ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ვინ შეაკეთებს წელს ბათუმის ქუჩებს – დავა 300-ათასიანი ტენდერის მოსაგებად

09.02.2021 • 1905
ვინ შეაკეთებს წელს ბათუმის ქუჩებს – დავა 300-ათასიანი ტენდერის მოსაგებად

ბათუმში გზების მოვლაზე ქალაქის მერიას ამ დრომდე კონკრეტული კომპანია შერჩეული არ ჰყავს. გზების სავალი ნაწილი კი მისახედია, განსაკუთრებით ქვაფენილიანი [რუსთაველის, გოგებაშვილის, მემედ აბაშიძის და სხვა] ქუჩები, სადაც ამოცვენილი ქვები ქვეითებისთვის აღარ არის უსაფრთხო.

„ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენამდე შეძლებისდაგვარად, საკუთარი თანამშრომლების ძალებით, ვუვლით ქუჩებს“, – გვითხრეს ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში.

სააგენტოს ქუჩების მოვლა-შენახვისთვის გამოცხადებული ტენდერის გამო დავების საბჭოში უჩივიან. სატენდერო თანხა 356 700 ლარია. გამარჯვებულმა, ქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურას [ტროტუარი, ბორდიური, ქვაფენილი, ბოძკინტი] მოვლა-შენახვაზე 2021 წლის 26 დეკემბრამდე უნდა იზრუნოს.

ქალაქის გზების მოვლაზე, სერვისების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერი, 2021 წლის 18 იანვარს დასრულდა. შპს „მარდი“ სააგენტოს მომსახურებას 280 ათას ლარად სთავაზობდა.

2 თებერვალს სატენდერო კომისიამ, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, „მარდს“ დისკვალიფიკაცია მისცა. 3 თებერვალს კი, მომდევნო პრეტენდენტს, შპს „ნიუ სთაილს“ ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება მოსთხოვა. „ნიუ სთაილ“ მომსახურებას სააგენტოს 285 361 ლარად სთავაზობს.

კომპანია „მარდმა“ 7 თებერვალს შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს მიმართა.

„სააგენტოს სატენდერო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სადავოა, ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რადგანაც ელექტრონული ტენდერის წესის შესაბამისად არ მოხდა კომისიის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის სათანადო შესწავლა, არ იქნა დეტალურად განხილული კომპანიის ანალოგიური გამოცდილებების, შესრულებული სამუშაოების ყველა პუნქტი და მათი იდენტურობა სატენდერო პირობების შესაბამის პუნქტთან“, – აცხადებს „მარდი“.

კომპანია ითხოვს „გაუქმდეს სატენდერო კომისიის 2021 წლის 02 თებერვლის სხდომის ოქმი N3-ით მიღებული გადაწყვეტილება და დაევალოს ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების სააგენტოს“ სატენდერო კომისიას უზრუნველყოს [„მარდის“ მიერ] წარდგენილი დოკუმენტების ობიექტური შეფასების საფუძველზე, სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილების მიღება“.

„მარდის“ საჩივარი ამ დროისთვის განხილვის პროცესშია, ტენდერი კი – შერჩევა-შეფასების ეტაპზე.

ტენდერში გამარჯვებულმა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს შემდეგი სამუშაოები:

  • ქვაფენილის საფარიანი ქუჩების შეკეთება-ახლის მონტაჟი (ქვაფენილის ღირებულების გარეშე)
  • ქვაფენილიანი ქუჩების ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით გამაგრება
  • დაზიანებული ბორდიურების შეცვლა/შეკეთება (ბორდიურის ღირებულების გარეშე)
  • ტროტუარებზე დაზიანებული ფილების შეცვლა-შეკეთება (ფილების ღირებულების გარეშე)
  • დაზიანებული ბოძკინტების შეკეთება
  • დაზიანებული ბოძკინტების შეცვლა-ახლის დამონტაჟება (მასალის ღირებულების გარეშე)
  • ტროტუარებზე დაზიანებული საკომუნიკაციო ჭების პოლიმერული სახურავების (არსებულის ანალოგიური) შეძენა-მონტაჟი
  • ბეტონის პარაპეტის მოპირკეთება ბუნებრივი გრანიტის ფილით (არსებულის ანალოგიური, სისქით 3-5 სმ)
  • ბაზალტის ჩამკეტი ბორდიურების მოწყობა ხე-მცენარეების ირგვლივ
  • ქვაფენილის საფარიანი ქუჩების შეკეთება-ახლის მონტაჟი სპეციალური ცემენტ-ხსნარის შემცვლელობით

ტენდერის პირობის მიხედვით, შესრულებული სამუშაოს საგარანტიო პერიოდი 12 თვეა სამუშაოების დასრულებიდან; თუმცა „საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში აღმოფხვრას გამოვლენილი ხარვეზი ისე, რომ შესრულებული სამუშაოები სრულ შესაბამისობაში იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან“.

მემედ აბაშიძის გამზირი / 9.02.2021

რაც შეეხება დაზიანებულ ქვაფენილებს – ტენდერის პირობის მიხედვით:

„დაზიანებული ქვაფენილის საფარიანი ქუჩების შეკეთების შემთხვევაში უნდა მოხდეს დაზიანებული ქვაფენილის დემონტაჟი და დემონტირებული ქვაფენილის ხელახალი მონტაჟი, სპეციალური ცემენტ-ხსნარის შემავსებელით (რუხი ფერის), რომელიც მდგრადია მაღალი საექსპლუატაციო დატვირთების ზონაში, კერძოდ, სადაც აქტიურად ხდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება (სატვირთო ავტომობილები, მუნიციპალური ტრანსპორტი და სხვა).

ცემენტ-ხსნარის შემავსებელს უნდა გააჩნდეს მაღალი მდგრადობა კერძოდ რეგიონისათვის დამახასიათებელი კლიმატური პირობებისადმი, როგორიცაა (ტენიანობა, ტემპერატურის ცვალებადობა და ა.შ). ცემენტ-ხსნარის შემავსებლით შეკეთება უნდა განხორციელდეს ბუნებრივი გრანიტის ქვების ქვაფენილის (კუბის ფორმით) საშუალო ზომით 80X120 მმ; ქვაფენილის ბუნებრივი გრანიტის ქვებს შორის საშუალო მანძილი არის 5-30 მმ; ქვაფენილის შეკეთებიდან მაქსიმუმ 72 საათის შემდეგ შესაძლებელი უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება.

ცემენტ-ხსნარის სპეციფიკაცია უნდა აკმაყოფილებდეს DIN ან/და EN სტანდარტს. ქვაფენილის შეკეთების ტექნოლოგიური პროცესის სახელმძღვანელო წინასწარ წარმოდგენილი უნდა იყოს პრეტენდენტის მიერ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად. შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა განისაზღვრება სამუშაოების მიღება ჩაბარების აქტის შედგენიდან 6 თვის განმავლობაში. ასევე საგარანტიო პერიოდში გამოვლენილი ხარვეზების შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია შეტყობინებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს აღმოჩენილი ხარვეზის გამოსწორება. შემსრულებელი ვალდებულია სამუშაოს წარმოება განახორციელოს დამკვეთის მიერ წერილობითი შეტყობინებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში“.

მთავარი ფოტო: ბათუმი, მემედ აბაშიძის გამზირი

____

ამ თემაზე:

მოგვარდა საცობების პრობლემა ბათუმში ახალი სატრანსპორტო სქემის შემდეგ?

გადაბეჭდვის წესი


ასევე: