მთავარი,სიახლეები

ჩვენს ეზოში აშენებენ კორპუსს, რომლის ქვეშ მდინარემ ამოხეთქა – მოქალაქეები

21.04.2021 • 4855
ჩვენს ეზოში აშენებენ კორპუსს, რომლის ქვეშ მდინარემ ამოხეთქა – მოქალაქეები

„ვიძახდით, აქ მშენებლობა არ გამოვა, არა-მეთქი, მაგრამ მოგისმინა ვინმემ?“ – უკმაყოფილობას და გაოცებას ვერ მალავს თამარის დასახლებაში მცხოვრები რუსუდან კომახიძე. ის 1937 წელს აშენებულ 5-სართულიან კორპუსში ცხოვრობს, რომლის გვერდითაც, სკოლასთან მისვლამდე, გაჩერებული მშენებლობაა.

„ეს მშენებლობა ერთ წელზე მეტია გაჩერებულია, რადგან საძირკველში მდინარე ამოვიდა, ვეღარ გააჩერეს… მდინარე აქ ადრეც იყო. მშენებელი საერთოდ აღარ ჩნდება, მოსახლეობას კი, მოსვენებას აღარ გვაძლევს ბაყაყების ხმაური, ჭაობის სუნი, გველები, კოღოები, ბუზები…“ – ასრულებს რუსუდან კომახიძე.

დაჭაობებული მშენებლობა ახლაც შემოღობილია, აქ ჩავლისას მარტივად საგრძნობია ჭაობის სუნი, ბაყაყების ხმა, კოღოები… მოსახლეობის თქმით, პატარა მდინარე ათეული წლების წინათ ჩამოდიოდა აქ და შემდეგ, საბჭოთა პერიოდში, ის მილებში მოაქციეს. მდინარის ზედაპირზე ძველ კორპუსსა და სკოლას შორის მინდორი გაჩნდა, სადაც რამდენიმე წლის წინ მშენებლებმა ორი 22-სართულიანი სახლის აშენება გადაწყვიტეს.

მშენებლობის ეზო, თამარის დასახლება, ბათუმი

მინდორი მშენებლობის წინ. მოსახლეობის თქმით, წლების წინ აქ პატარა მდინარე გადიოდა, რომელიც შემდეგ დახურულ არხში მოაქციეს

რუსუდან კომახიძე

მოსახლეობის თქმით, მათთვის უცნობია, მშენებლობის დაწყებამდე შეისწავლეს თუ არა ეს ადგილი გეოლოგებმა.

„წყლის საქაჩი ჰქონდათ და იმას ამუშავებდნენ, მაგრამ წყალი მაინც ამოდიოდა, ბოლოს საერთოდ გაჩერდნენ და ახლა ტბაა დამდგარი,“ – გვიყვება ნანა არველაძე. ის და მისი მეზობლები ჰყვებიან, რომ პრობლემაზე არ რეაგირებს არც ბათუმის მერია და არც კომპანია.

„გაურკვეველია საიდან მოდიოდა ეს წყალი და სად მიდიოდა… ფაქტი ისაა, რომ ახლა, როცა წვიმს, იმხელა წყალი დგება, ჩვენი ძველი კორპუსის სარდაფიც წყლით ივსება. უკვე ჩვეულებრივი ამბავია იმის გაგონება, რომ „აი, გველი დავინახე“, „გველმა გადამირბინა“, ვიღაცებმა დაიჭირეს კიდეც რამდენიმე გველი… ახლა დათბება და უარესი იქნება,“ – ამბობს ნანა არველაძე.

„…ვიდრე ტბა არ დადგა და ბაყაყები არ აყვირდნენ, არ გააჩერეს მშენებლობა, მანამდე არ დაგვიჯერეს… სახლი უნდა ავაშენოთ 22-სართულიანიო, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, რად გვინდოდა ამ სიმწვანეში და სკოლასთან 22 სართული, როცა ჩვენი ძველი სახლი 5-სართულიანია, მაგრამ ვინღა ამბობს ამას, ბუზები და კოღოები გვჭამენ,“ – საუბარში ისევ რუსუდან კომახიძე გვერთვება.

ხედი ძველი კორპუსიდან მას შემდეგ, როცა აქ მშენებლობა დაიწყო

1937 წელს აშენებული სახლი. მის გვერდით აშენებენ კორპუსს, რომლის ეზოც უკვე დაჭაობებულია. მოსახლეობა 1937 წელს აშენებული კორპუსისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

„ქალაქის ცენტრიდან სოკოებივით მომრავლებულ მშენებლობებს გამოვექეცი და აქ ეს რეალობა დამხვდა. ეს აჩვენებს მერიის და კომპანიის პასუხისმგებლობასაც,“ – ამბობს ეკა ლორთქიფანიძე, რომელიც დაჭაობებული სახლის ეზოს გვერდით, 1937 წელს აშენებულ სახლში, ბებიას დანატოვარ ბინაში ცხოვრობს. ეკა და მისი მეზობლებიც ამ სახლისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ.

ეკა ლორთქიფანიძე მერიიდან ყველა იმ დოკუმენტის გამოთხოვას აპირებს, რომელიც ახალი კორპუსების მშენებლობის დაწყებამდე გაიცა, მათ შორის, წესით უნდა იყოს გეოლოგის დასკვნაც.

„მე ვესაუბრე ბიზნესმენს, მან თავი ისე წარმოაჩინა, თითქოს დაზარალებულია, ჩემთვისაც სიურპრიზი იყოო, ასე მითხრა… გეოლოგის დასკვნა რომ მომზადებულიყო რეალურად და არა ფორმალურად, შეუძლებელია ეს ვერ დაენახა სპეციალისტს. უფრო იგრძნობა უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, რომ აი, თავისუფალი მიწაა და მოდი, აქ ავაშენებ,“ – აღნიშნა ეკა ლორთქიფანიძემ „ბათუმელებთან“.

მშენებლობას კომპანია „ბესტ ბილდინგ გრუპი“ აწარმოებს. სამშენებლო დაფაზე გამოკრული ინფორმაციის მიხედვით, მშენებლობა 2020 წლის 19 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო. ნებართვა 2018 წლის 11 აპრილსაა გაცემული.

რა მოხდა და რას აპირებს მშენებელი? – „ბათუმელები“ მშენებელი კომპანიის „ბესტ ბილდინგ გრუპის“ დამფუძნებელს, გია დოლიძეს ესაუბრა:

„პირველ რიგში, ბაყაყებს მოვსპობ, მერე „ნასოსია“ ჩასართავი, წყალს დავქაჩავ, ორი-სამი დღე სჭირდება ამას… მოსახლეობას ვუთხარი მე, ორი დღე მადროვეთ-მეთქი. ამ დღეებში შევხვდები სპეციალისტებს და დავგეგმავთ, რა შეიძლება გავაკეთოთ,“ – გვიპასუხა გია დოლიძემ.

ბიზნესმენი ირწმუნება, რომ ამ პროექტზე არსებობს გეოლოგის დასკვნა, თუმცა გია დოლიძემ უარი გვითხრა მის გაცნობაზე.

„გეოლოგის გარეშე აბა ვინ მომცემდა პროექტს?… არ მახსოვს ზეპირად, ვინ იყო გეოლოგი, დასკვნაც ასე არ მაქვს… ყველაფერს ვერ გეტყვით ახლა,“ –  გვითხრა ბოლოს გია დოლიძემ და დასძინა, რომ გასულ წელს მშენებლობა პროექტის შეცვლის მიზნით შეაჩერა.

„არ ვიცი რა მოხდა, მეც არ ვიცი, მათაც არ იციან, წყლის ამოსვლის გარდა, ისეც რაღაც ფორმაში არ ჩაჯდა და პროექტის შეცვლა ვითხოვე, შეტანილი მაქვს პროექტი ცვლილებებზე მერიაში და ჯერ არ მიმიღია პასუხი, ჯერ არ ვიცი, რა შეიძლება გაკეთდეს,“ – გვიპასუხა გია დოლიძემ.

შეჩერებული მშენებლობა საჯარო სკოლის გვერდითაა

 

ძველი სახლი, სადაც მცხოვრებ ადამიანებს დაჭაობებული მშენებლობა აწუხებთ

არსებობდა თუ არა გეოლოგის დასკვნა ამ სახლის პროექტზე, სადაც წყალმა ამოხეთქა – ამ და სხვა დეტალების გარკვევა „ბათუმელებმა“ ბათუმის მერიაში სცადა. მერიის პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ კითხვებზე პასუხის მისაღებად საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაა საჭირო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: