აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ქობულეთში, სოფელ ციხისძირში, 1 642 კვ.მ მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის მიზნით, უპირობო ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა. ნაკვეთი, რომელიც უშუალოდ ზღვის ნაპირზე მდებარეობს, 2024 წლის 13 მაისამდე გაიცემა სარგებლობის უფლებით.
საწყისი წლიური სარგებლობის საფასური 15 ათასი ლარითაა განსაზღვრული, ვაჭრობის ბიჯი კი 300 ლარია. აუქციონი დაწყებულია და ის 2021 წლის 13 მაისს დასრულდება.
მომავალ მოიჯარეს სამინისტრო რაიმე პირობებს არ უყენებს. მხოლოდ ისაა მითითებული, რომ ტერიტორიაზე განთავსებულია ხის სადგომი. ეს ადგილი ციხისძირის სანაპიროზე, სასტუმრო „კასტელო მარე“-დან დაახლოებით 300 მეტრშია.
საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ტერიტორია იჯარით 2016 წელს აღებული ჰქონდა შპს „სითი ლოფტის“.
ამ კომპანიის მფლობელი თეიმურაზ უგულავაა, რომელიც ასევე ფლობს შპს „ქროსვეისის“. ამ კომპანიის შვილობილია შპს „ბათუმი ჰოტელ დეველოპმენტი“, რომელიც ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობასაც ფლობს [აჭარის ყოფილი შსს-ს]. კომპანიამ აქ სასტუმრო და კაზინო უნდა აამუშაოს, თუმცა სამინისტრომ რამდენჯერმე გადაავადა.
ამ თემაზე ნახეთ მასალა „ბათუმელების“ არქივიდან:
რატომ იხურება კაზინოები ბათუმში და რა ელის უმუშევრად დარჩენილ 400-მდე თანამშრომელს