მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

ჩემი, ანუ მოქალაქის საახალწლო ინიციატივა

14.12.2020 • 1615
ჩემი, ანუ მოქალაქის საახალწლო ინიციატივა

ავტორი: ნათია სირაბიძე

პანდემიის პირობებში ახალი წლის აღნიშვნა პრობლემატური გახდა, თუმცა ვიცით, რომ ქართველები, ვისაც ამის შესაძლებლობა ექნება, სუფრებს და მიმოსვლას არ მოიშლიან. ბოლოს და ბოლოს ბავშვებს თოვლიან თუ სუსხიან გარემოში ეზოში თამაშის სურვილი მაინც ექნებათ. რადგან დიდი ღონისძიებები გადაიდო [უსაფრთხოების დაცვის მიზნით], ერთი ინიციატივა მაქვს, რომელიც შეიძლება ძალიან ორგანიზებულად და საინტერესოდ შესრულდეს, საჯარო რესურსის გამოყენებით. ამ გზით ბავშვები გახალისდებიან, მოქალაქეები საახალწლოდ დასაქმდებიან, საჯარო მოხელეები კი – პრემიებს აიღებენ.

ბათუმში არის 13 უბანი, ყველა უბანს ჰყავს თავისი გამგებელი, რომელიც კარგად იცნობს მოსახლეობას და ზრუნავს თავისი უბნის კეთილდღეობაზე. თითოეულ უბანს საკრებულოს წევრიც ჰყავს, ასე რომ ორგანიზატორების პოვნა არ გაგვიჭირდება.

13-ვე უბანს აქვს პატარა სკვერი, ზოგიერთს დიდიც, სადაც შეიძლება ღონისძიებების მოწყობა 25-დან 2 იანვრამდე, ისე რომ დღეში ორ უბანში გაიმართოს ღონისძიება.

[checklist]

  • ცენტრალური ქუჩების განათებასთან ერთად (5-5 გირლიანდიც რომ ავაკლოთ თითო ქუჩას) გავანათებდი უბნის ერთ რომელიმე სკვერს. მსგავსი რამ 2015-ში ალეკო თევზაძესთან ერთად გაგვიკეთებია და თუ მერიის არქიტექტორ-დიზაინერები ჩაერთვებიან, ძალიან საინტერესოდ შეიძლება სკვერების ძველი გირლიანდებით განათება. ტექნიკურად ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას გამოვიყენებდი.
  • ნაძვის ხეც დაამშვენებდა სკვერებს, სხვადასხვა ზომის ნაძვის ხეებს წამოვიღებდი აგროსერვის ცენტრიდან, გამოჰყავთ და აუცილებლად მოახერხებდნენ 13 ნაძვის ხის ჩუქებას, ან თავისი უბნის საკრებულოს წევრები მოიფიქრებდნენ ან სულაც განათებებით შეიძლება ააწყო ნაძვის ხე, დიზაინერების ჩართულობით.
  • ნაძვის ხე და განათება გვაქვს, დროა აქტივობებზე გადავიდეთ. ნაძვის ხესთან დავსვამდი თოვლის ბაბუს, რომელსაც 1-მეტრიანი დისტანციით მიუახლოვდებოდნენ ბავშვები და თავიანთ სურვილებს გაანდობდნენ, გაესაუბრებოდნენ, გახალისდებოდნენ, “ჰო-ჰო-ჰო”-ს მოისმენდნენ.
  • თოვლის ბაბუსთან მისასვლელი გზა იქნება ჯებირებით შემოსაზღვრული (აი ისე, აეროპორტებში, რიგების მოწესრიგებას როგორც ახერხებენ), 1.5 მეტრიანი დისტანციით დასტიკერებული. რიგში დგომა მოსაწყენი რომ არ იყოს, თოვლის ბაბუსთან ახლოს, ან ალაგ-ალაგ (ტერიტორიის შესაბამისად) შემაღლებულ ადგილზე დადგებოდნენ ანიმატორები, რომლებიც უმარტივეს მოძრაობებს ასწავლიდნენ ბავშვებს და მათ მშობლებს და მუსიკის ფონზე მოხდებოდა გადაადგილება, ცეკვა-ცეკვით.
  • ჯებირები სად ვიპოვოთ? აქციების დროს პოლიციას ხომ გამოაქვს ჯებირები, ჰოდა ისინი სავსებით საკმარისი იქნება თოვლის ბაბუსთან ახლოს.
  • სცენა და დეკორაცია – თეატრები და მუსიკალური ცენტრები შემოგვეშველებიან და თავიანთი ხარჯებით მოაწყობენ შემაღლებულ ადგილს. სამშენებლო კომპანიებიც ჩაერთვებიან, თავიანთ უბანში თითო სცენა მოაწყონ, არ იქნება ესეც დიდი სირთულე.
  • ანიმატორი და თოვლის ბაბუა სად ვიპოვოთ? შესაძლებელია თეატრის მსახიობების ჩართვა და მათთვის პრემიების გამოწერა (სახელმწიფო სუბსიდირებაზე მყოფი ბათუმის თოჯინების თეატრიც დიდი სიამოვნებით ჩაერთვება ალბათ, კრეატიული ხელმძღვანელი ჰყავს და უკეთეს რამესაც მოიფიქრებს. ან შეიძლება ინდივიდუალური ანიმატორების დაქირავება და გადანაწილება, ამდენიც არ არიან, რომ თანაბრად ვერ გადაუნაწილო საქმე და ერთჯერადად ვერ დაიქირავო დამხმარე პერსონალად.
  • მუსიკალური გაფორმება – საშუალო სიმძლავრის აპარატურა სავსებით საკმარისი იქნება. მაგალითად, ჩემი მეზობელი ლოქდაუნის დროს ერთი დინამიკით მთელ უბანს გვართობდა მეორე უბრალოდ ხმამაღლა მღეროდა, ანუ გამოსავალს ვიპოვით. მერიის კულტურის სამსახურებს, ბათუმში არსებულ თეატრებს და მუსიკალურ ცენტრებს აქვთ აპარატურა, რომლის ტრანსპორტირება, მომსახურება და გამოყენება შეიძლება ისევ ორგანიზაციის ხარჯით. დამიჯერეთ, თავადაც გაიხარებენ, რომ კარგი საქმის კეთების საშუალება მიეცემათ, თან ბიუჯეტში თანხა ექნებათ მთელი წლის გაჩერების ფონზე, ანუ შესაძლებელია ტექნიკურადაც და ფინანსურადაც.
  • სტიკერები დისტანციის დასაცავად – ძვირი არ ღირს, მაგრამ ფინანსური რესურსი დაგვჭირდება, რისთვისაც შეიძლება ვკითხოთ, რომელიმე საჯარო დაწესებულებას თუ აქვს რეზერვში რომელიმე სტამბასთან ან საკანცელარიო მაღაზიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და ნაშთი. აუცილებლად გამოჩნდება ასეთი ორგანიზაცია და სტიკერებსაც დავბეჭდავთ.
  • რიგების მართვა – რიგებს მხოლოდ ანიმატორები ვერ მართავენ, ამიტომაც საჭირო იქნება თითოეულ უბანზე სულ მცირე 20 ადამიანი, რომელიც გააკონტროლებს ხალხის ნაკადს. შეგვიძლია სტუდენტური რესურსი გამოვიყენოთ – მოხალისეები; შეიძლება ჩვენი გმირი მეეზოვეები ან პოლიციელებიც დაგვთანხმდნენ.
  • აქვე შეიძლება აქციის ფორმა მივცეთ ღონისძიებებს და ბავშვებმა მოიტანონ სათამაშოები, რაიმე კამპანიის ფარგლებში: „აჩუქე და გაახარე“, და თოვლის ბაბუას დაუტოვონ. ეს სათამაშოები ტრანსპორტირდება რომელიმე საწყობში (პლაზასაც დავუთმობთ, თუ დასჭირდათ) ულტრაიისფერ დეზინფექციას გაივლის (30 წთ სჭირდება) და შემდეგ სხვა უბანში გამართულ ღონისძიებებზე ბავშვებს დაურიგდებათ, ან ბაღებს გადაეცემათ, ან სოციალურად დაუცველებს. ათასობით ბავშვია გასახარებელი <3
  • ტკბილეული – მსგავს ღონისძიებებზე გარემოვაჭრეებსაც მივცემდი საშუალებას თავიანთი პროდუქტი გამოეტანათ, მაგრამ აქაც მკაფიოდ უნდა განაწილდეს ადგილები და იმართოს რიგები.
  • შეიძლება ამ ღონისძიებას სურვილების ასრულების ფორმაც მივცეთ და ბავშვებს ვთხოვოთ, წერილი დაუწერონ თოვლის ბაბუას და დატოვონ ნაძვის ხესთან. ეს წერილები შემდეგ გამოიფინება რომელიმე გვერდზე. მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა ამოიცნონ თავიანთი შვილების ხელწერა და სურვილები. მერიის ან სამინისტროს ახალგაზრდული სამსახურები დააორგანიზებენ ამ ყოველივეს, დარწმუნებული ვარ დიდი ენთუზიაზმით და კრეატიულობით მიუდგებიან როგორც წერილების შესრულებას, ასევე სურვილების ასრულებას. თუ ისინი იტყვიან უარს, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლიც მშვენივრად გაართმევს ამას თავს.
  • მარკეტინგი – სიხარულის მოლოდინი ბევრს ნიშნავს, რამდენიმე დღით ადრე უნდა იცოდნენ ბავშვებმა, რომ მათ უბანში თოვლის ბაბუა მოვა. როგორ გავაგებინოთ როდის სად იქნება ღონისძიება? მარტივია: სოციალური ქსელები, ისევ მერიის და კულტურის სამსახურები და მათი ოფიციალური გვერდები, საზოგადოებრივი მაუწყებელიც დაუთმობს ეთერს საზოგადოებრივ ღონისძიებას, ცენტრალური მედიაც გააშუქებს, პიარ სამსახურებს არ შეეშლებათ ინფორმაციის გავრცელება. უკიდურეს შემთხვევაში საკრებულოს წევრებიც დაივლიან უბნებს, აი ისე წინასაარჩევნოდ, რომ დადიან და გააფრთხილებენ თავიანთ ამომრჩევლებს, რომელ დღეს ვზეიმობთ ერთად. [/checklist]

ამ ყოველივეს დაორგანიზებას მარტივად მოახერხებენ ბათუმის მერიაში და განათლების სამინისტროში, შედეგად კი  ხალისიანი, უსაფრთხო და ბედნიერი ახალი წელი ექნებათ ჩვენ ბავშვებს; დასაქმდებიან ადამიანები, ან დამატებით შემოსავალს მაინც მიიღებენ.

დაგვიანდა ეს ინიციატივაო ვერ იტყვიან, რადგან 2 კვირაა წინ და ტენდერის გამოცხადება არც ერთ პუნქტს არ სჭირდება. მთავარია გადაწყვეტილების მიღება, რაიმე გაკეთდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: