მთავარი,სიახლეები

ხულოში სოფლის გზებზე დაბალი ხარისხის ბეტონი გამოიყენეს | აუდიტი

09.02.2021 • 1344
ხულოში სოფლის გზებზე დაბალი ხარისხის ბეტონი გამოიყენეს | აუდიტი

ხულოს მუნიციპალიტეტმა შიდა სასოფლო გზების პრობლემური ადგილების შესაკეთებლად 2018-2019 წლებში 1 515 901 ლარი დახარჯა, თუმცა გზებზე, რიგ შემთხვევაში, დაბალი მარკის მზა ბეტონი იქნა გამოყენებული – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერს.

„ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებლებს უნდა მიეწოდებინათ მზა ბეტონი მარკით მ-250 (B20), ხოლო ანგარიშსწორება მიმწოდებელთან უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, შესაბამისი დოკუმენტაციის, მათ შორის, ბეტონის მარკის დამადასტურებელი ლაბორატორიული დასკვნის წარდგენის შემდგომ.

მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი მასალებით დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში, მიმწოდებლების მიერ წარმოდგენილი ხარისხის დამადასტურებელი ლაბორატორიული დასკვნებით არ დასტურდება შესყიდული ბეტონის ხელშეკრულებით მოთხოვნილი მარკიანობა, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, გადახდილია 95 568 ლარი,“ – წერს აუდიტი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხულოს კლიმატის გათვალისწინებით, დაბალი მარკის ბეტონით დაგებული გზის მალე დაზიანების ალბათობა არსებობს.

აქვე ვკითხულობთ, რომ ხულოში, აღნიშნულ გზებზე, ბეტონს აგებს ადგილობრივი მოსახლეობა და არა სპეციალისტები, რა დროსაც არ ხდება ისეთი მნიშვნელოვანი მოთხოვნების გათვალისწინება, როგორიცაა: ბეტონის საფარის სისქე, დახრა, სანიაღვრე არხების აუცილებლობა და ა.შ.

„აღნიშნული მოთხოვნების დაუცველობა გამოიწვევს მსგავსი სამუშაოების ხელახალი წარმოების აუცილებლობას, რამაც შესაძლოა განაპირობოს მუნიციპალიტეტის მხრიდან დამატებითი ხარჯების გაწევის საჭიროება,“ – წერს აუდიტი ანგარიშში.

აუდიტის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ შერჩევით განხორციელებული ვიზუალური დათვალიერების შედეგად, რიგ შემთხვევებში უკვე გამოვლინდა გზის საფარის დაზიანება, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს ბეტონის მარკის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შეუსაბამობით.

რეკომენდაციებში აუდიტი აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტმა, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, უმჯობესია იმსჯელოს მზა ბეტონის შესყიდვის ნაცვლად გზის დაგების სამუშაოების შესყიდვაზე.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ აუდიტის დასკვნას იცნობენ და რეკომენდაციებს, შეძლებისდაგვარად გაითვალისწინებენ.

„აუდიტის დასკვნა სარეკომენდაციო ხასიათისაა. ერთ-ერთი რეკომენდაცია გაცემულია ბეტონის მარკიანობასთან დაკავშირებით. ყველა დასკვნაში მითითებულია, რომ ბეტონი იყო B20 მარკიანობის, თუმცა საჭირო სიმტკიცეს ბეტონი აღწევს 25-30-დღიანი შრობის შემდეგ. დასკვნებშიც აღნიშნულია, რომ სინჯები  7-10 დღის თავზე გვაქვს გაკეთებული, აქედან გამომდინარე, იმ პერიოდში არსებული ბეტონის სიმტკიცეა მოცემული ლაბორატორიულ დასკვნაში.

ჩვენ ამ რეკომენდაციას გავითვალიწინებთ, სინჯს ავიღებთ შემდგომში. ეს გასათვალისწინებელია“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ხულოს მერის მოადგილემ, ნადიმ ვასაძემ.

რაც შეეხება მობეტონებული გზების დაზიანებას, რაზეც ასევე საუბარია აუდიტის დასკვნაში, მერის მოადგილე ამბობს, რომ ასეთი შემთხვევები არის და ეს, ძირითადად, ხულოს კლიმატურ პირობებს, რიგ შემთხვევაში მდინარეების კალაპოტიდან გადმოსვლას, ასევე მთებიდან მაღალი გამავლობის მანქანების გადაადგილებას უკავშირდება, რითაც მოსახლეობას შეშა მოაქვს.

ნადიმ ვასაძე ამბობს, რომ აუდიტის რეკომენდაცია მზა ბეტონის შესყიდვის ნაცვლად გზის დაგების სამუშაოების შესყიდვაზე და სპეციალისტების ჩართვაზე, მეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

„თუ ეს ჯდებოდა 95-110 ლარი, დაგვიჯდება 250-280 ლარი და უფრო ძვირიც. თუმცა გავაკეთებთ შესაბამის ანალიზს, შესაძლოა ჩვენი სპეციალისტები ჩავრთოთ ამ საქმეში. ჯერჯერობით თოვლია მთებში, თუმცა თვენახევარში დავიწყებთ სამუშაოებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“ – აღნიშნა მან „ბათუმელებთან“.

 

_________

ფოტო: ხულოს მუნიციპალიტეტის მერია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: