აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური კურსის გაანგარიშების წესი იცვლება. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებით, 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან, აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური კურსის გაანგარიშება მოხდება ბლუმბერგის ელექტრონული სავაჭრო სისტემის Bmatch პლატფორმაზე რეგისტრირებული გარიგებების გათვალისწინებით.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარის კურსზე ამ პლატფორმას არსებითი გავლენა არ ექნება, თუმცა Bmatch-ზე დადგენილი კურსი „უფრო ზუსტად ასახავს ბაზარზე არსებულ მდგომარეობას“.
ბლუმბერგის Bmatch პლატფორმა სრული დატვირთვით 2020 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა. ამ პლატფორმაში, რომელიც სატესტო რეჟიმში 2020 წლის მარტიდან მოქმედებს, ვაჭრობენ ქართული კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და სხვადასხვა კომპანიები.
ეროვნული ბანკის საბჭოს 2020 წლის 28 დეკემბრის დადგენილებით, რომელიც 1-ლი თებერვლიდან ამოქმედდება, აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური კურსის გაანგარიშება „ხდება ყოველ სამუშაო საბანკო დღეს, წინა სამუშაო საბანკო დღის 16:30 საათიდან გაანგარიშების დღის 16:30 საათამდე პერიოდში [გასაანგარიშებელი პერიოდი], ბლუმბერგის ელექტრონულ სავაჭრო სისტემის Bmatch პლატფორმაზე რეგისტრირებული გარიგებების გათვალისწინებით“.
დღეს მოქმედი წესით, „აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი არის გასაანგარიშებელი პერიოდის განმავლობაში ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში დადებულ სპოტ გარიგებათა გათვალისწინებით გამოთვლილი საშუალო შეწონილი კურსი. ამ წესის მიზნებისათვის დადებულ გარიგებებში კი შედის:
- საქართველოს ეროვნული ბანკის ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებს შორის სავაჭრო სისტემაში დადებული სპოტ სავალუტო გარიგებები;
- საქართველოს ეროვნულ ბანკთან საქართველოს ეროვნული ბანკის ლიცენზირებული კომერციული ბანკების სავაჭრო სისტემაში დადებული სპოტ სავალუტო გარიგებები;
- საქართველოს ეროვნული ბანკის ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებსა და რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის სავაჭრო სისტემაში დადებული სპოტ სავალუტო გარიგებები.“
BMatch-ზე ვაჭრობის პირობები კი ბლუმბერგის ერთიან სისტემაში მოქმედი სტანდარტული ვაჭრობის წესებისგან განსხვავებულია. BMatch-ზე მყიდველი და გამყიდველი მხოლოდ ერთმანეთის შეთავაზებას ხედავს, ერთმანეთს – ვერა. ეროვნული ბანკი კი ამ პლატფორმაზე ყველას უყურებს.
ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში შექმნილი ლარი-დოლარის Bmatch პლატფორმით, საფინანსო ინსტიტუტების გარდა, სხვა, არასაფინანსო კომპანიებიც სარგებლობენ. მსხვილ კომპანიებს, რომელთაც ბლუმბერგის ტერმინალის ქონის სურვილი ექნებათ, ამ პლატფორმაში პირდაპირ ჩაერთვებიან და მისი საშუალებით იყიდიან/გაყიდიან უცხოურ ვალუტას.
დაახლოებით ხუთი თვის წინ „ნეტგაზეთს“ ეროვნულ ბანკში განუცხადეს, რომ ლარის კურსზე Bmatch პლატფორმას არსებითი გავლენა არ ექნება. თუმცა, „ოფიციალური კურსის გაანგარიშებაში მონაწილეობას მიიღებს უფრო მეტი გარიგება, რომელიც დაიდება კომპანიებს, ბანკებს, მიკროსაფინანსო ინსტიტუტებს და სისტემის სხვა მონაწილეებს შორის. ანუ ოფიციალური კურსის გამოთვლისას, რომელიც თავისი შინაარსით არის ბაზარზე დადებული გარიგებების კურსების საშუალო, გამოყენებული გარიგებები, ბაზრის უფრო დიდ წილს მოიცავს, ვიდრე აქამდე. ლარის კურსზე, რომელიც ეკონომიკური ფაქტორების გავლენით ყალიბდება, ეს არსებით გავლენას არ მოახდენს. თუმცა ის კიდევ უფრო ზუსტად ასახავს ბაზარზე არსებულ მდგომარეობას”, – განაცხადეს მაშინ ეროვნულ ბანკში.
ამ თემაზე ვრცლად ნახეთ ნეტგაზეთის სტატიაში:
https://netgazeti.ge/news/468926/