ნეტგაზეთი • RU

შფოთვა, დეპრესია, კომპიუტერზე დამოკიდებულება – როგორ ეხმარებიან მოზარდებს უფასოდ ბათუმში

,,სინერგია“ ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის უფასო ცენტრია, სადაც 14-დან 25 წლის ჩათვლით ახალგაზრდებს დახმარებას უწევს ფსიქოტრავმატოლოგების, ადიქტოლოგების, ფსიქოსომატოლოგების, საჭიროების შემთხვევაში კი ფსიქიატრებისგან შემდგარი მულტიდისციპლინური გუნდი.

ცენტრი არ არის განკუთვნილი მძიმე ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირებისა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონეთათვის, რასაც სხვა სპეციფიკა აქვს.

,,სინერგიაში“ ეხმარებიან ახალგაზრდებს გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში, როგორიცაა შფოთვები, დეპრესიისკენ მიდრეკილება, თამაშდამოკიდებულება, ემოციის მართვა და ა.შ.

ფსიქოსოციალური დახმარების ცენტრს ძირითადად თავად მიმართავენ 18-დან 25 წლის ჩათვლით ახალგაზრდები. 14-17 წლის მოზარდებს კი, ამისთვის მშობლების ინფორმირებული თანხმობაც სჭირდებათ. კავშირის ფორმა სხვადასხვაგვარია: კონსულტაციები გაიცემა როგორც სოცქსელში წერილობითი შეტყობინების, ასევე სატელეფონო ზარის მეშვეობით, კონფიდენციალობის სრული დაცვით.

როგორც „სინერგიის“ ფსიქოტრავმატოლოგი, თათული გიგიტაშვილი ამბობს, მოზარდებსა და ახალგაზრდებს შორის, რომლებიც დასახმარებლად ცენტრს მიმართავენ, ძირითადად გავრცელებულია შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომები, კომუნიკაციის სირთულეები – მოზარდებს უჭირთ კომუნიკაცია არამხოლოდ ოჯახში, არამედ კლასსა და, ზოგადად, სოციუმში.

„პანდემიის პირველი ტალღისას იყო პანიკური შეტევები მოზარდებსა და ახალგაზრდებში, პირველი ტალღისას ასევე ახალგაზრდებში წამყვანი პრობლემა იყო შფოთვები.

ჯერ სკოლაში წავიდნენ, მერე დაიკეტა წერტილოვნად ზოგი სკოლა, მერე ისევ გაიხსნა. უჭირთ სწრაფ და ხშირ ცვლილებებთან მოზარდებს ადაპტაცია. როცა პირველი ლოქდაუნი იყო და სახლში ჩავიკეტეთ, გამოვლინდა, რომ პირადი სივრცის ნაკლებობა არის დიდი პრობლემა მოზარდებისთვის, როცა მაგალითად 5 ადამიანი ცხოვრობს ერთად ერთ ან ორ ოთახში – ძალიან რთულია.

ეს იყო ხშირად სახლში კონფლიქტების საბაბი, ასევე მატერიალური მდგომარეობა ოჯახებისა აისახებოდა ახალგაზრდების სტრესზე.

ზაფხულობით პარკებიდან, ეზოებიდან გვირეკავდნენ მოზარდები, ახალგაზრდები, რადგან არ ჰქონდათ საკუთარი სივრცე, საკუთარი ოთახი შინ, რომ განმარტოებულიყვნენ და დაგვკავშირებოდნენ.

თინეიჯერებს 15-დან 19 წლამდე უფრო ხშირად აქვთ კომუნიკაციის სირთულეები, ასევე ემოციების კონტროლის სირთულეები, ბრაზის მართვის პრობლემები.

ფიზიოლოგიურადაც 15 წლის მოზარდისა და 20 წლის ახალგაზრდის ტვინის სტრუქტურა ერთმანეთისგან განსხვავებულია. თინეიჯერების ტვინის ის უბანი, რომელიც ემოციების კონტროლზეა პასუხისმგებელი, ჯერ არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული და, შესაბამისად, 15-19 წლის მოზარდებს ხშირად აქვთ დაურეგულირებელი ემოციები. თუმცა ეს პრობლემა შეიძლება 30 წლის ადამიანსაც ჰქონდეს“, – ამბობს თათული გიგიტაშვილი.

თათული გიგიტაშვილი, ფსიქოსოციალური დახმარების ცენტრ ,,სინერგიას” ფსიქოტრავმატოლოგი

მისივე თქმით, თინეიჯერები ხშირად მიმართავენ ფსიქოლოგებს თვითშეფასების სირთულეებისას, როცა არ მოსწონთ საკუთარი გარეგნობა, ზედმეტად კრიტიკულები არიან თავის მიმართ, რასაც ნაკლებად ვხვდებით 20 – 25 წლის ასაკში.

ფსიქოტრავმატოლოგი იხსენებს, რომ ,,სინერგიისთვის“ მიუმართავთ 18 წელზე მეტი ხნის პირებს, ძალადობაგამოვლილ მსხვერპლებს, რომლებისთვისაც დახმარება გაუწევიათ.

თათული ამბობს, რომ მიმართვიანობის სტატისტიკა ,,სინერგიაში“ მზარდია. ფსიქოსოციალურ დახმარებას სულ უფრო და უფრო მეტი მოზარდი და ახალგაზრდა ითხოვს.

საქართველოში ფსიქოლოგიური დახმარების უფასო ცენტრების სიმწირეა, განსაკუთრებით 18 წელზე ზემოთ პირებისთვის.

„მომართვიანობა დიდია, რაც გვაფიქრებინებს, რომ კიდევ უნდა არსებობდეს მსგავსი სივრცეები. გვქონია შემთხვევები, როცა დაგვჭირვებია ადამიანების გადამისამართება სადმე და ვერსად გაგვიგზავნია, რადგან ან უბრალოდ არ ყოფილა ასეთი სერვისი საერთოდ ხელმისაწვდომი, ან ადგილი არ ყოფილა“, – ამბობს თათული გიგიტაშვილი.

  • ცენტრს ხშირად მიმართავენ ვიდეოთამაშებზე დამოკიდებული მოზარდები და ახალგაზრდები. როგორც ფსიქოტრავმატოლოგი განმარტავს, ამ პრობლემისას მნიშვნელოვანია გაირკვეს, რატომ არის მთელი დღე გაჯეტებთან მოზარდი: ბევრი თავისუფალი, დაუგეგმავი დროის გამო, ტრავმული გამოცდილებების დასავიწყებლად თუ იმ მიზეზით, რომ შინ, ოჯახში არ ეძლევათ შესაძლებლობა ისაუბრონ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ემოციებზე და ვირტუალურ თამაშებში ხარჯავენ ენერგიას.
  • ,,სინერგიას“ მიმართავენ ასევე ტრავმული გამოცდილების მქონე მოზარდები და ახალგაზრდები, ეს შეიძლება იყოს ოჯახში ძალადობა, ბულინგი, სექსუალური ძალადობა, ოჯახისგან გარიყვა და უგულვებელყოფა. ცენტრში აქვთ სპეციალური კითხვარი, იმის გასარკვევად, თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს ტრავმული გამოცდილება. ეს ძალიან ინდივიდუალური რამ არის. ტრავმული შეიძლება იყოს ოჯახის ისეთ წევრთან ერთად ცხოვრება, ვინც მოიხმარს ნარკოტიკს, ალკოჰოლს. ტრავმულია მშობლების განქორწინება, ფიზიკური და სექსუალური ძალადობა, ომგამოვლილობის გამოცდილება და ბევრი სხვადასხვაგვარი რამ.

კითხვაზე, მიმართავენ თუ არა ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრ ,,სინერგიას“ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ახალგაზრდები, თათული გიგიტაშვილი გვპასუხობს, რომ ძირითადად, სხვა, უფრო მსუბუქი პრობლემის მოტივით მიმართავენ ხოლმე სპეციალისტებს სექსუალური ძალადობის მსხვერპლები, მაგრამ მუშაობისას თავს იჩენს ნამდვილი და დაფარული პრობლემა.

„პირდაპირ ამაზე საუბარი უჭირთ ახალგაზრდებს. როგორც წესი, სექსუალურ ძალადობაზე მაშინვე საუბარი ურთულდებათ, მოგვმართვენ ფაქტიდან დიდი ხნის შემდეგ. ჩემს პრაქტიკაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლები ,,სინერგიიდან“ ძირითადად გოგოები მახსენდებიან. თუმცა მე ვმუშაობ სექსუალური ძალადობის მსხვერპლებთან სხვა პროექტშიც და იქ ამგვარი ძალადობის მსხვერპლი მამაკაცებიც არიან“, – ამბობს ფსიქოტრავმატოლოგი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან. ტელ.: 568 81 41 75 / E-mail.: tamarnergadze123@gmail.com