მთავარი,სიახლეები

საკონსტიტუციოში „დეპუტატების მანდატების გაუქმების საქმის“ განხილვა მაისამდე გადაიდო

22.04.2021 • 1053
საკონსტიტუციოში „დეპუტატების მანდატების გაუქმების საქმის“ განხილვა მაისამდე გადაიდო

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მაისამდე გადადო იმ პარლამენტარების საქმის განხილვა, რომლებსაც მანდატების გაუქმებაზე საპარლამენტო უმრავლესობამ უარი უთხრა. არსებითი განხილვა ამ საქმეზე 22 და 23 აპრილს უნდა შემდგარიყო.

საქმის განხილვის გადადების მიზეზი ერთ-ერთი მოსარჩელის – თამარ კორძაიას შუამდგომლობა იყო, მან სასამართლოს გუშინ, 21 აპრილს მიმართა და საქმეში თავის წარმომადგენლად საბა ცაგარეიშვილი ჩართო.

საბა ცაგარეიშვილის თქმით, მას არ ჰქონდა საკმარისი დრო, რომ საქმის მასალებს სრულად გაცნობოდა. სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ კი, საქმის განხილვის გადადებამდე დასძინა, რომ თამარ კორძაია მამის ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო სხდომას.

საქმის დროული განხილვა და სწრაფად გადაწყვეტილება ითხოვეს პროცესზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა თამარ კორძაიას წარმომადგენლის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმის განხილვა მაისამდე გადადო. კონკრეტული თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.

პარლამენტის წევრებმა: ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, თამარ კორძაიამ და ელენე ხოშტარიამ საკონსტიტუციო სასამართლოს თებერვალში მიმართეს, მას შემდეგ, როცა საპარლამენტო უმრავლესობამ მათთვის მანდატების შეჩერებაზე უარი თქვა.

ოპოზიციის ნაწილმა და, მათ შორის, მოსარჩელეები თამარ კორძაია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ, აპირებენ პარლამენტში შესვლას.

ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო საქმის არსებით განხილვას შეუდგებოდა, 14 აპრილს, მოსამართლე ევა გოცირიძემ თავისი განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა. ეს მოსამართლე მიიჩნევს, რომ როცა დეპუტატს მანდატის გაუქმებაზე უარს ეუბნებიან, ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომ არ უნდა განიხილოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: