მთავარი,სიახლეები

შეკრება სოციალური მოთხოვნებით მთავრობასთან – „15 თებერვალს იქნება მასშტაბური აქცია“

09.02.2021
შეკრება სოციალური მოთხოვნებით მთავრობასთან – „15 თებერვალს იქნება მასშტაბური აქცია“

დღეს, 9 თებერვალს, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები აჭარის მთავრობასთან აქციას მართავენ. ისინი მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან  ითხოვენ შეხვედრას. თორნიკე რიჟვაძე თავდაპირველად  მზად იყო შეხვედროდა საპროტესტო აქციის მონაწილეებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ ითხოვეს, რომ ჟურნალისტებიც დასწრებოდნენ შეხვედრას, როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თამაზ ბაკურიძე აცხადებს, მათ ამ შეხვედრაზე უარი უთხრეს.

აქციაზე მხოლოდ სოციალური მოთხოვნები გაახმოვანეს – ერთ-ერთმა მოქალაქემ თქვა, რომ ავტობანის მშენებლობის შედეგად მის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება შეუძლებელია. საქართველოს გზების დეპარტამენტმა მის ოჯახს ერთი თვით უქირავა საცხოვრებელი, მაგრამ მას შემდეგ სამი თვე გავიდა და არ იცის ახლა როგორ მოიქცეს.

კიდევ ერთი მოქალაქე აცხადებს, რომ ის შშმ პირია. სესხი აქვს ბანკიდან გამოტანილი და ბანკმა ბინა გაუყიდა.

აქვე არიან ოცნების ქალაქის მცხოვრებლები – ისინი თორნიკე რიჟვაძისგან ითხოვენ, გაიწეროს კრიტერიუმები, რის მიხედვითაც უნდა გადაეცეთ აქ მცხოვრებლებს ბინები და ასევე, ყველასთან, ვისაც უნდა გადაეცეს ბინა, აუცილებლად გაფორმდეს ხელშეკრულება.

„პირველ ეტაპზე ვერ მივიღებ, შემდეგზე იყოს… ხან ბიძინა წავიდა, ხან მინისტრი მიდის, ისეთი რაღაცები იცვლება. მე რა ვიცი, რომელი ხელისუფლება მოვა“, – აცხადებს მარინა ბერიძე, რომელიც ოცნების ქალაქში ცხოვრობს. მისი ინფორმაციით, აჭარის მთავრობა ამ ეტაპზე მხოლოდ 582 ოჯახისთვის აშენებს ბინებს, ოცნების ქალაქში კი 1800-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს და საჭიროა ყველამ იცოდეს თავისი რიგი, ვის როდის აუშენებენ საცხოვრებელს.

აქციაზე იმყოფება კიდევ ერთი სოციალური ჯგუფის –  თურქეთში დასაქმებული ქალების წარმომადგენელი. ისინი ითხოვენ, რომ თურქეთთან საზღვარი გაიხსნას. „ეს არ ეხება თორნიკე რიჟვაძეს, მაგრამ ვისაც ეხება, იმათ დაელაპარაკოს ამის შესახებ“, – აცხადებენ ქალები.

აქცია ისე დასრულდა, რომ მათ მთავრობის თავმჯდომარე არ შეხვდა. დღევანდელი აქციის მონაწილეებმა დააანონსეს, რომ დღეს აქციაზე მყოფი ყველა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები 15 თებერვალს შეიკრიბებიან და აჭარის მთავრობასთან მასშტაბურ აქციას გამართავენ.

დღევანდელი აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი არ მიეკუთვნებიან არც ერთ პოლიტიკურ პარტიას. შესაბამისად, მათ აქციას „თავისუფლების კვარტალში“ მყოფი აქციის მონაწილეები – პოლიტიკოსები არ შეერთებიან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: