მთავარი,სიახლეები

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთ ვაქცინაციას ჩავუტარებთ – მინისტრი

30.03.2021 • 1030
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთ ვაქცინაციას ჩავუტარებთ – მინისტრი

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლები ვაქცინაციის ჩატარებას შეძლებენ. ამის შესახებ დღეს, 30 მარტს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა.

მინისტრის თქმით, აცრის ჩატარებას შეძლებენ სამედიცინო სფეროში დასაქმებული და 65 წელს გადაცილებული პირები.

„რეგისტრაციის მოდული არ იქნება სავალდებულო. ვინაიდან ვთვლით, რომ მაქსიმალურად გამარტივებული უნდა იყოს ყველა ის პროცედურა, რომელსაც ეს ადამიანები გაივლიან. სქემა, დამატებითი, რომელზეც შევთანხმდით იქნება იგივე, რაც ჩვენ საქართველოს მოქალაქეებისთვის გვაქვს საქართველოს ტერიტორიაზე. ყველა ექიმი და ის ჯგუფი, რომელიც განსაზღვრულია კოვიდვაქცინაციის საბჭოს მიერ, მათი ვაქცინაციაც წარიმართება იგივე სქემით,“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განმარტებით, აცრა ჩატარდება უშუალოდ სამედიცინო დაწესებულებაში, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

„ჩვენ ვიცით იმ სამედიცინო პერსონალის ოდენობა, რომელიც დღესდღეობით ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება. შესაბამისად, მათთვის გამოყოფილი გვაქვს საჭირო დოზა. დაახლოებით 500 დოზამდე იქნება სამედიცინო პერსონალისთვის. ასევე პენსიონერებისთვის. იცით, რომ ისინი სარგებლობენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საპენსიო შეღავათებით და ასევე პენსიით და მათთან მიმართებაშიც საბჭოს აქვს ხედვა, რა დოზების მარაგი იქნება გამოყოფილი. თუმცა ჩვენ არ გვაქვს მათი რეგისტრაციის ვალდებულება ჩადებული ამ პროცესში და მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ვაქცინაციას, ამ დოზების შეზღუდვას ჩვენ არ მივმართავთ,“ – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ სამედიცინო სფეროს და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელ პირებს სურვილის მიხედვით შეეძლებათ “ასტრაზენეკას” ან “ფაიზერის” ვაქცინით აიცრან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: