ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ვინ არ გადაიხდის დასუფთავების გადასახადს ბათუმში ნოემბერ-თებერვალში

14.12.2020 • 2768
ვინ არ გადაიხდის დასუფთავების გადასახადს ბათუმში ნოემბერ-თებერვალში

ბათუმის მოსახლეობა 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრისა და 2021 წლის იანვრის, ასევე თებერვლის თვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

დასუფთავების გადასახადს ასევე არ გადაიხდიან ბათუმის ტერიტორიაზე მოქმედი ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები, რომელთაც საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად შეეზღუდათ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლება. ეს კატეგორია გადასახადის გადახდისგან გათავისუფლებულია მხოლოდ დაწესებული შეზღუდვების მოქმედების პერიოდში.

ბათუმის საკრებულოს შესაბამისი დადგენილება დღეს, 14 დეკემბერს ამოქმედდა. მოსახლეობას და ორგანიზაციებს, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ, მაგალითად, ნოემბრის ან/და დეკემბრის თვის გადასახადი, ეს გადახდილი თანხა აესახებათ სააბონენტო ბარათზე [უკვე გადახდილი თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას].

საკრებულოს დადგენილებით, პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებაზე. ასეთ შემთხვევაში მან უარის თქმის შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს ქალაქ ბათუმის მერიას ან/და შპს „სანდასუფთავებას“.

  • წყლის საფასურის გადახდისგან მოსახლეობის გათავისუფლებაზე განცხადება გააკეთა შპს „ბათუმის წყალმაც“.

„მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო აბონენტებს სრულად დაუფინანსდებათ 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრისა და 2021 წლის იანვრისა და თებერვლის ჩათვლით მოხმარებული წყლის საფასური. სუბსიდირება არ შეეხება ძველ დავალიანებას, გადანაწილებულ ვალს, ასევე, მიერთების საფასურის დავალიანებას“ – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

  • 2020 წლის ნოემბერ-დეკემბრისა და 2021 წლის იანვარ-თებერვლის კომუნალურ გადასახადებს იმ საყოფაცხოვრებო აბონენტებს, რომლებიც თითოეულ თვეში 200 კუბურ მეტრ ან ამაზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, ასევე 200 კილოვატ/საათს ან ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ, გაზის, დენის და წყლის ფულს სახელმწიფო გადაუხდის.
სემეკის ინფორმაციით, „იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ეხებათ კომუნალური სუბსიდირება, თუმცა სურთ, არ ისარგებლონ შეღავათებით, უარის დაფიქსირება შეუძლიათ სემეკის ვებგვერდზე “.

 

ამავე თემაზე:

ვის გადაუხდის გაზის, დენის, წყლის გადასახადს სახელმწიფო ნოემბრიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: