მთავარი,სიახლეები

ნახევარი მილიონი ბათუმის საახალწლოდ განათებაში, როცა ღამით გადაადგილება აკრძალულია

17.11.2020 • 4528
ნახევარი მილიონი ბათუმის საახალწლოდ განათებაში, როცა ღამით გადაადგილება აკრძალულია

ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო წელს 70 ათასი ლარის ღირებულების ახალ საახალწლო გირლანდებს შეიძენს.

„წელს დავამატეთ გირლიანდებისა და განათებებისთვის 70 ათასი ლარი, 4, 5 წელია გირლანდები საერთოდ არ გვიყიდია და მოგეხსენებათ, დროთა განმავლობაში განათება მწყობრიდან გამოდის მრავალჯერ მონტაჟის, დემონტაჟის გამო. უფრო მეტია შესაძენი, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ 70 ათასი ლარის ახალ გირლანდებს ვამატებთ“, – განმარტა ,,ბათუმელებთან“ ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელმა, სულხან ევგენიძემ.

მისივე თქმით, შარშანდელის მსგავსად წელსაც საახალწლო განათებებით მოირთვება ცენტრალური მაგისტრალები, ქუჩები და პარკები. გარე განათების ბოძები განათდება ბარცხანის ტრასიდან აეროპორტის გზატკეცილამდე. განათდება ასევე ბარათაშვილის, გორგილაძის, მემედ აბაშიძის, კონსტანტინე გამსახურდიასა და ზვიად გამსახურდიას ქუჩები, ნინოშვილის ქუჩა და ბულვარის ტერიტორია.

რაც შეეხება განათებების მონტაჟს, 2020-2021 წლის საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმების სამუშაოებისთვის კეთილმოწყობის სამმართველოს ელექტრონული ტენდერი აქვს გამოცხადებული და შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 500 393 ლარი აქვს მითითებული, რაშიც ნაძვის ხის მონტაჟისა და დემონტაჟისთვის განკუთვნილი თანხა, ასევე ახალი გირლანდების საფასური იგულისხმება.

საახალწლო განათებები ბათუმში ტენდერის დასრულების შემდეგ, დეკემბრის პირველ რიცხვებში აინთება: საღამოს 6 საათიდან დილამდე.

დიდ ქალაქებში, მათ შორის, ბათუმშიც 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით. ასევე იკრძალება საჯარო სივრცეში ყოფნა.

უცნობია, რა პერიოდით გაგრძელდება გადაადგილების შეზღუდვა.

რამდენად ლოგიკური და მიზანშეწონილია საახალწლო განათებების მონტაჟი ახალ წლამდე ერთი თვით ადრე, როცა რეალურად ღამით ადამიანები ქუჩაში ვერ გადაადგილდებიან? ამ კითხვაზე ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელი გვპასუხობს, რომ საახალწლო განათებები საღამოს 18:00 საათიდან ჩაირთვება. შესაბამისად, 4 საათის განმავლობაში ბათუმელებს შეეძლებათ სხვადასხვა სანახაობაზე დასწრება.

სულხან ევგენიძე იმედოვნებს, რომ ახალი წლის დღეებში – 25 დეკემბრის შემდეგ მაინც, მოიხსნება გადაადგილებაზე შეზღუდვა და გარეთ გასვლა შეიზღუდება არა 22:00 საათიდან, არამედ, ვთქვათ, 00:00 საათის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ 2011-დან 2019 წლამდე ნახევარმილიონიან საახალწლო განათებების ტენდერებს ყოველ წელს კომპანია,,აჭარგანათება“ იგებს. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ცნობით, ამ კომპანიას 2011-2019 წლებში [94 ტენდერი და 22 გამარტივებული შესყიდვა] მთლიანობაში 26 523 383 ლარი აქვს მიღებული სახელმწიფოსგან.

„აჭარგანათება“ ბათუმის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრის, ირაკლი თოფურიძის ოჯახის კუთვნილი კომპანიაა, რომელსაც მისი ძმა, ნიკოლოზ თოფურიძე მართავს, ხოლო ირაკლი თოფურიძის დედა, ზოია დოლიძე კომპანიის 52-პროცენტიანი წილის მფლობელია.


ამავე თემაზე:

ბათუმის საკრებულოს წევრის ოჯახის კომპანია მერიის ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს – კვლევა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: