მთავარი,სიახლეები

ძველი რომის დღესასწაული, რომელიც ბათუმშიც ტარდებოდა – ნეპტუნალია

14.12.2020 • 1592
ძველი რომის დღესასწაული, რომელიც ბათუმშიც ტარდებოდა – ნეპტუნალია

„ნეპტუნალია“ – ასე ერქვა ზღვის ღმერთის, ნეპტუნისადმი მიძღვნილ დღესასწაულს, რომელიც ათასწლეულების წინ ძველ რომში იმართებოდა ოსტიაში ან მდინარე ტიბრზე ყოველი წლის 23 ივლისს.

ფესტივალი მეოცე საუკუნის 70-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ ბათუმში აღადგინა. ამ პერიოდში აქ მართლაც ტარდებოდა „ნეპტუნალიას“ მსგავსი ფესტივალი მცირედი სახესხვაობით: ბათუმში მას „ნეპტუნის დღესასწაული“ დაარქვეს.

რამდენიმე დღის წინ ,,ბათუმელებს“ ფოტოგრაფმა სეირან ბაროიანმა ბათუმში 1976 წლის ,,ნეპტუნის დღესასწაულის“ ამსახველი ფოტოც მიაწოდა.

ფოტოზე ბათუმელი გოგო-ბიჭები მეომრების, სირინოზების ფორმებში არიან გამოწყობილები და ქალაქში მსვლელობას აწყობენ.

„ბათუმში ნეპტუნის დღესასწაული ქალაქის ზეიმად ითვლებოდა, ტარდებოდა ივლისის თვეში, როცა ტურისტული სეზონი პიკს აღწევდა. მაშინ საზღვაო სეზონი ბათუმში აპრილში იწყებოდა.

ზაფხულში ტარდებოდა ბათუმობაც. ,,ნეპტუნის დღესასწაულზე“ ნეპტუნი, სირინოზები და მთელი მათი ამალა მსვლელობას ბულვარიდან იწყებდნენ. კოსტიუმირებული, თეატრალიზებული წარმოდგენა მოივლიდა ბულვარს ბოლომდე. მონაწილეები თეატრის მსახიობები და მაშინდელი პიონერთა სასახლის ,,ინტერკლუბის“ წარმომადგენლები იყვნენ.

ბულვარიდან გამოვემართებოდით მთავრობის სახლამდე, მერე მაშინდელი სტალინის, ახლანდელი აბაშიძის ქუჩას გამოვივლიდით და მოვიდოდით პარკის ტბამდე. ხალხი სიხარულით გვხვდებოდა. ბულვარის ცენტრში შადრევნებთან ერთმანეთს ვიჭერდით და წყალში ვყრიდით, რაც ნეპტუნის ერთგვარი ტრადიცია იყო – წყალში განბანვა, წყლით კურთხევა ზღვის ღმერთთან ერთად“, – გვიყვება სეირან ბაროიანი.

მისივე თქმით 1976 წელს, როცა თავად 17 წლის იყო, ბულვარი საზღვაო აკადემიის გასწვრივ მთავრდებოდა. იქვე იყო ტურისტული ბაზა ,,მესხეთი“, გვერდით სასტუმრო ,,მესხეთი“, პანსიონატი „ბათუმი“ და შემდეგ ინსტიტუტი.

ენციკლოპედია ,,ბრიტანიკას“ მიხედვით ნეპტუნის დღესასწაული, იგივე ნეპტუნალია ძველ რომშიც ივნისში იმართებოდა. 23 ივნისს, როცა წყლის დონე გვალვების გამო იკლებდა. შესაბამისად, დღესასწაულის მიზანი წყლის, ზღვის ღმერთის თაყვანისცემა იყო, რომელსაც რომაელთა წარმოდგენით წყლის დაბრუნება შეეძლო დედამიწაზე. რომაელები ბერძნული ზღვის ღმერთის, პოსეიდონის ანალოგ ნეპტუნს ძირითადად სამკაპით გამოსახავდნენ.

,,ბათუმელებისთვის“ სეირან ბაროიანის გამოგზავნილ ფოტოზეც ნეპტუნი გვირგვინით და სამკაპითაა წარმოდგენილი, ნეპტუნის როლში მსახიობი ამირან ტაკიძეა, მის გვერდით კი სეირან ბაროიანია. ფოტო გაზეთ „ადჟარიას“ ფოტოკორესპონდენტმა ნიკოლაი ანასტასიდიმ გადაიღო 1976 წელს და სეირან ბაროიანს აჩუქა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა თავადაც ამავე გამოცემაში დაიწყო ფოტოკორესპონდენტად მუშაობა ანასტასიდის ნაცვლად.

„მეათე კლასი დავამთავრე, 17 წლის ვარ ამ ფოტოზე, მაშინ მსახიობებს არ ვიცნობდი. ზუსტად არ მახსოვს რამდენჯერ იყო ბათუმში ნეპტუნის ფესტივალი, მაგრამ 1980 წლის შემდეგ ვიცი, რომ აღარ ჩატარებულა. მშვენიერი ფესტივალი იყო, ძალიან უხდებოდა ბათუმს“, – ამბობს სეირან ბაროიანი.

____

მთავრი ფოტო: ნიკოლაი ანასტასიდი (სეირან ბაროიანის ფოტოკოლექციიდან)

გადაბეჭდვის წესი