოვრების საუკეთესო წლები”

რეჟისორი კლოდ ლელუში. საფრანგეთი, 2020

ეს ცნობილი ფრანგული ფილმის, „ქალი და მამაკაცის“ ერთგვარი გაგრძელებაა. ფილმში ყოფილი მრბოლელი მეხსიერების დაკარგვის ზღვარზეა. მის დასახმარებლად ვაჟიშვილი იმ ქალს მოძებნის, რომელიც მამამ ვერ შეინარჩუნა, მაგრამ არასოდეს დავიწყებია.

ანა ხელახლა შეხვდება ჟან-ლუის და ისტორია გრძელდება იქიდან, სადაც ბოლოს გაჩერდნენ.

„ღმერთების ხეობა“

რეჟისორი ლეხ მაევსკი. პოლონეთი/ლუქსემბურგი, 2020

ფილმში „ღმერთების ხეობა“ მალკოვიჩი განცალკევებით მცხოვრებ, დედამიწის უმდიდრეს კაცს ასახიერებს, ჰარტნეტი კი – მის მომავალ ბიოგრაფს. ამ ორი ადამიანის ცხოვრება ნავახოს უძველეს ლეგენდას უკავშირდება და ვხედავთ, როგორ უპირისპირდება ზებუნებრივი ხილვები რეალობას. 

„უნდინე“

რეჟისორი ქრისტიან პეცოლდი. გერმანია/საფრანგეთი, 2020

უნდინე ბერლინში მცხოვრები გიდია. როდესაც მას საყვარელი კაცი ტოვებს, ძველი მითი ცოცხლდება. უნდინემ მოღალატე კაცი უნდა მოკლას და წყალში დაბრუნდეს.

„შარლატანი“

რეჟისორი აგნიეშკა ჰოლანდი. ჩეხეთი/ირლანდია/სლოვაკეთი/პოლონეთი, 2020

ფილმი ეფუძნება მკურნალი იან მიკოლასეკის ისტორიას, რომელმაც, უდიდესი დაბრკოლებების მიუხედავად, სიცოცხლე ავადმყოფებზე ზრუნვას მიუძღვნა.

მე-19 და მე-20 საუკუნეების გასაყარზე დაბადებულმა მიკოლასეკმა სხვადასხვა დაავადების განკურნებისთვის არატრადიციული მეთოდების გამოყენებით სახელი გაითქვა და გამდიდრდა. მეორე მსოფლიო ომამდე ჩეხოსლოვაკიაში უკვე ცნობილი მკურნალი ნაცისტების ოკუპაციისა თუ კომუნისტების მმართველობის პირობებშიც ინარჩუნებს რეპუტაციას და სიმდიდრეს. მისი უნარები ადგება ყველა რეჟიმს, სანაცვლოდ კი მფარველობას იღებს.

____________________

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ბათუმის მერია, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს კულტურის, განათლების, სპორტის და მეცნიერების სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი,  ბათუმის დრამატული თეატრი, ბათუმის თოჯინების თეატრი, გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო და ფრანგული ინსტიტუტი.

„გართულებულია დოკუმენტების წარმოება“ – ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო სამედიცინო პროგრამას იყიდის

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო სამედიცინო პროგრამის შესყიდვას გეგმავს, რომელიც გათვლილი იქნება არანაკლებ 220 საწოლფონდის მქონე კლინიკისთვის. პროგრამის შეძენას საავადმყოფო, ტენდერის გარეშე, 59 000 ლარად გეგმავს.

საავადმყოფოს ინფორმაციით, არსებული პროგრამა 80 პაციენტზეა გათვლილი, მაგრამ „ვინაიდან დაახლოებით 3-ჯერ გაზრდილია საწოლფონდი [230-მდე] და გაზრდილია საწოლბრუნვა, არსებული პროგრამით შეუძლებელია მართვის ტემპის დაკმაყოფილება. არსებულ პროგრამას არ გააჩნია ასევე ელექტრონული ფორმა 100 (EHR-ჯანდაცვის პორტალი) ინტეგრირების საშუალება, პაციენტის ბრუნვის მონიტორინგი, კერძოდ, განყოფილებიდან სხვა განყოფილებაში გადაყვანა, ბინაზე ან/და სასტუმროში გადაყვანის დიფერენცირება და რეპორტინგი. ახალი პროგრამის მეშვეობით კი დაიზოგება კლინიკაში დასაქმებული პერსონალის დრო და დოკუმენტაციის წარმოება განხორციელდება კანონმდებლობის სრული დაცვით. ამასთან, სრულყოფილად განხორციელდება სამედიცინო სერვისების გაწევა“.

საავადმყოფოში, პაციენტთა გახშირებული მომართვიანობის შედეგად, დაუყოვნებლივი და გეგმიური ინტერვენციის ავადმყოფთა მიღების შესასვლელიდან ხორციელდება COVID 19-ის დადასტურებული სიმპტომების მქონე პაციენტების მიღება, ტრიაჟი, რეგისტრაცია, ანამნეზის შეკრება, ანალიზის აღება და მოცდის რეჟიმში პაციენტთა განთავსება EMERGENCY-ის დარბაზში.

საავადმყოფოს ინფორმაციით, 24 საათის განმავლობაში „კლინიკაში საშუალოდ შემოდის 100-დან 130-მდე ვირუსით დადასტურებული პაციენტი, აღნიშნული რაოდენობიდან საშუალო გათვლებით 30/40 მკურნალობას გადის სტაციონარში, ხოლო დაახლოებით 80-100 პაციენტი გადის ამბულატორიულ მკურნალობას, შესაბამისად, გადადის თვითიზოლაციაში სასტუმროში ან/და ბინაზე“.

რესპუბლიკურის განაცხადის მიხედვით, დღეს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, „საავადმყოფო განიცდის მედპერსონალის სიმცირესაც. მედპერსონალის სიმცირეს ასევე განაპირობებს მათი პერიოდული დაინფიცირება, ზემოხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე კი გართულებულია დოკუმენტაციის წარმოება, ხოლო ზოგ შემთხვევაში კლინიკაში არსებული სამედიცინო პროგრამით შეუძლებელი ხდება დოკუმენტაციის წარმოება კანონმდებლობის სრული დაცვით“.

პროგრამის შეძენას და ამ პროგრამით მუშაობას ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე გეგმავს.

—–

18 ნოემბრის დილის მონაცემებით, აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების 512 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო კორონავირუსით გარდაიცვალა 9 ადამიანი, მათ შორის მედპერსონალიც.

ამ თემაზე:

„დღეს სახლში აპირებდა წასვლას, მაგრამ უეცრად დამძიმდა“ – ბათუმში კოვიდით ექიმი გარდაიცვალა

Exit mobile version