ქობულეთის ზღვისპირა ზოლში 11 235 კვ.მ მიწის ნაკვეთი გასაყიდად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე უკვე მეშვიდედ გამოიტანა. ამჯერად მიწის გასაყიდი ფასი, წინა აუქციონთან შედარებით, 1 მილიონი ლარით ნაკლებია.
ფიჭვნარში მდებარე ამ ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი 4 360 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი – 100 000 ლარი. აუქციონი დაწყებულია და ის 21 აპრილს დასრულდება.
აუქციონის პირობები იგივეა, რაც წინა აუქციონის დროს იყო, რომელიც 2021 წლის 26 თებერვალს არ შედგა.
ა. საბოლოო საპრივატიზებო საფასურის (“ბე“-ს (საწყისი საპრივატიზებო საფასურის 25%-ის ოდენობით) გამოკლებით) გადახდა აუქციონის დასრულებიდან 3 ეტაპად, კერძოდ:
ა. ა) 2021 წლის 20 დეკემბრამდე არანაკლებ 25%-ის გადახდა;
ა. ბ). 2022 წლის 20 ივნისამდე არანაკლებ 25%-ის გადახდა;
ა. გ) 2022 წლის 20 დეკემბრამდე დარჩენილი საპრივატიზებო საფასურის გადახდა.
ბ. შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) თვის ვადაში არანაკლებ ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულების 1%-ის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა, რომლის ვადაც არანაკლებ 2 (ორი) თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას;
გ. ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში საპროექტო ობიექტის ვიზუალური ესკიზის (4 მხრიდან ხედი მოცულობაში, საპროექტო ობიექტის გაბარიტები ფასადის მოსაპირკეთებელი მასალების ჩვენებით), მათ შორის ზღვაზე გადასასვლელი ბილიკის სამინისტროში შესათანხმებლად წარმოდგენა (3 ეგზემპლარად);
დ. ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთზე განსათავსებელი მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობის ნებართვის მიღება, სადაც მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა უნდა შეიცავდეს არანაკლებ 100 (ასი)- ნომრიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ან/და სარეაბილიტაციო ცენტრს, არანაკლებ 60 (სამოცი) ავტომანქანაზე გათვლილ ავტოსადგომს, სკვერს;
ე. ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობანაგებობ(ებ)ის ნულოვანი ნიშნულის დასრულება;
ვ. ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 (ორმოცდარვა) თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის მზიდი კონსტრუქციის (კარკასი) მშენებლობის დასრულება;
ზ. ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) თვის ვადაში შენობა-ნაგებობ(ებ)ის, (რომელიც უნდა მოიცავდეს არანაკლებ 100 (ასი) ნომრიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ან/და სარეაბილიტაციო ცენტრს, არანაკლებ 60 (სამოცი) ავტომანქანაზე გათვლილ ავტოსადგომს, სკვერს) ამოქმედება და არანაკლებ 20 (ოცი) წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნება, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90% უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეებს;
თ. ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) თვის ვადაში აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 20 000 000 (ოცი მილონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამ ნაკვეთს წინა აუქციონზე 5.4 მილიონ ლარად ყიდდა. ამ აუქციონის [რომელიც არ შედგა] გამოცხადების მიზეზი კი ის გახდა, რომ მანამდე აუქციონზე ამ ნაკვეთის შემძენმა კომპანიამ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა. შესაბამისად ეს აუქციონი გაუქმდა.
სამინისტროს ინფორმაციით, მყიდველი შპს „ჯორჯიან რიზორთს კომპანი“ იყო, გაყიდვის საბოლოო ფასი კი – 1 146 250 ლარი.
„ჯორჯიან რიზორთს კომპანის“ პროექტში [ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში] არანაკლებ 50 მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადების ვალდებულება ექნებოდა. არშემდგარი და ასევე მიმდინარე აუქციონის პირობის მიხედვით კი, სავალდებულო საინვესტიციო თანხა 30 მილიონი ლარითაა შემცირებული, ანუ მომავალ მყიდველის ექნება ვალდებულება, იმავე პროექტში არანაკლებ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადოს.
ქონების შემძენის მთავარი ვალდებულებაა შეძენილ ნაკვეთზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის ვადაში აამოქმედოს არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ან/და სარეაბილიტაციო ცენტრი, არანაკლებ 60 ავტომანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი, მოაწყოს სკვერი და ამ ყველაფერს არანაკლებ 20 წლის განმავლობაში პროფილი შეუნარჩუნოს.
—
ზღვის პირველ ზოლში ანუ პლაჟთან ახლოს ისეთი ადგილები, სადაც სასტუმრო ინდუსტრიის განვითარებაა შესაძლებელი, ზოგადად, მსოფლიოში ცოტაა. „ბათუმელები“ დაახლოებით 2 წლის წინ დაინტერესდა, რა პოტენციალი აქვს აჭარას ამ კუთხით და ზღვასთან [პლაჟთან] ახლოს რომელ ნაკვეთებს განიხილავს ხელისუფლება, სადაც შესაძლოა სასტუმროების აშენება.
ამ თემაზე შეგიძლიათ ნახოთ მასალა „ბათუმელების“ არქივიდან: