განათლება,მთავარი,სიახლეები

ჩაქვის №1 სკოლა აშშ-ის დაფინანსებულ პროექტში შეარჩიეს – გენდერული თანასწორობა

07.04.2021 • 2111
ჩაქვის  №1 სკოლა აშშ-ის დაფინანსებულ პროექტში შეარჩიეს – გენდერული თანასწორობა

საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ახალი პროგრამა – SHE’s GREAT-ი იწყება, რომლის მიზანი გენდერული სტერეოტიპების გარდაქმნა და ახალგაზრდებში ინკლუზიური საზოგადოების შექმნაა.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მოსწავლეები  გაივლიან ტრენინგებს გენდერულ ნორმებსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე. პროექტი გლობალური პროგრამის ნაწილია, რომელსაც საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან ერთად განახორციელებს.

მოსწავლეები გაწევრიანდებიან „გენდერი და ჩემი თემის“ კლუბებში, სადაც საშუალება ექნებათ აითვისონ ტექნიკური უნარები ისეთ საგნებში, როგორიცაა: მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ხელოვნება/დიზაინი და მათემატიკა, შეძლებენ იმუშაონ ჯგუფურად, გაიღრმაონ და შეიძინონ სხვადასხვა უნარი.

SHE’s GREAT-ის საქართველოს პროგრამაში უკვე შეარჩიეს ხუთი სკოლა ქვეყნის მასშტაბით. აჭარიდან პროექტში მხოლოდ ერთი – ჩაქვის პირველი საჯარო სკოლა ჩაერთვება.

„ბათუმელები“ ამ სკოლაში ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელს ლელა კონცელიძეს ესაუბრა პროექტის დეტალებზე. მასწავლებლის თქმით, პროექტში მონაწილეობის სურვილი 50-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა, თუმცა შეირჩევა მხოლოდ 20 მონაწილე.

„ამ ჯგუფთან ადრეც ვთანამშრომლობდი ძალადობის პრობლემებთან დაკავშირებული პროექტის ფარგლებში და როგორც ჩანს, ამანაც იქონია გავლენა ჩვენი სკოლის შერჩევისას და იმანაც, რომ ჩვენი სკოლა ორსექტორიანია.სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის ბავშვები სწავლობენ სკოლაში და ამ მხრივ გენდერული საკითხები როგორ მუშაობს, ეს საკითხებიც აინტერესებდათ, რადგან ამ თემას იკვლევენ.

თუ პანდემია არ შეგვიშლის ხელს, სხვა რეგიონებში გასვლებიც გვექნება, რომ გავუზიაროთ გამოცდილება ერთმანეთს, ამიტომ მონაწილეებს ოჯახმა უნდა შეუწყოს ხელი ამაში. მაგალითად, გასულ წელს ერთი ძალიან კარგი მონაწილე გვყავდა, თუმცა ოჯახმა არ მისცა უფლება გასვლების დროს ჩვენთან ერთად წამოსულიყო, ამიტომ ბავშვებს ყველა დეტალს ვუხსნით,“ – ამბობს ლელა კონცელიძე.

მისი თქმით, ონლაინტრენინგები კვირაში ერთხელ ჩატარდება, აპრილიდან ივნისის ჩათვლით და შესაძლოა გაგრძელდეს მომდევნო წელსაც.

„ამ თემების მიმართ მოსწავლეების დაინტერესება საკმაოდ მაღალია, როგორც გოგონების, ასევე ბიჭების მხრიდანაც.  დღეს უკვე 26 ბავშვი იყო დარეგისტრირებული.

სამოქალაქო განათლებაში უშუალოდ სწავლობენ გენდერულ თანასწორობას და ძალადობის წინააღმდეგ თემებს და ძალიან აინტერესებთ. დღეს იცით როგორი მდგომარეობა გვაქვს? თითქოს  დემოკრატიაა და გენდერულადაც თანასწორი ვართ, მაგრამ არის კონკრეტული შემთხვევები, რაც გვაჩვენებს, რომ მთლად ასეც არაა,“ – ამბობს ლელა კონცელიძე.

ის კონკრეტულ მაგალითებსაც ასახელებს, სადაც მისი აზრით, კარგად ჩანს გენდერული უთანასწორობა:

„თუნდაც მაშინ, როცა თანამდებობაზე უფრო ხშირად კაცებს ნიშნავენ და არა ქალებს. არჩევნების  დროს ითქვა, რომ ყოველი მეოთხე ქალი უნდა იყოს სიაში შეყვანილი, ყოველი მეორე რომ იყოს, რატომ არა?!

გენდერული უთანასწორობა ისევ ძლიერია ოჯახებშიც. თუნდაც იმ გოგონას შემთხვევა, შარშან მამამ რომ არ გამოუშვა ზამთრის ბანაკში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აქტიური გოგო იყო. „ერთი კვირა როგორ გამოვუშვა გოგოო“ – ასე გვითხრა.  ბიჭთან მსგავსი შემთხვევა არ მქონია. დღესაც ვერ ვპატიობ იმ მშობელს, რადგან ბავშვმა ძალიან შეურაცხყოფილად იგრძნო თავი,“ – ამბობს მასწავლებელი.

მისი თქმით, მსგავსი ტიპის პროექტები ითვალისწინებს მშობლებთან მუშაობასაც გენდერული თანასწორობის და, ასევე, ძალადობის სხვადასხვა ფორმის საკითხებზე.

„ასეთი თემაც გვქონდა შარშან – „ძალადობა და პოზიტიური ძალადობა“, რაც გულისხმობს სწორედ იმას, რომ თითქოს ზრუნავენ ბავშვებზე, გოგოებზე, თითქოს ელოლიავებიან, მიიყვანენ  სკოლის ან სახლის კარამდე და ამ დროს ბავშვს სჭირდება მეტი თავისუფლება, ხომ უნდა გაიაროს თანაკლასელებთან ერთად, ფეხით ისეირნოს უბრალოდ.

ეს პროექტი მხოლოდ იმით არ დასრულდება, რომ შერჩეული ბავშვები მოისმენენ ლექციებს, ამის შემდეგ თავიანთ თემებში, სოფლებში უნდა ჩაატარონ შეხვედრები, დისკუსიები  გენდერული თანასწორობის საკითხებზე და იმსჯელონ,“ – ამბობს ლელა კონცელიძე.

პედაგოგი იმაზეც საუბრობს, ახალგაზრდები რამდენად ექცევიან გენდერული სტერეოტიპების გავლენის ქვეშ.

„არიან ბავშვები,რომლებიც ამბობენ, რომ კი, ყველაფერში თანასწორი არიან ქალები და კაცები, თუმცა ზოგიერთი, თითქოს ხუმრობით იტყვის ხოლმე , – „აბა რაა, ეგღა მაკლია ეხლა…“ იგრძნობა მოძველებული სტერეოტიპების გავლენა. ამიტომ, როცა ვხედავ, რომ სამუშაოა ბავშვთან ან მშობელთან, ვცდილობ უფრო მეტი დრო დავუთმოთ ამ საკითხებზე მსჯელობას“.

მასწავლებელი იხსენებს კიბერბულინგის შემთხვევასაც ბავშვებში:

„წავიკითხე ბავშვების კომენტარები სოციალურ ქსელში, სადაც ღიად წერდნენ ისეთ რამეებს, რამაც ძალიან შემაშფოთა. შემდეგ პირადში მივწერე იმ მოსწავლეს, ვინც აბულინგებდა თანატოლს. ამ პოლემიკაში ჩართული იყო ერთ-ერთი მშობელიც და ისიც ღიად გამოხატავდა ერთ-ერთი გოგოს მიმართ აგრესიას და ლანძღავდა, –  „შენ რა ოჯახში იზრდები“ და ასე შემდეგ, ამიტომ ჩავერიე მათ ურთიერთობაში და სიტუაცია განვმუხტე. შემდეგ ვთხოვე, რომ ბოდიში მოეხადა იმ მოსწავლისთვის, ვისაც შეურაცხყოფას აყენებდა. საბედნიეროდ, აგრესიული კომენტარები აიღეს ბავშვებმა და ურთიერთობებიც დაალაგეს.

ეს კონკრეტული მაგალითები გვაჩვენებს, რომ ხშირად აუცილებელია მედიატორის როლი,“ – გვეუბნება ლელა კონცელიძე.

პროგრამა SHE’s GREAT! მოზარდებში ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებასაც უწყობს ხელს.

პროგრამა IREX-ისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის თანამშრომლობის შედეგად დაიწყო. პროგრამა დაფინანსებულია ქალთა გლობალური საკითხების შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის ოფისის მიერ.

_______________________

ფოტოზე: ლელა კონცელიძე, მასწავლებელი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: