საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2021 წლის 16 იანვრიდან აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა, თუმცა შაბათ-კვირის გარდა.
შესაბამისად, ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები და მიკროავტობუსები მუშაობას ორშაბათიდან, 18 იანვრიდან განაახლებენ. თუმცა ჯერ უცნობია, რომელ საათამდე იმოძრავებს ტრანსპორტი საღამოს, ვინაიდან საღამოს 9 საათიდან [დილის 5 საათამდე] გადაადგილება აკრძალულია.
ბათუმის ავტოტრანსპორტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ელოდებიან საბოლოო მითითებას, თუ რას გადაწყვეტს უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო ეპიდვითარებიდან გამომდინარე და იმის მიხედვით იმოქმედებენ.
„ვემზადებით, რომ 16 იანვრიდან დავიწყებთ მუშაობას. ვინაიდან 16-17 იანვარი შაბათ-კვირაა, ავტობუსები 18 იანვრიდან იმოძრავებს. თუმცა ამ ეტაპზე დაზუსტებით არაფრის თქმა შეგვიძლია. ასე ვემზადებოდით 24 დეკემბრისთვისაც, მაგრამ ბოლოს არ დაუშვეს მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. რა მითითებებსაც მივიღებთ, იმის მიხედვით გადავწყვეტთ, რომელ საათებში იმოძრავებს ავტობუსები“, – გვითხრეს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“.
მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა 2020 წლის 28 ნოემბრიდანაა აკრძალული. მთავრობამ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა არ მოხსნა.
არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით [მათ შორის – ტაქსით] გადაადგილება.
15 იანვრის ჩათვლით საქართველოში უქმე დღეებია.
„დაანონსებული შეზღუდვების პროგრამა 16 იანვრის შემდეგ ითვალისწინებს გარკვეულწილად სავაჭრო ობიექტების გახსნას, გარდა შაბათ-კვირისა. ასევე ტრანსპორტის გააქტიურებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ეს გეგმა ექვემდებარება ადაპტირებას იმის მიხედვით, როგორი ეპიდემიური სურათი გვექნება. თუმცა ჯერჯერობით, ის, რაც არის დაანონსებული, ვიცით, რომ 16 იანვრის შემდეგ შერბილება შეზღუდვებთან მიმართებაში იგეგმება“, – ეს განცხადება თამარ გაბუნიამ 3 იანვარს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა.
ამ თემაზე:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/322049/?fbclid=IwAR2eQSDrFyX1QIWVD1Rv16ibw4MWMNE2c2diHGYT9BP518s9GyJO1xCiwVY