Batumelebi | 22 036 პირი საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს და საზოგადოებას – C ჰეპატიტის პროგრამა გრძელდება 22 036 პირი საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს და საზოგადოებას – C ჰეპატიტის პროგრამა გრძელდება – Batumelebi
RU | GE  

22 036 პირი საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს და საზოგადოებას – C ჰეპატიტის პროგრამა გრძელდება

ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის [NCDC] მონაცემებით, 2020 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, C ჰეპატიტის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, ქვეყანაში დარეგისტრირებულია C ჰეპატიტზე სწრაფი მარტივი ტესტით გამოკვლეული საეჭვოდ დადებითი 22 036 ბენეფიციარი, რომლებსაც არ მიუმართავს შემდგომი დიაგნოსტიკური კვლევებისა და მკურნალობისათვის.

„შესაბამისად, ეს ადამიანები უქმნიან საფრთხეს ერთი მხრივ საკუთარ ჯანმრთელობას, მეორე მხრივ კი წარმოადგენენ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის საფრთხეს ინფექციის გავრცელების კუთხით. დიდი ალბათობით მათმა უმეტესობამ არ იცის თავისი გამოკვლევის სტატუსი, ან იმ დროს როდესაც პროგრამა სრულად არ აფინანსებდა შემდგომ დიაგნოსტიკურ კვლევებსა და მკურნალობის მონიტორინგისათვის საჭირო კვლევებს, ფინანსური პრობლემების გამო არ მიმართა სამედიცინო დაწესებულებას. შესაბამისად, ეს ადამიანები მოსაძებნია და ჩასართავი დიაგნოსტიკა/მკურნალობის სერვისებში“, – აცხადებს NCDC.

C ჰეპატიტის ანტისხეულ დადებითი 20 000 ბენეფიციარის მოძიება, მათი 70%-ის [14 000 ბენეფიციარის] კონფირმაციულ კვლევებში ჩართვას, ხოლო კონფირმაციით დადებითი პირების არანაკლებ 50%-ის ჩართვას მკურნალობაში, ითვალისწინებს ის პროექტი, რომელიც აშშ-ის მიერ გამოყოფილი გრანტით ფინანსდება.

საგრანტო პროგრამა, რომლის შემადგენელი ნაწილიცაა აღნიშნული პროექტი, NCDC-სა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრს შორის არის გაფორმებელი.

თავის მხრივ, NCDC გეგმავს ხელშეკრულებების გაფორმებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონულ ცენტრებთან, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებთან და მაღალი რისკის ჯგუფებთან მომუშავე დაწესებულებებთან, „რომლებიც მათთან აღრიცხული ბენეფიცირების ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვაზე არიან პასუხისმგებელი“.

ხელეკრულებების გამარტივებული წესით გაფორმებაზე თანხმობის მისაღებად NCDC-მ უკვე მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.

„პროექტის ფარგლებში ჩართული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები, პირველადი ჯანდაცვისა და ზიანის შემცირების ქსელის სპეიალისტებთან ერთად განახორციელებენ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე C ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი, შემდგომი დიაგნოსტიკური კვლევებზე არმისული პირების მოძიებას, საკონფირმაციოდ სისხლის ნიმუშის აღებას და კონფირმაციული კვლევისათვის მათ გამოგზავნას ცენტრის ლაბორატორიებში. ამასთან, კონფირმაციით დადებითი პირების ინფორმაციულ და ტექნიკურ მხარდაჭერას (ე.წ. ნავიგაციას), რათა ჩაერთონ მკურნალობაში“ – აღნიშნულია NCDC-ის განაცხადში.

ხელშეკრულების შესრულებისა და მოქმედების ვადები განისაზღვრება 2021 წლის 4 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

C ჰეპატიტის პროექტს, რომელიც ბენეფიციარების მოძიებას და მათ მკურნალობაში ჩართვას ითვალისწინებს, ამერიკული მხარე 162 450 აშშ დოლარით დააფინანსებს.

C ჰეპატიტის მართვისთვის საქართველოს 2021 წლის ბიუჯეტში 7 მილიონი ლარია გათვალისწინებული ცალკე პროგრამისთვის, რომელიც ბენეფიციარების როგორც გამოკვლევას, ასევე მკურნალობას გულისხმობს.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხით 2021 წელს დაფინანსდება:

  • სკრინინგული კვლევა;
  • C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკა, მათ შორის, მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევებისა და მკურნალობის პროცესის მონიტორინგისთვის აუცილებელი კვლევების ჩატარების უზრუნველყოფა;
  • C ჰეპატიტის სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტით უზრუნველყოფა;
  • მედიკამენტების ლოჯისტიკა.

ამ თემაზე:

C ჰეპატიტის პროგრამა 2021 წელსაც გაგრძელდება – ბიუჯეტი 7 მილიონი ლარი იქნება

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com