მთავარი,სიახლეები

„ავტობუსის მოსაცდელთან სანადირო თოფიდან გაისროლა და 2 კაცი წაიქცა“ – განაჩენი

22.04.2021 • 12144
„ავტობუსის მოსაცდელთან სანადირო თოფიდან გაისროლა და 2 კაცი წაიქცა“ – განაჩენი

„მოვიდა და მითხრა, ამ კაცს ვეძებო, წადი და ხვალ მოძებნე, ასე ჯობია-მეთქი, ვუთხარი. მერე ხელკავი გავუკეთე და მისი გაბრუნება ვცადე. ამ დროს ვიგრძენი, რომ კოსტუმს შიგნიდან რაღაც ჰქონდა ჯიბეში, მკვრივი საგანი, გვერდზე გავიწიე, მოვტრიალდი და ამ დროს გავიგონე გასროლის ხმა, მე ამ დროს ალექსანდრეს [სტატიაში სახელები შეცვლილია] შევხედე და გასროლის ხმა კიდევ ერთხელ გავიგონე – გულმკერდში ტკივილი ვიგრძენი, ალექსანდრე გარბოდა…“ – ეს დაზარალებულად ცნობილი დათოს ჩვენებაა განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ამ საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა და ბრალდებული სხვა, უფრო მსუბუქი მუხლით გაასამართლა.

შემთხვევა გასული წლის მაისში მოხდა ქობულეთის ერთ-ერთი სოფლის ცენტრში, სადაც ავტობუსის მოსაცდელია, სურსათის მაღაზია და კიდევ „ბირჟის“ ადგილი. კუსტარულად გადაჭრილი სანადირო თოფიდან ზუსტად ამ ადგილას გაისროლა ალექსანდრემ და თანასოფლელი ძმები – დათო და მამუკა დაჭრა.

თანასოფლელების და შემდეგში უკვე მოწმეების ჩვენებები ურთიერთსაპირისპირო აღმოჩნდა: ზოგიერთმა მოსამართლეს უთხრა, რომ გასროლას წინ კონფლიქტი უძღოდა მიწის გამო, სადაც სურსათის მაღაზიაა მოწყობილი. ზოგიერთმა კი თქვა, რომ კონფლიქტი იმ დღეს ბრალდებულის შვილს მოუხდა – „ბირჟაზე“ გამართული სახელდახელო ქეიფის დროს შვილმა მუსლიმებს შეურაცხყოფა მიაყენა. მოწმეების თქმით, ბრალდებულის შვილს სცემეს და ამის შემდეგ გაისროლა მამამისმა, რომელიც ჩხუბის მერე გამოჩნდა ავტობუსის მოსაცდელთან – ჯიბეში დამალული გადაჭრილი თოფით.

სხვა ვერსია ჰქონდა თავად ბრალდებულს:

„მე იმ საღამოს ნამდვილად ჩავედი მოსაცდელთან, ახალგაზრდები იყვნენ შეკრებილი,“ – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა ალექსანდრემ და მაისის ის საღამო გაიხსენა, როცა სახლიდან გადაჭრილი სანადირო თოფით გავიდა გარეთ. – „ხმაური ისმოდა, მაგრამ საერთოდ არ ვიცოდი, რა ხდებოდა. არც ის ვიცოდი, რომ ჩემს შვილს სცემეს. მე ჩემი მიწის ნაკვეთში მივდიოდი, რომ დამეთვალიერებია, მოსავალს მღრღნელები ანადგურებდნენ და თოფი მღრღნელების დასაშინებლად წავიღე, მაგით დავდივარ საღამოობით ჩემი მიწის ნაკვეთში.

„ბირჟაზე“ ჩავიარე და ბიჭები მოულოდნელად მე დამესხნენ თავს, აქ რა გესაქმება, სახლში წადიო, გამოვტრიალდი, მაგრამ დამედევნენ და დამარტყეს, წავიქეცი, წამოვდექი და მართლაც გავისროლე, მაგრამ უმისამართოდ. ის იარაღი ბაბუაჩემის დანატოვარი იყო და სახლში ვინახავდი, მანამდე არასდროს გამომიყენებია… მეორე ვაზნაც იყო თოფში, ვიცოდი, მაგრამ არ გამისვრია. მე არ მინდოდა ვინმეს მოკვლა, თავს დამესხნენ და მცემდნენ, თავის დაცვის მიზნით გავისროლე, სხვა არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა,“ – დაასრულა ბრალდებულმა.

დათომ, რომელიც დაიჭრა, მაგრამ კლინიკაში მისი გადარჩენა მოხერხდა, თქვა, რომ ბრალდებულ ალექსანდრეს „ბირჟაზე“ გამოჩენამდე სახეში სილა გაარტყა „მეგობრულად“ ბრალდებულის შვილს – რეზოს.

„ვუთხარი, რომ სხვა დროს სარწმუნოებისთვის არ მიეყენებინა შეურაცხყოფა… რეზო უხმოდ წავიდა. დაახლოებით 5 წუთში ჩამოვიდა „ბირჟაზე“ რეზოს მამა – ალექსანდრე…“ – აღნიშნა დათომ.

„ოჯახში ვიყავი, სტუმრები მყავდა, ნასვამი ვიყავი და აივანზე გავედი სიგარეტის მოსაწევად,“ – მიმართა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს მამუკამ, რომელიც მაისის იმ საღამოს „ბირჟაზე“ მსუბუქად დაჭრეს:

„ხმაური გავიგონე, დამაინტერესა რა ხდებოდა და ჩავედი. ხალხმრავლობა იყო, იგინებოდნენ. როცა მივედი, იქ ალექსანდრე [ბრალდებული] იგინებოდა, მივედი დამშვიდების მიზნით და განიმუხტა სიტუაცია. არ ვიცი რას შეეხებოდა კონფლიქტი, მაგრამ გავაშველე და დავამშვიდე ხალხი. შემდეგ დავინახე რეზოს [ბრალდებულის შვილი] სისხლი მოსდიოდა თავიდან. წაიყვანეს, მაგრამ სად არ ვიცი… მერე გავიგონე გასროლის ხმა, შემეშინდა და გამოვიქეცი, არ დამინახავს, ვინ გაისროლა, ვიგრძენი, რომ დაჭრილი ვიყავი, რატომ მესროლეს, არ ვიცი,“ – დაასრულა დაზარალებულმა.

„ასე თქვეს, ერთი კაცი არის აქ ზედმეტიო, მე მგულისხმობდნენ… მანამდე „ბირჟაზე“ ვლაპარაკობდით, მერე სუფრა გავშალეთ, პროდუქტები შევაგროვეთ და ვსვამდით,“ – უთხრა სასამართლოს რეზომ, ბრალდებულის შვილმა.

რეზოს თქმით, იმ ორ კაცთან, რომლებიც მამამისმა დაჭრა, წარსულში კონფლიქტი ჰქონდათ მიწის გამო, სადაც მაღაზიის შენობაა, მაგრამ  ეს კონფლიქტი უკვე ამოწურულია:

„მითხრეს, რელიგიას შენ შეეხე ცუდადო, მაგრამ ეს ამბავი იყო ორი თვით ადრე, შეურაცხყოფას აყენებ ისლამსო და ამიტომ არ არის აქ შენი ადგილიო, მერე შეურაცხყოფაზე გადმოვიდნენ და მაგინებდნენ, მცემდნენ, მე მხოლოდ თავს ვიცავდი…

მერე ბიძაჩემთან წავედი, თავი გახეთქილი მქონდა, ბიძია ჭრილობას როცა მიმუშავებდა, ამ დროს გავიგონე გასროლის ხმა, ვერ მივხვდი, საიდან მოდიოდა ეს ხმა… მერე მითხრა ბიძაჩემმა, რომ იქ მამაჩემი მისულა,“ – დაასრულა მოწმემ.

მტკიცებულებების შეჯერების შემდეგ, სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ ალექსანდრეს ვინმეს მოკვლის განზრახვა ჰქონდა. ასევე ვერ დადასტურდა ის, რომ ბრალდებულმა ორჯერ გაისროლა.

სასამართლომ გაითვალისწინა ისიც, რომ დაზარალებულები ბრალდებულს შეურიგდნენ და „რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნიათ“.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლს კვალიფიკაცია შეუცვალა და ალექსანდრე სსკ-ის 117-ე მუხლით გაასამართლა, რაც გულისხმობს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას. ბრალდებული ასევე გასამართლდა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვისა და ტარებისთვის. მთლიანობაში ალექსანდრეს 4 წლით და 6 თვით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც მან 3 წელი ციხეში უნდა გაატაროს, დარჩენილი წელიწად-ნახევარი კი, სასამართლომ ალექსანდრეს პირობით ჩაუთვალა 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: