მთავარი,სიახლეები

როგორ ხარჯავს შსს ნახევარ მილიარდს ხელფასებში | აუდიტი

09.02.2021 • 1090
როგორ ხარჯავს შსს ნახევარ მილიარდს ხელფასებში | აუდიტი

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეულმა საკასო ხარჯმა 561 633 739 ლარი შეადგინა. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში კი მითითებულია, რომ იგივე 2019 წელს, შსს-ში შრომის ანაზღაურებისთვის 90 მილიონი ლარით ნაკლები, 471 502 200 ლარია გახარჯული.

აუდიტის მიხედვით, 2019 წელს შსს-მ 561,6 მილიონი ლარი „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გასცა როგორც:

  • თანამდებობრივი სარგო – 437 241 607 ლარი
  • წოდებრივი სარგო – 9 801 526 ლარი
  • პრემია – 10 418 071 ლარი
  • დანამატი – 104 172 535 ლარი

„აღნიშნული თანხიდან [დანამატი], განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წილი უჭირავს სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის კანონით მინიჭებულ დანამატებს [წელთა ნამსახურება, წოდება, მრავალშვილიანობა და სხვა].

ამასთან, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ წლის განმავლობაში მიღებული ფულადი ჯილდოს საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ პირის მიერ დაკავებული თანამდებობის/პოზიციის თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 10%-ს, ხოლო სახელფასო დანამატის საერთო ოდენობა თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 20%-ს,“ – აცხადებს აუდიტი.

„აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირის მიერ დამატებითი ანაზღაურების მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმები (მათ შორის, ნამსახურები წლები) და დანამატის ოდენობა განსაზღვრულია შესაბამისი ნორმატიული აქტით ან/და „საიდუმლო“ გრიფის მქონე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით,“ – თუმცა, აუდიტის დასკვნით, 2019 წელს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში, რამდენიმე შემთხვევაში ზემოაღნიშნული ზღვრები დაცული არ იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული ნაკლოვანებები [ჯამში დაახლოებით 40 ათასი ლარის პრემია-დანამატი იყო გაცემული, რაც აჭარბებდა კანონით დადგენილ ზღვარს] არ არის მატერიალურად არსებითი და სისტემური ხასიათის, მნიშვნელოვანია სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში შესაბამისი კონტროლის გარემოს შენარჩუნება და დადგენილი ზღვრების მონიტორინგი,“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, „სამინისტროს განმარტებით, პროგრამულ უზრუნველყოფას დაემატა ახალი მოდული, რომელიც უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურებისთვის განსაზღვრული ზღვრების კონტროლს“.

აუდიტი ასევე ხაზს უსვამს, რომ კანონის მიხედვით სახელფასო დანამატი წარმოადგენს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის განსაზღვრულ თანხას.

თუმცა, სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ ზოგიერთ თანამშრომელს, 2019 წლის პირველი იანვრიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებებით, წინასწარ, მთელი წლის განმავლობაში, დაენიშნათ ყოველთვიური დანამატი [ამ თანხამ კი 2019 წლის მანძილზე 7 346 754 ლარი შეადგინა, რომელიც 2 686 თანამშრომელზე ნაწილდება].

„ზეგანაკვეთური სამუშაო რეჟიმი დამახასიათებელია სამინისტროს სისტემისთვის, თუმცა მინისტრის ბრძანებით არ იყო დაკონკრეტებული, თუ რა სამუშაო ან დამატებითი ფუნქცია უნდა შეესრულებინა კონკრეტულ პირს,“ – აცხადებს აუდიტი.

„გაცნობებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 31 დეკემბრით დასრულებული პერიოდისთვის მომზადებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შედეგად გაიცა უარყოფითი დასკვნა…“ – აღნიშნულია გენერალური აუდიტორის მიერ შს მინისტრისთვის, ვახტანგ გომელაურისთვის 2020 წლის 29 დეკემბერს მიწერილ წერილში. შესაბამისად, აუდიტმა მინისტრს რეკომენდაციებიც გაუგზავნა.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროში „შრომის ანაზღაურების“ მუხლში 2020 წელს 498 მილიონი ლარი იყო გაწერილი; 2021 წლისთვის კი, სამინისტროსა და მის სტრუქტურებში დასაქმებული 30 500 თანამშრომლისთვის ჯამში 525 მილიონ 200 ათასი ლარია გაწერილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: