მთავარი,სიახლეები

ვინ იმუშავებს უქმე დღეებში 3-15 იანვარს – მინისტრების ბრძანება

01.01.2021 • 7477
ვინ იმუშავებს უქმე დღეებში 3-15 იანვარს – მინისტრების ბრძანება

საქართველოს ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით ის მეწარმე სუბიექტები და საქმიანობები განისაზღვრა, რომლებზეც არ გავრცელდება 3-15 იანვრის უქმე დღეებად გამოცხადების შესახებ მთავრობის დადგენილება.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ამ მეწარმე სუბიექტების „უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის“.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის დადგენილებით, 2021 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით და 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებადაა გამოცხადებული.

მეწრმე სუბიექტებისა და საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებზეც არ გავრცელდება აღნიშნული დადგენილება:

[checklist]

  • პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები.
  • ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც მომსახურებას ახორციელებენ Covid-19 პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მართვის ღონისძიებებს, დაფინანსების წყაროს მიუხედავად.
  • ფარმაცევტული საქმიანობა.
  • სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება,  დისტრიბუცია, რეალიზაცია.
  • საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო სატვირთო გადაზიდვები. ასევე, სანავსადგურე და სააეროპორტო მომსახურება.
  • ელექტროენერგის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა. ასევე, ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები.
  • საფოსტო და საკურიერო მომსახურება.
  • პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე პასუხისმგებელი  საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული  პირები და ფიზიკური პირები.
  • სამაშველო საქმიანობა.
  • ჟანგბადის წარმოება-მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობები.
  • უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოები (საწარმოები, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია  საქმიანობის შეჩერება).
  • დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობები.

[/checklist]

შენიშვნა: 2021 წლის 5 იანვარს ერთობლივ ბრძანებაში შევიდა ცვლილება და ზემოთ აღნიშნულ ჩამონათვალს დაემატა:

[checklist]

  • სანავიგაციო მომსახურება.
  • წყალმომარაგების საქმიანობა.
  • მეტალურგია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, წიაღის გამდიდრების სამუშაოები, ასევე აღნიშნული სამუშაოების სრულყოფილად და უსაფრთხოდ განხორციელებისათვის საჭირო სხვა აუცილებელი საქმიანობები.

[/checklist]

29 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 3 იანვრის შემდეგ, ქვეყანაში სრული შეზღუდვის გამოცხადება არ იგეგმება: „ერთადერთი, რაც 24 დეკემბრიდან გაიხსნა, სავაჭრო ობიექტები, ისინი დაიხურება [3 იანვრიდან]. სხვა შეზღუდვა ქვეყანაში არ იქნება“.

2021 წლის 3 იანვრიდან სრულად ამოქმედდება მხოლოდ ის შეზღუდვები, რომლებიც ქვეყანაში 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესდა:

დღეიდან, 1-ლი იანვრიდან კვლავ აიკრძალება საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება, როგორც ავტომობილით, ისე ქვეითად. გამონაკლისი იქნება მხოლოდ 6 იანვრის ღამე, როცა გადაადგილება ღამით დაშვებულია.

ამ თემაზე:

რა იკრძალება და რა არის დაშვებული 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე | მთავრობის გადაწყვეტილება

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: