ბულვარში ყველა დიდი შენობა უნდა დაინგრეს – კიდევ რა წერია გენგეგმაში, რომელიც ჯერ არ დაუმტკიცებიათ

„გეგმით შეთავაზებულია სანაპირო ზოლში არსებული ყველა მოცულობითი შენობის დემონტაჟი,“ – ეს სიტყვები ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის განმარტებით ბარათში წერია. დოკუმენტი ბოლო წლების მიდგომებს, რასაც აჭარის მთავრობა ამართლებდა ბულვარის განაშენიანება- განვითარების თვალსაზრისით, უმეტესწილად თავდაყირა აყენებს.

სპეციალისტები მთავარ აქცენტს ჩახერგილი პანორამული ხედების გახსნის, შენობების მასშტაბების შემცირებისა და ღია სივრცეების მეტ გამწვანებაზე აკეთებენ აქცენტებს.

„არ დავთმობთ – შორს ხელები ბულვარისგან!“ – ამ შინაარსის ბანერებით პერმანენტული პროტესტის, ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის გადაყენებასთან დაკავშირებული პროცესებისა და „ამბასადორის“ 16-სართულიანი კომპლექსის მშენებლობის პარალელურად ბულვარის მთავარ დოკუმენტზე მუშაობა დასრულდა – განაშენიანების გეგმა მზადაა.

წინ მისი საჯარო განხილვა და დასამტკიცებლად მომზადებაა – პროცედურას კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება. პროექტის პირველი საჯარო განხილვა 27 აპრილსაა დანიშნული. კანონით მანამდე ყველა დაინტერესებული პირისთვის დოკუმენტი საჯარო უნდა გახდეს, თუმცა იქნება თუ არა ეს ასე, ჯერ არ ვიცით. „ბულვარის ადმინისტრაციიდან“ გამოთხოვილი ასლი ჯერ არ მიგვიღია, ის სხვა გზებით მოვიპოვეთ.

გენგეგმაზე კონკურსში გამარჯვებული კომპანიის, შპს „ბაუ დიზაინის“ ამოცანა იყო, შეექმნა ბულვარის განვითარების ისეთი კონცეფცია, რომელიც გაითვალისწინებდა მისი, როგორც უნიკალური ლანდშაფტური პარკის შენარჩუნებას, განვითარების შესაძლებლობას ისე, რომ ბულვარი დარჩეს საერთაშორისო  მნიშვნელობის მიზიდულობის ადგილად, ამავდროულად დაცული იყოს მისი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინტერესები.

დოკუმენტი ვრცელი და მრავალმხრივია. ვიდრე ბათუმის ბულვარი დოკუმენტს გაასაჯაროვებს, მის მოკლე თემატურ მიმოხილვას ჩვენ გთავაზობთ:

                  ზოგადი მიდგომები, რასაც დოკუმენტი ეყრდნობა:

სანაპირო ზოლზე განისაზღვრა ძირითადი გასასვლელები, თითოეული ასეთი გასასვლელიდან დადგინდა ძირითადი ხედვის არეალები [120-გრადუსიანი კუთხე], ხოლო ამ არეალებში დადგინდა შეზღუდვის ზონა, რომელშიც არ უნდა განთავსდეს არც ერთი შენობა, რათა ბულვარიდან პრომინადზე გასვლისას შენობებმა არ შეუშალოს ხელი ზღვის ხედის აღქმას. ამ მიდგომის გათვალისწინებით დადგინდა შენობების განთავსების არეალებიც.

მსოფლიო ანალოგების გათვალისწინებით, განისაზღვრა იმ შენობების ჩამონათვალი, რომელთა განთავსებაც შესაძლებელია სანაპირო ზოლის ფარგლებში. ესენია: მცირე ზომის კაფე, საჩრდილობელი, ტუალეტი, საშხაპე, გასახდელი, სამაშველო კოშკი, ბავშვთა გასართობი მოედანი, ქვიშის სპორტული მოედანი.

გენგეგმის მიხედვით, სანაპირო ზოლში განთავსებული კვების ობიექტები ძირითადად განკუთვნილი უნდა იყოს პლაჟის მომსახურებისთვის, თუმცა მათთან წვდომა უნდა იყოს შესაძლებელი პრომინადის მხრიდანაც. ჯამში სანაპირო ზოლში გათვალისწინებულია 20 მცირე ზომის კაფე, რომლებიც ერთმანეთთან საშუალოდ 240 მეტრით იქნება დაშორებული.

     მთავარი შესასვლელი – ქორწინების სახლის დემონტაჟი და ახალი პანდუსური გვირაბი

ბულვარის განაშენიანების გეგმის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ბულვარის შესასვლელმა  ისტორიის მანძილზე სახე ბევრჯერ იცვალა. ერთ-ერთი უკანასკნელი ჩარევა აქ ქორწინების სახლის მოწყობა იყო. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს შენობა ხელს უშლის ბულვარის შესასვლელის აღქმას და უკეთესი გადაწყვეტის შემთხვევაში შენობა უნდა დაინგრეს. გენგეგმით გათვალისწინებულ რეკომენდაციებშია პირველი წყლის აუზის რეკონსტრუქცია, რომელზეც ამჟამად ქორწინების სახლია განთავსებული.

ამ აუზის ნაცვლად გენგეგმა უშვებს ღია საგამოფენო სივრცის მოწყობას ქვედა დონეზე, სადაც მოაზრებულია ბულვარის ისტორიის ფოტომუზეუმის მოწყობა მიწისქვეშა პანდუსური გვირაბით, რომელიც ბულვარში არსებულ ფოტოჯიხურს უნდა დაუკავშირდეს.

გენგეგმა ითვალისწინებს ასევე მოქმედი შადრევნებისთვის ლითონის ხიდების მოხსნას. სპეციალისტების აზრით, ეს ხიდები არ ჯდება ისტორიული ბულვარის იერსახეში და ამახინჯებს ბულვარის  მთავარ შესასვლელს, გენგეგმით  მათ ნაცვლად შეთავაზებულია წყლის ზედაპირიდან  ოდნავ ამოშვერილი ქვის საფეხურების მოწყობა.

ძველი ბულვარის ტერიტორიაზე არსებული მრავალწლიანი გამწვანების შენარჩუნების გარდა არსებული შენობების ახალი ნარგავებით შენიღბვა ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა. გენგეგმა ითხოვს ასევე ძველ ბულვარში ბამბუკებისა და იაპონური ბაღის გაუმჯობესებას – „მათი წარმოსადეგობის გამოკვეთას“.

უსახური ჯიხურები, სათვალთვალო კოშკები და პირსები

გენგეგმის განმარტებითი ბარათის მიხედვით, აუცილებელია ტერიტორიების გამოთავისუფლება ბულვარში არსებული ჯიხურებისგან, რადგან ისინი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან იერსახით, არქიტექტურული სტილით, მასალითა და მასშტაბით. გენგეგმა ითვალისწინებს მსგავს ობიექტებს მხოლოდ ერთიანი იერსახითა და კონცეფციით.

გენგეგმის მიხედვით, თავისი ფუნქციისთვის შეუსაბამოა ასევე პლაჟზე განთავსებული სამეთვალყურეო კოშკები – „ისინი ზედმეტად დიდია.“ გარდა ამისა, მათი მშენებლობისას გამოყენებულია რკინა-ბეტონის საძირკვლები, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.  აუცილებელია ამ სათვალთვალო კოშკების ახალი მასშტაბებით, მსუბუქი იერსახის მქონე კოშკებით  ჩანაცვლება. საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ისინი შესაძლებელია ერთმანეთისგან 500 მეტრით იყოს დაშორებული.

გენგეგმის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ამ დროისთვის ბულვარის ტერიტორიაზე შენარჩუნებულია ოთხი პირსი, მათი დანიშნულება სარეკრეაციო ხასიათისაა. დაგეგმილია კიდევ ორი პირსის მოწყობა სასტუმრო „შერატონის“ მიმდებარედ და ახალი ბულვარის მონაკვეთში.

დიდი შენობები

გენგეგმაში ხაზგასმულია, რომ სანაპირო ზოლი – სანაპირო საინჟინრო დაცვის ზონაში მდებარეობს, ზონა მოიცავს ზღვის აკვატორიას 20 მ სიღრმემდე და ხმელეთის არაუმეტეს 500 მ სიგანის სანაპირო ზოლს. სანაპირო-საინჟინრო დაცვის სქემა ადგენს მკაცრი ზედამხედველობისა და მუდმივი მეთვალყურეობის საზღვრებს, ასევე განსაზღვრავს ნაპირდაცვის ღონისძიებებს.

კანონის მიხედვით, სანაპიროს დაცვის ზონების საზღვრებს თვითმმართველ ერთეულებთან შეთანხმებით შეიმუშავებს შესაბამისი დეპარტამენტი და ამტკიცებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.

ბათუმის ბულვარის გენგეგმაში წერია, რომ ასეთი საზღვრები ბულვარის სანაპიროს გასწვრივ შეუმუშავებიათ. შესაბამისად, სპეციალისტებმა თავს უფლება მისცეს, ბულვარის სანაპირო ზოლის ნაწილი მკაცრი დაცვის ზონად მოეაზრებინათ.

ასეთ ზოლში შესაძლებელია მხოლოდ დროებითი ნაგებობის განთავსება, სანაპირო ზოლში დღეს არსებული ნაგებობები კი არ წარმოადგენენ დროებით ნაგებობებს, აქ აშენებულია კაპიტალური შენობები. ამავდროულად მათი განლაგება და მასშტაბი აბსოლუტურად ამოვარდნილია ზღვის სანაპიროს მასშტაბიდან, ისინი ხშირად კეტავენ ხედს პრომენადიდან ზღვაზე.

გენგეგმაში წერია, რომ მათი უმეტესობა განთავსებულია სანაპირო ზოლზე მთავარ გამოსასვლელებთან და პრომენადის ნაწილში ვერ ხერხდება ზღვის პანორამის აღქმა.

გენგეგმის განმარტებითი ბარათის მიხედვით გეგმით შეთავაზებულია სანაპირო ზოლში არსებული ყველა მოცულობითი შენობის დემონტაჟი და მხოლოდ დროებითი, მცირე ზომის კვების ობიექტების განთავსება ბულვარის მთავარი შემოსასვლელისგან მოშორებით.

ჩოგბურთის კორტები და შერატონის აუზი

გენგეგმა არ უშვებს კორტების ტერიტორიაზე რაიმე სახის მშენებლობას, რაც არ იქნება თანხვედრაში საპროექტო ტერიტორიის ზონირებასა და მის ფუნქციასთან. გეგნგეგმით გათვალისწინებული რეკომენდაციაა მოიხსნას კედლები, რომლებითაც ჩოგბურთის კორტები შემოსაზღვრულია იმისთვის, რომ კორტებსა და ბულვარს შორის კავშირი უფრო აღქმადი იყოს.

გენგეგმით, მიუხედავად იმისა, რომ მისი ფუნქცია არ ეწინააღმდეგება ზონირების პრინციპს, საიჯარო ხელშეკრულება ვადის გასვლის შემდეგ „შერატონთან“ აღარ უნდა გაგრძელდეს. იგულისხმება საიჯარო ხელშეკრულება იმ ნაკვეთზე, სადაც აუზია განთავსებული. ვადის გასვლის შემდეგ ეს ტერიტორიაც თავისი ფუნქციური დატვირთვით, როგორც პარკი, უნდა შეუერთდეს ბულვარს.

შუალედური ნაწილი – არდაგანის ტბა და „ე.წ. რესტორნების კლასტერი

ბულვარის შუალედურ ნაწილად მოაზრებულია მონაკვეთი მის ისტორიულ ნაწილსა და არადაგანის ტბას შორის, ამ მონაკვეთს ეკუთვნის კაფე მოზაიკა [ რვაფეხა], ასევე სავარჯიშო და  ბავშვთა მოედანი. არდაგანის ტბა ბულვარის მნიშვნელოვან სარეკრეაციო რესურსად არის მიჩნეული, თავისი მოცეკვავე შადრევნით, რომელიც ზაფხულობით უმარავ ტურისტს იზიდავს.

ტბისა და შადრევნის ხედით სარგებლობისთვის გენგეგმა ტბის ორ მხარეს დახრილი ტიპის ჩამოსაჯდომების მოწყობას ითვალისწინებს. გათვალისწინებულია ასევე ტბაზე არსებულ კუნძულებეზე საფეხმავლო ხიდების მოწყობა. გარდა ამისა, ტბის ირგვლივ უნდა მოეწყოს სარბენი ბილიკი, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ საფეხმავლო ხიდებთან. რეკომენდებულია ასევე ტბაზე წყლის ფრინველების გაშვება ბიომრავალფეროვნებისთვის.

რაც შეეხება ე.წ. რესტორნების კლასტერს არდაგანის ტბის მიმდებარედ, გენგეგმის მიხედვით, ეს ტერიტორია დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც კვების არეალი. აქ ძირითადად განთავსებულია სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული არქიტექტურის იმიტაციით შესრულებული ნაგებობები, თუმცა მათი უმეტესობა მდარე ხარისხითაა ნაშენი.

სპეციალისტების შეფასებით, ეს შენობები თავიანთი  ფასადებით უხეშად გამოდიან ზღვისპირა ღია ფრონტზე, რაც არღვევს მნიშვნელოვან გეგმარებით პრინციპს. გენგემა ამ შენობების ხიმშიაშვილის ქუჩაზე გადანაცვლებას ითვალისწინებს. გამოთავისუფლებული ადგილები კი უნდა გამწვანდეს.

შფოთვა, დეპრესია, კომპიუტერზე დამოკიდებულება – როგორ ეხმარებიან მოზარდებს უფასოდ ბათუმში

,,სინერგია“ ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის უფასო ცენტრია, სადაც 14-დან 25 წლის ჩათვლით ახალგაზრდებს დახმარებას უწევს ფსიქოტრავმატოლოგების, ადიქტოლოგების, ფსიქოსომატოლოგების, საჭიროების შემთხვევაში კი ფსიქიატრებისგან შემდგარი მულტიდისციპლინური გუნდი.

ცენტრი არ არის განკუთვნილი მძიმე ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირებისა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონეთათვის, რასაც სხვა სპეციფიკა აქვს.

,,სინერგიაში“ ეხმარებიან ახალგაზრდებს გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში, როგორიცაა შფოთვები, დეპრესიისკენ მიდრეკილება, თამაშდამოკიდებულება, ემოციის მართვა და ა.შ.

ფსიქოსოციალური დახმარების ცენტრს ძირითადად თავად მიმართავენ 18-დან 25 წლის ჩათვლით ახალგაზრდები. 14-17 წლის მოზარდებს კი, ამისთვის მშობლების ინფორმირებული თანხმობაც სჭირდებათ. კავშირის ფორმა სხვადასხვაგვარია: კონსულტაციები გაიცემა როგორც სოცქსელში წერილობითი შეტყობინების, ასევე სატელეფონო ზარის მეშვეობით, კონფიდენციალობის სრული დაცვით.

როგორც „სინერგიის“ ფსიქოტრავმატოლოგი, თათული გიგიტაშვილი ამბობს, მოზარდებსა და ახალგაზრდებს შორის, რომლებიც დასახმარებლად ცენტრს მიმართავენ, ძირითადად გავრცელებულია შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომები, კომუნიკაციის სირთულეები – მოზარდებს უჭირთ კომუნიკაცია არამხოლოდ ოჯახში, არამედ კლასსა და, ზოგადად, სოციუმში.

„პანდემიის პირველი ტალღისას იყო პანიკური შეტევები მოზარდებსა და ახალგაზრდებში, პირველი ტალღისას ასევე ახალგაზრდებში წამყვანი პრობლემა იყო შფოთვები.

ჯერ სკოლაში წავიდნენ, მერე დაიკეტა წერტილოვნად ზოგი სკოლა, მერე ისევ გაიხსნა. უჭირთ სწრაფ და ხშირ ცვლილებებთან მოზარდებს ადაპტაცია. როცა პირველი ლოქდაუნი იყო და სახლში ჩავიკეტეთ, გამოვლინდა, რომ პირადი სივრცის ნაკლებობა არის დიდი პრობლემა მოზარდებისთვის, როცა მაგალითად 5 ადამიანი ცხოვრობს ერთად ერთ ან ორ ოთახში – ძალიან რთულია.

ეს იყო ხშირად სახლში კონფლიქტების საბაბი, ასევე მატერიალური მდგომარეობა ოჯახებისა აისახებოდა ახალგაზრდების სტრესზე.

ზაფხულობით პარკებიდან, ეზოებიდან გვირეკავდნენ მოზარდები, ახალგაზრდები, რადგან არ ჰქონდათ საკუთარი სივრცე, საკუთარი ოთახი შინ, რომ განმარტოებულიყვნენ და დაგვკავშირებოდნენ.

თინეიჯერებს 15-დან 19 წლამდე უფრო ხშირად აქვთ კომუნიკაციის სირთულეები, ასევე ემოციების კონტროლის სირთულეები, ბრაზის მართვის პრობლემები.

ფიზიოლოგიურადაც 15 წლის მოზარდისა და 20 წლის ახალგაზრდის ტვინის სტრუქტურა ერთმანეთისგან განსხვავებულია. თინეიჯერების ტვინის ის უბანი, რომელიც ემოციების კონტროლზეა პასუხისმგებელი, ჯერ არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული და, შესაბამისად, 15-19 წლის მოზარდებს ხშირად აქვთ დაურეგულირებელი ემოციები. თუმცა ეს პრობლემა შეიძლება 30 წლის ადამიანსაც ჰქონდეს“, – ამბობს თათული გიგიტაშვილი.

თათული გიგიტაშვილი, ფსიქოსოციალური დახმარების ცენტრ ,,სინერგიას” ფსიქოტრავმატოლოგი

მისივე თქმით, თინეიჯერები ხშირად მიმართავენ ფსიქოლოგებს თვითშეფასების სირთულეებისას, როცა არ მოსწონთ საკუთარი გარეგნობა, ზედმეტად კრიტიკულები არიან თავის მიმართ, რასაც ნაკლებად ვხვდებით 20 – 25 წლის ასაკში.

ფსიქოტრავმატოლოგი იხსენებს, რომ ,,სინერგიისთვის“ მიუმართავთ 18 წელზე მეტი ხნის პირებს, ძალადობაგამოვლილ მსხვერპლებს, რომლებისთვისაც დახმარება გაუწევიათ.

თათული ამბობს, რომ მიმართვიანობის სტატისტიკა ,,სინერგიაში“ მზარდია. ფსიქოსოციალურ დახმარებას სულ უფრო და უფრო მეტი მოზარდი და ახალგაზრდა ითხოვს.

საქართველოში ფსიქოლოგიური დახმარების უფასო ცენტრების სიმწირეა, განსაკუთრებით 18 წელზე ზემოთ პირებისთვის.

„მომართვიანობა დიდია, რაც გვაფიქრებინებს, რომ კიდევ უნდა არსებობდეს მსგავსი სივრცეები. გვქონია შემთხვევები, როცა დაგვჭირვებია ადამიანების გადამისამართება სადმე და ვერსად გაგვიგზავნია, რადგან ან უბრალოდ არ ყოფილა ასეთი სერვისი საერთოდ ხელმისაწვდომი, ან ადგილი არ ყოფილა“, – ამბობს თათული გიგიტაშვილი.

  • ცენტრს ხშირად მიმართავენ ვიდეოთამაშებზე დამოკიდებული მოზარდები და ახალგაზრდები. როგორც ფსიქოტრავმატოლოგი განმარტავს, ამ პრობლემისას მნიშვნელოვანია გაირკვეს, რატომ არის მთელი დღე გაჯეტებთან მოზარდი: ბევრი თავისუფალი, დაუგეგმავი დროის გამო, ტრავმული გამოცდილებების დასავიწყებლად თუ იმ მიზეზით, რომ შინ, ოჯახში არ ეძლევათ შესაძლებლობა ისაუბრონ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ემოციებზე და ვირტუალურ თამაშებში ხარჯავენ ენერგიას.
  • ,,სინერგიას“ მიმართავენ ასევე ტრავმული გამოცდილების მქონე მოზარდები და ახალგაზრდები, ეს შეიძლება იყოს ოჯახში ძალადობა, ბულინგი, სექსუალური ძალადობა, ოჯახისგან გარიყვა და უგულვებელყოფა. ცენტრში აქვთ სპეციალური კითხვარი, იმის გასარკვევად, თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს ტრავმული გამოცდილება. ეს ძალიან ინდივიდუალური რამ არის. ტრავმული შეიძლება იყოს ოჯახის ისეთ წევრთან ერთად ცხოვრება, ვინც მოიხმარს ნარკოტიკს, ალკოჰოლს. ტრავმულია მშობლების განქორწინება, ფიზიკური და სექსუალური ძალადობა, ომგამოვლილობის გამოცდილება და ბევრი სხვადასხვაგვარი რამ.

კითხვაზე, მიმართავენ თუ არა ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრ ,,სინერგიას“ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ახალგაზრდები, თათული გიგიტაშვილი გვპასუხობს, რომ ძირითადად, სხვა, უფრო მსუბუქი პრობლემის მოტივით მიმართავენ ხოლმე სპეციალისტებს სექსუალური ძალადობის მსხვერპლები, მაგრამ მუშაობისას თავს იჩენს ნამდვილი და დაფარული პრობლემა.

„პირდაპირ ამაზე საუბარი უჭირთ ახალგაზრდებს. როგორც წესი, სექსუალურ ძალადობაზე მაშინვე საუბარი ურთულდებათ, მოგვმართვენ ფაქტიდან დიდი ხნის შემდეგ. ჩემს პრაქტიკაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლები ,,სინერგიიდან“ ძირითადად გოგოები მახსენდებიან. თუმცა მე ვმუშაობ სექსუალური ძალადობის მსხვერპლებთან სხვა პროექტშიც და იქ ამგვარი ძალადობის მსხვერპლი მამაკაცებიც არიან“, – ამბობს ფსიქოტრავმატოლოგი.

„ავტობუსის მოსაცდელთან სანადირო თოფიდან გაისროლა და 2 კაცი წაიქცა“ – განაჩენი

„მოვიდა და მითხრა, ამ კაცს ვეძებო, წადი და ხვალ მოძებნე, ასე ჯობია-მეთქი, ვუთხარი. მერე ხელკავი გავუკეთე და მისი გაბრუნება ვცადე. ამ დროს ვიგრძენი, რომ კოსტუმს შიგნიდან რაღაც ჰქონდა ჯიბეში, მკვრივი საგანი, გვერდზე გავიწიე, მოვტრიალდი და ამ დროს გავიგონე გასროლის ხმა, მე ამ დროს ალექსანდრეს [სტატიაში სახელები შეცვლილია] შევხედე და გასროლის ხმა კიდევ ერთხელ გავიგონე – გულმკერდში ტკივილი ვიგრძენი, ალექსანდრე გარბოდა…“ – ეს დაზარალებულად ცნობილი დათოს ჩვენებაა განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ამ საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა და ბრალდებული სხვა, უფრო მსუბუქი მუხლით გაასამართლა.

შემთხვევა გასული წლის მაისში მოხდა ქობულეთის ერთ-ერთი სოფლის ცენტრში, სადაც ავტობუსის მოსაცდელია, სურსათის მაღაზია და კიდევ „ბირჟის“ ადგილი. კუსტარულად გადაჭრილი სანადირო თოფიდან ზუსტად ამ ადგილას გაისროლა ალექსანდრემ და თანასოფლელი ძმები – დათო და მამუკა დაჭრა.

თანასოფლელების და შემდეგში უკვე მოწმეების ჩვენებები ურთიერთსაპირისპირო აღმოჩნდა: ზოგიერთმა მოსამართლეს უთხრა, რომ გასროლას წინ კონფლიქტი უძღოდა მიწის გამო, სადაც სურსათის მაღაზიაა მოწყობილი. ზოგიერთმა კი თქვა, რომ კონფლიქტი იმ დღეს ბრალდებულის შვილს მოუხდა – „ბირჟაზე“ გამართული სახელდახელო ქეიფის დროს შვილმა მუსლიმებს შეურაცხყოფა მიაყენა. მოწმეების თქმით, ბრალდებულის შვილს სცემეს და ამის შემდეგ გაისროლა მამამისმა, რომელიც ჩხუბის მერე გამოჩნდა ავტობუსის მოსაცდელთან – ჯიბეში დამალული გადაჭრილი თოფით.

სხვა ვერსია ჰქონდა თავად ბრალდებულს:

„მე იმ საღამოს ნამდვილად ჩავედი მოსაცდელთან, ახალგაზრდები იყვნენ შეკრებილი,“ – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა ალექსანდრემ და მაისის ის საღამო გაიხსენა, როცა სახლიდან გადაჭრილი სანადირო თოფით გავიდა გარეთ. – „ხმაური ისმოდა, მაგრამ საერთოდ არ ვიცოდი, რა ხდებოდა. არც ის ვიცოდი, რომ ჩემს შვილს სცემეს. მე ჩემი მიწის ნაკვეთში მივდიოდი, რომ დამეთვალიერებია, მოსავალს მღრღნელები ანადგურებდნენ და თოფი მღრღნელების დასაშინებლად წავიღე, მაგით დავდივარ საღამოობით ჩემი მიწის ნაკვეთში.

„ბირჟაზე“ ჩავიარე და ბიჭები მოულოდნელად მე დამესხნენ თავს, აქ რა გესაქმება, სახლში წადიო, გამოვტრიალდი, მაგრამ დამედევნენ და დამარტყეს, წავიქეცი, წამოვდექი და მართლაც გავისროლე, მაგრამ უმისამართოდ. ის იარაღი ბაბუაჩემის დანატოვარი იყო და სახლში ვინახავდი, მანამდე არასდროს გამომიყენებია… მეორე ვაზნაც იყო თოფში, ვიცოდი, მაგრამ არ გამისვრია. მე არ მინდოდა ვინმეს მოკვლა, თავს დამესხნენ და მცემდნენ, თავის დაცვის მიზნით გავისროლე, სხვა არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა,“ – დაასრულა ბრალდებულმა.

დათომ, რომელიც დაიჭრა, მაგრამ კლინიკაში მისი გადარჩენა მოხერხდა, თქვა, რომ ბრალდებულ ალექსანდრეს „ბირჟაზე“ გამოჩენამდე სახეში სილა გაარტყა „მეგობრულად“ ბრალდებულის შვილს – რეზოს.

„ვუთხარი, რომ სხვა დროს სარწმუნოებისთვის არ მიეყენებინა შეურაცხყოფა… რეზო უხმოდ წავიდა. დაახლოებით 5 წუთში ჩამოვიდა „ბირჟაზე“ რეზოს მამა – ალექსანდრე…“ – აღნიშნა დათომ.

„ოჯახში ვიყავი, სტუმრები მყავდა, ნასვამი ვიყავი და აივანზე გავედი სიგარეტის მოსაწევად,“ – მიმართა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს მამუკამ, რომელიც მაისის იმ საღამოს „ბირჟაზე“ მსუბუქად დაჭრეს:

„ხმაური გავიგონე, დამაინტერესა რა ხდებოდა და ჩავედი. ხალხმრავლობა იყო, იგინებოდნენ. როცა მივედი, იქ ალექსანდრე [ბრალდებული] იგინებოდა, მივედი დამშვიდების მიზნით და განიმუხტა სიტუაცია. არ ვიცი რას შეეხებოდა კონფლიქტი, მაგრამ გავაშველე და დავამშვიდე ხალხი. შემდეგ დავინახე რეზოს [ბრალდებულის შვილი] სისხლი მოსდიოდა თავიდან. წაიყვანეს, მაგრამ სად არ ვიცი… მერე გავიგონე გასროლის ხმა, შემეშინდა და გამოვიქეცი, არ დამინახავს, ვინ გაისროლა, ვიგრძენი, რომ დაჭრილი ვიყავი, რატომ მესროლეს, არ ვიცი,“ – დაასრულა დაზარალებულმა.

„ასე თქვეს, ერთი კაცი არის აქ ზედმეტიო, მე მგულისხმობდნენ… მანამდე „ბირჟაზე“ ვლაპარაკობდით, მერე სუფრა გავშალეთ, პროდუქტები შევაგროვეთ და ვსვამდით,“ – უთხრა სასამართლოს რეზომ, ბრალდებულის შვილმა.

რეზოს თქმით, იმ ორ კაცთან, რომლებიც მამამისმა დაჭრა, წარსულში კონფლიქტი ჰქონდათ მიწის გამო, სადაც მაღაზიის შენობაა, მაგრამ  ეს კონფლიქტი უკვე ამოწურულია:

„მითხრეს, რელიგიას შენ შეეხე ცუდადო, მაგრამ ეს ამბავი იყო ორი თვით ადრე, შეურაცხყოფას აყენებ ისლამსო და ამიტომ არ არის აქ შენი ადგილიო, მერე შეურაცხყოფაზე გადმოვიდნენ და მაგინებდნენ, მცემდნენ, მე მხოლოდ თავს ვიცავდი…

მერე ბიძაჩემთან წავედი, თავი გახეთქილი მქონდა, ბიძია ჭრილობას როცა მიმუშავებდა, ამ დროს გავიგონე გასროლის ხმა, ვერ მივხვდი, საიდან მოდიოდა ეს ხმა… მერე მითხრა ბიძაჩემმა, რომ იქ მამაჩემი მისულა,“ – დაასრულა მოწმემ.

მტკიცებულებების შეჯერების შემდეგ, სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ ალექსანდრეს ვინმეს მოკვლის განზრახვა ჰქონდა. ასევე ვერ დადასტურდა ის, რომ ბრალდებულმა ორჯერ გაისროლა.

სასამართლომ გაითვალისწინა ისიც, რომ დაზარალებულები ბრალდებულს შეურიგდნენ და „რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნიათ“.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლს კვალიფიკაცია შეუცვალა და ალექსანდრე სსკ-ის 117-ე მუხლით გაასამართლა, რაც გულისხმობს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას. ბრალდებული ასევე გასამართლდა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვისა და ტარებისთვის. მთლიანობაში ალექსანდრეს 4 წლით და 6 თვით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც მან 3 წელი ციხეში უნდა გაატაროს, დარჩენილი წელიწად-ნახევარი კი, სასამართლომ ალექსანდრეს პირობით ჩაუთვალა 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

ბოლო 2 კვირაში ბათუმში 2 კოვიდსასტუმრო დაამატეს

აჭარაში კოვიდინფიცირებული პაციენტების რიცხვის გაზრდის გამო ბოლო ორ კვირაში ბათუმში ორი კოვიდსასტუმრო დაამატეს. ამჯერად კოვიდსასტუმროდ „სქაი თაუერიც“ იმუშავებს, რომელიც მესამე კოვიდსასტუმრო იქნება ბათუმში.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ხელშეკრულება კოვიდსასტუმროს მოსაწყობად კომპანია „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმთან“ 300 ათას ლარზე 2021 წლის 21 აპრილს გააფორმა.

ამავე კომპანიასთან კოვიდსასტუმროს მოწყობაზე დეპარტამენტმა ხელშეკრულება 2021 წლის 8 აპრილსაც გააფორმა.

„დეპარტამენტმა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, შეისყიდა სასტუმროს მომსახურება კარანტინის საჭიროების მქონე [კოვიდინფიცირებულ პაციენტთა] პირთათვის [შესყიდული იქნა 101-ნომრიანი სასტუმროს მომსახურება]. მაგრამ ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდინფიცირებული პაციენტების რიცხვის მკვეთრად მომატების გამო, კვლავ საჭირო გახდა ახალი კარანტინის ზონის/სასტუმრო მომსახურების შესყიდვა“, – აღნიშნულია დეპარტამენტიდან შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ წერილში.

დეპარტამენტმა ტენდერის გარეშე ხელშეკრულება ამჯერადაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილის საფუძველზე გააფორმა:

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის წერილი ტურიზმის დეპარტამენტს / 21.04.2021

ბოლო 10 დღეში აჭარაში კორონავირუსი 1020 ადამიანს დაუდასტურდა.

22 აპრილის დილის მდგომარეობით, აჭარაში კლინიკაში მკურნალობდა 343 კოვიდპაციენტი, კოვიდსასტუმროებში – 270, ხოლო ბინაზე – 627 პაციენტი.

აჭარაში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული ახალი შემთხვევების სტატისტიკა ბოლო 10 დღეში ასე გამოიყურება:
კორონავირუსის ახალი შემთხვევების სტატისტიკა აჭარაში 13.04.2021 – 22.04.2021

ამავე თემაზე:

აღდგომის ღამეს კომენდანტის საათი არ მოიხსნება

 

ველოსიპედები საათში 5 ლარამდე გაძვირდა – კიდევ რა შეცვალა „ბათუმველომ“

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ბათუმში განხლდა „ბათუმველოს“ ველოსიპედები და დაემატა ახალი ადგილები. „ბათუმველოს“ განკარგულებაში ამჟამად 14 ტერმინალი და 348 ველოსიპედია, თუმცა ტერმინალებზე მხოლოდ 70 ველოსიპედია განთავსებული.

„მიმდინარეობს დანარჩენი ველოსიპედების განახლება და მათი ჯიპიარეს სისტემით აღჭურვა. ეს 70 ველოსიპედი ამ სისტემით უკვე აღჭურვილია“, – გვითხრეს კომპანიაში.

ველოსიპედით სარგებლობის გამარტივების მიზნით კი შემუშავდა ახალი სერვისები:

    • ბათუმველოს ახალი Web და Mobile აპლიკაცია
    • გადახდის გამარტივებული მეთოდი

აპლიკაციის გადმოსაწერად გადადით ამ ბმულზე

„ბათუმველოს“ ინფორმაციით, ველოსერვისით სარგებლობა აპლიკაციითაა შესაძლებელი და ადრე არსებული ველობარათები გაუქმებულია.

ბათუმველოს ველოსიპედით სარგებლობისთვის გადასახადი არის 8 თეთრი 1 წუთი, ანუ 1 საათით სარგებლობის ფასი 4 ლარი და 80 თეთრია. ადრე ველოსიპედით სარგებლობა 1 საათით 2 ლარი ღირდა.

ბათუმველოს ლოკაციები:

წყარო: ბათუმველო
მთავარი ფოტო: ბათუმველო

ახალი აკრძალვები თურქეთში – საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

თურქეთში საქართველოს საელჩოს თანახმად, დღეიდან 5 დღის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრდება.

„თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ ამ/წლის 22 აპრილის 19:00 საათიდან 26 აპრილის 05:00 საათამდე.

ასევე, ძალაში რჩება შაბათ-კვირას და კვირის სამუშაო დღეებში 19:00-05:00 საათებში ქუჩაში გასვლის შეზღუდვა“.

საქართველოს საელჩო დამატებითი კითხვების შემთხვევაში გიპასუხებთ ცხელი ხაზის შემდეგ ტელეფონს ნომრებზე:

  • ქ. ანკარაში საქართველოს საელჩო: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
  • ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო: +90 541 818 44 00
  • ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულო: +90 541 326 22 26
  • ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08

საკონსტიტუციოში „დეპუტატების მანდატების გაუქმების საქმის“ განხილვა მაისამდე გადაიდო

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მაისამდე გადადო იმ პარლამენტარების საქმის განხილვა, რომლებსაც მანდატების გაუქმებაზე საპარლამენტო უმრავლესობამ უარი უთხრა. არსებითი განხილვა ამ საქმეზე 22 და 23 აპრილს უნდა შემდგარიყო.

საქმის განხილვის გადადების მიზეზი ერთ-ერთი მოსარჩელის – თამარ კორძაიას შუამდგომლობა იყო, მან სასამართლოს გუშინ, 21 აპრილს მიმართა და საქმეში თავის წარმომადგენლად საბა ცაგარეიშვილი ჩართო.

საბა ცაგარეიშვილის თქმით, მას არ ჰქონდა საკმარისი დრო, რომ საქმის მასალებს სრულად გაცნობოდა. სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ კი, საქმის განხილვის გადადებამდე დასძინა, რომ თამარ კორძაია მამის ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო სხდომას.

საქმის დროული განხილვა და სწრაფად გადაწყვეტილება ითხოვეს პროცესზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა თამარ კორძაიას წარმომადგენლის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმის განხილვა მაისამდე გადადო. კონკრეტული თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.

პარლამენტის წევრებმა: ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, თამარ კორძაიამ და ელენე ხოშტარიამ საკონსტიტუციო სასამართლოს თებერვალში მიმართეს, მას შემდეგ, როცა საპარლამენტო უმრავლესობამ მათთვის მანდატების შეჩერებაზე უარი თქვა.

ოპოზიციის ნაწილმა და, მათ შორის, მოსარჩელეები თამარ კორძაია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ, აპირებენ პარლამენტში შესვლას.

ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო საქმის არსებით განხილვას შეუდგებოდა, 14 აპრილს, მოსამართლე ევა გოცირიძემ თავისი განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა. ეს მოსამართლე მიიჩნევს, რომ როცა დეპუტატს მანდატის გაუქმებაზე უარს ეუბნებიან, ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომ არ უნდა განიხილოს.

Social Impact Award 2021 – სამუშაო შეხვედრები დაიწყო

Impact Hub Tbilisi, საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award-ის მეორე ეტაპს, სამუშაო შეხვედრების სერიებს იწყებს. პროექტი თიბისის პროგრამა სტარტაპერისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.

ონლაინ სამუშაო შეხვედრები იმართება თბილისში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, კახეთსა და იმერეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. სამუშაო შეხვედრებზე ახალგაზრდები გაეცნობიან სოციალური მეწარმეობის პრინციპებს, განავითარებენ ბიზნესიდეებს,  მოარგებენ შესაბამის ბიზნესმოდელს და საბოლოოდ შექმნიან ბიზნესგეგმის მონახაზს.

Social Impact Award 2021
Social Impact Award 2021

პროგრამის შემდეგი ეტაპი, საკონკურსო ნაწილია, სადაც მონაწილეები თავიანთ სოციალურ ბიზნესიდეებს წარადგენენ. შემოსული განაცხადების საფუძველზე, დამოუკიდებელი ჟიურის მიერ შერჩეული ფინალისტი გუნდები გაივლიან ორთვიან ინკუბაციას და ინდივიდუალური მენტორების დახმარებით გამართავენ ბიზნესმოდელს, შეადგენენ ბიზნესგეგმებს და მოემზადებიან ფინალისთვის. პროგრამის ბოლო ეტაპზე გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნესიდეების განსახორციელებლად და მონაწილეობას მიიღებენ Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე.

სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 15 ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რეალურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი.

„თიბისი ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშველოვანია ბიზნესიდეების მხარდაჭერა საწყის ეტაპზე. ჩვენ უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ვახორციელებთ პროგრამა სტარტაპერს. სასიხარულოა, რომ Social Impact Award-ი საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოიცავს და წაახალისებს ახალგაზრდებს, რომ მეწარმეობით დაინტერესდნენ,“ – განაცხადა ნათია ვაჭარაძემ, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერმა.

„გაეროს განვითარების პროგრამა, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით აქტიურად მუშაობს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე. ამ პროცესში ახალგაზრდებს უდიდესი როლის შესრულება შეუძლიათ, შესაბამისად მნიშვნელოვანია მათი აღჭურვა საჭირო უნარებითა და ცოდნით. მესამე წელია გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს Social Impact Award-ის განხორციელებას. ჩვენი მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა ოთხი სამიზნე რეგიონის ახალგაზრდების ჩართვა ამ პროგრამაში, რაც ადგილობრივ დონეზე სოციალური მეწარმეობის განვითარებას შეუწყობს ხელს,“ – აღნიშნა UNDP-ის პროექტის მენეჯერმა თიკო ტყეშელაშვილმა.

„პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მივიღეთ და უკვე მეხუთე წელია ახალგაზრდებს ვაძლევთ შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 1000-ზე მეტი სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ინკუბაცია გაიარა 100-მდე ახალგაზრდამ და გამოვლინდა 14 გამარჯვებული გუნდი. წელსაც ველოდებით მოტივირებულ გუნდებს, საინტერესო იდეებით, რომლებიც აქტუალური სოციალური პრობლემების გადაჭრის ინოვაციურ გზებს შემოგვთავაზებენ,“ – განაცხადა ქეთი ებანოიძემ, იმფაქთ ჰაბ თბილისის თანადამფუძნებელმა.

Social Impact Award 2021 ხორციელდება თიბისის,  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.

„ქართული ოცნება” შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა, აცხადებს, რომ ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოს და მის ხელისუფლებას და ყველა აქებს „ქართულ ოცნებას” დიალოგის წარმატებით დასრულების უზრუნველყოფისთვის:

„დავასრულე მორიგი ვიზიტი ბრიუსელში. შევხვდი: ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს; ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის; ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, კლარა დობრევს; ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორს; ევროპარლამენტარ რიჩარდ ჩარნეცკის; ევროპარლამენტარ მიხაელ გალერს; ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს; ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს; ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს; ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს; ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩიუსს; ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს.

ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოს და მის ხელისუფლებას. ყველა აქებს „ქართულ ოცნებას” დიალოგის წარმატებით დასრულების უზრუნველყოფისთვის. „ქართული ოცნება” შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში”, – წერს ირაკლი კობახიძე.

___

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, 18 აპრილს პარტიებს შეთანხმებისთვის ახალი წინადადება წარუდგინა. დოკუმენტს ხელი მოაწერა პარტიების ნაწილმა. შეთანხმებას ამ დრომდე არ აწერს ხელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და „ევროპული საქართველო”.

გორისა და რიკოთის გვირაბებში 22-24 აპრილს ღამის საათებში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 23 აპრილის 21:00 სთ-დან 24 აპრილის 01:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის, ხოლო 24 აპრილის 01:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებებზე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, „საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე“.

მოძრაობა შეიზღუდება ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბშიც.

„ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 21, 22, 23 და 24 აპრილს 21:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე, ყოველ დღე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით,“ – აცხადებს დეპარტამენტი.

აჭარაში კორონავირუსის 101 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 22 აპრილი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 101 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, კლინიკაში 22 აპრილის მონაცემებით, მკურნალობს 343 პაციენტი, აქედან მართვით სუნთქვაზეა – 6. გამოჯანმრთელდა 68 პაციენტი, ხოლო კლინიკა დატოვა – 19-მა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 226 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

 

გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 1 226 ახალი შემთხვევა – 22 აპრილის მონაცემები

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 995 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 456 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 539 PCR ტესტით.

ატარებული ტესტირების შედეგად ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 226 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  300 264-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.38 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.55%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.37%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 688 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 283 557-მდე, დაფიქსირდა  კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 3 981 პირი გარდაიცვალა.

დღეს, 22 აპრილს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 226 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 731 შემთხვევა, აჭარაში – 101, იმერეთში – 75, ქვემო ქართლში – 61, შიდა ქართლსი – 56, გურიაში – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 96, კახეთში – 49, მცხეთა-მთიანეთში – 29, სამცხე-ჯავახეთში – 7, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 700, მათგან: 3 424 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  1 883, აჭარაში – 385, იმერეთში – 422. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 568 პირი, მათ შორის, თბილისში – 272, აჭარაში – 70, იმერეთში -91. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 113 პირი, მათგან თბილისში – 79, აჭარაში – 8, იმერეთში – 11. 621 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 316 – თბილისში, 287 – აჭარაში.  8 655 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 224 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 217, ხოლო აჭარაში – 5.

სულ  6 ოქტომბრიდან 21 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 473 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 900 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 10 989 პირი, აჭარაში – 2 340, იმერეთში – 1 082.

აჩუქე წიგნი სოციალურად დაუცველ ბავშვებს – აქცია ბათუმში 23 აპრილს გაიმართება

სოციალურად დაუცველი, ქუჩაში მყოფი და კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის ფონდი „იალქანი“ წიგნებს აგროვებს. წიგნების დატოვება თქვენი მინაწერით და ხელმოწერით ევროპის მოედანზე შეგიძლიათ 23 აპრილს, პარასკევს. 23 აპრილი იუნესკოს მიერ დაწესებული წიგნის საერთაშორისო დღეა.

წიგნების დატოვება ევროპის მოედანზე დღის 3 საათიდან შეგიძლიათ საღამოს 7 საათამდე. ამ დროს „იალქნის“ წარმომადგენლები დღის ცენტრში დამზადებულ ხელნაკეთ ნივთებს გაყიდიან და შემოსული თანხით ისევ ბიბლიოთეკისთვის აპირებენ წიგნების შეძენას.

ფონდი „იალქანი“ განმარტავს, რომ სასურველია წიგნები 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების და მოზარდებისთვის იყო გამიზნული.

თურქეთში სამუშაოდ 17 ათასი ადამიანი გადავიდა – ბოლო 10 თვის მონაცემი

ბოლო 10 თვეში საქართველოდან თურქეთში 17 ათასზე მეტი ადამიანი გადავიდა. აქედან 786 მოქალაქე ამ პერიოდში თურქეთში ორჯერ/განმეორებით იმყოფებოდა. მეზობელ სახელმწიფოში გადასულთაგან ქალი იყო – 7 355, ხოლო კაცი – 10 464.

აჭარის დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, ამ მონაცემებში არ შედიან თურქეთში მკურნალობის მიზნით გადასული მოქალაქეები, ასევე არ შედიან სტუდენტები თუ თურქეთში ბინადრობის უფლების მქონე მოქალაქეები.

სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლის 3 აგვისტოდან 2021 წლის 19 აპრილის ჩათვლით პერიოდში:

  • საქართველოდან თურქეთის მიმართულებით საზღვარი გადაკვეთა 17 018-მა საქართველოს მოქალაქემ
  • თურქეთიდან საქართველოში დაბრუნდა 9 010 მოქალაქე
  • თურქეთის საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა 274 მოქალაქეს

უშუალოდ დასაქმების მიზნით მიწვეული იყო – 5 585, ხოლო სტუმრად – 12 234 მოქალაქე [ამ კატეგორიის მოსაწვევის მქონე მოქალაქეები თურქეთში ძირითადად სამუშაოდ გადადიოდნენ].

ამ პერიოდში ყველაზე მეტი მოსაწვევი იყო სტამბოლიდან [4 712], რიზედან [4 353], ართვინიდან [2 409], ტრაბზონიდან [1 100], ანტალიიდან [1 032], სამსუნიდან [714] და სხვა ადგილებიდან.

თურქეთში დაყოვნების პერიოდი:

5 დღემდე პერიოდით მეზობელ სახელმწიფოში გაჩერდა 1000 მოქალაქე,
5-15 დღემდე – 36,
15-30 დღემდე – 1 422,
30-60 დღემდე – 2 392,
60-120 დღემდე – 2 135,
90 და მეტ დღემდე კი – 932 მოქალაქე.

თურქეთში გადასულ მოქალაქეთა რაოდენობა საქართველოს რეგიონების მიხედვით:

3.08.2020-19.04.2021 პერიოდში / წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო

დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, მონაცემები დამუშავებულია იმ პირთა განაცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, რომლებიც შესაბამისობაშია განკარგულების პირობებთან და მოიპოვეს თურქეთის რესპუბლიკაში შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის დროებითი დატოვების ერთჯერადი ნებართვა.

კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის 15 მარტიდან თურქეთთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია, 2020 წლის 3 აგვისტოდან კი საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთში სამუშაოდ წასვლის დროებითი წესი მოქმედებს. თურქეთში შესვლისთვის აუცილებელია ოფიციალური მიწვევა დამსაქმებლისგან.

ამასთან გასათვალისწინებელია, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ძალაში რჩება 14 აპრილიდან დაწესებული შეზღუდვა – რაც გულისხმობს იმას, რომ მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ კვირის სამუშაო დღეებში საღამოს 7-დან დილის 5 საათამდე.

ასევე, ძალაში რჩება შაბათ-კვირას ქუჩაში გასვლის შეზღუდვა, რომელიც თურქეთში 30 მარტს ამოქმედდა დიდ ქალაქებში.

ამ თემაზე:

2 დოზით აცრილი მგზავრები ინდოეთიდან, სხვებისგან განსხვავებით, PCR ტესტს მაინც ჩაიტარებენ 

ტიტე აროშიძე ბულვარში 16 სართულის აშენებაზე: მაშინ მეც გამოვიყვან ასობით ადამიანს

„ამბასადორის” ტერიტორია კერძო მესაკუთრეზე გასხვისდა 2010 წელს [ისევე, როგორც “რივიერას” ტერიტორია]…“ – სოციალურ ქსელ ფეისბუქში ამ შინაარსის ამსახველი სტატუსით გამოეხმაურა ბულვარის დასაცავად 18 აპრილს გამართულ საპროტესტო აქციას ტიტე აროშიძე. ის აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი.

რატომ ცდილობს დეპუტატი ბულვარში 16-სართულიანი კორპუსის აშენებაც წინა ხელისუფლებას დააბრალოს, როცა ნებართვა „ოცნების“ ხელისუფლების დროს გაიცა? – ამ საკითხზე ტიტე აროშიძეს „ბათუმელებმა“ რამდენიმე კითხვა დაუსვა.

  • ბატონო ტიტე, თქვენს ფეისბუქსტატუსში ხაზგასმაა, რომ „ამბასადორის“ ტერიტორია 2010 წელს გასხვისდა. რატომ მიიჩნიეთ, რომ ეს არის პროტესტის საპირწონე? ფაქტია, რომ ნებართვა ბულვარში 16 სართულის აშენებაზე ახლახან გაიცა. 

პროტესტის საპირწონედ ნუ დავარქმევთ, ბუნებრივია, ყველას აქვს პროტესტის გამოხატვის უფლება. ზოგი ასე ფიქრობს, ზოგი – ისე. ჩემი მოსაზრება არის ის, რომ 2010 წელს მოხდა „ამბასადორის“ და იგივე „რივიერას“ ტერიტორიის გასხვისება, რამაც შემდგომში დაუდო საფუძველი იმას, რომ იქ პირველადი ნებართვა უნდა გაცემულიყო. მაშინ უნდა ყოფილიყო ძალიან მკაცრი რეაგირება და არგუმენტები, რომ ბულვარიდან არ უნდა ამორიცხულიყო აღნიშნული შენობა-ნაგებობა, რომ შემდეგ არ განხორციელებულიყო, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, სხვა ტიპის წარმოება.

  • მაგრამ იქ საბჭოთა პერიოდშიც იდგა შენობა. მემკვიდრეობის დამცველები არ იყვნენ წინააღმდეგი აშენებულიყო 4 სართული, რაზეც გაიცა ნებართვა 2018 წელს და ამას არავითარი პროტესტი არ გამოუწვევია. 

იქ იდგა ხის ერთსართულიანი შენობა, შემდეგ გაჩნდა ორი სართული და მოეწყო ფასიანი პოლიკლინიკა, შემდეგ გადავიდა კერძო მფლობელობაში, რაც იმ დროისთვის იყო მიღებული ფორმა… ეს ტერიტორია ამოირიცხა ბულვარიდან 2010 წელს და სახელმწიფოს უკვე გაუჩნდა გარკვეული ვალდებულებები.

  • რას ნიშნავს ამორიცხეს? ეს ადგილი, სადაც ახლა 16-სართულიანი კორპუსი შენდება, იყო და ახლაც არის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საზღვრებში.

დავაზუსტებ იმას, რომ მოხდა მისი ცალკე საკადასტრო კოდად დარეგისტრირება და გამიჯვნა. ფასიანი პოლიკლინიკის შენობა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის გარეშე იყო.

  • დოკუმენტების მიხედვით, ამ ტერიტორიას 2010 წელს და ახლაც აქვს ძეგლის სტატუსი და მასზე ვრცელდება ძეგლისთვის განსაზღვრული რეგულაციები.

ბულვარის სივრცეში იურიდიულად აღარ შედის. გეოგრაფიულად არის, რა თქმა უნდა, მაგრამ რეალურად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი იმ მიწას, რომელზეც ის აშენდა, უკვე აღარ ჰქონდა 2010 წლიდან. მე მოგაწვდით შესაბამის დოკუმენტს, თუკი ამას მოვიპოვებ. 

თუკი ჩვენ იმდროინდელ ტენდენციას შევხედავთ, რაც იყო, ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, თვითონ ლევან ვარშალომიძე და ლევან ანთაძეც კი იმ დროს ამბობდნენ, რომ ეს კარგია, უნდა გაკეთდესო იგივე ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან მიმართებით. ესეც ხომ შუა ბულვარში იყო? ბულვარი ბათუმელებისთვის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, ეს არის ძალიან სენსიტიური…

  • თუკი სენსიტიურია, ხომ შეგეძლოთ ნებართვა არ გაგეცათ თქვენც შუა ბულვარში 16-სართულიანი კორპუსის აშენებაზე? 

ჩემს სტატუსზე ერთ-ერთ კომენტარს ვკითხულობდი და ვეთანხმები, რომ როცა ეს გასხვისდა, ამის შემდეგ ბულვარში 4-სართულიანი სახლი გაჩნდება, 16-სართულიანი, თუ 30-სართულიანი, ეს უკვე ნაკლებადმნიშვნელოვანია, საერთოდ არ უნდა გაკეთდეს. იქ უკვე დაიწყო საქმისწარმოება შესაბამისი კომპეტენციის მქონე ექსპერტების დასკვნის საფუძველზე, ჩუბინიშვილის კვლევითი ცენტრის თანამშრომლები იყვნენ ჩართული, ერთ-ერთი საკმაოდ ავტორიტეტული და სერიოზული კვლევითი ცენტრია. ამ ექსპერტების დასკვნის საფუძველზე შესაბამისი პროცედურების დაცვით მოხდა ამის განკარგვა.

  • რა პროცედურები დაიცვეს? კანონი ამბობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში შესაძლებელია მხოლოდ რესტავრაცია და კონსერვაცია და კატეგორიულად დაუშვებელია რაიმე ახლის მშენებლობა, მით უფრო, 16-სართულიანი კორპუსის. 

უკანონო არ არის ეს. უკანონო ჰქვია, როცა კანონის მიღმა ხდება პროცესი… ბულვარში, რომელიც არის ძეგლი, არ უნდა აშენდეს, მაგრამ ბულვარის ტერიტორია ეს აღარ იყო. ამიტომაც, როცა სახელმწიფო ამ ვალდებულებებს იღებს, ის ვალდებულები უნდა შესრულდეს.

  • რა ვალდებულებაზე საუბრობთ? ნებართვა არ გაცემულა 2010 წელს. ნებართვა გაიცა 2021 წელს. 

მე იმის მომხრე ვარ, რომ ბულვარი იყოს მხოლოდ კულტურული და რეკრეაციული ზონა. ერთია, მე რა მომწონს და მეორეა კანონის მოთხოვნა: პროცედურულად მოხდა ყველანაირი წესის გათვალისწინება. ჩვენ მივიღეთ 2010 წელს მიღებული გადაწყვეტილების შედეგი.

  • იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რას გულისხმობთ, რადგან 2010 წელს არ აუღია სახელმწიფოს ვალდებულება, რომ იქ ინვესტორი 16 სართულს ააშენებდა. 

2010 წელს როცა მოხდა ამ ტერიტორიის ცალკე საკადასტრო კოდად დარეგისტრირება, სახელმწიფოს წარმოექმნა ვალდებულებები. სახელმწიფომ ამ შემთხვევაში ექსპერტების და საბჭოს შემადგენლობით იმსჯელა და მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე მაინტერესებს ერთი, რომელია ჩემზე მეტი ბულვარის დამცველი? როცა ბულვარის დაცვაზეა საუბარი, მე ისევე მიყვარს ბულვარი, როგორც თქვენ და მთლიანად საქართველოს.

  • მაშინ რატომ უჭერთ მხარს უკანონო მშენებლობას ბულვარში, რომელიც აზიანებს ბულვარს? 

და ვინ თქვა, რომ ეს უკანონოა?… მაჩვენეთ ერთი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ეს უკანონოა.

  • დოკუმენტურად ეს შეეძლო დაედასტურებინა განათლების სამინისტროს, მაგრამ განათლების მინისტრმა თქვა, რომ ფინანსური ზიანი უფრო აღელვებს. სასამართლომ კი არ შეაჩერა მშენებლობა დავის განხილვის დასრულებამდე. სამოქალაქო პროტესტი არაფერს ნიშნავს თქვენთვის? 

მოქალაქეების პროტესტი სხვაა. მეც მივალ და დავდგები იქ, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ უკანონოა?… წარმომიდგინეთ კანონი, რომელიც ამბობს, რომ ეს მშენებლობა უკანონოა და პირველი მე დავდგები, ვინც შეეწინააღმდეგება ამ ყველაფერს.

  • ესაა კანონი „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“. 

მოდით, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას… თუკი სასამართლო გადაწყვეტს, რომ ეს არის უკანონო მშენებლობა, პირველი მე გამოვალ და დავდგები იქ, სადაც აპროტესტებენ უკანონო მშენებლობას.

  • 10 სართული უკვე აშენებულია. როგორ წარმოგიდგენიათ ამ მოცემულობის შეცვლა, რომც დაადგინოს სასამართლომ უკანონობა? 

დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამაზე ვისაუბროთ შემდგომ… თუკი სასამართლო მოითხოვს, რომ უნდა დაინგრეს უკანონო მშენებლობა, მისი აღსრულებაც შესაძლებელი იქნება.

თავიდან, 2010 წელს, 52 სართულზე იყო საუბარი, ნებართვა არ იყო გაცემული, მაგრამ იყო ამაზე საუბარი, მახსოვს იმდროინდელი გამოსვლები. ამის შემდეგ მოხდა განხილვა და როდესაც პროექტი შემოიტანეს, უარი უთხრეს და ხელმეორედ შემოიტანეს პროექტი, კვლევა ჩაატარა ჩუბინიშვილის ცენტრმა. ექსპერტებმა მოიწონეს და ეს „ოქროს შუალედი“, რომ არც 52-სართულიანი არ უნდა ყოფილიყო და არ უნდა დაემახინჯებია ბულვარის იერ-სახე, მიიღეს ეს გადაწყვეტილება. რამდენად კანონიერია, ამაზე უკვე დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

მე რომ ვთქვა, რა მომწონს, ეს იქნება ერთი მოქალაქის – ტიტე აროშიძის მოსაზრება. ვიღაცას მოსწონს მრავალსართულიანი შენობა. მე წარმომიდგენია, რომ ბულვარი იყოს საერთოდ რეკრეაციული. ჩემი პირადი აზრები ნაკლებად საინტერესოა, რადგან პირადი აზრების გარდა, არსებობს მეცნიერების და მკვლევარების მოსაზრებები, სადაც აღწერილია, ესა თუ ის არქიტექტურა ჯდება თუ არა ამაში.

  • ყოველთვის შეიძლება მოძებნო ექსპერტი, რომელიც მხარს დაუჭერს იმას, რაც ინვესტორს და მის გვერდით მდგომ ხელისუფლებას აწყობს. თუკი თქვენთვის მიუღებელია ეს მშენებლობა, რატომ არ თქვით მინიმუმ, რომ ეს მიუღებელია?

ჩემთვის არავის უკითხავს მოსაზრება.

  • გუშინწინ ხომ გამოხატეთ თქვენი ინიციატივით მოსაზრება ფეისბუქში და დაიცავით ხელისუფლების პოზიცია?

ხელისუფლების პოზიციები მე არ დამიცვია, მე დავწერე ობიექტური ფაქტები.

  • ობიექტური ფაქტი რა არის? 2010 წელს ნებართვა არ იყო გაცემული და შესაძლებელი იყო მარტივად „ოცნების“ ხელისუფლების დროს იქ აშენებულიყო 4 სართული, რაზეც 2018 წელს არსებობდა თანხმობა. რომ არ გაგეცათ ნებართვა 16 სართულზე, კანონს დაარღვევდით? 

კანონი შესაძლოა არ დარღვეულიყო არც 52 სართულის შემთხვევაში. უბრალოდ, გააჩნია, ეს რამდენად იქნებოდა მოსაწონი.

აქ არის უკვე პროცედურები, კანონიერება, რომელზეც ვმსჯელობთ. ხელისუფლება არ გასცემს ამას თვალდახუჭული, არსებობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო, რომელიც განიხილავს ამას და მხოლოდ საბჭო არ განიხილავს ამას. თუკი არსებობს ისეთი საკითხი, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ადგილმდებარეობაზე, ქირაობენ ექსპერტებს. შესაბამისად, გაცემულია ექსპერტების დასკვნები და დაელოდეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე დაშენება, მაგალითად, არის თუ არა შესაძლებელი? მაგრამ ხდება ხო, მემედ აბაშიძის ქუჩაზეც რამდენიმე სახლია, რომელიც ძეგლის სტატუსის მატარებელია, მაგრამ დაშენებულია მანსარდები. იგივე ძველ ბათუმში დაშენებულია. ვიღაცას მოსწონს ეს, ვიღაცას არ მოსწონს… რომ არ მომხდარიყო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა, რომ არ ყოფილიყო ეს პროცესები…

  • წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი მავნე პრეცედენტი ბულვარში ნიშნავს იმას, რომ თქვენ ტენდენციის სახე მიგეცათ ბულვარში კორპუსების მშენებლობაზე? თქვენ შეგეძლოთ შეგეჩერებინათ ეს პროცესი, ამის ნაცვლად დაუშვით უკანონობა და ხელს ისევ „ნაცმოძრაობისკენ“ იშვერთ. 

ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ ნაცვლად 52 სართულისა, მინიმუმამდე დასულიყო ეს. ჩემი პირადი, ბათუმელი ტიტე აროშიძის მოსაზრებაა, რომ საერთოდ არ იყოს იქ მშენებლობები, კანონიერებაზე დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

მე გამოვიყვან ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ეს მოსწონთ, მაშინ რა ვქნათ? რატომაა მაინცადამაინც „ბათომი“ ყველანაირად კომპეტენტური, რომელსაც შეუძლია ყველაფერზე იმსჯელოს? მეც შემიძლია გამოვიყვანო ასობით ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ მომწონს ეს მშენებლობა, მაგრამ ეს არის ესთეტიკური მხარე. ჩემთვის არ არის „ბათომის“ სიტყვა ყველაზე მთავარი… ყველა ადამიანის აზრია მნიშვნელოვანი, მაგრამ მოდით, მოვუსმინოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ ეს მშენებლობა კარგია.

  • და კანონი რატომ არ არის უპირატესი, რომელიც ამბობს, რომ ძეგლში ახალი მშენებლობა დაუშვებელია? 

ამიტომ, მოდით, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და შემდეგ ვისმჯელოთ ამაზე.

როდის აღდგება გაზის მიწოდება ქობულეთში

დღეს, 21 აპრილს, ქობულეთში გაზმომარაგება შეუწყდა გვარას, 26 მაისის, 9 აპრილის, აღმაშენებლის, კომახიძის, ბაგრატიონის, გოგებაშვილის, გოგოლის, გურამიშვილის, ვერულიძის, თამარ მეფის, ილია ჭავჭავაძის, კოსტავას, ნინოშვილის, რუსთაველის, ჯავახიშვილის, ძნელაძისა და ჯინჭარაძის ქუჩის აბონენტებს.

„სოკარ ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქობულეთში ბუნებრივი აირი აბონენტებს ხვალ, 22 აპრილის დილის 10 საათიდან, ეტაპობრივად მიეწოდება.

კომპანიის განცხადებით, გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.

„სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

პენსიონერი პედაგოგების სკოლიდან გასვლისთვის 75.5 მილიონი დაიხარჯა – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტი, რომელიც 2019-2018-2017 წლებს მოიცავს.

აუდიტის შედეგად გამოვლენილი მიგნებები შეეხება მასწავლებელთა სქემით გათვალისწინებული კვალიფიკაციის ამაღლებისა და კარიერული წინსვლისთვის განხორციელებული ღონისძიებების პროდუქტიულობასა და ეფექტიანობას.

აუდიტის დასკვნაში  წერია, რომ 2019 წელს სახელმწიფომ საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების პროფესიიდან გასვლისთვის 75.5 მილიონი ლარი დახარჯა ბიუჯეტიდან.

სახელმწიფო ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ (რომელიც ორი წლის ხელფასს გულისხმობდა) პრაქტიკოს პენსიონერ პედაგოგებს სკოლა უნდა დაეტოვებინათ. თუმცა „ორწლიანი ვადის გასვლის შემდეგ ზემოხსენებულ მასწავლებლებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა განაგრძონ პედაგოგიური საქმიანობა დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში,“ – წერს აუდიტი.

ამავე დასკვნის მიხედვით კი, არც განათლების სამინისტროს და არც მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნულ ცენტრს არ აქვთ შემუშავებული სამოქმედო გეგმა სისტემიდან გასული მასწავლებლების ახალი კვალიფიციური კადრებით ჩასანაცვლებლად, „რაც არსებული მექანიზმების პირობებში ზრდის პროცესის არაეფექტიანად წარმართვის რისკებს,“ – ამბობს აუდიტი დასკვნაში.

აუდიტი შესწავლის პერიოდში მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასაც შეეხო. დასკვნაში საუბარია, რომ ცენტრის მიერ „სათანადოდ არ იყო შესწავლილი და შეფასებული პროფესიული განვითარების მიზნით მასწავლებელთა მხრიდან განხორციელებული აქტივობების შესრულების შედეგები. მოცემულ პერიოდში მასწავლებლების უმრავლესობა ვერ ასრულებდა სქემით განსაზღვრულ როგორც სავალდებულო, ასევე დამატებითი სამუშაოების 40%-ს“.

მასწავლებლების საგნობრივი კომპეტენციის გამოცდა

აუდიტი წერს, რომ მასწავლებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მინიმალური საგამოცდო ბარიერი – 30 პროცენტი, მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა საერთაშორისო პრაქტიკას, რომლის მიხედვით ეს მაჩვენებელი საშუალოდ 70 პროცენტია.

აუდიტის შეფასებით, 2017-2019 წლებში საგნობრივ გამოცდაზე მინიმალური შედეგი აჩვენა მასწავლებლების საშუალოდ 25-მა პროცენტმა, ხოლო პროფესიული უნარების მიმართულებით – 27-მა პროცენტმა.

სქემით განსაზღვრული მაქსიმალური შედეგი – 60 პროცენტი და უფრო მაღალი, ერთდროულად როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული უნარების გამოცდაში, მასწავლებლების მხოლოდ 1,5-მა პროცენტმა დააფიქსირა.

2020 წლიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი საგნობრივი გამოცდის შემთხვევაში გაიზარდა 50 პროცენტამდე.

სქემის ფარგლებში, 2020 წლიდან პროფესიული უნარების დამადასტურებელ გამოცდაში გადასალახი მინიმალური ზღვარი არ არის განსაზღვრული.

„ამასთანავე, მიუხედავად მასწავლებლების მიერ გამოცდაზე მიღებული დაბალი შედეგებისა, იზრდება იმ მასწავლებლების რიცხვი, რომლებმაც მომდევნო კარიერულ საფეხურზე გადაინაცვლეს,“ – წერს სახელმწიფო აუდიტი.

შემუშავებული არ არის მასწავლებელთა გადამზადების ეტაპობრივი და თანმიმდევრული გეგმა

დასკვნაში ასევე ხაზგასმულია, რომ 2020 წლისთვის უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის განისაზღვრა ტრენინგების გასავლელად სავალდებულო საათების რაოდენობა, თუმცა „არ არის იდენტიფიცირებული დარგებისა და კარიერული საფეხურების მიხედვით სავალდებულო და არჩევითი ტრენინგმოდულები. ასევე არ არის შემუშავებული მასწავლებელთა გადამზადების ეტაპობრივი და თანმიმდევრული გეგმა“.

2017-2019 წლებში ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობა არ მიუღია მასწავლებლების 1/3-ს. „არსებული რესურსის პირობებში შესაძლებელი იყო ხუთი წლის განმავლობაში ორი პრიორიტეტული მიმართულებით მასწავლებელთა სრული კონტინგენტის გადამზადება, რაც ხელს შეუწყობდა ფინანსური რესურსის პროდუქტიულ ხარჯვას.

სქემით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად არ არის შემუშავებული სისტემატიზებული დოკუმენტი, რომლის ფარგლებშიც დეტალურად გაიწერებოდა კონკრეტული ღონისძიებები, მისაღწევი შედეგები, ვადები და საჭირო რესურსები. არსებული ინდიკატორები სრულად ვერ უზრუნველყოფს დასახული მიზნების შესრულების შეფასებას,“ – ნათქვამია აუდიტის შეფასებაში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერს, რომ გამოვლენილი გარემოებებისა და ნაკლოვანებების გამოსასწორებლად შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.

_____________________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი

ჩვენს ეზოში აშენებენ კორპუსს, რომლის ქვეშ მდინარემ ამოხეთქა – მოქალაქეები

„ვიძახდით, აქ მშენებლობა არ გამოვა, არა-მეთქი, მაგრამ მოგისმინა ვინმემ?“ – უკმაყოფილობას და გაოცებას ვერ მალავს თამარის დასახლებაში მცხოვრები რუსუდან კომახიძე. ის 1937 წელს აშენებულ 5-სართულიან კორპუსში ცხოვრობს, რომლის გვერდითაც, სკოლასთან მისვლამდე, გაჩერებული მშენებლობაა.

„ეს მშენებლობა ერთ წელზე მეტია გაჩერებულია, რადგან საძირკველში მდინარე ამოვიდა, ვეღარ გააჩერეს… მდინარე აქ ადრეც იყო. მშენებელი საერთოდ აღარ ჩნდება, მოსახლეობას კი, მოსვენებას აღარ გვაძლევს ბაყაყების ხმაური, ჭაობის სუნი, გველები, კოღოები, ბუზები…“ – ასრულებს რუსუდან კომახიძე.

დაჭაობებული მშენებლობა ახლაც შემოღობილია, აქ ჩავლისას მარტივად საგრძნობია ჭაობის სუნი, ბაყაყების ხმა, კოღოები… მოსახლეობის თქმით, პატარა მდინარე ათეული წლების წინათ ჩამოდიოდა აქ და შემდეგ, საბჭოთა პერიოდში, ის მილებში მოაქციეს. მდინარის ზედაპირზე ძველ კორპუსსა და სკოლას შორის მინდორი გაჩნდა, სადაც რამდენიმე წლის წინ მშენებლებმა ორი 22-სართულიანი სახლის აშენება გადაწყვიტეს.

მშენებლობის ეზო, თამარის დასახლება, ბათუმი
მინდორი მშენებლობის წინ. მოსახლეობის თქმით, წლების წინ აქ პატარა მდინარე გადიოდა, რომელიც შემდეგ დახურულ არხში მოაქციეს
რუსუდან კომახიძე

მოსახლეობის თქმით, მათთვის უცნობია, მშენებლობის დაწყებამდე შეისწავლეს თუ არა ეს ადგილი გეოლოგებმა.

„წყლის საქაჩი ჰქონდათ და იმას ამუშავებდნენ, მაგრამ წყალი მაინც ამოდიოდა, ბოლოს საერთოდ გაჩერდნენ და ახლა ტბაა დამდგარი,“ – გვიყვება ნანა არველაძე. ის და მისი მეზობლები ჰყვებიან, რომ პრობლემაზე არ რეაგირებს არც ბათუმის მერია და არც კომპანია.

„გაურკვეველია საიდან მოდიოდა ეს წყალი და სად მიდიოდა… ფაქტი ისაა, რომ ახლა, როცა წვიმს, იმხელა წყალი დგება, ჩვენი ძველი კორპუსის სარდაფიც წყლით ივსება. უკვე ჩვეულებრივი ამბავია იმის გაგონება, რომ „აი, გველი დავინახე“, „გველმა გადამირბინა“, ვიღაცებმა დაიჭირეს კიდეც რამდენიმე გველი… ახლა დათბება და უარესი იქნება,“ – ამბობს ნანა არველაძე.

„…ვიდრე ტბა არ დადგა და ბაყაყები არ აყვირდნენ, არ გააჩერეს მშენებლობა, მანამდე არ დაგვიჯერეს… სახლი უნდა ავაშენოთ 22-სართულიანიო, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, რად გვინდოდა ამ სიმწვანეში და სკოლასთან 22 სართული, როცა ჩვენი ძველი სახლი 5-სართულიანია, მაგრამ ვინღა ამბობს ამას, ბუზები და კოღოები გვჭამენ,“ – საუბარში ისევ რუსუდან კომახიძე გვერთვება.

ხედი ძველი კორპუსიდან მას შემდეგ, როცა აქ მშენებლობა დაიწყო
1937 წელს აშენებული სახლი. მის გვერდით აშენებენ კორპუსს, რომლის ეზოც უკვე დაჭაობებულია. მოსახლეობა 1937 წელს აშენებული კორპუსისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

„ქალაქის ცენტრიდან სოკოებივით მომრავლებულ მშენებლობებს გამოვექეცი და აქ ეს რეალობა დამხვდა. ეს აჩვენებს მერიის და კომპანიის პასუხისმგებლობასაც,“ – ამბობს ეკა ლორთქიფანიძე, რომელიც დაჭაობებული სახლის ეზოს გვერდით, 1937 წელს აშენებულ სახლში, ბებიას დანატოვარ ბინაში ცხოვრობს. ეკა და მისი მეზობლებიც ამ სახლისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ.

ეკა ლორთქიფანიძე მერიიდან ყველა იმ დოკუმენტის გამოთხოვას აპირებს, რომელიც ახალი კორპუსების მშენებლობის დაწყებამდე გაიცა, მათ შორის, წესით უნდა იყოს გეოლოგის დასკვნაც.

„მე ვესაუბრე ბიზნესმენს, მან თავი ისე წარმოაჩინა, თითქოს დაზარალებულია, ჩემთვისაც სიურპრიზი იყოო, ასე მითხრა… გეოლოგის დასკვნა რომ მომზადებულიყო რეალურად და არა ფორმალურად, შეუძლებელია ეს ვერ დაენახა სპეციალისტს. უფრო იგრძნობა უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, რომ აი, თავისუფალი მიწაა და მოდი, აქ ავაშენებ,“ – აღნიშნა ეკა ლორთქიფანიძემ „ბათუმელებთან“.

მშენებლობას კომპანია „ბესტ ბილდინგ გრუპი“ აწარმოებს. სამშენებლო დაფაზე გამოკრული ინფორმაციის მიხედვით, მშენებლობა 2020 წლის 19 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო. ნებართვა 2018 წლის 11 აპრილსაა გაცემული.

რა მოხდა და რას აპირებს მშენებელი? – „ბათუმელები“ მშენებელი კომპანიის „ბესტ ბილდინგ გრუპის“ დამფუძნებელს, გია დოლიძეს ესაუბრა:

„პირველ რიგში, ბაყაყებს მოვსპობ, მერე „ნასოსია“ ჩასართავი, წყალს დავქაჩავ, ორი-სამი დღე სჭირდება ამას… მოსახლეობას ვუთხარი მე, ორი დღე მადროვეთ-მეთქი. ამ დღეებში შევხვდები სპეციალისტებს და დავგეგმავთ, რა შეიძლება გავაკეთოთ,“ – გვიპასუხა გია დოლიძემ.

ბიზნესმენი ირწმუნება, რომ ამ პროექტზე არსებობს გეოლოგის დასკვნა, თუმცა გია დოლიძემ უარი გვითხრა მის გაცნობაზე.

„გეოლოგის გარეშე აბა ვინ მომცემდა პროექტს?… არ მახსოვს ზეპირად, ვინ იყო გეოლოგი, დასკვნაც ასე არ მაქვს… ყველაფერს ვერ გეტყვით ახლა,“ –  გვითხრა ბოლოს გია დოლიძემ და დასძინა, რომ გასულ წელს მშენებლობა პროექტის შეცვლის მიზნით შეაჩერა.

„არ ვიცი რა მოხდა, მეც არ ვიცი, მათაც არ იციან, წყლის ამოსვლის გარდა, ისეც რაღაც ფორმაში არ ჩაჯდა და პროექტის შეცვლა ვითხოვე, შეტანილი მაქვს პროექტი ცვლილებებზე მერიაში და ჯერ არ მიმიღია პასუხი, ჯერ არ ვიცი, რა შეიძლება გაკეთდეს,“ – გვიპასუხა გია დოლიძემ.

შეჩერებული მშენებლობა საჯარო სკოლის გვერდითაა

 

ძველი სახლი, სადაც მცხოვრებ ადამიანებს დაჭაობებული მშენებლობა აწუხებთ

არსებობდა თუ არა გეოლოგის დასკვნა ამ სახლის პროექტზე, სადაც წყალმა ამოხეთქა – ამ და სხვა დეტალების გარკვევა „ბათუმელებმა“ ბათუმის მერიაში სცადა. მერიის პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ კითხვებზე პასუხის მისაღებად საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაა საჭირო.

ბათუმის მერია 6 ქუჩაზე ახალ ფასიან პარკინგებს აწყობს

მერია ბათუმში სპეციალური პარკინგის ადგილებს ამატებს, სადაც განსხვავებული ტარიფი იმოქმედებს, სპეცპარკინგები ვიდეოკამერებითაა აღჭურვილი და  დაცულია. გარდა ამისა, ადგილზე დამონტაჟებულია სპეციალური აპარატი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საათობრივი გადახდა.

მერიის გადაწყვეტილებით, ახალი ფასიანი პარკინგები მოეწყობა რესტორან „სანაპიროსა“ და  საზღვაო აკადემიის მიმდებარედ, ასევე სტეფანე ზუბალაშვილის #34-ში არსებულ სკვერთან, კათოლიკური ეკლესიისა და  ლეხ და მარია კაჩინსკების პარკის მიმდებარედ.

საერთო ჯამში ახალი სპეციალური პარკინგი 215 ავტომობილის ადგილს აერთიანებს.

სპეციალური პარკინგის 1 საათით სარგებლობის ფასი 1 ლარი იქნება.

აღდგომის ღამეს კომენდანტის საათი არ მოიხსნება

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1300-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. როგორც დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე თამარ გაბუნიამ განაცხადა, გაიზარდა დაწოლა ჰოსპიტალებზე და ბოლო მონაცემებით დაკავებულია 3600 საწოლი, 90 პაციენტი კი რეანიმაციაშია მოთავსებული. მათ ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია სჭირდებათ. გაბუნიას თქმით, ონლაინკლინიკები ჩართულები არიან იმ ინფიცირებულების მდგომარეობის მართვაში, რომლებიც შინ მკურნალობენ.

21 აპრილის მონაცემებით კორონავირუსზე საქართველოს 32 ათასზე მეტი მოქალაქე აიცრა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, 55 წელს გადაცილებული მოქალაქეების ვაქცინაცია „ასტრაზენეკათი“ წარმატებით მიმდინარეობს და ამ ასაკობრივი კატეგორიის ასაცრელად „ასტრაზენეკას“ საკმარისი მარაგია. გაბუნიას განმარტებით, საქართველო მალე „ასტრაზენეკას“ 46 ათას მეორე დოზასაც მიიღებს.

ვაქცინა „სონოფარმით“ აცრები 27 აპრილიდან დაიწყება მას შემდეგ, რაც ამ კვირაში დასრულდება კონსულტაცია ,,სინოფარმით“ აცრასთან დაკავშირებით.

„დადებითობის მაჩვენებელი ბოლო ორი კვირის მანძილზე 4-ს უახლოვდება. დღეს საბჭოზე ტესტირების პროგრამის გაფართოებაზე ვიმსჯელეთ, მალე ტურისტული სეზონი დაიწყება ზაფხულში, განსაკუთრებით აჭარასა და სხვა ტურისტულ ადგილებში, მარტივი ტესტირების ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას“, – ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

მისივე თქმით, აღდგომის უქმეებამდე ჯერ კიდევ დროა და რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები, ჯერ რთული სათქმელია, შესაძლოა დამატებითი შეზღუდვების აუცილებლობა დადგეს.

გაბუნიამ ბრიფინგზე უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს და განმარტა, რომ სააღდგომო ღვთისმსახურება, საპატრიარქოსთან შეთანხმებით, კორონავირუსის საპრევენციო წესების დაცვით ჩატარდება.

აღდგომის ღამეს კი არ იგეგმება 9 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა.

გაბუნიას განმარტებით, აცრის მსურველები პორტალზე აქტიურად რეგისტრირდებიან. წლის მესამე, მეოთხე კვარტალში კი დაიწყება მასობრივი ვაქცინაცია, მალე გვექნება ინფორმაცია ასევე როდის მივიღებთ „ფაიზერისა“ და „ნოვაქსის“ ვაქცინებს.

„ფაიზერის“ მწარმოებლებისგან ჯანდაცვის სამინისტრო ელოდება გადაწყვეტილებებს, დოზების რაოდენობასა და მიწოდების გრაფიკს და როცა ეს ინფორმაცია დაზუსტდება სამინისტრო საზოგადოებას საქმის კურსში ჩააყენებს.

„წლის მეორე კვარტალში: აპრილში, მაისსა და ივნისში მაღალი რისკის პირების აცრის გეგმა გვაქვს.

მეორე კვარტალში: ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში უკვე მეტი ვაქცინის დოზა უნდა გვქონდეს და მოვიცვათ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი. წლის ბოლოსთვის კი 18 წლის ზემოთ მოსახლეობა უნდა აიცრას – ეს არის გეგმა. ჯამში მოსახლეობის 60% რომ მოვიცვათ, 3 მილიონ 9 ათასი დოზა ვაქცინა გვჭირდება“, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ციხისძირში, სანაპიროზე მიწის ნაკვეთს 3 წლით გასცემენ – აუქციონი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ქობულეთში, სოფელ ციხისძირში, 1 642 კვ.მ მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის მიზნით, უპირობო ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა. ნაკვეთი, რომელიც უშუალოდ ზღვის ნაპირზე მდებარეობს, 2024 წლის 13 მაისამდე გაიცემა სარგებლობის უფლებით.

საწყისი წლიური სარგებლობის საფასური 15 ათასი ლარითაა განსაზღვრული, ვაჭრობის ბიჯი კი 300 ლარია. აუქციონი დაწყებულია და ის 2021 წლის 13 მაისს დასრულდება.

მომავალ მოიჯარეს სამინისტრო რაიმე პირობებს არ უყენებს. მხოლოდ ისაა მითითებული, რომ ტერიტორიაზე განთავსებულია ხის სადგომი. ეს ადგილი ციხისძირის სანაპიროზე, სასტუმრო „კასტელო მარე“-დან დაახლოებით 300 მეტრშია.

იჯარით გასაცემი ტერიტორია ხის სადგომით ციხისძირში /ფოტო აუქციონიდან

საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ტერიტორია იჯარით 2016 წელს აღებული ჰქონდა შპს „სითი ლოფტის“.

ამ კომპანიის მფლობელი თეიმურაზ უგულავაა, რომელიც ასევე ფლობს შპს „ქროსვეისის“. ამ კომპანიის შვილობილია შპს „ბათუმი ჰოტელ დეველოპმენტი“, რომელიც ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე  შენობასაც ფლობს [აჭარის ყოფილი შსს-ს]. კომპანიამ აქ სასტუმრო და კაზინო უნდა აამუშაოს, თუმცა სამინისტრომ რამდენჯერმე გადაავადა.

ამ თემაზე ნახეთ მასალა „ბათუმელების“ არქივიდან:

რატომ იხურება კაზინოები ბათუმში და რა ელის უმუშევრად დარჩენილ 400-მდე თანამშრომელს

 

 

 

გამყრელიძე: პიკი მოსალოდნელია აპრილის ბოლოს, მაისის პირველ კვირებში

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღეს, 21 აპრილს, უწყებათაშორისი საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჰელსმეტრიკის მონაცემებით, საქართველო კოვიდპანდემიის მესამე ტალღის პიკში აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ორ კვირაში შევა.

„იმატებს ყველა ინდიკატორი. 10 000 მოსახლეზე ბოლო ორი კვირის მანძილზე ინციდენტობა ანუ ახალი შემთხვევები 82%-ით გაიზარდა.

ასევე იმატებს დადებითობის მაჩვენებელი. იცით, რომ დღეს დილით გვაქვს 4.3, მთელი აპრილის განმავლობაში გვაქვს 3.18%, მარტში გვქონდა 1.6, ანუ თითქმის გაორმაგებულია აპრილის ამ ოც დღეში დადებითობის მაჩვენებელი. თებერვალში 2.4 გვქონდა და იანვარში – 7.5%. აღარ ვლაპარაკობ დეკემბერ-ნოემბერზე, სადაც ძალიან მაღალი იყო ეს მაჩვენებელი – 15 და 25 პროცენტი.

მომატებულია ე.წ. რეპროდუქციის ინდექსი, გვაქვს 1.56.

ყველა ეს მაჩვენებელი ლაპარაკობს იმაზე, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესებულია ქვეყანაში და ალბათ მოსალოდნელია მისი კიდევ უფრო ზრდა. რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ჰელსმეტრიკის ანუ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მონაცემებით, ჩვენ პიკში უნდა შევიდეთ სადღაც აპრილის ბოლოს, მაისის პირველი ორი კვირის განმავლობაში,” – განაცხადა მან.

მისივე თქმით, გამოჯანმრთელების პროცენტი ოდნავ ქვემოთ მოდის და ის ამჟამად 93%-ს შეადგენს. გამოჯანმრთელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში 97% იყო. სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ 1.3-ის ფარგლებში რჩება.

ბათუმის რესპუბლიკურს ჩეხეთის მთავრობამ 190 ათასი ევროს აპარატურა გადასცა

ჩვილის სხივური გამათბობელი, ელექტროკუაგულაციის დანა, რეანიმაციული პედანტი და სამშობიარო საწოლი – ეს სამედიცინო აპარატურა  გადასცა დღეს, 21 აპრილს,  ჩეხეთის საელჩომ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს.

ჯამში ბათუმის რესპუბლიკურს 190 ათასი ევროს ღირებულების სამედიცინო აპარატურა გადასცეს.

თანამედროვე სამედიცინო ინვენტარი საავადმყოფოს ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ჩეხეთის საელჩომ გადასცა.

შეხვედრას დღეს ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო ურთიერთობის  მინისტრის მოადგილე  მიქელა მარსოვა, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში  პეტრ მიკისკა  და  აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე ესწრებოდნენ.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო კოვიდკლინიკაა.

სააღდგომო უქმეებზე დამატებითი ზომების მიღების საჭიროებას ეპიდვითარება აჩვენებს

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ამავე საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ დღეს განაცხადა, რომ საბჭო მაქსიმალურად ცდილობს სააღდგომო უქმეებზე აიცილოს თავიდან დამატებითი რეგულაციები.

მისივე თქმით, არ ყოფილა შემოთავაზება აიკრძალოს სადღესასწაულო უქმეებზე საზოგადოებრივი თუ საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მოძრაობა. თუმცა, როგორ ღიბრაძემ დასძინა, უქმეებზე დამატებითი ზომების მიღების საჭიროებას ეპიდვითარება აჩვენებს.

მისივე თქმით, რეგულაციებით იქნება განსაზღვრული რომელ სამსახურებს არ შეეხება დასვენების დღეები. ღიბრაძის თქმით, ეს იქნება სტრატეგიული ობიექტები.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას დაზუსტებით კი, სააღდგომო უქმეებზე და შემდეგშიც იმუშავებენ ჯანდაცვის სისტემის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან დაკავშირებული სტრატეგიული ობიექტები და სამსახურები, ასევე ეკონომიკის სამინისტროს მიერ შედგენილი სიით განსაზღვრული ობიექტები.

თამარ გაბუნია განმარტავს, რომ კიდევ ზუსტდება დეტალები, თუ ვინ იმუშავებს უქმე დღეებზე საქართველოში და ვინ – არა.

ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიას ნარჩენებისგან გაწმენდენ – ჩეხეთის გრანტი

ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიის კვლევა და არეალის ნარჩენებისგან დასუფთავება იწყება. ამ თემაზე დღეს, 21 აპრილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მიკაელა მარკსოვას შეხვდა და მემორანდუმს ხელი მოაწერა.

მემორანდუმის თანახმად, ბათუმში, თამარის დასახლებაში, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ჩეხი ექსპერტები იმუშავებენ.

„ბათუმში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვმასპინძლობთ.  მნიშვნელოვანია ჩეხეთის, როგორც ევროკავშირის ლიდერი ქვეყნის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის.

ეს გახდება ერთ-ერთი ის პროექტი, რომელიც  დაეხმარება როგორც ადგილობრივ ეკონომიკას, ასევე მწვანე ეკონომიკის ხაზს და პოლიტიკის გაძლიერებას,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

პირველ ეტაპზე უცხოელი ექსპერტები ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე დეტალურ კვლევას ჩაატარებენ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, რომ კვლევის დასრულების შემდეგ დაზუსტება კონკრეტულად რამდენ დახარჯავს ჩეხეთის განვითარების სააგენტო გრანტის სახით ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიის ნარჩენებისგან გასათავისუფლებლად.

რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე დაგროვილმა სხვადასხვა ტიპის ნარჩენმა (ნავთობშლამი, მჟავე გუდრონი და სხვა) ტერიტორიაზე რთული ეკოლოგიური ვითარება შექმნა.

 

გოგოლის ქუჩისა და ბარცხანის ხიდის რეაბილიტაციისთვის 2,5 მილიონი დაიხარჯება

გოგოლის ქუჩისა და ბარცხანის ხიდის რეაბილიტაციისთვის ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველომ ხელშეკრულება შპს „ბომონდი-2009“-სთან 2 582 697 ლარზე გააფორმა.

ამ ხელშეკრულების ფარგლებში უნდა შესრულდეს გოგოლის ქუჩის მონაკვეთის [წმ. დიაკონი სევერიანე აჭარელი აღმსარებლის (ყოფილი მაიაკოვსკის) ქუჩიდან ი. ნონეშვილის ქუჩამდე] კეთილმოწყობის სამუშაოები, გოგოლის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთში არსებული ხიდისა და ე.წ. „ბარცხანის ხიდის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოების შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.

ხელშეკრულება 2021 წლის 16 აპრილს გაფორმდა. შესაბამისად, კომპანიას მოსამზადებელი სამუშაოებისთვის ვადა 16 მაისამდე აქვს. ამ ვადის გასვლის შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაიწყოს.

მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი 2 718 690 ლარით იყო გამოცხადებული.

შესყიდვების პორტალის მიხედვით ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია „ბომონდი-2009“ მონაწილეობდა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა კი შემდეგ სამუშაოებში დაიხარჯება:

წყარო: ხელშეკრულება

ამავე თემაზე:

ბათუმში ბონი-ბარცხანის დამაკავშირებელი ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება

 

 

„ვითხოვთ ხელფასის მომატებას და ადამიანურ პირობებს“ – ხულო-ზარზმის გზის მშენებლები გაიფიცნენ

„ვითხოვთ ხელფასის მომატებას და ადამიანურ პირობებს. შეიძლება არმატურის ქსოვაზე მუშაობდე და ხუთ დღეში ერთხელ გიცვლიდნენ ხელთათმანს?“ – ამბობს ხულოში, სოფელ დანისპარაულში მცხოვრები არჩილ ანთაძე. ის ხულოში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეა.

კომპანია „სინოჰიდროში“ დასაქმებული 100-მდე ადამიანი დღეს, 21 აპრილს, გაიფიცა. ეს კომპანია ხულო-ზარზმის საავტომობილო გზას აკეთებს.

„კომპანიაში მივედით ამ დილით და გვითხრეს, თუ არ გინდათ, წადითო, არ მოგვისმინეს… ჩვენი ხელფასი დღეში 30 ლარია, დაგვპირნენ ჭამა-სმას, მაგრამ არ გვაძლევენ, 4 თვეა ვმუშაობ, მაგრამ დღეს ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი ვთქვით,“ – გვითხრა არჩილ შანთაძემ.

კომპანია „სინოჰიდროში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ განმარტებას დღის განმავლობაში მოგვაწვდიან.

ხულო-ზარზმის გზის 42 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქციას, რომელიც 2 მონაკვეთადაა დაყოფილი, არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი აფინანსებს. 2 მონაკვეთის ჯამური ღირებულება 95 689 302 ლარია. პროექტის განხორციელების ვადა 2 წელია.

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობისთვის ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამშენებლო ბანაკების მოწყობა, მანქანა-მექანიზმების მობილიზება და მოსამზადებელი სამუშაოები.

რა ზიანის ანაზღაურებას ითხოვს მთავრობა კომპანია „ტოდინისგან“

 

ქობულეთის ბიბლიოთეკისა და წიგნადი ფონდის განახლებას მოქალაქეების პეტიცია დასჭირდა

ქობულეთში ცენტრალური ბიბლიოთეკის რეაბილიტაციას, წიგნადი ფონდის განახლებას და სრულად ამოქმედებას პეტიციით ითხოვენ. მოქალაქეები წერენ, რომ ბიბლიოთეკა წლების განმავლობაში ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს. ეს მნიშვნელოვნად აფერხებს ქალაქის კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.

ფოტო: ნინო ოთიაშვილი

პეტიციას ასევე ხელს აწერენ  ბიბლიოთეკის თანამშრომლები.

ხელმომწერები ითხოვენ ქობულეთის საკრებულომ მაქსიმალურად მოკლე დროში განიხილოს ის და მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება.

საკრებულოსთვის წარდგენილი მონაცემების მიხედვით, პეტიციას ხელს აწერს 691 მოქალაქე.

კითხვაზე, რატომ დასჭირდა ამორტიზებული ბიბლიოთეკის განახლებას მოქალაქეების პეტიცია, ქობულეთის მერიაში გვიპასუხეს, რომ „შესაბამისი სახსრების არქონის გამო“.

მერიაში განმარტეს, რომ თანხა სხვა უფრო მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხმარდება, ხოლო პრიორიტეტები, ასევე მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად არის გადანაწილებული.

2021 წლის ბიუჯეტში ქობულეთის ცენტრალური ბიბლიოთეკის რეაბილიტაციისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის. პეტიციის გაცნობის შემდეგ ქობულეთის მერია გეგმავს ბიბლიოთეკის რეაბილიტაციისთვის თანხა გაითვალისწინოს მომავალი წლის ბიუჯეტში. თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ეკონომიებით გამოთავისუფლებული თანხა ამ მიმართულებით წელსვე მიმართონ.

ფოტო: ნინო ოთიაშვილი

სარფში 1 პირი დააკავეს საქონლის არასრულად დეკლარირების ბრალდებით

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან ტაჯიკეთის რესპუბლიკაში საქონლის ტრანზიტული გადაზიდვისას, არასრულად დაადეკლარირა საქონელი. კერძოდ, ჩატარებული საბაჟო შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ნაცვლად 99 070 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის დეკლარირებისა, იგი ახდენდა 13 264 აშშ დოლარის ანუ დაახლოებით 45 500 ლარის საბაჟო ღირებულების მქონე საქონლის დეკლარირებას.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

ლექტორის სასამართლო, რომელმაც კოლეგები პლაგიატში ამხილა და სამსახურიდან გაუშვეს

“900-მდე განცხადებით მივმართეთ საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციას, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ – რა სამართლებრივი საფუძვლებით გაათავისუფლეს სამსახურიდან ვაჟა ანანიძე,” – მიმართა მოსამართლე როინ კახიძეს ანა ბერძენიშვილმა. ის “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტია და სასამართლოში ბათუმის საზღვაო აკადემიიდან გათავისუფლებული პროფესორის, ვაჟა ანანიძის ინტერესებს იცავს.

ვაჟა ანანიძე ის პროფესორია, რომელმაც გასულ წელს საზღვაო აკადემიის რექტორი და კიდევ რამდენიმე პროფესორი პლაგიატში ამხილა. ის აკადემიის სხვა პრობლემებზეც საუბრობს. ამ დრომდე ვაჟა ანანიძე სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს წინ ერთკაციან აქციებს პერიოდულად მართავს.

პლაგიატის დადგენაზე ვაჟა ანანიძემ განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს 2020 წლის მაისში მიმართა, თუმცა ამ დრომდე სახელმწიფოს არ დაუდგენია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს სასწავლებელში აქვს თუ არა ადგილი პლაგიატს. სამაგიეროდ, იმოქმედა საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციამ – ვაჟა ანანიძე სამსახურიდან გაუშვეს.

ვაჟა ანანიძე საზღვაო აკადემიიდან გასული წლის 22 ივლისს გაათავისუფლეს.

ვაჟა ანანიძე სასამართლოში მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას და სამსახურში აღდგენას ითხოვს.

დღევანდელ სხდომაზე ვაჟა ანანიძის იურისტებმა სასამართლოს გზით სცადეს მტკიცებულებების მიღება, რაც აქამდე წერილობითი მიმართვის მიუხედავად ვერ მიიღეს.

“ერთ-ერთი ბრალდება ეხება იმას, რომ თითქოს ის ლექციებს ზუმის საშუალებით არ ატარებდა, მოგვაწოდეთ ამ სტუდენტების სია”, – აღნიშნა იურისტმა ანა ბერძენიშვილმა.

იურისტებმა მოსამართლეს უთხრეს, რომ ადმინისტრაციული საქმისწარმოების მიღმა აკადემიის ადმინისტრაციას “პლაგიატის სკანდალის” შემდეგ რამდენიმე სტუდენტი გამოუკითხავს, რომლებსაც დაუდასტურებიათ: “ლექციები გაგვიცდაო”.

“სტუდენტები გამოვკითხეთ შიდა წარმოების ფარგლებში,” – მიმართა მოსამართლეს საზღვაო აკადემიის იურისტმა, რუსუდან ყიფიანმა.

“დისციპლინურ წარმოებას სჭირდება ბრძანება. რა მოკვლევა ჩატარდა ამის გარეშე?” – დაინტერესდა მოსამართლე.

საზღვაო აკადემიის იურისტმა განმარტა, რომ სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფარგლებში გამოკითხეს სტუდენტები, რადგან მათ მიმართეს აკადემიის ადმინისტრაციას.

“რადგან სტუდენტები ვერ უკავშირდებოდნენ ვაჟა ანანიძეს, აკადემიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაუქმებულიყო აკადემიური რეგისტრაცია ამ კონკრეტულ საგანში და შემდეგ სემესტრში სხვამ წაიკითხა ეს საგანი,” – განმარტა საზღვაო აკადემიის იურისტმა, რუსუდან ყიფიანმა.

“როგორ მოხდა ეს გაუქმება და რას ნიშნავს? თუ არ გაივლი სტრატეგიულ კომუნიკაცია 1-ს პირველ სემესტრში, მეორე სემესტრში ვერ გაივლი კომუნიკაცია 2-ს,” – აღნიშნა იურისტმა ანა ბერძენიშვილმა. საზღვაო აკადემიის იურისტმა მას უპასუხა, რომ არ ეტყვის, ვინ კითხულობს ამ საგანში ლექციას ახლა, ვაჟა ანანიძის გათავისუფლების შემდეგ.

“აკადემიაში არის 79 აკადემიური პერსონალი, 150 მოწვეული მასწავლებელი,” – ხაზი გაუსვა აკადემიის იურისტმა ამ მონაცემს იმის საილუსტრაციოდ, რომ ლექციის ჩატარების პრობლემა რომელიმე საგანში საზღვაო აკადემიას არ აქვს.

სასამართლო განხილვა გრძელდება.

ვრცლად ამ თემაზე:

ლექტორი კოლეგებს პლაგიატში ადანაშაულებს – ის შესაძლოა უმუშევარი დარჩეს

რა წესების დაცვაა სავალდებულო, როცა ქვეყნიდან გადიხარ/შემოდიხარ – მოქმედი რეგულაცია

საქართველოს მოქალაქეს საქართველოში შემოსვლა შეუძლია როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით ნებისმიერ დროს, თუმცა ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ ის აუცილებლად უნდა დაემორჩილოს მოქმედ რეგულაციებს. კონკრეტულად:

  • საქართველოს მოქალაქე საქართველოში შემოსვლამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის საზღვარზე წარმოდგენის შემთხვევაში, სურვილისამებრ, დაექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას [თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში მას გადაიყვანენ საკარანტინე სივრცეში] ან, თუ თვითიზოლაციაზე უარს იტყვის, მან ქვეყანაში შემოსვლიდან მე-3 დღეს სავალდებულო PCR  ტესტირება უნდა ჩაიტაროს საკუთარი ხარჯით. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი იზოლაციის ვალდებულება აღარ ექნება.
  • თუ საქართველოს მოქალაქეს საქართველოში შემოსვლამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი არ აქვს, ასეთ შემთხვევაში ის გადადის 8-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციაში [თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – გადაიყვანენ საკარანტინე სივრცეში].
  • მიუხედავად ამისა, არის გამონაკლისიც. ყველა ის პირი, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას 12 დღით ექვემდებარებიან საკარანტინე სივრცეში გადასვლას.

ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქეს კი, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეუძლია საქართველოში საჰაერო გზით, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლა. ამასთან აღნიშნული პირები გათავისუფლებული იქნებიან წინასწარი რეგისტრაციის, PCR ტესტის წარმოდგენის და კარანტინის გავლის ვალდებულებისგან.

გამონაკლისი ამ შემთხვევაშიც არის – ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი (მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად), ექვემდებარება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ − სავალდებულო 14-დღიან კარანტინს საკუთარი ხარჯით.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქის საქართველოდან გასვლას:

საქართველოს მოქალაქეს, თუ აქვს ტრანზიტული ბილეთი, მუშაობს ან მიფრინავს საზღვარგარეთ,  შეუძლია ქვეყნიდან გასვლა, თუმცა თან უნდა იქონიოს შესაბამისი დოკუმენტაცია და უნდა ფლობდეს ინფორმაციას იმ რეგულაციებზე, რასაც ითხოვს ის ქვეყანა, სადაც მიემგზავრება.

საქართველოს მოქალაქეს თურქეთში შესასვლელად ჯერჯერობით კვლავ სჭირდება მოწვევა და სხვა დოკუმენტები [მაგალითად, თუ ის  მუშაობს თურქეთში, მან აუცილებლად უნდა შეავსოს სპეციალური აპლიკაცია].

მაგრამ თუ საქართველოს მოქალაქე ტრანზიტით მიემგზავრება, ანუ თურქეთიდან უნდა გაფრინდეს სხვა ქვეყანაში, მაშინ მოწვევა/სპეციალური ნებართვა საჭირო არ არის.

თუ საქართველოს მოქალაქე შემოვიდა საქართველოში PCR ტესტის უარყოფითი პასუხის გარეშე, გადავიდა 8-დღიან სავალდებულო იზოლაციაში, მაგრამ ამ ვადის გასვლამდე სჭირდება უცხოეთში გამგზავრება, ასეთ შემთხვევაში ის უკავშირდება ჯანდაცვის სამინისტროს [ცხელი ხაზის 1505 საშუალებით] შეათანხმებს ამ უწყებასთან, გატესტავენ და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მისცემენ ქვეყნიდან გასვლის უფლებას.

 

[toggle title=”ინფორმაცია საქართველოში შემოსვლის წესებისა და პირობების თაობაზე ვრცლად ნახეთ აქ:“]

კოვიდვაქცინით საქართველოში შემოსვლა

ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საქართველოში საჰაერო გზით, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლა.

აღნიშნული პირები გათავისუფლებული იქნებიან წინასწარი რეგისტრაციის, PCR ტესტის წარმოდგენის და კარანტინის გავლის ვალდებულებისგან.

გარდა ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირისა (მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად), რომელიც ექვემდებარება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ − სავალდებულო 14-დღიან კარანტინს საკუთარი ხარჯით.

კოვიდვაქცინის გარეშე საქართველოში შემოსვლა – საქართველოს მოქალაქეებისათვის

  1. საქართველოს მოქალაქე,  საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სურვილისამებრ, დაექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას) ან მე-3 დღეს  სავალდებულო PCR  ტესტირებას საკუთარი ხარჯით;
  2. საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის არქონის შემთხვევაში – დაექვემდებარება 8-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას);

ყველა ის პირი, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობის ისტორია, 12 დღით დაექვემდებარებიან საკარანტინე სივრცეში გადასვლას.

უცხოელებისთვის

საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლის უფლება აქვს ქვემოთ მითითებული სახელმწიფოების მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნებში ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებს:

  • ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები
  • ისრაელის სახელმწიფო
  • თურქეთის რესპუბლიკა
  • შვეიცარიის კონფედერაცია
  • ნორვეგიის სამეფო
  • ამერიკის შეერთებული შტატები
  • დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
  • საუდის არაბეთის სამეფო
  • კატარის სახელმწიფო
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები
  • ბაჰრეინის სამეფო
  • სომხეთის რესპუბლიკა
  • აზერბაიჯანის რესპუბლიკა
  • უკრაინა
  • ყაზახეთის რესპუბლიკა
  • რუსეთის ფედერაცია
  • ბელარუსის რესპუბლიკა
  • უზბეკეთის რესპუბლიკა
  • ტაჯიკეთის რესპუბლიკა
  • ყირგიზეთის რესპუბლიკა
  • თურქმენეთი

საქართველოში შემოსასვლელად ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:

  • საქართველოში უნდა გამოემგზავრონ საჰაერო გზით, ამავე ქვეყნებიდან, მათ შორის, მესამე ქვეყნების ტრანზიტული მგზავრობისთვის გამოყენების უფლებით. (სახმელეთო და საზღვაო საზღვრები კვლავ დაკეტილია);
  • სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე უნდა წარადგინონ საზღვრის კვეთამდე უკანასკნელ 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს, უნდა ჩაიტარონ PCR კვლევა, საკუთარი ხარჯებით;
  • საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე უნდა შეავსონ სპეციალურ ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიეთითოს ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ;
  • პირები, რომლებსაც უფიქსირდებათ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობის ისტორია, 12 დღით დაექვემდებარებიან საკარანტინე სივრცეში გადასვლას. ამ შემთხვევაში, PCR ტესტის საზღვარზე წარდგენა, ისევე როგორც, მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარება აღარ არის სავალდებულო.

ზემოთ მითითებული კატეგორიების გარდა, საქართველოში შემოსვლის შეზღუდვები არ ვრცელდება:

  • საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრებზე;
  • საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრებზე, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა;
  • ჰუმანიტარული მისიით მომავალ პირებზე – თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა (ექიმები, მოხალისეები და ა. შ.);
  • საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე;
  • პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებზე;
  • საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებზე;
  • ოფიციალური დელეგაციების წევრებზე, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში;
  • საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებში მონაწილე მძღოლებზე, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებში მონაწილე პერსონალზე, რომელიც დაკავშირებულია რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვა-გაცილებასთან და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრებზე.

ასევე, იხილეთ:

– უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების საქართველოში შემოსვლის პროცედურები

– ინფორმაცია საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის მიზნით მომავალი უცხოელი ვიზიტორებისთვის

– ინფორმაცია „იმუშავე საქართველოდან“ პროექტთან დაკავშირებით

[15 აპრილის მდგომარეობით / წყარო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო]

[/toggle]

 

ამავე თემაზე:

2 დოზით აცრილი მგზავრები ინდოეთიდან, სხვებისგან განსხვავებით, PCR ტესტს მაინც ჩაიტარებენ 

სილქფესტი მომხმარებლებს სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტების შეუზღუდავად გააქტიურებას სთავაზობს

 21 აპრილს სილქნეტის მობილური ქსელის  მომხმარებელი შეძლებს სამი პაკეტის გააქტიურებას  შეუზღუდავადერთად და ცალცალკე.

კომბინაციით *202# აბონენტი 30 დღით ჩაირთავს:

[checklist]

  • 5 GB + 100 ლოკალური წუთი – 7 ლარად
  • 700 ლოკალურ წუთს – 9 ლარად
  • 20 GB უსწრაფეს ინტერნეტს  – 14 ლარად

[/checklist]

აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.
ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა

აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.

პაკეტებში შემავალი მეგაბაიტების ამოწურვისას, პაკეტის ვადის განმავლობაში ინტერნეტით სარგებლობის ტარიფი შეადგენს – 1 MB – 15 თეთრი.

*წუთები არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე. ასევე, არ ვრცელდება სპეც. დანიშნულების ნომრებზე.

 

კოვიდით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 310 ახალი შემთხვევა

21 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 310 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ამავე პერიოდში გარდაიცვალა 12 პაციენტი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 241 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 446 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 795 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.33 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.38%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.16%.

  • ქვეყანაში კოვიდ19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  299 038-ს.
  • ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 632 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 282 869-მდე.
  • პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 3 971 პირი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 310 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 798 შემთხვევა, აჭარაში – 85, იმერეთში – 72, ქვემო ქართლში – 61, შიდა ქართლში – 39, გურიაში – 27, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 113, კახეთში – 85, მცხეთა-მთიანეთში – 18, სამცხე-ჯავახეთში – 8, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 172, საიდანაც:

  • 3 363 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  1 852, აჭარაში – 388, იმერეთში – 396.
  • ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 591 პირი, მათ შორის, თბილისში – 297, აჭარაში – 69, იმერეთში -82.
  • ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 98 პირი, მათგან თბილისში – 67, აჭარაში – 9, იმერეთში – 9.
  • 575 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 303 – თბილისში, 255 – აჭარაში.
  • 8 234 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 249 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 217, ხოლო აჭარაში – 5.

21 აპრილის დილის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 18 963 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 10 211 პირი, აჭარაში – 2 378, იმერეთში – 1 082.

ამ თემაზე:

დღეს გახდება ცნობილი ამოქმედდება თუ არა ახალი შეზღუდვები | კორონავირუსი

დღეს გახდება ცნობილი ამოქმედდება თუ არა ახალი შეზღუდვები | კორონავირუსი

დღეს, 21 აპრილს, საქართველოს მთავრობასთან არსებული საკოორდინაციო საბჭო კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დამატებითი რეგულაციების საჭიროებაზე იმსჯელებს.

ამის შესახებ გუშინ, 20 აპრილს, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. მისი თქმით, საბჭო ასევე იმსჯელებს უკვე გამოცხადებულ უქმე დღეებში [4-11 მაისი] რომელი ორგანიზაციები გააგრძელებენ მუშაობას.

ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები იზრდება. გუშინ, 20 აპრილს ქვეყანაში კოვიდის 1792 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა თბილისში, აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში.

19 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი ქვეყანაში არის 5.79 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.24%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.92%.

 

აჭარაში კოვიდის 85 ახალი შემთხვევაა, 1 პაციენტი გარდაიცვალა | 21 აპრილი

21 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 85 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში აჭარაში 1 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის კოვიდკლინიკებში ამჟამად 332 პაციენტი მკურნალობს, მათგან 5 მართვით სუნთქვაზეა.

 

„საქართველოს იმიჯი ოდნავ გამოსწორდა“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა,“ – განაცხადა გუშინ, 20 აპრილს, თბილისში ჩამოსულმა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა მას შემდეგ, როცა შეთანხმების დოკუმენტს მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა და ოპოზიციის ერთმა ჯგუფმა ხელი უკვე მოაწერეს.

რა იცვლება ოპოზიციის პარლამენტში შესვლით, რა ელოდება უმრავლესობას, რომელიც 6-მა დეპუტატმა უკვე დატოვა „გახარიას გუნდში“ გადასვლის მოტივით და რა გამოაჩინა მოლაპარაკებების ხანგრძლივმა პროცესმა: გაიზარდა თუ შემცირდა დასავლეთში ინტერესი საქართველოს მიმართ? – „ბათუმელები“ პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

  • ბატონო კორნელი, რა ახალი შესაძლებლობები ჩნდება პოლიტიკური თანხმობის მიღწევით, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? 

თუ ყველაფერი სასურველი სცენარით წარიმართა, მიმდინარე პროცესი ხელს შეუწყობს  ქვეყანაში პოლიტიკური ინსტიტუტების გაძლიერებას.  შექმნილი ნდობის დეფიციტის პრობებში შეუძლებელია,  რომ მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უზრუნველყოს ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის მართვა, საჭიროა ძლიერი ოპოზიცია, რომელიც მას მუდმივად გააკონტროლებს და არ მისცემს მოდუნების საშუალებას. საპარლამენტო ცხოვრებაში დაბრუნების შემდეგ ოპოზიცია იმედია თავის როლს შეასრულებს. ამას ემატება ისიც, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში ეს არის ქვეყნის წარმატება მიუხედავად იმისა, რომ ბევრი იწვალეს და ბოლომდე არ ვიყავით დარწმუნებული, რა გამოვიდოდა ამ მოლაპარაკებებიდან. მთლიანობაში კომპრომისზე დაფუძნებული ეს შეთანხმება პლუსად ეთვლება პოლიტიკურ კლასს, ხელისუფლებას და ევროკავშირს და შეერთებულ შტატებს, რომლებმაც არ დაიშურეს არაფერი, რომ ეს შეთანხმება  წარმატებული ყოფილიყო.

  • რა გამოჩნდა ამ პროცესში, როცა დასავლეთი აქტიურად ცდილობდა შეთანხმების მიღწევას. ეს აჩვენებს თუ არა იმას, რომ საქართველოს მიმართ დასავლეთის ინტერესი ისევ დიდია? 

ცხადია, გარკვეული ინტერესი არსებობს, უბრალოდ ამ ინტერესს უნდა გამოყენება და დროის სწორად შერჩევა. შარლ მიშელის ეს ინიციატივა იყო მართლაც უპრეცედენტო, ამის არგამოყენება იქნებოდა სერიოზული შეცდომა ყველა თვალსაზრისით. ამიტომაც, როცა ამ პროცესში ევროსაბჭოს პრეზიდენტია ჩართული, ამაზე უარის თქმა ჩვენი მხრიდან იქნებოდა პოლიტიკური სიბეცე. ახლა უკვე მთავარია, როგორ მოახერხებს ამ ყველაფრის გადატანას პოლიტიკურ სიბრტყეზე ხელისუფლება და ოპოზიცია, და  რამდენად გამოიყენებენ ამ დაახლოებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდოს კონკრეტულ  ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ინიციატივებში.

ამ პროცესში ასევე ცხადად გამოჩნდა, რომ ჩვენ არ ვართ კონსოლიდირებული დემოკრატია, და ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი ამ მიმართულებით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მიღწეული შეთანხმების შემდეგ ოდნავ გამოვასწორეთ ქვეყნის იმიჯი, როგორც არშემდგარი დემოკრატიისა, რომელიც მანამდე ჩამოყალიბდა.

  • გუშინ თქვა სააკაშვილმა, რომ „ნაცმოძრაობაც“ შევა პარლამენტში. თქვენი დაკვირვებით, ეს გააღიზიანებს თუ მოეწონება ამ პოლიტიკური ძალის ამომრჩეველს 6-თვიანი საპროტესტო აქციების შემდეგ? 

„ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის ნაწილს შესაძლოა მოსწონებოდა კიდეც ის, რომ არ შესულიყვნენ პარლამენტში, მაგრამ ამ შანსის გამოუყენებლობა არ იქნებოდა სწორი. თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია გააფართოვოს საკუთარი საარჩევნო ბაზა, მაშინ ეს გადაწყვეტილება იქნება სწორად გადადგმული ნაბიჯი ამ მიმართულებით. და ზოგადად არა მგონია, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის ამოცანა იყოს ის, რომ მხოლოდ საკუთარ ელექტორატზე იზრუნოს, მათ ცოტა ფართოდაც უნდა გაიხედონ.

  • რეალურად რამდენად რჩება მთავარ გამოწვევად საარჩევნო ადმინისტრაციები და ის, რომ მორიგი არჩევნები ისევ თამარ ჟვანიამ ჩაატაროს? 

ყველამ იცის, რომ ყველაზე სერიოზული და ფუნდამენტური რეფორმები სჭირდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. საარჩევნო სისტემის თვისებრივი ცვლილება არ მომხდარა 90-იანი წლებიდან დღემდე. როგორც ცნობილია, საუბარია სხვადასხვა ვარიანტზე, როგორ უნდა დაკომპლექტდეს ცესკო. ამაზე უნდა იმსჯელონ პარლამენტში  სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით და ეს საკითხი ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის. ფაქტია, რომ საარჩევნო გარემო  და ადმინისტრირებაში შექმნილი პრობლემები იყო განხეთქილების მთავარი საგანი და ამ საკითხს ასე ვერ დატოვებენ.

  • გამორიცხავთ, რომ შესაძლოა ისევ არჩევნების ლეგიტიმურობა გახდეს განხეთქილების მიზეზი? 

ეს საკითხი, როგორც ჩანს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისევ იქნება უთანხმოების საგანი. თვითმმართველობის არჩევნები ახლა ორმაგ დატვირთვას იძენს, რადგან მასზეა დამოკიდებული „ქართული ოცნების“ ხელახალი ლეგიტიმაცია და ის, გვექნება თუ არა ვადამდელი არჩევნები 2022 წელს… ყველაზე საინტერესო ისაა,  რომ რაღაცნაირად თითქოს ზღვარი წაიშალა ადგილობრივ და საპარლამენტო არჩევნებს შორის.  მანამდე გვახსოვს ადგილობრივი არჩევნების მიმართ არ იყო დიდი ინტერესი.

  • ამასობაში რა შეიძლება მოხდეს საპარლამენტო უმრავლესობაში, რომელიც 6-მა დეპუტატმა უკვე დატოვა და გახარიას გუნდში გადავიდა. რამდენად შესაძლებელია უბრალო უმრავლესობა „ოცნებამ“ პარლამენტში დაკარგოს? 

რთულია ამაზე საუბარი, რადგან გახარიას ჯერ არ ჩამოუყალიბებია თავისი პარტია, მხოლოდ მინიშნებების დონეზე არის და წინასწარ კომენტარის გაკეთება რთულია. არაა გამორიცხული, რომ უმრავლესობიდან ისევ გავიდეს ვინმე, რადგან „ქართული ოცნება“ არაა ერთიანი გუნდი, მასში არსებობს სხვადასხვა მიმდინარეობები და განსაკუთრებით ამ ფონზე, როცა ხელისუფლებამ ვერ დასძლია მძიმე სოციალური, ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური პრობლემები, ასეთი სცენარით მოვლენების განვითარება არ არის გამორიცხული.

  • მაგრამ პოლიტიკური კრიზისი დაძლეულია, შეიძლება, ასე ითქვას? 

სავარაუდოდ ამ ეტაზე დაძლეულია, მაგრამ პოლიტიკური პოლარიზება არ დასრულებულა. ჩვენ ახლა უნდა ვიმუშაოთ იმ ფორმატებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას. მსგავსი სასარგებლო ფორმატი უკვე შემოგვთავაზა ევროკავშირმა, მაგალითად, ჟან მონეს დიალოგი, რომელიც უნდა დაიწყოს საქართველომ ევროპარლამენტთან თანამშრომლობით. ამ ფორმატში წარმატებული მოლაპარაკებები მიმდინარეობს სერბეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, უკრაინაში. ევროპარლამენტის ჩართულობით ჩვენ უნდა ვცადოთ ამ პოლარიზების რაღაცნაირად შესუსტება, ვინაიდან მისი სრულიად აღმოფხვრა ამ ეტაპზე შეუძლებელია. კრიზისის ამ ეტაპზე მოგვარება არ ნიშნავს იმას, რომ მისი გამომწვევი პრობლემები მოგვარდა. მომავალ წლებში ჩვენ ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ.

Exit mobile version