14 აპრილიდან თურქეთში ორი კვირით ამოქმედდება შეზღუდვა გადაადგილებასთან დაკავშირებით.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 14 აპრილიდან თურქეთში მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ კვირის სამუშაო დღეებში საღამოს 7-დან დილის 5 საათამდე.
ასევე, ძალაში რჩება შაბათ-კვირას ქუჩაში გასვლის შეზღუდვა, რომელიც თურქეთში 30 მარტს ამოქმედდა დიდ ქალაქებში.
გარდა ამისა, სამუშაო დღეებში საღამოს 7 საათიდან დილის 5 საათამდე და შაბათ-კვირას, გადაუდებელი შემთხვევების გარდა, მოქალაქეებს ეკრძალებათ საქალაქთაშორისო მიმოსვლა.
ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს საქართველოს საელჩო თურქეთში.
თურქული მედიის ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსის 59 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს კორონავირუსის ახალი ანტირეკორდია თურქეთში.






