დღეს, პირველ აპრილს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორი ახალი მინისტრი წარადგინა.
რატი ბრეგაძე იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა, ხოლო ფინანსთა მინისტრად ღარიბაშვილმა ლაშა ხუციშვილი წარადგინა.
ლაშა ხუციშვილს 2014 წლიდან ეკავა ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა.
რატი ბრეგაძეს, ღარიბაშვილის განცხადებით, 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე სხვადასხვა პერიოდში ეკავა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის, განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორის მოადგილის, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა.
მინისტრების წარდგენის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებს გამოეხმაურა.
ღარიბაშვილის თქმით, კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე მინიშნებაც კი არ ყოფილა.
„ეს ბუნებრივია, ვინაიდან ქართველი ხალხის უმრავლესობა, მთელი დასავლური საზოგადოება, მთელი მსოფლიო აღიარებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და მის შედეგებს. შესაბამისად, არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არავითარი კითხვები არ არსებობს.
თუმცა, მთელი ცივილიზებული სამყაროსგან განსხვავებით, რადიკალური ოპოზიცია ვხედავთ, რომ არ ცდილობს გამოვიდეს ამ ჩიხიდან, სადაც ნებაყოფლობით, სრულიად გაუგებარი გათვლებით შევიდა. მათ არ ეყოთ არც გამბედაობა და არც გონიერება სამწუხაროდ, უარი ეთქვათ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ პრეტენზიებსა და არგუმენტზე.
დღეს ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, აღარ დავკარგოთ დრო ამ ახირების განხილვაზე,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 499 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 28 712 კვლევა ტესტით.
პირველი აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.74 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.75 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.64 %.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 3 785პირი გარდაიცვალა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 499 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 264 შემთხვევა, აჭარაში – 33, იმერეთში – 65, ქვემო ქართლში – 12, შიდა ქართლში – 23, გურიაში – 20, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 45, კახეთში – 13, მცხეთა-მთიანეთში – 19, სამცხე-ჯავახეთში – 1, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 845, საიდანაც 1 685 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 67 პირი.
დღეისათვის 2 895 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. თვითიზოლაციაში იმყოფება 8 293 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3645 პირი, აჭარაში – 1 144, იმერეთში – 878.
გონიოში ხანძრის შედეგად 45 წლამდე ასაკის ქალი დაიღუპა. დაშავდა კაციც, რომელიც დამწვრობის დიაგნოზით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამაშველო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრეებს ხანძარი უკვე ჩამქრალი დახვდათ, სახლი დაზიანდა, თუმცა დაწვას გადაურჩა.
სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში გვითხრეს, რომ ადგილზე მისულ ექიმებს ქალი გარდაცვლილი დახვდათ.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესცენტრის ინფორმაციით კი, 45 წლის კაცს სახისა და ხელის არეში ჰქონდა დამწვრობა, მას გარკვეული პროცედურა ჩაუტარდა და კლინიკა დატოვა. ექიმებმა დაშავებულის კლინიკაში დარჩენა მიიჩნიეს საჭიროდ, თუმცა პაციენტმა ეს არ გაითვალისწინა.
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო დღეს, 31 მარტს, საღამოს 22:00-დან დილის 10:00 საათამდე წყლის მიწოდება შეწყდება შემდეგ ქუჩებზე:
გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა
დავით აღმაშენებლის ქუჩა
პარმენ რურუას ქუჩა
გიორგი ლეონიძის ქუჩა
იური გაგარინის ქუჩა
ხახულის ქუჩა
ხახულის პირველი შესახვევი
აეროპორტის გზატკეცილი
ფრიდონ ხალვაშის ქუჩა (შესახვევები და ჩიხები)
ხელვაჩაურის ახალი ქსელის აბონენტები
ხასან ჰელიმიშის ქუჩა
ევდემოზ დიასამიძის ქუჩა
ანგისის პირველი შესახვევი
მესხეთის ქუჩა
მარეთის ქუჩა
„ბათუმის წყალი“ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული. „მოვუწოდებთ მოსახლეობას, წყლის მიწოდების აღდგენის შემდეგ, ონკანი გააღონ და რამდენიმე წუთის განმავლობაში ჰქონდეთ მოშვებულ მდგომარეობაში” – აცხადებს კომპანია.
იაპონიაში წელს საკურა 1200 წლის განმავლობაში ყველაზე ადრე აყვავდა.
ოსაკას უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, ქვეყნის ძველ დედაქალაქ ქალაქ კიოტოში საკურას ყვავილობის სეზონი ჩვეულებრივ აპრილში დგება, მაგრამ წელს სეზონის პიკი 26 მარტს დაფიქსირდა.
საკურას ყვავილობა იაპონიაში. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/KIMIMASA MAYAMA
საკურას ადრეული ყვავილობის წინა რეკორდი 1409 წელს დაფიქსირდა, როცა სეზონის პიკი 27 მარტს დაემთხვა.
მეცნიერები ამბობენ, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ადრეული ყვავილობა, სავარაუდოდ, კლიმატის ცვლილების შედეგია – წერს BBC.
საკურას ყვავილობა იაპონიაში. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/FRANCK ROBICHONსაკურას ყვავილობა იაპონიაში. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/FRANCK ROBICHON
საკურას ყვავილობის პირველი დაკვირვებები ახალი წელთაღრიცხვით 812 წლით თარიღდება. იგი ნახსენებია საიმპერატორო კარის დოკუმენტებსა და დღიურებში.
საკურა რამდენიმე დღის განმავლობაში ყვავილობს. ყვავილები იშლება მაშინ, როდესაც ჰაერი თბება, ხოლო 7-10 დღის შემდეგ საკურას ყვავილი უკვე ცვენას იწყებს.
საკურას ყვავილობა, რომელიც დაახლოებით ერთი კვირა გრძელდება, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სეზონურ დღესასწაულად მიიჩნევა.
ბათუმში რიგ ქუჩებზე ავტომანქანები ახალი სქემით სამ თვეზე მეტია მოძრაობენ. ამ სქემით ცალმხრივი გახდა გორგილაძისა და ჭავჭავაძის ქუჩების მონაკვეთები, მალე ცალმხრივი გახდება მოძრაობა გრიბოედოვის ქუჩაზეც. მუნიციპალური ავტობუსებისა და ველოსიპედებისთვის გზებზე მოინიშნა ე.წ. Bus lane.
თქვენი აზრით, რა შეიცვალა ბათუმში მოძრაობის ახალი სქემით? – მიიღეთ მონაწილეობა „ბათუმელების“ გამოკითხვაში, რომელიც ანონიმურია.
ბათუმში მალე გრიბოედოვის ქუჩაზემოძრაობა ცალმხრივი გახდება ჭავჭავაძის ქუჩიდან [რესპუბლიკური საავადმყოფოდან] რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში. ავტომანქანები ამ მონაკვეთში მხოლოდ რუსთაველის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.
ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გრიბოედოვის ქუჩის ამ მონაკვეთის გაცალმხრივებას გარკვეული დრო დასჭირდება, ვინაიდან უნდა დამონტაჟდეს შესაბამისი საგზაო ნიშნები. ასევე იგეგმება მოსახლეობის/მძღოლების ინფორმირება.
ამ მონაკვეთში მოძრაობის გაცალმხრივება დამტკიცებულია ახალი სქემით. თუმცა ამ დრომდე ვერ მოხერხდა ქუჩის შესაბამისად მოწყობა, ვინაიდან გადაკეტილი იყო ჯავახიშვილის ქუჩა – ჭავჭავაძიდან ფიროსმანის ქუჩამდე მონაკვეთში.
ჯავახიშვილის ქუჩის ამ მონაკვეთში ავტომანქანების მოძრაობა გუშინ, 30 მარტს განახლდა, თუმცა საგზაო ნიშნები აქაც დასამონტაჟებელია:
ჯავახიშვილის ქუჩა / 31.03.2021
ავტომანქანები ახალი სქემით ბათუმში უკვე 3 თვეა მოძრაობენ. რა გამოიკვეთა ამ პერიოდში? – ქალაქის მერიაში გვითხრეს, რომ ყველა შესაბამისი სამსახური აკვირდება სიტუაციას, მათ შორის მუნიციპალური ინსპექცია და ასევე საპატრულო პოლიცია.
„მოძრაობის წესების დარღვევები არის, წესებს საპატრულო აკონტროლებს… უახლოეს ხანებში გვეცოდინება რა პრობლემები გამოიკვეთება, ხომ არ არის აუცილებელი რაიმე ცვლილება სქემაში. ამ ეტაპზე არ ჩანს ისეთი რამ, რომ ცვლილებას საჭიროებდეს და აუცილებელი იყოს რეაგირება. იმ ქუჩებზე, სადაც მანქანები ახალი სქემის მიხედვით მოძრაობენ, განსაკუთრებით პიკის საათებშია ძირითადად დატვირთვა“, – გვითხრა მერიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პოლიტიკის განყოფილების უფროსმა ემზარ ქავჟარაძემ.
იგეგმება თუ არა ავტობუსების სავალი ზოლის [ე.წ. Bus lane] მონიშვნა სხვა ქუჩებზე? – ემზარ ქავჟარაძის თქმით, ეს დამოკიდებულია ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებაზე ბათუმის ქუჩებში [აბუსერიძე, აღმაშენებელი და სხვ.]. ამის შემდეგ ავტობუსის სავალი ზოლი შესაძლოა სხვა ქუჩებზეც მოინიშნოს.
ბათუმის მერია გეგმავს ასევე გახსნას ჯავახიშვილის ქუჩა აბუსერიძის ქუჩის კვეთაში [რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან]. ეს მისცემს საშუალებას მძღოლებს პუშკინის ქუჩის მხრიდან გააგრძელონ გზა გორგილაძისა და შ. ხიმშიაშვილის ქუჩების მიმართულებით და პირიქით.
მერია გეგმავს ჯავახიშვილისა და აბუსერიძის კვეთა ამ მონაკვეთში გახსნას. ჯავახიშვილის ქუჩა აქ დღეს აბუსერიძის ქუჩის გამყოფი ზოლითაა გადაკეტილი / 31.03.2021
ახალი სქემის ამოქმედებამდე „ბათუმელებმა“ ჩაატარა გამოკითხვა: მოგწონთ თუ არა ბათუმში ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა? დღევანდელი მონაცემებით გამოკითხვის შედეგები ასეთია:
პროკურატურის ცნობით, გაუქმდა დადგენილება, რომლის მიხედვითაც დაზარალებულის უფლებამონაცვლეს საქმის მასალების გაცნობა და ასლების გადაცემა შეეზღუდა.
„ზემდგომმა პროკურორმა გააუქმა დადგენილება, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახს დამატებითი მასალების გაცნობა შეეზღუდა, მათი შესაძლო გასაჯაროების, მოწმეებზე ზემოქმედების, მათი დაშინების, ნივთმტკიცებების განადგურების, ყალბი მტკიცებულებების შექმნის და შესაბამისად, საგამოძიებო პროცესის ხელშეშლის გამოწვევის მიზნით.
გარდაცვლილის ოჯახი გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე შეუფერხებლად გაეცნობა საქმის მასალებს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება“ – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან მეხუთე დღეს 27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა. ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი 18 მარტს დაუფიქსირდა. თუმცა ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური სამედიცინო დასკვნა იმის შესახებ, განუვითარდა თუ არა გარდაცვლილ ექთანს ანაფილაქსიური შოკი და უკავშირდება თუ არა ის ვაქცინას.
თამბაქო ყოველწლიურად 8 მილიონზე მეტ ადამიანს კლავს. აქედან 7 მილიონზე მეტი თამბაქოს პირდაპირი გამოყენების, ხოლო დაახლოებით 1,2 მილიონი არამწეველებზე მეორადი კვამლის ზემოქმედების შედეგია. ეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ოფიციალური მონაცემებია.
წლების განმავლობაში თამბაქოს ინდუსტრიის მიერ მიზანმიმართული პროპაგანდის გამო, დღემდე სიგარეტის მოწევა დამოუკიდებლობასთან და მიმზიდველობასთანაც კი ასოცირდება. თამბაქოს უზარმაზარ ინდუსტრიას ამაში კინო და პოპკულტურა ეხმარება, სადაც მოწევის აქტი დღემდე გლამურიზებულია.
ჯანმოსა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მწეველთა უმრავლესობას სიგარეტზე თავის დანებება სურს. თუმცა, კვლავ ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც სიგარეტის მოწევა ჯერ კიდევ არ მიაჩნია პრობლემად.
თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის პროგრამა „კოგნიტა“, თამბაქოზე დამოკიდებული ადამიანების საჭიროებების კვლევაზე მუშაობს, რომლის შუალედური მონაცემებით, გამოკითხულ 231 ახალგაზრდიდან დაახლოებით 40% არ აღმოჩნდა მზად დანებებისთვის.
„დიდმა ნაწილმა განაცხადა, რომ არ აპირებენ თავის დანებებას. აცხადებენ, რომ მაშინ დაანებებენ თავს, როცა მობეზრდებათ ან აღარ მოუნდებათ მოწევა. სამწუხაროდ, ასე არასდროს არ მოხდება, რადგან რაც უფრო გადის დრო, ადამიანი უფრო დამოკიდებული ხდება სიგარეტზე. ძალიან ცუდი შედეგიც რომ დგება, მაშინაც კი უჭირთ თავის დანებება”, – ამბობს „კოგნიტას“ ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი ნინო ბექაია.
კვლევის პირველადი შედეგები უკვე ცნობილია, გამოიკითხა 231 ადამიანი, აქედან 67% არის 18-დან 25 წლამდე. ძირითადი მიგნებებია, რომ მწეველ ადამიანებში თამბაქოს მოხმარების ზიანი ვლინდება ყოველდღიურად – ადამიანი გრძნობს თამბაქოს ზიანს სიმპტომებს, ისეთ გვერდით მოვლენებს, როგორიცაა თავის ტკივილი, ყელის სიმშრალე, კანის სიმშრალე, ლიბიდოს დაქვეითება, საერთო სისუსტე და ა.შ.
რა არის ყველაზე ეფექტური სიგარეტზე თავის დასანებებლად?
[checklist]
ხშირად ჰგონიათ, რომ მთავარი ნებისყოფაა, მაგრამ ეს ამოწურვადი რესურსია და არ არის საკმარისი, რადგან სიგარეტზე თავის დანებება არის არა ერთჯერადი აქტი, არამედ პროცესი, რომელიც უნდა დაიგეგმოს. პირველ რიგში, წინასწარ უნდა შევისწავლოთ, რასთან გვაქვს საქმე, უნდა მოვემზადო და საამისოდ დამოუკიდებლადაც მოვიძიო ინფორმაცია, თუ რას ნიშნავს ნიკოტინი, რას ცვლის ის ტვინში, უნდა გავერკვეთ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებაში.
ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ნიშნავს ჩემს პოზიტიურ დამოკიდებულებას სიგარეტის მიმართ, მაგალითად: „მომწონს სიგარეტის მოწევა“, „სოციალიზაციის დროს მეხმარება“… ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მითების ნაწილია და რეალობას არ შეესაბამება. მეც ყოფილი მწეველი ვარ და მეც ასე მეგონა, დამოკიდებულ ადამიანს გონია, რომ რეალურად ეხმარება სიგარეტი.
შემდეგ კარგად უნდა გავარკვიოთ, რა არის ჩემი „თრიგერები“, ანუ ის მოვლენები, რაც ჩემში მოწევის ძლიერ სურვილს აღძრავს, მაგალითად სტრესი, სოციალიზაცია, დალევა, ჭამა, დილის ყავა, ან ყველაფერი ერთად.
დავგეგმოთ, შევარჩიოთ ბოლო სიგარეტის ჩასაქრობად თარიღი და ჩავაქროთ ბოლო სიგარეტი სწორედ ამ დღეს. მას მერე დავიცვათ წესი – არც ერთი ღერი სიგარეტი, არც ერთი ნაფასი, არც ერთი დღეს, რადგან ეს უკან მაბრუნებს სიგარეტთან.
გვახსოვდეს, რომ პირველ 3-5 დღეს, ნიკოტინური შიმშილი შეიძლება გამოვლინდეს ფიზიკურ დონეზე, ეს შეიძლება იყოს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ყელის სიმშრალე, ხველება, გაღიზიანებადობა, უძილობა. შეიძლება სიმპტომები 1-2 დღეს გამოვლინდეს, ან არც ერთ დღეს. უნდა გვახსოვდეთ, რომ ეს მალევე გადაგივლით და თუ მომავალში რაიმე შეგვაწუხებთ, ეს უკვე ფსიქოლოგიური “ტრიგერი” იქნება. [/checklist]
როგორ უნდა გავუმკლავდეთ ფსიქოლოგიურ ტრიგერებს?
პირველ რიგში ეს არის ტექნიკა, რომელიც გამოიყენება აკვიატებული აზრების შემთხვევაში. როგორც კი წამოვა ფიქრები სიგარეტზე, ვბლოკავთ პირდაპირი მნიშვნელობით. საამისოდ შეგვიძლია ჩვენთვის კომფორტული სიტყვა მოვიფიქროთ, თუ ამ ფიქრებს არ შევაჩერებთ ცუდად წაგვიყვანს; მეორე – ვანაცვლებთ ამ ფიქრს/სურვილს სიგარეტზე თავის დანებებასთან დაკავშირებით რაიმე პოზიტიური აზრით.
სიგარეტზე თავის დანებებას ძალიან ბევრი ბენეფიტი აქვს, ეს შეიძლება იყოს ჯანმრთელობასთან, ვიზუალთან, ფინანსებთან დაკავშირებული ბენეფიტები. ამიტომ, ჩვენთვის ჩამოწერილი უნდა გვქონდეს ის ბენეფიტები, რაც მოწევაზე თავის დანებებას მოაქვს კონკრეტულად ჩვენთვის – „პირის ღრუს ჰიგიენა დავიბრუნე“, „აღარ მახველებს“, „კანი აღარ მიშრება“ და ა.შ.
ასევე ძალიან ეფექტურია სუნთქვითი ტექნიკა, განსაკუთრებით პირველი 3-5 დღის განმავლობაში, ნიკოტინური შიმშილის დროს. მაშინ, როცა გაუსაძლისი ხდება სიგარეტის მოწევის სურვილი, დაჯექით, შეისუნთქეთ 4 თვლაზე და ამოისუნთქეთ 6 თვლაზე, ამას ვაკეთებთ 6-ჯერ. ძალიან კარგად ეხმარება მეორე ტექნიკასთან ერთად კომბინაციაში.
მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა, წყლის სმა აუცილებლად, რადგან ხელს უწყობს ნიკოტინის სხეულიდან გამოყოფას და ამსუბუქებს ნიკოტინურ შიმშილს, ანუ ამ პერიოდში კარგად უნდა ვსვათ წყალი. ნუტრიენტებსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, დაბალანსებული უნდა იყოს კვება მეტ-ნაკლებად.
არ ვიფიქროთ პოზიტიურად სიგარეტზე – ნებისმიერი ფიქრი, რომელიც მაგრძნობინებს, რომ რაღაც კარგი დავკარგე, ან დავთმე სიგარეტის სახით, რომელიც მე თითქოს მშველოდა – უნდა მოვიშოროთ.
რამდენად ეფექტურია სიგარეტზე თავის დანებება ეტაპობრივად, ნელ-ნელა?
ინდივიდუალურია, თუმცა შემცირება ხშირად კიდევ უფრო ზრდის სიგარეტის სასურველობას და შეიძლება მეორე პრობლემა წარმოიქმნას. შემცირება სჯობს, თუ ჩანაცვლებითი თერაპიის პარალელურად მიმდინარეობს. არსებობენ ადამიანები, ვინც ამ გზით დაანება თავი ძალიან ეფექტურად. თუმცა, ჯობს ერთბაშად შევწყვიტოთ, რადგან როდესაც შეწყვეტის ნაცვლად ვამცირებთ მოწევას, ნიკოტინს მაინც ვიღებთ და აბსტინენციის სინდრომი [მდგომარეობა, რომელსაც იწვევს მავნე ჩვევის ერთბაშად აღკვეთა] მაინც გვაქვს, ამიტომ უმჯობესია ამ სინდრომმა არ შეგვაწუხოს ხანგრძლივად და შეგვაწუხოს, მაგალითად, მხოლოდ 3-5 დღე.
რატომ ასოცირდება სიგარეტი თავდაჯერებულობასთან, საიდან დამკვიდრდა ეს ცრუ შეხედულებები?
დიდი ისტორია აქვს ამ მითების დამკვიდრებას, რომელშიც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის თამბაქოს ინდუსტრიას, ასევე კინოინდუსტრიას, რეკლამას და არაპირდაპირ რეკლამას. თუ გახსოვთ, მაგალითად, „მარლბოროს“ პირველი რეკლამა – კაცი „კოვბოი“ ქუდით, რაც მასკულინობაზე იყო გათვლილი. ძალიან ძველი დროიდან მოდის მითები, რომ „სიგარეტი წონაში კლებას იწვევს“, „სიგარეტით უფრო ლამაზი ვარ“. ქალებმა როგორ დაიწყეს ამერიკაში სიგარეტის საჯაროდ მოწევა – ეს „ლაქი სტრაიკის“ კამპანიის დამსახურებაა, იმ დროს ფემინისტური მოძრაობის გაძლიერება იყო აქტუალური და მათ უთხრეს ქალებს – „შენ ვისზე ნაკლები ხარ, რატომ არ უნდა მოწიო სიგარეტი საჯარო სივრცეში?” ძალიან კარგ ღირებულებებზე დაშენდა ეს მითები, სიძლიერეზე, ემანსიპაციაზე, ფემინიზმზე, დამოუკიდებლობაზე და ა.შ.
ყველა მითი, რომ სიგარეტი გვალამაზებს, კინოინდუსტრიიდან იმიტომ მოდის, რომ ამაში დიდი ფული იდება. ინდუსტრიას საკმაოდ დიდი რესურსი აქვს, როგორც ფულადი, ისე ლობისტების მხრივ – აქტიურად იბრძვიან ლობისტებთან, რომ იქნებ ბავშვებს მაინც დაანებონ თავი და კინოებში შეწყვიტონ ჩვენება. მართალია შედარებით შემცირებულია, მაგრამ სერიალებსა და ფილმებში მაინც ფიგურირებს თამბაქოს მოხმარება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპედსიტუაციის მდგომარეობის გაუარესება შეინიშნება.
„არ არის გამორიცხული შევიდეთ მესამე ტალღაში. ჩვენ გადავცდით 600-იან ზღვარს [24 საათში ახალი შემთხვევების] გუშინ და გუშინწინ, რაც არ გვქონია თებერვლის დასაწყისის შემდეგ“ – განაცხადა მან.
მისივე თქმით შეინიშნება ჯგუფების წარმოქმნის ტენდენცია:
„გვაქვს კლასტერული ეპიდაფეთქებები „აჭარა ტექსტილში“, კასპის რაიონში, ცაგერში, იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში… ჯგუფური შემთხვევები გვაქვს უკვე. რა თქმა უნდა, ხდება სწრაფად იზოლირება, კონტაქტირებულების გადაყვანა თვითიზოლაციაში, მაგრამ აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა.
…წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება, იგივე იმ სოფლებში, რაც დაგისახელეთ… ჭიათურის რაიონის ერთ სოფელში გვაქვს, აჭარაშიც გვაქვს, „აჭარა ტექსტილში“, სადაც ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს, გვაქვს 88-მდე შემთხვევა, წერტილოვანი შეზღუდვები ყველგან აქ იგეგმება და ტარდება“.
მისივე განცხადებით, იზრდება ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა:
„აქტიური ინფექციის შემთხვევები ქვეყანაში გადასცილდა უკვე 4 ათასს. ვიყავით ჩამოსული 2500-ზე და დღეს უკვე გადავცილდით 4 ათასს. ეს ყველაფერი არის ნიშნები იმისა, რომ ეპიდსიტუაცია უარესდება“.
ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კორონავირუსისგან დაცვის ზომების აუცილებლობას: პირბადის ტარებას და სოციალურ დისტანციას.
SEU-ს რექტორის გია კავთელიშვილის ინიციატივით, 2020 წელს, SEU-ში ჩარიცხულ პირველკურსელებს, რომლებმაც SEU პირველ ნომრად აირჩიეს, უნივერსიტეტმა უპრეცედენტო საჩუქრები შესთავაზა.
სტუდენტს თავად შეეძლო აერჩია:
[checklist]
სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელებს- Notebook Lenovo ThinkBook 15 (15,6”)
ან 1500ლ სასწავლო ვაუჩერი.
უგრანტოებს – Notebook Lenovo V15 (15,6”) ან 1000ლ სასწავლო ვაუჩერი.
[/checklist]
სტუდენტთა ნაწილმა ვაუჩერი აირჩია, ხოლო დიდი ნაწილის არჩევანის შესაბამისად, SEU-მ 1400-ზე მეტი ლეპტოპი შეიძინა.
პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა კარდაკარ, სოფელ-სოფელ, რეგიონ-რეგიონ, მთელი საქართველოს მასშტაბით მოიარეს SEU-ს პირველკურსელები და მათ თავიანთი საჩუქარი ჩაუტანეს გაზაფხულის სემესტრი SEU-ს ყველა პირველკურსელმა საკუთარი ლეპტოპით დაიწყო – თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდით SEU-მ ყველა ნიჭიერ და შრომისმოყვარე სტუდენტს სწავლის თანაბარი პირობები შეუქმნა.
SEU ყოველთვის გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობითა და სტუდენტებზე ზრუნვით. გარდა საჩუქრებისა, სტუდენტები ყოველთვის მაქსიმალურ მხარდაჭერასა და ხელშეწყობას იღებენ უნვიერსიტეტისგან, რათა უზრუნველყოფილი ჰქონდეთ კომფორტული და ხარისხიანი სასწავლო გარემო.
დღეს, 31 მარტის მონაცემებით, ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში კიდევ ერთი კლასი გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, კორონავირუსი მეცხრეკლასელ მოსწავლეს დაუდასტურდა. ამჟამად ორი კლასი სწავლობს ამ სკოლაში ონლაინ.
კორონავირუსი გამოვლინდა კერძო სკოლა „ევრო 2000“-შიც, სადაც მეხუთეკლასელ მოსწავლეს დაუდასტურდა კოვიდი. ამ სკოლაშიც კლასი გადავიდა ონლაინსწავლებაზე.
ორივე სკოლის სხვა კლასები სწავლას ისევ სკოლის შენობებში აგრძელებენ.
კორონავირუსი გამოვლინდა ქობულეთის პირველ საბავშვო ბაღშიც. რამდენიმე დღის წინ აქ კოვიდი ბავშვს დაუდასტურდა, დღეს კი- აღმზრდელს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით, საბავშვო ბაღი დაიხურა.
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0.02%-ს დაუდასტურდა.
სამინისტროს ინფორმაციით, „მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 26 სკოლა და 85 ცალკეული კლასი იმყოფება. დისტანციური სწავლის ფორმატი კი მოსწავლეთა 0,2%-მა აირჩია“.
__
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 616 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის აჭარაში – 50 პირს. ჩატარდა 31 947 კვლევა ტესტით.
მუსიკისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროს წარმომადგენლებისთვის ევროკავშირის პროგრამის – „შემოქმედებითი ევროპის“ მიერ დაფინანსებული პროექტის – i-Portunus-ის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა, რომელთაც ორგანიზებას უწევენ გოეთეს ინსტიტუტი, ფრანგული ინსტიტუტი და კულტურული ინიციატივების პლატფორმა „იზოლაცია“.
კონკურსის მიზანი ხელოვანების ერთმანეთთან დაკავშირება და საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერაა.
პროექტი გულისხმობს როგორც ხელოვანთა ფიზიკურ მობილობას (სხვა ქვეყანაში ვიზიტს სხვადასხვა ვორკშოფში, კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით და სხვა), ასევე რიგ შემთხვევებში ვირტუალური ან შერეული მობილობის ფორმებს.
„თუ ხართ ხელოვანი, მუშაობთ მუსიკის ან კულტურული მემკვიდრეობის სფეროში, დაინტერესებული ხართ უცხოელ ხელოვანებთან თანამშრომლობით, საერთაშორისო ვორკშოპებში მონაწილეობით, ან გსურთ საკუთარი პროექტის ქვეყნის გარეთ პოპულარიზაცია, 2021 წლის 15 აპრილის ჩათვლით გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოთ ხელოვანთა მობილობის კონკურსში და მოიპოვოთ დაფინანსება“ – ინფორმაციას ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპის“ „საქართველოს დესკი“ ავრცელებს.
მობილობა „შემოქმედებითი ევროპის“ 41 წევრ ქვეყანაში განხორციელდება. 2021 წელს კონკურსის მთავარი თემა მუსიკა და კულტურული მემკვიდრეობაა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია როგორც ორგანიზაციას, ასევე დამოუკიდებელ ხელოვანს „შემოქმედებითი ევროპის“ მონაწილე ნებისმიერი ქვეყნიდან.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 31 მარტის 21 საათიდან პირველი აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დღის მეორე ნახევრიდან წვიმა, მთაში – თოვა და ზვავსაშიშროება.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:
დღისით: 6 – 11 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 2 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2-3 აპრილს აჭარის ბარში მოსალოდნელია წვიმა, მთაში კი – თოვა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 616 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 31 947 კვლევა ტესტით.
30 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.93 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.74 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.61 %.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 3 778 პირი გარდაიცვალა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 616 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 319 შემთხვევა, აჭარაში – 50, იმერეთში – 58, ქვემო ქართლში – 17, შიდა ქართლში – 35, გურიაში – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 61, კახეთში – 25, მცხეთა-მთიანეთში – 20, სამცხე-ჯავახეთში – 2, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 15.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 790, საიდანაც 1 674 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 2 855 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მონაცემებით თვითიზოლაციაში იმყოფება 8 165 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 598 პირი, აჭარაში – 1 095, იმერეთში – 1079.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კაცი დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
ინფორმაცია სასწრაფო სამედიცინო სამსახურში დაადასტურეს. უწყების პრესცენტრის თქმით, ადგილზე მისულ ექიმების ჯგუფს კაცი გარდაცვლილი დახვდა. გარდაცვლილია ავტომანქანის მძღოლი.
2020 წლის ბოლო სამ თვეში საქართველოში 4 717 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე 2019 წლის იმავე პერიოდში. კორონავირუსის პანდემიის პიკი საქართველოში სწორედ 2020 წლის ბოლო სამი თვე იყო, როცა ქვეყანაში ვირუსით ყველაზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.
კორონავირუსით ქვეყანაში 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში 2 488 ადამიანი გარდაიცვალა. რეგიონების მიხედვით კოვიდით გარდაცვლილთა სტატისტიკას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი [NCDC] არ ასაჯაროებს.
„კლინიცისტთა ჯგუფი მოახდენს ყველა შემთხვევის დეტალურ განხილვას, რის საფუძველზეც მოხდება 2020 წელს Covid19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის ჩაღრმავებული ანალიზი,“ – მოგვწერა „ბათუმელებს“ NCDC-მა დაახლოებით ერთი თვის წინ.
საქართველოში ეპიდსიტუაციაზე საუბრისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს, 30 მარტს განაცხადა, რომ „სტაბილიზებული იყო ეპიდსიტუაცია ქვეყანაში და გაგვექცა ხელიდან. აპრილში განმეორდება, სამწუხაროდ, ნოემბერი და დეკემბერი, ამდენი მსხვერპლით, რაც ჩვენ იმ ორ თვეში გვქონდა“.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2019 წლის ბოლო სამ თვეში [ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი] საქართველოში სულ 11 660 ადამიანი გარდაიცვალა, 2020 წლის ბოლო სამ თვეში კი – 16 377.
2010 წლიდან დღემდე, ყოველი წლის ბოლო სამ თვეში გარდაცვლილთა სტატისტიკა საქართველოში / წყარო: საქსტატი
როგორც საქსტატის მონაცემებით ჩანს, ბოლო 11 წლის განმავლობაში გარდაცვალების საერთო მაჩვენებელი [წლის ბოლო სამი თვის ერთად] ყველაზე მაღალი სწორედ 2020 წელსაა.
„დაფინანსებას მიიღებს „სტუდენტთა დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში 2021 წლის 11 თებერვლიდან 19 მარტის ჩათვლით კონკურსში მონაწილე ყველა ის პირველი კურსის სტუდენტი, რომელთა განცხადებები აკმაყოფილებს პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
დღეს, 30 მარტს, აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის გამო ყველა სტუდენტს დაუფინანსებენ სწავლის გადასახადს, ვისი განცხადებაც შესულია აჭარის განათლების სამინისტროში.
აჭარის განათლების სამინისტროში დაგვიკონკრეტეს, რომ სწავლის გადასახადს აჭარის რეგიონში მცხოვრებ 230 პირველკურსელს დაუფინანსებენ. ეს სტუდენტები სამინისტროს მიერ წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ და დაფინანსების მოსაპოვებლად განცხადება უკვე შევსებული აქვთ. შესაბამისად, ამ 230 პირიდან საკონკურსო კომისია აღარ შეარჩევს იმ სტუდენტებს, რომლებიც დაფინანსებას მიიღებენ – ყველა მათგანის სწავლის საფასური დაიფარება ბიუჯეტიდან. პროგრამის ბიუჯეტი 1 მილიონ 350 ათას ლარამდე გაიზარდა.
აჭარის განათლების სამინისტროს პრესცენტრის განმარტებით, დაფინანსების გაზრდის გარეშე 230-დან დაახლოებით 56 სტუდენტის დაფინანსება იქნებოდა შესაძლებელი.
ჯამში კი სამინისტრო 650-ზე მეტი სტუდენტის გაზაფხულის სემესტრის სწავლას დააფინანსებს. საუბარია იმ სტუდენტებზეც, რომლებიც პირველ კურსზე აღარ არიან.
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება იმ სტუდენტების სწავლის საფასური, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე, ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია ან მეტი 71%-ისა და განეკუთვნება ერთ-ერთ კატეგორიას:
სტუდენტები, რომლებიც არიან მაღალმთიანი აჭარიდან;
სტუდენტები, რომლებიც არიან ობოლი დედით, მამით, ან უდედმამო;
სტუდენტები, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის ოთხი და მეტი შვილით წევრები;
სტუდენტები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 100 000-ზე;
სტუდენტები, რომლებიც არიან მკვეთრად, მნიშვნელოვნად, ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
სტუდენტები, რომლებსაც ან რომელთა მშობლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვთ მარტოხელა მშობლის სტატუსი.
დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ჩატარებულ ბრიფინგზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ საქართველოში ჩინური ვაქცინის 100 000 დოზას კვირის ბოლოს ჩამოიტანენ. ჩინურ “სინოფარმს” ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ამ დროისთვის მინიჭებული არ აქვს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში ვაქცინის ჩამოტანის შემდეგ ჯანმოსთან კონსულტაციებს გააგრძელებენ იმის შესახებ, დაელოდონ მარეგულირებელის მიერ პრეპარატის ავტორიზაციას, თუ უნგრეთის მსგავსად დაიწყონ მისი გამოყენება.
ჩინური ვაქცინები „სინოფარმი“ (Sinopharm Vero) და „სინოვაკი“ (Sinovak – CoronaVac) რიგში დგანან ჯანმოს ავტორიზაციის მისაღებად.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, დიდი ალბათობით ეს ვაქცინები მალე მიიღებენ ავტორიზაციას. მინისტრ ტიკარაძის თქმით კი, რადგან ვაქცინა აღიარებულია უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში მისი შემოტანა და გამოყენება კანონმდებლობით დასაშვებია.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, კანონმდებლობით დაშვებულია, რომ საქართველომ შემოიტანოს ე.წ. აღიარებითი რეჟიმის ვაქცინა. “აღიარებითი რეჟიმი ვრცელდება მკაცრ მარეგულირებლებზე, რომლებშიც შედის ევროკავშირის ქვეყნების მარეგულირებლები, მათ შორის არის უნგრეთის მარეგულირებელი. შესაბამისად, ქვეყანაში ვაქცინის შემოტანა შესაძლებელია. ის მალე შემოვა ალბათ და მე დიდი იმედი მაქვს, მალე მას ექნება ჯანმოს აღიარება. „სინოფარმის“ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა დღეს მსოფლიოში, ამ ვაქცინით აცრილია სულ მცირე 70 მლნ ადამიანი, მათ შორის ჩინეთში, სერბეთში, უნგრეთში, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში და ხასიათდება საკმაოდ კარგი შედეგებით”, – თქვა მან.
ჩინური ვაქცინები დეაქტივირებულ ვირუსზე დაფუძნებული ვაქცინებია. გერმანული გამოცემა დოიჩეველე წერს, რომ კომპანია „სინოფარმმა“ ვაქცინა სახელწოდებით – VERO შეიმუშავა ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან და ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტთან თანამშრომლობით. დეაქტივირებული ვაქცინები ათწლეულების განმავლობაში გამოცდილია და გამოიყენება. მაგალითად, ისინი წარმატებით გამოიყენება დიფტერიის, B ჰეპატიტის, ყივანახველას და ტეტანუსის წინააღმდეგ.
ჩინური ვაქცინების შესახებ BBC წერს: „ეს ორი ვაქცინა მუშაობენ ისე, როგორც A ჰეპატიტისა და ცოფის ვაქცინები. ეს ვაქცინა შექმნილია მკვდარი კორონავირუსისგან. იმის გამო, რომ ვირუსი მკვდარია, მას არ შეუძლია COVID 19-ის გამოწვევა. სხეულში მოხვედრის შემდეგ კი, ვაქცინა ადამიანის იმუნურ სისტემა პასუხობს და წარმოშობს ანტისხეულებს, რომლებიც მზად არიან შეებრძოლონ ნებისმიერ კორონავირუსულ ინფექციას“.
„ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინების მსგავსად, აქაც ორი დოზაა საჭირო, მაგრამ „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინებისგან განსხვავებით, რომელთაც შესანახად საჭიროა ცივი საყინულეები, „სინოვაკი“ და „სინოფარმი“ შესანახად საჭიროებენ ჩვეულებრივ მაცივარს.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი მხარეა ვაქცინების შენახვისა და დისტრიბუციის მხრივ, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ტემპერატურა იშვიათად ეცემა 30C-ს ქვევით და გზებიც შესაძლოა არ არსებობდეს.
[red_box]ეფექტურობა[/red_box]
2020 წლის 29 დეკემბერს „სინოფარმმა“ აჩვენა 79% ეფექტურობა შუალედურ შეფასებაში. მეორე დღეს ჩინეთში ვაქცინას მიენიჭა ლიცენზია. გერმანული გამოცემა დოიჩეველე წერს, რომ ამ ვაქცინასთან დაკავშირებით სხვა ქვეყნების მონაცემები არ იძლევა თანმიმდევრულ სურათს. მაგალითად, ემირატებში სინოფარმის ვაქცინამ კიდევ უფრო მაღალი ეფექტურობა გამოავლინა – 86%.
“ზაფხულიდან მოყოლებული „სინოვაკის“ (CoronaVac) ვაქცინა მესამე ფაზის სხვადასხვა შემოწმებას გადის, მათ შორის ბრაზილიაში (რომელმაც ვაქცინა დაამტკიცა 19 იანვარს), ინდონეზიაში, ბანგლადეშსა და თურქეთში.მწარმოებელმა არ გამოაქვეყნა ოფიციალური მონაცემები CoronaVac ვაქცინის ეფექტურობის შესახებ. ბრაზილიის მონაცემებით, ვაქცინის ეფექტურობა 78% -მდეა.ინდონეზიის ჯანდაცვის ორგანოები მის ეფექტურობას დაახლოებით 65%-ით აფასებენ”, – წერს დოიჩეველე თებერვლის თვეში გამოქვეყნებულ სტატიაში.
BBC: “რაც არ არის კარგად ცნობილი, ისაა, თუ რამდენად კარგად მუშაობს ეს ვაქცინები… „სინოფარმი“ (Vero) ამბობს, რომ მისი ვაქცინა 79%-ით ეფექტურია Covid19-ის სიმპტომების შესაჩერებლად, „სინოვაკის“ ვაქცინა სახელწოდებით CoronaVac მიიჩნიეს, რომ 91%-ით ეფექტურია, მაგრამ მომდევნო კვლევების შედეგად ეს მაჩვენებელი შეიცვალა. ბრაზილიაში ამ ვაქცინის ეფექტურობის მაჩვენებელი 50.4%-მდე შემცირდა, რაც ჯანმოს მიერ ეფექტური ვაქცინისთვის დაწესებულ ზღვარზე ცოტათი მაღალია. თუმცა სინოვაკის ცნობით, როცა საქმე კორონავირუსით მძიმედ ინფიცირებას ეხება, მისი ეფექტურობა გაცილებით მაღალია”.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყვიტა ალბერტ არაქელოვის [Dj ბაბა] საქმეზე. გადაწყვეტილება დღეს, 30 მარტს, მოსამართლე ირმა ტოგონიძემ მიიღო.
მუსიკოსი ალბერტ არაქელოვი ბათუმის საკრებულოს შესასვლელთან პოლიციელებმა დააკავეს, როცა ის სხვა მოქალაქეებთან ერთად ბათუმის საკრებულოს ღია სხდომაზე დასწრებას ითხოვდა. საკრებულო ბათუმის ძველ ბულვარში პლაჟის ნაწილის სასტუმრო „ლე მერიდიანისთვის“ იჯარით გადაცემის საკითხს განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ განხილვა გადაიდო განაშენიანების გეგმის შემუშავებამდე.
ალბერტ არაქელოვი პოლიციელებმა დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის შესაბამისად, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
„სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობის გამო,“ – მოგვწერეს ბათუმის საქალაქო სასამართლოდან არაქელოვის შემთხვევაში საქმისწარმოების შეწყვეტის მიზეზზე.
გაუპატიურებასა და ძარცვას გამოძიება ბათუმელ ნიკა შ.-ს ედავება. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს.
გამოძიების ვერსიით, ნიკამ ბათუმში, ტაილანდური მასაჟის სალონში, მასაჟისტი გააუპატიურა და გაძარცვა. დაზარალებულად ცნობილი ქალის თქმით, მას ნიკამ გაუპატიურების შემდეგ 1000-მდე ლარიც წაართვა. ნიკა წინასწარ პატიმრობაშია და ბრალს არ აღიარებს.
„ბრალდებული ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ ამ ქალს ახლოს იცნობდა და პერიოდულად ჰქონდა მასთან სექსუალური კავშირი, მაგრამ ეს არ იყო ძალადობით. ბრალდებულისთვის უცნობია, რატომ მიმართა ქალმა პოლიციას,“ – ამბობს ბრალდებულის ადვოკატი მალხაზ ზოიძე. ის ადასტურებს პროკურატურის ვერსიას იმ ნაწილში, რომ ნიკას სექსუალური მომსახურებისთვის ფული არ გადაუხდია.
„ბრალდებული უარყოფს გაუპატიურებას და ძარცვასაც,“ – დასძინა ადვოკატმა და ყურადღება ექსპერტიზის დასკვნაზე გაამახვილა, რომლის მიხედვითაც დაზარალებულ ქალს ან ბრალდებულს რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდათ.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში ნიკა შ.-ს მინიმუმ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ელის.
„უნდა დაველოდოთ სამართლებრივ შედეგებს“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე.
დღეს, 30 მარტს, აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ ბულვარში განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებამდე მორატორიუმი ცხადდება, თუმცა თორნიკე რიჟვაძის თქმით, მორატორიუმი ახალ პროექტებსა და ინიციატივებს ეხება. მან არ დააკონკრეტა, რატომ უშლის ხელს სასამართლო დავა იმას, რომ განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე ისტორიულ ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაც შეჩერდეს.
„ამბასადორის“ საკითხი არის გადატანილი ნებართვის კანონიერების ნაწილში სამართლებრივ ჭრილში და იქ უნდა დაველოდოთ სამართლებრივ შედეგებს. მე გარკვევით ვთქვი, რომ მორატორიუმი ეხება მხოლოდ ახალ სამშენებლო პროექტებს, ახალ ინიციატივას, დღეიდან ნებისმიერ მიმართვაზე გენგეგმის დამტკიცებამდე იქნება სრული მორატორიუმი,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
——————
დღეს ბათუმის საკრებულო სასტუმრო „მერიდიანისთვის“ 3 380 კვადრატულ მეტრ პლაჟის გადაცემას აპირებდა. დღეს ბათუმის ბულვარის დირექტორმა, ირაკლი ჯინჭარაძემ განაცხადა, რომ ის წინააღმდეგია პლაჟების კერძო კომპანიებისთვის გადაცემის. მან ასევე ივარაუდა, რომ მალე ძველ ბულვარში უფასოდ შესვლა შეუძლებელი გახდება, რადგან სხვა მდიდარ კომპანიებსაც სურთ ბულვარის საკუთრებაში გადაცემა.
ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონის მიხედვით, ოდა დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ ტიპურ საცხოვრებელს ჰქვია. ასეთი სახლები დასავლეთ საქართველოში მე-19 საუკუნის ბოლოდან და მე-20 საუკუნის დასაწყისიდან გვხვდება.
ამავე ლექსიკონის მიხედვით, ოდა ხის ბოძებზე დგას, მოგვიანებით კი ბლოკებით აშენებული პალატით შეიცვალა ბოძები, მეორე სართული მთლიანად ხისაა.
ოდა-სახლს ფართო აივნები აქვს, ძირითადად 3 ან 4 ოთახისგან შედგება. ზოგჯერ გამართულია ქვის ბუხარი და განსაკუთრებით კარგადაა გამოხატული ქვისა და ხის ერთმანეთთან შერწყმის ხელოვნება. როგორც წესი, ოდა-სახლის აივნებს უკეთებდნენ ხის აჟურულ ფასადებს, მცენარეების, ყვავილებისა და საკრალური გამოსახულებებით. სახლებს ხშირად აივნებიც მოვარაყებული ჰქონდა.
ოსტატები ოდას ხისგან ისე აშენებდნენ, რომ ნებისმიერ დროს შეიძლებოდა მისი დაშლა და სხვაგან გადატანა, ხელახლა გამართვა. ქვემოთ მოცემული ოდა-სახლები დასავლეთ საქართველოს, კერძოდ, იმერეთისა და სამეგრელოს სოფლებშია გადაღებული, ქუტირში, ღანირში, დედალაურსა და მარტვილში.
ამ სახლების უმრავლესობა დაკეტილია და ზაფხულობით იღება – როცა პატრონები ქალაქებიდან შვებულების გასატარებლად ჩამოდიან.
650-ზე მეტ სტუდენტს სწავლის საფასურს დაუფინანსებენ. ეს გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ მიიღო პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის გამო.
„პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, უამრავ სტუდენტს გაუჭირდა სწავლის საფასურის გადახდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სრულად დაფინანსდეს ყველა განაცხადი, რომელიც არის შესული აჭარის განათლების სამინისტროში,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს, 30 მარტს, გამართულ სხდომაზე.
„ბათუმელები“ ინფორმაციის მიღებისთანავე გაცნობებთ, კონკრეტულად რომელი კატეგორიის სტუდენტებს შეეხება ბიუჯეტიდან დაფინანსება.
„ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ძველი ბულვარის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საზღვრებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე განაშენიანების და კონსერვაციის გეგმის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებამდე, გამოცხადდეს სრული მორატორიუმი ნებისმიერ ახალ სამშენებლო პროექტზე,“ – აღნიშნა დღეს, 30 მარტს, აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ.
თორნიკე რიჟვაძეს არ დაუკონკრეტებია ეხება თუ არა მორატორიუმი ისტორიულ ბულვარში მიმდინარე 16 სართულის მშენებლობას, რასაც საზოგადოება აპროტესტებს. ბულვარში ამბასადორ ბათუმი პროტესტის მიუხედავად სწრაფი ტემპით აშენებს 16-სართულიაn სასტუმროსა და ბალნეოლოგიურ ცენტრს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღევანდელ სხდომაზე ასევე თქვა, რომ ბულვარს სამართავად ბათუმის თვითმმართველობას უბრუნებს და ეს გასცემს კითხვებზე პასუხს. აქამდე ბათუმის ბულვარს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მართავდა.
„ისიც გასაგებია, რომ ბულვარი თავისი დანიშნულებით წარმოადგენს სარეკრეაციო სივრცეს. ამიტომ მე ვავალებ ეკონომიკის მინისტრს და ასევე ვთხოვ ბათუმის თვითმმართველობას, რომ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში უსწრაფესად მოახდინონ ბათუმის ბულვარის მუნიციპალიტეტისთვის სამართავად გადაცემა, ეს ერთხელ და სამუდამოდ კითხვებს გასცემს იმ პასუხებს, რომელიც შესაძლოა არსებობდეს ბათუმელებში, რომელიც შესაძლოა არსებობდეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში…“ – თქვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.
___
დღეს ბათუმის საკრებულო სასტუმრო „მერიდიანისთვის“ 3 380 კვადრატულ მეტრ პლაჟის გადაცემას აპირებდა. დღეს ბათუმის ბულვარის დირექტორმა, ირაკლი ჯინჭარაძემ განაცხადა, რომ ის წინააღმდეგია პლაჟების კერძო კომპანიებისთვის გადაცემის. მან ასევე ივარაუდა, რომ მალე ძველ ბულვარში უფასოდ შესვლა შეუძლებელი გახდება, რადგან სხვა მდიდარ კომპანიებსაც სურთ ბულვარის საკუთრებაში გადაცემა.
გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან წარმოებული სურსათის მიკვლევადობის ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება საქართველოს მთავრობამ 2 წლით შეაჩერა. ამ რეგლამენტით შესაძლებელი იყო გაგვეგო გენმოდიფიცირებული სურსათის, ასევე მასში გამოსაყენებლად განკუთვნილი ნებისმიერი ნივთიერების შესახებ მონაცემები და ინფორმაცია – ყველა ეტაპზე – წარმოებიდან ქსელში მოხვედრამდე.
ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები უნდა გავრცელებულიყო ბაზარზე განთავსებულ პროდუქტზე, რომელიც შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმ(ებ)ს, ან შედგება გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმ(ებ)ისაგან; ასევე, სურსათზე და ცხოველის საკვებზე, რომელიც წარმოებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმ(ებ)ისაგან.
ტექნიკური რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს, რომლებიც დაკავშირებულია:
[checklist]
გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტირების სიზუსტესთან;
გარემოზე ზემოქმედების მონიტორინგთან;
კონკრეტულ შემთხვევებში, ადამიანის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის მონიტორინგთან;
შესაბამისი რისკის მართვის ღონისძიებების განხორციელებასთან;
აუცილებლობის შემთხვევაში, ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ამოღებასთან.
[/checklist]
რეგლამენტის მიხედვით:
გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი [გმო] არის სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი ორგანიზმი, რომლის გენეტიკური მასალა შეცვლილია თანამედროვე ბიოტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებით, რომლებიც არ განეკუთვნება ტრადიციულ სელექციურ და ჯიშთა გამოყვანის მეთოდებს;
გმო-დან წარმოებული პროდუქტი კი, არის გმო-დან სრულად ან ნაწილობრივ მიღებული პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს გმო-ს ან არ შედგება გმო-სგან;
ტექნიკური რეგლამენტი იძლეოდა გმო-სა და გმო-დან წარმოებული სურსათის/ცხოველის საკვების, მასში გამოსაყენებლად განკუთვნილი ნებისმიერი ნივთიერების შესახებ მონაცემებისა და ინფორმაციის დადგენის შესაძლებლობას – ბაზარზე განთავსების, წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე [მიკვლევადობა].
ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 2021 წლის პირველი იანვრიდან შევიდა, თუმცა 26 მარტის დადგენილებით მთავრობამ მისი მოქმედება 2023 წლის პირველ იანვრამდე შეაჩერა.
ამავე დადგენილებით: „გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათი/ცხოველის საკვები, რომელიც ბაზარზე განთავსებულია დადგენილების ამოქმედებამდე [ანუ, ქსელში შემოიტანენ 2023 წლის პირველ იანვრამდე – ავტ.] მაგრამ არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დასაშვებია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს სურსათის/ცხოველის საკვების ვარგისიანობის ვადის გასვლამდე“.
—
მიუხედავად ტექნიკური რეგლამენტის მოქმედების შეჩერებისა, ძალაშია კანონი, რომლითაც გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შესაბამისი წარწერა.
სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ საქართველოს კანონით, „გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში, წრიულ ფორმაში განთავსებული უნდა იყოს წარწერა „გმო“, ხოლო გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში, წრიულ ფორმაში – წარწერა „გმ“. აღნიშნული წარწერები იმდენად თვალსაჩინო, ადვილად აღქმადი და მკვეთრად გამოსახული უნდა იყოს, რომ მომხმარებელმა ადვილად შეძლოს მათი იდენტიფიცირება“.
ბათუმის საკრებულომ დღეს, 30 მარტს, დღის წესრიგიდან ამოიღო ბათუმის ბულვარში პლაჟის ნაწილის სასტუმროზე გასხვისების საკითხი.
„მე-10 საკითხი ამოღებული იქნას დროებით და განხილული იქნას მაშინ, როდესაც საკრებულოში დასამტკიცებლად შემოვა ბულვარის განაშენიანების გეგმა“ – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ.
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ბათუმის ბულვარის დირექტორის, ირაკლი ჭინჭარაძის განცხადება იმის შესახებ, რომ მალე მზად იქნება დოკუმენტი, ბულვარის განაშენიანების გეგმა და საკითხი ამის შემდეგ უნდა იყოს განხილული. ბულვარის დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ წინააღმდეგია პლაჟების გასხვისების, ბულვარი საჯარო ადგილია და ის ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
დღეს ბათუმის საკრებულოში დილიდან ხმაური იყო. საკრებულოს სხვა საკითხებთან ერთად უნდა განეხილა სასტუმრო „ლე მერიდიანის“ მფლობელი კომპანიისთვის ბულვარის გასწვრივ, „ლე მერიდიანის“ შენობის პირდაპირ, 3380 კვ.მ. ტერიტორიის გრძელვადიანი იჯარით გადაცემის საკითხი, რასაც ბათუმში მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება.
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 20.3 მილიარდი აშშ დოლარი [66.5 მილიარდი ლარი] შეადგინა, რაც 2020 წლის მშპ-ს 127.7 პროცენტია.
ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 640.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 328.3 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა, საკურსო ცვლილებების გამო – 276.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო ფასის და სხვა ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად – 34.1 მლნ. აშშ დოლარით და 1.2 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა.
მთლიანი საგარეო ვალი მოიცავს სახელმწიფო [სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი] და კერძო სექტორის [საბანკო და სხვა სექტორები] საგარეო ვალს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით: „სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 9.7 მლრდ აშშ დოლარი (31.9 მლრდ ლარი), რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 7.4 მლრდ აშშ დოლარი, ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 583.2 მლნ აშშ დოლარი, ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 802.7 მლნ აშშ დოლარი და 923.6 მლნ აშშ დოლარი.
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.4 მლრდ აშშ დოლარი, სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.6 მლრდ აშშ დოლარი და კომპანიათაშორისო ვალმა – 3.2 მლრდ აშშ დოლარი. მთლიანი საგარეო ვალის 92.1 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით“.
—
2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 18.3 მილიარდი აშშ დოლარი (60.1 მილიარდი ლარი) იყო:
დღეს, 30 მარტს, საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება და მაჩვენებლები საყურადღებოა: „პრევენციული ღონისძიებების დაცვა და იმუნიზაციის პროცესის გააქტიურება – სხვა გამოსავალი ეპიდემიასთან ბრძოლის არ არის“.
„ეპიდსიტუაცია, სამწუხაროდ, ქვეყანაში უარესდება. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყველა ის მაჩვენებელი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, მხედველობაში მაქვს ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე, 7 და 14 დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი, რომელსაც ჰქონდა საკმაოდ კარგი დინამიკა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მცირედ, მაგრამ ტენდენცია გამოჩნდა გაუარესებისკენ.
განსაკუთრებით დღეს, გვაქვს ახალ შემთხვევათა რაოდენობა 673. ეს ძალიან საყურადღებო მაჩვენებელია.
დადებითობის პროცენტი გაიზარდა დღიური 2.19%-მდე, თუმცა 14-დღიანი გავქვს – 1.69%, შვიდდღიანი – 1,60%, მარტის თვის – 1.63%. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებლები და ეპიდსიტუაცია უკეთესია ვიდრე გვქონდა თებერვალში და კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე გვქონდა იანვარში, მაგრამ ბოლო ორი კვირა გამოჩნდა ტენდენცია, 600-ზე მეტი ახალი შემთხვევა ჩვენ გვქონდა თებერვლის პირველ კვირაში. აქედან გამომდინარე, ეს ძალიან საყურადღებოა. იზრდება ქვეყანაში აქტიურ შემთხვევათა რიცხვი და დღევანდელი რიცხვით ეს არის 4 447, ანუ ნელ-ნელა იზრდება ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე“ – თქვა ამირან გამყრელიძემ.
„ახლა ჩამიგდეს ძალიან ბევრი ვიდეო, სადაც ჩანს (კარგია, როცა ახალგაზრდები იკრიბებიან სადმე, მაგრამ) სხვადასხვა დაწესებულებებში, ღამის კლუბებში, ისევ და ისევ დიდი შეკრებები, ისევ და ისევ დიდი „დროსტარება“ და ა.შ. ეს მიგვიყვანს აპრილში ძალიან ცუდ სიტუაციამდე, თუ არ დავიჭირეთ ჩვენ ახლა ეს ეპიდსიტუაცია. არადა, სტაბილიზებული იყო ეპიდსიტუაცია ქვეყანაში და გაგვექცა ხელიდან. აპრილში განმეორდება სამწუხაროდ ნოემბერი და დეკემბერი, ამდენი მსხვერპლით, რაც ჩვენ იმ ორ თვეში გვქონდა”.
მისივე თქმით, ქვეყანაში აუციელბლად უნდა გამკაცრდეს კონტროლი და აღსრულება იმ ღონისძიებებზე, რაც არსებობს და უნდა გააქტიურდეს იმუნიზაციის პროცესი.
ირაკლი ჯინჭარაძე, ბათუმის ბულვარი დირექტორი მივიდა დღეს საკრებულოს სხდომაზე, სადაც ბულვარის მოპირდაპირე მხარეს, პლაჟის სასტუმროსთვის გადაცემის საკითხი განიხილება და განაცხადა, რომ ბულვარი საჯარო ადგილია და ის ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
„ბულვარი არის საჯარო და უნდა იყოს ყველასათვის მისაწვდომი.
მე, როგორც ბულვარის დირექტორმა ეს დავაფიქსირე, ეს ჩემი ვალდებულება იყო და ეს გავაკეთე.
სულ რაღაც ათ დღეში შემოვა უკვე ბულვარის განაშენიანების დოკუმენტი და დაველოდოთ და შემდგომ მივიღოთ გადაწყვეტილება, იქნება პრივატპლაჟები თუ ყველასათვის.
არა გვაქვს ჩვენ ფუფუნება, ძალიან პატარა სანაპირო გაგვაჩნია, ამიტომ უნდა იყოს ყველასათვის.
ბათუმის ბულვარის პლაჟს სარგებლობს როგორც ბათუმელი, გურული, იმერელი, კახელი, თბილისელი და არ ყოფნის!
მე წინააღმდეგი ვარ პლაჟების გადაცემის კერძო საკუთრებაში. პრაქტიკიდან გამომდინარე, არ მოგვიტანა შედეგი.
ვხედავთ, რომ შუაგულ ძეგლში, ძველ ტერიტორიაზე, აუზია შემოღობილი, უნდა „ალიანსს“ ასევე პლაჟი „მერიოტისათვის“ და უნდა სხვადასხვა კომპანიას.
ხვალ ჩვენ მოვალთ ისე, რომ ვერავინ ვერ შევალთ, თუ არ გადავიხდით 50 და 100 ლარს. ეს შეუძლებელია, ბულვარი არის საჯარო სივრცე, ქვეყნის მთავარი საჯარო სივრცე და არა მარტო ქალაქის,“ – განაცხადა ირაკლი ჯინჭარაძემ საკრებულოს სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან.
მას საკრებულოს შენობის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ტაში დაუკრეს.
დღეს, 30 მარტს, ბათუმის საკრებულოში დილიდან ხმაურია. საკრებულო სხვა საკითხებთან ერთად განიხილავს სასტუმრო „ლე მერიდიანის“ მფლობელი კომპანიისთვის ბულვარის გასწვრივ, „ლე მერიდიანის“ შენობის პირდაპირ, 3380 კვ.მ. ტერიტორიის გრძელვადიანი იჯარით გადაცემის საკითხს.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლები ვაქცინაციის ჩატარებას შეძლებენ. ამის შესახებ დღეს, 30 მარტს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა.
მინისტრის თქმით, აცრის ჩატარებას შეძლებენ სამედიცინო სფეროში დასაქმებული და 65 წელს გადაცილებული პირები.
„რეგისტრაციის მოდული არ იქნება სავალდებულო. ვინაიდან ვთვლით, რომ მაქსიმალურად გამარტივებული უნდა იყოს ყველა ის პროცედურა, რომელსაც ეს ადამიანები გაივლიან. სქემა, დამატებითი, რომელზეც შევთანხმდით იქნება იგივე, რაც ჩვენ საქართველოს მოქალაქეებისთვის გვაქვს საქართველოს ტერიტორიაზე. ყველა ექიმი და ის ჯგუფი, რომელიც განსაზღვრულია კოვიდვაქცინაციის საბჭოს მიერ, მათი ვაქცინაციაც წარიმართება იგივე სქემით,“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის განმარტებით, აცრა ჩატარდება უშუალოდ სამედიცინო დაწესებულებაში, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.
„ჩვენ ვიცით იმ სამედიცინო პერსონალის ოდენობა, რომელიც დღესდღეობით ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება. შესაბამისად, მათთვის გამოყოფილი გვაქვს საჭირო დოზა. დაახლოებით 500 დოზამდე იქნება სამედიცინო პერსონალისთვის. ასევე პენსიონერებისთვის. იცით, რომ ისინი სარგებლობენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საპენსიო შეღავათებით და ასევე პენსიით და მათთან მიმართებაშიც საბჭოს აქვს ხედვა, რა დოზების მარაგი იქნება გამოყოფილი. თუმცა ჩვენ არ გვაქვს მათი რეგისტრაციის ვალდებულება ჩადებული ამ პროცესში და მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ვაქცინაციას, ამ დოზების შეზღუდვას ჩვენ არ მივმართავთ,“ – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ სამედიცინო სფეროს და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელ პირებს სურვილის მიხედვით შეეძლებათ “ასტრაზენეკას” ან “ფაიზერის” ვაქცინით აიცრან.
დღეს, 30 მარტს, ბათუმის საკრებულოში დილიდან ხმაურია. საკრებულო სხვა საკითხებთან ერთად განიხილავს სასტუმრო „ლე მერიდიანის“ მფლობელი კომპანიისთვის ბულვარის გასწვრივ, „ლე მერიდიანის“ შენობის პირდაპირ, 3380 კვ.მ. ტერიტორიის გრძელვადიანი იჯარით გადაცემის საკითხს.
დილიდან მერიის შენობასთან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პლაჟების გასხვისებას. მათ საკრებულოს სხდომაზე დასწრება სურდათ, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს – საკრებულოს სხდომაზე არ შეუშვეს მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მათგანს საშვიც აქვს გამოწერილი.
„შეგვიშვით, შეგვიშვით!“ – სკანდირებდნენ მოქალაქეები მერიის შენობაში და ცდილობდნენ სხდომათა დარბაზში შესვლას, თუმცა პოლიციამ მათ სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცა.
ამჟამად ბათუმის საკრებულოს სხდომა შეჩერებულია, საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ შესვენება გამოაცხადა და სხდომათა დარბაზი დატოვა.
საკრებულოს დარბაზი დაიცალა, გამოცხადდა შესვენება. ფოტო: „ბათუმელები“, ქეთევან კოპალიანი
„შეგვიშვით, შეგვიშვით!“ – ეს შეძახილები ისმოდა დღეს, 30 მარტს, ცოტა ხნის წინ ბათუმის მერიის შენობაში.
დღეს ბათუმში საკრებულოს სხდომა იმართება, სადაც სხვა საკითხებთან ერთად საკრებულომ უნდა განიხილოს სასტუმრო „ლე მერიდიანის“ მფლობელი კომპანიისთვის – „ბათუმი თაუერისთვის“ ბულვარის გასწვრივ, „ლე მერიდიანის“ შენობის პირდაპირ, 3380 კვ.მ. ტერიტორიის გრძელვადიანი იჯარით გადაცემის საკითხი.
ბათუმში მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ესაა საჯარო სივრცის მისაკუთრება, ამიტომაც დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დასწრების სურვილით მერიის შენობასთან მოქალაქეების ჯგუფი მივიდა, თუმცა ისინი სხდომაზე არ შეუშვეს იმ მიზეზით, რომ მათ საშვი არ ჰქონდათ.
საკრებულოს სხდომა უკვე დაწყებული იყო, როდესაც მოქალაქეების ჯგუფმა დარბაზში შესვლა სცადა.
დღეს საკრებულოს სხდომას ესწრება ოპოციზია. საკრებულოს დღეისათვის 21 საკითხის განხილვა აქვს ჩანიშნული.
სხდომას ესწრება ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პირველადი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი ამხილეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, იმერეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში, კერძო მფლობელობაში არსებული ავტომანქანის შემოწმებისას, მისი ვიზუალური და ტექნიკური დაზიანების მიუხედავად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევით გასცა ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ანგარიში,“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.