2020 წლის ბოლო სამ თვეში საქართველოში 4 717 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე 2019 წლის იმავე პერიოდში. კორონავირუსის პანდემიის პიკი საქართველოში სწორედ 2020 წლის ბოლო სამი თვე იყო, როცა ქვეყანაში ვირუსით ყველაზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.
კორონავირუსით ქვეყანაში 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში 2 488 ადამიანი გარდაიცვალა.
„კლინიცისტთა ჯგუფი მოახდენს ყველა შემთხვევის დეტალურ განხილვას, რის საფუძველზეც მოხდება 2020 წელს Covid19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის ჩაღრმავებული ანალიზი,“ – მოგვწერა „ბათუმელებს“ NCDC-მა დაახლოებით ერთი თვის წინ.
საქართველოში ეპიდსიტუაციაზე საუბრისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს, 30 მარტს განაცხადა, რომ „სტაბილიზებული იყო ეპიდსიტუაცია ქვეყანაში და გაგვექცა ხელიდან. აპრილში განმეორდება, სამწუხაროდ, ნოემბერი და დეკემბერი, ამდენი მსხვერპლით, რაც ჩვენ იმ ორ თვეში გვქონდა“.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2019 წლის ბოლო სამ თვეში [ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი] საქართველოში სულ 11 660 ადამიანი გარდაიცვალა, 2020 წლის ბოლო სამ თვეში კი – 16 377.

2010 წლიდან დღემდე, ყოველი წლის ბოლო სამ თვეში გარდაცვლილთა სტატისტიკა საქართველოში / წყარო: საქსტატი
როგორც საქსტატის მონაცემებით ჩანს, ბოლო 11 წლის განმავლობაში გარდაცვალების საერთო მაჩვენებელი [წლის ბოლო სამი თვის ერთად] ყველაზე მაღალი სწორედ 2020 წელსაა.
ამავე თემაზე:
2020-ში შობადობა 3.7 %-ით შემცირდა, სიკვდილიანობა 8.3 %-ით გაიზარდა — საქსტატი