განათლება,მთავარი,სიახლეები

მიაკვლია თუ არა განათლების სამინისტრომ სკოლის მიღმა დარჩენილ ბავშვებს

08.04.2021 • 1639
მიაკვლია თუ არა განათლების სამინისტრომ სკოლის მიღმა დარჩენილ ბავშვებს

სკოლის გარეთ დარჩენილი ბავშვების შესახებ ინფორმაცია საქართველოს განათლების სამინისტრომ „ბათუმელებს“ 15 მარტს მოაწოდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ 6-16 წლამდე ასაკის 10 404 ბავშვი არასდროს ყოფილა სკოლაში.

სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, როგორ მოიპოვა ამ ბავშვების შესახებ ინფორმაცია და გაარკვია თუ არა ის მიზეზები, რის გამოც ბავშვები სკოლის გარეთ დარჩნენ.

26 მარტს „ბათუმელები“ გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამების ხელმძღვანელს, მაკო ყუფარაძეს ესაუბრა. მან თქვა, რომ სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვებიდან 5 ათასი ბავშვის იდენტიფიცირებას სახელმწიფო ვერ ახერხებს. ეს იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო რეესტრის ჩანაწარების მიხედვით ბავშვები საქართველოში არიან დაბადებული, თუმცა მათი კვალი არც საბავშვო ბაღში ჩანს და არც სკოლაში.

„ბათუმელები“ კიდევ ერთხელ დაინტერესდა ამ ფაქტით და განათლების სამინისტროს ისევ მიმართა წერილობით იმის გასარკვევად, რომელ წყაროებზე დაყრდნობით მოიპოვა სამინისტრომ სკოლის მიღმა მყოფი ბავშვების შესახებ ინფორმაცია – რომელ სოციალრ ჯგუფს მიეკუთვნებიან ეს ბავშვები, რამდენად რეალურია, რომ სახელმწიფო ვერ ადგენს ქვეყანაში დაბადებული 5 ათასი ბავშვის ადგილსამყოფელს.

სამინისტროდან მოგვწერეს, რომ ბავშვების იდენტიფიცირება „საკმაოდ რთული პროცესია“, ამიტომ მასში ჩართულია სხვადასხვა სახელმწიფო უწყება – სოცმუშაკები, განათლების სპეციალისტები, პოლიცია, მუნიციპალიტეტები და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

„მონაცემების დამუშავება გრძელდება, რადგან რამდენიმე საინფორმაციო ბაზის ურთიერთშედარება ტექნიკურად რთული პროცესია“, – მოგვწერეს სამინისტროდან. – „სკოლის მიღმა დარჩენის ზუსტი მიზეზები და სხვა დეტალები ცნობილი გახდება მას შემდეგ, როდესაც განხორციელდება ოჯახებთან კომუნიკაცია. ამ პროცესში მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტების თანამონაწილეობაც“.

ეს იმას ნიშნავს, რომ სამინისტროს ჯერ კიდევ არ აქვს ინფორმაცია მინიმუმ 5 ათას ბავშვზე, რომლებიც სკოლაში არ დადიან. ისინი, შესაძლოა, არც 2021-2022 სასწავლი წლისთვის ჩაირიცხონ სკოლაში.

განათლების სამინისტროდან გვაცნობეს, რომ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს  განათლების სისტემასთან. სოციალური მუშაკი სავალდებულო განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ ინფორმაციას მოძიებისთანავე არეგისტრირებს სკოლაში. თუმცა ფაქტია, რომ ამ ხნის განმავლობაში აღნიშნულმა სამსახურმა ვერ მოახერხა სკოლის მიღმა დარჩენილი 10 ათასი ბავშვის პრობლემის მიტანა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან.

განათლების სამინისტრო ოფიციალურ წერილში საუბრობს 6 და 7 წლის ბავშვებზეც, რომლებიც ამ ეტაპზე მომსახურებას იღებენ საჯარო საბავშვო ბაღებში.

„დაწყებულია 2021-2022 სასწავლო წელს საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვისთვის რეგისტრაცია, 6-8 წლის ასაკობრივი ჯგუფიდან გარკვეული ნაწილი დარეგისტრირდება მოსწავლეთა ბაზაში. მიღებული მონაცემების საფუძველზე შესაძლებელი იქნება სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი, იმ მიზეზების დადგენა, რომლებიც განაპირობებს მოზარდების საგანმანათლებლო სისტემის გარეთ ყოფნას“, – მოგვწერეს სამინისტროდან.

სამინისტრომ ვერ მოგვაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რა არის ამ ბავშვების სკოლის გარეთ ყოფნის მიზეზი – სიღარიბე თუ მდიდარი ბავშვები არიან და სახლში იღებენ განათლებას?

რამდენი შშმ ბავშვია მოსწავლის სტატუსის გარეშე, სად ცხოვრობენ ისინი – ოჯახში, მშობლებთან თუ ქუჩაში? ხომ არ არიან ბავშვები ტრეფიკინგის ან რაიმე სხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლი?  – ამ კითხვებზე სამინისტროს პასუხები არ აქვს.

კითხვაზე, რა გეგმა არსებობს ამ მდგომარეობის შესაცვლელად, სამინისტრომ მოგვწერა: „შესაძლებელი გახდება სპეციალური საგანმანათლებლო სერვისების, პროგრამებისა და სოციალური მხარდამჭერი პროგრამების დანერგვა. სკოლაში დაგვიანებით ჩარიცხულ მოსწავლეთა ინტეგრაციისა და აკადემიური განვითარებისთვის გამოყენებული იქნება სხვადასხვა მეთოდოლოგია თითოეული ინდივიდუალური შემთხვევიდან გამომდინარე“.

სამინისტრო ამბობს, რომ ამუშავებს სპეციალურ მოდულებს სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის, აკადემიური ჩამორჩენილობის დაძლევა რომ შეძლონ. უწყება იშველიებს გაეროს ბავშვთა ფონდისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით შემუშავებულ ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე შექმნილი დაწევისა და დაჩქარებული სწავლების პროგრამას, რომლის პილოტირებაც მიმდინარეობს სპეციალურად შერჩეულ საჯარო სკოლებში.

„შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია იდენტიფიცირებული მოზარდების მშობლებთან, მეურვეებთან ან კანონიერ წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და ინდივიდუალური შემთხვევების განხილვის შედეგად მოზარდების ჩართვა ფორმალურ განათლებაში ან მათთვის სპეციალური საგანმანათლებლო სერვისების შეთავაზება.

ამ პროცესში აპრილიდან აქტიურად ჩაერთვებიან მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკები, რომლებიც მოზარდებთან ინდივიდუალურად იმუშავებენ.

სამინისტროს მიზანია, ერთი მხრივ, დაიცვას საქართველოში მცხოვრები ბავშვების კონსტიტუციით გარანტირებული განათლების უფლება, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოს მათი წარმატებული ინტეგრირება განათლების სისტემაში, ასევე მოზარდების ისეთი უნარებითა და ცოდნით აღჭურვა, რომელიც შრომის ბაზრის მოთხოვნებს პასუხობს“, – მოგვწერა სამინისტრომ.

რაც შეეხება ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს, სამინისტრო გვეუბნება, რომ მათი მხარდაჭერისთვის 2015 წლიდან ხორციელდება სპეციალური ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების ზოგადი განათლების სისტემაში რეინტეგრირებაზე.

პროგრამის მიზანია ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს ხელი შეუწყოს, რომ იყვნენ შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანები.

„ამ პროგრამით ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ფსიქოლოგიური ან ემოციური მხარდაჭერის მიღება და კონსულტირება კარიერის მართვაში“.

განათლების სამინისტრო ასევე გვეუბნება, რომ  სხვადასხვა უწყების საინფორმაციო ბაზებში არსებული მონაცემების გაცვლა პირველად მხოლოდ 2020 წელს განხორციელდა და შემდეგ წლებშიც იგეგმება:

„დაგეგმილია მონაცემთა ბაზების შემდგომი განვითარება მოძიების პროცედურების გამარტივებისა და დროის დაზოგვის მიზნით, მონაცემთა გაცვლის სამართლებრივი ჩარჩოს მოწესრიგება, 2020 წლის შედეგების გათვალისწინებით მონიტორინგის მექანიზმის, ინდიკატორების დამატება, სახელმწიფო უწყებებში დაცული სხვა მონაცემთა ბაზების მოძიება, საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, სოციალური მუშაობის გაფართოება და ოჯახების მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამების შემუშავება და აქტიური საინფორმაციო კამპანია“.

ამ ეტაპზე არსებული ოფიციალური ინფორმაციით,  სკოლაში არასდროს უვლია საქართველოში დაბადებულ 10 404 ბავშვს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: