მთავარი,სიახლეები

რა ინფორმაციას ვერ მივიღებთ გენმოდიფიცირებულ სურსათზე – მთავრობამ რეგლამენტი 2 წლით შეაჩერა

30.03.2021 • 1529
რა ინფორმაციას ვერ მივიღებთ გენმოდიფიცირებულ სურსათზე – მთავრობამ რეგლამენტი 2 წლით შეაჩერა

გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან წარმოებული სურსათის მიკვლევადობის ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება საქართველოს მთავრობამ 2 წლით შეაჩერა. ამ რეგლამენტით შესაძლებელი იყო გაგვეგო გენმოდიფიცირებული სურსათის, ასევე მასში გამოსაყენებლად განკუთვნილი ნებისმიერი ნივთიერების შესახებ მონაცემები და ინფორმაცია – ყველა ეტაპზე –  წარმოებიდან ქსელში მოხვედრამდე.

ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები უნდა გავრცელებულიყო ბაზარზე განთავსებულ პროდუქტზე, რომელიც შეიცავს  გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმ(ებ)ს, ან შედგება გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმ(ებ)ისაგან; ასევე, სურსათზე და ცხოველის საკვებზე, რომელიც წარმოებულია  გენეტიკურად მოდიფიცირებული  ორგანიზმ(ებ)ისაგან.

ტექნიკური რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს, რომლებიც დაკავშირებულია:

[checklist]

  • გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტირების სიზუსტესთან;
  • გარემოზე ზემოქმედების მონიტორინგთან;
  • კონკრეტულ შემთხვევებში, ადამიანის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის მონიტორინგთან;
  • შესაბამისი რისკის მართვის ღონისძიებების განხორციელებასთან;
  • აუცილებლობის შემთხვევაში, ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ამოღებასთან.

[/checklist]

რეგლამენტის მიხედვით:

  • გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი  [გმო] არის სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი ორგანიზმი, რომლის გენეტიკური მასალა შეცვლილია თანამედროვე ბიოტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებით, რომლებიც არ განეკუთვნება ტრადიციულ სელექციურ და ჯიშთა გამოყვანის მეთოდებს;
  • გმო-დან წარმოებული პროდუქტი კი, არის გმო-დან სრულად ან ნაწილობრივ მიღებული პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს გმო-ს ან არ შედგება გმო-სგან;

ტექნიკური რეგლამენტი იძლეოდა გმო-სა და გმო-დან წარმოებული სურსათის/ცხოველის საკვების, მასში გამოსაყენებლად განკუთვნილი ნებისმიერი ნივთიერების შესახებ მონაცემებისა და ინფორმაციის დადგენის შესაძლებლობას – ბაზარზე განთავსების, წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე [მიკვლევადობა].

ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 2021 წლის პირველი იანვრიდან შევიდა, თუმცა 26 მარტის დადგენილებით მთავრობამ მისი მოქმედება 2023 წლის პირველ იანვრამდე შეაჩერა.

ამავე დადგენილებით: „გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათი/ცხოველის საკვები, რომელიც ბაზარზე განთავსებულია დადგენილების ამოქმედებამდე [ანუ, ქსელში შემოიტანენ 2023 წლის პირველ იანვრამდე – ავტ.] მაგრამ არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დასაშვებია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს სურსათის/ცხოველის საკვების ვარგისიანობის ვადის გასვლამდე“.

მიუხედავად ტექნიკური რეგლამენტის მოქმედების შეჩერებისა, ძალაშია კანონი, რომლითაც გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შესაბამისი წარწერა.

სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ საქართველოს კანონით, „გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში, წრიულ ფორმაში განთავსებული უნდა იყოს წარწერა „გმო“, ხოლო გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში, წრიულ ფორმაში – წარწერა „გმ“. აღნიშნული წარწერები იმდენად თვალსაჩინო, ადვილად აღქმადი და მკვეთრად გამოსახული უნდა იყოს, რომ მომხმარებელმა ადვილად შეძლოს მათი იდენტიფიცირება“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: