მთავარი,სიახლეები

ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიას ნარჩენებისგან გაწმენდენ – ჩეხეთის გრანტი

21.04.2021 • 1282
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიას ნარჩენებისგან გაწმენდენ – ჩეხეთის გრანტი

ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიის კვლევა და არეალის ნარჩენებისგან დასუფთავება იწყება. ამ თემაზე დღეს, 21 აპრილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მიკაელა მარკსოვას შეხვდა და მემორანდუმს ხელი მოაწერა.

მემორანდუმის თანახმად, ბათუმში, თამარის დასახლებაში, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ჩეხი ექსპერტები იმუშავებენ.

„ბათუმში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვმასპინძლობთ.  მნიშვნელოვანია ჩეხეთის, როგორც ევროკავშირის ლიდერი ქვეყნის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის.

ეს გახდება ერთ-ერთი ის პროექტი, რომელიც  დაეხმარება როგორც ადგილობრივ ეკონომიკას, ასევე მწვანე ეკონომიკის ხაზს და პოლიტიკის გაძლიერებას,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

პირველ ეტაპზე უცხოელი ექსპერტები ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე დეტალურ კვლევას ჩაატარებენ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, რომ კვლევის დასრულების შემდეგ დაზუსტება კონკრეტულად რამდენ დახარჯავს ჩეხეთის განვითარების სააგენტო გრანტის სახით ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიის ნარჩენებისგან გასათავისუფლებლად.

რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე დაგროვილმა სხვადასხვა ტიპის ნარჩენმა (ნავთობშლამი, მჟავე გუდრონი და სხვა) ტერიტორიაზე რთული ეკოლოგიური ვითარება შექმნა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: