მთავარი,სიახლეები

„საქართველოს იმიჯი ოდნავ გამოსწორდა“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

21.04.2021 • 1165
„საქართველოს იმიჯი ოდნავ გამოსწორდა“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა,“ – განაცხადა გუშინ, 20 აპრილს, თბილისში ჩამოსულმა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა მას შემდეგ, როცა შეთანხმების დოკუმენტს მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა და ოპოზიციის ერთმა ჯგუფმა ხელი უკვე მოაწერეს.

რა იცვლება ოპოზიციის პარლამენტში შესვლით, რა ელოდება უმრავლესობას, რომელიც 6-მა დეპუტატმა უკვე დატოვა „გახარიას გუნდში“ გადასვლის მოტივით და რა გამოაჩინა მოლაპარაკებების ხანგრძლივმა პროცესმა: გაიზარდა თუ შემცირდა დასავლეთში ინტერესი საქართველოს მიმართ? – „ბათუმელები“ პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

  • ბატონო კორნელი, რა ახალი შესაძლებლობები ჩნდება პოლიტიკური თანხმობის მიღწევით, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? 

თუ ყველაფერი სასურველი სცენარით წარიმართა, მიმდინარე პროცესი ხელს შეუწყობს  ქვეყანაში პოლიტიკური ინსტიტუტების გაძლიერებას.  შექმნილი ნდობის დეფიციტის პრობებში შეუძლებელია,  რომ მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უზრუნველყოს ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის მართვა, საჭიროა ძლიერი ოპოზიცია, რომელიც მას მუდმივად გააკონტროლებს და არ მისცემს მოდუნების საშუალებას. საპარლამენტო ცხოვრებაში დაბრუნების შემდეგ ოპოზიცია იმედია თავის როლს შეასრულებს. ამას ემატება ისიც, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში ეს არის ქვეყნის წარმატება მიუხედავად იმისა, რომ ბევრი იწვალეს და ბოლომდე არ ვიყავით დარწმუნებული, რა გამოვიდოდა ამ მოლაპარაკებებიდან. მთლიანობაში კომპრომისზე დაფუძნებული ეს შეთანხმება პლუსად ეთვლება პოლიტიკურ კლასს, ხელისუფლებას და ევროკავშირს და შეერთებულ შტატებს, რომლებმაც არ დაიშურეს არაფერი, რომ ეს შეთანხმება  წარმატებული ყოფილიყო.

  • რა გამოჩნდა ამ პროცესში, როცა დასავლეთი აქტიურად ცდილობდა შეთანხმების მიღწევას. ეს აჩვენებს თუ არა იმას, რომ საქართველოს მიმართ დასავლეთის ინტერესი ისევ დიდია? 

ცხადია, გარკვეული ინტერესი არსებობს, უბრალოდ ამ ინტერესს უნდა გამოყენება და დროის სწორად შერჩევა. შარლ მიშელის ეს ინიციატივა იყო მართლაც უპრეცედენტო, ამის არგამოყენება იქნებოდა სერიოზული შეცდომა ყველა თვალსაზრისით. ამიტომაც, როცა ამ პროცესში ევროსაბჭოს პრეზიდენტია ჩართული, ამაზე უარის თქმა ჩვენი მხრიდან იქნებოდა პოლიტიკური სიბეცე. ახლა უკვე მთავარია, როგორ მოახერხებს ამ ყველაფრის გადატანას პოლიტიკურ სიბრტყეზე ხელისუფლება და ოპოზიცია, და  რამდენად გამოიყენებენ ამ დაახლოებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდოს კონკრეტულ  ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ინიციატივებში.

ამ პროცესში ასევე ცხადად გამოჩნდა, რომ ჩვენ არ ვართ კონსოლიდირებული დემოკრატია, და ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი ამ მიმართულებით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მიღწეული შეთანხმების შემდეგ ოდნავ გამოვასწორეთ ქვეყნის იმიჯი, როგორც არშემდგარი დემოკრატიისა, რომელიც მანამდე ჩამოყალიბდა.

  • გუშინ თქვა სააკაშვილმა, რომ „ნაცმოძრაობაც“ შევა პარლამენტში. თქვენი დაკვირვებით, ეს გააღიზიანებს თუ მოეწონება ამ პოლიტიკური ძალის ამომრჩეველს 6-თვიანი საპროტესტო აქციების შემდეგ? 

„ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის ნაწილს შესაძლოა მოსწონებოდა კიდეც ის, რომ არ შესულიყვნენ პარლამენტში, მაგრამ ამ შანსის გამოუყენებლობა არ იქნებოდა სწორი. თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია გააფართოვოს საკუთარი საარჩევნო ბაზა, მაშინ ეს გადაწყვეტილება იქნება სწორად გადადგმული ნაბიჯი ამ მიმართულებით. და ზოგადად არა მგონია, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის ამოცანა იყოს ის, რომ მხოლოდ საკუთარ ელექტორატზე იზრუნოს, მათ ცოტა ფართოდაც უნდა გაიხედონ.

  • რეალურად რამდენად რჩება მთავარ გამოწვევად საარჩევნო ადმინისტრაციები და ის, რომ მორიგი არჩევნები ისევ თამარ ჟვანიამ ჩაატაროს? 

ყველამ იცის, რომ ყველაზე სერიოზული და ფუნდამენტური რეფორმები სჭირდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. საარჩევნო სისტემის თვისებრივი ცვლილება არ მომხდარა 90-იანი წლებიდან დღემდე. როგორც ცნობილია, საუბარია სხვადასხვა ვარიანტზე, როგორ უნდა დაკომპლექტდეს ცესკო. ამაზე უნდა იმსჯელონ პარლამენტში  სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით და ეს საკითხი ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის. ფაქტია, რომ საარჩევნო გარემო  და ადმინისტრირებაში შექმნილი პრობლემები იყო განხეთქილების მთავარი საგანი და ამ საკითხს ასე ვერ დატოვებენ.

  • გამორიცხავთ, რომ შესაძლოა ისევ არჩევნების ლეგიტიმურობა გახდეს განხეთქილების მიზეზი? 

ეს საკითხი, როგორც ჩანს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისევ იქნება უთანხმოების საგანი. თვითმმართველობის არჩევნები ახლა ორმაგ დატვირთვას იძენს, რადგან მასზეა დამოკიდებული „ქართული ოცნების“ ხელახალი ლეგიტიმაცია და ის, გვექნება თუ არა ვადამდელი არჩევნები 2022 წელს… ყველაზე საინტერესო ისაა,  რომ რაღაცნაირად თითქოს ზღვარი წაიშალა ადგილობრივ და საპარლამენტო არჩევნებს შორის.  მანამდე გვახსოვს ადგილობრივი არჩევნების მიმართ არ იყო დიდი ინტერესი.

  • ამასობაში რა შეიძლება მოხდეს საპარლამენტო უმრავლესობაში, რომელიც 6-მა დეპუტატმა უკვე დატოვა და გახარიას გუნდში გადავიდა. რამდენად შესაძლებელია უბრალო უმრავლესობა „ოცნებამ“ პარლამენტში დაკარგოს? 

რთულია ამაზე საუბარი, რადგან გახარიას ჯერ არ ჩამოუყალიბებია თავისი პარტია, მხოლოდ მინიშნებების დონეზე არის და წინასწარ კომენტარის გაკეთება რთულია. არაა გამორიცხული, რომ უმრავლესობიდან ისევ გავიდეს ვინმე, რადგან „ქართული ოცნება“ არაა ერთიანი გუნდი, მასში არსებობს სხვადასხვა მიმდინარეობები და განსაკუთრებით ამ ფონზე, როცა ხელისუფლებამ ვერ დასძლია მძიმე სოციალური, ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური პრობლემები, ასეთი სცენარით მოვლენების განვითარება არ არის გამორიცხული.

  • მაგრამ პოლიტიკური კრიზისი დაძლეულია, შეიძლება, ასე ითქვას? 

სავარაუდოდ ამ ეტაზე დაძლეულია, მაგრამ პოლიტიკური პოლარიზება არ დასრულებულა. ჩვენ ახლა უნდა ვიმუშაოთ იმ ფორმატებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას. მსგავსი სასარგებლო ფორმატი უკვე შემოგვთავაზა ევროკავშირმა, მაგალითად, ჟან მონეს დიალოგი, რომელიც უნდა დაიწყოს საქართველომ ევროპარლამენტთან თანამშრომლობით. ამ ფორმატში წარმატებული მოლაპარაკებები მიმდინარეობს სერბეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, უკრაინაში. ევროპარლამენტის ჩართულობით ჩვენ უნდა ვცადოთ ამ პოლარიზების რაღაცნაირად შესუსტება, ვინაიდან მისი სრულიად აღმოფხვრა ამ ეტაპზე შეუძლებელია. კრიზისის ამ ეტაპზე მოგვარება არ ნიშნავს იმას, რომ მისი გამომწვევი პრობლემები მოგვარდა. მომავალ წლებში ჩვენ ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: