9 წლის გოგოზე ძალადობის ბრალდებით გამოძიება დაიწყო, ჯერ არავინ დაუკავებიათ

დღეს, 9 აპრილს, პოლიციაში 9 წლის ბავშვზე ძალადობის შესახებ შეტყობინება შევიდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, რომელსაც ინფორმირებული პირი გვიდასტურებს, გოგონა თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული და სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება აღენიშნება.

გოგოზე სავარაუდოდ 45 წლის კაცმა იძალადა.

დაიწყო თუ არა გამოძიება და კონკრეტულად რა მუხლით? – ამ კითხვით მიმართა „ბათუმელებმა“ შს სამინისტროს. შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებული არავინ არ არის.

როგორც სოციალურ ქსელში წერენ, მოძალადე კაცი დაახლოებით 45 წლისაა და არაერთგზის არის ნასამართლევი. თუმცა შსს აღნიშნულ კითხვებს არ პასუხობენ. პოლიციაში არც იმას აზუსტებენ, რა სახის ძალადობაზეა საუბარი – ფიზიკურზე თუ სექსუალურზე.

ნორვეგიის პრემიერი იმიტომ დააჯარიმეს, რომ მან წვეულებაზე 10-ის ნაცვლად 13 პირი მიიწვია

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ერნა სოლბერგი ქვეყანაში კორონავირუსის პირობებში არსებული წესის დარღვევისთვის დააჯარიმეს.

პრემიერ-მინისტრმა თებერვლის ბოლოს საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ ოჯახურ წვეულებაზე 13 სტუმარი დაპატიჟა მაშინ, როცა ნორვეგიაში არსებული შეზღუდვების თანახმად, დასაშვებია მხოლოდ 10 ადამიანის შეკრება.

Norway Today-ის ცნობით, სოლბერგი თავად არ ესწრებოდა რესტორანში გამართულ წვეულებას, თუმცა პოლიცია მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრმა იცოდა, რამდენი ადამიანი დაესწრებოდა წვეულებას და მან შეარჩია რესტორანი, სადაც მაგიდა უნდა დაჯავშნილიყო.

პოლიციამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 20 000 კრონით დააჯარიმა.

ერნა სოლბერგმა ბოდიში მოიხადა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვის დარღვევისთვის. „ევრონიუსის“ ცნობით, მან განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვა და მადლობა გადაუხადა ნორვეგიის იმ მოქალაქეებს, რომლებიც იცავენ შეზღუდვებს და პრემიერ-მინისტრის საქციელმა ისინი გააბრაზა.

პოლიციამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის მიერ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვის შესაძლო დარღვევაზე.

_____________

ერნა სოლბერგი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/Valda Kalnina

ამავე თემაზე: 

დააჯარიმეს დეპუტატები ხალხმრავალი წვეულებების გამო? – რას ამბობს შრომის ინსპექცია

ბათუმში ავარიის შედეგად 2 პირი დაშავდა

ბათუმში, ბაგრატიონისა და ჟიული შარტავას ქუჩების გზაჯვარედინზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ აღენიშნებოდათ მრავლობითი ტრავმები.

კაცს კერძი არ მოეწონა და ცოლს სცემა – რა თქვა სასამართლომ

120 დღით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ბათუმში მცხოვრებ კაცს მიუსაჯა. კაცმა იმის გამო სცემა ცოლს, რომ კერძი არ მოეწონა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე გენდერული მოტივი დაადგინა, ანუ როცა ადამიანზე იმის გამო ძალადობენ, რომ ის ქალია.

განაჩენის მიხედვით, საკვები ორ სხვადასხვა დღეს გახდა კონფლიქტის მიზეზი. პირველ შემთხვევაში კაცმა ცოლს კერძის გემო დაუწუნა და ქალს ყელში ხელები მოუჭირა, რამდენიმე დღის  შემდეგ კი, ბრალდებულმა საკვების ტემპერატურა გააპროტესტა და ქალს თმებში ჩაავლო ხელი.

„…მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი.-მ სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად ოჯახის უფროსი და უპირატესი მდგომარეობის მქონე, ქალის დაქვემდებარებული როლის, თითქოს ოჯახში საკვების მომზადება მხოლოდ ქალის მოვალეობაა, თავისი ოჯახის წევრის, მეუღლის ირინას მიერ მომზადებული საკვების დაწუნების გამო, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ირინას ყელში ხელების მოჭერით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – ვკითხულობთ განაჩენში.

ამ შემთხვევის შემდეგ ქალს პოლიციისთვის არ მიუმართავს, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ კონფლიქტი ისევ მოხდა.

მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი.-მ სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად ოჯახის უფროსი და უპირატესი მდგომარეობის მქონე, ქალის დაქვემდებარებული როლის, თითქოს ოჯახში საკვების მომზადება მხოლოდ ქალის მოვალეობაა, თავისი ოჯახის წევრის, მეუღლის ირ—ის მიერ მომზადებული საკვების ტემპერატურის დაწუნების გამო, ვინაიდან მეუღლემ არ გაუცხელა საკვები, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ირ-ს ფეხების სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დარტყმით, ასევე, თმების მოქაჩვით, ყელისა და სახის არეში ხელების მოჭერით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი…“, – ვკითხულობთ სასამართლოს განაჩენში.

მოსამართლეს ამ საქმეზე დაზარალებული ქალის, ბრალდებულის ან სხვა მოწმის ჩვენება არ მოუსმენია, რადგან ბრალდებულმა ბრალი სრულად აღიარა და პროკურატურის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები სადავოდ არ მიუჩნევია.

საქმეშია ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვითაც ქალს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები მარცხენა მხრის და მარჯვენა წვივის არეში. „დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს,“ – ჩაუწერია ექსპერტს დასკვნაში.

„ფორმულას“ მძღოლის ავტომანქანის დაზიანებაზე გამოძიება დაიწყო – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო ტელეკომპანია „ფორმულას“ მძღოლის ავტომობილის დაზიანების ფაქტზე.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა სოფელ გამარჯვებაში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის დაზიანების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები.

„გამოიკითხა ავტომობილის მფლობელი, რომელმაც აღნიშნა, რომ არის ტელეკომპანია „ფორმულას“ მძღოლი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

რაც შეეხება მეორე ფაქტს, რომელზეც ტელეკომპანია „ფორმულა“ საუბრობს, შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება არ შემოსულა. ინფორმაციის მიღებისთანავე, უწყება შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს,“ – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

ტელეკომპანია „ფორმულაში“ აცხადებენ, რომ გუშინ, 8 აპრილს, მათ ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ – ერთს ავტომანქანა დაუზიანეს, ხოლო მეორეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ეს არის გაგრძელება ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის და ქვეყანაში არსებული ძალადობრივი ფონის, რომელიც, ჩვენი აზრით, ხშირ შემთხვევაში უკავშირდება იმ  უპასუხისმგებლო რიტორიკას, რომელიც აქვს მმართველ პარტიას, მათ დეპუტატებს და მათ ხელმძღვანელობას. მათ მიერ ტირაჟირებული ეს სიძულვილის ენა არის გამომწვევი მიზეზი ყველა ასეთი ტიპის პრობლემის,“ – განაცხადა დღეს, 9 აპრილს, ზუკა გუმბარიძემ, „ფორმულას“ გენერალურმა დირექტორმა.

_______________

ამავე თემაზე: 

„ეს ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის გაგრძელებაა“ – თავდასხმა „ფორმულას“ თანამშრომლებზე

ქურდული გარჩევა ქობულეთში კაცის თოფით მოკვლამდე – განაჩენი

„ის მთავაზობდა მეყიდა ჩემი სახლის გვერდით მდებარე მიწის ნაკვეთი 15 ათას დოლარად, მაგრამ ის მიწა მისი არ იყო, თანაც ფასი მიუღებელი იყო… საბოლოოდ ვუთხარი, რომ მხოლოდ 10 ათას დოლარს გადავიხდიდი… ამაზე გაღიზიანდა, რას ჰქვია უარი მითხარი, მე ვინ ვარ იციო?“ – მოუყვა მოსამართლეს ქობულეთში მცხოვრები გოჩა. ქ, ვისთანაც დაპირისპირებული გიორგი ჯ. [სახელები შეცვლილია] ქობულეთში გასული წლის 27 თებერვალს სანადირო თოფით მოკლეს.

საქმის მასალების მიხედვით, მკვლელობამდე გიორგი ჯ. ნაჯახით მოსაკლავად მისდევდა გოჩა ქ.-ს. სწორედ გოჩას ცოლის ძმა, ავთო ც. არის მკვლელობაში მსჯავრდებული. ავთო ც-მ. სასამართლოს უთხრა, რომ სიძე სიკვდილს მან გადაარჩინა და საბედისწერო დღემდე გიორგი ჯ.-ს არც კი იცნობდა.

დაპირისპირება ქობულეთის ფსიქიკური და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ტერიტორიაზე დღისით მოხდა. თოფით სამჯერ გასროლის შედეგად მძიმედ დაჭრილი გიორგი ჯ. კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა იგი მალევე გარდაიცვალა. გიორგი ჯ. 32 წლის იყო. განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ავთო ც.-ს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 1 წლით და  6 თვით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა.

მოწმე გოჩა ქ.-მ მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს ასევე უთხრა, რომ გიორგი ჯ.-ს, რომელიც სანადირო თოფით მოკლეს, კონფლიქტამდე საერთოდ არ იცნობდა, მაგრამ „ბევრი რამ ჰქონდა გაგებული წარსულში მისი დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ და ეს მთელმა ქობულეთმა იცოდა.“

„…როცა უარი ვუთხარი მიწის შეძენაზე, გადავიდა მუქარაზე. კამათის ხმაზე სახლიდან გამოვიდნენ ჩემი მეუღლე და დედა, მეზობლად მცხოვრები ტყუპი ძმებიც… დაუწყეს დამშვიდება, რამაც უფრო აგრესიული გახადა. წასვლამდე მომაძახა, საქმეში ქალების ჩარევას არ გაპატიებო, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. ამ შემთხვევიდან დაახლოებით ნახევარ საათში მოვიდა ჩემთან ავთო ც. ის ჩემი ცოლის ძმაა, მაგრამ საერთოდ არ გვისაუბრია ამ კონფლიქტზე, ის ღამით ჩვენთან დარჩა…“ – თქვა გოჩა ქ.-მ.

მოწმის ჩვენების მიხედვით, დილით ის და მისი ცოლის ძმა ნარკოლოგიის ცენტრში ცალ-ცალკე მივიდნენ, რადგან მეტადონის პროგრამაში არიან ჩართული. რიგში მდგომ გოჩა ქ.-ს თანმხლებმა პირმა აცნობა, რომ გიორგი ჯ. ნარკოლოგიის ცენტრის ტერიტორიაზე იყო ნაჯახით ხელში – „მგონი, შენ გელოდებაო“.

გოჩა ქ.-ს თქმით, ეზოში გიორგი ჯ.-მ ნაჯახით მისი მოკვლა მართლაც სცადა, მაგრამ პირველ ჯერზე მას „ვიღაც უცნობმა ადამიანმა ხელი დაუკავა.“ ამ დროს გამოჩნდა ნარკოლოგიურის ეზოში გოჩა ქ.-ს ცოლის ძმა – ავთო ც. სანადირო თოფით ხელში.

„მას დაბლა ჰქონდა დაშვებული ლულა, გავიგე გასროლის ხმა, ის ისევ მიქნევდა ნაჯახს, ნაჯახის ტარი მომხვდა მარცხენა მხარეს, დავეცი, თავზე დამადგა ნაჯახმომარჯვებული, ყველაფერი წამებში ხდებოდა, ვცდილობდი, მისი მოძრაობა არ გამომპარვოდა, რომ ნაჯახის მორიგი მოქნევა ამეცილებია, ისევ მოხდა ორი გასროლა და ჯ. წელში მოიხარა, ნაჯახი დააგდო, გაიქცა…“ – დაასრულა მოწმემ.

იგივე თქვა ბრალდებულმა ავთო ც.-მ. მისი თქმით, სანადირო თოფი ყოველთვის უდევს მანქანაში და როცა მოულოდნელად დაინახა, მის სიძეს როგორ დაესხნენ თავს, სანადირო თოფით შევიდა ნარკოლოგიურის ეზოში.

„…ვიდრე შევიდოდი შენობაში მეტადონის ულუფის მისაღებად, დავინახე ავტომანქანიდან გადმოხტა ვიღაც ახალგაზრდა ნაჯახით ხელში, რომელიც გაიქცა გინებით და მუქარით ქ.-სკენ. მაშინვე გადმოვედი მანქანიდან, უკანა სავარძლიდან ამოვიღე სანადირო თოფი, რომელიც სულ თან დამაქვს, ამ დროს დავინახე, რომ ქ.-სკენ მოქნეულ ნაჯახზე იმ ახალგაზრდას ვიღაც უცნობმა პირმა აუკრა ხელი, ქ. გაიქცა, ნაჯახიანი კი გაეკიდა. ეს ყველაფერი რამდენიმე მეტრში ხდებოდა ჩემგან. პირველად ფეხების მიმართულებით გავისროლე გასაფრთხილებლად, თუმცა ის ქ.-ს კვლავ უქნევდა ნაჯახს, ამას მოყვა მეორე გასროლა, რის შემდეგაც ნაჯახის მოქნევისას ახალგაზრდამ აშკარად ძალა დაკარგა და მხოლოდ ნაჯახის ტარი ჩამოარტყა ქ.-ს…“ – უთხრა მოსამართლეს ავთო ც.-მ.

ბრალდებულმა ვერ ახსნა, რატომ გაისროლა მესამედ. ეს მოსამართლისთვის მთავარი ფაქტორი აღმოჩნდა, რის გამოც მან განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია სსკ-ის 113-ე მუხლით შეცვალა, რაც გულისხმობს მკვლელობას აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით.

„..მეორე გასროლის შემდეგ ჯ.-ს ძალა ეცლება და აღარ შესწევს უნარი ნაჯახი ჩაარტყას ქ.-ს, მხოლოდ ნაჯახის ტარს ჩამოარტყამს მხარზე. შესაბამისად, მისთვის ცხადია, რომ ჯ.-ს წინააღმდეგობა დაძლეულია, უკვე ქ.-საც შეუძლია ძალადაკარგულ და დაჭრილ ჯ.-ს დაუსხლტეს ხელიდან დამატებითი, რადიკალური ზომების გარეშეც, მაგრამ ახდენს მესამე გასროლასაც კვლავ შემართული თოფით სხეულის ზედა ნაწილისკენ სულ 3-4 ნაბიჯის მანძილიდან, ამავდროულად მესამე გასროლამდე ჯიბიდან იღებს ვაზნებს და გადატენის იარაღს. მისი ეს ბოლო მოქმედება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ც. ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომზადებული მივიდა ვაზნებით და თოფით, რომ საჭიროების შემთხვევაში დაეცვა სიძის სიცოცხლე და ჯანმრთელობა,“ – ვკითხულობთ განაჩენში, სადაც მოსამართლე გადაწყვეტილებას სამართლებრივად ასაბუთებს.

აღსანიშნავია, რომ მოწმეთა მიერ მოყოლილი ამბები ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერმაც დაადასტურა, რომელიც ქობულეთის ნარკოლოგიურის ეზოში ყოფილა განთავსებული.

მკვლელობის შემდეგ გოჩა ქ.-ს და ავთო ც.-ს ქალაქი დაუტოვებიათ და ოჯახის წევრებთან ერთად სოფელში წასულან.
„ოჯახის წევრებიც გავხიზნეთ, რადგან ნებისმიერ დროს იყო შესაძლებელი ჯ., რომელიც ცოცხალი გვეგონა, დაგვსხმოდა თავს შურისძიების მიზნით, სოფელში ასვლის დროს თოფი დავშალე და ბუჩქებში დავმალე… მე ჩემი მყისიერი ქმედებით სიძის სიცოცხლე გადავარჩინე, აზრადაც არ მქონია ჯ.-ს მოკვლა, არც კი ვიცნობდი მას,“ – დაასრულა ბრალდებულმა.

პოლიციის თანამშრომლებმა ავთო ც. მკვლელობის ჩადენის დღეს, 27 თებერვალს, დააკავეს.

ქარტია მოუწოდებს შსს-ს, დროულად გამოიძიოს „ფორმულას“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს „ფორმულას“ თანამშრომლებზე განხორციელებულ ძალადობას და მიიჩნევს, რომ მომხდარი სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიძიონ.

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება.

ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს ინფორმაციას,  რომ ტელეკომპანიის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად იძალადეს მათზე. „ფორმულას“ თქმით, ერთ-ერთ მათ თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი ავტომანქანა დაუმტვრიეს. მედიის ინფორმაციით, თავდასხმა კრიტიკულ მედიასაშუალებაში მუშაობას უკავშირდება.

ბოლო პერიოდში გახშირდა ჟურნალისტთა თავდასხმის ფაქტი, რასაც არასამთავრობო სექტორი, მათ შორის, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ერთი მხრივ, ხელისუფლების აგრესიულ რიტორიკას და, მეორე მხრივ, სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ჟურნალისტების თავდასხმის ფაქტებზე არასათანადო რეაგირებას უკავშირებს.

2021 წლის 25 თებერვალს ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანს, ვახო სანაიას და მის ოჯახს თავს დაესხნენ. ჟურნალისტის თქმით, თავდასხმის მოტივი იმ აგრესიული პროპაგანდის შედეგი იყო, რასაც ხელისუფლება კრიტიკული მედიის მიმართ ეწევა.

2021 წლის 6 მარტს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მესტიის მერი დაემუქრა, მოგვიანებით კი, მედიასაშუალების გადამღებ ჯგუფს ავტომობილი დაუზიანეს.

2021 წლის 16 თებერვალს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მედიაჰოლდინგ „კვირას“ გადამღებ ჯგუფს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტთა თავდასხმისა და ქონების დაზიანების ფაქტები კვლავ გამოუძიებელია.

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად გამოიძიოს ჟურნალისტთა თავდასხმის, საქმიანობაში უკანონო ხელშეშლისა და ქონების დაზიანების ყველა ფაქტი.

ამავე თემაზე: 

„ეს ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის გაგრძელებაა“ – თავდასხმა „ფორმულას“ თანამშრომლებზე

„ეს ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის გაგრძელებაა“ – თავდასხმა „ფორმულას“ თანამშრომლებზე

ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, მათ თანამშრომლებს თავს დაესხნენ.

„ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს“ – აცხადებს „ფორმულა“.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მძღოლს, რომელსაც თავდამსხმელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ახსენებდნენ „ფორმულას“. კიდევ ერთი თანამშრომელი იხსენებს, რომ ავტომანქანაზე მინები, სავარაუდოდ საქარე მინაზე „ფორმულას“ საშვის ქონის გამო, ჩაუმსხვრიეს. ორივე ფაქტი სხვადასხვა ადგილას მოხდა, ერთი დღის განმავლობაში.

„ღამის 3 საათზე, კომენდანტის საათის დროს, ჩვენი მძღოლის არჩილ ტიბუნაშვილის მანქანაზე, რომელზეც არის „ფორმულას“ ლოგოები და არის ფორმულას მიკროფონის ღრუბელი, განხორციელდა ვანდალური აქტი. ჩამსხვრეულია შუშები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის  ჩვეულებრივი კრიმინალური შემთხვევა, როცა მანქანიდან რაღაცის ამოღებას ცდილობდნენ. მანქანიდან არაფერი არ არის ამოღებული, უბრალოდ მანქანაა დაზიანებული.

მეორე ფაქტი ასევე უკავშირდება „ფორმულას“ მძღოლს, რომელიც არის ნაცემი, მას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე მან გვთხოვა მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ დაგვესახელებინა მისი სახელი და გვარი, თუმცა, ბუნებრივია,  კომპეტენტურ ორგანოებს ჩვენ ვთხოვთ, დაინტერესდნენ ამ ფაქტით, ვინაიდან მასზე არის მომხდარი ძალადობა, ვითხოვთ კომპეტენტური ორგანოებისგან ამ ფაქტის სწრაფად გამოძიებას.

ეს არის გაგრძელება ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის და ქვეყანაში არსებული ძალადობრივი ფონის, რომელიც, ჩვენი აზრით, ხშირ შემთხვევაში უკავშირდება იმ  უპასუხისმგებლო რიტორიკას, რომელიც აქვს მმართველ პარტიას, მათ დეპუტატებს და მათ ხელმძღვანელობას. მათ მიერ ტირაჟირებული ეს სიძულვილის ენა არის გამომწვევი მიზეზი ყველა ასეთი ტიპის პრობლემის“ – განაცხადა ზუკა გუმბარიძემ, „ფორმულას“ გენერალურმა დირექტორმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტები „ფორმულას“, როგორც კრიტიკული მედიის მუშაობას ვერ გააჩერებს.

„ფორმულას“ თანამშრომლებზე თავდასხმას ეხმიანებიან საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“. არასამთავრობო ორგანიზაციები შს სამინისტროს მიმართავენ, დაუყოვნებლივ მოხდეს რეაგირება აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება.

2021 წლის 25 თებერვალს თავს დაესხნენ „ფორმულას“ ჟურნალისტს ვახო სანაიას. სანაიას შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვახო სანაია თავდასხმას თავის საქმიანობას უკავშირებს. მისი თქმით, თავდამსხმელები მის მიმართ აგრესიას სწორედ ამ ნიშნით ავლენდნენ.

______________________

ფოტოზე: ბრიფინგი ტელეკომპანია „ფორმულაში“. კადრი „ფორმულას“ ვიდეომასალიდან.

რომელ კლინიკებს დაევალება ამცრელი კაბინეტის მოწყობა – ახალი დადგენილება 

ნებისმიერი სტაციონარული დაწესებულება, რომელიც ფლობს სტაციონარული დაწესებულების ნებართვასა და დანართებს რეანიმაციული ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) მომსახურებაში, ჯანდაცვის სამინისტროს მითითების საფუძველზე, ვალდებულია, დაწესებულების ბაზაზე უზრუნველყოს COVID 19 ვაქცინაციისთვის შესაბამისი ამცრელი კაბინეტებისა და ბრიგადების ორგანიზება.

დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 8 აპრილს მიიღო.

ვაქცინაციაზე რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ელექტრონულად, ასევე ცხელ ხაზზე – 1522 დარეკვით [პაციენტი ცხელ ხაზს აწვდის პირად ნომერსა და ტელეფონის ნომერს].

ვაქცინაციაზე რეგისტრაცია უკვე 55 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც შეუძლიათ.

ამ ეტაპზე კორონავირუსზე აცრა აჭარაში მხოლოდ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მედცენტრში და ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოშია შესაძლებელი.

2021 წლის 9 აპრილის დილის მონაცემებით, აჭარაში სულ 1 587 ადამიანი აიცრა; აქედან ფაიზერით – 840, ხოლო ასტრაზენეკათი –  747.

ამ თემაზე:

რას იხდის ვაქცინებში საქართვლო – ფაიზერი, ასტრაზენეკა და სინოფარმი

 

ბათუმის საბალეტო სკოლაში კოვიდი გამოვლინდა

ბათუმის ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლაში კორონავირუსი დამლაგებელს დაუდასტურდა. როგორც სკოლის დირექტორმა „ბათუმელებს“ უთხრა, სწავლება არ გადავა დისტანციურ რეჟიმზე.

„დამლაგებელს დაუდასტურდა კოვიდი, მაგრამ ვესაუბრეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, მივიღეთ რეკომენდაციები და გავრცელების რისკი არ არისო გვითხრეს. ჯერჯერობით ვმუშაობთ და არ გადავდივართ დისტანციურზე“, – ამბობს დირექტორი ირმა მსხალაძე.

მისი თქმით, ერთ-ერთ მოსწავლეს ჩაუტარდა დღეს, 9 აპრილს, კორონავირუსზე ტესტი სიმპტომებიდან გამომდინარე, თუმცა პასუხი ჯერ ცნობილი არ არის.

„ერთი მოსწავლე გვყავს სიმპტომებით, რომელიც მეორე საჯარო სკოლაშიც სწავლობს. უკვე აღებული აქვს ტესტი და ველოდებით პასუხს.“

დირექტორის თქმით, დამლაგებელს არ ჰქონდა ხშირი კომუნიკაცია მოსწავლეებთან, რადგან დილით იწყებს დალაგებას და სამუშაოს აგრძელებს სწავლის დასრულების შემდეგ. „ძირითადად ღია სივრცეებს ალაგებს, ამიტომ გავრცელების რისკები მცირეა“, – ამბობს დირექტორი.

დღეს აჭარაში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

რატომ გამოუშვეს კაცი, რომელიც ბათუმის ეპარქიის რეზიდენციაში დანით შეიჭრა

კაცი, რომელიც გუშინ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის რეზიდენციაში დანით შეიჭრა, თავისუფალია. ეპარქიის პრესსამსახურის უფროსის, იოანე გორელიშვილის თქმით,   მიტროპოლიტ დიმიტრის თხოვნით გამოუშვეს ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორიდან.

„გუშინ ღამე დაუბრუნეს ოჯახს, ეპარქია არ უჩივის,“ – გვითხრა იოანე გორელიშვილმა.

იოანე გორელიშვილის თქმით, კაცმა, რომელიც  ეპარქიაში შეიჭრა, „ვერ განსაზღვრა, სად შემოვიდა  და რა უნდოდა“.

„მან შემდეგ ბოდიში მოგვიხადა მომხდარის გამო, იყო ნასვამი და ვერ განსაზღვრა, სად შემოვიდა, რა უნდოდა, გამოხატავს სინანულს და სიყვარულს ეკლესიის მიმართ, ვერ მიხვდა, რა გააკეთა… არავითარი განზრახვით ის ეპარქიაში არ შემოსულა,“ – ამბობს იოანე გორელიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია მუქარის მუხლით. უწყების პრესცენტრში არ აზუსტებენ, დაკავებულია თუ არა ბრალდებული.

ისრაელში დასაქმებას საქართველოს 1000 მოქალაქე შეძლებს – რეგისტრაცია 12 აპრილს დაიწყება

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელში დასაქმების მსურველი  საქართველოს მოქალაქეები რეგისტრაციას 12 აპრილიდან შეძლებენ. რეგისტრაცია გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში ვებგვერდზე

ვებგვერდი ჯერ არ მოქმედებს და ის 12 აპრილიდან ამოქმედდება.

სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელში ლეგალურ დასაქმებას საქართველოს 1000 მოქალაქე შეძლებს.

ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარის პოზიციაზე დასაქმდებიან. სამუშაოს ხანგრძლივობა იქნება 6 სამუშაო დღე კვირაში, სრული განაკვეთი.

თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42-საათიანი სამუშაო გრაფიკით იქნება 5300 შეკელი.

ისრაელში ჩასული დასაქმებულები მიიღებენ ვიზას, რომელიც ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება და რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მაქსიმუმ 63 თვემდე.
დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

განათლება:
საშუალო სკოლა დამთავრებული;
სახელმწიფოს მიერ აღიარებული სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი.
ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

ზოგადი მოთხოვნები:
• საქართველოს მოქალაქე
• ასაკი: 25-დან 45 წლამდე

• სიმაღლე: არა ნაკლებ 1.5 მეტრი. წონა: არა ნაკლებ 45 კგ
• ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი
• ნასამართლობის არ მქონე
• ისრაელში მუშაობის ისტორიის არ მქონე
• არასდროს უცხოვრია ისრაელში უნებართვოდ
• არ უნდა ჰყავდეს მშობლები, მეუღლე, შვილები, რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ისრაელში
• კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა, რომ ისრაელში შესვლამდე გაიაროს COVID 19-ის ტესტი საქართველოში
• კანდიდატი თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ COVID 19-ის ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად
(აღნიშნული მოიცავს COVID-19 ვაქცინაციის 2 დოზის ჩატარებას, 3 კვირის შუალედით).

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ან დარეკეთ ცხელ ხაზზე: 1505.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 9 აპრილის 21 საათიდან 10 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 11-12 აპრილს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

საქართველოში კოვიდის 777 ახალი შემთხვევა დადასტურდა | ბოლო 24 საათის მონაცემები

Stopcov.ge-ს ცნობით, 9 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდის 777 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 36 578 კვლევა ტესტით.

8 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.12 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.09%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.47 %.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაიცვალა 9 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 777 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 430 შემთხვევა, აჭარაში – 62, იმერეთში – 50, ქვემო ქართლში – 29, შიდა ქართლში – 29, გურიაში – 21სამეგრელო – ზემო სვანეთში – 91, კახეთში – 32მცხეთა-მთიანეთში – 17, სამცხე-ჯავახეთში – 6, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის  873, საიდანაც 2 129 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 68 პირი.

ამ ეტაპზე საქართველოში თვითიზოლაციაშია 11 879 ადამიანი.

ბათუმში 1 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით

9 აპრილის მონაცემებით, ბათუმში 1 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით ბოლო 24 საათში.

88 წლის ქალი გარდაიცვალა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც ბათუმში მოქმედი კოვიდკლინიკაა. როგორც კლინიკაში გვითხრეს, პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში 9 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით  საქართველოში 3 858 ადამიანი გარდაიცვალა.

 ______________

ფოტოზე: საავადმყოფოს ექთანი პანდემიაში. წყარო: nplg.gov.ge, ციფრული ფოტოგამოფენა „ქართველი ექთნები ეპიდემიის წინა ხაზზე“

აჭარაში კოვიდის 62 ახალი შემთხვევაა | 9 აპრილი

9 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჟამად აჭარის კოვიდკლინიკებში 267 პაციენტი მკურნალობს და მათგან 1 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

აჭარაში თვითიზოლაციაშია 1 925 პირი. 108 ადამიანი იმყოფება რეგიონის კოვიდსასტუმროში. 

ბათუმის მიტროპოლიტის რეზიდენციაში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, პატრიარქის ძმისშვილის, დიმიტრი შიოლაშვილის რეზიდენციაში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა.

ინფორმაცია თავდაპირველად „მთავარმა არხმა“ გაავრცელა და „ნეტგაზეთს“ დაუდასტურა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა, დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.

„შეიჭრა ერთი პირი, რომელიც იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, რომელიც იქვე მყოფმა სტიქაროსანმა და სამართალდამცველებმა, რომლებმაც თვითონვე იხილეს, თუ როგორ შეამტვრია კარი, გაანეიტრალეს“, – უთხრა „ნეტგაზეთს“ დეკანოზმა.

მისივე ცნობით, თავდამსხმელი არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში და „ვერ ჩამოაყალიბა, რატომ ჩაიდინა ეს“.

პრესსპიკერის თანახმად, უცნობი პირი განყოფილებაში გადაიყვანეს; ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.

იოანე გორელიშვილმა თქვა, რომ პატრიარქის ძმისშვილი, მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი თავდასხმის სამიზნე არ ყოფილა.

კითხვაზე, ეს თავად თავდამსხმელმა თქვა თუ არა, დეკანოზმა გვიპასუხა:

„თავდამსხმელი ვერ აყალიბებდა აზრს. ამბობდა, არასათანადო დახვედრის გამო დავამტვრიე კარებიო. თუმცა რას გულისხმობდა, არ ვიცი, ისეთ მდგომარეობაში იყო, ვერავინ გაიგო“.

დეკანოზის ინფორმაციით, ინციდენტი 8 აპრილს, დაახლოებით დღის 4 საათზე მოხდა.

ეს არის თავისუფლების აქტი – 9 აპრილს ბათუმში საპროტესტო მსვლელობით შეხვდნენ [LIVE]

ოპოზიციური პარტიები მსვლელობას მართავენ ბათუმის ქუჩებში და ამ ფორმით 9 აპრილს აღნიშნავენ. ათობით ადამიანი აღმაშენებლის ქუჩიდან გმირთა მოედნის მიმართულებით დაიძრა. სწორედ გმირთა მოედანზეა განთავსებული 9 აპრილის მემორიალი.

მსვლელობა აქციის მონაწილეებმა საღამოს 11 საათზე დაიწყეს. ეს მსვლელობა ასევე არის ერთგვარი დაუმორჩილებლობის აქტი.  4 თვეზე მეტია საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებს და საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე ქუჩაში საშვის გარეშე გადაადგილება აკრძალულია.

“ეს არის ორმხრივად მნიშვნელოვანი მსვლელობა. ერთი მხრივ, აღვნიშნავთ 9 აპრილს, რომელსაც აქვს როგორც საზეიმო, ისე ტრაგიკული მნიშვნელობა. ეს არის საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპული ადამიანების ხსოვნის დღე და ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე.

რაც შეეხება მსვლელობას კომენდანტის საათის დროს, ეს არის პოლიტიკური პროტესტის ფორმა,” – თქვა “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ საპროტესტო აქციაზე.

კაცი ყოფილ ცოლს Facebook-ის გაუქმებას აიძულებდა და მას ქუჩაში სცემა – განაჩენი

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 400 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდა კაცს, რომელიც ყოფილ ცოლს facebook-ის გაუქმებას აიძულებდა და ამის გამო მას ქუჩაში სცემა.

განაჩენის მიხედვით, ოჯახში ძალადობისთვის მანამდე ნასამართლევმა კაცმა „სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ ქალი არ უნდა სარგებლობდეს სოციალური ქსელით, ასევე ქალის დაუმორჩილებლობით გაღიზიანებულმა, რომ ამ უკანასკნელმა არ გააუქმა სოციალურ ქსელ ,,Facebook’’-ში რეგისტრირებული თავისი პირადი პროფილი, ხელების თავის არეში რამდენჯერმე დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს, ყოფილ მეუღლეს – ა.-ძეს, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი…“ – აღნიშნულია განაჩენში.

ძალადობის შემთხვევის თვითმხილველი ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ყოფილა, რომელმაც მოსამართლეს უთხრა, რომ უსაფრთხოების მიზნების გამო იმყოფებოდა იმ დროს ქუჩაში, ქალაქში გემი შემოდიოდა და კაცმა ძალადობა შეწყვიტა, როცა ქალმა უთხრა, რომ 112-ში რეკავდა. მანამდე ქალი ქუჩაში ძაღლს ასეირნებდა და მოძალადე მას შემთხვევით შეხვდა.

„დაზარალებულმა ქალბატონმა მითხრა, რომ მოძალადე მისი ყოფილი მეუღლე იყო და პოლიციას თვითონვე შეატყობინებდა,“ – დასძინა მოწმემ.

მოსამართლემ ბრალდებული საპატიმრო დაწესებულებიდან გაათავისუფლა – ის წინასწარ პატიმრობაში იყო და მოსამართლემ სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა.

ტროტუარი, რომელიც ხესთან მიგიყვანს [ფოტოამბავი]

ბათუმში, თამარის დასახლებაში, ქალაქის ბიუჯეტიდან რამდენიმე ქუჩას აწესრიგებენ. კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ძმები ნობელებისა და გრიშაშვილის ქუჩებზე. ერთ-ერთ მონაკვეთში ტროტუარის მოწყობა უკვე დასრულებულია – ეს ტროტუარი ჭადრის ხესთან მიდის.

ბათუმი, ძმები ნობელებისა და გრიშაშვილის ქუჩების კვეთაში მოწყობილი ტროტუარი / 8.04.2021

ამ გზით ქვეითები სარგებლობენ, რომლებიც ნობელებისა და გრიშაშვილის ქუჩებიდან ლესელიძის ქუჩაზე, რკინიგზის ხაზის გადაკვეთით გადადიან.

ტროტუარი რკინიგზაზე გადასასვლელთან მისასვლელი გზის მხოლოდ ერთ მხარესაა მოწყობილი. რატომ გააკეთეს  ტროტუარი ამ ფორმით და გააკეთებენ თუ არა მეორე მხარეს? – ეს მერიის შესაბამის სამსახურში ჯერ ვერ დავადგინეთ.

პასუხი ჯერჯერობით არც იმ კითხვაზე ვიცით, ჩაიბარა თუ არა ეს ტროტუარი მერიამ.

[განახლება: ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთი არის გრიშაშვილის ქუჩის გაგრძელება და ამ ქუჩაზე კეთილმოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ზიმო-7“ ასრულებს. „სამუშაოები არ დასრულებულა და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს“ – გვითხრეს სამმართველოში.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, ტენდერის ფარგლებში კომპანიამ სამუშაოები, გრიშაშვილის ქუჩის გარდა, კიდევ რამდენიმე ქუჩაზე უნდა შეასრულოს. ხელშეკრულების თანხა ჯამში 1 768 542 ლარია, საიდანაც უკვე გადახდილია 646 405 ლარი. ტენდერის პირობის მიხედვით სამუშაოები 2021 წლის 11 მაისამდე უნდა დასრულდეს.]

ბათუმი, ძმები ნობელებისა და გრიშაშვილის ქუჩების გასწვრივ მოწყობილი ტროტუარი / 8.04.2021
ბათუმი, ძმები ნობელებისა და გრიშაშვილის ქუჩების კვეთაში მოწყობილი ტროტუარი / 8.04.2021
სარკინიგზო გადასასვლელი /გრიშაშვილის ქუჩიდან ლესელიძის ქუჩაზე/ , ბათუმი, 8.04.2021 / აქ უსაფრთხოების მიზნით არანაირი მანიშნებელი არ არის.
ბათუმი, ძმები ნობელებისა და გრიშაშვილის ქუჩების კვეთა
ახალგაკეთებული ტროტუარიდან ძველ ტროტუარზე გადასასვლელი / ბათუმი, ძმები ნობელების ქუჩა

ამ შემთხვევაში ტროტუარი ხესთან რომ მიდის, ცოტა შორიდანაც ჩანს, თუმცა ქალაქში ზოგიერთ ადგილას უსინათლოთა ბილიკები ისეა დაგებული, რომ მოულოდნელად წყდება.

ბათუმი – სახიფათო ქალაქი უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის

„მედიააკადემიას“ სასამართლომ ინფორმაციის გაცემა დაავალა

„მედიააკადემიას“ თბილისის საქალაქო სასამართლომ საჯარო ინფორმაციის გაცემა დაავალა. საუბარია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დაფუძნებულ ააიპ-ზე – „მედიააკადემია“, რომელიც ამ დრომდე საჯარო ინფორმაციას არ გასცემდა. აქ მიიჩნევდნენ, რომ საჯარო „მედიააკედემია“ დაწესებულებას არ წარმოადგენდა. სასამართლომ ამჯერად „ინფორმაციის თავისუფლების და განვითარების ინსტიტუტის“ [IDFI] სარჩელი დააკმაყოფილა.

„მედიააკადემიამ“ საჯარო ინფორმაცია არც „ბათუმელებს“ მიაწოდა. „ბათუმელების“ სარჩელი სასამართლოს ჯერ არ განუხილავს.

„მედიააკადემია“ 2018 წელს შეიქმნა „საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით“. IDFI-მ „მედიააკადემიას“ ინფორმაციის მოთხოვნის წერილით 2020 წლის 24 იანვარს მიმართა და სხვადასხვა ინფორმაცია, მათ შორის „მედიააკადემიის“ თანამშრომლების საშტატო ნუსხა, ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა, ასევე „მედიააკადემიის“ პლატფორმების – „მედიალაბის”, „მედიაკრიტიკისა” და „მედიასკოლის” შესახებ ინფორმაცია მოითხოვა.

2020 წლის 28 თებერვალს IDFI-მ „მედიააკადემიის“ უარი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაასაჩივრა. მიუხედავად იმისა, რომ ეს კომისია „მედიააკადემიის“ ზედამხედველი და დამფუძნებელი ორგანოა, მან საჩივრის განხილვის უფლებამოსილად თავი არ მიიჩნია.

„ფაქტობრივად, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მედიააკადემიის“ საქმიანობის ღიად წარმართვაზე უარი განაცხადა,“ – მიიჩნევენ IDFI-ში.

2020 წლის 7 აპრილს IDFI-იმ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც მოითხოვა ა(ა)იპ „მედიააკადემის“ ადმინისტრაციულ ორგანოდ ცნობა და მისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემის დავალება.

IDFI-ს პოზიციით, ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციური გაგება, რომელიც ცნების დეფინიციის მეორე ნაწილშია მოცემული, აერთიანებს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა სისტემის სუბიექტები, მაგრამ კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ საჯარო-სამართლებრივ უფლებებს.

IDFI-ს წარმომადგენლებმა საქმის განხილვის დროს, სასამართლო სხდომაზე აღნიშნეს, რომ მედიააკადემიისა და კომისიის საქმიანობას შორის რეალური მიჯნა არ არსებობს, ისინი ერთი დღის წესრიგით მოქმედებენ, ერთობლივ პროექტებს ახორციელებენ, ერთმანეთის საქმიანობას მიიწერენ და როცა საქმე გამჭვირვალობას და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას შეეხება, ფიქციურ ზღვარს მოიმიზეზებენ და ცალკე მდგომ ინსტიტუციებად წარმოჩნდებიან.

„მედიააკადემია“ კი სასამართლოში აცხადებდა, რომ ის არ ახორციელებს საჯარო უფლებამოსილებებს და ამდენად, არ წარმოადგენს ფუნქციონალური გაგებით ადმინისტრაციულ ორგანოს. მოპასუხის შეფასებით, საკანონმდებლო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც „საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობა” კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფუნქციას წარმოადგენს [რაც შემდგომში ნაწილობრივ „მედიააკადემიას“ გადაეცა დელეგირების გზით] ავტომატურად ამ უფლებამოსილებას საჯაროდ არ აქცევდა. მოპასუხე მხარე ასევე აპელირებდა იმაზე, რომ „მედიააკადემია“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას არ იღებს.

სასამართლომ გადაწყვეტილებაში ხაზი გაუსვა ინფორმაციის თავისუფლების მნიშვნელობას და განმარტა, რომ კანონი ინფორმაციის გაცემის ვალდებულებას აკისრებს არა მხოლოდ სახელმწიფო უწყებებს, არამედ საჯარო დაწესებულებებს, რომელთა ცნებაც უფრო ფართოა და მოიცავს ადმინისტრაციულ ორგანოს.

სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან „მედიააკადემია“ დელეგირების შედეგად ახორციელებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას და აღნიშნულ ფარგლებში ფუნქციურად მოქმედებს, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია „მედიააკადემიის“ მიერ ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელებასთან, ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავის მოქმედება და ის ვალდებულია გასცეს IDFI-ის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია.

სახლი ძველ ბათუმში, რომლის 1 კვ/მეტრს 4 968 ლარად ყიდის მერია  

ბათუმის იახტკლუბთან ახლოს, ჭილაძის #4-ში, მერია უპირობო აუქციონის წესით გაასხვისებს 245.25  კვ.მ  ფართობს ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე. შენობის საწყისი ფასი 1 მილიონ 217 176 ლარია. შესაბამისად, მერია ძველ ბათუმში სახლის 1 კვ/მეტრს 4 968 ლარად ყიდის.

ბათუმის მერია მახინჯაურში, სარეკრეაციო ზოლში, 557 კვ.მ. მიწის ნაკვეთს უპირობო აუქციონის წესით გაყიდის, 1 კვ.მეტრის ფასი 557 ლარია. საერთო ჯამში კი, მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი 94 700 ლარია.

ამ ნაკვეთის მდებარეობის მიხედვით, მყიდველი მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთის მფლობელი უნდა იყოს, რადგან სხვა მხრივ მისი შეძენა აზრს კარგავს – გასაყიდ ნაკვეთს დამოუკიდებელი მისასვლელი არ აქვს.

ამავე მიწას ერთი მხრიდან დაურეგისტრირებელი მოზრდილი ნაკვეთი ესაზღვრება, სხვა მხრიდან კი კერძო პირის საკუთრებაა. ტერიტორია ზღვასთან ახლოს არ არის, თუმცა პერსპექტივაში თუ აქ მაღალ შენობას ააშენებენ, რაც ბოლო წლებში მახინჯაურშიც შეინიშნება, შენობას ზღვის ხედიც ექნება.

 

მწვანედ მონიშნულია გასაყიდი მიწის ნაკვეთი

საკრებულოს წინა სხდომაზე ასევე განსაზღვრეს ბათუმში, ნინოშვილის #75-ში მდებარე 1 819 კვ.მეტრის სარგებლობის საფასური. ეს ნაკვეთი მდინარე ბარცხანას ნაპირზე, ავტომაგისტრალთან მდებარეობს. რეესტრის მონაცემებით, მიწის ნაკვეთი იჯარის წესით ჯერ გაცემული არ არის.

ბათუმის მერიამ საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეიტანა ასევე ორი ნაკვეთი, ჯამში 1 ჰექტრამდე, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე, ჟიული შარტავას ქუჩაზე, „კარფურთან“ ახლოს. ამ ნაკვეთის მიმდებარედ, გზის გასწვრივ, ნაკვეთი შპს „გრანდ მამისონს“ ეკუთვნის.

ბათუმის მერიის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაშია ასევე 1 134 კვ.მეტრი ტერიტორია ბაგრატიონის ქუჩაზე, „აგროჰაბის“ მიმდებარედ. ამ ნაკვეთს მერია პირობიანი აუქციონის წესით გაასხვისებს.

მერია უპირობო აუქციონზე გაიტანს ასე 610 კვ.მ ტერიტორიას ბეთლემის ქუჩაზე, #25-ში.

__

მთავარი ფოტო: ჭილაძის ქუჩა #4 – ამ სახლის პირველ სართულზე მერია 245 კვ.მეტრ შენობას ყიდის.

„სიღარიბეს ვერ ვერევი, მაგრამ შვილების დაბრუნება მინდა“ – 34  წლის ქალის ისტორია [Video]

რესპუბლიკის ქუჩაზე მწვანედ შეღებილ ჭიშკარს შეაღებ თუ არა, შესასვლელში ქვის პატარა მაგიდა და ძელსკამი დგას. უკან დიდი ჰამაკია გაბმული. ღობის გასწვრივ მსხლის ხეებია ჩალაგებული. ხეებს შორის ბავშვის საქანელა ირწევა, რომელსაც ფერადი რიკულებიანი კიდეები გახუნებია. ეზოში, მოშორებით, ცოტაოდენი დაჩეხილი შეშაც ყრია, სადაც რამდენიმე ქათამიც დააბიჯებს.

ეს სახლი სამტრედიაშია, მისი დიასახლისი კი სალომეა – სახლის კარებს სწორედ ის აღებს, უკან ჭაღარა ქალი მოყვება – დედა. კედელთან შეშის ღუმელი ანთია და ზედ წყლით სავსე ვედროა შემოდგმული. ოთახში ორი საწოლი დგას, ერთ საწოლზე დიდი, მოწყენილი პლუშის გოჭი დევს, იქვეა ბავშვის ჩანთა, სათამაშოები და მოძველებული „ბუქი“. სალომე ამბობს, რომ ეს მისი 5 წლის შვილის ნივთებია – კეთილმა ადამიანებმა აჩუქეს. ანდრია სახლში არ დაგვხვდა – საბავშვო ბაღშიაო.

საუბარს სალომე ცრემლებით იწყებს. ეს ცრემლები ანდრიას კი არა, მის ტყუპისცალ დებს უკავშირდება. ორმა გოგონამ ამ სახლში დაბადების შემდეგ მხოლოდ ერთი ღამე გაათია. დილით ისინი სხვა ოჯახში წაიყვანეს. წელიწადზე მეტია, რაც გოგონები მინდობით ოჯახში იზრდებიან.

სალომე გვეუბნება, რომ შვილები ძალიან ენატრება, რადგან მათ ნახვას ხშირად ვერ ახერხებს. წელიწად-ნახევრის განმავლობაში გოგონები მხოლოდ სამჯერ ჰყავს ნანახი. „გადის დრო და კიდევ უფრო მენატრება. როცა ტელეფონზე ანგარიში მაქვს, ბავშვების აღმზრდელს ვურეკავ. ბავშვების ხმა რომ მესმის, გული მეწვის“, – ამბობს სალომე.

დედა მიიჩნევს, რომ მისი პატარა გოგონები საკმაოდ შორს ცხოვრობენ – ტრანსპორტის გარეშე ბავშვებთან მისვლა კი შეუძლებელია. „ტაქსი უნდა აიყვანო, რომ წახვიდე. 5 ლარი იქეთ უნდა გზას, 5  – აქეთ. 10 ლარი ჩემთვის ძალიან ძვირია“, – ამბობს სალომე.

სალომე დუმბაძე

როცა სიღარიბე შვილებს გაშორებს

სალომეს შშმ პირის სტატუსი აქვს. მისი პენსია 180 ლარია.  პატარა ანდრია კი სახელმწიფოსგან 52 ლარს იღებს ყოველ თვეში. როგორც დედა ამბობს, ეს კვების ვაუჩერია. სალომეს მოხუცი დედა კი პენსიონერია და მუდმივად მედიკამენტები სჭირდება.

„ადრე სამტრედიაში ტექსტილის ფაბრიკა იყო და იქ ვმუშაობდი მკეცავად. ის რომ დაიხურა, უმუშევარი დავრჩი. ჩემი მეუღლე კარდაკარ დადის და თუ ვინმეს მიწა აქვს დასამუშავებელი, ეხმარება, დღიურ სარჩოს პოულობს. ეს ყველაფერი ზღვაში წვეთია იმასთან, რაც სამი შვილის აღზრდას, გამოკვებას და მოვლას სჭირდება ოჯახშიო“, – გვიყვება სალომე.

სევდიანად იღიმის, ხანაც ცრემლად იღვრება. ამბობს, რომ „სხვა გამოსავალი არ აქვს. უმწეოა“, რადგან შვილების დასაბრუნებლად ცხოვრებას ვერ ცვლის.

„ქელეხები რომ არ იყოს მშიერი მოვკვდებით“, – გვეუბნება ის. ქელეხებიდან მოტანილი საკვები როცა გამოილევა, სალომე გულმოწყალე მეზობლების იმედადაა დარჩენილი, ამიტომ ვალი ვალს ემატება.

დედის აზრით, სახელმწიფო დღეს თითქმის არ ზრუნავს ადამიანებზე, ამიტომ არის ასე დაუძლეველი სიღარიბე მათთვის და არა მარტო მათთვის.

„50 ლარი კვების ვაუჩერი რა არის, სამარცხვინოა. ერთხელ ვიფიქრე, – „მოდი, არ ავიღებ“, მაგრამ ისევ აქეთ დამცინებენ“, – ამბობს სალომე.

ის, რაც სახელმწიფოსგან პანდემიის პერიოდში მიიღო დახმარების სახით, თითზე ჩამოსათვლელია და სალომეც ითვლის: 1 კილო შაქარი, ზეთი, ბრინჯი, წიწიბურა, 1 ცალი საპონი… ღარიბი ოჯახებისთვის განსაზღვრული სახელმწიფო დახმარების კალათი.

„ერთჯერადად დამეხმარა კიდევ მერია და სულ ეს იყო“, – ამბობს სალომე. ოჯახი სიღარიბეს ვერ ერევა, რადგან სამუშაო არ აქვთ.

„ჩემი შვილები ოჯახიდან რომ გაიყვანეს, მითხრეს, არაფერი გაქვს და ვერ მოუვლიო. ბავშვები რომ დაიბრუნო, კვება უნდათ, სახლში საჭმელი უნდა გქონდეთო, ბავშვებს საკუთარი ოთახი უნდა ჰქონდეთ, აბაზანა და სითბო უნდა ჰქონდეთო“, – ამბობს დედა.

სალომე ვერაფრით ხვდება, სახელმწიფო ამ ყველაფერს მხოლოდ ტყუპ გოგონებთან მიმართებაში რატომ სთხოვს, პატარა ანდრიაც ხომ სწორედ ამ ღარიბ სახლში იზრდება.

სალომე დუმბაძე

დედას ვკითხეთ, თუ არის მისთვის ცნობილი, რატომ დატოვეს ანდრია მშობლებთან და გოგონები რატომ გაიყვანეს? – ქალს ამ კითხვებზე პასუხი არ აქვს. „თუ შვილის მოვლა და გაზრდა არ შემიძლია, მაშინ ანდრიაც უნდა გაეყვანათ. თუ არადა, მაშინ გოგონებიც უნდა დამიბრუნონ,“ – გვეუბნება დედა.

როცა ანდრია გაჩნდა, მისი მდგომარეობით ბავშვზე მზრუნველი სახელმწიფო სტრუქტურები არ დაინტერესებულან. ტყუპების შემთხვევაში სოციალურმა სამსახურმა მიიჩნია, რომ ოჯახში არსებული გარემო ჩვილებისთვის საფრთხის შემცველი იყო.

„კი, ღარიბი ვარ, ძალიან მიჭირს, მაგრამ შვილი მშიერი მაინც არ დამიტოვებია. არც ახლა ვტოვებ. ქათმებიც მყავს, ვსესხულობ, როცა არ მაქვს და ვაჭმევ. სახელმწიფოს შეეძლო იმის ნახევარი მაინც მოეცა ჩვენთვის, რასაც მიმღებ ოჯახს აძლევს და ბავშვები ჩვენთან დაეტოვებინა. ბევრს ხომ არ ვითხოვ, იმის ნახევარს, რასაც ძიძას უხდის“, – გვეუბნება დედა. ის ჯერ ტირის, შემდეგ ბრაზი ერევა. „რა გამოდის, მე უნდა გავაჩინო შვილები და სახელმწიფომ წაიყვანოს? ვიძინებ მათზე ვფიქრობ, გავიღვიძებ, მათზე ვფიქრობ. როცა სამშობიაროდან გამოვედი, მეორე დღესვე დამადგნენ თავზე და წაიყვანეს. აზრი არ ჰქონდა ტირილს და კივილს. გამგეობაში მითხრეს, თუ არ გაგვატან, პოლიციის ძალით წავიყვანთო.

რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე? გზა არ ჩანს. სიღარიბეს ვერ ვერევით, შვილების დაბრუნება მინდა. შვილებიიან. სახელმწიფო არაფერს აკეთებს, რომ დაგვეხმაროს“, – ამბობს დედა.

თუმცა მადლიერია იმის გამოც, რომ პატარა გოგონებს საზრდო არ აკლიათ. „ერთი მხრივ, მადლია კიდეც ჩემნაირი გაჭირვებულისთვის, რადგან იმ ოჯახში კარგად უვლიან ბავშვებს. სუფთად არიან, მოვლილი, გამოკვებილი, მაგრამ მე რა ვქნა, რომ ძალიან მენატრებიან ისინი?“

სალომე ბავშვების შორს ყოფნას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეგუება, თუ სახელმწფო მათ ხშირად მონახულებში დაეხმარება. „იქნებ გზის ფული დაგვიფინანსონ, შვილების მონახულება ხშირად რომ მოვახერხოო“.

დედას ეშინია, რომ შესაძლოა სხვა ოჯახში აღზრდილ პატარებს აღარ ჰქონდეთ ბიოლოგიური დედის მიმართ სიყვარული. „მეუბნებიან – შენთვის უკეთესი არ არის, გაზრდილები რომ მოგივაო? 15-16 წლის თუ მომიყვანეს სახლში, დედა თუ ვერ იცნეს, მამა, ძმა და ბებია, რად მინდა ასეთი გაზრდილი, თუკი ჩემი შვილი დეიდას დამიძახებს და არა დედას“, – წუხს სალომე.

ქალი ყველა ღონეს ხმარობს ცოტათი მაინც დააკმაყოფილონ ის მოთხოვნები, რასაც მათ სახელმწიფო შვილების დაბრუნების სანაცვლოდ უყენებს.

„პირველ სართულზე გამოვცვალე ფანჯრები, დავაგე იატაკი, კედლებზე ავაკარი გიბსკარდონი, მაგრამ ეს ყველაფერი 700 ლარი დამიჯდა. თანაც ვალით გამოვიტანე. ამას გადახდა ხომ უნდა? ითხოვს მაღაზია, მაგრამ ვეღარ ვიხდი. ბუნებრივი გაზი მოყვანილია ეზოში, შემოყვანას ფული უნდა, წყალიც შემოსაყვანია. რომ დამეხმარებოდეს მერია ამის გაკეთებაში, ბავშვების დაბრუნებასაც შევძლებ“.

სალომე სახლის მეორე სართულს გვათვალიერებინებს. დიდი, მაღალჭერიანი ოთახებია. ცივი. ელექტროობა გამოსაცველია, ნათურა მხოლოდ ერთ ოთახში ანათებს. შესაღებია კედლები, გამოსაცვლელია შპალერი. ქალი წუხს, რომ „ბავშვების გარეშე ამხელა სახლი ცარიელია“.

სახლი, სადაც სალომე ცხოვრობს

დახურული კარები და პასუხგაუცემელი კითხვები

პასუხგაუცემელია კითხვები, რომელსაც ბავშვზე ზრუნვის სააგენტომ უნდა უპასუხოს – აქ კატეგორიულად აგვიხსენეს, რომ მშობლის თანხმობის მიუხედავად, სახელმწიფო მინდობით აღზრდაში მყოფ ბავშვებსა და მათ მშობლებზე არ ისაუბრებს. ამბობენ, რომ ეს თემა მედიისთვის და საზოგადოებისთვის დახურულია.

სიღარიბის გარდა ხომ არ არსებობს ისეთი გარემოებები, რის გამოც აუცილებელი იყო ტყუპების მინდობით აღზრდაში გადაყვანა, ოჯახში თუ სახიფათო გარემოა გოგონებისთვის, რატომ დატოვეს 5 წლის ანდრია მშობლებთან? – ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სააგენოში არაფერი აგვიხსნეს.

„მხოლოდ სიღარიბე არ იყო მანდ“, – ეს იყო განმარტება, რაც სააგენტოსგან მივიღეთ.

შეუძლია თუ არა სახელმწიფოს შეუზღუდოს მშობლის უფლება შშმ პირს და რა შემთხვევაში?  

თუკი დედა ვერ უვლიდა ჩვილებს, შეზღუდული აქვს მშობლობის უნარები, მაშინ როგორ გაიზარდა 5 წლის ბავშვი, რომელიც მშობლებთან ცხოვრობს? ეს ფაქტი აჩენს კითხვის ნიშნებს, რომ არათანმიმდევრულია სახელმწიფო პოლიტიკა. ამიტომ უნდა მოვისმინოთ სოციალური მუშაკის არგუმენტები, რომ რეალურად შევაფასოთ მდგომარეობა“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი, ნანა გოჩიაშვილი.

შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტით, შშმ პირს უფლება აქვს შექმნას ოჯახი და იყოლიოს ბავშვები.

„ამ შემთხვევაშიც ამოსავალია შშმ პირთა კონვენცია, სადაც ცალკე მუხლად არის გაწერილი ოჯახის უფლების პატივისცემა. სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ მაქსიმალურად დაეხმაროს მშობელს, თვითონ გაზარდოს შვილები.

ჩვენთან კი, ხშირ შემთხვევაში, როცა სოციალური მუშაკი იგებს დიაგნოზს, ავტომატურად იღებს გადაწყვეტილებას, რომ ბავშვი უნდა გაიყვანოს მინდობით აღზრდაში და არ აფასებს იმას, რომ შშმ პირობა, თუნდაც ეს იყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევა, შესაძლოა საერთოდ არ უშლიდეს ხელს, იყო კარგი მშობელი“, – ამბობს გოჩიაშვილი.

ხშირ შემთხვევაში სოციალური მუშაკის კვალიფიკაციის გარდა პრობლემაა ის რესურსები, რაც სოციალურ მუშაკს გააჩნია კონკრეტულ შემთხვევებზე მუშაობის დროს.

კოალიცია „ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს დასაქმებული 239 სოციალური მუშაკიდან მხოლოდ 47 ფლობდა აკადემიურ განათლებას სოციალური მუშაობის მიმართულებით, 106 კი სერტიფიცირებული სოციალური მუშაკია.

„მონაცემები ცხადყოფს, რომ ბავშვებთან მომუშავე 86 სოციალურ მუშაკს არ აქვს პროფესიული ცოდნა, რაც საფრთხის წინაშე აყენებს ისედაც ყველაზე მოწყვლად და დაუცველ ჯგუფებს“, – ვკითხულობთ ანგარიშში. აქვე წერია, რომ პრაქტიკოსი სოციალური მუშაკების შრომითი ანაზღაურება 1200 ლარამდე გაიზარდა, განურჩევლად განათლებისა და სამუშაო სტაჟისა.

ოჯახიდან ბავშვის გამოყვანა ადვილი გახდა, უკან დაბრუნება კი – რთული

კოალიცია „ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ იმავე ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს სახელმწიფომ 500 ათასი ლარით შეამცირა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების საკვებით უზრუნველყოფის პროგრამა. 2019 წელს ამ პროგრამის ბიუჯეტი სულ 1 800 000 ლარი იყო.

2019 წელს სახელმწიფო ზრუნვაში 1 452 ბავშვი ჰყავდათ გაყვანილი, იმავე პერიოდში რეინტეგრირებულად მიიჩნევა 470 ბავშვი.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ რეინტეგრაციაში მყოფი ოჯახების უმრავლესობა თავს ძლივს ართმევს სიღარიბეს. „მათი თვიური შემოსავლი, საარსებო მინიმუმი, თვეში 300 ლარია დაახლოებით“.

რა სჯობს ბავშვისთვის – რას ამბობს გაეროს კონვენცია

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი, ნანა გოჩიაშვილი [ის სწორედ მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების და ოჯახების შემთხვევებზე მუშაობს] ამბობს, რომ მინდობით აღზრდა ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტური სერვისია ქვეყანაში.

ხშირია შემთხვევები, როცა აუცილებელია ბავშვების ბიოლოგიური ოჯახიდან გაყვანა მასზე ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ სხვა ტიპის ძალადობის გამო. თუმცა, როგორც გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია ამბობს, მიუღებელია ბავშვის ოჯახიდან გაყვანა მხოლოდ სიღარიბის მოტივით.

„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვი სიღარიბის გამო გამოიყვანოს ოჯახიდან სახელმწიფომ. სწორია მშობელი, როცა ამბობს, რომ მას გაძლიერებაში უნდა ეხმარებოდეს სახელმწიფო. ეს შეიძლება იყოს როგორც ფულადი დახმარება, ასევე მნიშვნელოვანია მშობლის უნარ-ჩვევების გაძლიერება. ზოგიერთ მშობელს ნამდვლად სჭირდება მშობლის უნარების განვითარება. მით უფრო, თუ შეზღუდული შესაძლებლობა გვაქვს სახეზე“, – ამბობს ნანა გოჩიაშვილი.

ნანას აზრით, სახელმწიფოს მთავარი ამოცანა უნდა იყოს არა ბავშვის გამოყვანა ბიოლოგიური ოჯახიდან, არამედ ამ ოჯახის მაქსიმალურად გაძლიერება.

„ამის საპასუხოდ კი, გვაქვს სამწუხარო შემთხვევები, როცა ბავშვის ინტერესების დარღვევის ხარჯზე აცალკევებენ ბავშვებს ბიოლოგიური მშობლებისგან. არაერთხელ მიიღო საქართველოს მთავრობამ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტისგან რეკომენდაცია, რომ იმუშაოს სწორედ ბიოლოგიური ოჯახების გაძლიერებაზე და არა ბავშვების მინდობით გაყვანაზე“, – ამბობს ნანა.

მისი თქმით, 2019 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიიღო, სადაც ხაზგასმულია, რომ სიღარიბე არ უნდა იყოს ბავშვების ოჯახიდან გამოყვანის მიზეზი: „აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ვართ ბავშვის უფლებათა კონვენციის მონაწილე ქვეყანა და ვაღიარებთ ამ კონვენციას, მათ მოთხოვნებსაც უნდა ვასრულებდეთ“.

თუმცა, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშების მიხედვთ, ოჯახების გაძლიერება არ არის საქართველოს სახელმწიფოს პრიორიტეტი.

„სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით გამოყოფილი თანხების 81 პროცენტი იხარჯება მინდობით აღზრდაზე და მხოლოდ 19 პროცენტი  – ოჯახების გაძლიერებაზე. პირიქით უნდა იყოს. უფრო მეტი უნდა იხარჯებოდეს ოჯახების გაძლიერებაზე და ნაკლები – ალტერნატიულ ზრუნვაზე. ეს აჩვენებს, რომ ბავშვზე ზრუნვის სფერო მიტოვებულია: რეკომენდაციების მიუხედავად სახელმწიფომ წლებია ვერ ან არ შექმნა სერვისები, რომელიც გააძლიერებს ოჯახებს, მშობლებს,“ – ამბობს გოჩიაშვილი.

__

სალომესა და მისი შვილების დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა გადმორიცხონ ანგარიშზე:

სს საქართველოს ბანკი

ანგარიშის ნომერი: GE88BG0000000103117598

მიმღები: ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ: ქველმოქმედება – სალომეს და მისი ტყუპი შვილების მხარდასჭერად

აცრის წინ რაიმე სახის გამოკვლევის ჩატარება აუცილებელი არ არის – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ კორონოვირუსის წინააღმდეგ აცრის წინ რომელიმე გამოკვლევის ჩატარება არც ერთი პროტოკოლით რეკომენდებული არ არის. „თუმცა თუ არის რაიმე განსაკუთრებული მდგომარეობა, ჩვენ პაციენტს ვურჩევთ, რომ გაიაროს კონსულტაცია თავის მკურნალ ექიმთან. რუტინულად, D-დიმერის ან სხვა გამოკვლევის ჩატარება ვაქცინაციის წინ არ არის საჭირო,“- ამბობს თამარ გაბუნია.

დღეს, 8 აპრილს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას გაბუნიამ ასევე განაცხადა, რომ  ექსპერტთა საბჭომ იმსჯელა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად და რეკომენდაცია გაუწია „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას 55 წელს გადაცილებულ  ასაკობრივ ჯგუფში. „შემდგომი ასაკობრივი ჯგუფის გაფართოება „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის შემთხვევაში, არ იგეგმება,“ – ამბობს გაბუნია.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა ვაქცინების, მათ შორის, „სინოფარმის“ მიღებაზე. „ველოდებით, რომ ავტორიზაციის მიღებისთანავე ხელმისაწვდომი გახდეს ვაქცინა მოსახლეობის იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო „ასტრაზენეკას“ ვაქცინას ვერ გამოიყენებენ. ასევე „ფაიზერთან“ მიდის მოლაპარაკებები, რომ დამატებითი დოზები მოეწოდოს ქვეყანას პირდაპირი მოლაპარაკებების გზით.“

თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის მესამე ტალღის რისკები არსებობს, „თუმცა ინდივიდუალურ დონეზე რეგულაციების გამკაცრებით შესაძლოა მოხერხდეს ვირუსის გავრცელების შეჩერება.“

 

მიაკვლია თუ არა განათლების სამინისტრომ სკოლის მიღმა დარჩენილ ბავშვებს

სკოლის გარეთ დარჩენილი ბავშვების შესახებ ინფორმაცია საქართველოს განათლების სამინისტრომ „ბათუმელებს“ 15 მარტს მოაწოდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ 6-16 წლამდე ასაკის 10 404 ბავშვი არასდროს ყოფილა სკოლაში.

სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, როგორ მოიპოვა ამ ბავშვების შესახებ ინფორმაცია და გაარკვია თუ არა ის მიზეზები, რის გამოც ბავშვები სკოლის გარეთ დარჩნენ.

26 მარტს „ბათუმელები“ გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამების ხელმძღვანელს, მაკო ყუფარაძეს ესაუბრა. მან თქვა, რომ სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვებიდან 5 ათასი ბავშვის იდენტიფიცირებას სახელმწიფო ვერ ახერხებს. ეს იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო რეესტრის ჩანაწარების მიხედვით ბავშვები საქართველოში არიან დაბადებული, თუმცა მათი კვალი არც საბავშვო ბაღში ჩანს და არც სკოლაში.

„ბათუმელები“ კიდევ ერთხელ დაინტერესდა ამ ფაქტით და განათლების სამინისტროს ისევ მიმართა წერილობით იმის გასარკვევად, რომელ წყაროებზე დაყრდნობით მოიპოვა სამინისტრომ სკოლის მიღმა მყოფი ბავშვების შესახებ ინფორმაცია – რომელ სოციალრ ჯგუფს მიეკუთვნებიან ეს ბავშვები, რამდენად რეალურია, რომ სახელმწიფო ვერ ადგენს ქვეყანაში დაბადებული 5 ათასი ბავშვის ადგილსამყოფელს.

სამინისტროდან მოგვწერეს, რომ ბავშვების იდენტიფიცირება „საკმაოდ რთული პროცესია“, ამიტომ მასში ჩართულია სხვადასხვა სახელმწიფო უწყება – სოცმუშაკები, განათლების სპეციალისტები, პოლიცია, მუნიციპალიტეტები და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

„მონაცემების დამუშავება გრძელდება, რადგან რამდენიმე საინფორმაციო ბაზის ურთიერთშედარება ტექნიკურად რთული პროცესია“, – მოგვწერეს სამინისტროდან. – „სკოლის მიღმა დარჩენის ზუსტი მიზეზები და სხვა დეტალები ცნობილი გახდება მას შემდეგ, როდესაც განხორციელდება ოჯახებთან კომუნიკაცია. ამ პროცესში მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტების თანამონაწილეობაც“.

ეს იმას ნიშნავს, რომ სამინისტროს ჯერ კიდევ არ აქვს ინფორმაცია მინიმუმ 5 ათას ბავშვზე, რომლებიც სკოლაში არ დადიან. ისინი, შესაძლოა, არც 2021-2022 სასწავლი წლისთვის ჩაირიცხონ სკოლაში.

განათლების სამინისტროდან გვაცნობეს, რომ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს  განათლების სისტემასთან. სოციალური მუშაკი სავალდებულო განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ ინფორმაციას მოძიებისთანავე არეგისტრირებს სკოლაში. თუმცა ფაქტია, რომ ამ ხნის განმავლობაში აღნიშნულმა სამსახურმა ვერ მოახერხა სკოლის მიღმა დარჩენილი 10 ათასი ბავშვის პრობლემის მიტანა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან.

განათლების სამინისტრო ოფიციალურ წერილში საუბრობს 6 და 7 წლის ბავშვებზეც, რომლებიც ამ ეტაპზე მომსახურებას იღებენ საჯარო საბავშვო ბაღებში.

„დაწყებულია 2021-2022 სასწავლო წელს საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვისთვის რეგისტრაცია, 6-8 წლის ასაკობრივი ჯგუფიდან გარკვეული ნაწილი დარეგისტრირდება მოსწავლეთა ბაზაში. მიღებული მონაცემების საფუძველზე შესაძლებელი იქნება სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი, იმ მიზეზების დადგენა, რომლებიც განაპირობებს მოზარდების საგანმანათლებლო სისტემის გარეთ ყოფნას“, – მოგვწერეს სამინისტროდან.

სამინისტრომ ვერ მოგვაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რა არის ამ ბავშვების სკოლის გარეთ ყოფნის მიზეზი – სიღარიბე თუ მდიდარი ბავშვები არიან და სახლში იღებენ განათლებას?

რამდენი შშმ ბავშვია მოსწავლის სტატუსის გარეშე, სად ცხოვრობენ ისინი – ოჯახში, მშობლებთან თუ ქუჩაში? ხომ არ არიან ბავშვები ტრეფიკინგის ან რაიმე სხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლი?  – ამ კითხვებზე სამინისტროს პასუხები არ აქვს.

კითხვაზე, რა გეგმა არსებობს ამ მდგომარეობის შესაცვლელად, სამინისტრომ მოგვწერა: „შესაძლებელი გახდება სპეციალური საგანმანათლებლო სერვისების, პროგრამებისა და სოციალური მხარდამჭერი პროგრამების დანერგვა. სკოლაში დაგვიანებით ჩარიცხულ მოსწავლეთა ინტეგრაციისა და აკადემიური განვითარებისთვის გამოყენებული იქნება სხვადასხვა მეთოდოლოგია თითოეული ინდივიდუალური შემთხვევიდან გამომდინარე“.

სამინისტრო ამბობს, რომ ამუშავებს სპეციალურ მოდულებს სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის, აკადემიური ჩამორჩენილობის დაძლევა რომ შეძლონ. უწყება იშველიებს გაეროს ბავშვთა ფონდისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით შემუშავებულ ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე შექმნილი დაწევისა და დაჩქარებული სწავლების პროგრამას, რომლის პილოტირებაც მიმდინარეობს სპეციალურად შერჩეულ საჯარო სკოლებში.

„შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია იდენტიფიცირებული მოზარდების მშობლებთან, მეურვეებთან ან კანონიერ წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და ინდივიდუალური შემთხვევების განხილვის შედეგად მოზარდების ჩართვა ფორმალურ განათლებაში ან მათთვის სპეციალური საგანმანათლებლო სერვისების შეთავაზება.

ამ პროცესში აპრილიდან აქტიურად ჩაერთვებიან მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკები, რომლებიც მოზარდებთან ინდივიდუალურად იმუშავებენ.

სამინისტროს მიზანია, ერთი მხრივ, დაიცვას საქართველოში მცხოვრები ბავშვების კონსტიტუციით გარანტირებული განათლების უფლება, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოს მათი წარმატებული ინტეგრირება განათლების სისტემაში, ასევე მოზარდების ისეთი უნარებითა და ცოდნით აღჭურვა, რომელიც შრომის ბაზრის მოთხოვნებს პასუხობს“, – მოგვწერა სამინისტრომ.

რაც შეეხება ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს, სამინისტრო გვეუბნება, რომ მათი მხარდაჭერისთვის 2015 წლიდან ხორციელდება სპეციალური ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების ზოგადი განათლების სისტემაში რეინტეგრირებაზე.

პროგრამის მიზანია ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს ხელი შეუწყოს, რომ იყვნენ შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანები.

„ამ პროგრამით ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ფსიქოლოგიური ან ემოციური მხარდაჭერის მიღება და კონსულტირება კარიერის მართვაში“.

განათლების სამინისტრო ასევე გვეუბნება, რომ  სხვადასხვა უწყების საინფორმაციო ბაზებში არსებული მონაცემების გაცვლა პირველად მხოლოდ 2020 წელს განხორციელდა და შემდეგ წლებშიც იგეგმება:

„დაგეგმილია მონაცემთა ბაზების შემდგომი განვითარება მოძიების პროცედურების გამარტივებისა და დროის დაზოგვის მიზნით, მონაცემთა გაცვლის სამართლებრივი ჩარჩოს მოწესრიგება, 2020 წლის შედეგების გათვალისწინებით მონიტორინგის მექანიზმის, ინდიკატორების დამატება, სახელმწიფო უწყებებში დაცული სხვა მონაცემთა ბაზების მოძიება, საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, სოციალური მუშაობის გაფართოება და ოჯახების მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამების შემუშავება და აქტიური საინფორმაციო კამპანია“.

ამ ეტაპზე არსებული ოფიციალური ინფორმაციით,  სკოლაში არასდროს უვლია საქართველოში დაბადებულ 10 404 ბავშვს.

ქობულეთში ზღვისპირა ნაკვეთი სამინისტრომ აუქციონზე მეშვიდედ გამოიტანა – ამჯერად 1 მილიონით ნაკლებად

ქობულეთის ზღვისპირა ზოლში 11 235 კვ.მ მიწის ნაკვეთი გასაყიდად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე უკვე მეშვიდედ გამოიტანა. ამჯერად მიწის გასაყიდი ფასი, წინა აუქციონთან შედარებით, 1 მილიონი ლარით ნაკლებია.

ფიჭვნარში მდებარე ამ ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი 4 360 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი – 100 000 ლარი. აუქციონი დაწყებულია და ის 21 აპრილს დასრულდება.

აუქციონის პირობები იგივეა, რაც წინა აუქციონის დროს იყო, რომელიც 2021 წლის 26 თებერვალს არ შედგა.

[toggle title=”პირობები ნახეთ აქ:“]

ა. საბოლოო საპრივატიზებო საფასურის (“ბე“-ს (საწყისი საპრივატიზებო საფასურის 25%-ის ოდენობით) გამოკლებით) გადახდა აუქციონის დასრულებიდან 3 ეტაპად, კერძოდ:
ა. ა) 2021 წლის 20 დეკემბრამდე არანაკლებ 25%-ის გადახდა;
ა. ბ). 2022 წლის 20 ივნისამდე არანაკლებ 25%-ის გადახდა;
ა. გ) 2022 წლის 20 დეკემბრამდე დარჩენილი საპრივატიზებო საფასურის გადახდა.
ბ. შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) თვის ვადაში არანაკლებ ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულების 1%-ის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა, რომლის ვადაც არანაკლებ 2 (ორი) თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას;
გ. ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში საპროექტო ობიექტის ვიზუალური ესკიზის (4 მხრიდან ხედი მოცულობაში, საპროექტო ობიექტის გაბარიტები ფასადის მოსაპირკეთებელი მასალების ჩვენებით), მათ შორის ზღვაზე გადასასვლელი ბილიკის სამინისტროში შესათანხმებლად წარმოდგენა (3 ეგზემპლარად);
დ. ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთზე განსათავსებელი მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობის ნებართვის მიღება, სადაც მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა უნდა შეიცავდეს არანაკლებ 100 (ასი)-  ნომრიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ან/და სარეაბილიტაციო ცენტრს, არანაკლებ 60 (სამოცი) ავტომანქანაზე გათვლილ ავტოსადგომს, სკვერს;
ე. ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობანაგებობ(ებ)ის ნულოვანი ნიშნულის დასრულება;
ვ. ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 (ორმოცდარვა) თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის მზიდი კონსტრუქციის (კარკასი) მშენებლობის დასრულება;
ზ. ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) თვის ვადაში შენობა-ნაგებობ(ებ)ის, (რომელიც უნდა მოიცავდეს არანაკლებ 100 (ასი) ნომრიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ან/და სარეაბილიტაციო ცენტრს, არანაკლებ 60 (სამოცი) ავტომანქანაზე გათვლილ ავტოსადგომს, სკვერს) ამოქმედება და არანაკლებ 20 (ოცი) წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნება, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90% უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეებს;
თ. ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) თვის ვადაში აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 20 000 000 (ოცი მილონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება.[/toggle]

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამ ნაკვეთს წინა აუქციონზე 5.4 მილიონ ლარად ყიდდა. ამ აუქციონის [რომელიც არ შედგა] გამოცხადების მიზეზი კი ის გახდა, რომ მანამდე აუქციონზე ამ ნაკვეთის შემძენმა კომპანიამ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა. შესაბამისად ეს აუქციონი გაუქმდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მყიდველი შპს „ჯორჯიან რიზორთს კომპანი“ იყო, გაყიდვის საბოლოო ფასი კი – 1 146 250 ლარი.

„ჯორჯიან რიზორთს კომპანის“ პროექტში [ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში] არანაკლებ 50 მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადების ვალდებულება ექნებოდა. არშემდგარი და ასევე მიმდინარე აუქციონის პირობის მიხედვით კი, სავალდებულო საინვესტიციო თანხა 30 მილიონი ლარითაა შემცირებული, ანუ მომავალ მყიდველის ექნება ვალდებულება, იმავე პროექტში არანაკლებ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადოს.

ქონების შემძენის მთავარი ვალდებულებაა შეძენილ ნაკვეთზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის ვადაში აამოქმედოს არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ან/და სარეაბილიტაციო ცენტრი, არანაკლებ 60 ავტომანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი, მოაწყოს სკვერი და ამ ყველაფერს არანაკლებ 20 წლის განმავლობაში პროფილი შეუნარჩუნოს.

ზღვის პირველ ზოლში ანუ პლაჟთან ახლოს ისეთი ადგილები, სადაც სასტუმრო ინდუსტრიის განვითარებაა შესაძლებელი, ზოგადად, მსოფლიოში ცოტაა. „ბათუმელები“ დაახლოებით 2 წლის წინ დაინტერესდა, რა პოტენციალი აქვს აჭარას ამ კუთხით და ზღვასთან [პლაჟთან] ახლოს რომელ ნაკვეთებს განიხილავს ხელისუფლება, სადაც შესაძლოა სასტუმროების აშენება.

ამ თემაზე შეგიძლიათ ნახოთ მასალა „ბათუმელების“ არქივიდან:

გასაყიდი მიწები აჭარის სანაპიროზე, სადაც შესაძლოა სასტუმროები აშენდეს

მუხთარლი დღეს პროკურორებს მოუყვება, როგორ გაიტაცეს ის თბილისის ცენტრიდან

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც საქართველოდან გაიტაცეს და აზერბაიჯანულ ციხეში აღმოჩნდა, დღეს, 8 აპრილს, პროკურატურას  ჩვენებას მისცემს იმ საქმეზე, რომელიც მისი გატაცების შემდეგ საქართველოს პროკურატურამ დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

აფგან მუხთარლის აზერბაიჯანში 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა ის 1 წლის წინ გაათავისუფლეს და დარჩენილი საპატიმრო ვადა ჯარიმით შეუცვალეს. მას ბრალი სამი მუხლით ჰქონდა წარდგენილი – კონტრაბანდა, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა და საზღვრის უკანონო კვეთა.

აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს. მუხთარლი ამბობს, რომ მის გატაცებაში ქართველი პოლიციელებიც მონაწილეობდნენ.

ამ ეტაპზე მუხთარლი გერმანიაში ცხოვრობს.

მუხთარლი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება საქართველოს წინააღმდეგ. საუბარია სამართლიანი გამოძიების უფლებაზე, რაც ევროკონვენციითაა გარანტირებული. ამ მუხლით მიმართა მუხთარლიმ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს.

აფგან მუხთარლის უფლებებს არჩილ ჩოფიკაშვილი იცავს ორგანიზაციიდან „უფლებები საქართველო“.

„ის ჟურნალისტების და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით გაათავისუფლეს,“ – მიიჩნევს არჩილ ჩოფიკაშვილი. მისივე თქმით, ევროსასამართლომ ამ საქმეზე კომუნიკაცია დაასრულა და მალე გადაწყვეტილებას ელიან.

„იაფი სახლის“ აპლიკანტ ოჯახებს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია შეისწავლის

„ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამის ბენეფიაციარებისთვის საცხოვრებელი ბინების გადაცემის მიზნით, აპლიკანტი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ა[ა]იპ „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია“ შეისწავლის. ბათუმის მერიამ ასოციაციასთან ხელშეკრულება 26 500 ლარზე გააფორმა. ანუ ერთი ოჯახის მდგომარეობის შესწავლაში მერია 53 ლარს გადაიხდის.

ტენდერი 48 000 ლარით იყო გამოცხადებული. სხვა პრეტენდენტები მერიას მომსახურებას გაცილებით ძვირად სთავაზობდნენ: ააოპ „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“ – 42 300 ლარად, ხოლო შპს „ბი-სი-ჯი კვლევა“ – 38 500 ლარად.

ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ უნდა შეისწავლოს როგორც პირველ ეტაპზე შესული განაცხადებიდან შერჩეული აპლიკანტი ოჯახების მდგომარეობა, ასევე მეორე ეტაპზე შერჩეულებისაც – სულ 500 აპლიკანტი.

ასოციაცია მინიმუმ 110 აპლიკანტს მერიის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებიდან ორი თვის განმავლობაში შეისწავლის, ხოლო დანარჩენს – დოკუმენტაციის მიწოდებიდან სამი თვის განმავლობაში [მაქსიმუმ 2021 წლის 30 ნოემბრამდე].

განაცხადების მიღების მეორე ეტაპი ახლა მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში აშენებულ 4 კორპუსში კი მხოლოდ 80 ბინაა.

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ეგრეთ წოდებულ იაფ სახლში, საცხოვრებელი ბინის 1კვ.მ-ის ფასი 1083 ლარი იქნება:

ვინ როდის მიიღებს ბინას „იაფ სახლში“ – ინტერვიუ ბათუმის მერის მოადგილესთან

საქართველოში კოვიდის 761 ახალი შემთხვევაა

Stopcov.ge-ს ცნობით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდის 761 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 34 201 კვლევა ტესტით.

7 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.23 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.03%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.50 %.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის  6 447, საიდანაც  2 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 62 პირი.

4 088 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპზე საქართველოში თვითიზოლაციაში იმყოფება 11 270 ადამიანი.

აჭარაში კოვიდის 67 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 8 აპრილი

8 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 67 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, ამჟამად აჭარის კოვიდკლინიკებში 244 პაციენტი მკურნალობს და მათგან 1 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

აჭარაში თვითიზოლაციაშია 1 754 პირი. 103 ადამიანი იმყოფება რეგიონის კოვიდსასტუმროში.

გუშინ, 7 აპრილს, ბათუმში ერთი პაციენტი, 28 წლის ქალი გარდაიცვალა კორონავირუსით.

9 და 11 აპრილს ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება – რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის ცნობით, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება.

„გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა თბილისიდან 9 აპრილს და ბათუმიდან 11 აპრილს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს
ნიშნავს,“ – აცხადებს საქართველოს რკინიგზა.

განრიგი ასე გამოიყურება:

გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული.

მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის დროს მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება – აცხადებს საქართველოს რკინიგზა.

ბათუმში 28 წლის ქალი გარდაიცვალა კოვიდით

დღეს, 7 აპრილს, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გურიაში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა კორონავირუსით.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 28 წლის ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საცხოვრებელი ბინიდან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 1-ელ აპრილს შეიყვანა და მისი მდგომარეობა სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას პაციენტი კრიტიკულად მძიმე იყო.

„კოვიდ 19-ის ფონზე პაციენტს განუვითარდა მძიმე პნევმონია, რასაც დაერთო სუნთქვის ფუნქციის დარღვევა. საჭირო გახდა აპარატული მხარდაჭერა. პაციენტი 7 აპრილს გარდაიცვალა,“ – ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჩაქვის №1 სკოლა აშშ-ის დაფინანსებულ პროექტში შეარჩიეს – გენდერული თანასწორობა

საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ახალი პროგრამა – SHE’s GREAT-ი იწყება, რომლის მიზანი გენდერული სტერეოტიპების გარდაქმნა და ახალგაზრდებში ინკლუზიური საზოგადოების შექმნაა.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მოსწავლეები  გაივლიან ტრენინგებს გენდერულ ნორმებსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე. პროექტი გლობალური პროგრამის ნაწილია, რომელსაც საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან ერთად განახორციელებს.

მოსწავლეები გაწევრიანდებიან „გენდერი და ჩემი თემის“ კლუბებში, სადაც საშუალება ექნებათ აითვისონ ტექნიკური უნარები ისეთ საგნებში, როგორიცაა: მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ხელოვნება/დიზაინი და მათემატიკა, შეძლებენ იმუშაონ ჯგუფურად, გაიღრმაონ და შეიძინონ სხვადასხვა უნარი.

SHE’s GREAT-ის საქართველოს პროგრამაში უკვე შეარჩიეს ხუთი სკოლა ქვეყნის მასშტაბით. აჭარიდან პროექტში მხოლოდ ერთი – ჩაქვის პირველი საჯარო სკოლა ჩაერთვება.

„ბათუმელები“ ამ სკოლაში ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელს ლელა კონცელიძეს ესაუბრა პროექტის დეტალებზე. მასწავლებლის თქმით, პროექტში მონაწილეობის სურვილი 50-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა, თუმცა შეირჩევა მხოლოდ 20 მონაწილე.

„ამ ჯგუფთან ადრეც ვთანამშრომლობდი ძალადობის პრობლემებთან დაკავშირებული პროექტის ფარგლებში და როგორც ჩანს, ამანაც იქონია გავლენა ჩვენი სკოლის შერჩევისას და იმანაც, რომ ჩვენი სკოლა ორსექტორიანია.სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის ბავშვები სწავლობენ სკოლაში და ამ მხრივ გენდერული საკითხები როგორ მუშაობს, ეს საკითხებიც აინტერესებდათ, რადგან ამ თემას იკვლევენ.

თუ პანდემია არ შეგვიშლის ხელს, სხვა რეგიონებში გასვლებიც გვექნება, რომ გავუზიაროთ გამოცდილება ერთმანეთს, ამიტომ მონაწილეებს ოჯახმა უნდა შეუწყოს ხელი ამაში. მაგალითად, გასულ წელს ერთი ძალიან კარგი მონაწილე გვყავდა, თუმცა ოჯახმა არ მისცა უფლება გასვლების დროს ჩვენთან ერთად წამოსულიყო, ამიტომ ბავშვებს ყველა დეტალს ვუხსნით,“ – ამბობს ლელა კონცელიძე.

მისი თქმით, ონლაინტრენინგები კვირაში ერთხელ ჩატარდება, აპრილიდან ივნისის ჩათვლით და შესაძლოა გაგრძელდეს მომდევნო წელსაც.

„ამ თემების მიმართ მოსწავლეების დაინტერესება საკმაოდ მაღალია, როგორც გოგონების, ასევე ბიჭების მხრიდანაც.  დღეს უკვე 26 ბავშვი იყო დარეგისტრირებული.

სამოქალაქო განათლებაში უშუალოდ სწავლობენ გენდერულ თანასწორობას და ძალადობის წინააღმდეგ თემებს და ძალიან აინტერესებთ. დღეს იცით როგორი მდგომარეობა გვაქვს? თითქოს  დემოკრატიაა და გენდერულადაც თანასწორი ვართ, მაგრამ არის კონკრეტული შემთხვევები, რაც გვაჩვენებს, რომ მთლად ასეც არაა,“ – ამბობს ლელა კონცელიძე.

ის კონკრეტულ მაგალითებსაც ასახელებს, სადაც მისი აზრით, კარგად ჩანს გენდერული უთანასწორობა:

„თუნდაც მაშინ, როცა თანამდებობაზე უფრო ხშირად კაცებს ნიშნავენ და არა ქალებს. არჩევნების  დროს ითქვა, რომ ყოველი მეოთხე ქალი უნდა იყოს სიაში შეყვანილი, ყოველი მეორე რომ იყოს, რატომ არა?!

გენდერული უთანასწორობა ისევ ძლიერია ოჯახებშიც. თუნდაც იმ გოგონას შემთხვევა, შარშან მამამ რომ არ გამოუშვა ზამთრის ბანაკში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აქტიური გოგო იყო. „ერთი კვირა როგორ გამოვუშვა გოგოო“ – ასე გვითხრა.  ბიჭთან მსგავსი შემთხვევა არ მქონია. დღესაც ვერ ვპატიობ იმ მშობელს, რადგან ბავშვმა ძალიან შეურაცხყოფილად იგრძნო თავი,“ – ამბობს მასწავლებელი.

მისი თქმით, მსგავსი ტიპის პროექტები ითვალისწინებს მშობლებთან მუშაობასაც გენდერული თანასწორობის და, ასევე, ძალადობის სხვადასხვა ფორმის საკითხებზე.

„ასეთი თემაც გვქონდა შარშან – „ძალადობა და პოზიტიური ძალადობა“, რაც გულისხმობს სწორედ იმას, რომ თითქოს ზრუნავენ ბავშვებზე, გოგოებზე, თითქოს ელოლიავებიან, მიიყვანენ  სკოლის ან სახლის კარამდე და ამ დროს ბავშვს სჭირდება მეტი თავისუფლება, ხომ უნდა გაიაროს თანაკლასელებთან ერთად, ფეხით ისეირნოს უბრალოდ.

ეს პროექტი მხოლოდ იმით არ დასრულდება, რომ შერჩეული ბავშვები მოისმენენ ლექციებს, ამის შემდეგ თავიანთ თემებში, სოფლებში უნდა ჩაატარონ შეხვედრები, დისკუსიები  გენდერული თანასწორობის საკითხებზე და იმსჯელონ,“ – ამბობს ლელა კონცელიძე.

პედაგოგი იმაზეც საუბრობს, ახალგაზრდები რამდენად ექცევიან გენდერული სტერეოტიპების გავლენის ქვეშ.

„არიან ბავშვები,რომლებიც ამბობენ, რომ კი, ყველაფერში თანასწორი არიან ქალები და კაცები, თუმცა ზოგიერთი, თითქოს ხუმრობით იტყვის ხოლმე , – „აბა რაა, ეგღა მაკლია ეხლა…“ იგრძნობა მოძველებული სტერეოტიპების გავლენა. ამიტომ, როცა ვხედავ, რომ სამუშაოა ბავშვთან ან მშობელთან, ვცდილობ უფრო მეტი დრო დავუთმოთ ამ საკითხებზე მსჯელობას“.

მასწავლებელი იხსენებს კიბერბულინგის შემთხვევასაც ბავშვებში:

„წავიკითხე ბავშვების კომენტარები სოციალურ ქსელში, სადაც ღიად წერდნენ ისეთ რამეებს, რამაც ძალიან შემაშფოთა. შემდეგ პირადში მივწერე იმ მოსწავლეს, ვინც აბულინგებდა თანატოლს. ამ პოლემიკაში ჩართული იყო ერთ-ერთი მშობელიც და ისიც ღიად გამოხატავდა ერთ-ერთი გოგოს მიმართ აგრესიას და ლანძღავდა, –  „შენ რა ოჯახში იზრდები“ და ასე შემდეგ, ამიტომ ჩავერიე მათ ურთიერთობაში და სიტუაცია განვმუხტე. შემდეგ ვთხოვე, რომ ბოდიში მოეხადა იმ მოსწავლისთვის, ვისაც შეურაცხყოფას აყენებდა. საბედნიეროდ, აგრესიული კომენტარები აიღეს ბავშვებმა და ურთიერთობებიც დაალაგეს.

ეს კონკრეტული მაგალითები გვაჩვენებს, რომ ხშირად აუცილებელია მედიატორის როლი,“ – გვეუბნება ლელა კონცელიძე.

პროგრამა SHE’s GREAT! მოზარდებში ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებასაც უწყობს ხელს.

პროგრამა IREX-ისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის თანამშრომლობის შედეგად დაიწყო. პროგრამა დაფინანსებულია ქალთა გლობალური საკითხების შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის ოფისის მიერ.

_______________________

ფოტოზე: ლელა კონცელიძე, მასწავლებელი

დააჯარიმეს დეპუტატები ხალხმრავალი წვეულებების გამო? – რას ამბობს შრომის ინსპექცია

შეისწავლეთ თუ არა საჯარო მოხელეების მიერ გამართული წვეულებები, რომელიც პანდემიის გამო დაწესებული აკრძალვების დროს გაიმართა? გამოვლინდა თუ არა დარღვევები და დააჯარიმეთ თუ არა რომელიმე დამრღვევი? – ეს ინფორმაცია შრომის ინსპექციისგან „ბათუმელებმა“ წერილობით გამოითხოვა. 

შრომის ინსპექციის სამსახურს „ბათუმელებმა“ 11 მარტს მიმართა ოფიციალური წერილით. თითქმის ერთთვიანი ლოდინის შემდეგ უწყებამ არც ერთ კითხვას არ გასცა კონკრეტული პასუხი.

შესაბამისად, ისევ ბუნდოვანია, დააჯარიმა თუ არა ინსპექციამ, მაგალითად, პარლამენტარი ანზორ ბოლქვაძე კომენდანტის საათებში გამართული წვეულების გამო.

აქ ნახეთ, რა თქვა ანზორ ბოლქვაძემ წვეულების ვიდეოს გავრცელების შემდეგ

შრომის ინსპექციას ვკითხეთ კიდევ ერთი პარლამენტარის, ანტონ ობოლაშვილის მიერ ორგანიზებული ხალხმრავალი წვეულების შესახებ. ამ წვეულებას უმაღლესი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ. შრომის ინსპექცია ამ შემთხვევაზეც დუმს და ჩვენთვის გამოგზავნილ წერილში მხოლოდ კანონის იმ ნაწილზე აპელირებს, სადაც მათი უწყების ფუნქციაა განსაზღვრული.

„ბათუმელებმა“ შრომის ინსპექციას ასევე ჰკითხა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო მამუკაშვილის შვილის ქორწილზეც. ცოტა ხნის წინ თავად ნინოს მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ჩანდა, რომ წვეულება ამ შემთხვევაშიც ხალხმრავალი იყო.

შრომის ინსპექციამ არც ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით მოგვწერა, დააჯარიმეს თუ არა ვინმე შემთხვევის შემდეგ.

„შრომის ინსპექცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, კანონით დადგენილი წესების მიხედვით, ახორციელებს რეაგირებას როგორც აკრძალული, ასევე ნებადართული ეკონომიკური საქმიანობების რეკომენდაციებთან შესაბამისობის დასადგენად, რომლის საფუძველზეც გამოვლენილ დარღვევასთან დაკავშირებით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების სახით“, – ეს არის ამონარიდი წერილიდან, რომელიც შრომის ინსპექციისგან ერთთვიანი ლოდინის შემდეგ მივიღეთ.

შრომის ინსპექცია თავის ფეისბუკის გვერდზე სავარაუდოდ, მხოლოდ იმ შემთხვევების შესახებ ანთავსებს ინფორმაციას, სადაც მაღალი თანამდებობის პირები არ მონაწილეობენ. მაგალითად, ბოლო ინფორმაცია დაჯარიმებების შესახებ შრომის ინსპექციას 4 აპრილს აქვს გამოქვეყნებული: სოციალური ღონისძიებისა და არანებადართული ეკონომიკური საქმიანობისთვის შრომის ინსპექციამ 7 სუბიექტი დააჯარიმა: 4 ფიზიკური პირი – 2 000 ლარით, ხოლო სამი იურიდიული პირები  – 10 000 ლარით.

„მათგან ერთ იურიდიულ პირს განმეორებითი სამართალდარღვევა დაუფიქსირდა, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“, – წერს ინსპექცია.

___

მთავარი ფოტო: ირაკლი კობახიძე და სხვა დეპუტატები ანტონ ობოლაშვილის მიერ გამართულ წვეულებაზე.

ვის შეუძლია მედიკამენტების უფასოდ მიღება – რა კითხვებს არ პასუხობს ჯანდაცვის სამინისტრო

ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მედიკამენტებს ვეღარ იღებენ. ზოგიერთი პაციენტის თქმით, პროგრამის ფარგლებში ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენტებს აფთიაქები არ გასცემენ, ზოგი კი აცხადებს, რომ მედიკამენტი გამოუცვალეს.  პაციენტების თქმით, სწორედ ამ მიზეზების გამო ისინი იძულებული არიან მედიკამენტები საკუთარი ხარჯებით შეიძინონ.

სახელმწიფოს მიერ დაწესებულია კვოტით, პაციენტი საჭირო რაოდენობის მედიკამენტს ვერ იღებს. დეფიციტურ მედიკამენტებზე ჯანდაცვის სამინისტროდან იანვარში გაუგებარი პასუხი მივიღეთ.

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური კითხვებით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს „ბათუმელებმა“ წერილობით 2021 წლის 23 თებერვალს მიმართა. სამინისტროდან პასუხი დღემდე არ მიგვიღია. სააგენტომ კი, 6 აპრილს და ისიც არასრულად გვიპასუხა.

ვის და რამდენით უფინანსებს სახელმწიფო წამლებს

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა 2020 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში გაერთიანდა.

“საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით წლიური ლიმიტის ფარგლებში მედიკამენტის ღირებულების 100% დაფინანსებით სარგებლობა, ანუ მედიკამენტების მიღება სრულიად უფასოდ შეუძლია:

[checklist]

  • პირს, რომელიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მასზე მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს
  • საპენსიო ასაკის მოსახლეობას (ქალი – 60 წლიდან, კაცი – 65 წლიდან)
  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვს
  • მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს
  • ვეტერანს
  • გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას.

[/checklist]

ასევე, წლიური ლიმიტის ფარგლებში მედიკამენტის ღირებულების 75% დაფინანსებით სარგებლობენ:

[checklist]

  • პარკინსონით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები
  • ეპილეფსიით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები

[/checklist]

რაც შეეხება დაწესებულ ლიმიტებს:

[crosslist]

  • გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში ლიმიტი არის – 200 ლარი
  • ფილტვის ქრონიკული დაავადებები – 300 ლარი
  • ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებები – 20 ლარი
  • დიაბეტი (ტიპი 2) – 40 ლარი
  • პარკინსონი – 400 ლარი
  • ეპილეფსია – 300 ლარი

[/crosslist]

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფის ფარგლებში 0-5 წლამდე ასაკის ბავშვები სარგებლობენ 50% დაფინანსებით [ლიმიტი 50 ლარია], ხოლო 0-დან 5 წლამდე ასაკის შშმ ბავშვებისთვის კი ლიმიტი არის 100 ლარი, თანადაფინანსება აქაც – 50%.

როგორ მივიღოთ მედიკამენტები პროგრამის ფარგლებში

სააგენტოს ინფორმაციით, ბენეფიციარები მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით უნდა დაარეგისტრიროს ექიმმა, ელექტრონული რეცეპტის სისტემაში ელექტრონული რეცეპტის შექმნის გზით, შემდეგი თანმიმდევრობით:

  • ექიმის მიერ ელექტრონული რეცეპტის მოდულში ხდება პაციენტის პირადი ნომრით იდენტიფიცირება
  • შემდეგ ხდება პროგრამულად გაწერილი დაავადებათა ჯგუფების (გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი (ტიპი 2), ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებები, პარკინსონი, ეპილეფსია, ანტიბაქტერიული მედიკამენტები) და ICD10 კოდის არჩევა
  • ფიქსირდება მედიკამენტი
  • იქმნება ელექტრონული რეცეპტი, რომელიც ასევე ელექტრონულად აისახება ფარმაცევტულ დაწესებულებაში

მედიკამენტის მისაღებად ბენეფიციარმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

პროგრამაში ჩართული ფარმაცევტული დაწესებულებებია:
  • შპს პსპ ფარმა
  • სს გეფა (ჯიპისი, ფარმადეპო)
  • შპს ავერსი ფარმა

რაც შეეხება პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი მედიკამენტების ჩამონათვალს, შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე:

[toggle title=”მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტით განსაზღვრული ფარმაცევტული პროდუქტის ნუსხა”][/toggle]

სააგენტოდან მოგვწერეს, რომ „2020 წლიდან ქრონიკული მედიკამენტების ადმინისტრირება შეიცვალა და მედიკამენტების შესყიდვა აღარ ხორციელდება. რაც შეეხება წინა წლებში ცენტრალიზებულად შესყიდულ ფარმაცევტულ პროდუქტებს, ისინი გადაეცათ მიმწოდებლად დარეგისტრირებულ ფარმაცევტულ კომპანიებს მოსარგებლეებზე მოხმარების მიზნით“.

სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წელს პროგრამით 176 113-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.

ვის უნდა მიმართოს პროგრამით მოსარგებლე მოქალაქემ, თუკი აფთიაქი სხვადასხვა მიზეზით უარს ეუბნება წამლის გაცემაზე? – ამ კითხვაზე სააგენტო ასე გვპასუხობს:

„თუ მოსარგებლეს ექმნება რაიმე სახის პრობლემა პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული მედიკამენტების თაობაზე, მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს 1505 ან დაწერს განცხადებას“.

აღირიცხება თუ არა ასეთი შემთხვევები? – ამ კითხვაზე სააგენტომ არ გვიპასუხა.

კითხვები, რომლებზედაც პასუხი ჯანდაცვის სამინისტროდან და ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოდან „ბათუმელებმა“ ვერ მიიღო:

  • რა თანხა იყო გამოყოფილი აღნიშნული პროგრამისთვის 2020 წელს და რამდენია გამოყოფილი 2021 წლისთვის?
  • აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ 2020 წელს რა თანხა დაიხარჯა ჯამში მედიკამენტებისთვის ბიუჯეტიდან და კონკრეტულად ვისგან რა ღირებულების და რა დასახელების მედიკამენტი იქნა შეძენილი ან/და ანაზღაურებული].
  • ანალოგიური ინფორმაცია [ხარჯთაღრიცხვა] 2021 წლის იანვრიდან დღემდე პერიოდში?
  • რამდენმა ადამიანმა ისარგებლა აღნიშნული პროგრამით 2017, 2018, 2019 წლებში?
  • დარჩა თუ არა აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შესყიდული მედიკამენტების ნაშთი და რა ოდენობით? [გთხოვთ წლების მიხედვით [2017-2020] მოგვაწოდოთ ნაშთის ოდენობა].
  • როგორ მოხდა პროგრამის ფარგლებში ნაშთის სახით დარჩენილი მედიკამენტების მართვა? რა ოდენობის [რა ღირებულების] მედიკამენტს გაუვიდა მოქმედების ვადა 2017 წლიდან 2020 წლის ჩათვლით? [გთხოვთ აღნიშნული ინფორმაცია მოგვაწოდოთ წლების მიხედვით].
  • პროგრამის კონტროლისა და შეფასების რა მექანიზმი არსებობს? ვინ/რა უწყება აკონტროლებს პროგრამის მიმდინარეობას? გთხოვთ, მოგვაწოდოთ დოკუმენტაცია პროგრამის კონტროლის/შეფასების შესახებ [ასეთის არსებობის შემთხვევაში] წლების მიხედვით.

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის 2017-2018 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში სახელმწიფო აუდიტმა მხოლოდ 2020 წლის აგვისტოში გამოაქვეყნა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში საუბარია შეუთავსებელი მედიკამენტების გაცემაზეც, რამდენადაც, რიგ შემთხვევებში ბენეფიციარებზე მედიკამენტის გაცემისას ჩამოყალიბებული იყო არაეფექტიანი კონტროლის მექანიზმი. შედეგად, გაცემული მედიკამენტების კომბინაცია და დოზები არ შეესაბამებოდა დადგენილ მოთხოვნებს.

ამასთან, აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ რიგ შემთხვევებში ბენეფიციარებმა მიიღეს მედიკამენტები, რომლებსაც მოხმარების პერიოდში გაუვიდათ ვარგისიანობის ვადა.

შეგიძლიათ ნახოთ ასევე სტატია „ნეტგაზეთის“ არქივიდან: რა თანხა დაიხარჯა რეალურად მედიკამენტების პროგრამაზე – სამინისტროს განმარტება.

 

ამავე თემაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

https://netgazeti.ge/news/202462/

 

 

 

რატომ ვერ გასცეს მარტის ხელფასი ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებში

ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებში დასაქმებულებს მარტის ხელფასი ამ დრომდე არ მიუღიათ. მიზეზებზე არც საბავშვო ბაღების გაერთიანებაში საუბრობენ და არც მერიაში. ხელვაჩაურში სულ 18 საბავშვო ბაღია.

„ტექნიკური ხარვეზიაო, ასე გვითხრეს, მეტი არაფერი ვიცით,“ – გვითხრა ხელვაჩაურის პირველი საბავშვო ბაღის ხელმძღვანელმა, ირმა ნაკაშიძემ. საბავშვო ბაღების არც სხვა გამგეებს აქვთ ინფორმაცია, რის გამო ვერ გაიცა გასული თვის ხელფასი, თუმცა ზოგიერთს ამაზე პრეტენზია არ აქვს და ამბობს, რომ არც მოუკითხავს, რატომ დაგვიანდა ხელფასი, ან აიღებენ თუ არა საერთოდ ხელფასს საბავშვო ბაღებში დასაქმებულები.

„არ მომიკითხავს ნამდვილად, ვიცი, რომ ავიღებთ ამ დღეებში და ველოდებით,“ – გვიპასუხა აჭარისწყლის საბავშვო ბაღის ხელმძღვანელმა, იამზე ცისკარაძემ.

„უმნიშვნელო ხარვეზი“ – ასე ხსნის ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, ნატო შერვაშიძე მარტის ხელფასების გაუცემლობას. მან ვერ დაგვისახელა კონკრეტული მიზეზი, რა ხარვეზზეა საუბარი და რამდენჯერმე მხოლოდ ის გაგვიმეორა, რომ ხელვაჩაურის მერიის ფინანსურ სამსახურს უნდა მივმართოთ. ნატო შერვაშიძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში დაერიცხებათ ხელფასი საბავშვო ბაღებში დასაქმებულებს.

ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრში ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხეს.

Exit mobile version