მთავარი,სიახლეები

100-ლარიანი დახმარება დისკრიმინაციაა – შშმ პირები კომპენსაციაზე

14.12.2020 • 2241
100-ლარიანი დახმარება დისკრიმინაციაა – შშმ პირები კომპენსაციაზე

საყოველთაო კარანტინმა და შეზღუდვებმა შშმ პირებისა და მათი ოჯახების ყოველდღიურობაზეც მოახდინა დიდი გავლენა. მათ შორისაა 30 წლის მაია შერვაშიძე. ის მთელი ცხოვრება ეტლით მოსარგებლეა. გაუმართლა, რომ ახლა, 15-დღიან სარეაბილიტაციო კურსზე ყოველდღიურად სოფელ ახალშენიდან ძმას დაჰყავს ავტომანქანით ბათუმში.

„მართალია, ძმას დავყავარ ბათუმში მანქანით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პანდემიამ ვერაფერი დამაკლო. რისკჯგუფში ვარ, ძალიან სუსტი იმუნიტეტი მაქვს, თანმდევი დაავადებაც. სარეაბილიტაციო ცენტრში რომ მივდივარ, სულ ვშიშობ, არ დავინფიცირდე. კოვიდსასტუმროში რომ დავრჩე გადასაყვანი, ვინ მომივლის იქ ეტლიანს. რთულია მხოლოდ შშმ პირის პენსიით ცხოვრება, როცა შენი ოჯახის წევრი სამსახურს კარგავს“, – ამბობს მაია.

ეტლით მოსარგებლე დეა ერემაშვილი გვიყვება შემთხვევაზე, როცა შშმ პირის ოჯახში იყო კოვიდინფიცირებული, მაგრამ არ ჰქონდათ თვითიზოლაციის შესაძლებლობა. სასწრაფო არ მოდიოდა. სახლიდან გასვლის უფლება არ ჰქონდათ, არც არავინ ჰყავდათ, საჭმელი რომ მიეტანა.

„მხოლოდ მას შემდეგ მიაქციეს ოჯახს ყურადღება, რაც შშმ პირთა მხარდაჭერის უზრუნველყოფის ცენტრიდან ჩავერიეთ. ეს იყო რისკის ჯგუფში მყოფი შშმ პირი, რომელიც საფრთხის ქვეშ იყო.

მართალია, ჯანდაცვის რეკომენდაციით, ზრდასრულთა რეაბილიტაცია უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ფიზიკური თერაპიის კურსზე რომ მივიდეს შშმ პირი, ტრანსპორტი არ დადის. 220 ლარით რომ ცხოვრობ, ტაქსით ვერ ივლი სარეაბილიტაციო ცენტრამდე, ექიმიც ვერ ივლის შენთან სახლში. შშმ პირებს, გარდა ავტობუსისა, ადაპტირებული ტრანსპორტი არ აქვთ, ტაქსიც რომ გამოიძახო, ზოგს არ მიყავხარ. მთელი რიგი პრობლემებია მოკლედ, რასაც არავინ მიაქცია ყურადღება”, – ამბობს შშმ პირი, დეა ერემაშვილი.

პანდემიის პირველი ტალღისას საქართველოში 1-ლი ჯგუფის შშმ პირებისთვის ხელისუფლებამ 100-ლარიანი დახმარება გამოყო ექვსი თვით, მეორე ტალღისას ამ თანხას ისევ 6 თვით, ყოველთვიურად მიიღებენ მხოლოდ 1-ლი ჯგუფის შშმ პირები, რასაც დეა ერემაშვილი უსამართლობად მიიჩნევს:

„მიუხედავად იმისა, რომ მე 1-ლი ჯგუფის შშმ პირი ვარ, არ მაქვს ისეთი სიდუხჭირე 100 ლარი რამე მნიშვნელოვანს მიწყვეტდეს. არიან მე-2, მე-3 ჯგუფის შშმ პირები, ვისაც პურიც არ ჰქონდათ და საკვების მიტანა დაგვჭირდა მათთან. ისინი პანდემიის ორივე ტალღის დროს დაავიწყდა სახელმწიფოს. ამ ერთჯერად დახმარებებს გვირჩევნია სისტემური და მნიშვნელოვანი პროგრამები შეიქმნას, რაც მე მეტ შესაძლებლობებს მომცემს და დამოუკიდებლად ცხოვრების შანსს გამიჩენს“.

შშმ პირთა მხარდაჭერის უზრუნველყოფის ცენტრის წარმომადგენელი, სოსო ყაზაიშვილი ამბობს, რომ ცენტრს ბევრი შშმ პირი წერდა, რომლებმაც ვერ მიიღეს სახელმწიფო კომპენსაცია.

„რა თქმა უნდა, გადავეცით პრობლემა პარლამენტს, ჩვენს წარმომადგენელს – რატი იონათამიშვილს მივაწოდეთ ინფორმაცია. ის ,,ოცნების” წარმომადგენელია, მაგრამ ვერ გაიტანა საკითხი, მხოლოდ 1 შშმ პირი წარმოადგენს პარლამენტში ამხელა შშმ თემს”, – ამბობს სოსო ყაზაიშვილი.

სახალხო დამცველის განცხადების მიხედვით, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, საქართველოს მთავრობის მორიგ ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაში კვლავ არ არის სათანადოდ გათვალისწინებული შშმ პირთა საჭიროებები; ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ გატარებული ღონისძიებები კი არ არის ქმედითი და არ პასუხობს შშმ პირთა ინდივიდუალურ საჭიროებებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: