მთავარი,სიახლეები

ტიტე აროშიძე ბულვარში 16 სართულის აშენებაზე: მაშინ მეც გამოვიყვან ასობით ადამიანს

21.04.2021 • 4686
ტიტე აროშიძე ბულვარში 16 სართულის აშენებაზე: მაშინ მეც გამოვიყვან ასობით ადამიანს

„ამბასადორის” ტერიტორია კერძო მესაკუთრეზე გასხვისდა 2010 წელს [ისევე, როგორც “რივიერას” ტერიტორია]…“ – სოციალურ ქსელ ფეისბუქში ამ შინაარსის ამსახველი სტატუსით გამოეხმაურა ბულვარის დასაცავად 18 აპრილს გამართულ საპროტესტო აქციას ტიტე აროშიძე. ის აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი.

რატომ ცდილობს დეპუტატი ბულვარში 16-სართულიანი კორპუსის აშენებაც წინა ხელისუფლებას დააბრალოს, როცა ნებართვა „ოცნების“ ხელისუფლების დროს გაიცა? – ამ საკითხზე ტიტე აროშიძეს „ბათუმელებმა“ რამდენიმე კითხვა დაუსვა.

  • ბატონო ტიტე, თქვენს ფეისბუქსტატუსში ხაზგასმაა, რომ „ამბასადორის“ ტერიტორია 2010 წელს გასხვისდა. რატომ მიიჩნიეთ, რომ ეს არის პროტესტის საპირწონე? ფაქტია, რომ ნებართვა ბულვარში 16 სართულის აშენებაზე ახლახან გაიცა. 

პროტესტის საპირწონედ ნუ დავარქმევთ, ბუნებრივია, ყველას აქვს პროტესტის გამოხატვის უფლება. ზოგი ასე ფიქრობს, ზოგი – ისე. ჩემი მოსაზრება არის ის, რომ 2010 წელს მოხდა „ამბასადორის“ და იგივე „რივიერას“ ტერიტორიის გასხვისება, რამაც შემდგომში დაუდო საფუძველი იმას, რომ იქ პირველადი ნებართვა უნდა გაცემულიყო. მაშინ უნდა ყოფილიყო ძალიან მკაცრი რეაგირება და არგუმენტები, რომ ბულვარიდან არ უნდა ამორიცხულიყო აღნიშნული შენობა-ნაგებობა, რომ შემდეგ არ განხორციელებულიყო, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, სხვა ტიპის წარმოება.

  • მაგრამ იქ საბჭოთა პერიოდშიც იდგა შენობა. მემკვიდრეობის დამცველები არ იყვნენ წინააღმდეგი აშენებულიყო 4 სართული, რაზეც გაიცა ნებართვა 2018 წელს და ამას არავითარი პროტესტი არ გამოუწვევია. 

იქ იდგა ხის ერთსართულიანი შენობა, შემდეგ გაჩნდა ორი სართული და მოეწყო ფასიანი პოლიკლინიკა, შემდეგ გადავიდა კერძო მფლობელობაში, რაც იმ დროისთვის იყო მიღებული ფორმა… ეს ტერიტორია ამოირიცხა ბულვარიდან 2010 წელს და სახელმწიფოს უკვე გაუჩნდა გარკვეული ვალდებულებები.

  • რას ნიშნავს ამორიცხეს? ეს ადგილი, სადაც ახლა 16-სართულიანი კორპუსი შენდება, იყო და ახლაც არის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საზღვრებში.

დავაზუსტებ იმას, რომ მოხდა მისი ცალკე საკადასტრო კოდად დარეგისტრირება და გამიჯვნა. ფასიანი პოლიკლინიკის შენობა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის გარეშე იყო.

  • დოკუმენტების მიხედვით, ამ ტერიტორიას 2010 წელს და ახლაც აქვს ძეგლის სტატუსი და მასზე ვრცელდება ძეგლისთვის განსაზღვრული რეგულაციები.

ბულვარის სივრცეში იურიდიულად აღარ შედის. გეოგრაფიულად არის, რა თქმა უნდა, მაგრამ რეალურად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი იმ მიწას, რომელზეც ის აშენდა, უკვე აღარ ჰქონდა 2010 წლიდან. მე მოგაწვდით შესაბამის დოკუმენტს, თუკი ამას მოვიპოვებ. 

თუკი ჩვენ იმდროინდელ ტენდენციას შევხედავთ, რაც იყო, ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, თვითონ ლევან ვარშალომიძე და ლევან ანთაძეც კი იმ დროს ამბობდნენ, რომ ეს კარგია, უნდა გაკეთდესო იგივე ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან მიმართებით. ესეც ხომ შუა ბულვარში იყო? ბულვარი ბათუმელებისთვის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, ეს არის ძალიან სენსიტიური…

  • თუკი სენსიტიურია, ხომ შეგეძლოთ ნებართვა არ გაგეცათ თქვენც შუა ბულვარში 16-სართულიანი კორპუსის აშენებაზე? 

ჩემს სტატუსზე ერთ-ერთ კომენტარს ვკითხულობდი და ვეთანხმები, რომ როცა ეს გასხვისდა, ამის შემდეგ ბულვარში 4-სართულიანი სახლი გაჩნდება, 16-სართულიანი, თუ 30-სართულიანი, ეს უკვე ნაკლებადმნიშვნელოვანია, საერთოდ არ უნდა გაკეთდეს. იქ უკვე დაიწყო საქმისწარმოება შესაბამისი კომპეტენციის მქონე ექსპერტების დასკვნის საფუძველზე, ჩუბინიშვილის კვლევითი ცენტრის თანამშრომლები იყვნენ ჩართული, ერთ-ერთი საკმაოდ ავტორიტეტული და სერიოზული კვლევითი ცენტრია. ამ ექსპერტების დასკვნის საფუძველზე შესაბამისი პროცედურების დაცვით მოხდა ამის განკარგვა.

  • რა პროცედურები დაიცვეს? კანონი ამბობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში შესაძლებელია მხოლოდ რესტავრაცია და კონსერვაცია და კატეგორიულად დაუშვებელია რაიმე ახლის მშენებლობა, მით უფრო, 16-სართულიანი კორპუსის. 

უკანონო არ არის ეს. უკანონო ჰქვია, როცა კანონის მიღმა ხდება პროცესი… ბულვარში, რომელიც არის ძეგლი, არ უნდა აშენდეს, მაგრამ ბულვარის ტერიტორია ეს აღარ იყო. ამიტომაც, როცა სახელმწიფო ამ ვალდებულებებს იღებს, ის ვალდებულები უნდა შესრულდეს.

  • რა ვალდებულებაზე საუბრობთ? ნებართვა არ გაცემულა 2010 წელს. ნებართვა გაიცა 2021 წელს. 

მე იმის მომხრე ვარ, რომ ბულვარი იყოს მხოლოდ კულტურული და რეკრეაციული ზონა. ერთია, მე რა მომწონს და მეორეა კანონის მოთხოვნა: პროცედურულად მოხდა ყველანაირი წესის გათვალისწინება. ჩვენ მივიღეთ 2010 წელს მიღებული გადაწყვეტილების შედეგი.

  • იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რას გულისხმობთ, რადგან 2010 წელს არ აუღია სახელმწიფოს ვალდებულება, რომ იქ ინვესტორი 16 სართულს ააშენებდა. 

2010 წელს როცა მოხდა ამ ტერიტორიის ცალკე საკადასტრო კოდად დარეგისტრირება, სახელმწიფოს წარმოექმნა ვალდებულებები. სახელმწიფომ ამ შემთხვევაში ექსპერტების და საბჭოს შემადგენლობით იმსჯელა და მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე მაინტერესებს ერთი, რომელია ჩემზე მეტი ბულვარის დამცველი? როცა ბულვარის დაცვაზეა საუბარი, მე ისევე მიყვარს ბულვარი, როგორც თქვენ და მთლიანად საქართველოს.

  • მაშინ რატომ უჭერთ მხარს უკანონო მშენებლობას ბულვარში, რომელიც აზიანებს ბულვარს? 

და ვინ თქვა, რომ ეს უკანონოა?… მაჩვენეთ ერთი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ეს უკანონოა.

  • დოკუმენტურად ეს შეეძლო დაედასტურებინა განათლების სამინისტროს, მაგრამ განათლების მინისტრმა თქვა, რომ ფინანსური ზიანი უფრო აღელვებს. სასამართლომ კი არ შეაჩერა მშენებლობა დავის განხილვის დასრულებამდე. სამოქალაქო პროტესტი არაფერს ნიშნავს თქვენთვის? 

მოქალაქეების პროტესტი სხვაა. მეც მივალ და დავდგები იქ, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ უკანონოა?… წარმომიდგინეთ კანონი, რომელიც ამბობს, რომ ეს მშენებლობა უკანონოა და პირველი მე დავდგები, ვინც შეეწინააღმდეგება ამ ყველაფერს.

  • ესაა კანონი „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“. 

მოდით, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას… თუკი სასამართლო გადაწყვეტს, რომ ეს არის უკანონო მშენებლობა, პირველი მე გამოვალ და დავდგები იქ, სადაც აპროტესტებენ უკანონო მშენებლობას.

  • 10 სართული უკვე აშენებულია. როგორ წარმოგიდგენიათ ამ მოცემულობის შეცვლა, რომც დაადგინოს სასამართლომ უკანონობა? 

დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამაზე ვისაუბროთ შემდგომ… თუკი სასამართლო მოითხოვს, რომ უნდა დაინგრეს უკანონო მშენებლობა, მისი აღსრულებაც შესაძლებელი იქნება.

თავიდან, 2010 წელს, 52 სართულზე იყო საუბარი, ნებართვა არ იყო გაცემული, მაგრამ იყო ამაზე საუბარი, მახსოვს იმდროინდელი გამოსვლები. ამის შემდეგ მოხდა განხილვა და როდესაც პროექტი შემოიტანეს, უარი უთხრეს და ხელმეორედ შემოიტანეს პროექტი, კვლევა ჩაატარა ჩუბინიშვილის ცენტრმა. ექსპერტებმა მოიწონეს და ეს „ოქროს შუალედი“, რომ არც 52-სართულიანი არ უნდა ყოფილიყო და არ უნდა დაემახინჯებია ბულვარის იერ-სახე, მიიღეს ეს გადაწყვეტილება. რამდენად კანონიერია, ამაზე უკვე დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

მე რომ ვთქვა, რა მომწონს, ეს იქნება ერთი მოქალაქის – ტიტე აროშიძის მოსაზრება. ვიღაცას მოსწონს მრავალსართულიანი შენობა. მე წარმომიდგენია, რომ ბულვარი იყოს საერთოდ რეკრეაციული. ჩემი პირადი აზრები ნაკლებად საინტერესოა, რადგან პირადი აზრების გარდა, არსებობს მეცნიერების და მკვლევარების მოსაზრებები, სადაც აღწერილია, ესა თუ ის არქიტექტურა ჯდება თუ არა ამაში.

  • ყოველთვის შეიძლება მოძებნო ექსპერტი, რომელიც მხარს დაუჭერს იმას, რაც ინვესტორს და მის გვერდით მდგომ ხელისუფლებას აწყობს. თუკი თქვენთვის მიუღებელია ეს მშენებლობა, რატომ არ თქვით მინიმუმ, რომ ეს მიუღებელია?

ჩემთვის არავის უკითხავს მოსაზრება.

  • გუშინწინ ხომ გამოხატეთ თქვენი ინიციატივით მოსაზრება ფეისბუქში და დაიცავით ხელისუფლების პოზიცია?

ხელისუფლების პოზიციები მე არ დამიცვია, მე დავწერე ობიექტური ფაქტები.

  • ობიექტური ფაქტი რა არის? 2010 წელს ნებართვა არ იყო გაცემული და შესაძლებელი იყო მარტივად „ოცნების“ ხელისუფლების დროს იქ აშენებულიყო 4 სართული, რაზეც 2018 წელს არსებობდა თანხმობა. რომ არ გაგეცათ ნებართვა 16 სართულზე, კანონს დაარღვევდით? 

კანონი შესაძლოა არ დარღვეულიყო არც 52 სართულის შემთხვევაში. უბრალოდ, გააჩნია, ეს რამდენად იქნებოდა მოსაწონი.

აქ არის უკვე პროცედურები, კანონიერება, რომელზეც ვმსჯელობთ. ხელისუფლება არ გასცემს ამას თვალდახუჭული, არსებობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო, რომელიც განიხილავს ამას და მხოლოდ საბჭო არ განიხილავს ამას. თუკი არსებობს ისეთი საკითხი, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ადგილმდებარეობაზე, ქირაობენ ექსპერტებს. შესაბამისად, გაცემულია ექსპერტების დასკვნები და დაელოდეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე დაშენება, მაგალითად, არის თუ არა შესაძლებელი? მაგრამ ხდება ხო, მემედ აბაშიძის ქუჩაზეც რამდენიმე სახლია, რომელიც ძეგლის სტატუსის მატარებელია, მაგრამ დაშენებულია მანსარდები. იგივე ძველ ბათუმში დაშენებულია. ვიღაცას მოსწონს ეს, ვიღაცას არ მოსწონს… რომ არ მომხდარიყო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა, რომ არ ყოფილიყო ეს პროცესები…

  • წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი მავნე პრეცედენტი ბულვარში ნიშნავს იმას, რომ თქვენ ტენდენციის სახე მიგეცათ ბულვარში კორპუსების მშენებლობაზე? თქვენ შეგეძლოთ შეგეჩერებინათ ეს პროცესი, ამის ნაცვლად დაუშვით უკანონობა და ხელს ისევ „ნაცმოძრაობისკენ“ იშვერთ. 

ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ ნაცვლად 52 სართულისა, მინიმუმამდე დასულიყო ეს. ჩემი პირადი, ბათუმელი ტიტე აროშიძის მოსაზრებაა, რომ საერთოდ არ იყოს იქ მშენებლობები, კანონიერებაზე დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

მე გამოვიყვან ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ეს მოსწონთ, მაშინ რა ვქნათ? რატომაა მაინცადამაინც „ბათომი“ ყველანაირად კომპეტენტური, რომელსაც შეუძლია ყველაფერზე იმსჯელოს? მეც შემიძლია გამოვიყვანო ასობით ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ მომწონს ეს მშენებლობა, მაგრამ ეს არის ესთეტიკური მხარე. ჩემთვის არ არის „ბათომის“ სიტყვა ყველაზე მთავარი… ყველა ადამიანის აზრია მნიშვნელოვანი, მაგრამ მოდით, მოვუსმინოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ ეს მშენებლობა კარგია.

  • და კანონი რატომ არ არის უპირატესი, რომელიც ამბობს, რომ ძეგლში ახალი მშენებლობა დაუშვებელია? 

ამიტომ, მოდით, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და შემდეგ ვისმჯელოთ ამაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: