სიახლეები,ჯანმრთელობა

რა ბარიერები ექმნებათ ქალებს სოფლებში ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე

09.02.2021 • 1887
რა ბარიერები ექმნებათ ქალებს სოფლებში ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე

საქართველოში კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებსა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ინდექსი 52.9%-ია. ეს მაჩვენებელი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. კონტრაცეფციასა და ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით დაბალია სოფლად და რეგიონებში.

ოჯახის დაგეგმვისა და კონტრაცეფციის მეთოდების შესახებ კონსულტაცია, როგორც წესი, მხოლოდ ფიქტიურადაა ინტეგრირებული პირველადი ჯანდაცვის რგოლში, ანუ ოჯახის/სოფლის ექიმის უფლებამოსილებაში, რადგან ამ სერვისის მისაღებად სოფლად მცხოვრებ ქალებს საუკეთესო შემთხვევაში რაიონულ ცენტრებში ან სულაც ახლომდებარე ქალაქში უწევთ ჩასვლა. ეს ნიშნავს, რომ გეოგრაფიულის გარდა, სერვისის მისაღებად ფინანსური ბარიერებიც ჩნდება.

რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰერა XXI“-ს ხელმძღვანელი ნინო წულეისკირი ამბობს, რომ კონტრაცეფცია და ოჯახის დაგეგმვის სერვისები  სოციალურად  დაუცველი ქალებისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს უნივერსალური ჯანმრთელობის პაკეტით, რისი ვალდებულებაც სახელმწიფომ რამდენიმე წლის წინ აიღო, თუმცა არ შეუსრულებია:

2015 წელს საერთაშორისო კომიტეტებმა ადამიანის უფლებების ნაწილში საქართველოს მთავრობას მისცეს რეკომენდაციები, სადაც ხაზი გაესვა, რომ სოფლად მცხოვრები ქალებისთვის ეს სერვისები ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ხელმისაწვდომობაში იგულისხმება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც, ანუ გათვალისწინებული უნდა იყოს, სად ცხოვრობს ქალი, რომ მას არ ჰქონდეს ტრანსპორტირებაზე ზედმეტი თანხისა და დროის დანახარჯი, ასევე კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდები უნდა იყოს ფინანსურად ხელმისაწვდომი ყველა ქალისთვის, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები ქალებისთვის. ამაზე სახელმწიფოს აღებული აქვს ვალდებულება, საამისოდ  2017-2020 წლის პერიოდში უნდა გამოყოფილიყო ბიუჯეტი, რაც არ მომხდარა”, – ამბობს ის.

UNICEF: კონტრაცეფციის გავრცელების მაჩვენებელი დაქორწინებულ ქალებში 41%-ია. ქალაქად მცხოვრები ქალები სოფლად მცხოვრებ ქალებთან შედარებით უფრო მეტად იყენებენ კონტრაცეპტივებს. ქალაქის ტიპის დასახლებებში კონტრაცეფციის ყველაზე გავრცელებული მეთოდია პრეზერვატივი და სოფლად მისი გამოყენების მაჩვენებელს დაახლოებით 3-ჯერ აღემატება. 

გინეკოლოგი ქეთევან ფარტენაძე ამბობს, რომ მის პრაქტიკაში 100 ახალი წყვილიდან მხოლოდ 4-5 თუ მიმართავს სპეციალისტს ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე: “ხშირად არც ფარისებრ ჯირკვალს იკვლევენ წინასწარ, არც რაიმე ინფექციას. რამდენი წელია ვმუშაობ, ახლაც ძალიან ბევრი ორსული მყავს და ჩემს პრაქტიკაში ძალიან ხშირია, როცა ჯერ ორსულდებიან და შემდეგ იჩენს თავს რეალურად ეს პრობლემები. ყველა პრობლემას ფაქტობრივად ვჭრით ორსულობაში. პრობლემა ის არის, რომ ინფორმაციაზე არ აქვთ წვდომა, გაცილებით მეტია საჭირო მათი ინფორმირების მხრივ”, – ამბობს ექიმი.

არსებობს კონტრაცეფციის თანამედროვე და ტრადიციული მეთოდები. საქართველოში ჩატარებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის [2018] თანახმად, თანამედროვე მეთოდებს შორის ყველაზე პოპულარული კაცის პრეზერვატივია (2020 წელს საქართველოში $1362.40-ის ღირებულების პრეზერვატივი იმპორტირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე $317.600-თი მეტია), შემდეგ მოდის საშვილოსნოს შიგა სპირალი, შემდეგ კი ქალის სტერილიზაცია. 

Hera XXI-ს ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაქორწინებული ან პარტნიორთან მცხოვრები 15-49 წლამდე ქალების 65.6% არ იყენებს კონტრაცეფციის არანაირ მეთოდს.

ნინო წულეისკირი ამბობს, რომ გარდა ოჯახის დაგეგმვის სერვისებსა და კონტრაცეფციაზე შექმნილი/არსებული გეოგრაფიული თუ ფინანსური ბარიერებისა, ძალიან მნიშვნელოვანი ბარიერია სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ საკომუნიკაციო სტრატეგიისა და პროგრამების არარსებობა. რომ არა ეს ბარიერი, სოფლად მცხოვრები ქალები მიიღებენ მათთვის საჭირო, სწორ ინფორმაციას ამ საკითხებზე: “ასევე არ არსებობს განათლება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე. განათლება, რომელიც უნდა იყოს ასაკზე მორგებული, ეს არც ფორმალური განათლების პროგრამებშია ინტეგრირებული და არც არაფორმალურში.

მაგალითად, ის ადამიანები, რომლებისგანაც შეიძლება ბავშვმა ითხოვოს კვალიფიციური პასუხი ამ საკითხებზე, მშობელი, მასწავლებელი… არანაირად არ არიან შესაბამისი ცოდნით აღჭურვილნი და არც სახელმწიფოს აქვს შემუშავებული პროგრამები, რომ მოზარდებს მათ ასაკზე მორგებული ცოდნა გადასცეს”, – ამბობს ნინო წულეისკირი.

მისივე განმარტებით, პროფესიულ წრეებსაც არ აქვთ თანამედროვე ცოდნაზე უწყვეტი წვდომა. სწორედ ამ მიზეზით სოფლის პაციენტებს ოჯახის დაგეგმვა/კონტრაცეფციის მეთოდების შერჩევის კონსულტაციისთვის გინეკოლოგთან ამისამართებენ. ამიტომ პაციენტებს უმეტესად ქალაქში უწევთ ჩამოსვლა, რადგან სოფლებთან ახლოს მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა პროფილის ექიმი და ტექნიკური აღჭურვილობა არ არის ხელმისაწვდომია.

“არ მუშაობს სათანადოდ დიპლომისშემდგომი განათლების პროგრამები იმისთვის, რომ ექიმებმა, ექთნებმა,  ბებიაქალებმა მიიღონ სათანადო ცოდნა და მიაწოდონ მოსახლეობას მაღალხარისხიანი მომსახურება რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში, მათ შორის, ოჯახის დაგეგმვის და კონტრაცეფციის შესახებ. ეს დარგი ძალიან სწრაფად განვითარებადია, შესაბამისად, მუდმივ და სწრაფ რეჟიმში სჭირდება ცოდნის განახლება, სახელმწიფომ ამის უზრუნველსაყოფადაც უნდა შექმნას გარკვეული მექანიზმები”.

ამასვე მოწმობს 2017-2019 წლებში განსახორციელებელი ეროვნული სამოქმედო გეგმა, სადაც ვკითხულობთ: “სოფლად კვალიფიციური სპეციალისტების არსებობის თვალსაზრისით არსებული ხარვეზები დიდწილად განპირობებულია ქვეყანაში სავალდებულო უწყვეტი სამედიცინო განათლების ნაკლებობით, რომელიც მიჩნეულია უწყვეტი პროფესიული განვითარების ძირითად კომპონენტად”. 

გარდა ამისა, მოზარდებისა და დაუოჯახებელი ქალების სექსუალური აქტივობის მიმართ საქართველოში კვლავაც არსებობს კულტურული წნეხი და სტიგმა. ამას მოწმობს ისიც, რომ საქართველოში იშვიათია დაუოჯახებელ ქალთა მიმართვიანობა სპეციფიკურად ოჯახის დაგეგმვის სერვისისა და მათზე მორგებული კონტრაცეპტივის შესარჩევად, მათ შორის, მოზარდი ადამიანების მხრიდან. “კულტურული წნეხი სისტემის მიერაც მყარდება, როდესაც ქალებს ხარისხიანი, სტიგმისგან თავისუფალი და მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისის მიღების პროცესში ბარიერები ექმნებათ”, – წერია სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებულ კვლევაში.

სახალხო დამცველის აპარატის კვლევა: მოზარდი გოგონას და ქორწინებაში არმყოფი ახალგაზრდა ქალის გინეკოლოგთან ვიზიტის პრობლემურობა ყველაზე მწვავედ სამეგრელოსა და აჭარის რეგიონში (ხულოში) გამოიკვეთა, სადაც ფოკუსჯგუფში მონაწილე ქალებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ბარიერებზე, რასაც ამგვარი სტიგმა წარმოშობს და გოგონებსა და ქალებს აბრკოლებს, თავისუფლად ისარგებლონ არსებული სერვისებით. ერთ-ერთი მთავარი ბარიერი კი, ქალაქის, დაბისა თუ სოფლის გეოგრაფიული სიმცირეა, რომელიც ავტომატურად წარმოშობს კონფიდენციალობის დარღვევის რისკებსა და ინფორმაციის სწრაფად გავრცელებას გარშემომყოფებში.

ექიმი გინეკოლოგის განმარტებით, როცა წყვილი აპირებს ბავშვის გაჩენას, ანუ აქვთ სქესობრივი კონტაქტი და არ იცავენ თავს და ივარაუდება იქ ორსულობა, აუცილებელია გარკვეული ზომების მიღება, მაგალითად, ქალი დაორსულებამდე რამდენიმე თვით ადრე იწყებს ფოლიუმის მჟავის (400მკ/გრამი) მიღებას, აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევაც, სტომატოლოგთან ვიზიტი და სხვ.

ოჯახის დაგეგმვის სერვისებსა და კონტრაცეფციის მეთოდების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: