მთავარი,სიახლეები

რატომ ატარებს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალის ექსპერტიზას კაცი

14.12.2020 • 1472
რატომ ატარებს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალის ექსპერტიზას კაცი

„პრობლემა იქედან იწყება, როცა ქალებმა არც კი იციან, ექსპერტის სქესის მიხედვით შერჩევის უფლება რომ აქვთ, გამომძიებელს მტკიცებულების შექმნა ეჩქარება და ხშირად მგრძნობელობა არ აქვს… ქალებს ბევრჯერ უთქვამთ, რომ ხელახლა გაუპატიურებულად იგრძნო თავი, როცა ექსპერტმა კაცმა შეამოწმა მათ სხეულზე ძალადობის კვალი…. “ – გვიყვება თამუნა გაბოძე. ის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტია და სისხლის სამართლის საქმეებში ადვოკატად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ექსპერტის სქესი რომ პრობლემაა, ამის შესახებ წელს სპეციალურ ანგარიშში სახალხო დამცველმა დაწერა. „ხშირად სექსუალური ძალადობის მსხვერპლები ექსპერტიზაზე უარს ამბობენ ექსპერტთა სქესის გამო. დაზარალებულებს არ აქვთ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ ექსპერტის სქესი და, მათი თქმით, რიგ შემთხვევაში საპირისპირო სქესის წარმომადგენლის მხრიდან ექსპერტიზის ჩატარება დამატებითი სტრესის მომტანია“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში „ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება საქართველოში“.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, რატომ ვერ ხერხდება ექსპერტის შერჩევა სქესის მიხედვით.

ოფიციალური მონაცემებით, 39 სამედიცინო ექსპერტიდან მხოლოდ 9 ქალია, აქედან მხოლოდ ერთი ქალი ექსპერტი მუშაობს რეგიონებში, 8 ექსპერტი ქალი თბილისშია. ეს ექსპერტები სხეულის დაზიანებას სწავლობენ, რომელიც მსხვერპლს სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის დროს მიადგა. პრობლემა განსაკუთრებით მაშინ აქტიურდება, როცა ქალი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია.

„თავდაპირველად ჩვენ გვსურდა გავსაუბრებოდით მსხვერპლ ქალებს, მაგრამ საბოლოოდ ეს ვერ მოხერხდა. ეს ინფორმაცია, რაც კვლევაშია აღნიშნული, მივიღეთ ფოკუსჯგუფებისგან, ესენი იყვნენ ძირითადად მსხვერპლთათვის სხვადასხვა სერვისის გამწევი ორგანიზაციები,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ სახალხო დამცველის კვლევის ავტორი, თამარ დეკანოსიძე.

ომბუდსმენისთვის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სამედიცინო ექსპერტებიდან დღე-ღამის განმავლობაში სამ-სამი ექიმი მორიგეობს და ბიუროს რესურსი არ ჰყოფნის იმისთვის, რომ მსხვერპლმა ექსპერტი სქესის მიხედვით შეარჩიოს.

თამარ დეკანოსიძე მიიჩნევს, რომ ამ კუთხით ცვლილებები სავალდებულოა, რადგან რეალურად მსხვერპლებს მართლმსაჯულებაზე წვდომა ეზღუდებათ.

„პირველ რიგში, აუცილებელია, რომ გაიზარდოს ქალი ექსპერტების რიცხვი, შესაძლებელია, გადაამზადონ ექიმები ამ მიმართულებით, თუკი ეს რესურსი არ არსებობს… ქალებს ეზღუდებათ წვდომა მართლმსაჯულებაზე, რადგან თუკი ექსპერტიზის დასკვნა არ დევს საქმეში, ძალიან მცირე შანსია იმისა, რომ დამნაშავე დაისაჯოს.

პრობლემა არის მეთოდოლოგიაც, რასაც ექსპერტები იყენებენ. ჩვენს კვლევაშიც აღნიშნულია, რომ მსხვერპლი ქალები ტრავმულად განიხილავენ პროცედურას, რაც დამატებით სტრესის წყაროა,“ – გვითხრა თამარ დეკანოსიძემ.

„ეს ერთ-ერთი ბარიერია და მიზეზი იმ მონაცემებისა, რაც გვაქვს,“ – აცხადებს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი თამარ გაბოძე. ის ყურადღებას ამახვილებს ოფიციალურ სტატისტიკაზე – 2017 წლის იანვრიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით სამართალდამცველებს ქალებმა 361 შემთხვევაში მიმართეს, გამამტყუნებელი განაჩენი კი 20 საქმეზე დადგა. იურისტი გვიყვება რამდენი სტრესის გავლა უწევს ქალს მას შემდეგ, როცა ის ძალადობის მსხვერპლი გახდა და შემდეგ, როცა პოლიციას მიმართა, სამართალდამცველების ხელში, წესით, დაცულად უნდა იგრძნოს თავი.

„ხშირად მსხვერპლს უჩნდება დანაშაულის განცდა, რომ თავად იყო დამნაშავე. მან ჯერ საზოგადოებასთან უნდა იმართლოს თავი, შემდეგ – პოლიციელებთან. „სახლში მასთან რას მიდიოდი?“ „მოძალადესთან ერთად სვამდი?“ „მოფერების საშუალება მიეცი, აბა, მერე რა გეგონა?“ „გამომწვევად გეცვა“? – საზოგადოების ამ კითხვებს ირეკლავენ სამართალდამცველებიც, მათ შორის, არიან გამონაკლისებიც, თუმცა ხშირად სამართალდამცველებს  არ ჰყოფნით სათანადო ცოდნა, გამოცდილება და რაც მთავარია – მგრძნობელობა. გამომძიებელს არც ის მოეთხოვება, რომ ჰქონდეს იურიდიული განათლება.

ხშირად სიტუაცია ასეთია: უსვამს კითხვებს გამომძიებელი ქალს, რომლის მდგომარეობაც უკიდურესად სტრესულია, შემოდის მეორე გამომძიებელი, ისიც ინტერესდება და თავიდან იწყებს. განსაკუთრებით პრობლემაა ეს დამოკიდებულება, თუკი მსხვერპლი სექსმუშაკია. ზოგადად, ამ ტიპის საქმეებში გამომძიებლის ინტერესია ამ დროს შეიქმნას მყარი მტკიცებულება და მიიღოს გამამტყუნებელი განაჩენი, რაც რთულად მისაღწევია ექსპერტიზის დასკვნის გარეშე… მნიშვნელოვანია დრო, რადგან შესაძლოა ძალადობის კვალი გაქრეს, თუკი ექსპერტიზა დაგვიანდება,“ – ამბობს თამარ გაბოძე.

იურისტის თქმით, მას არაერთხელ ჰქონია ურთიერთობა ქალთან, რომელსაც ექსპერტიზაზე უარი უთქვამს, ან ექსპერტიზის ბიუროდან გამოსულს უთქვამს, რომ ექსპერტთან მშვიდად და დაცულად ვერ გრძნობდა თავს.

იურისტი განმარტავს, რომ თუკი ექსპერტი კაცია, მსხვერპლ ქალს შეუძლია გამომძიებელს მიმართოს, გამომძიებელი კი თხოვნით ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართავს. არ არსებობს სამართლებრივი ნორმა, რომლის საფუძველზეც ბიურო ვალდებულია, გამომძიებლის თხოვნა შეასრულოს.

„მე არ მსმენია ასეთი შემთხვევის შესახებ. ვისაც ვიცავდი, მათთან ქალები იყვნენ ექსპერტები. მსხვერპლები ქალ ექსპერტებთანაც განიცდიან სტრესს… უთქვამთ მათთვის: „დროზე გაიხადე ახლა“, „რომ გორაობდი, რა გეგონა?“ მთავარი დამოკიდებულებაა, რომლის შეცვლაც არის საჭირო. მსხვერპლის უხერხულობას მხოლოდ საწინააღმდეგო სქესი არ იწვევს,“ – ამბობს თამარ გაბოძე.

სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, სისხლის სამართლის საქმეში მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულებაა საჭირო გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. სექსუალური ძალადობის საქმეებში ხშირად ერთადერთი მოწმე თავად დაზარალებულია, რომელიც სასამართლოს მოწმის სახით აძლევს ჩვენებას. მეორე მტკიცებულება კი ექსპერტიზის დასკვნაა, რაზეც ქალი მსხვერპლი ხშირად თავად ამბობს უარს.

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ზოგჯერ ქალი ქმრისგან ან ახლობელი ადამიანებისგანაც ხდება.

თამარ გაბოძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი:

„ოჯახის სიტუაციაში ქალი ხშირად არის დაქვემდებარებულ მდგომარეობაში, არ შეუძლია დამოუკიდებლად ცხოვრება, შვილებს უწევს ანგარიშს, ძლიერია ასევე სტიგმა: „მაგან ქმარი დააჭერინა“… ამიტომაც, ის ექსპერტიზას აღარ იტარებს, ან  საერთოდ სასამართლოს აღარ აძლევს ჩვენებას.

ქალებს ისედაც უჭირთ ამ თემებზე საუბარი, ამ ისტორიების გახსენება მათთვის ტკივილის გამეორებაა. ფსიქოლოგები აღწერენ, რომ მსხვერპლს ამ როლიდან გამოსვლა ხშირად ძალიან უჭირს. ექიმებს კი, ხშირად მგრძნობელობა ეკარგებათ და ისე უყურებენ მსხვერპლს, როგორც მორიგ საქმეს. ამ დროს კი, ქალისთვის შესაძლოა ეს მთელი ცხოვრება იყოს.“

რატომ არის პრობლემა ექსპერტის სქესის მიხედვით შერჩევა?

„აღნიშნულ ექსპერტიზას ატარებენ სასამართლო სამედიცინო ექსპერტები, რომელთა რაოდენობა ქვეყანაში ძალიან მწირია. შესაბამისად, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროც შეზღუდულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტების რაოდენობაში… ბიუროს რეგიონალურ ოფისებში ბიუროს მხრიდან არაერთი კონკურსის ჩატარების მიუხედავად, ჯერჯერობით ვერ მოხდა დამატებით მაღალი კვალიფიკაციის მქონე  ექსპერტების შერჩევა და დანიშვნა.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გამოსაკვლევი პირის მხრიდან, საპირისპირო სქესის მიერ გამოკვლევის ჩატარებაზე უარის გაცხადების შემთხვევაში, ბიურო სამუშაო საათების დროს უზრუნველყოფს შესაბამისი სქესის ექსპერტის გამოყოფას,  ხოლო არასამუშაო  საათებში ბიურო  შეძლებისდამიხედვით უზრუნველყოფს იმავე სქესის მქონე ექსპერტის მხრიდან შემოწმების ჩატარებას,“ – მოგვწერეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: