ბავშვებმა სატვირთო ავტომანქანას „ბომბაჩკები“ ესროლეს და ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, სატვირთო ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თვითმხილველების თქმით, ავტომანქანას ცეცხლი მას შემდეგ გაუჩნდა, როცა ბავშვებმა სატვირთო ავტიმანქანის ქვეშ „ბომბაჩკები“ შეაგდეს. სატვირთო ავტომანქანა მანდარინით იყო დატვირთული.

ხანძარი ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე

„ოცნების“ დეპუტატებს ბიუჯეტით ნაყიდი 5-ლარიანი პირბადეები უკეთიათ   

უმაღლესმა საბჭომ ამავე საბჭოს ლოგოთი ბრენდირებულ დამცავ ნიღბებზე ხელშეკრულება კერძო კომპანიასთან 14 დეკემბერს გააფორმა. 100 ცალ ასეთ დამცავ ნიღაბში [პირბადეში] უმაღლესი საბჭო შპს „ტვიგს“ 500 ლარს გადაუხდის, ანუ 1 ცალში 5 ლარს.

ბრენდირებული პირბადეები უმაღლესმა საბჭომ გამარტივებული წესით შეისყიდა. შესყიდვების სააგენტოს პორტალის მიხედვით კომპანიისთვის თანხა ჯერ გადახდილი არ არის. ხელშეკრულების მიხედვით, უმაღლესი საბჭო კომპანიას თანხას დეკემბრის ბოლომდე გადაუხდის [გადახდის პერიოდად მეოთხე კვარტალია მითითებული].

უმაღლესმა საბჭომ მიმდინარე წლის 27 ოქტომბერსაც შეიძინა დამცავი ნიღბები, თუმცა ეს ნიღბები არ იყო ბრენდირებული. 500 ცალ ჩვეულებრივ ნიღაბში შპს „ვიტაფარმს“ უმაღლესმა საბჭომ 200 ლარი გადაუხადა [ცალში 40 თეთრი].

დღეს, 15 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭო პროტესტის ფონზე შეიკრიბა. დარბაზში მხოლოდ „ოცნების“ დეპუტატები შეიკრიბნენ, რომლებსაც ბრენდირებული პირბადეები ეკეთათ.

დღესვე, აჭარის უმაღლესი საბჭოს შეკრების პარალელურად, ოპოზიციამ უარი განაცხადა უმაღლეს საბჭოში შესვლაზე.

ამ წუთებში უმაღლესი საბჭოს სხდომა და პარალელურად აქციაც მიმდინარეობს. დილიდან პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს – ამ დროისთვის უკვე დაკავებულია აქციის 7 მონაწილე:

ბათუმში საპროტესტო აქციაზე 6 პირი დააკავეს

 

 

„თუ ივანიშვილს ჰგონია შექმნის აჭარის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას, არ გამოუვა“ – ოპოზიცია

დღეს ოპოზიციამ უარი განაცხადა აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლაზე,  რაც მათ ოფიციალურად დაადასტურეს ხელმოწერილი დოკუმენტით აჭარის მთავრობის სახლთან. აჭარის 21-წევრიან უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის 7-მა წევრმა მიიღო მანდატი.

აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა დღეს, 15 დეკემბერს, მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატების თანდასწრებით გაიხსნა. ერთპარტიული უმაღლესი საბჭოს შეკრება დღეს გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა შეაფასეს ივანიშვილის მცდელობად – შექმნას „აჭარის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა“.

ელგუჯა ბაგრატიონი

„31 ოქტომბრის მოპარული არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს არ მივცემთ შესაძლებლობას, აჭარა გაასაბჭოოს და შექმნას აჭარის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. უარი ვთქვით აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზე და დავრჩით ხალხის გვერდით. ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე და ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად მოუწევს განმეორებითი არჩევნების ჩატარება. ხალხს საკუთარი არჩევანი დაუბრუნდება.

განიხილება მხოლოდ განმეორებითი არჩევნები და არამც და არამც რაიმე დამატებითი მანდატები, დამატებითი კომფორტი,“ – განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

ოპოზიციის კიდევ ერთმა წევრმა, გია აბულაძემ აღნიშნა, რომ ივანიშვილს „გაყალბებულ არჩევნებს არ გაუპრავებენ“:

„უარს ვამბობთ ბიძინა ივანიშვილის ერთპარტიულ, არაფორმალურ მმართველობაზე. არ „გავუპრავებთ“ ივანიშვილს გაყალბებულ არჩევნებს. გვინდა ავაშენოთ დემოკრატიული ქვეყანა, სადაც მრავალპარტიული მმართველობა უნდა იყოს. თუ ჰგონია ბიძინა ივანიშვილს, რომ შექმნის აჭარაში აჭარის ასსრ-ს, არ გამოუვა, ამიტომ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ხელახალი არჩევნები“.

აქციები აჭარის მთავრობის სახლთან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე დაიწყო და დღემდე გრძელდება. ოპოზიციური პარტიები და საინიციატივო ჯგუფები აპროტესტებენ საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს. მათი განცხადებით, არჩევნები საქართველოში მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა.

_______________

ფოტოზე: აჭარის მეხუთე მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა, 15 დეკემბერი. ფოტო: „ბათუმელები“/ცაგო კახაბერიძე 

სილქფესტი ულიმიტო ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტებს გთავაზობთ

მხოლოდ 16 დეკემბერს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს.

კომბინაციით *019# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს ყველაზე მოთხოვნად პირობას:
ულიმიტო ინტერნეტ პაკეტს – 19 ლარად

კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს:

[checklist]

  • 4 GB უსწრაფეს ინტერნეტს  – 5 ლარად
  • 5 GB + 100 ლოკალური წუთი – 7 ლარად
  • ულიმიტო სასაუბრო (ლოკალური) – 10 ლარად

[/checklist]

პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია შეუზღუდავადერთად და ცალცალკე.
აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.
ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა.

აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.

პაკეტებში შემავალი მეგაბაიტების ამოწურვისას, პაკეტის ვადის განმავლობაში ინტერნეტით სარგებლობის ტარიფი შეადგენს – 1 MB – 15 თეთრი.

*წუთები არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე.

ავტომანქანის მყიდველებს ბრალდებულები თაღლითურად არიცხვინებდნენ ფულს | შსს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დაკავებულია 3 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულები, მათ მიერ წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით, ავტოპორტალ myauto.ge-ზე ათავსებდნენ ვითომ გასაყიდი ავტომობილების ფოტოებს და საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასს უთითებდნენ, ავტომობილების შეძენის მსურველ პირებს კი ავტომანქანის გადაცემამდე, წინასწარ, მოტყუებით არიცხვინებდნენ მითითებული თანხის ნაწილს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე, რის შემდეგაც აღნიშნულ თანხებს თაღლითურად ეუფლებოდნენ.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულები კვალის დაფარვის მიზნით, სხვადასხვა მობილურ ტელეფონსა და ნომრებს იყენებდნენ, გამოყენების შემდეგ კი სიმბარათებს ანადგურებდნენ.

სამართალდამცველებმა სამივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს. შსს იუწყება, რომ პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო მობილური ტელეფონები, რომლებითაც ბრალდებულები დანაშაულის ჩადენის დროს სარგებლობდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აქციაზე ბათუმში 7 პირი დააკავეს

დღეს, 15 დეკემბერს, დილიდან პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს – „ბათუმელების“ ინფორმაციით, „ალტერნატივას“ წევრებიდან უკვე დააკავეს მზია ქედელიძე, ხათუნა ბერიძე, ანა კონცელიძე და ნუგზარ ხოზრევანიძე. „ბათუმელებისთვის“ უცნობია სხვა სამი დაკავებულის ვინაობა. ამ დროისთვის უკვე დაკავებულია აქციის 7 მონაწილე.

სტიკერებზე, რომელთა გაკვრასაც აქციის მონაწილეები ცდილობენ აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის ღობეზე, წერია – „მონობა ტეხავს“.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ჭედიშვილმა კითხვაზე, რატომ დააკავეს აქციის მონაწილეები, განაცხადა – „იგივე ქმედება“.

15 დეკემბერი. აქციაზე უმაღლეს საბჭოსთან 3 ქალი დააკავეს

სხვა დაკავებების შემთხვევაში ირაკლი ჭედიშვილი აცხადებდა, რომ აქციის მონაწილეები პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ.

დღეს, 15 დეკემბერს, მეხუთე მოწვევის უმაღლესი საბჭო პირველად შეიკრიბა. 21-წევრიან უმაღლესი საბჭოში მხოლოდ 14 დეპუტატი შევიდა „ქართული ოცნებიდან“. ოპოზიცია აცხადებს, რომ გაყალბდა 31 ოქტომბრის არჩევნები და შედეგებს არ აღიარებს.

____

ამავე თემაზე: გუშინ ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინა დღით აქციაზე დაკავებულ 6 მონაწილს 7-7 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ბათუმში საპროტესტო აქციაზე 6 პირი დააკავეს

ბათუმში წვიმა, აჭარის მთაში კი თოვაა მოსალოდნელი | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 15 დეკემბრის 21 საათიდან 16 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა.

მაღალ მთაში მოსალოდნელია  თოვა, დღის მეორე – ნახევრიდან ზოგან ძლიერი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან 17-22 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 1 – 6 გრადუსი
  • ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 17 დეკემბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა. მომდევნო 2 დღეს კი, 18-19 დეკემბერს, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

________________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

ხათუნა ბერიძე ისევ დააკავეს [ფოტო]

დღეს აჭარის უმაღლესი საბჭო საპროტესტო აქციის ფონზე შეიკრიბა. პოლიციამ უკვე დააკავა „ალტერნატივას“ თავმჯდომარე ხათუნა ბერიძე. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ხათუნა ბერიძე უმაღლესი საბჭოს ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის დააკავეს.

გარდა ხათუნა ბერიძისა, დაკავებულია კიდევ ერთი აქტივისტი, ნუგზარ ხოზრევანიძე.

„ლაივში“ ისმის აჭარის პოლიციის უფროსის მოადგილის, ირაკლი ჭედიშვილის ხმა, რომელიც აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, რომ მათ არ მისცემენ უმაღლესი საბჭოს შენობის ღობეზე ასვლის უფლებას.

ხათუნა ბერიძე „ალტერნატვიას“ ხელმძღვანელია და აჭარის მთავრობასთან 3 ნოემბრის შემდეგ დაწყებულ აქციებზე, რომელიც დღემდე გრძელდება, უკვე რამდენჯერმე დააკავეს. დღემდე მას სასამართლო ადმინისტრაციულ წესით აჯარიმებდა და ათავისუფლებდა.

15 დეკემბერი. აქცია უმაღლეს საბჭოსთან
15 დეკემბერი. აქცია აჭარის უმაღლეს საბჭოსთან
15 დეკემბერი. პოლიცია აჭარის უმაღლეს საბჭოსთან.

უმაღლეს საბჭოში ამ დროისთვის [12:00] შესვენებაა გამოცხადებული. დღეს, 15 დეკემბერს, მეხუთე მოწვევის უმაღლეს საბჭო შეიკრიბა, სადაც მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები შევიდნენ. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და ისინი უმაღლეს საბჭოში შესვლას არ აპირებენ.

„უარს ვაცხადებთ სადეპუტატო მანდატებზე აჭარაში“ – ოპოზიციის მემორანდუმი

დღეს, 15 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს შეკრების პარალელურად ოპოზიციამ უარი განაცხადა უმაღლეს საბჭოში შესვლაზე.

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, 21-წევრიან აჭარის უმაღლეს საბჭოში მანდატი ოპოზიციის 7-მა წევრმა მიიღო.

დღეს ოპოზიცია აჭარის მთვრობის სახლთან შეიკრიბა და მემორანდუმს მოაწერა ხელი.

მემორანდუმი

„ჩვენ, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების უსკო-ს შედეგების მიხედვით აჭარის ა.რ. უმაღლეს საბჭოში არჩეული დეპუტატები უარს ვაცხადებთ სადეპუტატო მანდატებზე და ვტოვებთ გაყალბებული არჩევნების შედეგების მიხედვით შეკრებილ უმაღლეს საბჭოს, რადგან ის არ ასახავს რეგიონში მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეების ნებას.

ჩვენი ოფიციალური განცხადებები უმაღლეს საბჭოში შევა უსკოს მიერ პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტის მიღებისთანავე.

აქვე, მივმართავთ უმაღლეს საარჩევნო კომისიას მოთხოვნით, გააუქმოს ჩვენს მიერ წარდგენილი პროპორციული საარჩევნო სიები“ – ვკითხულობთ მემორანდუმში.

ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს საკანონმდებლო ორგანოს და ითხოვს ხელახალ არჩევნებს.

აჭარის უმაღლეს საბჭოში საარჩევნო ბლოკიდან – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ უნდა შესულიყვნენ:

1. ელგუჯა ბაგრატიონი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“);

2. გიორგი კირთაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“);

3. გია აბულაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“);

4. მედეა ვასაძე („უპარტიო“);

5. ლევან ანთაძე („უპარტიო“);

6. ირაკლი ჩავლეიშვილი (საქართველოს რესპუბლიკური პარტია);

7. მამული სურმანიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“).

__________________

აქციები აჭარის მთავრობის სახლთან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე დაიწყო და დღემდე გრძელდება. ოპოზიციური პარტიები და საინიციატივო ჯგუფები აპროტესტებენ საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების. მათი განცხადებით, არჩევნები საქართველოში მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა.

აჭარის უმაღლეს საბჭოშიც მხოლოდ „ქართული ოცნება“ შევიდა

დღეს, 15 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭო პროტესტის ფონზე შეიკრიბა. როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე აჭარის უმაღლეს საბჭოშიც, სავარაუდოდ, მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტაცია შედის.

უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა საბჭოს უხუცესმა წევრმა, დავით თედორაძემ გახსნა. „მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო, მასმედიის წარმომადგენლებს მივესალმები, მივესალმები დარბაზში მსხდომ ამხანაგებს! გილოცავთ ახალი უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის დაწყებას. უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას რეგისტრაცია გაიარა და ესწრება უმაღლესი საბჭოს 14 წევრი“, – ამ სიტყვებით გახსნა სხდომა დავით თედორაძემ და გააცნო დღის წესრიგი დეპუტატებს.

15 დეკემბერი. ოპოზიციის ცარიელი სკამები უმაღლეს საბჭოში, პირველ სხდომაზე

21-წევრიანი უმაღლეს საბჭოში გაერთიანებულ ოპოზიციას მხოლოდ 7 მანდატი შეხვდა. ოპოზიცია არ აღიარებს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და არ აპირებს უმაღლეს საბჭოში შესვლას.

ადგილობრივი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ოპოზიციის არ შესვლა უმაღლეს საბჭოში ვერ დააზიანებს დემოკრატიის ხარისხს და ვერც სამართლებრივ პრობლემებს შექმნის.

„ქართულმა ოცნებამ“, თავის მხრივ, გუშინ განაცხადა, ვის რა თანამდებობა შეხვდება უმაღლეს საბჭოში.

ვითარება აჭარის უმაღლეს საბჭოსთან

დღეს კი, უმაღლესი საბჭოს შენობის ორივე შესასვლელთან მობილიზებულია პოლიცია.

___

ამავე თემაზე:

„ოცნებამ“ აჭარის ახალ უმაღლეს საბჭოში თანამდებობები გადაინაწილა

 

ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა დღეიდან ცალმხრივი გახდა

ბათუმში დღეიდან, 15 დეკემბრიდან, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობის წესები შეიცვალა. გარკვეულ მონაკვეთებში მოძრაობის წესებს საპატრულო პოლიცია არეგულირებს.

კონკრეტულად:

გორგილაძის ქუჩაზე ტრანსპორტი ვეღარ შემოვა ჯავახიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით. ამ მონაკვეთში/ზოლში მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები და ველოსიპედები იმოძრავებენ.

გორგილაძის ქუჩა, ბათუმი / ჯავახიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე გორგილაძის ქუჩის ამ [მარჯვენა] ზოლში სხვა ტრანსპორტი, გარდა მუნიციპალური ავტობუსებისა, ვეღარ იმოძრავებს
ჯავახიშვილისა და გორგილაძის ქუჩების კვეთაში სპეციალურ ნიშანს „შესვლა აკრძალულია“ ამ წუთებში [11:50 სთ] ამონტაჟებენ. მერიის ინფორმაციით, იყო ტექნიკური პრობლემა და ამკრძალავ ნიშანს უახლოეს პერიოდში დაამონტაჟებენ.

ჭავჭავაძის ქუჩაზე ტრანსპორტი ვერ შემოვა გრიბოედოვის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩის მიმართულებით. ჭავჭავაძის ქუჩის ამ მონაკვეთში [გრიბოედოვიდან ვაჟა-ფშაველას კვეთამდე] მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები და ველოსიპედები იმოძრავებენ.

პუშკინის ქუჩაზე ცალმხრივი იქნება მოძრაობა ლორიას ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩის კვეთამდე [ანუ, პირიქით – ვაჟა-ფშაველას კვეთიდან ლორიას ქუჩის მიმართულებით ავტოტრანსპორტი ვერ იმოძრავებს].

ქუჩის იმ მონაკვეთებში, სადაც მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ, ავტობუსებისთვის განკუთვნილ ზოლში [ტროტუარების გასწვრივ] აიკრძალა ავტოპარკინგიც.

ბათუმში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო მუნიციპალური ავტობუსები არ მუშაობს. მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა 24 დეკემბერს დროებით უნდა აღდგეს.

ახალი სქემის დეტალები ნახეთ ამ ბმულზე:

მოგწონთ თუ არა ბათუმში ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა? [გამოკითხვა]

 

 

 

აჭარაში კოვიდის ახალმა შემთხვევებმა იკლო

15 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 263 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო ხუთი დღის მონაცემების თანახმად, აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლება შეინიშნება. სტატისტიკა ასეთია:

  • 10 დეკემბერი – 331 ახალი შემთხვევა
  • 11 დეკემბერი – 313 ახალი შემთხვევა
  • 12 დეკემბერი – 333 ახალი შემთხვევა
  • 13 დეკემბერი – 219 ახალი შემთხვევა
  • 14 დეკემბერი – 212 ახალი შემთხვევა
  • 15 დეკემბერი – 263 ახალი შემთხვევა

აჭარაში 778 პაციენტი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება 43 პაციენტი.

ბოლო 24 საათში საქართველოში 44 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით.

1 268 ადამიანია აჭარაში დღეისათვის კოვიდსასტუმროში, 8 761 პირი ვირუსს მკურნალობს  სახლში.

კორონავირუსის 3 837 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 44

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3837 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 44, გამოჯანმრთელდა –  3 105.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 837 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 461 შემთხვევა, აჭარაში – 263, იმერეთში – 646, ქვემო ქართლში – 245, შიდა ქართლში – 262, გურიაში – 100, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 404, კახეთში – 254, მცხეთა-მთიანეთში – 90, სამცხე-ჯავახეთში – 86, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 26.  

ბათუმში კიდევ ერთი მოსამართლე – ირმა ტოგონიძე დანიშნეს უვადოდ

ბათუმში კიდევ ერთი მოსამართლე გამწესდა უვადოდ. ირმა ტოგონიძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 14 ხმით შეარჩია. გუშინ, 13 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სულ 15 მოსამართლე გაამწესა უვადოდ.

ირმა ტოგონიძე 2018 წლის 11 იანვრიდან მუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ. ამ დრომდე ის დანიშნული მოსამართლე იყო.

2003 წლიდან 2017 წლამდე ირმა ტოგონიძე ადვოკატად მუშაობდა. იგი 2012-2016 წლებში მუშაობდა შპს „ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს“ დირექტორის მოადგილედ და შპს „ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა კლინიკური ცენტრის“ იურისტად.

ბათუმის აქციის მონაწილეები 7 დღით დააპატიმრეს

ბათუმში საპროტესტო აქციაზე 13 დეკემბერს დაკავებულ 6 პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 7-7 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა გოცირიძემ მიიღო.

აქციის მონაწილეები პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს.

საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლის წინ 3 ნოემბრიდან იმართება, გადაკეტილია ქუჩა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.

აქციაზე სხვა დღეებში დაკავებულ პირებს ამ დრომდე სასამართლო ძირითადად აჯარიმებდა. 7 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა სასამართლომ აქციის კიდევ ერთი მონაწილის მიმართ გამოიყენა.

ამ თემაზე:

ბათუმში საპროტესტო აქციაზე 6 პირი დააკავეს

ყალბი 1- ლარიანი მონეტების დამზადება-გასაღებისთვის 3 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, კუსტარულად დამზადებული თაბაშირის ყალიბებისა და ნედლეულის სახით ტყვიის გამოყენებით, ამზადებდნენ ყალბ 1-ლარიან მონეტებს, რომლებსაც შემდგომ ასაღებდნენ საქართველოს მასშტაბით განთავსებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით.

აღნიშნული თანხა ირიცხებოდა ონლაინტოტალიზატორებში მათივე სადეპოზიტო ანგარიშებზე, საიდანაც შემდგომში ანაღდებდნენ მას.

ბრალდებული პირების მიერ გასაღებული ყალბი ერთლარიანი მონეტები ზომით, წონით და სხვა პარამეტრებით მიმსგავსებულია ეროვნული ბანკის მიერ ემისირებულ მონეტებს. გამოძიების ინფორმაციით ამ ეტაზე დადგენილია, რომ მათ მიერ გასაღებულია ჯამში დაახლოებით 8 000 ცალი ყალბი მონეტა.

ბრალდებულთა საცხოვრებელი სახლისა და პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ყალბი ფულის დასამზადებლად საჭირო ყალიბები, შესაბამისი ნედლეული და 41-ცალი ყალბი 1-ლარიანი მონეტა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გრძელდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები ამ დანაშაულში შემჩნეულ სხვა პირთა დადგენის მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

ვინ არ გადაიხდის დასუფთავების გადასახადს ბათუმში ნოემბერ-თებერვალში

ბათუმის მოსახლეობა 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრისა და 2021 წლის იანვრის, ასევე თებერვლის თვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

დასუფთავების გადასახადს ასევე არ გადაიხდიან ბათუმის ტერიტორიაზე მოქმედი ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები, რომელთაც საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად შეეზღუდათ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლება. ეს კატეგორია გადასახადის გადახდისგან გათავისუფლებულია მხოლოდ დაწესებული შეზღუდვების მოქმედების პერიოდში.

ბათუმის საკრებულოს შესაბამისი დადგენილება დღეს, 14 დეკემბერს ამოქმედდა. მოსახლეობას და ორგანიზაციებს, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ, მაგალითად, ნოემბრის ან/და დეკემბრის თვის გადასახადი, ეს გადახდილი თანხა აესახებათ სააბონენტო ბარათზე [უკვე გადახდილი თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას].

საკრებულოს დადგენილებით, პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებაზე. ასეთ შემთხვევაში მან უარის თქმის შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს ქალაქ ბათუმის მერიას ან/და შპს „სანდასუფთავებას“.

  • წყლის საფასურის გადახდისგან მოსახლეობის გათავისუფლებაზე განცხადება გააკეთა შპს „ბათუმის წყალმაც“.

„მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო აბონენტებს სრულად დაუფინანსდებათ 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრისა და 2021 წლის იანვრისა და თებერვლის ჩათვლით მოხმარებული წყლის საფასური. სუბსიდირება არ შეეხება ძველ დავალიანებას, გადანაწილებულ ვალს, ასევე, მიერთების საფასურის დავალიანებას“ – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

  • 2020 წლის ნოემბერ-დეკემბრისა და 2021 წლის იანვარ-თებერვლის კომუნალურ გადასახადებს იმ საყოფაცხოვრებო აბონენტებს, რომლებიც თითოეულ თვეში 200 კუბურ მეტრ ან ამაზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, ასევე 200 კილოვატ/საათს ან ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ, გაზის, დენის და წყლის ფულს სახელმწიფო გადაუხდის.
სემეკის ინფორმაციით, „იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ეხებათ კომუნალური სუბსიდირება, თუმცა სურთ, არ ისარგებლონ შეღავათებით, უარის დაფიქსირება შეუძლიათ სემეკის ვებგვერდზე “.

 

ამავე თემაზე:

ვის გადაუხდის გაზის, დენის, წყლის გადასახადს სახელმწიფო ნოემბრიდან

ჩემი, ანუ მოქალაქის საახალწლო ინიციატივა

ავტორი: ნათია სირაბიძე

პანდემიის პირობებში ახალი წლის აღნიშვნა პრობლემატური გახდა, თუმცა ვიცით, რომ ქართველები, ვისაც ამის შესაძლებლობა ექნება, სუფრებს და მიმოსვლას არ მოიშლიან. ბოლოს და ბოლოს ბავშვებს თოვლიან თუ სუსხიან გარემოში ეზოში თამაშის სურვილი მაინც ექნებათ. რადგან დიდი ღონისძიებები გადაიდო [უსაფრთხოების დაცვის მიზნით], ერთი ინიციატივა მაქვს, რომელიც შეიძლება ძალიან ორგანიზებულად და საინტერესოდ შესრულდეს, საჯარო რესურსის გამოყენებით. ამ გზით ბავშვები გახალისდებიან, მოქალაქეები საახალწლოდ დასაქმდებიან, საჯარო მოხელეები კი – პრემიებს აიღებენ.

ბათუმში არის 13 უბანი, ყველა უბანს ჰყავს თავისი გამგებელი, რომელიც კარგად იცნობს მოსახლეობას და ზრუნავს თავისი უბნის კეთილდღეობაზე. თითოეულ უბანს საკრებულოს წევრიც ჰყავს, ასე რომ ორგანიზატორების პოვნა არ გაგვიჭირდება.

13-ვე უბანს აქვს პატარა სკვერი, ზოგიერთს დიდიც, სადაც შეიძლება ღონისძიებების მოწყობა 25-დან 2 იანვრამდე, ისე რომ დღეში ორ უბანში გაიმართოს ღონისძიება.

[checklist]

  • ცენტრალური ქუჩების განათებასთან ერთად (5-5 გირლიანდიც რომ ავაკლოთ თითო ქუჩას) გავანათებდი უბნის ერთ რომელიმე სკვერს. მსგავსი რამ 2015-ში ალეკო თევზაძესთან ერთად გაგვიკეთებია და თუ მერიის არქიტექტორ-დიზაინერები ჩაერთვებიან, ძალიან საინტერესოდ შეიძლება სკვერების ძველი გირლიანდებით განათება. ტექნიკურად ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას გამოვიყენებდი.
  • ნაძვის ხეც დაამშვენებდა სკვერებს, სხვადასხვა ზომის ნაძვის ხეებს წამოვიღებდი აგროსერვის ცენტრიდან, გამოჰყავთ და აუცილებლად მოახერხებდნენ 13 ნაძვის ხის ჩუქებას, ან თავისი უბნის საკრებულოს წევრები მოიფიქრებდნენ ან სულაც განათებებით შეიძლება ააწყო ნაძვის ხე, დიზაინერების ჩართულობით.
  • ნაძვის ხე და განათება გვაქვს, დროა აქტივობებზე გადავიდეთ. ნაძვის ხესთან დავსვამდი თოვლის ბაბუს, რომელსაც 1-მეტრიანი დისტანციით მიუახლოვდებოდნენ ბავშვები და თავიანთ სურვილებს გაანდობდნენ, გაესაუბრებოდნენ, გახალისდებოდნენ, “ჰო-ჰო-ჰო”-ს მოისმენდნენ.
  • თოვლის ბაბუსთან მისასვლელი გზა იქნება ჯებირებით შემოსაზღვრული (აი ისე, აეროპორტებში, რიგების მოწესრიგებას როგორც ახერხებენ), 1.5 მეტრიანი დისტანციით დასტიკერებული. რიგში დგომა მოსაწყენი რომ არ იყოს, თოვლის ბაბუსთან ახლოს, ან ალაგ-ალაგ (ტერიტორიის შესაბამისად) შემაღლებულ ადგილზე დადგებოდნენ ანიმატორები, რომლებიც უმარტივეს მოძრაობებს ასწავლიდნენ ბავშვებს და მათ მშობლებს და მუსიკის ფონზე მოხდებოდა გადაადგილება, ცეკვა-ცეკვით.
  • ჯებირები სად ვიპოვოთ? აქციების დროს პოლიციას ხომ გამოაქვს ჯებირები, ჰოდა ისინი სავსებით საკმარისი იქნება თოვლის ბაბუსთან ახლოს.
  • სცენა და დეკორაცია – თეატრები და მუსიკალური ცენტრები შემოგვეშველებიან და თავიანთი ხარჯებით მოაწყობენ შემაღლებულ ადგილს. სამშენებლო კომპანიებიც ჩაერთვებიან, თავიანთ უბანში თითო სცენა მოაწყონ, არ იქნება ესეც დიდი სირთულე.
  • ანიმატორი და თოვლის ბაბუა სად ვიპოვოთ? შესაძლებელია თეატრის მსახიობების ჩართვა და მათთვის პრემიების გამოწერა (სახელმწიფო სუბსიდირებაზე მყოფი ბათუმის თოჯინების თეატრიც დიდი სიამოვნებით ჩაერთვება ალბათ, კრეატიული ხელმძღვანელი ჰყავს და უკეთეს რამესაც მოიფიქრებს. ან შეიძლება ინდივიდუალური ანიმატორების დაქირავება და გადანაწილება, ამდენიც არ არიან, რომ თანაბრად ვერ გადაუნაწილო საქმე და ერთჯერადად ვერ დაიქირავო დამხმარე პერსონალად.
  • მუსიკალური გაფორმება – საშუალო სიმძლავრის აპარატურა სავსებით საკმარისი იქნება. მაგალითად, ჩემი მეზობელი ლოქდაუნის დროს ერთი დინამიკით მთელ უბანს გვართობდა მეორე უბრალოდ ხმამაღლა მღეროდა, ანუ გამოსავალს ვიპოვით. მერიის კულტურის სამსახურებს, ბათუმში არსებულ თეატრებს და მუსიკალურ ცენტრებს აქვთ აპარატურა, რომლის ტრანსპორტირება, მომსახურება და გამოყენება შეიძლება ისევ ორგანიზაციის ხარჯით. დამიჯერეთ, თავადაც გაიხარებენ, რომ კარგი საქმის კეთების საშუალება მიეცემათ, თან ბიუჯეტში თანხა ექნებათ მთელი წლის გაჩერების ფონზე, ანუ შესაძლებელია ტექნიკურადაც და ფინანსურადაც.
  • სტიკერები დისტანციის დასაცავად – ძვირი არ ღირს, მაგრამ ფინანსური რესურსი დაგვჭირდება, რისთვისაც შეიძლება ვკითხოთ, რომელიმე საჯარო დაწესებულებას თუ აქვს რეზერვში რომელიმე სტამბასთან ან საკანცელარიო მაღაზიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და ნაშთი. აუცილებლად გამოჩნდება ასეთი ორგანიზაცია და სტიკერებსაც დავბეჭდავთ.
  • რიგების მართვა – რიგებს მხოლოდ ანიმატორები ვერ მართავენ, ამიტომაც საჭირო იქნება თითოეულ უბანზე სულ მცირე 20 ადამიანი, რომელიც გააკონტროლებს ხალხის ნაკადს. შეგვიძლია სტუდენტური რესურსი გამოვიყენოთ – მოხალისეები; შეიძლება ჩვენი გმირი მეეზოვეები ან პოლიციელებიც დაგვთანხმდნენ.
  • აქვე შეიძლება აქციის ფორმა მივცეთ ღონისძიებებს და ბავშვებმა მოიტანონ სათამაშოები, რაიმე კამპანიის ფარგლებში: „აჩუქე და გაახარე“, და თოვლის ბაბუას დაუტოვონ. ეს სათამაშოები ტრანსპორტირდება რომელიმე საწყობში (პლაზასაც დავუთმობთ, თუ დასჭირდათ) ულტრაიისფერ დეზინფექციას გაივლის (30 წთ სჭირდება) და შემდეგ სხვა უბანში გამართულ ღონისძიებებზე ბავშვებს დაურიგდებათ, ან ბაღებს გადაეცემათ, ან სოციალურად დაუცველებს. ათასობით ბავშვია გასახარებელი <3
  • ტკბილეული – მსგავს ღონისძიებებზე გარემოვაჭრეებსაც მივცემდი საშუალებას თავიანთი პროდუქტი გამოეტანათ, მაგრამ აქაც მკაფიოდ უნდა განაწილდეს ადგილები და იმართოს რიგები.
  • შეიძლება ამ ღონისძიებას სურვილების ასრულების ფორმაც მივცეთ და ბავშვებს ვთხოვოთ, წერილი დაუწერონ თოვლის ბაბუას და დატოვონ ნაძვის ხესთან. ეს წერილები შემდეგ გამოიფინება რომელიმე გვერდზე. მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა ამოიცნონ თავიანთი შვილების ხელწერა და სურვილები. მერიის ან სამინისტროს ახალგაზრდული სამსახურები დააორგანიზებენ ამ ყოველივეს, დარწმუნებული ვარ დიდი ენთუზიაზმით და კრეატიულობით მიუდგებიან როგორც წერილების შესრულებას, ასევე სურვილების ასრულებას. თუ ისინი იტყვიან უარს, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლიც მშვენივრად გაართმევს ამას თავს.
  • მარკეტინგი – სიხარულის მოლოდინი ბევრს ნიშნავს, რამდენიმე დღით ადრე უნდა იცოდნენ ბავშვებმა, რომ მათ უბანში თოვლის ბაბუა მოვა. როგორ გავაგებინოთ როდის სად იქნება ღონისძიება? მარტივია: სოციალური ქსელები, ისევ მერიის და კულტურის სამსახურები და მათი ოფიციალური გვერდები, საზოგადოებრივი მაუწყებელიც დაუთმობს ეთერს საზოგადოებრივ ღონისძიებას, ცენტრალური მედიაც გააშუქებს, პიარ სამსახურებს არ შეეშლებათ ინფორმაციის გავრცელება. უკიდურეს შემთხვევაში საკრებულოს წევრებიც დაივლიან უბნებს, აი ისე წინასაარჩევნოდ, რომ დადიან და გააფრთხილებენ თავიანთ ამომრჩევლებს, რომელ დღეს ვზეიმობთ ერთად. [/checklist]

ამ ყოველივეს დაორგანიზებას მარტივად მოახერხებენ ბათუმის მერიაში და განათლების სამინისტროში, შედეგად კი  ხალისიანი, უსაფრთხო და ბედნიერი ახალი წელი ექნებათ ჩვენ ბავშვებს; დასაქმდებიან ადამიანები, ან დამატებით შემოსავალს მაინც მიიღებენ.

დაგვიანდა ეს ინიციატივაო ვერ იტყვიან, რადგან 2 კვირაა წინ და ტენდერის გამოცხადება არც ერთ პუნქტს არ სჭირდება. მთავარია გადაწყვეტილების მიღება, რაიმე გაკეთდეს.

ძველი რომის დღესასწაული, რომელიც ბათუმშიც ტარდებოდა – ნეპტუნალია

„ნეპტუნალია“ – ასე ერქვა ზღვის ღმერთის, ნეპტუნისადმი მიძღვნილ დღესასწაულს, რომელიც ათასწლეულების წინ ძველ რომში იმართებოდა ოსტიაში ან მდინარე ტიბრზე ყოველი წლის 23 ივლისს.

ფესტივალი მეოცე საუკუნის 70-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ ბათუმში აღადგინა. ამ პერიოდში აქ მართლაც ტარდებოდა „ნეპტუნალიას“ მსგავსი ფესტივალი მცირედი სახესხვაობით: ბათუმში მას „ნეპტუნის დღესასწაული“ დაარქვეს.

რამდენიმე დღის წინ ,,ბათუმელებს“ ფოტოგრაფმა სეირან ბაროიანმა ბათუმში 1976 წლის ,,ნეპტუნის დღესასწაულის“ ამსახველი ფოტოც მიაწოდა.

ფოტოზე ბათუმელი გოგო-ბიჭები მეომრების, სირინოზების ფორმებში არიან გამოწყობილები და ქალაქში მსვლელობას აწყობენ.

„ბათუმში ნეპტუნის დღესასწაული ქალაქის ზეიმად ითვლებოდა, ტარდებოდა ივლისის თვეში, როცა ტურისტული სეზონი პიკს აღწევდა. მაშინ საზღვაო სეზონი ბათუმში აპრილში იწყებოდა.

ზაფხულში ტარდებოდა ბათუმობაც. ,,ნეპტუნის დღესასწაულზე“ ნეპტუნი, სირინოზები და მთელი მათი ამალა მსვლელობას ბულვარიდან იწყებდნენ. კოსტიუმირებული, თეატრალიზებული წარმოდგენა მოივლიდა ბულვარს ბოლომდე. მონაწილეები თეატრის მსახიობები და მაშინდელი პიონერთა სასახლის ,,ინტერკლუბის“ წარმომადგენლები იყვნენ.

ბულვარიდან გამოვემართებოდით მთავრობის სახლამდე, მერე მაშინდელი სტალინის, ახლანდელი აბაშიძის ქუჩას გამოვივლიდით და მოვიდოდით პარკის ტბამდე. ხალხი სიხარულით გვხვდებოდა. ბულვარის ცენტრში შადრევნებთან ერთმანეთს ვიჭერდით და წყალში ვყრიდით, რაც ნეპტუნის ერთგვარი ტრადიცია იყო – წყალში განბანვა, წყლით კურთხევა ზღვის ღმერთთან ერთად“, – გვიყვება სეირან ბაროიანი.

მისივე თქმით 1976 წელს, როცა თავად 17 წლის იყო, ბულვარი საზღვაო აკადემიის გასწვრივ მთავრდებოდა. იქვე იყო ტურისტული ბაზა ,,მესხეთი“, გვერდით სასტუმრო ,,მესხეთი“, პანსიონატი „ბათუმი“ და შემდეგ ინსტიტუტი.

ენციკლოპედია ,,ბრიტანიკას“ მიხედვით ნეპტუნის დღესასწაული, იგივე ნეპტუნალია ძველ რომშიც ივნისში იმართებოდა. 23 ივნისს, როცა წყლის დონე გვალვების გამო იკლებდა. შესაბამისად, დღესასწაულის მიზანი წყლის, ზღვის ღმერთის თაყვანისცემა იყო, რომელსაც რომაელთა წარმოდგენით წყლის დაბრუნება შეეძლო დედამიწაზე. რომაელები ბერძნული ზღვის ღმერთის, პოსეიდონის ანალოგ ნეპტუნს ძირითადად სამკაპით გამოსახავდნენ.

,,ბათუმელებისთვის“ სეირან ბაროიანის გამოგზავნილ ფოტოზეც ნეპტუნი გვირგვინით და სამკაპითაა წარმოდგენილი, ნეპტუნის როლში მსახიობი ამირან ტაკიძეა, მის გვერდით კი სეირან ბაროიანია. ფოტო გაზეთ „ადჟარიას“ ფოტოკორესპონდენტმა ნიკოლაი ანასტასიდიმ გადაიღო 1976 წელს და სეირან ბაროიანს აჩუქა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა თავადაც ამავე გამოცემაში დაიწყო ფოტოკორესპონდენტად მუშაობა ანასტასიდის ნაცვლად.

„მეათე კლასი დავამთავრე, 17 წლის ვარ ამ ფოტოზე, მაშინ მსახიობებს არ ვიცნობდი. ზუსტად არ მახსოვს რამდენჯერ იყო ბათუმში ნეპტუნის ფესტივალი, მაგრამ 1980 წლის შემდეგ ვიცი, რომ აღარ ჩატარებულა. მშვენიერი ფესტივალი იყო, ძალიან უხდებოდა ბათუმს“, – ამბობს სეირან ბაროიანი.

____

მთავრი ფოტო: ნიკოლაი ანასტასიდი (სეირან ბაროიანის ფოტოკოლექციიდან)

რატომ ატარებს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალის ექსპერტიზას კაცი

„პრობლემა იქედან იწყება, როცა ქალებმა არც კი იციან, ექსპერტის სქესის მიხედვით შერჩევის უფლება რომ აქვთ, გამომძიებელს მტკიცებულების შექმნა ეჩქარება და ხშირად მგრძნობელობა არ აქვს… ქალებს ბევრჯერ უთქვამთ, რომ ხელახლა გაუპატიურებულად იგრძნო თავი, როცა ექსპერტმა კაცმა შეამოწმა მათ სხეულზე ძალადობის კვალი…. “ – გვიყვება თამუნა გაბოძე. ის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტია და სისხლის სამართლის საქმეებში ადვოკატად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ექსპერტის სქესი რომ პრობლემაა, ამის შესახებ წელს სპეციალურ ანგარიშში სახალხო დამცველმა დაწერა. „ხშირად სექსუალური ძალადობის მსხვერპლები ექსპერტიზაზე უარს ამბობენ ექსპერტთა სქესის გამო. დაზარალებულებს არ აქვთ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ ექსპერტის სქესი და, მათი თქმით, რიგ შემთხვევაში საპირისპირო სქესის წარმომადგენლის მხრიდან ექსპერტიზის ჩატარება დამატებითი სტრესის მომტანია“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში „ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება საქართველოში“.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, რატომ ვერ ხერხდება ექსპერტის შერჩევა სქესის მიხედვით.

ოფიციალური მონაცემებით, 39 სამედიცინო ექსპერტიდან მხოლოდ 9 ქალია, აქედან მხოლოდ ერთი ქალი ექსპერტი მუშაობს რეგიონებში, 8 ექსპერტი ქალი თბილისშია. ეს ექსპერტები სხეულის დაზიანებას სწავლობენ, რომელიც მსხვერპლს სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის დროს მიადგა. პრობლემა განსაკუთრებით მაშინ აქტიურდება, როცა ქალი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია.

„თავდაპირველად ჩვენ გვსურდა გავსაუბრებოდით მსხვერპლ ქალებს, მაგრამ საბოლოოდ ეს ვერ მოხერხდა. ეს ინფორმაცია, რაც კვლევაშია აღნიშნული, მივიღეთ ფოკუსჯგუფებისგან, ესენი იყვნენ ძირითადად მსხვერპლთათვის სხვადასხვა სერვისის გამწევი ორგანიზაციები,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ სახალხო დამცველის კვლევის ავტორი, თამარ დეკანოსიძე.

ომბუდსმენისთვის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სამედიცინო ექსპერტებიდან დღე-ღამის განმავლობაში სამ-სამი ექიმი მორიგეობს და ბიუროს რესურსი არ ჰყოფნის იმისთვის, რომ მსხვერპლმა ექსპერტი სქესის მიხედვით შეარჩიოს.

თამარ დეკანოსიძე მიიჩნევს, რომ ამ კუთხით ცვლილებები სავალდებულოა, რადგან რეალურად მსხვერპლებს მართლმსაჯულებაზე წვდომა ეზღუდებათ.

„პირველ რიგში, აუცილებელია, რომ გაიზარდოს ქალი ექსპერტების რიცხვი, შესაძლებელია, გადაამზადონ ექიმები ამ მიმართულებით, თუკი ეს რესურსი არ არსებობს… ქალებს ეზღუდებათ წვდომა მართლმსაჯულებაზე, რადგან თუკი ექსპერტიზის დასკვნა არ დევს საქმეში, ძალიან მცირე შანსია იმისა, რომ დამნაშავე დაისაჯოს.

პრობლემა არის მეთოდოლოგიაც, რასაც ექსპერტები იყენებენ. ჩვენს კვლევაშიც აღნიშნულია, რომ მსხვერპლი ქალები ტრავმულად განიხილავენ პროცედურას, რაც დამატებით სტრესის წყაროა,“ – გვითხრა თამარ დეკანოსიძემ.

„ეს ერთ-ერთი ბარიერია და მიზეზი იმ მონაცემებისა, რაც გვაქვს,“ – აცხადებს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი თამარ გაბოძე. ის ყურადღებას ამახვილებს ოფიციალურ სტატისტიკაზე – 2017 წლის იანვრიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით სამართალდამცველებს ქალებმა 361 შემთხვევაში მიმართეს, გამამტყუნებელი განაჩენი კი 20 საქმეზე დადგა. იურისტი გვიყვება რამდენი სტრესის გავლა უწევს ქალს მას შემდეგ, როცა ის ძალადობის მსხვერპლი გახდა და შემდეგ, როცა პოლიციას მიმართა, სამართალდამცველების ხელში, წესით, დაცულად უნდა იგრძნოს თავი.

„ხშირად მსხვერპლს უჩნდება დანაშაულის განცდა, რომ თავად იყო დამნაშავე. მან ჯერ საზოგადოებასთან უნდა იმართლოს თავი, შემდეგ – პოლიციელებთან. „სახლში მასთან რას მიდიოდი?“ „მოძალადესთან ერთად სვამდი?“ „მოფერების საშუალება მიეცი, აბა, მერე რა გეგონა?“ „გამომწვევად გეცვა“? – საზოგადოების ამ კითხვებს ირეკლავენ სამართალდამცველებიც, მათ შორის, არიან გამონაკლისებიც, თუმცა ხშირად სამართალდამცველებს  არ ჰყოფნით სათანადო ცოდნა, გამოცდილება და რაც მთავარია – მგრძნობელობა. გამომძიებელს არც ის მოეთხოვება, რომ ჰქონდეს იურიდიული განათლება.

ხშირად სიტუაცია ასეთია: უსვამს კითხვებს გამომძიებელი ქალს, რომლის მდგომარეობაც უკიდურესად სტრესულია, შემოდის მეორე გამომძიებელი, ისიც ინტერესდება და თავიდან იწყებს. განსაკუთრებით პრობლემაა ეს დამოკიდებულება, თუკი მსხვერპლი სექსმუშაკია. ზოგადად, ამ ტიპის საქმეებში გამომძიებლის ინტერესია ამ დროს შეიქმნას მყარი მტკიცებულება და მიიღოს გამამტყუნებელი განაჩენი, რაც რთულად მისაღწევია ექსპერტიზის დასკვნის გარეშე… მნიშვნელოვანია დრო, რადგან შესაძლოა ძალადობის კვალი გაქრეს, თუკი ექსპერტიზა დაგვიანდება,“ – ამბობს თამარ გაბოძე.

იურისტის თქმით, მას არაერთხელ ჰქონია ურთიერთობა ქალთან, რომელსაც ექსპერტიზაზე უარი უთქვამს, ან ექსპერტიზის ბიუროდან გამოსულს უთქვამს, რომ ექსპერტთან მშვიდად და დაცულად ვერ გრძნობდა თავს.

იურისტი განმარტავს, რომ თუკი ექსპერტი კაცია, მსხვერპლ ქალს შეუძლია გამომძიებელს მიმართოს, გამომძიებელი კი თხოვნით ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართავს. არ არსებობს სამართლებრივი ნორმა, რომლის საფუძველზეც ბიურო ვალდებულია, გამომძიებლის თხოვნა შეასრულოს.

„მე არ მსმენია ასეთი შემთხვევის შესახებ. ვისაც ვიცავდი, მათთან ქალები იყვნენ ექსპერტები. მსხვერპლები ქალ ექსპერტებთანაც განიცდიან სტრესს… უთქვამთ მათთვის: „დროზე გაიხადე ახლა“, „რომ გორაობდი, რა გეგონა?“ მთავარი დამოკიდებულებაა, რომლის შეცვლაც არის საჭირო. მსხვერპლის უხერხულობას მხოლოდ საწინააღმდეგო სქესი არ იწვევს,“ – ამბობს თამარ გაბოძე.

სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, სისხლის სამართლის საქმეში მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულებაა საჭირო გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. სექსუალური ძალადობის საქმეებში ხშირად ერთადერთი მოწმე თავად დაზარალებულია, რომელიც სასამართლოს მოწმის სახით აძლევს ჩვენებას. მეორე მტკიცებულება კი ექსპერტიზის დასკვნაა, რაზეც ქალი მსხვერპლი ხშირად თავად ამბობს უარს.

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ზოგჯერ ქალი ქმრისგან ან ახლობელი ადამიანებისგანაც ხდება.

თამარ გაბოძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი:

„ოჯახის სიტუაციაში ქალი ხშირად არის დაქვემდებარებულ მდგომარეობაში, არ შეუძლია დამოუკიდებლად ცხოვრება, შვილებს უწევს ანგარიშს, ძლიერია ასევე სტიგმა: „მაგან ქმარი დააჭერინა“… ამიტომაც, ის ექსპერტიზას აღარ იტარებს, ან  საერთოდ სასამართლოს აღარ აძლევს ჩვენებას.

ქალებს ისედაც უჭირთ ამ თემებზე საუბარი, ამ ისტორიების გახსენება მათთვის ტკივილის გამეორებაა. ფსიქოლოგები აღწერენ, რომ მსხვერპლს ამ როლიდან გამოსვლა ხშირად ძალიან უჭირს. ექიმებს კი, ხშირად მგრძნობელობა ეკარგებათ და ისე უყურებენ მსხვერპლს, როგორც მორიგ საქმეს. ამ დროს კი, ქალისთვის შესაძლოა ეს მთელი ცხოვრება იყოს.“

რატომ არის პრობლემა ექსპერტის სქესის მიხედვით შერჩევა?

„აღნიშნულ ექსპერტიზას ატარებენ სასამართლო სამედიცინო ექსპერტები, რომელთა რაოდენობა ქვეყანაში ძალიან მწირია. შესაბამისად, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროც შეზღუდულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტების რაოდენობაში… ბიუროს რეგიონალურ ოფისებში ბიუროს მხრიდან არაერთი კონკურსის ჩატარების მიუხედავად, ჯერჯერობით ვერ მოხდა დამატებით მაღალი კვალიფიკაციის მქონე  ექსპერტების შერჩევა და დანიშვნა.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გამოსაკვლევი პირის მხრიდან, საპირისპირო სქესის მიერ გამოკვლევის ჩატარებაზე უარის გაცხადების შემთხვევაში, ბიურო სამუშაო საათების დროს უზრუნველყოფს შესაბამისი სქესის ექსპერტის გამოყოფას,  ხოლო არასამუშაო  საათებში ბიურო  შეძლებისდამიხედვით უზრუნველყოფს იმავე სქესის მქონე ექსპერტის მხრიდან შემოწმების ჩატარებას,“ – მოგვწერეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან.

 

 

 

„ოცნებამ“ აჭარის ახალ უმაღლეს საბჭოში თანამდებობები გადაინაწილა

დღეს, 14 დეკემბერს, ბათუმში, „ქართული ოცნების“ ოფისში განცხადება გააკეთა მეხუთე მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ტიტე აროშიძემ.

უმაღლეს საბჭოში უმრავლესობამ თანამდებობები გადაინაწილა.

ტიტე აროშიძე

ტიტე აროშიძის განცხადებით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ისევ დავით გაბაიძე იქნება წარდგენილი, მისი მოადგილის ანუ ვიცე-სპიკერის პოსტს კი ტიტე აროშიძე დაიკავებს.

რაც შეეხება ფრაქციებსა და კომისიებს, თანამდებობები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი – გიორგი მანველიძე
  • ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – ირაკლი ჭეიშვილი
  • საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ვლადიმერ მგალობლიშვილი
  • საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე –  მარინე გვიანიძე
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ილია ვერძაძე
  • ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ცოტნე ანანიძე
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – დავით ბაციკაძე
  • აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ფრიდონ ფუტკარაძე
  • გენდერული საბჭოს თავმჯდომარე – ფატი ხალვაში

ტიტე აროშიძის განცხადებით, აღნიშნული თანამდებობები „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული კონსულტაციების შედეგად გადანაწილდა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც ესწრებოდა.

როგორც ტიტე აროშიძე ამბობს, ოპოზიციას, რომელსაც ამ შემთხვევაში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს, სიები ჯერ არ გამოუთხოვია. ცნობილია, რომ ოპოზიცია უმაღლეს საბჭოში შესვლაზე უარს აცხადებს.

„სიების გამოთხოვასთან დაკავშირებით განაცხადის წარდგენისთანავე მოხდება მათი დაკმაყოფილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი  ჩვეულებრივად გააგრძელებენ მუშაობას უმაღლეს საბჭოში.

თუმცა, რადგან ოპოზიციას ამ დრომდე სიები არ გამოუთხოვია, ჯერ-ჯერობით უმაღლესი საბჭოს წევრის მოქმედი მანდატით სარგებლობენ, თუმცა მათ აირჩიეს, რომ ქუჩიდან გააგრძელონ ოპონირება და ჩვენ ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. არც სიების გამოთხოვის შემთხვევაში და არც მათი უფლებამოსილების გაგრძელების შემთხვევაში“ – განაცხადა ტიტე აროშიძემ.

მისი თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ და მოადგილემ, თინა ზოიძემ დატოვეს უმაღლესი საბჭოს სია. მთავრობის თავმჯდომარედ ამჯერადაც თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა იქნება წარდგენილი.

მეხუთე მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა ხვალ, 15 დეკემბერს გაიმართება.

2021 წელს აჭარაში საჯარო მოხელეების ხელფასებში 1,2 მლნ ლარით მეტი დაიხარჯება – პროექტი

საჯარო მოხელეები, რომლებიც ხელფასს აჭარის ბიუჯეტიდან იღებენ, 2021 წელს ჯამში 1,2 მილიონი ლარით მეტს მიიღებენ, ვიდრე 2020 წელს. ბიუჯეტში ხელფასებისთვის განკუთვნილი თანხა იზრდება, თუმცა იგივე რჩება დასაქმებულთა რაოდენობა. აჭარის ბიუჯეტიდან ხელფასს 3 334 პირი იღებს.

67 700 ლარით მეტი ხელფასი გაიცემა მომავალ წელს აჭარის მთავრობის აპარატშიც, სადაც დასაქმებულთა [68 დასაქმებული] რაოდენობა არ იცვლება.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტით, ხელფასებისთვის განკუთვნილი თანხა იზრდება აჭარის სამინისტროებშიც:

  • აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროში – 957 700 ლარით
  • ჯანდაცვის სამინისტროში – 165 200 ლარით
  • ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში – 30 700 ლარით
  • სოფლის მეურნეობის სამინისტროში – 21 300 ლარით

ამასთან, პროექტის მიხედვით, დასაქმებულთა რაოდენობა არც ერთ სამინისტროში არ იზრდება.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2020 წელს ხელფასებისთვის ჯამში 37,2 მილიონი დაიხარჯება [თუ არ ჩავთვლით საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების ხელფასებში დახარჯულ 1 498 800 ლარს, რაც მხოლოდ საარჩევნო წელს იხარჯება], ხოლო 2021 წელს –  38,5 მილიონი ლარი. გამოდის, რომ მომავალ წელს აჭარის ბიუჯეტიდან 1 246 000 ლარით მეტი დაიხარჯება ხელფასებში, ვიდრე წელს.

2021 წლისთვის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებელი მთავრობამ, ბიუჯეტის თავდაპირველი პროექტით, 349 474 000 ლარით განსაზღვრა, თუმცა კორექტირების შემდეგ ეს მაჩვენებელი 21 მილიონი ლარით შეამცირა.

პროექტის პირველი ვარიანტით მთავრობა სწორედ 21 მილიონი ლარით მეტის დახარჯვას გეგმავდა, ვიდრე შემოსულობები იქნებოდა და ამ 21 მილიონის გამოყენებას წლის ბოლოს დარჩენილი ნაშთიდან [დეპოზიტზე არსებული თანხიდან] გეგმავდა.

პროექტის ახალი ვარიანტით, 2021 წელს აჭარის ბიუჯეტიდან მთლიანობაში 328 474 000 ლარი უნდა დაიხარჯოს. ბიუჯეტის გადასახდელები კი, მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით, შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • უმაღლესი საბჭო – 5 216 800 ლარი [არ შეცვლილა]
  • უმაღლესი საარჩევნო კომისია – 701 000 ლარი [არ შეცვლილა]
  • აჭარის მთავრობის აპარატი – 3 017 900 ლარი [დაფინანსება გაიზარდა 17 700 ლარით]
  • ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო – 108 479 200 ლარი [შემცირდა 14,8 მილიონით]
  • განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – 54 074 500 ლარი [შემცირდა 4,7 მილიონით]
  • ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 27 000 000 ლარი [გაიზარდა 1,9 მილიონით]
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 14 900 900 ლარი [შემცირდა 1 მილიონით]
  • საერთო დანიშნულების რესპუბლიკური გადასახდელები – 115 083 700 ლარი [შემცირდა 2,3 მილიონით]
პროექტის თავდაპირველი ვარიანტის შესახებ ნახეთ ამ ბმულზე:

რამდენს დახარჯავენ აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციები 2021 წელს – პროექტი

თბილი დეკემბერი ბათუმში [ფოტო]

ბათუმში უჩვეულოდ თბილი დეკემბერია. ჰაერის ტემპერატურა დღეს, 14 დეკემბერს, 20 გრადუსს აღწევს. ზღვის სანაპიროზე ბავშვებსა და ძაღლებს ასეირნებენ, წყვილებად, მარტო ან მეგობრებთან ერთად ისვენებენ ბულვარსა და ტბისპირა პარკში.

ოჯახებს აჭარაში „სასურსათო კალათს“ დაურიგებენ, რაშიც 1 მილიონი დაიხარჯება

აჭარის მთავრობამ უმაღლეს საბჭოს 2021 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი გადაუგზავნა. უმაღლესი საბჭო მთავრობას კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო თანხის გაზრდასა და პანდემიის გამო გარკვეული სოციალური პროგრამის შემუშავებას სთხოვდა.

„სასურველია, რესპუბლიკურ ბიუჯეტში შემუშავდეს ისეთი პროგრამა, რომელიც კოვიდპანდემიის პირობებში სოციალურ დახმარებას გაუწევს მოწყვლად ჯგუფებს“, –  მიიჩნევდა უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი.

„აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში გათვალისწინებული აქვს ქვეპროგრამა – სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის „სასურსათო კალათით“ უზრუნველყოფა, რომელიც ითვალისწინებს აჭარაში რეგისტრირებული მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილის ხელშეწყობასა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას საკვები პროდუქტების [სასურსათო კალათა] მიწოდების სახით“, – აღნიშნულია მთავრობის ინფორმაციაში.

„სასურსათო კალათისთვის“ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში 1 მილიონი ლარია გაწერილი.

აჭარის მთავრობის განცხადებით, აჭარაში 7 ათასამდე ოჯახს, სოციალური დახმარების ფარგლებში, სასურსათო პაკეტს ახალ წლამდეც გადასცემენ.

„აჭარის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში „ბათუმის 170 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს აღჭურვა, ფუნქციონირება, რისკჯგუფების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით და საკარანტინო სივრცის სამედიცინო პერსონალით უზრუნველყოფის“ პროგრამის ბიუჯეტი გაზრდილია 200 000 ლარით, კოვიდსასტუმროებში განთავსებული სამედიცინო პერსონალის მიერ გაწეული შრომის ასანაზღაურებლად“, – აღნიშნულია მთავრობის ინფორმაციაში, რომელიც ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს ერთვის თან.

ამ პროგრამისთვის 2020 წელს 6 082 500 ლარი იყო გამოყოფილი, მომავალ წელს კი, ჯამში, 3,2 მილიონი ლარი იქნება ბიუჯეტში.

პირვანდელ ვარიანტთან შედარებით, ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პროგრამის – „ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის ღონისძიებები“ – ბიუჯეტიც გაზრდილია 2 825 000 ლარით. ამ პროგრამისთვის წელს 17,3 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, 2021 წელს კი, ჯამში 4,2 მილიონი ლარი იქნება.

უმაღლესი საბჭოს საფინანსო კომიტეტი მთავრობას ასევე მიუთითებდა, რომ არასათანადოდ იყო შეფასებული პანდემიით მოსალოდნელი ნეგატიური ეკონომიკური ეფექტები და რისკები:

„მიზანშეწონილია ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში შემოსულობების და გადასახდელების საპროგნოზო პარამეტრები, ასევე პროგრამები და ქვეპროგრამები, რომლებზეც პირდაპირპროპორციულად აისახება პანდემიისგან გამოწვეული ნეგატიური ეფექტები, გადაიხედოს და დაიგეგმოს მოსალონდელი რისკების გათვალისწინებით.

მაგალითად: კულტურის სფეროში მოღვაწე აიპ-ების სამივლინებო და საგასტროლო თანხების ზრდა იმ ფონზე, როცა ფაქტობრივად შეუძლებელია უცხოეთში ვიზიტი; ასევე, ტურიზმის დეპარტამენტის პროგრამებში, სადაც საუბარია რეგიონის ტურისტული პროდუქტების მარკეტინგსა და რეკლამირებაზე საერთაშორისო ბაზარზე“.

მთავრობის ინფორმაციით, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაითვალისწინა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოსაზრება, რაც ასახულია 2021 წლის კორექტირებულ პროგრამებში“.

რაც შეეხება ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის 2021 წლის პროგრამას – „რეგიონის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის მარკეტინგი საერთაშორისო ბაზრებზე“, მთავრობის ინფორმაციით, დაფინანსება შემცირდა 617 ათასი ლარით.

ამ პროგრამისთვის 2019 წელს 4 810 100 ლარი დაიხარჯა, 2020 წელს – 406 300 ლარი, ხოლო 2021 წლისთვის გათვალისწინებულია 700 ათასი ლარი.

კომიტეტის მოსაზრებით „პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცენზიის ფონზე, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ნაწილის 14%-იანი ზრდით დაგეგმვა, აჭარის მთავრობისგან მოითხოვს საფუძვლიან ეკონომიკურ გათვლებს და ანალიზს“.

მთავრობის პასუხში აღნიშნულია, რომ „რესპუბლიკური ბიუჯეტის დაგეგმვისას საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ბიუჯეტის შევსების უმთავრესი წყაროა, იგეგმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, რაზეც მიღებულია შესაბამისი კორესპოდენცია“.

მთავრობის გათვლებით 2020 წელს შემოსავლების სახით ბიუჯეტში 268,9 მილიონი ლარი უნდა შევიდეს, 2021 წელს კი – 299,4 მილიონი ლარი.

აჭარის მთავრობის მიერ წარმოდგენილ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტთან [პირველი ვარიანტი] დაკავშირებით აუდიტიც აცხადებდა, რომ „სათანადოდ არ არის გაანალიზებული პანდემიისა და მისგან გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური ეფექტების გამო არსებული რისკების მატერიალიზაციის მაღალი ალბათობა“.

ამ თემაზე:

პანდემიის რისკები აჭარის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში სათანადოდ არაა ასახული – აუდიტი

 

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა 15 დეკემბერს გაიმართება

აჭარის ახალარჩეული  უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა 15 დეკემბერს გაიმართება. სხდომა დღის 12 საათზე გაიხსნება.

აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის დანიშვნის შესახებ განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, 14 დეკემბერს, გამოსცა.

[toggle title=”სხდომის დღის წესრიგი ნახეთ აქ:“]

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის არჩევა;

2. უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისიის არჩევა;

3. უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების შესახებ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციის მოსმენა;

4. უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისიის მოხსენება უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგების შესახებ;

5. უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობა;

6. უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისიის მოხსენება უმაღლესი საბჭოს ფრაქციების რეგისტრაციის თაობაზე;

7. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევა;

8. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;

9. უმაღლესი საბჭოს კომიტეტების წევრთა რაოდენობის განსაზღვრისა და უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცება;

10. უმაღლესი საბჭოს კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევა.[/toggle]

არჩევნების შედეგების მიხედვით, 21-წევრიან აჭარის უმაღლეს საბჭოში პროპორციული სიით „ქართული ოცნების“ 11 წევრი უნდა შევიდეს, ხოლო 3 „ოცნების“ მაჟორიტარი იქნება.

უმაღლესი საბჭოს დანარჩენი 7 წევრი საარჩევნო ბლოკიდან – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – არიან არჩეულები, თუმცა, ოპოზიცია უმაღლეს საბჭოში შესვლას არ აპირებს.

უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი 4 დეკემბერს გამოაქვეყნა.

[toggle title=”ვინ აირჩიეს უმაღლეს საბჭოში ნახეთ აქ:“]

საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“:

1. ბაგრატიონი ელგუჯა („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“);

2. კირთაძე გიორგი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“);

3. აბულაძე გია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“);

4. ვასაძე მედეა („უპარტიო“);

5. ანთაძე ლევან („უპარტიო“);

6. ჩავლეიშვილი ირაკლი (საქართველოს რესპუბლიკური პარტია);

7. სურმანიძე მამული („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“).

 

 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“:

1. გაბაიძე დავით („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“);

2. მანველიძე გიორგი („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“);

3. ჭეიშვილი ირაკლი  („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“);

4. ხალვაში ფატი („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“);

5. ვარშანიძე ნადიმ („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“);

6. თედორაძე დავით  („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“);

7. მგალობლიშვილი ვლადიმერ („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“);

8. გვიანიძე მარინე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“);

9. ბაციკაძე დავით („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“);

10. ვერძაძე ილია („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“);

11. სირაბიძე ლაშა („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“);

12. აროშიძე ტიტე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“) – №28 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი;

13. ანანიძე ცოტნე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“) – №29 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი;

14. ფუტკარაძე ფრიდონ („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“) – №30 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

[/toggle]

3 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ „ოცნების“ აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის ათეულიდან სამმა მომავალმა დეპუტატმა მანდატზე უარი თქვა. კერძოდ, უმაღლეს საბჭოში არ შევლენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და მისი მოადგილე თინა ზოიძე.

ამ თემაზე:

ვინ შედის აჭარის უმაღლეს საბჭოში „ოცნებიდან“ – უსკო

2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგებს არ აღიარებს ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი. საპროტესტო აქციები ბათუმში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ამ დრომდე გრძელდება.

ბენქსის გრაფიტის გამო სახლი 4,7 მილიონით გაძვირდა

ინგლისში, ქალაქ ბრისტოლში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეპატრონე სახლს ძველ ფასად აღარ ყიდის მას შემდეგ, რაც სახლის კედელზე ცნობილი არტისტის, ბენქსის ახალი ნამუშევარი გამოჩნდა – წერს „ბიბისი“.

ბენქსის ახალ გრაფიტზე გამოსახულია მოხუცი ქალი, რომელსაც დაცემინებისას ჩანთა, ხელჯოხი და კბილის პროთეზი უვარდება.

გრაფიტი სახლზე 10 დეკემბრის ღამე გამოჩნდა. მეზობლად მცხოვრებმა ერთმა პირმა უთხრა „ბიბისის“, რომ დაახლოებით დილის 7 საათზე სამზარეულოს ფანჯრიდან დაინახა ბიჭი, რომელსაც სანათიანი ჟილეტი ეცვა. იგი მიიჩნევს, რომ ეს ბენქსი იყო.

უკვე დილიდან ახალ გრაფიტთან ხალხმა ფოტოების გადაღება დაიწყო, რამდენიმე საათის შემდეგ კი ბენქსიმ ინსტაგრამზე დაადასტურა, რომ ამ გრაფიტის ავტორი თავად არის.

ბენქსის ახალი გრაფიტი ბრისტოლში. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/JON ROWLEY

ბენქსი სტრიტ-არტის ცნობილი ავტორია, იგი 20 წელზე მეტია ანონიმად რჩება.

„ბიბისი“ წერს, რომ მეპატრონეს გადაწყვეტილი ჰქონდა ამ სახლის გაყიდვა, შეთანხმება მყიდველთან 300 ათას ფუნტზე იყო, საჭირო იყო მხოლოდ დოკუმენტებზე ხელმოწერა, თუმცა მას შემდეგ, რაც სახლზე ბენქსის გრაფიტი გამოჩნდა, მეპატრონემ სახლის გაყიდვა გადაიფიქრა.

ექსპერტების შეფასებით, ბენქსის ნახატით სახლის ღირებულება შეიძლება 5 მილიონ ფუნტამდეც გაიზარდოს.

სახლის მეპატრონის შვილმა გრაფიტი სპეციალური გამჭვირვალე ეკრანით დაფარა და აპირებენ დაცვის სამსახურის დაქირავებას.

ბენქსის ახალი გრაფიტი ბრისტოლში. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/JON ROWLEY

ვარ შოკირებული და მაქვს უსამართლობის განცდა – სკოლიდან გათავისუფლებული დირექტორი

მიმოზა ღოლიჯაშვილი იმ დირექტორების სიაშია, ვისაც განათლების სამინისტრომ მოვალეობის შესრულების გაგრძელების უფლება აღარ მისცა. ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ სამინისტროს გადაწყვეტილებით შოკირებული და იმედგაცრუებულია. მიმოზა ღოლიჯაშვილი კოლეგებს დღემდე წარმატებულ დირექტორად მიაჩნდათ და ის წელს სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალისტიც იყო. მიმოზა, გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის დირექტორი იყო.

„ეს იყო აბსოლუტური შოკი, აბსოლუტური მოულოდნელობა და გაოგნება არა მარტო ჩემი. უბრალოდ ვითხოვ გავიგო სამინისტროსგან, რა კრიტერიუმით იხელმძღვანელეს და რატომ მოხდა ასე“, – ამბობს ყოფილი დირექტორი. ამ კითხვაზე განათლების სამინისტროსგან პასუხს არა მარტო ყოფილი დირექტორი ელის, პასუხის მოლოდინშია 250 მშობელიც, რომლებმაც განათლების სამინისტროს დღეს, 14 დეკემბერს წერილობით მიმართეს.

ყოფილი დირექტორის თქმით, მას აქვს უსამართლობის განცდა. „მიმაჩნია, რომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო სამინისტრომ და დიდი იმედი მაქვს, რომ გადახედავენ და შეცვლიან“, – გვეუბნება მიმოზა ღოლიჯაშვილი.

2020 წლის 30 ოქტომბერს საჯარო სკოლის დირექტორებს მასობრივად შეუწყდათ უფლებამოსილება, თუმცა უმრავლესობა, თითქმის 95 პროცენტი, ისევ მოვალეობის შემსრულებლად აგრძელებს მუშაობას. ამ რიცხვში ვერ მოხვდა მიმოზა ღოლიჯაშვილი.

„გორის მუნიციპალიტეტში ჩემთან ერთად კიდევ 40 დირექტორს ამოეწურა ვადა, თუმცა მხოლოდ 6 დირექტორს აღარ მოგვცეს მოვალეობის შემსრულებლად მუშაობის გაგრძელების უფლება.  ჩემს გარდა უარი უთხრეს უფლებამოსილების გაგრძელებაზე სოფელ სკრას, ბოშურის, კარალეთის პირველი სკოლის, ხვენისის და მე მგონი ერგნეთის სკოლის დირექტორებსაც“, – ამბობს მიმოზა.

ყოფილი დირექტორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატება უკავშირდება სკოლაში დაწყებითი განათლების პროექტის – G-PRIED-ის დანერგვას, რომელიც მოსწავლეებს შემოქმედებითი, მათემატიკური აზროვნებისა და კითხვითი უნარების განვითარებაში ეხმარება.

ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ სკოლაში გააძლიერა არაფორმალური განათლება კლუბებისა და წრეების სახით, განსაკუთრებით კი სტემ-ისა და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართულებით გააძლიერა საგანმანათლებლო პროექტები.

„მოვიგეთ 18 ათას ლარამდე გრანტი პროექტის ფარგლებში – „გახდი აღმომჩენი“. ვითანამშრომლეთ მეზობელ და საზღვრისპირა  სკოლებთან. სკოლა მილენიუმის პროექტის ფარგლებშია რეაბილიტირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მთლიანად აღჭურვილია ლაბორატორიებით და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურით. სკოლაში შემოვიტანე პროფესიული განათლება და მაქვს გაფორმებული მემორანდუმი გორის კოლეჯთან – „განთიადი“,  სადაც მოსწავლეები სხვადასხვა პროფესიას ბაზისურად ეუფლებიან“, – ამბობს მიმოზა.

ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ სკოლაში საკმაოდ რთულ პერიოდში მივიდა, როცა ადმინისტრაციასა და და რამდენიმე მასწავლებელს დავა ჰქონდათ ერთმანეთში, თუმცა მან შეძლო ამ უთანხმოების მოგვარება.

„მოვახერხე, რომ გუნდურობა დამენერგა კოლეგებში, ურთიერთთანამშრომლობა, სიყვარული და საქმის კეთება. რა თქმა უნდა, ვეხმარებოდი მათ პროფესიულ ზრდაშიც. არაერთი პროექტი განვახორციელეთ ყველამ ერთად ამ ხნის განმავლობაში, მათ შორის CENN-ის პროექტში, რომელიც მაკულატურის შეგროვებას ითვალისწინებად, ორჯერ ავიღეთ პირველი ადგილი, შევქმენი „მშობლების მხარდამჭერთა კლუბი“ და ამით ხელი შევუწყე მათ ჩართულობას ბავშვების განათლება-აღზრდის პროცესში. აღსანიშნავია, რომ თითოეული პროექტი მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით და სკოლის ლიდერის ხელშეწყობით დღემდე მდგრადია“, – ამბობს ყოფილი დირექტორი.

სკოლაში გამოფენა-გაყიდვებიც ეწყობოდა, საიდანაც შემოსული თანხით შეძლეს 5 სოციალურად დაუცველი ოჯახის და 5 ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვის დახმარება.

პანდემიის პერიოდში სკოლამ მოახერხა იმ მოსწავლეების ბუქებით და ინტერნეტით უზრუნველყოფა, ვისაც ამის პრობლემა ჰქონდა.

ეს და სხვა ბევრი პროექტი, რასაც ყოფილი დირექტორი და თემი სკოლის წარმატებად მიიჩნევს, სამინისტროსთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

არაფორმალურ დონეზე საუბარია იმაზე, რომ ყოფილი დირექტორის ადგილზე შესაძლოა მალე ვიხილოთ ერთ-ერთი ადგილობრივი მაღალჩინოსნის ახლო ნათესავი. თუმცა როგორც ყოფილი დირექტორი ამბობს, „ამას მომავალი გვიჩვენებს“.

თავად დირექტორი ამბობს, რომ მმართველი პარტიის, ანუ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველია, თუმცა სამინისტროს გადაწყვეტილება მისთვის უსამართლო და დაუსაბუთებელი აღმოჩნდა.

„დღეს გავიგე, რომ ჩემი ერთ-ერთ კოლეგა კარალეთის სკოლიდან, ქიმიის საკმაოდ ახალგაზრდა მასწავლებელი კოვიდით გარდაიცვალა. ახლახანს 4 კრედიტი მოუვიდა, მაგრამ ვეღარ მოესწრო წამყვანი მასწავლებლის სტატუსს. როცა ასეთ ამბებს ვიგებ, მეუხერხულება კიდევ ჩემს პრობლემაზე საუბარი, მაგრამ სწორედ ასეთ რთულ დროს, როცა სკოლა უდიდესი გამოწვევების წინაშეა და არავინ იცის რა იქნება ხვალ, როდის დავბრუნდებით სკოლაში, როცა პანდემიის გამო ეკონომიკური მდგომარეობაც მძიმეა და სკოლის დირექტორის, როგორც საგანმანათლებლო ლიდერის როლი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეები არ დარჩნენ განათლების მიღმა, გული მტკივა, რომ სამინისტრო ასეთ უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებს“, – ამბობს მიმოზა ღოლიჯაშვილი.

წელს პანდემიის გამო არა მარტო პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდები გადაიდო, ასევე სკოლის დირექტორობის და სპეციალურ მასწავლებელთა გამოცდებიც, რაც საფუძვლიან განცდას აჩენს, რომ სკოლის დირექტორების არჩევნებიც დიდი ხნით გადაიდება.

ყოფილი დირექტორის თქმით, არავინ იცის რამდენი ხნით მოუწევთ სკოლებს მოვალეობის შემსრულებლებით მუშაობა, თუმცა, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, დირექტორების არჩევნებიც პირობითია, რადგან სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევანის გაკეთება მხოლოდ იმ კანდიდატებს შორის მოუწევს, ვისაც განათლების სამინისტრო შესთავაზებს.

მიმოზა ღოლიჯაშვილს სამართლიანობის აღდგენამდე, თუკი რა თქმა უნდა ეს მოხდება, სკოლაში მხოლოდ მასწავლებლად შეუძლია მუშაობის გაგრძელება. კანონმდებლობით, სკოლის დირექტორს უფლება არ აქვს 10 საათზე მეტი დატვირთვა ჰქონდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ხელფასიც მნიშვნელოვნად შემცირდება.

მიმოზა ღოლიჯაშვილი  სამოქალაქო განათლების წამყვანი და რუსული ენის უფროსი მასწავლებელია. იმედგაცრუების მიუხედავად, არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, ის დირექტორობისთვის ბრძოლას მაინც აპირებს.

გერმანიაში შობა-ახალი წლის წინ მკაცრ შეზღუდვებს აწესებენ

გერმანიაში შობის დღესასწაულამდე ათი დღით ადრე მკაცრი კარანტინი ცხადდება.

მთელი ქვეყნის მასშტაბით 16 დეკემბრიდან იკეტება მაღაზიები და საბავშვო ბაღები, სკოლები კი დისტანციურ სწავლებაზე გადადიან.

„ევრონიუსის“ ცნობით, ნებადართულია ეკლესიაში მისვლა მხოლოდ ნიღბითა და სოციალური დისტანციის დაცვით, თუმცა საშობაო წირვა ეკლესიაში არ შედგება.

შობასა და ახალ წელს იკრძალება მასობრივი თავშეყრა, ადგილობრივ მთავრობებს შეუძლიათ აკრძალონ ფეიერვერკები ქალაქების მოედნებსა და ქუჩებში.

ასევე, 16 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით აკრძალულია სპირტიანი სასმელების მიღება მასობრივი თავშეყრის ადგილებში.

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, შეზღუდვები გერმანიაში 10 იანვრამდე გასტანს. მისი თქმით, მთავრობის მიზანია შეამციროს ინფიცირების მაჩვენებლები ქვეყანაში.

გერმანიის მთავრობა კომპანიებსა და კერძო მეწარმეებს, რომლებსაც ზიანი მიადგებათ შეზღუდვებით, დახმარებას ჰპირდება.

____________

ფოტო: ევროპის პრესფოტოსააგენტო. EPA/CLEMENS BILAN

თიბისი ბანკის საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ, Moody’s თიბისი ბანკს უცხოური ვალუტის დეპოზიტების საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2 დონემდე გაუზარდა, ხოლო პროგნოზი დაადასტურა, როგორც „სტაბილური“.

სარეიტინგო სააგენტოს მიერ რეიტინგის ზრდა განპირობებულია მეთოდოლოგიაში შეტანილი ცვლილებით, რომლებიც ქვეყნებისთვის, ადგილობრივ და უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციებისა და სხვა ვალდებულებებისთვის ე.წ. „რეიტინგის ჭერის“ დადგენას განსაზღვრავს. აღნიშნული ცვლილება ძალაში მიმდინარე წლის 7 დეკემბერს შევიდა.

მეთოდოლოგიის განახლების შედეგად, საქართველოში გაიზარდა უცხოური ვალუტაში დენომინირებულ დეპოზიტებზე დადგენილი რეიტინგის ჭერი, რასაც მოჰყვა თიბისი ბანკისთვის უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე საკრედიტო რეიტინგის ერთი საფეხურით, Ba2-დონემდე გაზრდა.

ახალი შემთხვევების ოდნავ შემცირების პირველი ნიშნები გვაქვს – გამყრელიძე

დღეს, 14 დეკემბერს, საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ბოლო კვირაა საქართველოში შეინიშნება კორონავირუსის ეპიდაფეთქების მაჩვენებლებში გარკვეული პოზიტიური ცვლილება, თუმცა მან საუბრისას არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ეს ჯერ არ იძლევა დამშვიდების საფუძველს.

„ახალი შემთხვევების რიცხვმა მრუდზე უკვე დაიწყო ქვესვლა, მაგრამ ეს არის მხოლოდ პირველი ნიშნები და ეს არ არის საბაბი თვითდამშვიდების.

ეს არის განპირობებული რამოდენიმე ფაქტორით, პირველ რიგში, შემზღუდველი ღონისძიებებით, რომელიც იძლევა ეფექტს, მეორე – გაფართოებული ტესტირება და დროული იზოლაცია კოვიდდადებითი ადამიანების, მესამე – ნიღბის ტარების გაზრდილი კულტურა ქვეყანაში, 65 პროცენტამდე, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი. თუ ჩვენ ავალთ 90-95 პროცენტამდე ნიღბის ტარების, მაშინ ინფიცირების მაჩვენებელი რადიკალურად შემცირდება.

ქვეყანაში ამ ეტაპზე, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ადგილი აქვს უკვე გარკვეულ ტენდენციას, შეიძლება ვთქვათ, შეჩერდა ზრდის მაჩვენებელი ქვეყანაში, გვაქვს პირველი ნიშნები ოდნავ შემცირებისა, მაგრამ ეს არავითარ დამშვიდების საფუძველს არ იძლევა, რადგან გაფართოებული ტესტირების ფონზე ამ კვირაში ჩვენ შეიძლება კიდევ გვქონდეს ინფიცირების ზრდა, მაგრამ დიდი ალბათობით ეს არ უნდა იყოს ზრდა, რომელიც გადააჭარბებს წინა კვირის ინფიცირების საშუალო მაჩვენებელს. ანუ გარკვეული პოზიტიური ტრენდი გამოჩნდა,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

100-ლარიანი დახმარება დისკრიმინაციაა – შშმ პირები კომპენსაციაზე

საყოველთაო კარანტინმა და შეზღუდვებმა შშმ პირებისა და მათი ოჯახების ყოველდღიურობაზეც მოახდინა დიდი გავლენა. მათ შორისაა 30 წლის მაია შერვაშიძე. ის მთელი ცხოვრება ეტლით მოსარგებლეა. გაუმართლა, რომ ახლა, 15-დღიან სარეაბილიტაციო კურსზე ყოველდღიურად სოფელ ახალშენიდან ძმას დაჰყავს ავტომანქანით ბათუმში.

„მართალია, ძმას დავყავარ ბათუმში მანქანით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პანდემიამ ვერაფერი დამაკლო. რისკჯგუფში ვარ, ძალიან სუსტი იმუნიტეტი მაქვს, თანმდევი დაავადებაც. სარეაბილიტაციო ცენტრში რომ მივდივარ, სულ ვშიშობ, არ დავინფიცირდე. კოვიდსასტუმროში რომ დავრჩე გადასაყვანი, ვინ მომივლის იქ ეტლიანს. რთულია მხოლოდ შშმ პირის პენსიით ცხოვრება, როცა შენი ოჯახის წევრი სამსახურს კარგავს“, – ამბობს მაია.

ეტლით მოსარგებლე დეა ერემაშვილი გვიყვება შემთხვევაზე, როცა შშმ პირის ოჯახში იყო კოვიდინფიცირებული, მაგრამ არ ჰქონდათ თვითიზოლაციის შესაძლებლობა. სასწრაფო არ მოდიოდა. სახლიდან გასვლის უფლება არ ჰქონდათ, არც არავინ ჰყავდათ, საჭმელი რომ მიეტანა.

„მხოლოდ მას შემდეგ მიაქციეს ოჯახს ყურადღება, რაც შშმ პირთა მხარდაჭერის უზრუნველყოფის ცენტრიდან ჩავერიეთ. ეს იყო რისკის ჯგუფში მყოფი შშმ პირი, რომელიც საფრთხის ქვეშ იყო.

მართალია, ჯანდაცვის რეკომენდაციით, ზრდასრულთა რეაბილიტაცია უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ფიზიკური თერაპიის კურსზე რომ მივიდეს შშმ პირი, ტრანსპორტი არ დადის. 220 ლარით რომ ცხოვრობ, ტაქსით ვერ ივლი სარეაბილიტაციო ცენტრამდე, ექიმიც ვერ ივლის შენთან სახლში. შშმ პირებს, გარდა ავტობუსისა, ადაპტირებული ტრანსპორტი არ აქვთ, ტაქსიც რომ გამოიძახო, ზოგს არ მიყავხარ. მთელი რიგი პრობლემებია მოკლედ, რასაც არავინ მიაქცია ყურადღება”, – ამბობს შშმ პირი, დეა ერემაშვილი.

პანდემიის პირველი ტალღისას საქართველოში 1-ლი ჯგუფის შშმ პირებისთვის ხელისუფლებამ 100-ლარიანი დახმარება გამოყო ექვსი თვით, მეორე ტალღისას ამ თანხას ისევ 6 თვით, ყოველთვიურად მიიღებენ მხოლოდ 1-ლი ჯგუფის შშმ პირები, რასაც დეა ერემაშვილი უსამართლობად მიიჩნევს:

„მიუხედავად იმისა, რომ მე 1-ლი ჯგუფის შშმ პირი ვარ, არ მაქვს ისეთი სიდუხჭირე 100 ლარი რამე მნიშვნელოვანს მიწყვეტდეს. არიან მე-2, მე-3 ჯგუფის შშმ პირები, ვისაც პურიც არ ჰქონდათ და საკვების მიტანა დაგვჭირდა მათთან. ისინი პანდემიის ორივე ტალღის დროს დაავიწყდა სახელმწიფოს. ამ ერთჯერად დახმარებებს გვირჩევნია სისტემური და მნიშვნელოვანი პროგრამები შეიქმნას, რაც მე მეტ შესაძლებლობებს მომცემს და დამოუკიდებლად ცხოვრების შანსს გამიჩენს“.

შშმ პირთა მხარდაჭერის უზრუნველყოფის ცენტრის წარმომადგენელი, სოსო ყაზაიშვილი ამბობს, რომ ცენტრს ბევრი შშმ პირი წერდა, რომლებმაც ვერ მიიღეს სახელმწიფო კომპენსაცია.

„რა თქმა უნდა, გადავეცით პრობლემა პარლამენტს, ჩვენს წარმომადგენელს – რატი იონათამიშვილს მივაწოდეთ ინფორმაცია. ის ,,ოცნების” წარმომადგენელია, მაგრამ ვერ გაიტანა საკითხი, მხოლოდ 1 შშმ პირი წარმოადგენს პარლამენტში ამხელა შშმ თემს”, – ამბობს სოსო ყაზაიშვილი.

სახალხო დამცველის განცხადების მიხედვით, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, საქართველოს მთავრობის მორიგ ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაში კვლავ არ არის სათანადოდ გათვალისწინებული შშმ პირთა საჭიროებები; ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ გატარებული ღონისძიებები კი არ არის ქმედითი და არ პასუხობს შშმ პირთა ინდივიდუალურ საჭიროებებს.

მოიხსნება შეზღუდვები 24 დეკემბერს? – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, წინასაახალწლოდ, 24 დეკემბერს, მოიხსნება თუ არა მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები, დამოკიდებულია შექმნილ ეპიდსიტუაციაზე.

„ეს ერთი კვირა არის ჩვენთვის განსაკუთრებით, ეპიდემიოლოგიურად მნიშვნელოვანი, დავრწმუნდეთ, რომ რეალურად, სტაბილიზაციის ის ტენდენცია, რომელიც არის, შენარჩუნდება. ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილებები სხვა ქმედებებთან დაკავშირებით.

…ციფრები რასაც გვეტყვის, ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული, დღეს ამაზე ვერ გიპასუხებთ,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საკოორდინაციო საბჭოს აქამდე დაანონსებული გეგმის თანახმად, შეზღუდვების შემსუბუქება 24 დეკემბრიდან დაიწყება, რომელიც 2 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს. ამ პერიოდში – 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები და აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

3  იანვრიდან 15 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ცხადდება უქმე/დასვენების დღეები; აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში; არ იმუშავებს საჯარო და კერძო დაწესებულებები, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.

16 იანვრიდან 31 იანვარის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით: აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა). შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები არ იმუშავებენ.

მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილმა წარმატებით იასპარეზა საერთაშორისო ტურნირზე ბარსელონაში

ბათუმელმა მოჭადრაკემ, საქართველოს ნაკრების წევრმა, ნინო ბაციაშვილმა ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცისს ცნობით, შეჯიბრი 10 მონაწილეს შორის წრიული სისტემით 9 ტურად გაიმართა. ტურნირში მონაწილეობდნენ 6 ქვეყნის წარმომადგენელი 3 ქალი და 7 ვაჟი.

ნინო ბაციაშვილმა ვაჟ დიდოსტატებთან შეჯიბრში 9-დან 5,5 ქულა დააგროვა და მეოთხე შედეგი აჩვენა, ხოლო ქალთა შორის საუკეთესო იყო.

2020 წელი ნინო ბაციაშვილისთვის წარმატებული აღმოჩნდა. მან წელს მესამედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული, გახდა ევროპის ონლაინჩემპიონატის გამარჯვებული ქალთა შორის, წარმატებით იასპარეზა პორტუგალიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ვაჟთა შორის და პირველობა სომეხ მოჭადრაკესთან, კარენ გრიგორიანთან ერთად გაინაწილა.

ნინო ბაციაშვილი 2018 წლიდან საერთაშორისო დიდოსტატია მამაკაცთა შორის, საქართველოს უკვე სამგზის ჩემპიონი ქალთა შორის, ევროპის ვიცე-ჩემპიონი კლასიკურ ჭადრაკში, ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი რაპიდში [სწრაფ ჭადრაკში], საფრანგეთის ონლაინ ჩემპიონატის გამარჯვებული ბლიცებში და ევროპის ჩემპიონი გახდა, ასევე რაპიდში.

______________

ნინო ბაციაშვილი. ფოტო: Chess.com

 

56 წლის ასაკში კოვიდით გარდაიცვალა ქობულეთის საკრებულოს წევრი

ქობულეთის საკრებულოს წევრი მალხაზ რომანაძე კორონავირუსით გარდაიცვალა 56 წლის ასაკში.

როგორ ქობულეთის საკრებულოში გვითხრეს, მას კორონავირუსი ნოემბრის ბოლოს დაუდასტურდა. დაავადება თავიდან მსუბუქად მიმდინარეობდა და იგი სახლში მკურნალობდა, თუმცა პაციენტის მდგომარეობა თანდათან დამძიმდა და მალხაზ რომანაძე 6 დეკემბერს გადაიყვანეს კოვიდკლინიკაში.

აჭარაში კორონავირუსით 212 პირი დაავადდა – 14 დეკემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსი 212 პირს დაუდასტურდა. ქვეყნის მასშტაბით 14 დეკემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა 1337 ადამიანს.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 337 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 571 შემთხვევა, აჭარაში-212, იმერეთში-147, ქვემო ქართლში-168, შიდა ქართლში-48, გურიაში-16, სამეგრელო-ზემო სვანეთში-74, კახეთში-41, მცხეთა-მთიანეთში-41, სამცხე-ჯავახეთში-18, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-1.

ამ ეტაპზე ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა აჭარაში 82 პაციენტი, კოვიდსასტუმროებშია 1332, საკარანტინო სივრცეშია – 146. აჭარაში თვითიზოლაციაშია 8667 პირი.

კორონავირუსის 1 337 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 49

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1337 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა – 49, გამოჯანმრთელდა – 3498. ჩატარებულია 6554 ტესტირება.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 337 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 571 შემთხვევა, აჭარაში-212, იმერეთში-147, ქვემო ქართლში-168, შიდა ქართლში-48, გურიაში-16, სამეგრელო-ზემო სვანეთში-74, კახეთში-41, მცხეთა-მთიანეთში-41, სამცხე-ჯავახეთში-18, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-1

Exit mobile version