სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტი, რომელიც 2019-2018-2017 წლებს მოიცავს.
აუდიტის შედეგად გამოვლენილი მიგნებები შეეხება მასწავლებელთა სქემით გათვალისწინებული კვალიფიკაციის ამაღლებისა და კარიერული წინსვლისთვის განხორციელებული ღონისძიებების პროდუქტიულობასა და ეფექტიანობას.
აუდიტის დასკვნაში წერია, რომ 2019 წელს სახელმწიფომ საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების პროფესიიდან გასვლისთვის 75.5 მილიონი ლარი დახარჯა ბიუჯეტიდან.
სახელმწიფო ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ (რომელიც ორი წლის ხელფასს გულისხმობდა) პრაქტიკოს პენსიონერ პედაგოგებს სკოლა უნდა დაეტოვებინათ. თუმცა „ორწლიანი ვადის გასვლის შემდეგ ზემოხსენებულ მასწავლებლებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა განაგრძონ პედაგოგიური საქმიანობა დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში,“ – წერს აუდიტი.
ამავე დასკვნის მიხედვით კი, არც განათლების სამინისტროს და არც მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნულ ცენტრს არ აქვთ შემუშავებული სამოქმედო გეგმა სისტემიდან გასული მასწავლებლების ახალი კვალიფიციური კადრებით ჩასანაცვლებლად, „რაც არსებული მექანიზმების პირობებში ზრდის პროცესის არაეფექტიანად წარმართვის რისკებს,“ – ამბობს აუდიტი დასკვნაში.
აუდიტი შესწავლის პერიოდში მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასაც შეეხო. დასკვნაში საუბარია, რომ ცენტრის მიერ „სათანადოდ არ იყო შესწავლილი და შეფასებული პროფესიული განვითარების მიზნით მასწავლებელთა მხრიდან განხორციელებული აქტივობების შესრულების შედეგები. მოცემულ პერიოდში მასწავლებლების უმრავლესობა ვერ ასრულებდა სქემით განსაზღვრულ როგორც სავალდებულო, ასევე დამატებითი სამუშაოების 40%-ს“.
მასწავლებლების საგნობრივი კომპეტენციის გამოცდა
აუდიტი წერს, რომ მასწავლებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მინიმალური საგამოცდო ბარიერი – 30 პროცენტი, მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა საერთაშორისო პრაქტიკას, რომლის მიხედვით ეს მაჩვენებელი საშუალოდ 70 პროცენტია.
აუდიტის შეფასებით, 2017-2019 წლებში საგნობრივ გამოცდაზე მინიმალური შედეგი აჩვენა მასწავლებლების საშუალოდ 25-მა პროცენტმა, ხოლო პროფესიული უნარების მიმართულებით – 27-მა პროცენტმა.
სქემით განსაზღვრული მაქსიმალური შედეგი – 60 პროცენტი და უფრო მაღალი, ერთდროულად როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული უნარების გამოცდაში, მასწავლებლების მხოლოდ 1,5-მა პროცენტმა დააფიქსირა.
2020 წლიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი საგნობრივი გამოცდის შემთხვევაში გაიზარდა 50 პროცენტამდე.
სქემის ფარგლებში, 2020 წლიდან პროფესიული უნარების დამადასტურებელ გამოცდაში გადასალახი მინიმალური ზღვარი არ არის განსაზღვრული.
„ამასთანავე, მიუხედავად მასწავლებლების მიერ გამოცდაზე მიღებული დაბალი შედეგებისა, იზრდება იმ მასწავლებლების რიცხვი, რომლებმაც მომდევნო კარიერულ საფეხურზე გადაინაცვლეს,“ – წერს სახელმწიფო აუდიტი.
შემუშავებული არ არის მასწავლებელთა გადამზადების ეტაპობრივი და თანმიმდევრული გეგმა
დასკვნაში ასევე ხაზგასმულია, რომ 2020 წლისთვის უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის განისაზღვრა ტრენინგების გასავლელად სავალდებულო საათების რაოდენობა, თუმცა „არ არის იდენტიფიცირებული დარგებისა და კარიერული საფეხურების მიხედვით სავალდებულო და არჩევითი ტრენინგმოდულები. ასევე არ არის შემუშავებული მასწავლებელთა გადამზადების ეტაპობრივი და თანმიმდევრული გეგმა“.
2017-2019 წლებში ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობა არ მიუღია მასწავლებლების 1/3-ს. „არსებული რესურსის პირობებში შესაძლებელი იყო ხუთი წლის განმავლობაში ორი პრიორიტეტული მიმართულებით მასწავლებელთა სრული კონტინგენტის გადამზადება, რაც ხელს შეუწყობდა ფინანსური რესურსის პროდუქტიულ ხარჯვას.
სქემით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად არ არის შემუშავებული სისტემატიზებული დოკუმენტი, რომლის ფარგლებშიც დეტალურად გაიწერებოდა კონკრეტული ღონისძიებები, მისაღწევი შედეგები, ვადები და საჭირო რესურსები. არსებული ინდიკატორები სრულად ვერ უზრუნველყოფს დასახული მიზნების შესრულების შეფასებას,“ – ნათქვამია აუდიტის შეფასებაში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერს, რომ გამოვლენილი გარემოებებისა და ნაკლოვანებების გამოსასწორებლად შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.
_____________________________
მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი