მთავარი,სიახლეები

„მთავარი საფიქრალი ახლა სახის შენარჩუნებაა“ – რა იცვლება პომპეოს ვიზიტის შემდეგ

18.11.2020 • 1246
„მთავარი საფიქრალი ახლა სახის შენარჩუნებაა“ – რა იცვლება პომპეოს ვიზიტის შემდეგ

მიუხედავად იმისა, რომ მაიკ პომპეომ ბოიკოტის შეწყვეტისკენ მოუწოდა ოპოზიციას, ქუჩის საპროტესტო აქციები გრძელდება. რამდენიმე დღეში არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რაშიც ოპოზიცია მონაწილეობას არ აპირებს.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიუღებლად მიიჩნევს ბოიკოტს, მაგრამ იმავდროულად, თავისივე განცხადებით ადასტურებს იმ პრობლემების რეალურობას, რაზეც ოპოზიცია საუბრობს საქართველოში.

რას შეცვლის პომპეოს გზავნილები და არჩევნების მეორე ტური? როგორ დაზარალდება ერთპარტიული პარლამენტით „ქართული ოცნება“ და ასევე ოპოზიცია, თუკი ისევ პარლამენტს მიღმა დარჩება, ხოლო არჩევნების ხელახლა ჩატარების მოთხოვნა არ შესრულდება? – „ბათუმელები“ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა.

  • ბატონო გია, იყო თუ არა მოულოდნელი თქვენთვის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი გზავნილი ოპოზიციისგან  ბოიკოტის შეწყვეტაზე? 

არ იყო მოულოდნელი, რადგან მე ამას არჩევნების შემდეგ ვამბობ. ჩემი რეკომენდაცია იყო პარლამენტის კედლებს შიგნით გაგრძელებულიყო ეს პროტესტი. სხვაგვარად პოლიტიკური კრიზისის დაძლევა შეუძლებელია. სხვათა შორის, ამ გადაწყვეტილებით ნათლად იკითხება ის, რომ არჩევნებზე იყო მოსყიდვა, დაშინება და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს სჭირდება გამოძიება. ამიტომ ჯობია, რომ დე ფაქტო მდგომარეობა იქნას გათვალისწინებული, გავითვალისწინოთ ყველა შესაძლო რისკები და პრობლემები ვარკვიოთ პარლამენტის კედლებში. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ამ განცხადებით ადასტურებს იმას, რომ ოპოზიციის პროტესტს აქვს საფუძველი. საუბარია არა შინაარსზე, არამედ რადიკალურ ფორმაზე, რომ ქუჩის პროტესტია მიუღებელი, როცა მანდატი მიიღე და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობ.

  • მერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა ოპოზიციას სამართლებრივ მექანიზმებს მიმართეთო, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ოპოზიციის, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების სარჩელების უმრავლესობის დაკმაყოფილებაზე საოლქო კომისიებმა, შემდეგ კი, სასამართლოებმა უარი თქვეს. 

ეს მექანიზმი ახლა არის პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელსაც აქვს ფართო უფლებები. სხვათა შორის, კომისიის ფორმირება შეუძლია ოპოზიციას ხელისუფლების გარეშე. საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მათ შეუძლიათ დაკითხვაზე დაიბარონ  ყველა ფიგურანტი თამარ ჟვანიათი დაწყებული, საარჩევნო ადმინისტრაციის რიგითი მოხელით დასრულებული. ამ კომისიის მუშაობის შედეგად ჩვენ გვექნება დოკუმენტურად დადასტურებული დასკვნა. ამომრჩეველიც გააკეთებს დასკვნას: იყო თუ არა იმ მასშტაბის გაყალბება, რამაც კრიტიკულად შეცვალა არჩევნების შედეგი. თუ ამ დასკვნას არ გაიზიარებს ხელისუფლება და რიგგარეშე არჩევნებს არ დანიშნავს, შემდეგაც შეიძლება ქუჩაში გასვლა, უკვე შეიარაღებული არა ემოციებით, არამედ დოკუმენტური საბრალდებო დასკვნით.

  • რამდენად ელით, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს? 

მთავარი საფიქრალი ახლა სახის შენარჩუნებაა, სწორი ნაბიჯების გადადგმა სახის შენარჩუნებით. ქუჩის პროტესტს ექნებოდა შედეგი მაშინ, თუკი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იქნებოდა მხარდაჭერა, მაგრამ არ არის ხომ ეს? პირიქით, ყველა ეუბნება, შედით პარლამენტშიო. მე ვფიქრობ, რომ მაინც აქეთკენ უნდა წავიდნენ. შესაძლოა, დღესვე არა, რადგან როგორ უნდა აუხსნან ეს ამომრჩეველს, როცა გუშინ ასეთი გეგმა გქონდა და დღეს პარლამენტში შედიხარ. შესაბამისად, უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები, რომ ხელისუფლება კომპრომისზე წამოიყვანონ. ეს კომპრომისი შესაძლოა იყოს ხელისუფლებისგან იმის პირობა, რომ თუ დასკვნით დადასტურდება გაყალბების მასშტაბურობა, ხელისუფლება იქნება თანახმა, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები.

  • რამდენად ელოდებით ცვლილებებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის კუთხით ბაიდენის პრეზიდენტობის პირობებში? 

გრძელვადიანი ინტერესებთან დაკავშირებით არავითარ ცვლილებას არ ველოდები, თუმცა დემოკრატებისთვის მმართველობის ის მოდელი, რაც ჩვენთან ჩამოყალიბდა, ცოტა გაუგებარი მოდელია. ჩვენ გვაქვს რეალობა, როცა არაინსტიტუციური პირი ფლობს ძალაუფლების ფაქტობრივად 100 პროცენტს, პირი, რომელიც არცერთ სახელისუფლებო შტოში არ არის. ეს მოდელი ბუნებრივია მიუღებელი და უცხოა საერთოდ დემოკრატიისთვის. დემოკრატები განსაკუთრებით მტკივნეულად უყურებენ ასეთ კონტროლს – ოლიგარქიული, მდიდარი ადამიანისგან ძალაუფლების კონტროლი მათთვის განსაკუთრებით გამაღიზიანებელია. იგივე მომენტი ტრამპის ადმინისტრაციისთვის ვერ იქნებოდა გამაღიზიანებელი, რადგან ტრამპიც, როგორც ამბობენ, არცთუ ღარიბი იყო, ისიც ბიზნესიდან იყო მოსული. დემოკრატები უფრო პროფესიულ პოლიტიკას მიყვებიან და მაინცადამაინც ბიზნესმენები არ მოსწონთ პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული პრობლემა გახდება „ქართული ოცნებისა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის.

თუკი იქნება ერთპარტიული პარლამენტი, ეს იქნება ძალიან დიდი უხერხულობა. სულ ასეთი რამდენიმე ქვეყანა და მათ დემოკრატიაზე არანაირი პრეტენზია არ აქვთ.

  • შაბათს არჩევნების მეორე ტურია, თუმცა რეალურად არჩევანის საშუალება ამომრჩეველს არ ექნება. რას ნიშნავს ქვეყნისთვის ასეთი არჩევნები? 

ვითარება ძალიან რთულია თავისი ძალიან ბუნდოვანი განვითარებით. ხელისუფლების ლეგიტიმაცია აშკარა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მათივე დათვლითაც კი, ხელისუფლებას მიღებული აქვს 48 პროცენტი და 52 პროცენტი გადანაწილდა სხვა პარტიებზე. ეს აჩვენებს იმას, რომ აქტიური ამომრჩევლის 50 პროცენტზე მეტს არ მოსწონს ეს ხელისუფლება. ჩვენ ვიღებთ ვითარებას, როცა ასეთი სუსტი ლეგიტიმაციის პირობებში ქვეყანა უნდა მართოს სტერილურმა უმცირესობამ. თანაც, ეს ხდება ძალიან სერიოზული სახელმწიფოებრივი გამოწვევების ფონზე, როგორიც არის კოვიდინფექცია, სოციალურ-ეკონომიკური თუ რეგიონული პრობლემები – მოგეხსენებათ, რომ ყარაბაღის ომმა სტატუსკვო შეცვალა, დიდი გადანაწილების პროცესი დაიწყო. ამ ფონზე სტერილური, სუსტი ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტი არის პრობლემა.

  • რაში შეიძლება გამოიხატოს „სუსტი ლეგიტიმაცია“? როგორც ცნობილია, სამართლებრივი პრობლემა არ შეექმნება მმართველ გუნდს. 

სუსტი ლეგიტიმაციის პირობებში ვიქნებით მუდმივი რყევების და პოლიტიკური კრიზისის პირობებში. კრიზისის პიკი როდის მოჰყვება ამას, არავინ იცის. სამართლებრივი პრობლემაც არსებობს. სუსტი ლეგიტიმაცია უბრალოდ სიტყვები კი არ არის. ეს მოცემულობა პრაქტიკულად, გარანტირებულად ნიშნავს იმას, რომ 4 წელი ხელისუფლება ქვეყანას ვერ მართავს. პრაქტიკულად გარდაუვალია რიგგარეშე არჩევნები.

გარდა ამისა, ამ სერიოზული პრობლემების ფონზე შეიძლება სახელმწიფოს ჰქონდეს იმ ტიპის გადაწყვეტილებები მისაღები, რაც არის საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებული: ეს შეიძლება ეხებოდეს პრეზიდენტის დეკრეტებს, ან თუნდაც ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. არის გადაწყვეტილებები, რომლებსაც მაღალი ქვორუმი სჭირდება. გამოდის, რომ თქვენ ფეხბურთის სათამაშოდ გამოგყავთ ცალი ფეხით კოჭლი ფეხბურთელები. შესაძლოა, მოედანზე თამაშის იმიტაცია მოხდეს, მაგრამ ეს ვერ იქნება სრულფასოვანი თამაში და სულ წაგებული იქნები. აქედან გამომდინარე, რაღაც მომენტში სამართლებრივ ჩიხშიც შედის ხელისუფლება. ისეთი ვითარებაა ქვეყანაში, რომ ეს სამართლებრივი მოცემულობა აუცილებლად დადგება. მე, მაგალითად, მომხრე ვარ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები შევიდნენ პარლამენტში.

  • რატომ ემხრობით ოპოზიციის პარლამენტში შესვლას? 

ვფიქრობ, კრიზისი მაინც გარდაუვალია. დანარჩენი ყველაფერი არის ტაქტიკის საკითხი – როგორ მივდივართ ამ კრიზისამდე. ერთია, რომ აქეთკენ მივდივართ ქუჩის ტექნოლოგიით, რაც შედარებით სწრაფ შედეგზეა თითქოს ორიენტირებული, მაგრამ ძალიან მაღალი რისკის ზონაა. არის მეორე სცენარი: როცა კრიზისი გადაგვაქვს პარლამენტის კედლებში და ოპოზიცია აღიარებს არა არჩევნების შედეგებს, არამედ დე ფაქტო სიტუაციას.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარებით არაა გამორიცხული, ჩვენ იგივე შედეგი მივიღოთ. შესაბამისად, იგივე ადმინისტრაციის ფორმირების კუთხით კანონმდებლობაა შესაცვლელი, რაც ასევე პარლამენტმა უნდა გააკეთოს. დასკვნის შემდეგ ასევე უფრო მარტივია ამ ტიპის პროტესტის გამოხატვა. უცხოელებისთვისაც უფრო გასაგები იქნება ოპოზიციის პროტესტი, როცა ხელში ექნებათ ეს დასკვნა.

  • ანუ მიგაჩნიათ, რომ ამ ეტაპზე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის არ არის დამაჯერებელი ის, რასაც ოპოზიცია ამბობს? 

მათ იციან, რომ იყო დარღვევები, მაგრამ არ არიან დარწმუნებული, რომ დარღვევების მასშტაბი იყო ისეთი, რამაც არსებითად შეცვალა არჩევნების შედეგი. ისინი ფიქრობენ, რომ 48 პროცენტი არ ჰქონდა, მაგრამ 43 პროცენტი ხომ ჰქონდა?  ჩვენ უნდა დავანახოთ მათ დარღვევების მთელი სურათი. უნდა დავუმტკიცოთ, რომ არსებითად იცვლებოდა არჩევნების შედეგები. თუ ამას ვერ ვამტკიცებთ, მაშინ ისინი ასე ცალსახად ვერ ილაპარაკებენ ხელისუფლების დელეგიტიმაციაზე.

ახლა განსაკუთრებით სამივე მიმართულებით არის უმძიმესი ვითარება – რეგიონული კრიზისი, კოვიდის მართვა და ძალიან დიდი ეკონომიკური გაჭირვება. ამ ყველაფერს ახლა შესაძლოა ჰქონდეს კუმულატიური ეფექტი, რომ არჩევნები კი არა, ყველაფერი უკან მოგვრჩეს. აქედან გამომდინარე, მე ამ სცენარს ვემხრობოდი, თუმცა ქუჩის პროტესტის წინააღმდეგი არ ვარ, თუკი ეს ყველაფერი იქნება მეთოდური და გასაგები. ეს პროტესტიც შედეგზეა ორიენტირებული, მაგრამ მეტი ჭკუა და კომპეტენცია სჭირდება ყველაფერს.

  • თუკი არ შევა ოპოზიცია პარლამენტში, როგორ დააზარალებს ეს ოპოზიციას? ირაკლი კობახიძე საუბრობს იმაზეც, რომ დაფინანსება აღარ უნდა მიეცეს პარტიას, რომელიც პარლამენტში არ შედის. 

ოპოზიციას მარტო დაფინანსების პრობლემა არა აქვს, აქ ბევრი სხვა პრობლემაა. პრობლემაა ისიც, რომ ხელისუფლება მუშაობს იმაზე, რომ ვიღაც დააშანტაჟოს, იყიდოს, ოპოზიციის ერთიანობაში ბზარი შეიტანოს. თუ ერთიანობა ვერ შეინარჩუნა ოპოზიციამ, მაშინ ხუხულასავით დაიშლება ყველაფერი. დღეს ოპოზიციას ერთადერთი აქტივი აქვს – ეს არის მათი ერთიანობა. ხელისუფლებისთვის პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ოპოზიცია ერთიანია, მაგრამ საკითხავია – შეინარჩუნებენ? ჩვენ ამის პოზიტიური გამოცდილება მაინცადამაინც არ გვაქვს. მე არ მინდა ზედმეტად კრიტიკული ვიყო, ან ზედმეტად ოპტიმისტი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: