მთავარი,სიახლეები

მოკლული სერჟანტ შავაძის ქვრივი: სათავეში ისევ მკვლელების მფარველები არიან  

19.11.2020 • 2649
მოკლული სერჟანტ შავაძის ქვრივი: სათავეში ისევ მკვლელების მფარველები არიან  

დღეს, 19 ნოემბერს, გამოქვეყნდა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წელს ბათუმში მოკლული სერჟანტის, როინ შავაძის საქმეზე. ევროსასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა.

ევროპული სასამართლო ამ საქმეს 8 წლის განმავლობაში განიხილავდა, საქართველოში კი „სერჟანტ შავაძის საქმის“ გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

უკვე 12 წელია ქართული პროკურატურა მოკლული სერჟანტის საქმეს სწავლობს.

როინ შავაძის ქვრივმა, ციცინო შავაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ცოტა ხნის წინ გაიგო ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.

„15 წუთია გავიგე გადაწყვეტილების შესახებ. მითხრეს, რომ პასუხს სთხოვენ ჩვენს ქვეყანას.

ძალიან ნაწყენი ვარ. რატომ უნდა სჭირდებოდეს ჩემს ქვეყანას მისი ქვეყნის მოქალაქეზე სხვამ მიუთითოს, რომ ეს ასეა. არ იცოდნენ, რომ ჩემი მეუღლე დამნაშავე არ იყო?! იცოდნენ, მაგრამ სათავეში ისევ მკვლელები და მათი მფარველები არიან.

ოჯახს არანაირი მორალური ზიანი არ მიუღიაო – ჩემმა ქვეყანამ ეს მისწერა სტრასბურგის სასამართლოს.

12 წელია ეს საქმე საქართველოში არავის გახსენებია, ერთი სიტყვაც არ დაუძრავთ. მათ მოკლულს გამოიძიებენ?!“ – ამბობს ციცინო შავაძე.

მან გვითხრა ისიც, რომ 2012 წელს, როცა ხელისუფლება შეიცვალა და მთავრობაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, მოლოდინი ჰქონდა, რომ საქმეს გამოიძიებდნენ, თუმცა ამაოდ.

მეტიც, აჭარის მთავარი პროკურორი ვასილ როინიშვილი, რომლის დროსაც ციცინო შავაძეს დაზარალებულის სტატუსიც კი არ მიანიჭეს, 2020 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს 10 წლის ვადით.

„წარმოიდგინეთ, ეს კაცი ამბობდა, ხმა, კრინტი არ დამეძრა. ისინი არიან საკონსტიტუციო სასამართლოში და ფიქრობთ, რომ გამოიძიებდნენ საქმეს?

ვფიქრობდი, ყველაფერს გააკეთებდა ეს მთავრობა, მაგრამ როგორც ხედავთ, ამ მთავრობას სჭირდება ეს მკვლელები, აბა, როგორ გავიგო?!“ – ამბობს ციცინო შავაძე.

როინ შავაძე

23-ე ბატალიონის სერჟანტი, როინ შავაძე 2008 წელს, ცხინვალის ბრძოლებიდან დაბრუნების მეორე დღეს, 16 აგვისტოს, ბათუმში ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა დააკავეს.

თვითმხილველების თქმით, სპეცოპერაციის დროს ნიღბიანები იძახდნენ, რომ სამშობლოს მოღალატეს აკავებდნენ.

იმავე საღამოს როინ შავაძე ოჯახის წევრებმა მორგში მკვდარი იპოვეს.

ოფიციალური ინფორმაციით, სერჟანტი ნარკოტიკული საშუალების შენახვა-რეალიზაციისთვის დააკავეს, ხოლო მისი ლიკვიდაცია გაქცევის მცდელობის გამო მოხდა. ციცინო შავაძის თქმით, ის სასტიკად იყო ნაწამები: „მისი სხეული ტყვიებით იყო დაცხრილული. თითქმის ყველა თითი, მკლავები და ფეხები დამტვრეული, ხორცები დაგლეჯილი ჰქონდა“.

___________

ფოტოზე: 2008 წელი, ციცინო შავაძე. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: