საშობაო წირვა ბათუმის სომხურ ეკლესიაში, შობის დადგომამდე 7 საათით ადრე

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესია 6 იანვარს შობის დღესასწაულს  აღნიშნავს. ბათუმის სომხურ ეკლესიაში დღეს საშობაო ჭრაგალუიცის (სანთლების დანთების) წმინდა წირვა იმართება. წირვა ბათუმში, სომხურ ეკლესიაში 5 იანვარს, ტრადიციულზე რამდენიმე საათით ადრე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, რელიგიური უმცირესობები იძულებული არიან საშობაო მსახურება კომენდანტის საათის დაწყებამდე დაასრულონ. კომენდანტის საათი 21:00 საათზე იწყება.

კორონავირუსის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, მთავრობამ რელიგიურ უმცირესობებს შესთავაზა, თავიანთი მრევლის წევრების მონაცემები მიეწოდებინათ შესაბამისი სამსახურებისთვის, რის საფუძველზეც გაიცემოდა საშვები შობის ღამეს. მთავრობის ამ შეთავაზებით არც ერთმა რელიგიურმა ჯგუფმა არ ისარგებლა.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათი ერთი დღით მხოლოდ ხვალ გაუქმდება, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობას აღნიშნავს.

საშობაო წირვა ბათუმის სომხურ ეკლესიაში
საშობაო მსახურება
საშობაო წირვა ბათუმის სომხურ ეკლესიაში პირბადეებით და დისტანციის დაცვით
საშობაო მსახურება
შობა

შსს-მ ქვეყნიდან უცხოელების გაძევების პროცესი ისევ შეაჩერა

ისევ გადაიდო კანონის იმ მუხლის ამოქმედება, რომელიც საქართველოდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევებას არეგულირებს. კანონის ეს მუხლი 2021 წლის პირველი იანვრამდე, პანდემიის გამო იყო შეჩერებული.

კანონის ამ მუხლის მიხედვით, „შინაგან საქმეთა სამინისტრო… უცხოელის საქართველოდან გაძევების საფუძვლის აღმოჩენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს მისი საქართველოდან გაძევების საკითხს და კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, მათ შორის უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე“.

უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე ამ ვადის [10 დღის] ხელახალი ათვლა 2021 წლის 1-ლი ივლისიდან დაიწყება.

თუმცა, ეს არ ეხება სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებულ უცხოელებს, რომლებიც ამ დაწესებულებაში საქართველოდან გარკვეული მიზნით მოათავსეს; ასევე იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთანაც საქართველოს აქვს სახმელეთო საზღვარი და არსებობს სამგზავრო სახმელეთო/საზღვაო ტრანსპორტირების შესაძლებლობა ან რეგულარული სამგზავრო საჰაერო მიმოსვლა ან/და არარეგულარული [მრავალჯერადი ჩარტერული] ფრენები.

შინაგან საქმეთა მინისტრის ახალი ბრძანებით, იმ უცხოელს, რომლის მიმართაც საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილება მიღებულია და 2020 წლის 14 მარტამდე არ ჰქონდა ამოწურული ქვეყნის ნებაყოფლობითი დატოვების ვადა [10-დან 30 დღემდე], მისთვის ნებაყოფლობითი ვადის ხელახალი ათვლა დაიწყება 2021 წლის 1-ლი ივლისიდან.

ანალოგიურად, იმ უცხოელს, რომლის მიმართაც მიღებული იყო გადაწყვეტილება საქართველოდან გაძევების თაობაზე და რომელსაც, 2020 წლის 14 მარტისთვის უკვე ამოწურული ჰქონდა საქართველოს ნებაყოფლობითი დატოვების ვადა [10-დან 30 დღემდე] და არ დატოვა ქვეყანა, მისთვის გაძევების აღსრულების ვადის ხელახალი ათვლა დაიწყება 2021 წლის 1-ლი ივლისიდან [გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულება კანონით უნდა მოხდეს ნებაყოფლობით დატოვების ვადის ამოწურვიდან 15 დღეში].

ამ შემთხვევაშიც, ვადები ხელახლა არ აითვლება, თუ გასაძევებელი უცხოელის მიმღებ სახელმწიფოსთან საქართველოს აქვს სახმელეთო საზღვარი და არსებობს სახმელეთო, საზღვაო ან რეგულარული სამგზავრო საჰაერო მიმოსვლა.

შს მინისტრის ბრძანებით, 2021 წლის 1-ელ ივლისამდე საქართველოში დარჩნის უფლება აქვთ ასევე [კონკრეტული გარემოებების არსებობის შემთხვევაში] იმ უცხოელებს, რომლებიც 2020 წლის 14 მარტისთვის საქართველოში ლეგალურად იმყოფებოდნენ და ქვეყანა პანდემიის გამო ვერ დატოვეს.

ამ თემაზე:

უცხოელს, რომელმაც საქართველო ვერ დატოვა, ქვეყანაში ყოფნის უფლება 31 ივლისამდე აქვს – კორონავირუსი

რამდენმა მასწავლებელმა აიმაღლა სტატუსი 2021 წლის იანვრიდან

მასწავლებელთა სახლის ინფორმაციით, 2021 წლის იანვრისთვის სტატუსი ყველა კატეგორიის მასწავლებელმა აიმაღლა. მაგალითად, უფროსის სტატუსს იანვრიდან მიიღებს 500 მაძიებელი პედაგოგი, წამყვანის სტატუსს კი 2900 უფროსი მასწავლებელი.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ისინი „ახლა სტატუსის მოლოდინის რეჟიმში არიან“.

შესაბამისად, ეს მასწავლებლები ახალი წლიდან განსხვავებულ ანაზღაურებას მიიღებენ. მაგალითად, უფროს მასწავლებელს საათობრივ ანაზღაურებაზე დაემატება სტატუსისთვის განკუთვნილი 470 ლარი, წამყვან მასწავლებელს კი – 850 ლარი.

მენტორის მასწავლებლისთვის სტატუსის დანამატი – 1150 ლარია.

___

მასწავლებელთა სახლის ინფორმაციით, 2020 წლის განმავლობაში 14 მასწავლებელი გახდა მენტორი, 2053 – წამყვანი, 1029 – უფროსი.

ხანძარი ქედაში – სოფელ ბზუბზუსთან ცეცხლი ნიადაგის საფარს უკიდია

ქედაში, სოფელ ბზუბზუსთან ახლოს ხანძარია. ცეცხლის მცირე კერები 15 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა გაბნეული. სოფელში ცეცხლი გუშინ, 4 იანვარს გაჩნდა და მის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ცდილობენ.

„ეს არ არის მასიური ტყის წვა. ამ 15 ჰექტარზე გარკვეულ ადგილებზე იყო მცირე კერები. გუშინვე დავიწყეთ ცეცხლის ჩაქრობა, მაგრამ ქარმა გადაიტანა ნაკვერჩხალი და სხვა ადგილებშიც გაჩნდა ცეცხლი. ხანძრის 70 % უკვე ჩამქრალია. შეიძლება ითქვას, რომ საფრთხის  შემცველი აღარაა. ახლა მიდის ამ მცირე კერების ჩაქრობა და პრევენცია, რომ არ გაღვივდეს კიდევ უფრო ცეცხლი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ქედის მერის მოადგილე როლანდ ბერიძემ.

ქედაში ხანძრის ლოკალიზებაში 115 მეხანძრე-მაშველია ჩართული.

მთავარი ფოტო მოგვაწოდა ქედის მერიის პრესსამსახურმა

18 იანვრიდან აღდგება ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მოძრაობა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2021 წლის 16 იანვრიდან აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა, თუმცა შაბათ-კვირის გარდა.

შესაბამისად, ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები და მიკროავტობუსები მუშაობას ორშაბათიდან, 18 იანვრიდან განაახლებენ. თუმცა ჯერ უცნობია, რომელ საათამდე იმოძრავებს ტრანსპორტი საღამოს, ვინაიდან საღამოს 9 საათიდან [დილის 5 საათამდე] გადაადგილება აკრძალულია.

ბათუმის ავტოტრანსპორტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ელოდებიან საბოლოო მითითებას, თუ რას გადაწყვეტს უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო ეპიდვითარებიდან გამომდინარე და იმის მიხედვით იმოქმედებენ.

„ვემზადებით, რომ 16 იანვრიდან დავიწყებთ მუშაობას. ვინაიდან 16-17 იანვარი შაბათ-კვირაა, ავტობუსები 18 იანვრიდან იმოძრავებს. თუმცა ამ ეტაპზე დაზუსტებით არაფრის თქმა შეგვიძლია. ასე ვემზადებოდით 24 დეკემბრისთვისაც, მაგრამ ბოლოს არ დაუშვეს მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. რა მითითებებსაც მივიღებთ, იმის მიხედვით გადავწყვეტთ, რომელ საათებში იმოძრავებს ავტობუსები“, – გვითხრეს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“.

მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა 2020 წლის 28 ნოემბრიდანაა აკრძალული. მთავრობამ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა არ მოხსნა.

არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით [მათ შორის – ტაქსით] გადაადგილება.

15 იანვრის ჩათვლით საქართველოში უქმე დღეებია.

„დაანონსებული შეზღუდვების პროგრამა 16 იანვრის შემდეგ ითვალისწინებს გარკვეულწილად სავაჭრო ობიექტების გახსნას, გარდა შაბათ-კვირისა. ასევე ტრანსპორტის გააქტიურებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ეს გეგმა ექვემდებარება ადაპტირებას იმის მიხედვით, როგორი ეპიდემიური სურათი გვექნება. თუმცა ჯერჯერობით, ის, რაც არის დაანონსებული, ვიცით, რომ 16 იანვრის შემდეგ შერბილება შეზღუდვებთან მიმართებაში იგეგმება“, – ეს განცხადება თამარ გაბუნიამ 3 იანვარს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა.

ამ თემაზე:

16 იანვრის შემდეგ იგეგმება მაღაზიების გახსნა – ჯანდაცვის სამინისტრო

აჭარაში კორონავირუსის ახალი ტალღის აღმოცენების რისკი ნაკლებია – ჯანდაცვა

„აჭარაში ყველაზე თვალსაჩინოდ იგრძნობა ინფექციის სტაბილიზაცია და დაღმასვლა. იქ განმეორებითი ტალღის აღმოცენების რისკიც არის შედარებით უფრო ნაკლები, ვიდრე ქვეყნის სხვა რეგიონებში,“ – ეს განცხადება დღეს, 5 იანვარს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გააკეთა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებულ კლინიკებში მდგომარეობა მნიშვნელოვნად განიტვირთა და 5 იანვრის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 2900 საწოლია თავისუფალი.

„გარკვეული საწოლები დაუბრუნდნენ მრავალპროფილური სერვისების მიწოდებას, განსაკუთრებით აჭარაში,“ – თქვა თამარ ლებანიძემ.

5 იანვრის ოფიციალური სტატისტიკით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე აჭარაში კორონავირუსი 33 558-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 32 081 უკვე გამოჯანმრთელებულია.

დაავადებათ კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ გასული წლის ნოემბერში განაცხადა, რომ ეს მონაცემები 2-3-ჯერ მეტია ოფიციალურად დადასტურებულ მონაცემებთან შედარებით. „ეს ადამიანები უბრალოდ არიან უსიმტპმოები და ძალიან მსუბუქები, რომლებიც არ მიდიან გაიტესტონ და ჯანდაცვის სისტემაში მოხვდნენ“, – თქვა მაშინ პაატა იმნაძემ.

ბოლო 24 საათში მეხანძრეებმა ტყეებსა და მინდვრებში ხანძრის 105 კერიდან 100 ჩააქრეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში მეხანძრე-მაშველებმა ტყეებსა და მინდვრებში ხანძრის 100 კერა ჩააქრეს.

სამსახურის ცნობით, 500-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი 50-ზე მეტი ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24 საათიან რეჟიმში აქრობს ცეცხლს, რის შედეგადაც 105 აქტიური კერიდან, 100-ის სრული ლიკვიდაცია მოხერხდა, ხოლო ხუთ კერაზე აქტიურად მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.

ბოლო ინფორმაციით:
სამეგრელოში – 77 კერიდან 74 ლიკვიდირებულია, სამზე მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.
რაჭაში – ორი კერიდან ერთი ლიკვიდირებულია, ერთზე მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.
აჭარაში – ერთ კერაზე მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები [ხანძარი გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონზე იყო].
იმერეთში – 18 კერიდან ყველა ლიკვიდირებულია.
გურიაში – 7 კერიდან ყველა ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კერების უმრავლესობაზე ცეცხლი ეკიდა ეკალ-ბარდს და მინდორს. ასევე, დაფიქსირდა ტყის ქვედა საფარის ხანძარიც. ამ დროისთვის, აღნიშნული ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა – “ძლიერი ქარის გამო, რამდენიმე ლოკაციაზე იყო საფრთხე მინდვრიდან ხანძარი საცხოვრებელ სახლს ან ტყის მასივს გადადებოდა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა საფრთხის თავიდან არიდება შეძლეს”.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს – თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე.

ვინ მიიღებს იანვარში 200-ლარიან კომპენსაციას – მთავრობის განმარტება

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, იანვრის თვიდან გაგრძელდება კომპენსაციების – 200 ლარის გაცემა დაქირავებით დასაქმებულ მოქალაქეებზე, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან არიან უხელფასო შვებულებაში.

200 ლარს მიიღებს ის დაქირავებული, რომელიც 2020 წლის იანვარ-ნოემბერში, თუნდაც 2 თვეს მაინც მუშაობდა, იღებდა ხელფასს, მაგრამ პანდემიის გამო დაკარგა სამსახური და არ აუღია ხელფასი 2020 წლის დეკემბერში, ან თუ ვერ აიღებს ხელფასს 2021 წლის იანვარში ან თებერვალში.

კომპენსაცია გაიცემა 2021 წლის იანვრიდან, თვეში 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1200 ლარისა ერთ პირზე. თუ ამ კატეგორიის მოქალაქეებს 2021 წლის მარტიდან ან შემდეგ თვეებში დაუფიქსირდებათ 10 ლარზე მეტი ხელფასის მიღება, კომპენსაციის მიღება შეუწყდებათ.

მთავრობის დადგენილებით, კომპენსაციას მიიღებს დაქირავებული, თუ ის დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2020 წლის იანვრიდან 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ნებისმიერ ორ ან მეტ თვეს და ამ პერიოდში იღებდა ხელფასს, რაც დასტურდება დამქირავებლის მიერ შემოსავლების სამსახურში 2020 წლის იანვარ-ნოემბრის საანგარიშო თვეების მიხედვით 2021 წლის 1-ელ იანვრამდე წარდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციით და 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ნებისმიერ ერთ, ან მეტ თვეს არ იღებს ხელფასს [მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო];
200 ლარიან კომპენსაციას ასევე მიიღებს პირი, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში.

„კომპენსაციის მისაღებად იმ დასაქმებულის, რომელიც უმუშევარი დარჩა, მონაცემებს შემოსავლების სამსახურში აგზავნის შესაბამისი ორგანიზაციის ბუღალტერი და უმუშევრად დარჩენილ დასაქმებულებს რაიმე დოკუმენტაციის ელექტრონულად წარდგენის ან აპლიკაციის შევსების ვალდებულება არ აქვთ“, – გვითხრეს მთავრობის ცხელ ხაზზე.

მთავრობის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე [2020 წელს] კომპენსაცია 162 275 -მა პირმა მიიღო და ჯამური თანხა 131 197 200 ლარია.

2021 წლის იანვრიდან დაიწყება და 6 თვეს [ივნისის ჩათვლით] გაგრძელდება ასევე გარკვეული კატეგორიის სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და შშმ პირებისთვის კომპენსაციის გაცემა.

ამ თემაზე:

ვინ მიიღებს 100-ლარიან კომპენსაციას იანვრიდან 

კორონავირუსის 125 ახალი შემთხვევა აჭარაში, გარდაიცვალა 1 ადამიანი – 5 იანვარი

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 125 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსით გარდაიცვალა 1 პაციენტი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

ასევე, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 120 პაციენტი. 5 იანვრის მონაცემებით აჭარის რეგიონში გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 32 081-ს მიაღწია.

აჭარაში მდებარე კლინიკებში კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვიაზე იმყოფება 22 პაციენტი.

5 იანვრის მონაცემებით, კლინიკებში მკურნალობას გადის 366 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 248, ხოლო ბინაზე მკურნალობს 863 პაციენტი. აჭარაში თვითიზოლაციაში  იმყოფება 1 970 ადამიანი.

კორონავირუსის 2 316 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 18 ადამიანი – 5 იანვარი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 316 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ასევე გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვისურით 18 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა სულ  ჩატარდა 14 511 კვლევა – აქედან 9 300 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 211 PCR ტესტით.

2 316 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 961 შემთხვევა, აჭარა – 125, იმერეთი – 420, ქვემო ქართლი – 142, შიდა ქართლი – 154, გურია – 40, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 201, კახეთი – 185, მცხეთა-მთიანეთი – 57, სამცხე-ჯავახეთი – 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ინფორმაციით 5 იანვრის მონაცემებით, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 6 620-ია, საიდანაც, 4 012  ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –   1 944, აჭარაში – 365, იმერეთში – 763. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 888 პირი, მათ შორის, თბილისში – 383, აჭარაში – 93, იმერეთში – 208. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი, მათგან თბილისში – 171, აჭარაში – 22, იმერეთში – 36. 763 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 213 – თბილისში, 457 – აჭარაში, 26 – იმერეთში. 1 845 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

როდის შეძლებენ მოქალაქეები აჭარაში მაჟორიტარებთან შეხვედრას

საქართველოს პარლამენტში აჭარის რეგიონი სამი მაჟორიტარი დეპუტატითაა წარმოდგენილი. ახალ დეპუტატებს ბიუროები თავიანთ სამაჟორიტარო  ოლქებში ჯერ არ გაუხსნიათ. მეხუთე მოწვევის პარლამენტარ ანზორ ბოლქვაძეს კი ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში ოთხი ბიურო უკვე გახსნილი აქვს.

„მე ახალდამწყები არ ვარ. გახსნილი მაქვს ბიუროები და გააგრძელებენ მუშაობას თავისთავად. არავინ არ გამიშვია. ყველა შეინარჩუნებს სამსახურს. სამი თანამშრომელი იქნება ხელვაჩაურის ბიუროში, დანარჩენ სამ ბიუროში კი ორ-ორი თანამშრომელია,“ – ამბობს ანზორ ბოლქვაძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რა ინტენსივობით შეხვდება დეპუტატი ამომრჩეველს, ანზორ ბოლქვაძე პასუხობს – როცა ამის შესაძლებლობა იქნება.

„წინასწარ ვერ ვანაწილებ, როდის, სად ვიქნები. შევთანხმდები მერებთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და როდესაც მოსახლეობასთან გასვლა ექნებათ, იმ მომენტშიც მივიღებთ ჩვენც მონაწილეობას. ბიუროებშიც მიიღებენ მოქალაქეებს, პრობლემატურ თემებზე გვექნება საუბარი. გამოცდილება არის და გამოვიყენებთ გამოცდილებას, რომ ამომრჩეველს არ ვაწყენინო და მეხუთეჯერ წავიდე „კრუგში,“ – ამბობს ანზორ ბოლქვაძე.

დაფინანსებაზე საუბრისას ანზორ ბოლქვაძე ამბობს, რომ ბიუროს ხარჯები არ გაიზრდება. გასულ წელს მაჟორიტარის ბიუროს ხარჯებისთვის 108 960 ლარი იყო ბიუჯეტიდან გამოყოფილი.

იურიდიულად დაარეგისტრირა, თუმცა ჯერ მუშაობა არ დაუწყია ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაალ მიქელაძის ბიუროს.

„ქობულეთის მერიასთან უკვე გავაფორმე ხელშეკრულება. ორი თანამშრომელი მეყოლება ბიუროში. როდესაც ჩამოვალ, შევუდგები მუშაობას. სასესიო კვირაში პარლამენტში ვიქნები, ასევე საკომიტეტო მუშაობის დროსაც. სხვა დღეებში კი ვიქნები ბიუროში და მივიღებ მოსახლეობას,“ – ამბობს ზაალ მიქელაძე.

კითხვაზე, რა თანხა დაიხარჯება ბიუროს მუშაობისთვის, ზაალ მიქელაძე პასუხობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული. წინა მოწვევის პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო ბიუჯეტიდან 54 200 ლარით იყო დაფინანსებული.

ბიურო ჯერ არ გაუხსნია, თუმცა ადგილი უკვე შერჩეული აქვს ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატ რესან კონცელიძეს. შესაბამის საიჯარო ხელშეკრულებას ის ბათუმის მერიასთან გააფორმებს.

„მერიის შენობაში ვაპირებ იჯარით ფართობის აღებას, სადაც იქნება ბიურო. როცა არ ვიქნები სესიებზე და ვიქნები ბათუმში, მუდმივად ვიქნები ბიუროში,“ – ამბობს რესან კონცელიძე.

მისივე ინფორმაციით, ბიუროში სამი თანამშრომელი იქნება დასაქმებული. ის თავად შეარჩევს ბიუროს თანამშრომლებს და დასამტკიცებლად პარლამენტის აპარატის უფროსს წარუდგენს.

ვინ მიიღებს 2021 წელს სასურსათო კალათას აჭარაში – პროდუქტებზე 1 მილიონი დაიხარჯება

აჭარის 2021 წლის ბიუჯეტში 1 მილიონი ლარია გამოყოფილი პროგრამისთვის, რომელიც რეგიონში სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის  საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას გულისხმობს. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება პროდუქტების გაცემა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „პროგრამა ითვალისწინებს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებული მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილის ხელშეწყობასა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას საკვები პროდუქტების [სასურსათო კალათა] მიწოდების სახით“.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აჭარის მუნიციპალიტეტების მერიებიდან მიიღებს მონაცემებს ბენეფიციარების რაოდენობის შესახებ, რომლის მიხედვითაც შეისყიდის პროდუქტებს და მიაწვდის მერიებს. ბენეფიციარებს კი, სასურსათო კალათას შესაბამისი მერიები გადასცემენ.

პროგრამის მიხედვით ბენეფიციარები არიან [ანუ კალათას მიიღებენ] სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში 0-დან 100  000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული:

[checklist]

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
  • მარტოხელა პენსიონრები;
  • სარეცელს მიჯაჭვული პირები;
  • მრავალშვილიანი ოჯახები 3 და მეტი ბავშვით.

[/checklist]

1 სასურსათო კალათას სარეკომენდაციო შემადგენლობაა: ზეთი; წიწიბურა; ბრინჯი; შაქარი; მაკარონი; ტომატი-პასტა; შესქელებული რძე; ქათამი გაყინული მთლიანი; სოკოს მარინადი; შვრიის ფანტელი (გერკულესი); მშრალი სუპი (ერთჯერადი); საფუარი; ჩაი (ერთჯერადი); ფქვილი; სუფრის მარილი იოდიზირებული; შოკოლადი; ბარდა (კონსერვი) 1 ცალი; კარაქი.

პროგრამის მიხედვით „აუცილებელი სურსათი“ არანაკლებ 14 700 ბენეფიციარს გადაეცემა.

რა პერიოდულობით და კონკრეტულად როდის გადასცემენ კალათას ბენეფიციარებს, პროგრამაში გაწერილი არ არის. აჭარის მთავრობაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე, დაწესებულ შეზღუდვებზე და სხვა ფაქტორებზე.

„საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების პირობები განსაკუთრებულად აისახება მოსახლეობის გარკვეულ სოციალურ კატეგორიებზე“ – აღნიშნულია პროგრამაში. აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ აქედან გამომდინარე, ამ კატეგორიის მოსახლეობის დასახმარებლად „სასურსათო კალათას“ პროგრამული სახე მისცეს და 2021 წლის ბიუჯეტში თანხაც გაითვალისწინეს.

 

მინდია ლავასოღლი ოდესაშია, ეს დედამ დამიდასტურა – თამაზ ბაკურიძე

კანონიერი ქურდობის ბრალდებით საქართველოში გასამართლებული მინდია ლავასოღლი ამჯერად ოდესის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ გუშინ გაავრცელა.

გუშინ საქართველოში ამ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არც პროკურატურაში უპასუხეს, არც შს სამინისტროში და არც ლავასოღლის ოჯახში.

დღეს, 4 იანვარს, თამაზ ბაკურიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ის ესაუბრა მინდია ლავასოღლის დედას, რომელმაც განუცხადა, რომ სავარაუდოდ უკრაინის მიმართულებით შვილის ექსტრადირებას წინასაახალწლოდ ელოდნენ. „ოჯახს სურს, რომ ის საქართველოში დააბრუნონ, მაგრამ ხელისუფლება ამის წინააღმდეგია, ამიტომ ოჯახს ერჩივნა, რომ ის უკრაინაში ყოფილიყო, ვიდრე ბელორუსში. საზღვარზე იყო მცირედი გაუგებრობა, მაგრამ ახლა ეს გაუგებრობა აღმოფხვრილია. ლავასოღლისთან მიმართებაში ახლა მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები. ის დაკავებულია“, – აცხადებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე.

მინიდია ლავასოღლის საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული.

მინდია ლავასოღლი თურქეთის ციხიდან მაისის თვეში გამოუშვეს იმ პირობით, რომ ის თურქეთს დატოვებდა. მან მესამე ქვეყანად ბელორუსი აირჩია. მინსკში ჩასვლისთანავე ლავასოღლი აეროპორტში დააკავეს. ამის შემდეგ საექსტრადაციო პროცედურა უნდა დაეწყო საქართველოს პროკურატურას, თუმცა, უცნობია, პროცედურა რა ეტაპზეა ან საერთოდ დაიწყო თუ არა.

ლავასოღლი თურქულ ციხეში, საექსტრადაციო პატიმრობაში 2018 წლის ბოლოს დააკავეს. ოჯახი აცხადებდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ექსტრადაციას ხელოვნურად აჭიანურებდა. ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით, 2020 წლის ზაფხულში საპროტესტო აქციებიც იმართებოდა.

ლავასოღლი თურქეთში საქართველოდან მას შემდეგ წავიდა, რაც ის წინასწარი პატიმრობიდან მოსამართლემ გაათავისუფლა. ლავასოღლის სამი მუხლით იყო ბრალდებული, მათ შორის კანონიერ ქურდობაზეც, თუმცა წინასწარი პატიმრობის ვადაში ქართველმა სამართალდამცავებმა მას ეს ბრალი ვერ დაუდასტურეს.

კორონავირუსის 594 ახალი შემთხვევა საქართველოში – 4 იანვარი

4 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 594 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 25 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 628 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 963  პირი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ კი – 222 405-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  3 845 კვლევა – 2 199 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 646 PCR ტესტით.

კორონავირუსის 594 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 226 შემთხვევა, აჭარა – 64, იმერეთი – 87, ქვემო ქართლი – 24, შიდა ქართლი – 20, გურია – 32, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 64, კახეთი – 44, მცხეთა-მთიანეთი – 20, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა  229 763-ს შეადგენს.

აჭარაში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 4 იანვარი

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ასევე ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 92 პაციენტი. დღემდე გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა აჭარის მასშტაბით 31 961 პაციენტია.

ბათუმში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაიცვალა 1 პაციენტი.

აჭარაში მდებარე კლინიკებში კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვიაზე იმყოფება 21 პაციენტი.

4 იანვრის მონაცემებით, კლინიკებში მკურნალობას გადის 371 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 262, ხოლო ბინაზე მკურნალობს 895 პაციენტი.

მეზობლის მკვლელობის ბრალდებით ბათუმში 25 წლის კაცი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ჯ.მ. განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ორი მამაკაცი – 1977 წელს დაბადებული გ.ბ. და 1993 წელს დაბადებული გ.ა. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, გ.ბ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო გ.ა.- ს ექიმებმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო“ – აცხადებს შსს.

განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე გამოძება სსკ-ის 108-ე და 117-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ამ თემაზე:

ბათუმში ერთი კაცი მოკლეს, ერთიც მძიმედ არის დაჭრილი

ბათუმში ერთი კაცი მოკლეს, ერთიც მძიმედ არის დაჭრილი

“ბათუმელების” ინფორმაციით, 3 იანვარს, გვიან ღამით, ბათუმში, ეგრეთ წოდებულ ოცნების ქალაქში ერთი კაცი მოკლეს, ერთიც მძიმედ დაჭრეს.

მკვლელობის მოტივების შესახებ ამ ეტაპზე “ბათუმელებისთვის” ცნობილი არ არის.

მკვლელობის იარაღი – დანაა.

აქ მცხოვრებთა თქმით, პოლიცია მკვლელობაში ბრალდებულს “ოცნების ქალაქში” ახლაც ეძებს.

 

მასწავლებლები და მოსწავლეები 10 ლარად 20 გბ ინტერნეტს მიიღებენ – ონლაინსწავლება

2021 წლიდან  სწავლა ისევ ონლაინ განახლდება. სწორედ აქედან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ გადაწყვიტა, რომ დაარეგულიროს ინტერნეტის ტარიფი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ონლაინსწავლების პერიოდში. შესაბამისად, 2020 – 2021 სასწავლო წლებში, კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს – “მაგთის”, “ჯეოსელსა” (“სილქნეტი”) და “ბილაინს” (“ვიონი საქართველო”) უფლება აქვთ სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, 30 დღიანი ვადით, 20 გბ ინტერნეტი 10 ლარად შესთავაზონ.

მოქმედი ტარიფებით, 20 გბ “მაგთისა” და “ჯეოსელის” აბონენტებისთვის 30 ლარი ღირს, “ბილაინში” მსგავსი პაკეტი არ აქვთ, თუმცა 10 გბ (ღამის ულიმიტო ინტერნეტით) 17 ლარი ღირს.

კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის 31 დეკემბრის სხდომაზე ასევე გაირკვა, რომ ამ პაკეტის ფარგლებში ჩასართავი აბონენტებს განათლების სამინისტრო განსაზღვრავს. ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებენ მასწავლებლები და მოსწავლეები შეღავათიანი ტარიფით სარგებლობას.

16 იანვრის შემდეგ იგეგმება მაღაზიების გახსნა – ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 16 იანვრიდან იგეგმება რიგი აკრძალვების შემსუბუქება. კერძოდ, 16 იანვრიდან გაიხსნება სავაჭრო ობიექტები. თუმცა მათ მუშაობის უფლება მხოლოდ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ექნებათ, შაბათ-კვირა კი უქმედ გამოცხადდება. ასევე საუბარია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენაზეც.

„დაანონსებული შეზღუდვების პროგრამა 16 იანვრის შემდეგ ითვალისწინებს გარკვეულწილად სავაჭრო ობიექტების გახსნას, გარდა შაბათ-კვირისა. ასევე ტრანსპორტის გააქტიურებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ეს გეგმა ექვემდებარება ადაპტირებას იმის მიხედვით, როგორი ეპიდემიური სურათი გვექნება. თუმცა ჯერჯერობით, ის, რაც არის დაანონსებული, ვიცით, რომ 16 იანვრის შემდეგ შერბილება შეზღუდვებთან მიმართებაში იგეგმება“, – ეს განცხადება თამარ გაბუნიამ 3 იანვარს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა.

სავაჭრო ობიექტები 28 ნოემბერს დაიხურა. წინასაახალწლოდ კი მუშაობა აღადგინეს და 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე იმუშავეს. 3 იანვრიდან კი ისევ დაიკეტნენ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეებია გამოცხადებული. ამ პერიოდში არ იმუშავებს საჯარო და კერძო დაწესებულებები.

როდის სრულდება სამუშაოები ჯავახიშვილის ქუჩაზე – ჩავარდნილი ტროტუარი და დაზიანებული შენობა

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, დაზიანებულია კერძო საკუთრება, ტროტუარი, პარალიზებულია საკანალიზაციო სისტემა და ბოლო რამდენიმე თვეა ფეკალური მასა ქუჩაზე ამოდის.

ყოფილი სასამართლოს შენობის მიმდებარედ დეფორმირებული და დაწეულია ტროტუარი. ტროტუართან ერთად კი შენობის შესასვლელი კიბის კონსტრუქცია შენობის კედელს დაშორებულია.

აქვე საცხოვრებელ კორპუსებშიც, მოსახლეობის თქმით, შეინიშნება ბზარები რაც გზაზე მიმდინარე სამუშაოების მიზეზითაა გამოწვეული.

ყოფილი სასამართლოს შენობის შესასვლელი /30.12.2020

სასამართლოს ყოფილი შენობის მესაკუთრე შპს „იუჯი სკოლაა“. კომპანიაში გვითხრეს, რომ მათ უკვე მიმართეს მერიის ზედამხედველობის სამსახურს და არის დაპირება, რომ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, შენობის დაზიანებულ შესასვლელს [კიბეს] აღადგენენ: „ერთხელ იყვნენ მოსულები მერიიდან, დაგვპირდნენ, რაც დაზიანდა გავაკეთებთო. თვითონ შენობის საძირკველი დაზიანებული არ არის“.

ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ჯავახიშვილის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთში კოლექტორის [სანიაღვრე არხის] მშენებლობა უკვე დასრულებულია, დაერთების სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ყოფილი სასამართლოს შენობის შესასვლელს [კიბეს] მშენებელი კომპანია საკუთარი სახსრებით აღადგენს.

„რაც შეეხება საცხოვრებელ სახლს, თუ კომპანიის ბრალეულობა დადგინდება, აქაც, შესაბამს სამუშაოებს საკუთარი ხარჯით განახორციელებს“ – გვითხრეს მერიაში.

ჯავახიშვილის ქუჩა / 30.12.2020

„ჯავახიშვილის ქუჩაზე, ჭავჭავაძისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში იწყება დაერთების სამუშაოები, რომელსაც შპს „ბათუმის წყალი“ განახორციელებს. დაერთების სამუშაოების დასრულების შემდეგ, არსებული პრობლემა [კანალიზაციის] აღმოიფხვრება და წყალარინების სისტემა სრული დატვირთვით იმუშავებს“ – აცხადებენ ქალაქის მერიაში.

ჯავახიშვილის ქუჩაზე აქ კარგად ჩანს დაზიანებული ტროტუარი / 30.12.2020

მერიის ინფორმაციით, ტროტუარისა და გზის სავალი ნაწილის აღდგენითი სამუშაოებიც მიწისქვეშა კომუნიკაციების დაერთების დასრულების შემდეგ დაიწყება. გზას მერიის კეთილმოწყობის სამმართველო აღადგენს.

სამმართველოს „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსების [მე-4 ფაზის] ფარგლებში მიმდინარე წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ დაზიანებული ქუჩების აღდგენაზე [მეორე ეტაპი] ტენდერი გამოცხადებული აქვს.

სატენდერო თანხა 999 996 ლარია. წინადადებების მიღება კი 2021 წლის 31 იანვარს დაიწყება და ამავე წლის 5 თებერვალს დასრულდება. დაზიანებული ქუჩების აღდგენა კი ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაიწყება.

ვინაიდან ჯავახიშვილის ქუჩა აღნიშნულ მონაკვეთში [ჭავჭავაძისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის] გადაკეტილია, გრიბოედოვის ქუჩაზე მერიამ ავტომანქანების ორმხრივი მოძრაობა დროებით დატოვა [ჭავჭავაძის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში]. ჯავახიშვილის ქუჩის გახსნის შემდეგ კი, გრიბოედოვის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთში ახალი სქემით მოძრაობა ცალმხრივი გახდება.

ამ თემაზე:

ფიროსმანისა და გორგასლის ქუჩები ჯავახიშვილის ქუჩასთან გადაიკეტა

როდის არის დეკლარაციის წარდგენის ვადა – როგორ იმუშავებს შემოსავლების სამსახური უქმე დღეებში

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით 1-ლი იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდში არ იმუშავებს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები. სამსახურის ინფორმაციით მოქალაქეებმა ეს უნდა გაითვალისწინონ სერვისებით [მათ შორის ელექტრონული] სარგებლობისას.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცხადებულ უქმე დღეებში [2021 წლის 3 იანვრიდან  6 იანვრის ჩათვლით  და 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით] გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე, გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სამუშაო დროს გაწეული მომსახურებისთვის, საქართველოს მთავრობის N96-ე დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გაორმაგება არ მოხდება.

ვინაიდან, საქართველოს შრომის კოდექსითა და საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდი ემთხვევა უქმე დღეებს, საგადასახადო დეკლარაციების / გაანგარიშებების წარდგენის სავადო თარიღია 2021 წლის 18 იანვარი [ნაცვლად 2021 წლის 15 იანვრისა].

2021 წლის 4, 5, 6, 8, 11 – 15 იანვარს, ინფორმაციის მისაღებად შემოსავლების სამსახურს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, 09:00 საათიდან -18:00 საათამდე:

•    სატელეფონო ცენტრის ნომერზე: 2 299 299
•    RS ჩათის მეშვეობით
•    ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@rs.ge

 

პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

ენათმცენიერი, ქართველოლოგი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე კორონავირუსით თბილისში, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

1990-1991 წლებში ტარიელ ფუტკარაძე იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი. ასევე ქალაქ ბათუმის პრეფექტი.

ტარიელ ფუტკარაძემ, 1991 წლის 9 აპრილს, როგორც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრმა, ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.

ტარიელ ფუტკარაძე 60 წლის იყო.

აჭარაში კორონავირუსის 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 3 იანვრის მონაცემები

3 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 37 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კი 2 პაციენტი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე აჭარაში – 370 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოებში, მძიმე პაციენტია – 90. აჭარაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 23 პაციენტი.

აჭარის კლინიკურ-სასტუმროებში 457 პირია მოთავსებული. საკარანტინე სივრცეებში კი – 56.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში აჭარაში გამოჯანმრთელდა – 124 პაციენტი, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი გამოჯანმრთელებულია – 31 869 პაციენტი.

ამ ეტაპისთვის ქვეყნის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 29 893 ადამიანი, მათ შორის აჭარაში – 2 102.

საქართველოში კორონავირუსის 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 2 795 კვლევა ტესტით, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 417 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 469 პირი.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 603 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 098, საიდანაც, 4 209 დამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 897, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 299 პირი.

840 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 1 049 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 386 ადამიანი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 893 ადამიანი.

2021 წელს პიროტექნიკით აჭარაში არც ერთი ადამიანი არ დაზიანებულა

2021 წლის პირველ იანვარს და არც შემდეგ დღეებში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად წელს არც ერთი ბავშვი და არც ზრდასრული ადამიანი აჭარაში არ დაშავებულა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ სასწრაფო სამედიცინო სამსახურში დაუდასტურეს.

დანარჩენ საქართველოში პიროტექნიკით დაზიანების ფაქტი, ისე როგორც გასულ წლებში, წელსაც დაფიქსირდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის 31 დეკემბერსა და 2021 წლის 1 იანვარს, საქართველოს მასშტაბით, პიროტექნიკით დაზიანდა 51 პირი. მათ შორის 36 ადამიანი თბილისში, ხოლო 15 ქვეყნის რეგიონებში.

სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება დასჭირდა 36 დაშავებულს.

2019 წლის 31 დეკემბრიდან 2020 წლის პირველი იანვრის ჩათვლით საქართველოში პიროტექნიკით 81 ადამიანი დაზიანდა, მათგან 51 პირს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანისთვის პიროტექნიკური ნაწარმის მიყიდვა საქართველოში 2018 წლიდან დასჯადია, პიროტექნიკა, ე.წ. „ასაფეთქებლები“ და „ბომბაჩკები“ ბავშვებისთვის რომ კვლავ ხელმისაწვდომია, ამაში ქუჩაში გავლისასაც იოლად დარწმუნდებით.

ბათუმში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 იანვრის 21 საათიდან 3 იანვრის 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა აჭარის სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი, ღამით: 4 – 9 გრადუსი სითბო;

მთიან რაიონებში კი:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი, ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

ტალღის სიმაღლე 5-10 დმ (2-3 ბალი); ზღვის წყლის ტემპერატურა +9 გრადუსი. ხილვადობა კარგი.

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 4 და 5 იანვარს, აჭარაში შენარჩუნდება უმეტესად უნალექო ამინდი.

 

კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა აჭარაში – 2 იანვრის მონაცემები

2 იანვრის დილის მონაცემებით, აჭარაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა ქვეყანაში არის 8 181, საიდანაც, 4 320 დამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, აჭარაში – 369.

ამასთან, აჭარაში 91 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი, 24 პაციენტი იმყოფება.

457 პაციენტი მკურნალობს აჭარის კოვიდ-სასტუმროებში, ონლაინ კლინიკაში კი – 942 პირი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში აჭარაში გამოჯანმრთელდა – 72 პაციენტი, პანდემიიდან დღემდე კი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა არის – 31 745.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 3 288 კვლევა ტესტით, მათ შორის 1 449 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 839 PCR ტესტით.

ამ თემაზე:

44 გარდაცვლილი და 342 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი

 

44 გარდაცვლილი და 342 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 44 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში ვირუსი დაუდასტურდა 342 პირს.

2 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ 2 981 პაციენტი. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 3 288 კვლევა ტესტით, მათ შორის 1 449 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 839 PCR ტესტით.

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 228 752 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 217 973 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 572 გარდაიცვალა.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური კურსის გაანგარიშების წესი იცვლება

აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური კურსის გაანგარიშების წესი იცვლება. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებით, 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან, აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური კურსის გაანგარიშება მოხდება ბლუმბერგის ელექტრონული სავაჭრო სისტემის Bmatch პლატფორმაზე რეგისტრირებული გარიგებების გათვალისწინებით.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარის კურსზე ამ პლატფორმას არსებითი გავლენა არ ექნება, თუმცა Bmatch-ზე დადგენილი კურსი „უფრო ზუსტად ასახავს ბაზარზე არსებულ მდგომარეობას“.

ბლუმბერგის Bmatch პლატფორმა სრული დატვირთვით 2020 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა. ამ პლატფორმაში, რომელიც სატესტო რეჟიმში 2020 წლის მარტიდან მოქმედებს, ვაჭრობენ ქართული კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და სხვადასხვა კომპანიები.

ეროვნული ბანკის საბჭოს 2020 წლის 28 დეკემბრის დადგენილებით, რომელიც 1-ლი თებერვლიდან ამოქმედდება, აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური კურსის გაანგარიშება „ხდება ყოველ სამუშაო საბანკო დღეს, წინა სამუშაო საბანკო დღის 16:30 საათიდან გაანგარიშების დღის 16:30 საათამდე პერიოდში [გასაანგარიშებელი პერიოდი], ბლუმბერგის ელექტრონულ სავაჭრო სისტემის Bmatch პლატფორმაზე რეგისტრირებული გარიგებების გათვალისწინებით“.

დღეს მოქმედი წესით, „აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი არის გასაანგარიშებელი პერიოდის განმავლობაში ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში დადებულ სპოტ გარიგებათა გათვალისწინებით გამოთვლილი საშუალო შეწონილი კურსი. ამ წესის მიზნებისათვის დადებულ გარიგებებში კი შედის:

  • საქართველოს ეროვნული ბანკის ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებს შორის სავაჭრო სისტემაში დადებული სპოტ სავალუტო გარიგებები;
  • საქართველოს ეროვნულ ბანკთან საქართველოს ეროვნული ბანკის ლიცენზირებული კომერციული ბანკების სავაჭრო სისტემაში დადებული სპოტ სავალუტო გარიგებები;
  • საქართველოს ეროვნული ბანკის ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებსა და რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის სავაჭრო სისტემაში დადებული სპოტ სავალუტო გარიგებები.“

BMatch-ზე ვაჭრობის პირობები კი ბლუმბერგის ერთიან სისტემაში მოქმედი სტანდარტული ვაჭრობის წესებისგან განსხვავებულია. BMatch-ზე მყიდველი და გამყიდველი მხოლოდ ერთმანეთის შეთავაზებას ხედავს, ერთმანეთს – ვერა. ეროვნული ბანკი კი ამ პლატფორმაზე ყველას უყურებს.

ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში შექმნილი ლარი-დოლარის Bmatch პლატფორმით, საფინანსო ინსტიტუტების გარდა, სხვა, არასაფინანსო კომპანიებიც სარგებლობენ. მსხვილ კომპანიებს, რომელთაც ბლუმბერგის ტერმინალის ქონის სურვილი ექნებათ, ამ პლატფორმაში პირდაპირ ჩაერთვებიან და მისი საშუალებით იყიდიან/გაყიდიან უცხოურ ვალუტას.

დაახლოებით ხუთი თვის წინ „ნეტგაზეთს“ ეროვნულ ბანკში განუცხადეს, რომ ლარის კურსზე Bmatch პლატფორმას არსებითი გავლენა არ ექნება. თუმცა, „ოფიციალური კურსის გაანგარიშებაში მონაწილეობას მიიღებს უფრო მეტი გარიგება, რომელიც დაიდება კომპანიებს, ბანკებს, მიკროსაფინანსო ინსტიტუტებს და სისტემის სხვა მონაწილეებს შორის. ანუ ოფიციალური კურსის გამოთვლისას, რომელიც თავისი შინაარსით არის ბაზარზე დადებული გარიგებების კურსების საშუალო, გამოყენებული გარიგებები, ბაზრის უფრო დიდ წილს მოიცავს, ვიდრე აქამდე. ლარის კურსზე, რომელიც ეკონომიკური ფაქტორების გავლენით ყალიბდება, ეს არსებით გავლენას არ მოახდენს. თუმცა ის კიდევ უფრო ზუსტად ასახავს ბაზარზე არსებულ მდგომარეობას”, – განაცხადეს მაშინ ეროვნულ ბანკში.

ამ თემაზე ვრცლად ნახეთ ნეტგაზეთის სტატიაში:

რა სიახლეს სთავაზობს სები სავალუტო ბაზრის მონაწილეებს

როგორ იმუშავებენ შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრები 4 იანვრიდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2, 3 და 7 იანვარს სააგენტოს სერვისცენტრები არ იმუშავებს.

4 იანვრიდან კი – ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ მიმართონ მომსახურების სააგენტოს და ისარგებლონ შემდეგი მომსახურებით:

  • სატრანსპორტო საშუალების განბაჟება;
  • რეექსპორტი;
  • ექსპორტი;
  • ავტომობილის რეგისტრაციის პროცედურები.

„18 იანვრიდან განახლდება მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება. მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებთან დაკავშირებით, განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული წესით მონაცემთა სუბიექტის მიერ, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge).

მომსახურების ცენტრებში მზა დოკუმენტის გაცემა მოხდება განაცხადის შევსებისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულში კვირის შემდეგ დღეებში: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დროებით კვლავ შეჩერებული იქნება: ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები, მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება [გარდა საბაჟო საწყობის ზონისა და სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი (დილერი/ცენტრი) კომპანიების ტერიტორიაზე].

ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვისცენტრებში ყველა სერვისების მიწოდება კვლავ, დროებით შეჩერებული იქნება.

მომსახურების სააგენტო რეკომენდაციით მიმართავს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ სააგენტოს სერვისცენტრებში ვიზიტისგან, ხოლო მიმართვის შემთხვევაში – გარეშე პირების თანხლებისგან.

2021 წლის 18 იანვრიდან მომსახურების სააგენტოს მიერ, პანდემიის პირობებში, რეგულაციების სრული დაცვით მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდება ეტაპობრივად აღდგება“ – აცხადებს სააგენტო.

22 036 პირი საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს და საზოგადოებას – C ჰეპატიტის პროგრამა გრძელდება

ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის [NCDC] მონაცემებით, 2020 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, C ჰეპატიტის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, ქვეყანაში დარეგისტრირებულია C ჰეპატიტზე სწრაფი მარტივი ტესტით გამოკვლეული საეჭვოდ დადებითი 22 036 ბენეფიციარი, რომლებსაც არ მიუმართავს შემდგომი დიაგნოსტიკური კვლევებისა და მკურნალობისათვის.

„შესაბამისად, ეს ადამიანები უქმნიან საფრთხეს ერთი მხრივ საკუთარ ჯანმრთელობას, მეორე მხრივ კი წარმოადგენენ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის საფრთხეს ინფექციის გავრცელების კუთხით. დიდი ალბათობით მათმა უმეტესობამ არ იცის თავისი გამოკვლევის სტატუსი, ან იმ დროს როდესაც პროგრამა სრულად არ აფინანსებდა შემდგომ დიაგნოსტიკურ კვლევებსა და მკურნალობის მონიტორინგისათვის საჭირო კვლევებს, ფინანსური პრობლემების გამო არ მიმართა სამედიცინო დაწესებულებას. შესაბამისად, ეს ადამიანები მოსაძებნია და ჩასართავი დიაგნოსტიკა/მკურნალობის სერვისებში“, – აცხადებს NCDC.

C ჰეპატიტის ანტისხეულ დადებითი 20 000 ბენეფიციარის მოძიება, მათი 70%-ის [14 000 ბენეფიციარის] კონფირმაციულ კვლევებში ჩართვას, ხოლო კონფირმაციით დადებითი პირების არანაკლებ 50%-ის ჩართვას მკურნალობაში, ითვალისწინებს ის პროექტი, რომელიც აშშ-ის მიერ გამოყოფილი გრანტით ფინანსდება.

საგრანტო პროგრამა, რომლის შემადგენელი ნაწილიცაა აღნიშნული პროექტი, NCDC-სა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრს შორის არის გაფორმებელი.

თავის მხრივ, NCDC გეგმავს ხელშეკრულებების გაფორმებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონულ ცენტრებთან, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებთან და მაღალი რისკის ჯგუფებთან მომუშავე დაწესებულებებთან, „რომლებიც მათთან აღრიცხული ბენეფიცირების ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვაზე არიან პასუხისმგებელი“.

ხელეკრულებების გამარტივებული წესით გაფორმებაზე თანხმობის მისაღებად NCDC-მ უკვე მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.

„პროექტის ფარგლებში ჩართული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები, პირველადი ჯანდაცვისა და ზიანის შემცირების ქსელის სპეიალისტებთან ერთად განახორციელებენ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე C ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი, შემდგომი დიაგნოსტიკური კვლევებზე არმისული პირების მოძიებას, საკონფირმაციოდ სისხლის ნიმუშის აღებას და კონფირმაციული კვლევისათვის მათ გამოგზავნას ცენტრის ლაბორატორიებში. ამასთან, კონფირმაციით დადებითი პირების ინფორმაციულ და ტექნიკურ მხარდაჭერას (ე.წ. ნავიგაციას), რათა ჩაერთონ მკურნალობაში“ – აღნიშნულია NCDC-ის განაცხადში.

ხელშეკრულების შესრულებისა და მოქმედების ვადები განისაზღვრება 2021 წლის 4 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

C ჰეპატიტის პროექტს, რომელიც ბენეფიციარების მოძიებას და მათ მკურნალობაში ჩართვას ითვალისწინებს, ამერიკული მხარე 162 450 აშშ დოლარით დააფინანსებს.

C ჰეპატიტის მართვისთვის საქართველოს 2021 წლის ბიუჯეტში 7 მილიონი ლარია გათვალისწინებული ცალკე პროგრამისთვის, რომელიც ბენეფიციარების როგორც გამოკვლევას, ასევე მკურნალობას გულისხმობს.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხით 2021 წელს დაფინანსდება:

  • სკრინინგული კვლევა;
  • C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკა, მათ შორის, მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევებისა და მკურნალობის პროცესის მონიტორინგისთვის აუცილებელი კვლევების ჩატარების უზრუნველყოფა;
  • C ჰეპატიტის სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტით უზრუნველყოფა;
  • მედიკამენტების ლოჯისტიკა.

ამ თემაზე:

ათიდან ცხრა ადამიანმა არ იცის, რომ ინფიცირებულია B ან C ჰეპატიტით – NCDC

 

 

რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს გეგმიურ ტესტირებას ჩაუტარებენ

საქართველოს მთავრობამ, 30 დეკემბრის განკარგულებით, კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირების ჩამონათვალს დაუმატა „სხვადასხვა რელიგიური კონფესიების მსახურები [რელიგიური წარმომადგენლობის მიუხედავად]“.

განკარგულებაში აღნიშნულია ასევე, რომ რელიგიური კონფესიების მსახურები ტესტირებას ექვემდებარებიან გეგმურად, 7 დღეში ერთხელ.

ამავე განკარგულებით, კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხას ასევე დაემატა:

[checklist]

  • „ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის [უპირატესად, ადმინისტრაცია, პოლიტიკის დეპარტამენტის ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველო, შიდა აუდიტის დეპარტამენტი] შესაბამისი თანამშრომლები;
  • სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (უპირატესად, ადმინისტრაციული დეპარტამენტი და პირები, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი არიან ეპიდემიის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიების განხორციელებაში) შესაბამისი თანამშრომლები;
  • სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალური ონლაინკლინიკის თანამშრომლები;
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ისა და მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის „144“-ის თანამშრომლები;
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიმღებსა და დროებითი განთავსების ცენტრებში მოსათავსებელი უცხოელები – დაუყოვნებლივ; ხოლო მოთავსებული უცხოელები და მომსახურე პერსონალი – 14 დღეში ერთხელ; კორონავირუსით (SARS – CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დადასტურების შემთხვევაში, კონტაქტში მყოფი უცხოელები და სხვა მომსახურე პერსონალი – 72 საათში ერთხელ, სიმპტომების მიუხედავად, მიგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელების ოპერაციული შტაბისადმი დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე“.

[/checklist]

აჭარაში კორონავირუსის 72 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 72 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

1-ლი იანვრის დილის მონაცემებით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა ქვეყნის მასშტაბით არის 10 864. აქედან აჭარაში საავადმყოფოებში მკურნალობს 397 პაციენტი; რეგიონში 91 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა – 25;

აჭარაში 457 პაციენტი კლინიკურ სასტუმროში მკურნალობს.

კორონავირუსის 990 ახალი შემთხვევა და 23 გარდაცვლილი – პირველი იანვარი

 

კორონავირუსის 990 ახალი შემთხვევა და 23 გარდაცვლილი – პირველი იანვარი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 990 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამავე პერიოდში გარდაიცვალა 23 პაციენტი.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 1-ლი იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოჯანმრთელდა 3 265 პირი“.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 016 კვლევა ტესტით.

საქართველოში 2020 წლის 26 თებერვლიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე, კორონავირუსის სულ 228 410 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 214 992 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 528 გარდაიცვალა.

ვინ იმუშავებს უქმე დღეებში 3-15 იანვარს – მინისტრების ბრძანება

საქართველოს ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით ის მეწარმე სუბიექტები და საქმიანობები განისაზღვრა, რომლებზეც არ გავრცელდება 3-15 იანვრის უქმე დღეებად გამოცხადების შესახებ მთავრობის დადგენილება.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ამ მეწარმე სუბიექტების „უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის“.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის დადგენილებით, 2021 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით და 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებადაა გამოცხადებული.

მეწრმე სუბიექტებისა და საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებზეც არ გავრცელდება აღნიშნული დადგენილება:

[checklist]

  • პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები.
  • ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც მომსახურებას ახორციელებენ Covid-19 პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მართვის ღონისძიებებს, დაფინანსების წყაროს მიუხედავად.
  • ფარმაცევტული საქმიანობა.
  • სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება,  დისტრიბუცია, რეალიზაცია.
  • საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო სატვირთო გადაზიდვები. ასევე, სანავსადგურე და სააეროპორტო მომსახურება.
  • ელექტროენერგის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა. ასევე, ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები.
  • საფოსტო და საკურიერო მომსახურება.
  • პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე პასუხისმგებელი  საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული  პირები და ფიზიკური პირები.
  • სამაშველო საქმიანობა.
  • ჟანგბადის წარმოება-მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობები.
  • უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოები (საწარმოები, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია  საქმიანობის შეჩერება).
  • დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობები.

[/checklist]

შენიშვნა: 2021 წლის 5 იანვარს ერთობლივ ბრძანებაში შევიდა ცვლილება და ზემოთ აღნიშნულ ჩამონათვალს დაემატა:

[checklist]

  • სანავიგაციო მომსახურება.
  • წყალმომარაგების საქმიანობა.
  • მეტალურგია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, წიაღის გამდიდრების სამუშაოები, ასევე აღნიშნული სამუშაოების სრულყოფილად და უსაფრთხოდ განხორციელებისათვის საჭირო სხვა აუცილებელი საქმიანობები.

[/checklist]

29 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 3 იანვრის შემდეგ, ქვეყანაში სრული შეზღუდვის გამოცხადება არ იგეგმება: „ერთადერთი, რაც 24 დეკემბრიდან გაიხსნა, სავაჭრო ობიექტები, ისინი დაიხურება [3 იანვრიდან]. სხვა შეზღუდვა ქვეყანაში არ იქნება“.

2021 წლის 3 იანვრიდან სრულად ამოქმედდება მხოლოდ ის შეზღუდვები, რომლებიც ქვეყანაში 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესდა:

დღეიდან, 1-ლი იანვრიდან კვლავ აიკრძალება საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება, როგორც ავტომობილით, ისე ქვეითად. გამონაკლისი იქნება მხოლოდ 6 იანვრის ღამე, როცა გადაადგილება ღამით დაშვებულია.

ამ თემაზე:

რა იკრძალება და რა არის დაშვებული 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე | მთავრობის გადაწყვეტილება

 

 

2021 [ ფოტო]

21-ე საუკუნის ყველაზე რთული, 2020 წელი უკვე ისტორიის კუთვნილებაა. ამ საუკუნეში ეს პირველი ახალი წელია, როდესაც ქვეყანაში საახალწლო კონცერტები არ იმართება. საქართველო, ისე როგორც მსოფლიო, კორონავირუსის პანდემიას ებრძვის.

ბათუმის მთავარი ნაძვის ხე 2021 წელს საზეიმოდ განათებული დახვდა. თუმცა არ გამართულა საზეიმო კონცერტები და წინა წლებთან შედარებით ნაძვის ხესთან ხალხიც მცირე რაოდენობით იყო.

ამ ფოტოს გადაღებამდე რამდენიმე წამით ადრე 2021 წელი დადგა

პანდემიამ 2020 წელს ბევრი რამ შეცვალა. ადამიანები ქუჩაში ნიღბებით დადიან

პირველად ხდება რომ ახალი წლის საღამოს ყველა რესტორანი დაკეტილია

ბათუმში ახალ წელს ქუჩაში შეხვდნენ ის ადამიანებიც, ვინც აჭარის  მთავრობის სახლის წინ  31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ
ასევე პირველად ბათუმში, მთავრობის სახლის წინ მომიტინგეები მწვადებს წვავენ

 

Exit mobile version