მთავარი,სიახლეები

როგორ ვესაუბროთ მოზარდებს სქესობრივ ცხოვრებაზე – რჩევები მშობლებს

09.02.2021 • 1524
როგორ ვესაუბროთ მოზარდებს სქესობრივ ცხოვრებაზე – რჩევები მშობლებს

პუბერტატული, იგივე სქესობრივი მომწიფების ასაკი, გოგოებისთვის ძირითადად იწყება 10, 11-დან 14 წლამდე და ბიჭებისთვის 12-16 წლის შუალედში. ეს პერიოდი ფიზიოლოგიური, ჰორმონალური და შესაბამისად, ფსიქოემოციური ცვლილებებით ხასიათდება. გოგონებსა და ბიჭებში ცვლილებები შეიძლება სხვადასხვაგვარად მიმდინარეობდეს.

რით ხასიათდება ეს ცვლილებები, როგორ უნდა გაუმკლავდნენ მოზარდები სიახლეებს სხეულში და როგორ უნდა ესაუბრონ მშობლები მოზარდებს სქესობრივ მომწიფებაზე? – „ბათუმელებთან“ ამ თემებზე ბავშვთა და ოჯახის ფსიქოლოგი ქეთი დევაძე საუბრობს:

ქეთი დევაძე, ბავშვთა ფსიქოლოგი

პუბერტატული ასაკის მოზარდებში მეორეული სასქესო ნიშნების განვითარება იწყება. ისინი ამ დროს სწრაფად იზრდებიან, რასაც თან სდევს ჭარბთმიანობა, სახეზე თმიანობა, ხმის ტემბრის ცვლილება, აკნე, ოფლიანობა და ა.შ.

ეს ცვლილებები ხშირად უსიამოვნოა როგორც მოზარდებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის.

დღეს ბავშვები ადრეული ასაკიდანვე იღებენ ინფორმაციას მათი სხეულისა თუ სქესობრივი ცხოვრების შესახებ ტელევიზორიდან თუ ინტერნეტიდან. ხშირად ინფორმირებულები არიან გაცილებით ადრეც, მანამ, სანამ გარდატეხის ასაკი დაეწყებათ.

ხშირად მშობლები ფიქრობენ, რომ მოზარდები ისეც იღებენ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან და მათი ჩართულობა ამ პროცესში არ არის საჭირო. თანაც მშობლებს ძირითადად ეუხერხულებათ  ამაზე საუბარი.

მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ როცა ბავშვი სხვადასხვა წყაროდან იღებს ინფორმაციას, განსაკუთრებით ინტერნეტიდან, დიდი რისკია, ეს წყარო შეიცავდეს ბევრ არაზუსტ ინფორმაციას, რაც დააბნევს მოზარდს და შეიძლება მას გაუჩნდეს არასწორი მოლოდინი საკუთარი სხეულისგან, ზოგადად, საკუთარი თავისგან.

უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ბავშვი თავისი სხეულის, სექსუალური ცხოვრების შესახებ სანდო წყაროებიდან იღებს ინფორმაციას და უმჯობესია ეს ინფორმაცია მათ სწორედ ჩვენ, მშობლებმა მივაწოდოთ.

  • ნუ დაელოდებით, რომ თქვენი შვილი მოვა და დაგისვამთ შეკითხვებს საკუთარი სხეულის, მასში მიმდინარე ცვლილებების შესახებ. ეს დღე შეიძლება არც არასდროს დადგეს
  • უმჯობესია თავად წამოიწყოთ საუბარი სქესობრივ მომწიფებასთან და სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებულ თემებზე.
  • ხშირად ბავშვმა არც იცის, რომ ამ თემებზე საუბარი ნებადართულია და მით უმეტეს, მშობლებთან საუბარი.
  • მშობელი კარგად უნდა მოემზადოს ამ დიალოგისთვის, მოემზადოს კითხვებისთვის, რაც ბავშვს ექნება. შეისწავლოს სხვადასხვა ლიტერატურა პუბერტატული ასაკისა და სექსუალური განვითარების შესახებ, მოიძიოს ინფორმაცია.
  • კარგი იქნება, თუ რომელიმე ერთი მშობელი დაელაპარაკება ბავშვს ამ თემებზე ინდივიდუალურად და არა და-ძმების, ბებია-ბაბუის ან ვინმე სხვა ადამიანის თანდასწრებით, უმჯობესია, თუ ეს იქნება საუბარი ორ ადამიანს შორის.
  • კარგი იქნება, თუ მშობელი თავის გამოცდილებასაც გაუზიარებს შვილს, ასევე მნიშვნელოვანია მშობელმა ჩვეულებრივად გამოიყენოს სასქესო ორგანოების სახელები სქესობრივ მომწიფებაზე საუბრისას და არ შემოიფარგლოს მხოლოდ მინიშნებებით.
  • ხშირად ზრდასრულებს ეუხერხულებათ ასეთ თემებზე საუბარი მოზარდებთან და ცდილობენ აარიდონ თავი „უხერხული“ სიტყვებით სახელდებას, მაგრამ ეს დროთა განმავლობაში ბარიერებს ქმნის მშობლებსა და შვილებს შორის – არ დაგელაპარაკებათ ბავშვი იმ თემებზე, რომლებთან დაკავშირებულ სახელებსაც კი არ ახსენებთ.
როგორ და რა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მშობელმა მოზარდს

აუცილებელია ბავშვს ვუთხრათ, რა ცვლილებებს უნდა ელოდოს საკუთარ სხეულში, უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია სექსუალური ურთიერთობების შესახებ, ასევე უნდა ვუთხრათ როგორ გაუმკლავდნენ სხეულში მიმდინარე ცვლილებებს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია პოზიტიური მუხტის მატარებელი იყოს. არ უნდა დავაშინოთ ბავშვები ცვლილებებით და ასევე, არ უნდა გადავაჭარბოთ, არ უნდა შევუქმნათ არასწორი მოლოდინი.

სქესობრივ მომწიფებასა და სქესობრივ ცხოვრებაზე ერთხელ საუბრით არ უნდა შემოვიფარგლოთ, მოზარდებთან ამ თემებზე საუბრის არხი მშობლებმა ღიად უნდა დატოვონ. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მას შეუძლია ამ თემაზე თავისუფლად გვესაუბროს და მოგვმართოს შეკითხვებით.

მოზარდობა საკმაოდ რთული პერიოდი შეიძლება აღმოჩნდეს სხვადასხვა ადამიანისთვის, პროცესები ყველას შემთხვევაში ერთნაირი სირთულით არ მიმდინარეობს.

როგორც ფსიქოლოგი ქეთი დევაძე ამბობს, ხშირად ემოციური ცვლილებები და სხვადასხვა გამოვლინება  ნორმალურია ამ ასაკში, თუმცა მნიშვნელოვანია ასევე არ გამოგვრჩეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა დარღვევის შემთხვევა, რაც შეიძლება თან ახლდეს მოზარდობის ასაკს.

ფსიქოლოგი გვირჩევს, პრევენციისთვის მივმართოთ სპეციალისტებს, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგებს მაშინ, როცა:

  • მოზარდის გუნება-განწყობილება მკვეთრადაა შეცვლილი და ის კარგავს ინტერესს ყველა იმ საქმიანობის მიმართ, რასაც აქამდე სიხარულით აკეთებდა.
  • თუ ჩაიკეტა და აღარაფერი ახარებს.
  • თუ არ სურს ურთიერთობა სხვა ადამიანებთან დიდი ხნის განმავლობაში.
  • თუ ბავშვს, მოზარდს ჰქონდა სუიციდის მცდელობა, ფიქრობს ამაზე ან ზოგადად, კარგავს ცხოვრების ინტერესს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: