განათლება,მთავარი,სიახლეები

„ჩემს შვილებს სკოლაში არ ვუშვებ“ – სოფლები, სადაც კოვიდის გამო ონლაინსწავლებას ითხოვენ

19.11.2020 •
„ჩემს შვილებს სკოლაში არ ვუშვებ“ – სოფლები, სადაც კოვიდის გამო ონლაინსწავლებას ითხოვენ

„სოფელში ბევრს ჰქონდა ვირუსი, მანავის ღვინის ქარხნიდან გავრცელდა, რომელიც მეზობელ სოფელშია და იქ მუშაობდნენ ინფიცირებული ადამიანები. მათ კი გაიარეს კარანტინი, მაგრამ სოფელში კიდევ ბევრს აქვს სიმპტომები, რომლებიც ვერ იტესტებიან. ამიტომ, პირადად მე, ჩემს შვილებს არ ვუშვებ სკოლაში“, – ამბობს „ბათუმელებთან“ მშობელი, რომელიც სოფელ თოხლიაურში ცხოვრობს.

მშობლის თქმით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ამ სოფელში კორონავირუსის შემთხვევების გახშირების გამო სკოლა გარკვეული პერიოდი დისტანციურ სწავლებაზე იყო გადასული, თუმცა 17 ნოემბერს სწავლა ისევ განახლდა.

მშობლის თქმით, ვირუსის გავრცელების რისკები ისევ არსებობს, მით უფრო, რომ აქ ტესტირება აღარ უტარდებათ.

„ბათუმელები“ საგარეჯოს რესურსცენტრის ხელმძღვანელს ესაუბრა და ჰკითხა, შეეძლო თუ არა სკოლას, მშობლების მოთხოვნის შემთხვევაში, სწავლება დისტანციურ რეჟიმზე გადაეყვანა. ცენტრის ხელმძღვანელი მანანა ცუცქირიძე ამბობს, რომ თოხლიაური „ისედაც დისტანციურზეა“. თუმცა, როგორც მშობელი, ასევე სკოლის დირექტორი ირაკლი ჩარკვიანი გვეუბნება, სკოლაში სწავლა სამშაბათს განახლდა. „ბავშვების 30 პროცენტი არ ესწრება გაკვეთილებს, თუმცა იმედი გვაქვს, რომ მოვლენ,“-ამბობს დირექტორი.

მისი თქმით, სკოლას ონლაინსწავლებაზე გადასვლა მხოლოდ რესურსცენტრისა და სამინისტროს თანხმობით შეუძლია, ამისთვის კი მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სკოლას.

რაც შეეხება ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის სკოლას, მანანა ცუცქირიძე ამბობს, რომ ვირუსი სკოლის თანამშრომლებში დადასტურებული არ არის. შესაბამისად, სწავლას ვერ შეწყვეტენ. „სკოლის გარეთ გადადების რისკი არის ყველგან, ამიტომ ამ მიზეზით სკოლის დაკეტვის ბერკეტი ჩვენ არ გვაქვს“, – ამბობს ის. ცუცქირიძის თქმით, თუ მშობლებს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა სურთ, ამას რესურსცენტრთან შეთანხმების გარეშე ვერ გააკეთებენ, რესურსცენტრმა კი მოთხოვნა სამინისტროს უნდა შეუთანხმოს.

„ბათუმელები“ მცხეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ბექა იორდანიშვილსაც ესაუბრა – როგორც აღმოჩნდა ამ მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოშიც ითხოვენ მშობლები ონლაინსწავლებას. იორდანიშვილი ამბობს, რომ მშობლების სურვილის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. „მშობლებს არ მოუმართავთ და ასე რომც ყოფილიყო, ამ გადაწყვეტილებას რესურსცენტრი არ იღებს, ეს უნდა გადაწყვიტოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა. მან უნდა შეისწავლოს თითოეული კონტაქტი და დადგინდეს რისკების ხარისხი“, – ამბობს ის.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი მეგი კავთუაშვილი ამბობს, რომ მათ არაერთი მშობელი უკავშირდება, რომლებსაც სასწავლო პროცესის დისტანციურ ფორმატში გადატანა სურთ, თუმცა ამაზე სკოლები და რესურსცენტრები არ თანხმდებიან.

„ერთ-ერთი მშობელი მწერდა, რომ უნდოდათ განცხადებით მიემართათ რესურსცენტრებისთვის, მაგრამ „ზოგმა დამრიგებელმა თავი გაიგიჟა, რას ჰქვია განცხადებებს წერთო. დირექტორმა ჩემს თვალწინ დარეკა რესურსცენტრში და სიცილით უთხრა, ეშინიათ მშობლებს კორონასი, ვიღაც აგულიანებთ ალბათ და რამდენიმე განცხადებით არის მოსულიო“, – გვეუბნება მეგი კავთუაშვილი. მისი თქმით, სოფლებში, საიდანაც მშობლები მათ ორგანიზაციას უკავშირდებიან, მოქალაქეებს კორონავირუსის სიმპტომები ისევ აქვთ.

„გვწერენ, რომ მაღაზიის გამყიდველს აქვს სოფელში სიცხე რამდენიმე დღეა, ბაღის მასწავლებლებს დაუდასტურდათ ვირუსი, მაგრამ ოჯახის ექიმი, რომელიც ამ ხალხს ემსახურება, მხოლოდ სატელეფონო კონსულტაციით შემოიფარგლება და არ თვლის საჭიროდ, რომ ამ ადამიანებმა ტესტირება ჩაიტარონ, მაშინ როცა ადამიანები გვეუბნებიან, რომ მათი ბიცოლა, ბებია გემოს ვერ გრძნობს პირში, ასეთი პირები მუშაობენ, მოძრაობენ ქუჩაში, კოვიდი აქვს მღვდელს, რომელიც წირვას ატარებს სოფელში და ამ ფონს სახელმწიფო არ იმჩნევს.

მშობლები იხვეწებიან, რომ ჩაუტარონ მათ შვილებს ონლაინგაკვეთილები და უარს ეუბნება სკოლა. მშობლებს არ აქვთ უსაფრთხოების განცდა და არც უშვებენ სკოლაში შვილებს, რადგან უყურებენ რა ხდება ქვეყანაში, რომ კლინიკებშიც კი ვეღარ გადაჰყავთ ინფიცირებული ადამიანები“, – ამბობს მეგი.

მისი აზრით, განათლების სამინისტრომ თავის დადგენილებებს უნდა გადახედოს, რადგან გაზაფხულის შემდეგ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში ბევრად უფრო მძიმეა. „თუ ჩვენ სასწორზე გვიდევს – სიცოცხლე თუ განათლება, მაშინ ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს. ჩვენ უკვე გვაქვს პედაგოგების ინფიცირების და გარდაცვალების მაგალითები, ადამიანი იხვეწებოდა, რომ ერთ-ერთი მშობელი მაინც გადაერჩინათ და ვერ გადაურჩინეს. ეს ჩვენი შეცდომებია და ხომ შეიძლება ამ შეცდომებზე ვისწავლოთ“, – ამბობს კავთუაშვილი.

18 ნოემბერს „განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის“ ორგანიზებით ონლაინდისკუსია გაიმართა განათლების საკითხებსა და იმ პრობლემებზე, რომლებიც პანდემიის პერიოდში წარმოიშვა. დისკუსიაზე ითქვა, რომ მსგავს სიტუაციაში სკოლას უნდა შეეძლოს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება.

ბავშვთა ფონდის (UNICEF) განათლების სპეციალისტის, ნათია ჯოხაძის აზრით, რომელიც ესწრებოდა ონლაინდისკუსიას, სახელმწიფო ამბობს, რომ განათლების სისტემა არის ინდივიდუალიზებული და ყველა ბავშვს ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ. „მაშინ ასეთ შემთხვევებშიც ინდივიდუალურად უნდა შეეძლოთ სკოლებს გადაწყვეტილების მიღება. ამის გარეშე განათლების პოლიტიკა აღარ კეთდება“, – ამბობს ის.

შეუძლიათ თუ არა სკოლებს ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მშობლების მოთხოვნის გათვალისწინება? – ვკითხეთ განათლების სამინისტროს, თუმცა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუკეთებია განმარტება, როგორ უნდა მოიქცნენ სკოლები. სხვადასხვა დროს გაკეთებულ კომენტარებში კი სამინისტროს წარმომადგენლები აქამდე იმაზე საუბრობდნენ, რომ სკოლებს შეუძლიათ იმუშაონ როგორც დისტანციური, ასევე შერეული მოდელით. თუმცა ამაზე გადაწყვეტილება ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებმა უნდა მიიღონ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე.

______________________________

მთავარი ფოტო: სოფელ ხაშმის საჯარო სკოლა/ფეისბუკის გვერდიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: