დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ჩატარებულ ბრიფინგზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ საქართველოში ჩინური ვაქცინის 100 000 დოზას კვირის ბოლოს ჩამოიტანენ. ჩინურ “სინოფარმს” ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ამ დროისთვის მინიჭებული არ აქვს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში ვაქცინის ჩამოტანის შემდეგ ჯანმოსთან კონსულტაციებს გააგრძელებენ იმის შესახებ, დაელოდონ მარეგულირებელის მიერ პრეპარატის ავტორიზაციას, თუ უნგრეთის მსგავსად დაიწყონ მისი გამოყენება.
ჩინური ვაქცინები „სინოფარმი“ (Sinopharm Vero) და „სინოვაკი“ (Sinovak – CoronaVac) რიგში დგანან ჯანმოს ავტორიზაციის მისაღებად.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, დიდი ალბათობით ეს ვაქცინები მალე მიიღებენ ავტორიზაციას. მინისტრ ტიკარაძის თქმით კი, რადგან ვაქცინა აღიარებულია უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში მისი შემოტანა და გამოყენება კანონმდებლობით დასაშვებია.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, კანონმდებლობით დაშვებულია, რომ საქართველომ შემოიტანოს ე.წ. აღიარებითი რეჟიმის ვაქცინა. “აღიარებითი რეჟიმი ვრცელდება მკაცრ მარეგულირებლებზე, რომლებშიც შედის ევროკავშირის ქვეყნების მარეგულირებლები, მათ შორის არის უნგრეთის მარეგულირებელი. შესაბამისად, ქვეყანაში ვაქცინის შემოტანა შესაძლებელია. ის მალე შემოვა ალბათ და მე დიდი იმედი მაქვს, მალე მას ექნება ჯანმოს აღიარება. „სინოფარმის“ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა დღეს მსოფლიოში, ამ ვაქცინით აცრილია სულ მცირე 70 მლნ ადამიანი, მათ შორის ჩინეთში, სერბეთში, უნგრეთში, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში და ხასიათდება საკმაოდ კარგი შედეგებით”, – თქვა მან.
ჯანმო „სინოფარმის“ ვაქცინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას აპრილის დასაწყიში გაასაჯაროებს:
[red_box]როგორ მუშაობს ჩინური ვაქცინა?[/red_box]
ჩინური ვაქცინები დეაქტივირებულ ვირუსზე დაფუძნებული ვაქცინებია. გერმანული გამოცემა დოიჩეველე წერს, რომ კომპანია „სინოფარმმა“ ვაქცინა სახელწოდებით – VERO შეიმუშავა ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან და ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტთან თანამშრომლობით. დეაქტივირებული ვაქცინები ათწლეულების განმავლობაში გამოცდილია და გამოიყენება. მაგალითად, ისინი წარმატებით გამოიყენება დიფტერიის, B ჰეპატიტის, ყივანახველას და ტეტანუსის წინააღმდეგ.
ჩინური ვაქცინების შესახებ BBC წერს: „ეს ორი ვაქცინა მუშაობენ ისე, როგორც A ჰეპატიტისა და ცოფის ვაქცინები. ეს ვაქცინა შექმნილია მკვდარი კორონავირუსისგან. იმის გამო, რომ ვირუსი მკვდარია, მას არ შეუძლია COVID 19-ის გამოწვევა. სხეულში მოხვედრის შემდეგ კი, ვაქცინა ადამიანის იმუნურ სისტემა პასუხობს და წარმოშობს ანტისხეულებს, რომლებიც მზად არიან შეებრძოლონ ნებისმიერ კორონავირუსულ ინფექციას“.
„ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინების მსგავსად, აქაც ორი დოზაა საჭირო, მაგრამ „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინებისგან განსხვავებით, რომელთაც შესანახად საჭიროა ცივი საყინულეები, „სინოვაკი“ და „სინოფარმი“ შესანახად საჭიროებენ ჩვეულებრივ მაცივარს.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი მხარეა ვაქცინების შენახვისა და დისტრიბუციის მხრივ, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ტემპერატურა იშვიათად ეცემა 30C-ს ქვევით და გზებიც შესაძლოა არ არსებობდეს.
[red_box]ეფექტურობა[/red_box]
2020 წლის 29 დეკემბერს „სინოფარმმა“ აჩვენა 79% ეფექტურობა შუალედურ შეფასებაში. მეორე დღეს ჩინეთში ვაქცინას მიენიჭა ლიცენზია. გერმანული გამოცემა დოიჩეველე წერს, რომ ამ ვაქცინასთან დაკავშირებით სხვა ქვეყნების მონაცემები არ იძლევა თანმიმდევრულ სურათს. მაგალითად, ემირატებში სინოფარმის ვაქცინამ კიდევ უფრო მაღალი ეფექტურობა გამოავლინა – 86%.
“ზაფხულიდან მოყოლებული „სინოვაკის“ (CoronaVac) ვაქცინა მესამე ფაზის სხვადასხვა შემოწმებას გადის, მათ შორის ბრაზილიაში (რომელმაც ვაქცინა დაამტკიცა 19 იანვარს), ინდონეზიაში, ბანგლადეშსა და თურქეთში. მწარმოებელმა არ გამოაქვეყნა ოფიციალური მონაცემები CoronaVac ვაქცინის ეფექტურობის შესახებ. ბრაზილიის მონაცემებით, ვაქცინის ეფექტურობა 78% -მდეა. ინდონეზიის ჯანდაცვის ორგანოები მის ეფექტურობას დაახლოებით 65%-ით აფასებენ”, – წერს დოიჩეველე თებერვლის თვეში გამოქვეყნებულ სტატიაში.
BBC: “რაც არ არის კარგად ცნობილი, ისაა, თუ რამდენად კარგად მუშაობს ეს ვაქცინები… „სინოფარმი“ (Vero) ამბობს, რომ მისი ვაქცინა 79%-ით ეფექტურია Covid19-ის სიმპტომების შესაჩერებლად, „სინოვაკის“ ვაქცინა სახელწოდებით CoronaVac მიიჩნიეს, რომ 91%-ით ეფექტურია, მაგრამ მომდევნო კვლევების შედეგად ეს მაჩვენებელი შეიცვალა. ბრაზილიაში ამ ვაქცინის ეფექტურობის მაჩვენებელი 50.4%-მდე შემცირდა, რაც ჯანმოს მიერ ეფექტური ვაქცინისთვის დაწესებულ ზღვარზე ცოტათი მაღალია. თუმცა სინოვაკის ცნობით, როცა საქმე კორონავირუსით მძიმედ ინფიცირებას ეხება, მისი ეფექტურობა გაცილებით მაღალია”.